-
უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აპრილი
-
-
უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?
„უამრავი მორწმუნე გაუთვითცნობიერებლად და ლოგიკური მსჯელობის გარეშე მისდევს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს — დაწერა შეერთებული შტატების სასულიერო სემინარიის დეკანმა — მათ უბრალოდ სურთ, ყველაფერი უსიტყვოდ ირწმუნონ“.
მორწმუნეების უმრავლესობას არც ის აინტერესებს, რატომ სწამს ასე და არც ის, აქვს თუ არა მყარი საფუძველი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ დღეს ბევრი უღიმღამოდ საუბრობს რელიგიის შესახებ.
სამწუხაროდ, ხატების გამოყენება და ლოცვების მექანიკურად გამეორება გაუაზრებლად ხდება. ამ ჩვეულებებთან ერთად მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსი შთამბეჭდავი არქიტექტურით, ნატიფი ვიტრაჟიანი სარკმელებითა და ამაღელვებელი მუსიკით შემოიფარგლება. მიუხედავად ზოგი ეკლესიის განაცხადისა, რომ მათი მრწამსი ბიბლიაზეა დაფუძნებული, მათი მოწოდება: „იწამე იესო და გადარჩები!“ ხალისს უკარგავს ადამიანს, სერიოზულად მოეკიდოს ბიბლიის შესწავლას. სხვები სოციალური ან პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით ქადაგებენ. რა არის ყოველივე ამის შედეგი?
ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთმა რელიგიათმცოდნემ თქვა: „ქრისტიანობა... ზერელე შემეცნებას ფლობს და მისი მრევლი, შეიძლება ითქვას, რელიგიურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელია“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ერთმა სოციოლოგმა შეერთებული შტატები „ბიბლიურად გაუნათლებელ ქვეყნადაც“ კი მოიხსენია. სიმართლე რომ ვთქვათ, იგივე შეიძლება თქმულიყო სხვა ქვეყნებზეც, სადაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სარწმუნოებაა გავრცელებული. ბევრი არაქრისტიანული რელიგიაც მსგავსადვე უგულებელყოფს ლოგიკურ მსჯელობას და უპირატესობას გალობას, რიტუალურ ლოცვებს, ანიჭებს; ლოგიკური და გონივრული მსჯელობის ნაცვლად მედიტაციის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს, რომლებშიც მისტიციზმიც შედის.
თუმცა ისინი, რომლებსაც ნაკლებად აღელვებთ თავიანთი რელიგიური მრწამსის სიზუსტე ან ჭეშმარიტება, ხშირად სხვა საკითხებს უფრო ღრმად და გულდასმით იკვლევენ. განა უცნაურად არ მოგეჩვენებოდათ იმ პიროვნების განაცხადი, რომელიც თავის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით იტყოდა: „ეს რელიგია აკმაყოფილებდა ჩემს მშობლებს და მეც მაკმაყოფილებს“, მაშინ როდესაც იგი დიდი გულმოდგინებით არჩევს, რა მარკის ავტომანქანა იყიდოს, რომელიც ერთ დღესაც თავის არსებობას „მანქანების სასაფლაოზე“ დაასრულებს?
თუ ნამდვილად გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, განა სერიოზულად არ უნდა გამოვიკვლიოთ ის, რაც მის შესახებ გვწამს? მოციქული პავლე თავის თანამედროვე რამდენიმე მორწმუნეს ესაუბრა, რომლებსაც ჰქონდათ „გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:2). ასეთი ადამიანი შეიძლება დაქირავებულ მღებავთან შეგვედარებინა, რომელიც გულმოდგინედ ღებავს სახლს, მაგრამ არ ითვალისწინებს დამკვეთის მითითებას და თავისი გემოვნების მიხედვით არჩევს საღებავის ფერებს. შეიძლება მღებავი კმაყოფილია თავისი ნახელავით, მაგრამ განა ის დამსაქმებელსაც მოეწონება?
როგორია ღვთისთვის მისაღები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა? ბიბლია გვპასუხობს: „ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). დღეს არსებულ უამრავ რელიგიებს შორის, ზოგს ალბათ შეუძლებლად მიაჩნია ასეთი შემეცნების პოვნა. მაგრამ დაფიქრდით, თუკი ღმერთს უნდა, რომ ყველას ჰქონდეს ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნება, ნუთუ უსამართლობას გამოიჩენდა და დაუმალავდა მათ ამ შემეცნებას? პირიქით, ბიბლია ამბობს: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს], იპოვი კიდეც“ (1 ნეშტთა 28:9).
როგორ გააცნობს ღმერთი საკუთარ თავს მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.
-
-
ეძებე ღმერთი გულითა და გონებითსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აპრილი
-
-
ეძებე ღმერთი გულითა და გონებით
ჭეშმარიტი ქრისტიანობა აღძრავს ადამიანებს, რომ ღვთისმოსაწონი რწმენის განსავითარებლად გულსაც მოუხმონ და გონებასაც.
ფაქტობრივად, ქრისტიანობის დამაარსებელმა, იესო ქრისტემ, გვასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი „მთელი გონებით“ ანუ მთელი შეგნებით; აგრეთვე „მთელი გულით“ და „მთელი სულით“ (მათე 22:37, სსგ). დიახ, ჩვენმა გონებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს თაყვანისმცემლობაში.
იესო მსმენელებს აღძრავდა, ეფიქრათ მის სწავლებებზე და ხშირად ეკითხებოდა: „რას ფიქრობთ?“ (მათე 17:25; 18:12; 21:28; 22:42). მსგავსადვე, მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს მისწერა, რათა ‘გაეღვიძებინათ თავიანთი წრფელი აზრი [„გონება“, აქ]’ (2 პეტრე 3:1). პირველი საუკუნის მისიონერი, მოციქული პავლე, რომელიც ყველაზე მეტს მოგზაურობდა, ქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘გონივრულად ემსახურათ’ და შეეცნოთ „რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2). თუ ქრისტიანი ასეთი თვალსაზრისით მიუდგება თავის რელიგიურ მრწამსს და საფუძვლიანად და გულმოდგინედ გამოიკვლევს მას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ღვთისმოსაწონი რწმენის განვითარებას, რაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება (ებრაელთა 11:1, 6).
პირველი ქრისტიანი მქადაგებლები, იმისათვის, რომ სხვებს ასეთი რწმენის განვითარებაში დახმარებოდნენ, ‘ელაპარაკებოდნენ მათ წერილებიდან, უხსნიდნენ და უმტკიცებდნენ’ იმას, რასაც ასწავლიდნენ (საქმეები 17:1—3). ასეთ გონივრულ მიდგომას გულწრფელი ადამიანები დადებითად გამოეხმაურნენ. მაგალითად, მაკედონიის ქალაქ ბერეაში მრავალმა „მთელი გულმოდგინებით მიიღო [ღვთის] სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რასაც უხსნიდნენ პავლე და მისი თანამსახურნი]“ (საქმეები 17:11). ამ მუხლში ორ მნიშვნელოვან რამეზე მახვილდება ყურადღება: 1) ბერეელები მთელი გულმოდგინებით ისმენდნენ ღვთის სიტყვას და 2) მათ ბრმად კი არ მიიღეს მოსმენილი, არამედ წმინდა წერილებში ამოწმებდნენ. ქრისტიანმა მისიონერმა ლუკამ მოკრძალებულად შეაქო ბერეელები ასე მოქცევისთვის და „კეთილშობილები“ უწოდა. თქვენც ავლენთ ასეთ კეთილშობილებას სულიერ საკითხებთან მიმართებაში?
გულისა და გონების თანამშრომლობა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გონებაც და გულიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (მარკოზი 12:30). გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენიებული დაქირავებული მღებავის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც სახლის შეღებვისას დამკვეთის მითითება არ გაითვალისწინა. მას რომ დამქირავებლისთვის გულისყურით მოესმინა, მთელი გულითა და სულით შეასრულებდა სამუშაოს და დარწმუნებულიც იქნებოდა, რომ მისი ნახელავი დამსაქმებელს მოეწონებოდა. იგივე შეიძლება ითქვას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებითაც.
იესომ თქვა, რომ „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23). აქედან გამომდინარე, მოციქულმა პავლემ დაწერა: «ამისათვის ჩვენც... განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი [„ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნით“, აქ], ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას» (კოლასელთა 1:9, 10). ასეთი „საფუძვლიანი ცოდნა“ გულწრფელ ადამიანს საშუალებას აძლევს, მთელი გულით, სულით და დარწმუნებით ეთაყვანოს ღმერთს, რადგან ‘იცის, რას სცემს თაყვანს’ (იოანე 4:22).
სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ ნათლავენ პატარა ბავშვებს ან ახალ დაინტერესებულებს, რომლებსაც საფუძვლიანად არა აქვთ ბიბლია შესწავლილი. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მხოლოდ ღვთის ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ შეძლებს ბიბლიის გულწრფელი მკვლევარი, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება გამოიტანოს. ცდილობთ, მიიღოთ ასეთი შემეცნება?
-