როგორ რეაგირებ მეცნიერულ ცნობებზე?
მეცნიერებას დიდი სიძნელეების წინაშე აყენებს არა მხოლოდ ახალი, არამედ აგრეთვე დიდი ხნის წინ არსებული დაავადებები, რომლებმაც კვლავ თავი იჩინა. ადამიანები, რომელთაც განკურნების იმედი აქვთ დაკარგული, დიდ ყურადღებას აქცევენ მეცნიერულ ცნობებს. სიკვდილის შიშის გამო, ბევრი ახლად აღმოჩენილი, თითქოს სასწაულებრივი პრეპარატების გასინჯვას ცდილობს; ხანგრძლივი შედეგები ხშირად საეჭვოა.
მეცნიერება ბევრჯერ დაეხმარა დატანჯულ ადამიანებს, რათა უკეთესი ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. აღსანიშნავია ქირურგიული მეთოდები, რომლებიც სისხლის გადასხმის რისკს გამორიცხავს. მეცნიერებისა და ტექნიკის საშუალებით კაცობრიობა წარმოუდგენელს აღწევს. ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკა დღეს ყოველდღიურ რეალობად იქცა. თუმცა, ყველა სახის მეცნიერება კაცობრიობის უდიდესი გაჭირვებით აღძრული და სხვებზე უანგარო ზრუნვით როდია განმსჭვალული.
ვისგან არის ეს ცნობები?
როგორც ადრე იყო მოხსენიებული, მეცნიერთა უმრავლესობა ფულადი მოგებით არის დაინტერესებული, რაშიც მათ მხარს უჭერენ გავლენიანი პირები. ამიტომ სანამ დასკვნას გამოიტანდე ან აღფრთოვანდებოდე რაიმე ახალი მეცნიერული აღმოჩენით, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე: „ვისგან არის ეს ცნობები?“ ისწავლე ფარული გეგმების ამოცნობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრესა და ტელევიზია წარმატებით ავრცელებს სენსაციურ ცნობებს. ზოგი გამომცემლობა ყოველ ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ გაზეთები გაასაღოს. სენსაციური ცნობები დროდადრო ზოგ ავტორიტეტულ ჟურნალშიც კი ჩნდება.
ხშირად მეცნიერებასა და საინფორმაციო საშუალებებს მტრულ-მოყვრული ურთიერთობა აქვთ. ერთი მხრივ, პრესასა და ტელევიზიას შეუძლია პოპულარული გახადოს მეცნიერება, მაგრამ, მეორე მხრივ, „მეცნიერები ხშირად ცდილობენ საინფორმაციო საშუალებების მართვას იმით, რომ, თუ თვითონ არ გადაათვალიერებენ და შეამოწმებენ მასალას გამოქვეყნებამდე, უარს ამბობენ ინტერვიუს მიცემაზე. გაზეთების კორესპონდენტებს ეშინიათ ეგოისტური ინტერესების მქონე მეცნიერთა ცენზურისა და გული არ მიუწევთ, აჩვენონ მათ თავიანთი სტატიები, თუმცა ხშირად დეტალურ სიზუსტეს მეცნიერთა დახმარებით ადგენენ“, — წერს თავის წიგნში დოროთი ნელკინი (Selling Science).
თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად მას მაგალითები მოჰყავს: „მეცნიერული მიღწევები, რომელთა შესახებაც პრესა გვაუწყებს, იმედებს აღუძრავს სასოწარკვეთილ ხალხს. . . პაციენტები [პოპულარული ჟურნალების] უახლესი ნომრებით მიდიან თავიანთ ექიმებთან და უახლეს მკურნალობას ითხოვენ“. შემდეგ დოროთი ნელკინს მოჰყავს მაგალითი, როდესაც გაზეთის რედაქტორმა მსოფლიო ჯანდაცვისა და შრომითი რესურსების საერთაშორისო სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ აფრიკელ ექიმბაშებს ეფექტური მკურნალობის დანიშვნა?“ მან კი უპასუხა: „ალბათ შეუძლიათ, რადგან მოსახლეობას მათდამი დიდი ნდობა აქვს“. მაგრამ როგორ იყო დასათაურებული სტატია, რომელიც მეორე დღეს გამოქვეყნდა? „გაეროს ექსპერტი უფრო მეტ ექიმბაშებს უხმობს!“
ნელკინის თქმით, სამწუხაროდ, დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამყარებს იმედს გაზეთებსა და ჟურნალებზე, რომლებიც ინფორმაციას აწვდის მათ ახლანდელ მეცნიერებაზე. ბევრისთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც არ იცის კითხვა, ტელევიზორი წარმოადგენს ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს.
გაწონასწორებული თვალსაზრისი მეცნიერებასთან დაკავშირებით
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ტრიუმფებს ხალხისთვის სარგებლობა მოაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეცნიერები მხოლოდ ადამიანები არიან. ისინი ვერსად წაუვლენ ცდუნებასა და კორუფციას. მათი მოტივები არ არის ყოველთვის კეთილშობილური. მართალია, მეცნიერებას სათანადო ადგილი უკავია მსოფლიოში, მაგრამ ის სიბნელისკენ მიმავალ საზოგადოებას გზას შეუცდომლად ვერ უნათებს.
ერთი ჟურნალი შენიშნავს: „მეცნიერების ისტორია გვიჩვენებს, რომ რა დიდებულადაც არ უნდა გვეჩვენებოდნენ მოწინავე მეცნიერები. . . ისინი შეცდომებისგან არ არიან დაზღვეულნი“ (Speculations in Science and Technology). ფაქტობრივად, ზოგი ნამდვილად ცდება.
ამ სტატიებში მოყვანილი მიზეზების გამო, არ იქნება გონივრული, თუ ქრისტიანები მხარს დაუჭერენ მეცნიერულ უთანხმოებებს ან გაავრცელებენ დაუმტკიცებელ თეორიებს. მაგალითად, ზოგი შეიძლება ელექტრომაგნეტიზმისადმი შიშმა შეიპყროს. შემდეგ, მათ შეიძლება კეთილი განზრახვით წააქეზონ სხვები, თავიდან მოიცილონ მიკროტალღური ქურები, ელექტროსაბნები და სხვა ამგვარი ნივთები. რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია არჩევანი გააკეთოს ისე, რომ სხვებმა არ გააკრიტიკონ. მაგრამ მსგავსი უფლებით უნდა სარგებლობდნენ ისინიც, ვისაც განსხვავებული არჩევანი ექნება. ასე რომ, გონივრულია, ვერიდოთ სენსაციების გავრცელებას. მრავალი უჩვეულო მტკიცების ჭეშმარიტება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. თუ ზოგიერთი ამ მტკიცებათაგანი საბოლოოდ დაუსაბუთებელი ან არასწორიც კი აღმოჩნდება, მათი დამცველები მხოლოდ უგუნურებად კი არ გამოჩნდებიან, არამედ ძალაუნებურად ზიანს მოუტანენ სხვებს.
საჭიროა კეთილგონიერება
როგორ უნდა რეაგირებდეს ქრისტიანი საინფორმაციო საშუალებებით სენსაციის დონეზე გადმოცემულ მეცნიერულ ცნობებზე? უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ, რაზე მახვილდება მასში ყურადღება. რა მიზანი აქვს სტატიას ან ცნობას? მეორე, წაიკითხეთ მთელი სტატია. სენსაციური სათაური შეიძლება არც კი შეესაბამება სტატიას. მესამე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეამოწმეთ სტატიის ავტორების ადრინდელი მიღწევები. სინამდვილეს შეეფერება, რასაც ისინი ამბობენ? ფარული გეგმები ხომ არ ამოძრავებთ? (რომაელთა 3:4).
შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერები თვითონ არიან დამნაშავენი, თუ მათ სკეპტიკურად უყურებენ. რწმენა იმისა, რომ ზოგი მეცნიერი მიუკერძოებლად იკვლევს ჭეშმარიტებას, განელდა. მეცნიერება ჩვენი მსოფლიოსა და სამყაროს შეცნობის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ წინასწარმეტყველებები მეცნიერებაზე დამყარებული ახალი მსოფლიოს შესახებ შიშის მომგვრელი და შემაწუხებელი უფროა, ვიდრე იმედის მომცემი.
ზოგი სპეციალისტი გვაფრთხილებს ავისმომასწავებელი მომავალი უბედურებების შესახებ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ჯოზეფ როტბლატმა, გულისტკივილი გამოთქვა: „მადარდებს, რომ სხვა მეცნიერულმა მიღწევებმა შეიძლება შექმნას მასობრივი განადგურების სხვა სახის საშუალებები, რომლებიც შეიძლება ბირთვულ იარაღზე მეტად იყოს ხელმისაწვდომი. მასობრივი განადგურება შეიძლება გამოიწვიოს გენურმა ინჟინერიამ, რადგან იგი დიდ აღმავლობას განიცდის“. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, ბენ სელინგერმა, ისაუბრა მოსალოდნელ პრობლემებზე: „ჩემი აზრით, შემდგომი კრიზისი მოსალოდნელია გენურ ინჟინერიაში. მაგრამ ვერ გეტყვით თუ რა, როგორ და როდის“.
ღვთის სიტყვა, ბიბლია, კი სარწმუნო და სანდო ‘სინათლეა ჩვენი ბილიკისთვის’. მას მივყავართ გაწმენდილ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობისას მშვიდობიანი მომავლისკენ, კარგი ჯანმრთელობისა და მსოფლიო ერთიანობისკენ (ფსალმუნი 118:105; გამოცხადება 11:18; 21:1–4).
[ჩარჩო 11 გვერდზე]
„მონაგონის გაბატონება“
ბოლო წლებში ზოგმა მეცნიერმა ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორიის სიმტკიცეში სერიოზული ეჭვი შეიტანა. განსაკუთრებით კი, სპეციალისტებმა მოლეკულური ბიოლოგიის დარგში.
ბიოლოგმა მაიკლ დენტონმა თავის წიგნში აღნიშნა: «დარვინის თეორიის თავისთავად ცხად აქსიომამდე აყვანის შედეგად, აშკარა პრობლემები და წინააღმდეგობები, რომლებზეც დარვინი ასე დაუღალავად მუშაობდა „სახეობათა წარმოშობაში“, მთლიანად წაიშალა. უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, როგორიცაა: შემაკავშირებელი რგოლების არარსებობა ან გარდამავალი ფორმების გათვალისწინების სირთულე, ფაქტობრივად არასოდეს მსჯელობენ; შეგუებულობათა კომპლექსის შექმნა ბუნებრივ გადარჩევამდე დაჰყავთ და ამაში სრულებით არ ეპარებათ ეჭვი» (Evolution: A Theory in Crisis).
მაიკლ დენტონი განაგრძობს: „მონაგონის გაბატონებამ ფართოდ გავრცელებული ილუზია შექმნა, რომ ევოლუციის თეორია თითქმის დამტკიცდა ასი წლის წინათ. . . ეს კი ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს არის“ (გვერდი 77).
„თუ დამტკიცდებოდა, რომ არსებობს რაიმე რთული ორგანო, რომელიც ვერ წარმოიქმნებოდა მრავალი თანამიმდევრული მოდიფიკაციური ცვალებადობის შედეგად, ჩემი თეორია სრულ მარცხს განიცდიდა“ („სახეობათა წარმოშობა“ [Origin of the Species], ჩარლზ დარვინი, გვერდი 154).
„რადგან აუხსნელი, უცვლელი რთული ბიოსისტემების რაოდენობა იზრდება, ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ მარცხის დარვინისეულმა კრიტერიუმმა გაამართლა“a (Darwin’s Black Box—The Biochemical Challenge to Evolution, მაიკლ ჯ. ბიჰი, გვ. 39, 40). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი აღმოჩენები მოლეკულური ბიოლოგიის დარგში ეჭვქვეშ აყენებს დარვინის თეორიას.
„უჯრედის გამოკვლევის, ანუ სიცოცხლის მოლეკულურ დონეზე გამოკვლევის, ერთობლივი მცდელობების შედეგები ხმამაღლა, ნათლად ღაღადებენ შემოქმედებით ჩანაფიქრზე. შედეგი იმდენად არაორაზროვანი და მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მივიჩნიოთ. ეს აღმოჩენა მნიშვნელობით ნიუტონის, აინშტაინის, ლავუაზიეს, შრედინგერის, პასტერისა და დარვინის აღმოჩენებს უტოლდება. სიცოცხლის გონივრული ჩანაფიქრის აღმოჩენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის აღმოჩენა“ (Darwin’s Black Box, გვ. 322, 323).
[სქოლიოები]
a ევოლუციისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეტალური განხილვისთვის იხილე 1997 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“ გვ. 3–17, (რუს.) გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათები 10 გვერდზე]
ქრისტიანები თავს არიდებენ კამათს სხვა პლანეტებზე შესაძლო ცხოვრებისა და ელექტრომაგნეტიზმის სავარაუდო გავლენის შესახებ.
[საავტორო უფლება]
NASA photo/JPL
NASA photo/JPL