-
ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
-
-
საშიშროებები, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული
ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირებამ მრავალს ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, ბრიტანეთის ჯანმრთელობის სააგენტო ახლახან იუწყებოდა: „ბავშვებს, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ, ნაკლებად აქვთ განვითარებული პირადი ღირსების გრძნობა, მეტად ნერვიულები არიან და უფრო ადვილად სძლევთ სტრესი. აგრეთვე უფრო მოსალოდნელია, რომ ასეთმა ბავშვებმა პატარაობიდანვე დაიწყონ მოწევა და ნარკოტიკების მიღება. ფიზიკურად პასიური თანამშრომლები სამუშაოზე მეტ დღეებს აცდენენ, ვიდრე ფიზიკურად აქტიურები. ასაკში შესვლისას ფიზიკურად არააქტიური ადამიანები კარგავენ ძალას და ყოველდღიურ საქმიანობასთან ადვილად გამკლავების უნარს. შედეგად, მრავალი კარგავს დამოუკიდებლობას და ფსიქიკური მდგომარეობაც შედარებით უარესი აქვთ“.
კორა კრეგი, კანადის ფიზიკური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ „კანადელები სამუშაოზე საჭიროზე ბევრად ნაკლებად არიან ფიზიკურად აქტიურები . . . საერთოდ, ფიზიკური დატვირთვა უფრო და უფრო კლებულობს“. კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“ ნათქვამია: „კანადელთა 48 პროცენტი ზომაზე მეტს იწონის და ამათგან 15 პროცენტი ძალიან მსუქანია“. გაზეთი დასძენს, რომ კანადაში მოზრდილ ადამიანთა 59 პროცენტი უმოძრაო ცხოვრების წესს ეწევა. კუოპიოს (ფინეთი) უნივერსიტეტის თანამშრომელი მატი უუსიტუპა გვაფრთხილებს, რომ „მსოფლიოში სიმსუქნისა და უმოძრაო ცხოვრების წესის ზრდასთან ერთად მკვეთრად მატულობს II ტიპის დიაბეტის შემთხვევათა რიცხვი“.
ჰონკონგში არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევიდან გამოჩნდა, რომ 35 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის სიკვდილი შეიძლება ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. ამ გამოკვლევის შედეგებში, რომელსაც ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი ტი–ჰინგ ლამი უწევდა ხელმძღვანელობას და რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა „ეპიდემიოლოგიის მატიანეში“, აღნიშნული იყო, რომ ჰონკონგის ჩინურ მოსახლეობაში „ფიზიკური არააქტიურობით გამოწვეული საშიშროებები უფრო მეტია, ვიდრე მოწევით. მეცნიერების პროგნოზით, დანარჩენი ჩინელებიც „მსგავსი მიზეზით გამოწვეული დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მოწმენი გახდებიან“.
არის გამართლებული ამ საკითხთან დაკავშირებით დაფიქრება? ნამდვილად შეიძლება ფიზიკურმა არააქტიურობამ ჩვენს ჯანმრთელობას იმაზე მეტი ზიანიც კი მიაყენოს, ვიდრე ამას თამბაქოს მოწევა აყენებს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქტიურ ადამიანებთან შედარებით, არააქტიურებს უფრო აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, მათ მეტად ემუქრებათ დამბლის დაცემისა და გულის შეტევების, აგრეთვე ამა თუ იმ სახის კიბოს განვითარების საშიშროება, მეტად ემუქრებათ ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხე და მეტად არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილნიa.
„უოლ–სტრიტ ჯორნელში“ ნათქვამია: „დედამიწის ყველა კონტინენტზე, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც საკვების უკმარისობა შეინიშნება, ჭარბი წონის მქონე ან მსუქან ადამიანთა რიცხვი საგანგაშო დონეს აღწევს. ამაში კი მთავარი დამნაშავე ისევ და ისევ მაღალკალორიული კვება და უმოძრაო ცხოვრების წესია, რამაც შეერთებულ შტატებში გასუქების ეპიდემია გამოიწვია“. შვედი დოქტორი სტეფან რისუნერი იზიარებს ამ აზრს და იმასაც კი ამბობს, რომ „არ არსებობს ქვეყანა, სადაც მსუქან ადამიანთა რიცხვი არ მატულობს“.
-
-
ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
-
-
a ფიზიკურად არააქტიურობამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარკვეულ მდგომარეობათა რიცხვი. მაგალითად, ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის მონაცემების თანახმად, ფიზიკურად არააქტიურობა „ორჯერ ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს და არააქტიურ ადამიანებში დაახლოებით 30 პროცენტით მეტია ჰიპერტენზიით დაავადების საშიშროება. აგრეთვე ორჯერ მეტია გულ–სისხლძარღვთა დაავადებითა და დამბლით სიკვდილის საფრთხე“.
-
-
ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
-
-
[ჩარჩო 4 გვერდზე]
რა ჯდება ფიზიკური უმოძრაობა
მრავალი მთავრობა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია სერიოზულად არის შეფიქრიანებული იმით, თუ რა ძვირი უჯდება საზოგადოებას ფიზიკური უმოძრაობა.
● ავსტრალია — ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ფიზიკურ უმოძრაობასთან დაკავშირებით განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვას დაახლოებით 377 მილიონი ამერიკული დოლარი ხმარდება.
● კანადა — მსოფლიო კარდიოლოგიური ფედერაციის მონაცემების თანახმად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კანადა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს ხარჯავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც „ფიზიკური არააქტიურობით არის გამოწვეული“.
● შეერთებული შტატები — 2000 წელს შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი თანხა — 76 მილიარდი დოლარი — მოახმარა უშუალოდ ფიზიკური არააქტიურობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას.
-