-
გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
-
-
გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა
„რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“ (ებრ. 11:24).
1, 2. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო მოსემ 40 წლის ასაკში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არჩია მოსემ ღვთის ხალხთან ერთად მონობაში ცხოვრება?
მოსემ შესანიშნავად იცოდა, რა მომავალს უქადდა ეგვიპტეში ცხოვრება. ის ხედავდა, რომ მდიდარი და შეძლებული ეგვიპტელები სასახლეებში ცხოვრობდნენ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ თავად მოსე სამეფო ოჯახში აღიზარდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ისწავლა მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ — ლიტერატურა, ისტორია, ასტრონომია, მათემატიკა თუ სხვა მეცნიერებები (საქ. 7:22). მოსეს გააჩნდა სიმდიდრე, ძალა და სარგებლობდა პრივილეგიით; ეს ყველაფერი შეიძლება რიგითი ეგვიპტელისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება ყოფილიყო.
2 თუმცა, როდესაც მოსეს 40 წელი შეუსრულდა, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო; ეს გადაწყვეტილება ალბათ, სამეფო ოჯახს, რომელმაც იშვილა, საგონებელში ჩააგდებდა. მოსემ ჩვეულებრივი ეგვიპტელის ცხოვრებაზეც კი უარი თქვა და მონებთან ერთად ცხოვრება არჩია. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მას უდიდესი რწმენა ჰქონდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—26). მოსე ხილულ სამყაროზე გაცილებით მეტს ხედავდა. ის სულიერი ადამიანი იყო; სწამდა იეჰოვასი, „ვინც უხილავია“ და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის დაპირებები შესრულდებოდა (ებრ. 11:27).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 მოსეს მსგავსად, ჩვენც ხილულზე მეტს უნდა ვხედავდეთ; ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა (ებრ. 10:38, 39). იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვიმტკიცოთ რწმენა, მოდი განვიხილოთ, რა წერია მოსეს შესახებ ებრაელების 11:24—26-ში და პასუხები გავცეთ შემდეგ კითხვებს: როგორ ათქმევინა რწმენამ მოსეს უარი ხორციელ სურვილებზე? შეურაცხყოფის მიუხედავად, როგორ დაეხმარა მას რწმენა, დაეფასებინა მსახურების პატივი? და, რატომ ხედავდა ის „ჯილდოს“?
მოსემ უარი თქვა ხორციელ სურვილებზე
4. რას ფიქრობდა მოსე „ცოდვიან განცხრომაზე“?
4 მოსე რწმენის თვალით ხედავდა, რომ „ცოდვიანი განცხრომა“ დროებითი და წარმავალი იყო. სხვებს მის ადგილზე შესაძლოა ეფიქრათ, რომ მართალია ეგვიპტე კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმს შთაენთქა და იეჰოვას ხალხს მონობის უღელი ედგა, მაგრამ ის მსოფლიო იმპერია იყო. მათგან განსხვავებით, მოსეს ერთი რამ კარგად ესმოდა: ღმერთს შეეძლო, მოვლენები საპირისპიროდ წარემართა. მიუხედავად იმისა, რომ განცხრომის მოყვარული ადამიანები, ერთი შეხედვით, წარმატებულნი იყვნენ, მოსეს სწამდა, რომ მათი ამგვარი მდგომარეობა მალე წარსულს ჩაჰბარდებოდა. სწორედ ამის გამო ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა მასზე „დროებითმა ცოდვიანმა განცხრომამ“.
5. რა დაგვეხმარება, რომ არ ავყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“?
5 თქვენ რა დაგეხმარებათ, რომ არ აჰყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“? არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ხორციელი სიამოვნება წუთიერია. რწმენის თვალით დაინახეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოან. 2:15—17). დაფიქრდით იმაზე, რა დღე დაადგებათ მოუნანიებელ შემცოდველებს. ისინი „მოლიპულ მიწაზე“ დგანან და „განადგურდებიან უეცარი შიშით“ (ფსალმ. 73:18, 19). თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მომავალი მსურს?
6. ა) რატომ თქვა მოსემ უარი, „ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“? ბ) რატომ ფიქრობთ, რომ მოსემ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო?
6 მოსეს რწმენამ მისი მომავალიც განსაზღვრა. წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო“ (ებრ. 11:24). მოსეს არ უფიქრია, რომ ის სამეფო ოჯახის წევრიც იქნებოდა და ღვთის მსახურიც, რომელიც სიმდიდრესა და პრივილეგირებულ მდგომარეობას თავისი თანამოძმეების საკეთილდღეოდ გამოიყენებდა. მოსეს ძალიან უყვარდა იეჰოვა და გადაწყვეტილი ჰქონდა, მისთვის მთელი გულით, სულითა და ძალით ემსახურა (კან. 6:5). ამ გადაწყვეტილებამ მოსე დიდი გულისტკივილისგან დაიცვა. ეგვიპტელთა აურაცხელი სიმდიდრე, რომელზეც მან უარი თქვა, ძალიან მალე ისრაელებმა იგდეს ხელთ (გამ. 12:35, 36). ფარაონი დამცირდა და საბოლოოდ წითელი ზღვის მორევში შთაინთქა (ფსალმ. 136:15). მოსე კი გადარჩა და ღმერთმა თავისი ხალხის წინამძღოლად დანიშნა. მას ისინი სამშვიდობოს უნდა გაეყვანა. მოსეს მართლაც აზრიანი ცხოვრება ჰქონდა!
7. ა) მათეს 6:19—21-ის თანახმად, რატომ უნდა ვიფიქროთ მარადიულ მომავალზე? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რა სხვაობაა მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობას შორის?
7 თუ იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხართ, როგორ დაგეხმარებათ რწმენა, სწორად აირჩიოთ ცხოვრების გზა? გონივრული იქნება, თუ სამომავლო გეგმებს შეადგენთ. გწამდეთ ღვთის დაპირებების და აირჩიეთ არა დროებითი, არამედ მარადიული მომავალი (წაიკითხეთ მათეს 6:19—21). ამგვარი არჩევნის წინაშე იდგა ერთი ნიჭიერი ბალერინა, სახელად სოფი. მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით მას არაერთი საბალეტო სკოლა სთავაზობდა სასწავლო გრანტსა და კარიერულ წინსვლას. სოფი ამბობს: „ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ვთვლიდი, რომ დასში ყველასგან გამორჩეული ვიყავი. მაგრამ თავს მაინც არ ვგრძნობდი ბედნიერად“. ერთ დღესაც სოფიმ უყურა ფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. რა მოხდა შემდეგ? ის ამბობს: „მივხვდი, რომ ქვეყნიერებამ იეჰოვას მთელი გულით თაყვანისცემის სანაცვლოდ წარმატება და უამრავი თაყვანისმცემელი შემომთავაზა. მხურვალედ ვლოცულობდი. ბოლოს კარიერაზე უარი ვთქვი“. ალბათ, გაინტერესებთ, დღეს რა აზრისაა სოფი? ის ამბობს: „არ შევნატრი ჩემს ძველ ცხოვრებას. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მეუღლესთან ერთად პიონერად ვმსახურობ. ჩვენ არც სახელგანთქმული ადამიანები ვართ და არც ბევრი ფული გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს იეჰოვა, ბიბლიის შემსწავლელები და უამრავი სულიერი მიზანი. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე“.
8. რომელი ბიბლიური რჩევა დაეხმარება ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში?
8 იეჰოვამ ყველაზე კარგად იცის, რა არის თქვენთვის საუკეთესო. მოსემ თქვა: „ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი? იმას, რომ გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით, გიყვარდეს იგი და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით; დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ“ (კან. 10:12, 13). ახალგაზრდებო, აირჩიეთ ისეთი მომავალი, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად შეიყვაროთ იეჰოვა და „მთელი გულითა და სულით“ ემსახუროთ მას! დარწმუნებულნი იყავით, რომ ასეთი არჩევანი სასიკეთოდ წაგადგებათ.
ის აფასებდა მსახურების პატივს
9. ახსენით, რატომ შეიძლება გასჭირვებოდა მოსეს დავალების შესრულება.
9 მოსეს „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა“ (ებრ. 11:26). ამ მუხლში მოსე მოხსენიებულია „ცხებულად“, რადგან ის იეჰოვამ ისრაელის წინამძღოლად დანიშნა ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. მოსემ იცოდა, რომ ამ დავალების შესრულება საკმაოდ რთული იქნებოდა; მან ისიც უწყოდა, რომ ამის გამო შეურაცხყოფის ატანა მოუწევდა. მისთვის ხომ ერთ-ერთ ებრაელს ნათქვამი ჰქონდა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მთავრად და მოსამართლედ?“ (გამ. 2:13, 14). მოგვიანებით, როცა იეჰოვა მოსეს დავალებას აძლევდა, მოსემ მას ასეთი რამ ჰკითხა: „ფარაონი როგორღა მომისმენს?!“ (გამ. 6:12). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოსემ იეჰოვას გაანდო თავისი საწუხარი და ისიც არ დაუმალა, რომ ეშინოდა; ამგვარად ის ემზადებოდა შეურაცხყოფის ასატანად. საინტერესოა, როგორ დაეხმარა ღმერთი მოსეს ამ რთული დავალების შესრულებაში?
10. როგორ დაეხმარა იეჰოვა მოსეს დავალების შესრულებაში?
10 პირველი, იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:12). მეორე, ღმერთმა მოსე დააიმედა და თავისი სახელის მნიშვნელობას მეტი ნათელი მოჰფინა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“a (გამ. 3:14). მესამე, ღმერთმა მოსეს ზებუნებრივი ძალა უბოძა, რითაც ყველა მიხვდებოდა, რომ ის ღვთისგან გაგზავნილი იყო (გამ. 4:2—5). მეოთხე, იეჰოვამ მას დავალების შესასრულებლად მისცა დამხმარე, აარონი, რომელიც მის მაგივრად ილაპარაკებდა (გამ. 4:14—16). მოსე სიცოცხლის ბოლოს იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი თავის მსახურებს ნებისმიერი დავალების შესასრულებლად ძალას აძლევს, რომ თამამად შეეძლო თავისი საქმის გამგრძელებლისთვის, იესო ნავეს ძისთვის, ეთქვა: „იეჰოვა მიგიძღვის წინ; ის იქნება შენთან. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!“ (კან. 31:8).
11. რატომ აფასებდა მოსე თავის დავალებას?
11 იეჰოვას მხარდაჭერის წყალობით მოსე ძლიერ აფასებდა თავის რთულ დავალებას და მას „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ“ თვლიდა. ამას გარდა, რამხელა განსხვავება იყო ფარაონის მსახურებასა და ყოვლისშემძლე ღვთის მსახურებას შორის! ეგვიპტის უფლისწულობა ნამდვილად ვერ გაუტოლდებოდა იეჰოვას ცხებულად ყოფნის პატივს. მოსე ღვთის მადლიერი იყო, რის გამოც ღმერთმა მისთვის კურთხევები არ დაიშურა. მას განსაკუთრებული, ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, ღმერთთან, რომელმაც მას „თავზარდამცემი საქმეები“ გააკეთებინა მაშინ, როცა ისრაელებს აღთქმული მიწისკენ მიუძღოდა (კან. 34:10—12).
12. იეჰოვასგან ბოძებული რა და რა პატივი უნდა დავაფასოთ?
12 ღმერთმა ჩვენც მოგვცა დავალება. მან თავისი ძის მეშვეობით ჩვენც ისევე დაგვნიშნა მსახურებად, როგორც მოციქული პავლე თუ სხვა ქრისტიანები (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12—14). ყველას წილად გვხვდა სასიხარულო ცნობის ქადაგების პატივი (მათ. 24:14; 28:19, 20). ზოგი სრული დროით მსახურობს. მოწიფული ძმები კი კრებებში მომსახურეებად და უხუცესებად მსახურობენ და და-ძმებზე ზრუნავენ. თუმცა ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც თქვენს რწმენას არ იზიარებენ, შესაძლოა არაფრად მიიჩნევენ განსაკუთრებული მსახურების პატივს ან შესაძლოა შეურაცხყოფასაც გაყენებენ თავგანწირული სულის გამო (მათ. 10:34—37). თუ ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ და გულს გაგიტეხავენ, შეიძლება იფიქროთ, რომ აღარ ღირს მსხვერპლის გაღება ან შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ იმაში, რომ ვეღარ შეასრულებთ თქვენს დავალებას. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, როგორ დაგეხმარებათ რწმენა, რომ განაგრძოთ სვლა?
13. როგორ გვაძლევს იეჰოვა ძალას თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად?
13 გწამდეთ და ევედრეთ იეჰოვას, რომ მხარი დაგიჭიროთ. არ დაუმალოთ მას თქვენი საწუხარი და ესაუბრეთ იმაზე, რისიც გეშინიათ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დავალება იეჰოვამ მოგანდოთ და სწორედ ის დაგეხმარებათ მის შესრულებაში. მაგრამ საინტერესოა, როგორ? ისე, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში მოხდა. პირველი, იეჰოვა გარწმუნებთ: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). მეორე, ის გეუბნებათ, რომ მისი დაპირებები სანდოა: „მე ვთქვი და შევასრულებ. მე განვიზრახე და გავაკეთებ“ (ეს. 46:11). მესამე, იეჰოვა მსახურების შესასრულებლად გაძლევთ ძალას „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). მეოთხე, მზრუნველმა მამამ იზრუნა, რომ თქვენი დავალების შესასრულებლად გვერდში გყოლოდათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საერთაშორისო საძმო, რომლებიც განუგეშებენ და აღგაშენებენ (1 თეს. 5:11). როდესაც იგრძნობთ, რომ იეჰოვას ძალის წყალობით თავი გაართვით ამა თუ იმ დავალებას, ღვთისადმი რწმენა გაგიღრმავდებათ და მიხვდებით, რომ სხვადასხვა პატივი, რასაც ღვთისადმი მსახურებაში იღებთ, ნებისმიერ განძზე ძვირფასია.
მოსე „ჯილდოს ხედავდა“
14. რატომ არ ეპარებოდა მოსეს ეჭვი ჯილდოს მიღებაში?
14 როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, მოსე „ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:26). მართალია, მან დაწვრილებით არ იცოდა, თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში მოვლენები, მაგრამ არსებული ცოდნის საფუძველზე მოსე სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. თავისი წინაპრის, აბრაამის მსგავსად, მოსეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვას მკვდრების გაცოცხლება შეეძლო (ლუკ. 20:37, 38; ებრ. 11:17—19). მას გამუდმებით უტრიალებდა გონებაში მომავალი კურთხევები, რის გამოც ფუჭად არ თვლიდა ლტოლვილობასა და უდაბნოში გატარებულ 40-40 წელიწადს. მართალია, მოსემ ზედმიწევნით არ იცოდა ის, თუ როგორ შეასრულებდა ღმერთი თავის განზრახვებს, მაგრამ რწმენის თვალით ის უხილავ ჯილდოს ხედავდა.
15, 16. ა) რატომ უნდა ვხედავდეთ ჯილდოს? ბ) ყველაზე მეტად რას ელოდებით ღვთის მმართველობის დროს?
15 თქვენც ხედავთ ჯილდოს? მოსეს მსგავსად, ჩვენც არ ვიცით ზუსტად, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვებს. მაგალითად, ჩვენთვის უცნობია, როდის დაიწყება დიდი გასაჭირი (მარ. 13:32, 33). ფაქტია, ჩვენ მოსესგან განსხვავებით, სამოთხის შესახებ გაცილებით მეტი ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წვრილმანი არ ვიცით, იეჰოვამ საკმაოდ ბევრი რამ გაგვიმხილა და გაგვაგებინა, თუ როგორი ცხოვრება გვექნება, როცა ღვთის სამეფო იმმართველებს. ამიტომ უნდა ვხედავდეთ ჯილდოს. გონებაში ახალი ქვეყნიერების წარმოსახვა დაგეხმარებათ, უპირველესად ეძებოთ ღვთის სამეფო. საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მაგალითად, იყიდიდით სახლს, რომელზეც არანაირ ინფორმაციას არ ფლობთ? რა თქმა უნდა, არა! მსგავსად ამისა, ჩვენ არ გვსურს, ვიშრომოთ ბუნდოვანი მომავლისთვის. რწმენის თვალით ჩვენ აშკარად და ცხადად უნდა ვხედავდეთ ცხოვრებას, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობისას გველის!
რა ბედნიერები ვიქნებით, როცა მოსეს მსგავს ერთგულ ადამიანებთან მოგვიწევს საუბარი (იხილეთ მე-16 აბზაცი)
16 თუ გსურთ, გონებაში გააცოცხლოთ ღვთის სამეფო, თქვენი თავი სამოთხეში წარმოიდგინეთ. მიმართეთ წარმოსახვის უნარს. მაგალითად, როდესაც კითხულობთ ქრისტიანობამდელი ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებაზე, დაფიქრდით, რას ჰკითხავთ მათ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ან ისინი რას გკითხავენ ბოლო დღეებზე — რას საქმიანობდით და როგორ ცხოვრობდით. წარმოიდგინეთ, რა ამაღელვებელი იქნება სხვადასხვა საუკუნეში მცხოვრებ თქვენს წინაპრებთან შეხვედრა და მათთვის იმის სწავლება, თუ რა გააკეთა ღმერთმა მათ საკეთილდღეოდ. თუნდაც ის რამხელა სიხარულს მოგგვრით, როცა მშვიდობიან გარემოში დააკვირდებით გარეულ ცხოველებს და მეტს გაიგებთ მათ შესახებ. დაბოლოს, იმაზეც იფიქრეთ, რამხელა სიახლოვეს იგრძნობთ იეჰოვასთან, როდესაც გასრულყოფილების გზას დაადგებით!
17. რა მხრივ გვეხმარება უხილავი ჯილდოს გონებაში წარმოსახვა?
17 გონებაში უხილავი ჯილდოს ნათლად და ცხადად წარმოსახვა დაგვეხმარება, არ შევწყვიტოთ სვლა, არ დავკარგოთ სიხარული და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ გვაქვს მარადიული ცხოვრების იმედი. პავლემ ცხებულ ქრისტიანებს ასეთი რამ მისწერა: „თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მას მოთმინებით ველით“ (რომ. 8:25). ეს პრინციპი ყველა იმ ქრისტიანზე ვრცელდება, ვისაც მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. მართალია, ჯერ არ მიგვიღია ჯილდო, მაგრამ მისი იმდენად გვწამს, რომ კვლავაც მოთმინებით ველით მას. მოსეს მსგავსად, არც ჩვენ მივიჩნევთ ფუჭად იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს. უფრო მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:16—18).
18, 19. ა) რატომ გვმართებს მუდმივი ბრძოლა რწმენის შესანარჩუნებლად? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 რწმენის მეშვეობით ვხედავთ უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებას (ებრ. 11:1). მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულიერი ხედვა არ გააჩნიათ, არ ესმით, რაოდენ ძვირფასია იეჰოვას მსახურება. მათ სულიერი განძი „უგუნურებად მიაჩნიათ“ (1 კორ. 2:14). თუმცა ამ ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ მკვდრეთით აღდგომას. პავლეს დროს მცხოვრები ფილოსოფოსების მსგავსად, რომლებმაც მოციქული „მოლაყბედ“ შერაცხეს, დღესაც ადამიანები იმ იმედს, რის შესახებაც ვქადაგებთ, უაზრობად და სისულელედ თვლიან (საქ. 17:18).
19 და რაკიღა ასეთ უღვთო ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, მუდმივი ბრძოლა გვმართებს, რომ რწმენა შევინარჩუნოთ. ევედრეთ იეჰოვას, რომ „რწმენა არ გამოგელიოთ“ (ლუკ. 22:32). გონების თვალით დაინახეთ, თუ რა შედეგები მოჰყვება ცოდვას, რაოდენ ძვირფასი განძია იეჰოვას მსახურება და მარადიული სიცოცხლის იმედი! თუმცა მოსე რწმენის წყალობით ამ ყოველივეზე მეტს ხედავდა. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეძლო მოსემ რწმენის მეშვეობით მისი დანახვა, „ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27).
a ერთმა ბიბლეისტმა გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ღვთის სიტყვების შესახებ დაწერა: „ვერაფერი შეუშლის ხელს მისი ნების შესრულებას . . . სახელი [იეჰოვა] ისრაელისთვის უნდა ყოფილიყო სიმაგრე, იმედისა და ნუგეშის ულევი საცავი“.
-
-
ხედავთ „მას, ვინც უხილავია“?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
-
-
ხედავთ „მას, ვინც უხილავია“?
„ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27).
1, 2. ა) ახსენით, რატომ შეიძლება მოსე სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არ შეუშინდა მოსე ფარაონის რისხვას?
ფარაონი მრისხანე და შიშის მომგვრელი მმართველი იყო; ეგვიპტელები მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ეგვიპტელთა თვალში „ფარაონი სიბრძნითა და ძლიერებით ყველა ქმნილებას აღემატებოდა ცისქვეშეთში“ (When Egypt Ruled the East). ფარაონს ქვეშევრდომთა დაშინების მიზნით ედგა გვირგვინი, რომელზეც თავდასასხმელად გამზადებული კობრა იყო გამოსახული; ეს ფარაონის მტრებისთვის ერთგვარი შეხსენება იყო, რომ ფარაონი მათ არ დაინდობდა და დაუყოვნებლივ გაანადგურებდა. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა მოსე, როდესაც მას იეჰოვამ უთხრა: „ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი, ისრაელის ძეები“ (გამ. 3:10).
2 მოსე წავიდა ეგვიპტეში და ღვთის ცნობა აუწყა ფარაონს, რის გამოც მისი რისხვა დაიტეხა თავს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტის მიწას ღმერთმა ცხრა სასჯელი მოუვლინა, ფარაონმა მოსე გააფრთხილა: „მეტად აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მოკვდები“ (გამ. 10:28). ვიდრე მოსე ფარაონისგან წამოვიდოდა, უწინასწარმეტყველა, რომ მისი პირმშო მოკვდებოდა (გამ. 11:4—8). ბოლოს მოსემ ისრაელებს მითითება მისცა, რომ თითოეულ ოჯახს დაეკლა ცხვარი ან თხა და ეპკურებინათ მათი სისხლი კარისთავებისთვის; ეგვიპტელთა ღმერთ რასთვის ეს წმინდა ცხოველები იყო (გამ. 12:5—7). საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ფარაონს? მოსე ამას არ შეუშინებია. რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ მოსეს რწმენა ჰქონდა და დაემორჩილა იეჰოვას; ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მოსე] მეფის რისხვას [არ] შეუშინდა; ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:27, 28).
3. რა კითხვებს განვიხილავთ მოსეს რწმენასთან დაკავშირებით?
3 გაქვთ ისეთი ძლიერი რწმენა, რომ „ღვთის დანახვა“ შეძლოთ? (მათ. 5:8). თუ გვსურს, რომ სულიერი მხედველობა გავიუმჯობესოთ, რათა დავინახოთ ის, „ვინც უხილავია“, მოდი, მოსეს მაგალითი განვიხილოთ და ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: როგორ დაიცვა რწმენამ მოსე, რომ ადამიანის შიში არ დაუფლებოდა? რა მხრივ გამოავლინა მან ღვთის დაპირებებისადმი რწმენა? როგორ დაეხმარა მოსეს მისი დანახვა, „ვინც უხილავია“, იმ დროს, როცა ის და მისი ხალხი გასაჭირში იყვნენ?
მოსე ფარაონის რისხვას არ შეუშინდა
4. ადამიანური თვალსაზრისით, რამდენად ჩამოუვარდებოდა მოსეს მდგომარეობა ფარაონისას?
4 ადამიანური თვალსაზრისით მოსე ფარაონს ვერაფრით უტოლდებოდა. ერთი შეხედვით, მოსეს სიცოცხლე, მისი კეთილდღეობა და მომავალი ფარაონის ხელთ იყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ ჰკითხა ღმერთს მოსემ: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელის ძეები გამოვიყვანო?!“ (გამ. 3:11). დაახლოებით 40 წლით ადრე მოსე ეგვიპტიდან გაიქცა. აქედან გამომდინარე, მას შესაძლოა ასეთი რამ ეფიქრა: „რამდენად გონივრულია ახლა ეგვიპტეში დაბრუნება და ფარაონის განრისხება?“.
5, 6. რა დაეხმარა მოსეს, იეჰოვას შიში ჰქონოდა და არა ფარაონის?
5 ეგვიპტეში დაბრუნებამდე ღმერთმა მოსეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ასწავლა; მოგვიანებით მან „იობის“ წიგნში ჩაწერა ეს პრინციპი: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე“ (იობ. 28:28). იმისათვის, რომ მოსეს ამგვარი შიში ჰქონოდა და ბრძნულად ემოქმედა, იეჰოვამ მას დაანახვა, თუ რა სხვაობა იყო ადამიანსა და ყოვლისშემძლე ღმერთს შორის; ღმერთმა მას ასეთი რამ უთხრა: „ვინ მისცა კაცს ბაგე და ვინ ხდის ადამიანს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას? განა მე არა, იეჰოვა?!“ (გამ. 4:11).
6 რა უნდა ესწავლა მოსეს ამ სიტყვებიდან? ის, რომ არ ჰქონოდა შიში. მას გზავნიდა იეჰოვა, რომელიც ყველაფერს მისცემდა საიმისოდ, რომ ფარაონისთვის გადაეცა ღვთის ცნობა. ამას გარდა, ფარაონი ვერაფრით უტოლდებოდა იეჰოვას. უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ღვთის ხალხი ეგვიპტელთა მმართველობისას საფრთხეში აღმოჩნდა. მოსეს ალბათ ისიც ეხსომებოდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ აბრაამი, იოსები და თავად იგიც არაერთი ფარაონის ხელიდან (დაბ. 12:17—19; 41:14, 39—41; გამ. 1:22—2:10). იეჰოვასადმი ანუ მისადმი რწმენით, „ვინც უხილავია“, მოსე გაბედულად წარდგა ფარაონის წინაშე და მას იეჰოვას თითოეული სიტყვა აუწყა.
7. როგორ დაიცვა ერთი ჩვენი და იეჰოვასადმი რწმენამ?
7 იეჰოვასადმი ამგვარმა რწმენამ ჩვენი და, ელაც, დაიცვა კაცთმოშიშებისგან. 1949 წელს იგი ესტონეთში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა. ელა გააშიშვლეს და ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლების დასაცინი გახადეს. ელა იხსენებს: „ძალიან დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, როცა იეჰოვას მივმართე ლოცვით, გულში სიმშვიდემ დაისადგურა“. ამის შემდეგ ელა სამი დღით კარცერში გადაიყვანეს. ის ამბობს: «პოლიციელები მიყვიროდნენ და იმუქრებოდნენ: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იეჰოვას სახელის ხსენებაც კი აღარ იყოს ესტონეთში. შენ ბანაკში გაგიშვებთ, სხვებს კი ციმბირში გადავასახლებთ“. მათ გესლიანად გამოსცრეს კბილებში: „სად არის შენი იეჰოვა?“». როგორ მოიქცეოდა ელა, ადამიანების შეეშინდებოდა, თუ ღმერთს მიენდობოდა? როდესაც იგი დაკითხვაზე გაიყვანეს, მან უშიშრად უთხრა დამცინავებს: „მე კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე; მირჩევნია, ციხეში ვიჯდე და იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, ვიდრე თავისუფალი ვიყო და მისი კეთილგანწყობა დავკარგო“. დიახ, ელასთვის იეჰოვა რეალური პიროვნება იყო; ისეთივე რეალური, როგორც მის წინ მდგომი ადამიანი. დიდმა რწმენამ მას ერთგულება შეანარჩუნებინა.
8, 9. ა) რა შემთხვევაში გადალახავთ ადამიანურ შიშს? ბ) თუ გრძნობთ, რომ ადამიანური შიში გიპყრობთ, ვისზე უნდა გადაიტანოთ მთელი ყურადღება?
8 იეჰოვასადმი რწმენა თქვენც დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში. თუ მთავრობის წარმომადგენლები შეეცდებიან, შეგიზღუდონ ღვთის თაყვანისცემის უფლება, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, რომ თქვენი სიცოცხლე, კეთილდღეობა და მომავალი მათ ხელთაა. შესაძლოა ისიც კი იფიქროთ, არის თუ არა გონივრული იეჰოვას მსახურების გაგრძელება და ხელისუფლების წარმომადგენელთა განრისხება. დაიხსომეთ: ღვთის რწმენა გადაგალახვინებთ ადამიანურ შიშს (წაიკითხეთ იგავების 29:25). იეჰოვა ღმერთმა თავის სიტყვაში ასეთი გამამხნევებელი კითხვა ჩაგვიწერა: „ვინა ხარ, რომ გეშინოდეს მოკვდავი ადამიანისა, რომელიც მოკვდება, და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით იქნება?!“ (ეს. 51:12, 13).
9 მთელი ყურადღება ყოვლისშემძლე ზეციერ მამაზე გადაიტანეთ. ის ხედავს უსამართლო მმართველების მხრიდან შეჭირვებულთ, თანაუგრძნობს მათ და ეხმარება (გამ. 3:7—10). მაშინაც კი, როცა თქვენი რწმენის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებთან მოგიწევთ საუბარი, „ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ“ (მათ. 10:18—20). მმართველები და მთავრობის წარმომადგენლები ვერასოდეს გაუტოლდებიან იეჰოვას. თუ დღესვე განიმტკიცებთ რწმენას, თქვენ დაინახავთ იეჰოვას, როგორც რეალურ პიროვნებას, რომელსაც ძალიან სურს, რომ დაგეხმაროთ.
მან ირწმუნა ღვთის დაპირებები
10. ა) რა მითითება მისცა იეჰოვამ ისრაელებს ძვ. წ. 1513 წელს ნისანის თვეში? ბ) რატომ დაემორჩილა მოსე ღვთის მითითებებს?
10 ძვ. წ. 1513 წელს ნისანის თვეში იეჰოვამ მოსესა და აარონს ისრაელებისთვის შემდეგი მითითების გადაცემა დაავალა: მათ უნდა აერჩიათ ჯანსაღი ცხვარი ან თხა, დაეკლათ ის და სისხლი კარისთავებისთვის ეპკურებინათ (გამ. 12:3—7). როგორ შეასრულა მოსემ ეს დავალება? მოგვიანებით მის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „რწმენით მან პასექი და სისხლის პკურება მოაწყო, რათა შემმუსვრელი მათ პირმშოებს არ შეხებოდა“ (ებრ. 11:28). მოსე ენდობოდა იეჰოვას; მას სწამდა, რომ იეჰოვა თავის დაპირებას აღასრულებდა და ეგვიპტელთა პირმშოებს მოკლავდა.
11. რატომ გააფრთხილა მოსემ ისრაელები?
11 როგორც ჩანს, ამ დროს მოსეს ვაჟები მიდიანში, „შემმუსვრელისგან“a შორს იყვნენ (გამ. 18:1—6). ამის მიუხედავად, მან ღვთის მითითება გადასცა ისრაელთა ოჯახებს, რომელთა ვაჟების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მას უყვარდა თავისი თანამოძმეები. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მაშინვე მოუხმო მოსემ ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „ . . . დაკალით საპასექო მსხვერპლი“» (გამ. 12:21).
12. რა მნიშვნელოვან ცნობას ვამცნობთ ღვთის დავალებით?
12 დღეს იეჰოვას ხალხი ანგელოზების ხელმძღვანელობით აუწყებს ამ მნიშვნელოვან ცნობას: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხ. 14:7). დიახ, სწორედ რომ ახლაა ამ ცნობის ქადაგების დრო! ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ მოყვასი, რომ გამოვიდნენ დიდი ბაბილონიდან და არ მიიღონ „მისი წყლულები“ (გამოცხ. 18:4). „სხვა ცხვარი“ ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ეხვეწება ღვთისგან გაუცხოებულ ხალხს, რომ შეურიგდნენ ღმერთს (იოან. 10:16; 2 კორ. 5:20).
იეჰოვას დაპირებებისადმი ნდობა უფრო გაგიძლიერებთ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილს (იხილეთ მე-13 აბზაცი)
13. რა გაგიძლიერებთ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილს?
13 დარწმუნებულნი ვართ, რომ ნამდვილად მოვიდა „სასამართლოს საათი“. ჩვენ აგრეთვე დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ იეჰოვა სწორად აფასებს სიტუაციას და ნამდვილად დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა „დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი“ (გამოცხ. 7:1). ხედავთ რწმენის თვალით ანგელოზებს, რომლებიც მზად არიან, ხელი გაუშვან დიდი გასაჭირის გამანადგურებელ ქარებს, რომლებიც ქვეყნიერებას დაატყდება? თუ დიახ, მაშინ ეს დაგეხმარებათ, რომ სასიხარულო ცნობა უფრო დამაჯერებლად იქადაგოთ.
14. რა აღგვძრავს, რომ „გავაფრთხილოთ ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან“?
14 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დღესვე დიდი სიხარული მოაქვს იეჰოვასთან მეგობრობასა და მარადიული სიცოცხლის იმედს. თუმცა ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და კარგად გვესმის, რომ უნდა „გავაფრთხილოთ ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, რათა ცოცხალი დარჩეს“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 3:17—19). რა თქმა უნდა, ამ საქმეს იმიტომ არ ვასრულებთ, რომ სისხლის ღვრაში დამნაშავენი არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ამას იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული გვაკეთებინებს. იესომ კეთილი სამარიელის იგავში ძალიან კარგად გაუსვა ხაზი იმას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულმოწყალება. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვმართებს შემდეგ კითხვაზე დაფიქრება: „ამ სამარიელის მსგავსად მეც მეწვება გული ხალხზე და მინდა, რომ მათ ვუქადაგო?“. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ იესოს იგავში მოხსენიებულ მღვდელს ან ლევიანს დავემსგავსოთ, თავი საპატიო მიზეზებით ვიმართლოთ და „გზის მეორე მხარეს გადავიდეთ“ (ლუკ. 10:25—37). ღვთის დაპირებებისადმი რწმენა და მოყვასის სიყვარული იმის სტიმულს მოგვცემს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ქადაგების საქმეში, ვიდრე დრო ჯერ კიდევ გვაქვს.
„მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს“
15. რატომ ფიქრობდნენ ისრაელები, რომ თითქოს მახეში იყვნენ გაბმულნი?
15 მოსეს უხილავი ღვთისადმი რწმენა მაშინაც დაეხმარა, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელები საფრთხეში იყვნენ. ბიბლია გვატყობინებს: „გაიხედეს ისრაელის ძეებმა და დაინახეს, რომ მისდევდნენ ეგვიპტელები. შეეშინდათ ისრაელის ძეებს და შეღაღადეს იეჰოვას“ (გამ. 14:10—12). მაგრამ ჩნდება კითხვა: იცოდნენ ისრაელებმა, რომ ამგვარ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ? დიახ, მათ იცოდნენ, რადგან იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „დავუშვებ, რომ გაუჯიუტდეს ფარაონს გული და დაედევნება მათ, მე კი დავამარცხებ ფარაონსა და მთელ მის ჯარს და დიდებას მოვიხვეჭ; და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა“ (გამ. 14:4). ამის მიუხედავად, ისრაელები მაინც ადამიანური გადასახედიდან უყურებდნენ შექმნილ ვითარებას; ისინი ხედავდნენ, რომ წინამძღოლად 80 წლის მწყემსი ჰყავდათ, წინ წითელი ზღვა ედოთ, უკან კი ფარაონის სწრაფმავალი საომარი ეტლები მოსდევდათ. ამიტომ მათ ისეთი განცდა დაეუფლათ, რომ თითქოს მახეში იყვნენ გაბმულნი.
16. როგორ გააძლიერა რწმენამ მოსე წითელ ზღვასთან?
16 სამაგიეროდ, მოსე არ შემდრკალა. მიზეზი ის იყო, რომ ის რწმენის თვალებით ხედავდა წითელ ზღვასა და ფარაონის ჯარზე ბევრად უფრო აღმატებულსა და ძლიერს. მოსე ხედავდა, „იეჰოვასგან ხსნას“ და კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ისრაელებისთვის იბრძოლებდა (წაიკითხეთ გამოსვლის 14:13, 14). მისმა რწმენამ ღვთის ხალხი განამტკიცა. ბიბლია გვაუწყებს: „რწმენით მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს; ეგვიპტელებმაც დააპირეს, მაგრამ შთაინთქნენ“ (ებრ. 11:29). ამ ყოველივეს შემდეგ „შეეშინდა ხალხს იეჰოვასი და ირწმუნეს იეჰოვა და მოსე, მისი მსახური“ (გამ. 14:31).
17. რა მოვლენა გამოცდის ჩვენს რწმენას?
17 მალე, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. დიდი გასაჭირის კულმინაციურ ეტაპამდე მთავრობების მიერ განადგურებული იქნება ჩვენზე ბევრად დიდი და გავლენიანი რელიგიები (გამოცხ. 17:16). იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენ ისეთივე დაუცველნი ვიქნებით, როგორც „უგალავნო გაშლილი დაბა . . . რომელსაც არც ურდულები აქვს და არც კარები“ (ეზეკ. 38:10—12, 14—16). ადამიანური თვალსაზრისით ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა წარმოუდგენელი იქნება. თქვენ როგორი რეაქცია გექნებათ მაშინ?
18. ახსენით, რატომ შეგვიძლია მტკიცედ დგომა დიდი გასაჭირის დროს?
18 ჩვენ შიშმა არ უნდა მოგვიცვას. იმიტომ, რომ იეჰოვამ თავის ხალხზე თავდასხმის შესახებ იწინასწარმეტყველა. მან ისიც იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს თავდასხმა: „იმ დღეს, როცა გოგი მივა ისრაელის მიწაზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში. რისხვითა და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ“ (ეზეკ. 38:18—23). ამის შემდეგ ღმერთი გაანადგურებს ყველას, ვისაც იეჰოვას ხალხისთვის ზიანის მიყენება სურდა. იმის რწმენა, თუ როგორ დასრულდება „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“, დაგეხმარებათ, იხილოთ „იეჰოვასგან ხსნა“ და ბოლომდე უერთგულოთ მას (იოელ. 2:31, 32).
19. ა) რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვასა და მოსეს? ბ) თუ „ყველა . . . [ჩვენს] გზაზე“ გავითვალისწინებთ იეჰოვას აზრს, შედეგად რა კურთხევას მოვიმკით?
19 ასე რომ, დღესვე მოემზადეთ ამ ამაღელვებელი მოვლენებისთვის და იყავით მტკიცენი, „თითქოს ხედავთ მას, ვინც უხილავია“! გაიღრმავეთ იეჰოვასთან მეგობრობა რეგულარული შესწავლისა და ლოცვის მეშვეობით. მოსეს ღმერთთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და იმდენად საუკეთესოდ გამოიყენა ის ღმერთმა, რომ ბიბლიაში ვკითხულობთ: „პირისპირ იცნობდა [მოსეს] იეჰოვა“ (კან. 34:10). მოსე განსაკუთრებული წინასწარმეტყველი იყო. თუმცა, თუ რწმენას გამოავლენთ, თქვენც დაუახლოვდებით იეჰოვას და შეძლებთ მის „დანახვას“. თუ „ყველა . . . [ჩვენს] გზაზე“ იეჰოვას აზრს გავითვალისწინებთ, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, „ის გაგვისწორებს სავალს“ (იგავ. 3:6).
a როგორც ჩანს, იეჰოვამ ეგვიპტეში განაჩენის აღსასრულებლად ანგელოზები გაგზავნა (ფსალმ. 78:49—51).
-