საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზეკიელი“ (ნაწილი II)
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • „გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ“

      (ეზეკიელი 40:1—48:35)

      14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იერუსალიმი დაეცა (ეზეკიელი 40:1). გადასახლებიდან დაბრუნებამდე ჯერ კიდევ 56 წელი უნდა გავიდეს (იერემია 29:10). ეზეკიელი დაახლოებით 50 წლისაა. ხილვაში ის ღმერთს ისრაელის მიწაზე მიჰყავს და ეუბნება: „კაცის ძეო, შენი თვალით უყურე და შენი ყურით ისმინე, გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ“ (ეზეკიელი 40:2—4). რა აღმაფრთოვანებელი იქნებოდა ეზეკიელისთვის ხილვაში ახალი ტაძრის ხილვა!

      დიდებულ ტაძარს, რომელსაც ეზეკიელი ხედავს, 6 კარიბჭე, 30 სასადილო ოთახი, წმინდა, წმინდათაწმინდა, ხის სამსხვერპლო და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო აქვს. წყალი, რომელიც ტაძრიდან გამოედინება, მდინარედ იქცევა (ეზეკიელი 47:1). ეზეკიელი იმასაც ხედავს, როგორ უნაწილდებათ ტომებს მიწა — თითოეულის სამკვიდრო აღმოსავლეთ საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე. იუდასა და ბენიამინის სამკვიდროებს შორის არის სამთავრობო ნაკვეთი. ამ ნაკვეთზე „იეჰოვას საწმინდარი“ და „ქალაქია“, რომელსაც „იეჰოვა შამაჰი“ ეწოდება, რაც ნიშნავს „თვით იეჰოვაა აქ“ (ეზეკიელი 48:9, 10, 15, 35).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      40:3—47:12. რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი ტაძრით? ეზეკიელის ხილვაში ნანახი უზარმაზარი ტაძარი სინამდვილეში არასდროს აშენებულა. ამ ტაძრით ნაჩვენები იყო ღვთის სულიერი ტაძარი ანუ ის, რასაც ჩვენს დღეებში იეჰოვა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის იყენებს (ეზეკიელი 40:2; მიქა 4:1; ებრაელები 8:2; 9:23, 24). ტაძრის შესახებ ხილვა „ბოლო დღეებში“ სრულდება, მაშინ, როდესაც სამღვდელოების განწმენდა ხდება (2 ტიმოთე 3:1; ეზეკიელი 44:10—16; მალაქია 3:1—3). მაგრამ საბოლოოდ ეს წინასწარმეტყველება სამოთხეში შესრულდება. ხილვაში ეზეკიელის მიერ ტაძრის ნახვა გადასახლებაში მყოფ იუდეველებს არწმუნებდა, რომ ღმერთი წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა და იუდეველთა თითოეული ოჯახი თავის სამკვიდროს მიიღებდა.

      40:3—43:17. რას ნიშნავს ტაძრის გაზომვა? ტაძრის გაზომვა იმას ნიშნავს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება.

      43:2—4, 7, 9. რა იყო „მეფეების გვამები“, რაც ტაძრიდან უნდა მოეშორებინათ? გვამები, როგორც ჩანს, კერპები იყო. იერუსალიმის მმართველებმა და იქ მცხოვრებმა ხალხმა ღვთის ტაძარი კერპებით წაბილწეს — შეიძლება ითქვას, რომ კერპები თავიანთ მეფეებად გაიხადეს.

      43:13—20. რა არის სიმბოლურად ნაჩვენები ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი სამსხვერპლოთი? სიმბოლური სამსხვერპლოთი წარმოდგენილია ღვთის ნება იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლთან დაკავშირებით. გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ცხებულები მართლებად ცხადდებიან, „უამრავი ხალხი“ კი სუფთა და წმინდაა ღვთის თვალში (გამოცხადება 7:9—14; რომაელები 5:1, 2). შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ სოლომონის ტაძრის ეზოში მდგარი „მრგვალი ზღვა“ — უზარმაზარი წყლის ავზი, რომელიც მღვდლების დასაბანად იყო განკუთვნილი — არ არის ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარში (1 მეფეები 7:23—26).

      44:10—16. ვინ არიან წარმოდგენილი მღვდლებით? მღვდლებით წარმოდგენილია ჩვენს დღეებში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი. მათი განწმენდა მოხდა 1918 წელს, როდესაც იეჰოვა „გამომდნობელივითა და გამწმენდელივით“ დაჯდა თავის სულიერ ტაძარში (მალაქია 3:1—5). მათ, ვინც სუფთა იქნებოდა ან, ვინც მოინანიებდა, შეეძლო განეგრძო განსაკუთრებული მსახურება. ამიტომ მათ ყოველი ღონე უნდა ეხმარათ იმისათვის, რომ „უმანკოდ დაეცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ და ასეთი სახით მაგალითი მიეცათ „უამრავი ხალხისთვის“, რომელიც არასამღვდელო შტოებით იყო წარმოდგენილი (იაკობი 1:27; გამოცხადება 7:9, 10).

      45:1; 47:13—48:29. რა არის წარმოდგენილი „მიწითა“ და ამ მიწის დანაწილებით? მიწით წარმოდგენილია ადგილი, სადაც ღვთის ხალხი მსახურობს. ადგილსამყოფლის მიუხედავად, იეჰოვას თაყვანისმცემელი აღდგენილ მიწაზეა მანამ, სანამ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. მიწის დანაწილების შესახებ წინასწარმეტყველება საბოლოოდ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება, როდესაც თითოეული ერთგული ადამიანი თავის სამკვიდროს მიიღებს (ესაია 65:17, 21).

      45:7, 16. რა არის ნაჩვენები სამღვდელოებისა და თავკაცებისთვის შესაწირავების გაღებით? ეს, ძირითადად, მიუთითებს სულიერ ტაძარში სულიერ მხარდაჭერაზე — დახმარების გაწევასა და თანამშრომლობაზე.

      47:1—5. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი მდინარის წყლით? წყლით წარმოდგენილია სულიერი ღონისძიება, რასაც იეჰოვა ადამიანთა გადასარჩენად იყენებს; ამაში შედის იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი და ღვთის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც ბიბლიაშია მოცემული (იერემია 2:13; იოანე 4:7—26; ეფესოელები 5:25—27). მდინარე თანდათანობით ღრმავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ახლები უერთდებიან (ესაია 60:22). ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში მდინარეში წყლის დონე საგრძნობლად იმატებს; წყლით წარმოდგენილი ინფორმაცია მაშინ „გრაგნილების“ გაშლის შედეგად მოიმატებს (გამოცხადება 20:12; 22:1, 2).

      47:12. რა არის წარმოდგენილი ნაყოფის მომცემი ხეებით? სიმბოლური ხეებით წარმოდგენილია ღვთის სულიერი ღონისძიება კაცობრიობის გასასრულყოფილებლად.

      48:15—19, 30—35. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ქალაქით? „იეჰოვა შამაჰი“, „თვით იეჰოვაა იქ“ (ქალაქის სახელი), მდებარეობს „უწმინდურ“ მიწაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მიწიერი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამ ქალაქით წარმოდგენილია დედამიწაზე არსებული ხელმძღვანელობა, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ვინც „ახალი დედამიწის“ ნაწილი იქნება (2 პეტრე 3:13). ამ ქალაქს ყველა მხარეს კარიბჭეები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია მასში შესვლა. ღვთის ხალხის ზედამხედველებთანაც ყველა თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს.

      რას ვსწავლობთ:

      40:14, 16, 22, 26. ტაძრის შესასვლელის კედლებზე გამოსახული პალმის ხეები იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ზნეობრივად სუფთა ადამიანებს აქვთ იქ შესვლის უფლება (ფსალმუნი 92:12). აქედან ვსწავლობთ, რომ იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღები, თუ მართლები ვართ.

      44:23. რამდენად მადლიერები ვართ იმ მსახურებისთვის, რომელსაც დღეს დედამიწაზე მცხოვრები სულითცხებული მღვდლები ასრულებენ! „ერთგული და გონიერი მონა“ ხელმძღვანელობს სულიერი საზრდოთი დროულად უზრუნველყოფას, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა არის იეჰოვას თვალში წმინდა და რა — უწმინდური (მათე 24:45).

      47:9, 11. ჩვენს დროში შემეცნებით — სიმბოლური წყლის მნიშვნელოვანი ნაწილით — იკურნება ხალხი. სადაც არ უნდა იყვნენ, ამ წყლის მიღება სულიერად აცოცხლებს ადამიანებს (იოანე 17:3). ისინი კი, ვინც არ იღებენ ამ მაცოცხლებელ წყალს, ‘მარილს მიეცემიან’ ანუ სამუდამოდ განადგურდებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ‘ყველანაირად ვეცადოთ, სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’! (2 ტიმოთე 2:15).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზეკიელი“ (ნაწილი II)
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • [სურათი 9 გვერდზე]

      ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი დიდებული ტაძარი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება