საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორგულობის ტრაგიკული ნაყოფი
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • ორგულობის ტრაგიკული ნაყოფი

      „მიგატოვე“, — გაისმა ხმა ყურმილში. ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვა, რომელიც პეტიმa მოისმინა ქმრისგან. „არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ მიღალატა, — ამბობს ის, — მოხდა ის, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა: ჩემმა მეუღლემ მიმატოვა, სხვაში გამცვალა“.

      პეტის სურდა, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა; მეუღლე არწმუნებდა, რომ არასოდეს მიატოვებდა. „ჩვენ ერთმანეთს აღვუთქვით, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიქნებოდით, — იხსენებს პეტი, — მის გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. მაგრამ მან . . . მიმატოვა. ახლა მე აღარაფერი დამრჩა საყვარელი, ლეკვიც კი არ მყავს სახლში რომ მოვეფერო!“

      ჰიროშს არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როდესაც დედამისის ღალატი გამჟღავნდა. «მაშინ, მხოლოდ 11 წლის ვიყავი, — იხსენებს ის, — დედა აღელვებული გამოვარდა სახლიდან, მამა უკან მოსდევდა და ეუბნებოდა: „დაწყნარდი, მოდი, ვისაუბროთ“. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. მამა შეძრწუნებული იყო. ის დღემდე გონს ვერ მოსულა. თანაც, გვერდით გულისტკივილის გამზიარებელი არავინ ჰყავდა, და ჩემთან მოვიდა. წარმოიდგინეთ, ორმოც წელს გადაცილებული კაცი თერთმეტი წლის ვაჟისგან ელოდა ნუგეშსა და თანაგრძნობას!»

      ცოლ-ქმრული ორგულობა კვლავაც ტრაგიკულ სინამდვილედ რჩება, იმის მიუხედავად, სამეფო ოჯახს ეხება ეს, პოლიტიკოსების, კინოვარსკვლავებისა და რელიგიური წინამძღოლების სკანდალურ ამბებსა თუ ჩვენს ოჯახის ცრემლებსა და საშინელებებს. «მრუშობა, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“, — მთელ მსოფლიოში ისეთივე ხშირი მოვლენაა, როგორც ქორწინება». ზოგი მკვლევარის ვარაუდით 50—75 პროცენტს ერთხელ მაინც უღალატია მეუღლისთვის. სოციოლოგი ზელდა უესტ-მიდზი ამბობს, რომ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ღალატი დაფარული რჩება, „ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება“.

      გრძნობათა მოზღვავება

      შემზარაობის მიუხედავად, ღალატისა და განქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემები მთლიანობაში ვერ გვიჩვენებს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მძიმე სურათს. თუკი დაფიქრდებით, ფინანსური სირთულეების გარდა, სტატისტიკური მონაცემების მიღმა გრძნობები დგას — ცრემლების ზღვა, დაბნეულობა, მწუხარება, ნერვიულობა მწველი ტკივილი და სულიერ ტანჯვაში თეთრად გათენებული ღამეები. ღალატის მსხვერპლმა შეიძლება გადაიტანოს განსაცდელი, მაგრამ ნაჭრილობევი დიდ ხანს დარჩება. ტკივილი და დანაკარგი იოლი გასაძლები არ არის.

      „ოჯახის დანგრევა, ჩვეულებრივ, ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული, — განმარტებულია ოჯახური პრობლემების წიგნში, — მოწოლილი ემოციები ზოგჯერ თვალს გიბნელებს. როგორ მოიქცევით? როგორი რეაქცია გექნებათ? როგორ გადაიტანთ ყველაფერს? ასეთ დროს ხან დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, ხან ყოყმანობთ, ხან ბოღმა გახჩობთ და ხან თავს დამნაშავედ გრძნობთ, ხან ნდობით ხართ გამსჭვალული და ხანაც ეჭვები გიპყრობთ“ (How to Survive Divorce).

      მსგავსი განცდა ჰქონდა პედროს, როდესაც მეუღლის ღალატი გაიგო. „ღალატის დროს, — ამბობს ის, — გარდაუვალია მოზღვავებული, უთავბოლო გრძნობები“. ეს ყველაფერი იმდენად გამანადგურებელია, რომ ღალატის მსხვერპლს თვითონვე უჭირს ყოველივეში გარკვევა და, მით უმეტეს, გარეშეებს, რომლებმაც თითქმის არაფერი იციან ამ მდგომარეობის შესახებ. „ვერავინ ხვდება ბოლომდე, რას განვიცდი. როდესაც ვფიქრობ, ჩემი მეუღლე ახლა სხვა ქალთან არის, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ და ამ ტკივილს სიტყვიერად ვერავის განვუმარტავ, — ამბობს პეტი. ბოლოს კი დასძინა: „არის წუთები, როცა ვფიქრობ, რომ ჭკუიდან გადავდივარ. არის დღეები, როცა მგონია, რომ შემიძლია სიტუაციას გავუმკლავდე, მაგრამ ჩემი შემართება საპნის ბუშტივით ქრება. ერთ დღეს მენატრება, მეორე დღეს კი მახსენდება მისი ტყუილები, დამცირება და. . .“.

      მრისხანება და წუხილი

      „ზოგჯერ გეძალება ემოციები, რომლებიც საშინელ მრისხანებაში გადადის“, — ამბობს ორგულობის მსხვერპლი. ეს არ არის მხოლოდ მეუღლის შეცდომითა და მოყენებული ტკივილით გამოწვეული უბრალო წყენა, არამედ „აღშფოთება, რომ შეიძლებოდა გქონოდა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, — განმარტავს ერთი ჟურნალისტი.

      ხშირია თავმოყვარეობის შელახვისა და არარაობის შეგრძნება. პედრომ გაგვიზიარა: «არ მასვენებს კითხვები: „ნაკლებად მიმზიდველი ვარ? ბევრი ნაკლი ხომ არა მაქვს?“ და იწყებ საკუთარი თავის წვალებას, რომ ეს ნაკლი იპოვო». წიგნში „სიყვარული, პატივისცემა და ღალატი“ (To Love, Honour and Betray) ზელდა უესტ-მიდზი გვარწმუნებს: „ერთ-ერთი ყველაზე რთული გასამკლავებელი . . . პირადი ღირსებების გრძნობის გათელვაა“.

      დანაშაულის გრძნობა და დეპრესია

      ხშირად ასეთ ემოციებს თან სდევს დანაშაულის გრძნობა. ერთმა სასოწარკვეთილმა ქალმა თქვა: „ჩემი აზრით, ქალებს საშინლად გვტანჯავს დანაშაულის გრძნობა. ვადანაშაულებთ საკუთარ თავს და ვეძებთ, სად დავუშვით შეცდომა?“.

      მოტყუებული ქმარი კიდევ ერთ მხარეს აშუქებს, რასაც ემოციათა ქარბორბალა უწოდა. ის განმარტავს: „დეპრესია ხდება ახალი ფაქტი, რომელიც ცუდი ამინდივით იწყება ხოლმე“. როდესაც ერთი ოჯახის დიასახლისი მეუღლემ მიატოვა, მას შემდეგ თვალზე ცრემლი არ შეშრობია. „კარგად მახსოვს, რომ მისი წასვლიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გათენდა ჩემთვის უცრემლო დღე. სულ რამდენიმე თვის წინ კი მთელმა კვირამ ისე ჩაიარა, არ მიტირია. ასეთი დღეები და კვირები მარწმუნებდა, რომ ტკივილი მიყუჩდებოდა“, — გვიყვება ის.

      ორმაგი ვერაგობა

      რასაც ხშირად ბევრი ვერ აცნობიერებს, ღალატი არის მეუღლისგან მწარე ორმაგი დარტყმა. რა გაგებით? პეტის სიტყვებში პასუხი ნათლად ჩანს: „საშინელება იყო ჩემთვის. წლების განმავლობაში ის ჩემი არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მეგობარიც იყო, საუკეთესო მეგობარი“. დიახ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემების დროს, ქალისთვის მეუღლე საყრდენია. ამჯერად კი თვითონ მეუღლემ არა მხოლოდ უსაშველო ტკივილი მიაყენა, არამედ ის დახმარების წყარო წაართვა, რომელსაც ადრე თვითონ წარმოადგენდა და რომელიც დღეს ქალს ასე ძალიან სჭირდება. ერთი დარტყმით გაანადგურა და ამასთანავე სანდო მეგობარიც წაართვა.

      ამის გამო, უდანაშაულო მეუღლეს სტანჯავს გრძნობები, რომ სასტიკად უღალატეს და ყველა იმედი გაუქარწყლეს. ერთი კონსულტანტი, ოჯახურ საკითხებში, განმარტავს, რატომ შეიძლება ცოლ-ქმრული ღალატი ასე საშინელი ჭრილობა იყოს: „ჩვენ ბედნიერი ოჯახისთვის თავს ვდებთ, იმედებსა და ოცნებებს ბოლო არ უჩანს. . . ვეძებთ მას, ვისაც შეგვიძლია მთელი არსებით ვენდობოდეთ და ყოველთვის მივენდოთ; თუ ეს ნდობა მოულოდნელად ქრება, ქარისგან წაქცეულ ხუხულას ემსგავსება ყველაფერი“.

      საკმაოდ ნათელია, რომ, როგორც ზემოხსენებულ წიგნში იყო ნათქვამი, ღალატით გულდათუთქულს „ემოციური ქაოსის დასაძლევად დახმარება ესაჭიროება. . . მისთვის აუცილებელია თანადგომა, როცა ცდილობს გადაწყვიტოს, რა არჩევანი გააკეთოს და როგორ მოიქცეს“. მაგრამ რა არჩევანი აქვს?

      „შევრიგდეთ? თუ განვქორწინდეთ?“ — ფიქრობთ თქვენ. როცა ოჯახში დაძაბული ურთიერთობაა, განსაკუთრებით დიდია ცდუნება, ნაჩქარევად დაასკვნათ, თითქოს პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი განქორწინებაა. შეიძლება ფიქრობთ კიდეც: „სხვა თუ არაფერი, ღალატის შემთხვევაში ბიბლია განქორწინების უფლებას იძლევა“ (მათე 19:9). მეორე მხრივ, შეიძლება, ისიც იფიქროთ, რომ ბიბლია არ მოითხოვს განქორწინებას. ამიტომ შეიძლება მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა შერიგება და ქორწინების განახლება-გაძლიერება.

      პირადი არჩევნის საკითხია გაეყრებით თუ შეურიგდებით მოღალატე მეუღლეს. მაგრამ რის საშუალებით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას? უპირველესად, გადახედეთ ზოგ ფაქტორს, რომლებიც დაგანახვებთ, შესაძლებელია თუ არა შერიგება.

  • შესაძლებელია შერიგება?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • შესაძლებელია შერიგება?

      «იმპულსურად განქორწინებისკენ ნაბიჯის გადადგმა ადვილია, — ნათქვამია წიგნში „წყვილების მდგომარეობა კრიტიკულია“ (Couples in Crisis), — მაგრამ მრავალი ოჯახის შენარჩუნება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, როცა პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა შესაძლებელია».

      ეს სიტყვები ეთანხმება იესო ქრისტეს დრონაცად სწავლებას განქორწინებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვების თანახმად, დასაშვებია მოღალატე მეუღლესთან გაყრა, მას არ უთქვამს, რომ მსგავსი რამ სავალდებულოა (მათე 19:3–9). ერთგულ მეუღლეს შეიძლება საფუძველი აქვს ოჯახის შესანარჩუნებლად, მოღალატეს კი თავის მხრივ მაინც უყვარს მეუღლე; არის მზრუნველი, შვილებისთვის კარგი მამა და ოჯახის ერთგული მარჩენალიa. ამ დროს, ოჯახის დედა მხედველობაში ღებულობს, როგორც საკუთარ, ისე შვილების მოთხოვნილებებს და შეიძლება შერიგება არჩიოს. რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და როგორ შეიძლება მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა ოჯახის შენარჩუნების მიზნით?

      თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არც განქორწინება და არც შერიგება იოლი არ არის. გარდა ამისა, ორგული მეუღლისთვის ჩადენილის მხოლოდ პატიება ვერ გადაჭრის ოჯახში არსებულ პრობლემებს. ოჯახის შესანარჩუნებლად საჭიროა გულდასმითი თვითანალიზი, გულახდილი საუბარი და ძალისხმევა. წყვილი ხშირად ვერ ხვდება, რამდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება დანგრევის პირას მისული ოჯახის განმტკიცებას. მაგრამ, სასიამოვნოა, რომ სირთულეების მიუხედავად, ბევრმა მაინც შეძლო მტკიცე ოჯახის შენარჩუნება.

      კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს

      გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ერთგული მეუღლე გრძნობებსა და არჩევანში უნდა გაერკვეს. მან შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი კითხვები: მართლა სურს მას დაბრუნება? უკვე შეწყვიტა მრუშობა, თუ უხალისოდ წყვეტს სასიყვარულო კავშირს? მოიხადა ბოდიში? თუ დიახ, ნამდვილად ნანობს ჩადენილს? ჩადენილ უსაქციელობაში ჩემს დადანაშაულებას ხომ არ ცდილობს? მთელი გულით ნანობს, რომ ტკივილი მომაყენა, თუ პირიქით, უკანონო კავშირის გამჟღავნებამ და შეწყვეტამ დაანაღვლიანა?

      რა შეიძლება ითქვას მომავალზე? დგამს თუ არა ნაბიჯების ისეთი აზროვნებისა და მოქმედების გამოსასწორებლად, რომლებმაც მრუშობისკენ უბიძგა? მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არასოდეს გაიმეოროს მსგავსი რამ? კიდევ ხომ არ შეიმჩნევა მასში ფლირტით გატაცების სურვილი და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან არასწორი გრძნობით განპირობებული ურთიერთობისკენ სწრაფვა? (მათე 5:27, 28). ნამდვილად სურს ოჯახის შენარჩუნება? თუ დიახ, პრაქტიკულად რაში გამოიხატება ეს? ამ კითხვებზე დადებითი პასუხები იმის საფუძველს იძლევა, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია.

      მნიშვნელოვანია საუბარი

      „თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავნი 15:22). ასეთი შემთხვევისას ერთგულ მეუღლეს, უეჭველია, სურს ესაუბროს ჩადენილი ღალატის შესახებ ქმარს. ინტიმური წვრილმანების მოხსენიების გარეშე გულახდილად და გულითადად უნდა გაარკვიონ მომხდარის ირგვლივ ყველაფერი, სიმართლე თუ სიცრუე. ეს თავის მხრივ დაეხმარება წყვილს, გაუგებრობებისა და თუნდაც, ხანგრძლივი გულისწყრომის გამო არ დაშორდნენ ერთმანეთს. ფაქტია, ორივესთვის საკმაოდ მტკივნეულია ასეთი საუბრები, მაგრამ ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ერთმანეთისადმი ნდობის აღდგენა.

      შერიგებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ოჯახური პრობლემების გარკვევა, რაშიც ორივემ უნდა შეიტანოს წვლილი. ზელდა უესტ-მიდზი იძლევა რჩევას: „როდესაც უკვე ისაუბრეთ მტკივნეულ საკითხზე და მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ გსურთ, შეინარჩუნოთ ოჯახი, ეცადეთ, გამოსასწორებელი გამოასწოროთ და ახლებურად დაიწყოთ ცხოვრება“.

      ალბათ, ერთმანეთს ორივე მეტისმეტად უგულოდ ეკიდებოდით. სულიერი შეიძლება უკანა პლანზე იყო გადასული. შესაძლოა ბევრ დროსაც არ უთმობდით ერთად ყოფნას და ისეთ სიყვარულს, სითბოს, აღტაცებასა და პატივისცემას ვერ ამჟღავნებდით მეუღლის მიმართ, როგორსაც ის ელოდა. კიდევ ერთხელ, ერთად, გადახედეთ საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებს; ეს ხელახლა შეგაძენინებთ ერთმანეთს და აგარიდებთ მოსალოდნელ ღალატს.

      ეცადე მიუტევო

      გულწრფელი მცდელობის მიუხედავად გულნატკენ მეუღლეს შეიძლება გაუჭირდეს მიუტევოს ქმარს და მითუმეტეს იმ ქალს, რომელსაც ქმარი ხვდებოდა (ეფესელთა 4:32). მაგრამ წყენისა და სიმწრის დავიწყება შეუძლებელი არ არის. „ერთგულმა პარტნიორმა კარგად უნდა გაიცნობიეროს, რომ დგება დრო, როცა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს, — გვირჩევს ერთი ნაშრომი, — ძალიან ცუდი იქნებოდა, ყოველი შეკამათებისას, წარამარა, სამაგიეროს გადახდის მიზნით მეუღლისთვის ძველი ცოდვები შეგეხსენებინათ“.

      ბევრი წყვილი მიხვდა, რომ, როდესაც ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ და კონცენტრირება არ მოეხდინათ წყენაზე, მოღალატე მეუღლის მიმართ აღარ იყვნენ მტრულად განწყობილი, ეს კი ოჯახის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

      ხელახლა განავითარე ნდობა

      „შევძლებთ, ნდობის აღდგენას?“, — გატანჯული ხმით იკითხა მწუხარებისგან ლამის ჭკუიდან გადასულმა ქალმა. მისი შიში უსაფუძვლო არ იყო, რადგან ერთგულ მეუღლეს მოღალატის მიმართ ძველებური ნდობა აღარ აქვს ან კიდევ სრული უნდობლობა უვითარდება. ნდობა ძვირფასს, ადვილად მსხვრევად ლარნაკს ჰგავს, რომლის აღდგენაც, თუ დაიმსხვრა, ძნელია. ფაქტი ის არის, რომ ორმხრივი ნდობა და ურთიერთ პატივისცემაა აუცილებელი, როგორც მხოლოდ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ასევე წყვილის ბედნიერებისთვის.

      ჩვეულებრივ, ამისათვის საჭიროა, ხელახლა განავითარო ნდობა. იმის ნაცვლად რომ დამნაშავემ ცივად და უხეშად მოითხოვოს მეუღლისგან ნდობა, მან კიდევ ერთხელ, გულღია და წრფელი დამოკიდებულებით უნდა მოიპოვოს ის. ქრისტიანებს ბიბლია ურჩევს, ‘განიშორონ სიცრუე და თვითოეულმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს’ (ეფესელთა 4:25). ნდობის დასაბრუნებლად თავდაპირველად „დაწვრილებით უთხარით [მეუღლეს], სად იქნებით, — ამბობს ზელდა უესტ-მიდზი, — სად მიდიხართ, როდის დაბრუნდებით და ყოველთვის იყავით იქ, სადაც აპირებდით წასვლას“. თუ გეგმები შეიცვალა აუცილებლად შეატყობინეთ.

      პირადი ღირსების აღდგენას ძალისხმევა და დრო სჭირდება. დამნაშავე მეუღლე უნდა დაეხმაროს ცოლს თბილი დამოკიდებულებითა და ტკბილი სიტყვებით, აგრეთვე ხშირად უნდა უთხრას, რომ ძალიან აფასებს და უყვარს. ოჯახურ საკითხებში ფრიად ცნობილი მრჩეველი ამბობდა: „მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური“ (იგავნი 31:31). ცოლი, თავის მხრივ, შეეცდება რომ უკუაგდოს არასრულფასოვნების გრძნობა და ყურადღება ჩვეულ საქმეებზე გადაიტანოს.

      საჭიროა დრო

      თუკი გავითვალისწინებთ მიყენებული ტკივილის სიძლიერეს, გასაკვირი არ არის, რომ წლების შემდეგაც მოგონებები კვლავ მძაფრი და მტკივნეულია. მაგრამ ჭრილობის მოშუშების პროცესში ორივეს მხრიდან როგორც თავმდაბლობა, ისე მოთმინება, ნდობისა და პატივისცემის აღდგენას შეუწყობს ხელს (1 პეტრე 3:8, 9; რომაელთა 5:3, 4).

      «პირველი თვეების საშინელი ტკივილი მარადიულად არ გაგრძელდება, — დარწმუნებით ამბობს წიგნი „სიყვარული, პატივისცემა და ღალატი“, — [ის] აუცილებლად გაყუჩდება . . . ბოლოს დაინახავთ, რომ გადის დღეები, კვირები, თვეები და წლები ისე, რომ აღარც კი გახსენდებათ». თუკი საკუთარ ოჯახში ყოველთვის გულდასმით გამოიყენებთ ბიბლიურ პრინციპებს, მინდობილი იქნებით ღვთის ხელმძღვანელობაზე და მის კურთხევებისკენ გექნებათ სწრაფვა, აუცილებლად იგრძნობთ ‘ღვთის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება’ (ფილიპელთა 4:4–7, 9).

      „როცა ვიხსენებ წარსულს, — ამბობს პედრო, — ვხედავ, რომ განცდილმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კიდევ გვაქვს ოჯახში ზოგი რამ გასაუმჯობესებელი, მაგრამ მთავარია, რომ გადავიტანეთ ეს განსაცდელი, არ დაგვინგრევია ოჯახი და თავს ბედნიერად ვგრძნობთ“.

      მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ერთგული მეუღლე იმ შემთხვევაში თუ მიტევების საფუძველი არა აქვს? ან მაშინ, როცა პატიობს მეუღლეს (მხოლოდ გულისწყრომას იცხრობს), მაგრამ საფუძვლიანი მიზეზების გამო მაინც სარგებლობს ბიბლიური პრინციპით, რომ განქორწინდესb? რა მოეთხოვება ადამიანს განქორწინების შემდეგ? გთავაზობთ აწონ-დაწონოთ განქორწინებასთან დაკავშირებული ფაქტორები და გადახედოთ მაგალითებს იმის შესახებ, როგორ გაუმკლავდა ზოგი ამ პრობლემას.

      [სქოლიოები]

      a მაგალითისთვის ერთგულ მეუღლედ მოვიხსენიებთ ქალს, მაგრამ მოცემული პრინციპები სასარგებლოა უდანაშაულო მამაკაცებისთვისაც, რომლებსაც ცოლებმა უღალატეს.

      b იხილეთ 1997 წლის აპრილი-ივნისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ მოცემული სტატია: „ბიბლიის თვალსაზრისი: მრუშობა, მისატევებელია თუ არა?“

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      მტკიცე მხარდაჭერა

      თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ ასეთ დროს უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კარგი იქნებოდა გამოცდილი და გაწონასწორებული პიროვნებისგან რჩევის მიღება. მაგალითად, იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ რჩევისთვის გულისხმიერ და გულითად უხუცესებს მიმართონ (იაკობი 5:13–15).

      კარგი იქნება, თუ მრჩეველი, მეგობარი და ნათესავი ორგულობის მსხვერპლს თავს არ მოახვევს საკუთარ აზრს, არც ბიბლიურ საფუძველზე შერიგებისა თუ განქორწინებისკენ წააქეზებს. ერთი ქრისტიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა განქორწინების ტკივილი, გვთხოვს: „მთელი გულით ამოგვიდექით მხარში და მოგვეცით საშუალება თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ ვიმოქმედოთ“.

      რჩევა მთლიანად დაფუძნებული უნდა იყოს ბიბლიაზე. „ნურასოდეს ეტყვით, რა უნდა იგრძნოს და რა — არა, — გვირჩევს ერთ-ერთი მარტოხელა, — ნაცვლად ამისა, მიეცით საშუალება გული გადაგიშალოთ“. გულშემატკივრობა, ძმათა სიყვარული და შემწყნარებლობა დაეხმარება ქმრის ღალატით განადგურებულს ღრმა ჭრილობის მოშუშებაში (1 პეტრე 3:8). ძველი დროის გამოცდილი მრჩეველი ამბობს: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18).

      „ჰაერივით მინდოდა გაეგოთ ჩემთვის, მომესმინა სანუგეშო და გამამხნევებელი სიტყვები, — იხსენებს ერთგული მამაკაცი, — მეუღლეს კი სურდა მეთქვა, როგორ მოქცეულიყო და შემექო მისი ძალისხმევისთვის, რათა მხარდაჭერა ეგრძნო და ფარ-ხმალი არ დაეყარა“.

      თუ პიროვნება ლოცვისა და გულდასმით ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ ბიბლიურ საფუძველზე გადაწყვეტს, განქორწინდეს ან უბრალოდ, ცალკე იცხოვროს, ჩვენი რჩევით არ უნდა დავადანაშაულოთ. მას დახმარება ესაჭიროება, რომ უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობამ არ დაჩაგროს.

      „თუ გსურთ, ნამდვილად იყოთ ნუგეშის წყარო, — ამბობს მეუღლის ორგულობის ერთ-ერთი მსხვერპლი, — ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით სათუთია გრძნობა“.

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      რატომ რჩება ზოგი ერთად?

      ბევრგან დიასახლისები იძულებულები არიან არ გაეყარონ მოღალატე მეუღლეებს, რომლებიც თავიანთ საქციელს აინუნშიც არ აგდებენ. მაგალითად, ომისა თუ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ზოგი ქრისტიანი მეუღლე რჩება მოღალატე ქმართან, რომელიც ზრუნავს ოჯახის საჭიროებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე არ არის. ამრიგად, ისინი ინარჩუნებენ ოჯახს, აქვთ აუცილებელი დაცვა, მუდმივი შემოსავალი და ფარდობითი სტაბილურობა, რადგან ჰყავთ ქმარი. მათ მიაჩნიათ, რომ მოღალატე მეუღლესთან დარჩენით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ ისე სასურველი და იოლია, უფრო კარგად გაუძღვებიან ცხოვრებას.

      ასეთ მდგომარეობასთან გამკლავებისას, რომელიც ზოგჯერ წლობით გრძელდება, ზოგი საბოლოოდ იმის მოწმეც გახდა, როგორ იქცა მეუღლე ერთგულ, მოსიყვარულე ქრისტიან ქმრად (შეადარეთ 1 კორინთელთა 7:12–16).

      ამიტომ ისინი, რომლებმაც ირჩიეს დარჩენილიყვნენ მეუღლესთან მიუხედავად მისი მოუნანიებლობისა, არ უნდა გავაკრიტიკოთ. მათ მოუწიათ რთული გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

      [ჩარჩო 8 გვერდზე]

      ვინ არის პასუხისმგებელი?

      ფაქტია, ზოგ შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლის არასრულყოფილებამაც შეუწყო ხელი დაძაბულ ურთიერთობას, მაგრამ ბიბლია აღნიშნავს, რომ „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილ მრუშობაში შესაძლებელია არსებობდეს მრავალი ხელისშემწყობი ფაქტორი, უმთავრესად, მაინც ადამიანის ‘გულისთქმაა’ პასუხისმგებელი. თუ მეუღლის ნაკლოვანი მხარეები ოჯახში პრობლემებს იწვევს მათი გადაწყვეტა მრუშობით, ფაქტია, რომ შეუძლებელია (ებრაელთა 13:4).

      ნაცვლად ამისა ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მაშინ, როდესაც სიძნელეების მიუხედავად ცოლ-ქმარი გულმოდგინედ ცდილობს, ცხოვრებაში გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ ‘შეიწყნარონ ერთიმეორე და მიუტევონ ერთმანეთს’. ისინი აგრეთვე მონდომებით უნდა ცდილობდნენ, ჰქონდეთ ისეთი თვისებები, როგორიც არის: „მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მათ ‘ყოველივე ამას დაურთონ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია’ (კოლასელთა 3:12–15).

  • განქორწინების არჩევა
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • განქორწინების არჩევა

      „მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ხალხი დიდ თანაგრძნობას გიწევს მაშინაც კი, თუ საუკეთესო ცოლი არასოდეს ყოფილხარ, მაგრამ როცა ქმარი გტოვებს, ზოგი ფიქრობს, რომ არ ცდილობდი ყოფილიყავი კარგი მეუღლე. გევედრებით, გემუდარებით, დამეხმარეთ!“

      (ჟურნალის მკითხველი სამხრეთ აფრიკაში)

      ცოლ-ქმრული ღალატი და განქორწინება დიდი დარტყმაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საფუძვლიანი მიზეზების გამო შეურიგდა მეუღლეს და შეინარჩუნა ოჯახი, ბევრსაც უდავო მიზეზები ჰქონდა, ღვთისგან დაშვებული არჩევანი გაეკეთებინა და განქორწინებულიყო (მათე 5:32; 19:9). ამ მიზეზებს შორის არის ერთგული ცოლისა და ბავშვების უსაფრთხოება, სულიერობისა და საერთო კეთილდღეობის შესაძლო საფრთხე; ქალი შეიძლება ფიქრობდეს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების საშიშროების წინაშე დგას ან შესაძლოა, მიუტევა მეუღლეს მრუშობა, მაგრამ მიაჩნია, რომ ვეღარ ენდობა და ვეღარ შეძლებს მასთან ერთად ცოლ-ქმრული უღელის ტარებას.

      „ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში“, — თქვა ღალატით უსაზღვროდ გულნატკენმა ქალმა. დიახ, ძნელად მისაღები გადაწყვეტილება — არა მხოლოდ ღალატით მოყენებული ტკივილის, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე განქორწინების შედეგების გამო. ამიტომ, მოღალატე ქმართან გაყრა-არგაყრის საკითხი პირადად ცოლის გადასაწყვეტია. უდანაშაულო მეუღლის გადაწყვეტილების მიღების ბიბლიიდან გამომდინარე უფლებას სხვებიც პატივს უნდა სცემდნენ.

      სამწუხაროდ, შედეგების გაუთვალისწინებლად ბევრი ნაჩქარევად წყვეტს განქორწინებას (შეადარეთ ლუკა 14:28). რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე?

      როცა ოჯახში ბავშვები არიან

      „პრობლემებში ჩაფლულ მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ბავშვების მოთხოვნილებები ან უბრალოდ უგულებელყოფენ მათ,“ — ნათქვამია წიგნში „წყვილების მდგომარეობა კრიტიკულია“. ამიტომ, როცა განქორწინებაზე ფიქრობთ, ნუ დაივიწყებთ შვილების სულიერ მდგომარეობასა და კეთილდღეობას. მრავალი სპეციალისტი ამბობს, რომ, რაც უფრო მშვიდობიანი იქნება განქორწინება, მით უფრო ნაკლებად დაიტანჯებიან ბავშვები. თვით მძიმე ვითარების დროსაც კეთილგანწყობილება დაეხმარება ადამიანს, კი ‘არ იჩხუბოს, არამედ წყნარი იყოს ყველას მიმართ, შემწყნარე’ (2 ტიმოთე 2:24, 25)a.

      თუ ადამიანის გადაწყვეტილება განქორწინებაა, კარგად უნდა ჩაიბეჭდოს გონებაში, რომ ცოლ-ქმარი ეყრებიან ერთმანეთს, და არა ბავშვებს. მათ სჭირდებათ როგორც დედა, ისე მამა. მართალია, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად, როდესაც ბავშვი სექსუალური ძალადობის საფრთხეშია. მაგრამ რელიგიური სხვაობები და ხასიათების შეუთავსებლობა არ უნდა იყოს ბავშვებისათვის მშობლების ჩამოცილების საფუძველი.

      გასათვალისწინებელია პატარების მგრძნობიარე ბუნება და მათი მოთხოვნილება — მშობლები ეალერსებოდნენ და სიყვარულში არწმუნებდნენ. „ეს შეამზადებს მათ ახალ მდგომარეობასთან შესახვედრად“, — ნათქვამია ერთ წიგნში. ამასთანავე, ყოველდღიურად სულიერ მოთხოვნილებებზე გულისყურით მოკიდებაც დაეხმარება მათ მტკიცედ ყოფნაში (მეორე რჯული 6:6, 7; მათე 4:4).

      ფინანსები და სასამართლო განხილვები

      გარდაუვალია ის ფაქტი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი კარგავს გარკვეულ წილ შემოსავალს, ქონებას, კომფორტსა და, ზოგჯერ, საყვარელ სახლსაც კი. ადვილად შესაძლებელია, რომ რომელიმეს მოუწიოს შემცირებული შემოსავლით გაზრდილი ხარჯების დაფარვა, ამიტომ გონივრული იქნებოდა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის პრიორიტეტების მიხედვით რეალური ბიუჯეტის შედგენა. ამასთანავე, მიყენებული მორალური ტკივილისა და მატერიალური დანაკარგის გამო არ ღირს ფულის ფლანგვა ან ვალების აღება.

      თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ განქორწინება, აუცილებელია მოილაპარაკოთ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელიც ორივეს გეკუთვნით. მანამდე, სანამ ორივეს პირადი ანგარიში გექნებათ ბანკში, თანხების არასწორად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, გონივრული იქნებოდა, ბანკირისთვის გეთხოვათ, რომ თანხა მხოლოდ ორივეს ხელმოწერის შემთხვევაში გაეცა.

      წინდახედულების გამოჩენა იქნებოდა შემოსავალ-გასავლის გულდასმით აღნუსხვა მოსარიგებელი ალიმენტისთვის. ბევრ ქვეყანაში კანონი მოითხოვს, საგადასახადო დაწესებულებებს აცნობონ ოჯახური მდგომარეობის ცვლილებები.

      ამასთანავე, უმეტესობა სარგებლობს იურისტის რჩევით, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში. აგრეთვე ზოგ ქვეყანაში დაშვებულია, რომ შუამავალი დაეხმაროს წყვილებს თანამშრომლობასა და ორივესთვის მისაღები, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევაში, რაც შემდეგ სასამართლოს ძალით მტკიცდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ბავშვები არიან, მშობლებს ურჩევნიათ, დახმარებისთვის მიმართონ ისეთ გამოცდილ იურიდიულ პირს, რომელიც არ გააღვივებს ქიშპს. ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვების ნაცვლად, მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი და ტკივილი გამოიწვიონ. მატერიალური მოგება არ ღირს ემოციური და მატერიალური ხარჯების ფასად.

      შეცვლილი ურთიერთობები

      „ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტიც, რა უხერხულად და დაბნეულად გრძნობს განქორწინებულთა მრავალი მეგობარი თავს“, — ამბობს ერთი სპეციალისტი. მაშინაც კი, როცა ერთგული მეუღლე კანონის, ზნეობრივი ნორმებისა და ბიბლიური პრინციპების ფარგლებში მოქმედებს, ზოგმა შეიძლება პირადად ის მიიჩნიოს ოჯახის დანგრევის მიზეზად, და ეს რეაქცია შეიძლება გულგრილი მისალმებით, თავის არიდებით, ან კიდევ, უფრო უარესით, — ყოფილ ახლო მეგობრებისგან აშკარა მტრული დამოკიდებულებით გამომჟღავნდეს.

      ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება, რამხელა მხარდაჭერა ესაჭიროება მას, ვისაც განქორწინება უწევს; მათ შეიძლება იფიქრონ, რომ პატარა წერილი ან ღია ბარათი მათთვის საკმარისია. მაგრამ არიან ისეთი მეგობრებიც, რომლებიც „მთელი გულით თანაგიგრძნობენ და მოდიან შენთან, საჭიროების შემთხვევაში გვერდიდან არ გცილდებიან, გეხმარებიან საოჯახო საქმეში ან უბრალოდ გისმენენ, როცა გულის გადმოღვრა გსურს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Divorce and Separation). ცხადია, ცხოვრების ასეთ წუთებში ადამიანს, ბიბლიის სიტყვების თანახმად, ესაჭიროება ‘ძმაზე უფრო მოყვარული მეგობარი’ (იგავნი 18:24).

      გამოჯანსაღებისკენ სწრაფვა

      განქორწინებიდან თექვსმეტი წლის გასვლის შემდეგ ერთი დედა ამბობს: „არის წუთები, როდესაც ენით აუწერელ მარტოობას ვგრძნობ, მაშინაც კი, როდესაც ჩემს გარშემო უამრავი ხალხია“. როგორ უმკლავდება ამ გრძნობებს? „გამოვიმუშავე თავდაცვის უნარი, — ამბობს ის, — ვცდილობ, სამსახურში ყოველთვის საქმით ვიყო გართული, ვიზრუნო ჩემს ბიჭზე და კარგად გავუძღვე საოჯახო საქმეებს. აგრეთვე დავიწყე იეჰოვას მოწმეთა კრებებზე სიარული, მეზობლებისთვის რწმენის გაზიარება და სხვებისთვის სიკეთის კეთება. ყოველივე ამან დიდი დახმარება გამიწია“.

      ზოგი დღე და წელიწადის დრო მტკივნეულ მოგონებებსა და ემოციებს იწვევს, მაგალითად, ის დღე, როდესაც გაირკვა, რომ მეუღლე გღალატობდა, ან როცა მიგატოვა, ან როდესაც სასამართლო იყო დანიშნული. ერთად გატარებული ბედნიერი დღეებიც ცოცხლდება გონებაში: შვებულებები და ქორწინების წლისთავის აღნიშვნები; ეს კი ძნელად გასამკლავებელი ემოციური სტრესია. „ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ ვიყო ჩემს ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან, რომლებმაც ყველაფერი იციან, — ამბობს პეტი, — ჩვენ ერთად ვერთობით, წარსულზე ფიქრის საშუალება აღარ მეძლევა და ძველის ადგილს ახალი მოგონებები იკავებენ. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება იეჰოვასთან ურთიერთობაა, რადგან ვიცი, რომ ესმის, რას ვგრძნობ“.

      ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში

      უდანაშაულო მეუღლე, რომელიც იყენებს ბიბლიის პრინციპებს და სარგებლობს ღვთისგან ბოძებული უფლებით — გაშორდეს მრუშ მეუღლეს — თავს დამნაშავედ არ უნდა თვლიდეს და არ უნდა ეშინოდეს, რომ იეჰოვასგან მიტოვებული იქნება. პირიქით, ღმერთს განზრახ ღალატი სძულს, ღალატი, რომელმაც ‘ტირილი და კვნესა’ გამოიწვია (მალაქია 2:13–16). იეჰოვამ, ‘გულმოწყალე’ ღმერთმა იცის, რას ნიშნავს საყვარელი პიროვნებისგან უარყოფა (ლუკა 1:78; იერემია 3:1; 31:30, 31). დარწმუნებული იყავი, რომ «უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმინდანებს [„ერთგულებს“, აქ]» (ფსალმუნი 36:28).

      რასაკვირველია, თავიდანვე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცოლ-ქმრული ღალატისა და მისი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება. წიგნი — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოb“ პრაქტიკული სახელმძღვანელოა მსოფლიოს ხალხებისთვის ბედნიერი ოჯახების შესაქმნელად და ღალატის თავიდან ასაცილებლად. ამ წიგნში მთელი რიგი თავები ეთმობა ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბავშვების აღზრდასა და ოჯახური პრობლემების გამკლავებას. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, თუნდაც თავად ამ ჟურნალის გამომცემლები დიდი სიხარულით დაგეხმარებიან ამ თემის ირგვლივ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

      [სქოლიოები]

      a მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ 1997 წლის 8 დეკემბრის ჟურნალიდან „გამოიღვიძეთ!“ იხილეთ სტატიათა სერია, “მშობლების მზრუნველობა — როგორია გაწონასწორებული თვალსაზრისი?“ (რუს.), და 1995 წლის 8 ოქტომბრის ჟურნალიდან, სტატიით — „განქორწინებულთა ბავშვების დახმარება“ (რუს.).

      b გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

      [ჩარჩო 10 გვერდზე]

      „ბავშვები მაინც შეიბრალეთ“

      აწ გარდაცვლილმა უელსის პრინცესა დაიანამ 1988 წელს თქვა, რომ მარტო ბრიტანეთში ყოველდღიურად, სულ მცირე, 420 ბავშვი ხდება მშობლების განქორწინების მოწმე. მათი მესამედი ხუთ წელსაც არ გადასცილებია. სამწუხაროდ, ბავშვების 40 პროცენტს ურთიერთობა არა აქვს სახლიდან წასულ მშობელთან.

      უმრავლესობის შეხედულებისგან განსხვავებით „ძალიან ცოტა თუ უჭერს მხარს მშობლების განქორწინებას, — აღნიშნავს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში ცნობილი სპეციალისტი, — ბავშვების უმრავლესობას ურჩევნია, მაშინაც როცა ოჯახური ატმოსფერო დაძაბულია, მშობლებს ერთად ხედავდეს“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წყვილი ბევრს კამათობს ცოლ-ქმრული ღალატის გამო, ნაჩქარევად არ უნდა გადაწყვიტონ, რომ განქორწინება შვილებისთვის უკეთესი იქნება. დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა, ალბათ, შესაძლებელს გახდის, ოჯახის საკეთილდღეოდ ერთად დარჩნენ.

      „ქმარი, რომელიც ცოლს ღალატობს, უნდა დაფიქრდეს, რამხელა ტკივილით ივსება შვილების თვალები, როდესაც მამის უგუნურობის გამო ოჯახი ინგრევა“, — ამბობს მწერალი პამელა უინფილდი.с

      [ჩარჩო 11 გვერდზე]

      ყველა განქორწინება საძულველია ღვთისთვის?

      «არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ‘იეჰოვას სძულს განქორწინება’. გონებაში ყოველთვის მიტრიალებდა ფრაზა: „ვიქცევი იეჰოვას ნებისამებრ?“ ».

      ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაკვირვებით წავიკითხოთ მალაქიას 2:16-ის კონტექსტი. იმ დროისთვის ბევრი ისრაელი ეყრებოდა ცოლს, რომ უფრო ახალგაზრდა უცხოტომელზე ექორწინათ. ღმერთმა არ მოიწონა მათი ვერაგული, მუხანათური საქციელი (მალაქია 2:13–16). ასე რომ ღვთისთვის საძულველია, როდესაც ერთს ეყრებიან მეორეზე დაქორწინების მიზნით. ვინც განზრახ მრუშობს და შემდეგ ან ეყრება მეუღლეს, ან თვითონ მეუღლეს აიძულებს, ღვთისთვის საძულველ ცოდვას სჩადის.

      მაგრამ ბიბლიის ეს მუხლები მსჯავრს არ სდებს ყოველ განქორწინებას. ამას იესოს სიტყვებიც ადასტურებს: „მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:9). აქ იესო ამბობს, რომ მრუშობა ბიბლიური მიზეზია განქორწინებისთვის — ერთადერთი გამართლებული მიზეზი, რის შემდეგაც ხელახლა დაქორწინება დასაშვებია. მეუღლემ შეიძლება მიუტევოს შეცდომის ჩამდენ მეუღლეს, მაგრამ, თუკი მისი გადაწყვეტილებაა, დაეყრდნოს იესოს სიტყვებს, როგორც განქორწინების საფუძველს, მისი საქციელი არ იქნება იეჰოვასთვის საძულველი. მოღალატის ვერაგული საქციელი სძულს ღმერთს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება