მკითხველთა წერილები
ღალატი. გმადლობთ 1999 წლის 8 მაისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ გამოქვეყნებული სტატიების სერიისთვის „როცა მეუღლე გღალატობს“. მე ღალატის მსხვერპლი გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელია განქორწინებული ვარ, ჯერ კიდევ ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. ამ სტატიებმა დამანახვა მტკივნეული წარსულის დავიწყების, ცხოვრების ნორმალური წესის აღდგენისა და სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობა.
ვ. ბ. (ტრინიდადი).
მე ადრეც ვიკვლევდი ამ საკითხს, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ასე კარგად ახსნილი. როგორც კი გავიგე ბიბლიური ცნობა, მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. ახლა იეჰოვამ ამაში დასარწმუნებლად სხვა საფუძველიც მომცა.
გ. ბ. (იტალია).
განქორწინებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა — ძლიერ დეპრესიაში ჩამაგდო, თვითპატივისცემა დამაკარგვინა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაუთავებელი პრობლემები დამატეხა თავს. თუმცა ჯერ კიდევ ვიტანჯები, იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენა და კრების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული და ემოციური მხარდაჭერა დიდად მანუგეშებს!
ა. ბ. (კანადა).
ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოჯახი დამენგრა, მაგრამ ჯერ კიდევ ვებრძვი მარტოდ ცხოვრების ტკივილს. როგორ დავუყვე ქუჩას ახლობელი ადამიანის გარეშე? ვინ დამიჯდება გვერდით ქრისტიანულ შეხვედრებზე? ვინ გამომყვება ექიმთან? გმადლობთ შეხსენებისთვის, რომ იეჰოვა არ სტოვებს უდანაშაულო მეუღლეებს.
ე. ს. (ბრაზილია).
ჩარჩო „ვინ არის პასუხისმგებელი?“ ჩემთვის დიდად მანუგეშებელი აღმოჩნდა. ქმრის ღალატის შემდეგ გაყრა ვარჩიე. იობის მსგავსად, ზოგჯერ სიკვდილს ვნატრობდი (იობი 17:11—13). მაგრამ ოჯახის წევრებისა და თანაქრისტიანების მხარდაჭერა დამეხმარა.
მ. ო. (არგენტინა).
სტატიები კი არ წავიკითხე — გადავღეჭე! მე საკუთარ თავზე გამოვცადე განქორწინება. ეს სტატიები განიხილავს ყველა კითხვასა და წუხილის მიზეზს, რომელთაც განქორწინება წარმოშობს. გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩვენზე.
ე. ლ. (საფრანგეთი).
შვიდი წლის ვიყავი, როდესაც მამამ მიგვატოვა. ეს დიდი დარტყმა იყო. რამდენიმე წლის შემდეგ გვთხოვა, მისთვის უკან დაბრუნების უფლება მიგვეცა. მე და ჩემი ძმები მტკიცე უარზე ვიყავით, მაგრამ დედა დაეთანხმა. თქვენი სტატიების წაკითხვის შემდეგ თანდათანობით ვხვდები, რატომ მიიღო მან ეს რთული გადაწყვეტილება.
ა. ა. (ბრაზილია).
დიდზე დიდი მადლობა ამ სერიისთვის! მანუგეშებელია იცოდე, რომ ყველას, ვინც მსგავს სიტუაციაში ხვდება, ერთნაირი გრძნობები ეუფლება. მაგრამ თქვენ თქვით: „შესაძლოა. . . ისეთ სიყვარულს, სითბოს, აღტაცებასა და პატივისცემას ვერ ამჟღავნებდით მეუღლის მიმართ, როგორსაც ის ელოდა“. ეს სიტყვები საწყენია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც კი ქორწინებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ვცდილობთ. როდესაც ადამიანი ღალატზე ფიქრობს, ის შეიძლება ძალიან აუტანელი გახდეს და ძნელია, ასეთ ადამიანს სიყვარულით მოექცე.
ლ. უ. (შეერთებული შტატები).
ბოდიშს ვიხდით, თუ ამ შენიშვნამ ჩვენს რომელიმე მკითხველს ტკივილი მიაყენა. მაგრამ ჩვენ არ ვგულისხმობდით, რომ მრუშს შეუძლია თავისი ცუდი ქცევა მეუღლეს დააბრალოს. ჩარჩოში „ვინ არის პასუხისმგებელი?“ ხაზი გავუსვით იმას, რომ „უდანაშაულო მეუღლის არასრულყოფილების“ მიუხედავად არასწორ ქცევაზე მრუშია პასუხისმგებელი. აღნიშნული კითხვა შერიგებასთან დაკავშირებული მსჯელობის ნაწილი იყო. ჩვენ, უბრალოდ, ხაზი გავუსვით კარგი ურთიერთობის აუცილებლობას, რომ შერიგებული წყვილები აღგვეძრა, თავიანთ ცოლქმრობაში არსებული პრობლემები დაენახათ, რომლებიც შეიძლება გადაუდებლად საჭიროებდეს ყურადღების მიქცევას. ამასთანავე, შეიძლება იყოს ფარული გულისწყრომა, რაზეც აუცილებელია გულახდილი საუბარი. ჩვეულებრივ, ასეთი საუბრის შედეგად ორივე მეუღლე გარკვეულწილად აღიარებს თავის ნაკლოვანებებს. ბოლოს და ბოლოს, „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკობი 3:2). და, თუმცა ასეთი საუბრები ხშირად ძალიან მტკივნეულია, როგორც ჩვენი სტატია ამბობს, ისინი მნიშვნელოვანია „ერთმანეთისადმი ნდობის აღსადგენად (რედ.).