-
„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 4
„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
1, 2. ა) აღწერეთ, როგორ მიუყვებიან რუთი და ნაომი ისრაელისკენ მიმავალ გზას და რა კაეშანი აწევთ გულზე. ბ) რით განსხვავდებოდა რუთის მდგომარეობა ნაომის მდგომარეობისგან?
რუთი და ნაომი მიუყვებიან გზას, რომელიც მოაბის ტრამალებზე მიიკლაკნება, სადაც გამუდმებით დათარეშობს ქარი. ამ უკიდეგანო მინდვრებში ისინი წერტილებივით მოჩანან. მზე ჩასვლას აპირებს. რუთი შეჰყურებს დედამთილს და ფიქრობს, რომ, ალბათ, უკვე დროა, ღამის გასათევი ადგილი ეძებონ. მას ძალიან უყვარს ნაომი და სურს, მასზე იზრუნოს.
2 ორივე ქალი გულმოკლულია. უკვე კარგა ხანია, რაც ნაომის ქმარი მოუკვდა. თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა შვილებიც, ქილიონი და მახლონიც, გამოეცალნენ ხელიდან. რუთიც დარდსა და კაეშანს ატარებს გულით, რადგან თავის ქმარს, მახლონს დასტირის. ახლა ისინი ისრაელისკენ, ბეთლემისკენ მიმავალ გზას ადგანან. ნაომიმ კი იცის, რომ სამშობლოში მიდის, მაგრამ რუთმა, რომელმაც მშობლიური მხარე, ოჯახი და თავისი ღმერთები დატოვა, არ იცის, წინ რა ელის (წაიკითხეთ რუთის 1:3—6).
3. რომელ კითხვებზე პასუხის გაგება დაგვეხმარება, მივბაძოთ რუთს?
3 რატომ მიიღო ამ ახალგაზრდა ქალმა ასეთი გადაწყვეტილება? როგორ შეეგუება რუთი სრულიად ახალ გარემოს და როგორ შეძლებს ნაომიზე ზრუნვას? ამ კითხვებზე პასუხის გაგება უკეთ დაგვანახებს, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა მოაბელ რუთს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „მინიატურული შედევრი“). თავდაპირველად გავიგოთ, რატომ დაადგა ეს ორი ქალი ბეთლემისკენ მიმავალ გზას.
დაქვრივებული ქალები
4, 5. ა) რატომ გადაიხიზნენ ნაომი და მისი ოჯახის წევრები მოაბში? ბ) რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ნაომი მოაბში?
4 რუთი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქვეყანაში, მოაბში გაიზარდა. ეს მხარე, ძირითადად, მთაგორიანი, მეჩხერი ტყეებით დაფარული და ხევ-ხუვებით დასერილია. მოაბის მიწა ხშირად უხვ ნაყოფს იძლეოდა. კარგი მოსავალი იქ მაშინაც მოვიდა, როცა ისრაელში შიმშილობა მძვინვარებდა. სწორედ ამ დროს გაიცნო რუთმა მახლონი და მისი ოჯახის წევრები (რუთ. 1:1).
5 როგორც ჩანს, ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო წაიყვანა ნაომის ქმარმა, ელიმელექმა, ცოლ-შვილი მოაბის ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში გადახიზვნა უსათუოდ შეუქმნიდა პრობლემებს ოჯახის თითოეულ წევრს, რადგან ისრაელებს მოეთხოვებოდათ, იეჰოვასთვის წმინდა ადგილზე ეცათ თაყვანი (კან. 16:16, 17). ნაომის არ დაუკარგავს რწმენა. სწორედ რწმენამ გადაატანინა ქმრის სიკვდილი (რუთ. 1:2, 3).
6, 7. ა) რატომ შეიძლებოდა ნაომის განეცადა, როცა მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად? ბ) როგორ ექცეოდა ნაომი რძლებს და რატომ არის შესაქები მისი საქციელი?
6 ნაომი, ალბათ, მაშინაც ინერვიულებდა, როცა მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად (რუთ. 1:4). მას ეცოდინებოდა, რომ მისმა დიდმა წინაპარმა, აბრაამმა შორიდან, თავისი ხალხიდან, მოაყვანინა ისაკს ცოლად იეჰოვას თაყვანისმცემელი ქალი (დაბ. 24:3, 4). მოგვიანებით, მოსეს კანონი აფრთხილებდა ისრაელებს, რომ არ მიეთხოვებინათ თავიანთი ასულები უცხოტომელებისთვის და არც მათ ვაჟებს მოეყვანათ მათგან ცოლები, რადგან ისინი ღვთის ხალხს კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრევდნენ (კან. 7:3, 4).
7 მიუხედავად ამისა, მახლონმა და ქილიონმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად. რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ყოფილიყო ნაომი ამის გამო, მან გადაწყვიტა, თავის რძლებს, რუთსა და ორფას, კარგად მოქცეოდა. ალბათ, ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდებოდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, რუთსაც და ორფასაც შეუყვარდათ დედამთილი. სწორედ ასეთი თბილი ურთიერთობა დაეხმარა მათ მაშინ, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. თუმცა, ორივე ისე დაქვრივდა, რომ შვილები არ ჰყოლიათ (რუთ. 1:5).
8. რამ შეიძლება შეაყვარა რუთს იეჰოვა?
8 დაეხმარა რუთს თავისი რელიგია ამ ტრაგედიის გადატანაში? როგორც ჩანს, არა. მოაბელები უამრავ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, რომელთა შორის მთავარი იყო ქემოში (რიცხ. 21:29). მოაბელების რელიგიისთვის უცხო არ იყო სისასტიკე, მათ შორის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ალბათ, რუთი ძალიან დიდ სხვაობას დაინახავდა თავის ღვთაებებსა და მოსიყვარულე და მოწყალე ისრაელის ღმერთ იეჰოვას შორის, რომლის შესახებაც არაერთხელ სმენოდა მახლონისგან ან ნაომისგან. იეჰოვა შიშის ზარს კი არ სცემდა თავის ხალხს, არამედ სიყვარულით ეპყრობოდა (წაიკითხეთ კანონის 6:5). დაქვრივებული და სასოწარკვეთილი რუთი შეიძლება კიდევ უფრო მიეჯაჭვა ნაომის და, ალბათ, მთელი გულისყურით უსმენდა ამ ხანდაზმულ ქალს, როდესაც ის ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, საოცარ საქმეებზე, იმ დიდ სიყვარულსა და წყალობაზე ესაუბრებოდა, რომელსაც ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ავლენდა.
რუთმა მგლოვიარე დედამთილი გასაჭირში არ მიატოვა
9—11. ა) რა გადაწყვეტილება მიიღეს ნაომიმ, რუთმა და ორფამ? ბ) რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც ნაომის, რუთსა და ორფას შეემთხვათ?
9 ნაომის ძალიან სურდა, რაიმე ცნობა მიეღო სამშობლოდან. ერთხელაც მან, როგორც ჩანს, ვაჭრებისგან შეიტყო, რომ ისრაელში შიმშილობა აღარ იყო. იეჰოვას კვლავ მოწყალების თვალით გადმოეხედა თავისი ხალხისთვის. ბეთლემი, რომელიც „პურის სახლს“ ნიშნავს, ისევ ამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას. ნაომიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა (რუთ. 1:6).
10 როგორ მოიქცეოდნენ რუთი და ორფა? (რუთ. 1:7). საერთო საწუხარმა რძლები დედამთილთან კიდევ უფრო დააახლოვა. როგორც ჩანს, განსაკუთრებით რუთი მოიხიბლა ნაომის სიკეთითა და იეჰოვას მიმართ გამოვლენილი ძლიერი რწმენით. სამი ქვრივი იუდასკენ მიმავალ გზას დაადგა.
11 წიგნი „რუთი“ შეგვახსენებს, რომ ტრაგედიისგან არც კეთილი ადამიანები არიან დაზღვეული (ეკლ. 9:2, 11). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როცა ენით აუწერელი უბედურება გვატყდება თავს, კარგია, თუ განსაკუთრებით მათგან მივიღებთ ნუგეშს, ვისთვისაც თავშესაფარი იეჰოვა ღმერთია, რომელსაც ნაომი სცემდა თაყვანს (იგავ. 17:17).
ერთგული და მოსიყვარულე რძალი
12, 13. რატომ უნდოდა ნაომის, რომ რუთი და ორფა სახლში დაბრუნებულიყვნენ, და თავიდან რა რეაქცია ჰქონდათ ამ ახალგაზრდა ქალებს?
12 იუდასკენ მიმავალ ნაომის კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა. ის წუხდა ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც მის გვერდით მიაბიჯებდნენ და ასეთ დიდ სიყვარულს ავლენდნენ მისი და მისი ვაჟების მიმართ. ნაომის არ უნდოდა, ისედაც სულგამწარებული ქალების ცხოვრება კიდევ უფრო დაემძიმებინა. თუ ისინი თავიანთ ქვეყანას დატოვებდნენ და ნაომისთან ერთად წავიდოდნენ, რის გაკეთებას შეძლებდა დედამთილი მათთვის ბეთლემში?
13 ბოლოს ნაომიმ უთხრა მათ: „წადით, დაბრუნდით თქვენს დედებთან, სახლში. იეჰოვამ გამოავლინოს სიკეთე თქვენ მიმართ, როგორც თქვენ გამოავლინეთ გარდაცვლილებისა და ჩემ მიმართ“. მან აგრეთვე დააიმედა, რომ იეჰოვას წყალობით ისინი კვლავ გათხოვდებოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შემდეგ აკოცა მათ, ისინი კი ხმამაღლა ატირდნენ“. გასაკვირი არ არის, რატომ უყვარდათ ასე ძალიან ეს გულკეთილი და უანგარო ქალი რუთსა და ორფას. ორივე დაჟინებით ემუდარებოდა მას: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“ (რუთ. 1:8—10).
14, 15. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო ორფამ? ბ) როგორ ცდილობდა ნაომი რუთის დარწმუნებას, რომ დაეტოვებინა ის?
14 თუმცა, ადვილი არ იყო ნაომის გადარწმუნება. იგი არწმუნებდა რძლებს, რომ ისრაელში ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან აღარ ჰყავდა ქმარი და აღარც ვაჟები ეყოლებოდა, რომლებსაც მისთხოვდებოდნენ, და არც არაფერი ებადა. მას არ უნდოდა, რძლებს ტვირთად დასწოლოდა. ორფას ჭკუაში დაუჯდა ნაომის სიტყვები. მას მოაბში ჰყავდა დედა, რომელიც ელოდებოდა. მისთვის, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იყო, მოაბში დარჩენილიყო. ორფა დამწუხრებული ეამბორა ნაომის, დაემშვიდობა და უკან გაბრუნდა (რუთ. 1:11—14).
15 როგორ მოიქცა რუთი? ნაომი მასაც იმავეს ეუბნებოდა, მაგრამ ნახეთ, რას ვკითხულობთ ბიბლიაში: „რუთი ჩაეკრა მას“. ალბათ, ნაომი კვლავ გაუდგა გზას, მაგრამ შეამჩნევდა, რომ რუთი უკან მიჰყვებოდა. მან უთხრა: „ნახე, დაუბრუნდა შენი ქვრივი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს! შენც დაბრუნდი შენს ქვრივ რძალთან ერთად“ (რუთ. 1:15). მკითხველისთვის ნაომის ეს სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა. როგორც ნაომის სიტყვებიდან ჩანს, ორფა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ თავის ღმერთებსაც დაუბრუნდა. ის თანახმა იყო, კვლავ ეცა თაყვანი ქემოშისა და სხვა ცრუ ღვთაებებისთვის. რუთიც ასე ფიქრობდა?
16—18. ა) როგორ გამოავლინა რუთმა ნამდვილი სიყვარული? ბ) რას ვსწავლობთ რუთის მაგალითიდან? (იხილეთ ამ ორი ქალის სურათი).
16 რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნაომის გაჰყოლოდა. მას მთელი გულით უყვარდა ნაომი და მისი ღმერთი. ამიტომ ასეთი რამ უთხრა: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (რუთ. 1:16, 17).
„შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“
17 რუთის სიტყვები იმდენად შთამბეჭდავია, რომ 3 000 წლის გასვლის შემდეგაც კი აღფრთოვანებაში მოჰყავს მკითხველი! მისი სიტყვებიდან ჩანს, რაოდენ დიდი სიყვარული და ერთგულება გამოავლინა ამ ქალმა. ისე ძლიერ უყვარდა რუთს ნაომი და იმდენად ერთგული იყო მისი, რომ მზად იყო, ყველგან გაჰყოლოდა. მათ მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდა. ნაომის ხალხი მისი ხალხი გახდებოდა, რადგან რუთი მზად იყო, დაეტოვებინა ყველაფერი, რაც კი მოაბთან აკავშირებდა, მათ შორის მოაბელთა ღვთაებები. ორფასგან განსხვავებით, რუთს მთელი გულით სურდა, ნაომის ღმერთი, იეჰოვა, მისი ღმერთიც გამხდარიყო.a
18 ახლა ორნიღა მიუყვებოდნენ ბეთლემისკენ მიმავალ გზას. სავარაუდოდ, მათ ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდათ, იქამდე რომ მიეღწიათ. რასაკვირველია, ისინი გზაში ერთმანეთს ანუგეშებდნენ.
19. როგორ შეგვიძლია ისეთივე თვისება გამოვავლინოთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კრების წევრებთან ურთიერთობისას, როგორსაც რუთი ავლენდა?
19 დღეს ბევრს ატყდება თავს უბედურება. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ხელიდან გამოეცალოს საყვარელი ადამიანი (2 ტიმ. 3:1). ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთივე თვისებას ვავლენდეთ, როგორსაც რუთი ავლენდა. ურყევი სიყვარული — გრძნობა, რომელიც ერთ ადამიანს მეორეს მიაჯაჭვებს — ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში სიკეთის კეთებისკენ აღმძვრელი ძლიერი ძალაა. ასეთი სიყვარული უნდა გამოვავლინოთ მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების, მეგობრებისა თუ თანამორწმუნეების მიმართ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8, 20). როდესაც ასეთ სიყვარულს ვავლენთ, რუთს ვბაძავთ.
ცხოვრება ბეთლემში
20—22. ა) რა კვალი დააჩნია ნაომის მოაბში გატარებულმა წლებმა? ბ) ვის ადანაშაულებდა ნაომი თავის უბედურებაში? (წაიკითხეთ აგრეთვე იაკობის 1:13).
20 ერთია, თქვა, რომ გიყვარს და ერთგული ხარ, და მეორეა, ეს საქმით დაამტკიცო. რუთს შესაძლებლობა მიეცა, ურყევი სიყვარული გამოევლინა არა მხოლოდ ნაომის, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც, რომელსაც თავისი ღმერთი უწოდა.
21 რძალ-დედამთილმა, როგორც იქნა, მიაღწია სოფელ ბეთლემამდე, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობდა. როგორც ჩანს, ნაომისა და მის ოჯახს სოფელში კარგად იცნობდნენ, რადგან ყველა მის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. ერთმა ქალმა ნაომიზე თქვა: „ეს ნაომია?“ მოაბში გატარებულმა წლებმა მასზე თავისი კვალი დააჩნია. მას სახეზე აღბეჭდვოდა ჭირ-ვარამი, რომელიც მოაბში გამოევლო (რუთ. 1:19).
22 ნაომიმ ნათესავებსა და მეზობლებს მოუყვა, რამხელა სიმწარე ნახა. მან ისიც კი უთხრა მათ, რომ ნაომი („ჩემი სიამოვნება“) კი არა, მარა („მწარე“) დაეძახათ მისთვის. ამ საცოდავ ქალს, იობის მსგავსად, ეგონა, რომ იეჰოვა ღმერთმა დაატეხა თავს უბედურება (რუთ. 1:20, 21; იობ. 2:10; 13:24—26).
23. რაზე დაიწყო რუთმა ფიქრი და რას ითვალისწინებდა მოსეს კანონი ღარიბებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)
23 როდესაც ისინი ბეთლემში დასახლდნენ, რუთმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რით უნდა ერჩინა საკუთარი თავი და დედამთილი. მან გაიგო, რომ კანონის თანახმად, იეჰოვას ხალხს უნდა ეზრუნა ღატაკებზე. ღარიბებს უფლება ჰქონდათ, მკის დროს ყანებში წასულიყვნენ, მომკელებს ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ, დაცვენილი აეკრიფათ და ყანების ნაპირებში დარჩენილი მოსავალიც მოემკათ (ლევ. 19:9, 10; კან. 24:19—21).b
24, 25. როგორ მოიქცა რუთი, როცა ბოაზის ყანას მიადგა და როგორ ხდებოდა დაცვენილი თავთავების აკრეფა?
24 როცა ქერის მკის დრო დადგა, რომელიც დღევანდელი კალენდრის მიხედვით, აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო, რუთი ყანაში წავიდა იმის გასაგებად, თუ ვინ მისცემდა ყანაში დაცვენილის აკრეფის უფლებას. ის მიადგა ერთი მდიდარი მიწათმფლობელის, ბოაზის, ყანას, რომელიც ნაომის ქმრის, ელიმელექის, ნათესავი იყო. მართალია, კანონი აძლევდა მას დაცვენილის აკრეფის უფლებას, მაგრამ ყანაში მომუშავე ერთ ახალგაზრდა კაცს ნებართვა მაინც სთხოვა. მან ამის ნება დართო რუთს და ისიც საქმეს შეუდგა (რუთ. 1:22—2:3, 7).
25 წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყვება რუთი მომკელებს. როცა ისინი ქერს ნამგლით მკიან, ის ჩერდება და დაცვენილ თავთავებს კრეფს. როდესაც მომკელები თავთავებს ძნებად კრავენ და კალოზე გასალეწად მიაქვთ, რუთს იქიდანაც შეუძლია მარცვლის აკრეფა. ეს ძალიან დამქანცველი საქმე იყო, რადგან მკა დილაუთენია იწყებოდა. მაგრამ რუთი მუხლჩაუხრელად მუშაობდა; ის მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როდესაც შუბლიდან ოფლს იწმენდდა და მუშებისთვის გაკეთებულ საჩრდილობელში წაიხემსებდა ხოლმე.
რუთი მზად იყო, მძიმედ ეშრომა, საკუთარი თავი და დედამთილი რომ ერჩინა
26, 27. როგორი პიროვნება იყო ბოაზი და როგორ მოექცა ის რუთს?
26 რუთს არ ეგონა, რომ ვინმე მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენია ბოაზს, ძლიერი რწმენის მქონე კაცს. მან დაინახა ეს ახალგაზრდა ქალი და იკითხა, ვინ იყო. ბოაზი მიესალმა თავის მუშებს, რომელთა შორის ზოგი უცხოტომელიც იყო. მან ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „იეჰოვა შეგეწიოთ“. მათაც იგივე მიუგეს ბოაზს. ამ ღვთისმოშიშმა მამაკაცმა მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა რუთის მიმართ (რუთ. 2:4—7).
27 ბოაზმა, რომელმაც რუთს შვილოთი მიმართა, ურჩია, რომ ყოველთვის მის ყანაში მისულიყო მარცვლის ასაკრეფად და ახლოს ყოფილიყო მოსამსახურე ქალებთან, რათა ახალგაზრდა კაცებს თავი არ მოებეზრებინათ მისთვის. მან იმაზეც იზრუნა, რომ რუთს სადილიც ჰქონოდა (წაიკითხეთ რუთის 2:8, 9, 14). უფრო მეტიც, იგი აქებდა რუთს და ამხნევებდა.
28, 29. ა) როგორი სახელი ჰქონდა რუთს? ბ) როგორ შეგიძლიათ რუთივით იეჰოვასთან პოვოთ თავშესაფარი?
28 როდესაც რუთმა ბოაზს ჰკითხა, რით დაიმსახურა უცხოტომელმა ქალმა მისი სიკეთე, მან მიუგო, რომ გაგონილი ჰქონდა, რა გააკეთა რუთმა თავისი დედამთილისთვის, ნაომისთვის. როგორც ჩანს, ნაომი თავის საყვარელ რძალს ბეთლემელ ქალებთან აქებდა და ამას ბოაზის ყურამდეც მიეღწია. ბოაზს ისიც გაგებული ჰქონდა, რომ რუთი იეჰოვას სცემდა თაყვანს, რადგან ასეთი სიტყვები უთხრა: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“ (რუთ. 2:12).
29 როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები რუთს! მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვასთვის შეეფარებინა თავი ისევე, როგორც პაწაწინა ბარტყი პოულობს თავშესაფარს მშობლების ფრთებქვეშ. რუთმა მადლობა გადაუხადა ბოაზს ასეთი კარგი სიტყვებისთვის და საღამომდე განაგრძო მუშაობა (რუთ. 2:13, 17).
30, 31. რის სწავლა შეგვიძლია მოსიყვარულე, მუყაითი და მადლიერი რუთისგან?
30 რუთი, რომელმაც საქმეებით აჩვენა, რაოდენ დიდი რწმენა ჰქონდა, დღეს კარგ მაგალითს აძლევს მათ, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. რუთი არ თვლიდა, რომ ვინმე ვალდებული იყო, დახმარებოდა; ამიტომ, ყველაფერს მადლიერებით იღებდა. საყვარელი ადამიანი რომ ერჩინა, მას არ რცხვენოდა, დიდხანს და მძიმედ ემუშავა მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომელსაც ის ასრულებდა, დამამცირებლად ითვლებოდა. მან მადლიერებით მიიღო და გაითვალისწინა გონივრული რჩევა, ვის გვერდით უნდა ემუშავა, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. რაც ყველაზე მთავარია, მას არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ის, რომ მისი მფარველი, პირველ რიგში, ზეციერი მამა, იეჰოვა იყო.
31 თუ ჩვენც რუთივით ურყევ სიყვარულს გამოვავლენთ და მასსავით თავმდაბლები, მუყაითები და მადლიერები ვიქნებით, სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. როგორ იზრუნა იეჰოვამ რუთსა და ნაომიზე? ამის შესახებ შემდეგ თავში ვისაუბრებთ.
a აღსანიშნავია, რომ რუთი, სხვა უცხოტომელების მსგავსად, მხოლოდ ტიტულით კი არა, პირადი სახელით, იეჰოვათიც, მოიხსენიებდა ღმერთს. ერთ ცნობარში ვკითხულობთ: «ამგვარად, წიგნ „რუთის“ დამწერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს უცხოტომელი ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარი იყო».
b ასეთი კანონი რუთისთვის ძალიან უცხო იყო, რადგან თავის ქვეყანაში მსგავსი კანონი არ არსებობდა. ძველად ახლო აღმოსავლეთში ქვრივებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „როდესაც ქალს ქმარი მოუკვდებოდა, მასზე ვაჟებს უნდა ეზრუნათ. მაგრამ თუ არ ჰყავდა ვაჟები, მონად უნდა გაეყიდა თავი ან მეძაობა დაეწყო, თუ არადა, მოკვდებოდა“.
-
-
„ღირსეული ქალი“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 5
„ღირსეული ქალი“
1, 2. ა) რა სამუშაოს ასრულებდა რუთი? ბ) რატომ მოეწონა რუთს ღვთის კანონი და მისი ხალხი?
რუთი ქერის დახვავებულ თავთავებთან ჩამუხლულა. მან ის მთელი დღე აგროვა. უკვე მწუხრი ჩამოწვა და ბეთლემის ირგვლივ მინდვრებიდან მუშები მთის ქედზე გაშენებულ პატარა ქალაქის კარიბჭისკენ მიმავალ გზას მიუყვებიან. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი ქანცგაწყვეტილია რუთი; ის ხომ მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, რუთი კვლავ აგრძელებს მუშაობას და გამეტებით ურტყამს ჯოხს ქერის თავთავებს, რომ მარცვლეული გაცეხვოს. მთლიანობაში დღემ კარგად ჩაიარა, იმდენად კარგად, რომ რუთი ვერც კი ინატრებდა უკეთესს.
2 იქნებ ახლა მაინც გაუღიმოს ბედმა ამ ახალგაზრდა ქვრივს? როგორც წინა თავიდან გავიგეთ, მას არ მიუტოვებია თავისი დედამთილი, ნაომი. მან ნაომის ისიც შეჰპირდა, რომ არასდროს მოშორდებოდა გვერდიდან და ნაომის ღმერთი, იეჰოვა, მისი ღმერთიც იქნებოდა. ეს ორი გულდამძიმებული ქვრივი მოაბიდან ბეთლემში ჩავიდა. ამ მოაბელმა ქალმა, ალბათ, მალე დაინახა, რომ იეჰოვას კანონი როგორც ღარიბ ისრაელებზე, ისე ღარიბ უცხოტომელებზე ზრუნვას ითვალისწინებდა. ახლა ისიც საკუთარი თვალით იხილა, რომ იეჰოვას ხალხიდან ზოგი, ვისაც ღვთის კანონი უყვარდა და მის თანახმად ცხოვრობდა, დიდად სწყალობდა მას, რაც მალამოსავით ედებოდა მის დაკოდილ გულს.
3, 4. ა) როგორ გაამხნევა ბოაზმა რუთი? ბ) როგორ გვეხმარება რუთის მაგალითი დღეს, ეკონომიკური სიდუხჭირის დროს?
3 ერთ-ერთი ასეთი კეთილი ადამიანი იყო მდიდარი ასაკოვანი მამაკაცი, ბოაზი, რომლის ყანაშიც რუთი დაცვენილი თავთავების ასაკრეფად მივიდა. სწორედ ამ დღეს მიაქცია ბოაზმა რუთს ყურადღება და მამასავით მოექცა. მთელი ამ დღის მანძილზე რუთს, ალბათ, სახეზე არაერთხელ გადაურბენდა ღიმილი, როცა ბოაზის სიტყვები მოაგონდებოდა. მან ხომ შეაქო რუთი იმის გამო, რომ ნაომიზე ზრუნავდა და თავშესაფარი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, ფრთებქვეშ პოვა (წაიკითხეთ რუთის 2:11—14).
4 მიუხედავად ამისა, რუთი შეიძლება მაინც შიშით უყურებდა მომავალს. ის ხომ უქონელი უცხოტომელი იყო. მას არც ქმარი ჰყავდა და არც შვილი. რით ირჩენდა თავს და რით შეინახავდა დედამთილს? როდემდე გაიტანდნენ თავს ყანაში აკრეფილი მორჩენილი მარცვლეულით? ან ვინ იზრუნებდა თავად მასზე, როცა ხანში შევიდოდა? სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ კითხვებს აეფორიაქებინა ის. დღესაც ბევრი წუხს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ამ მორწმუნე ქალის მაგალითი მსგავსი სირთულეების დაძლევაში ჩვენც დაგვეხმარება.
სრულფასოვანი ოჯახი
5, 6. ა) როგორ ჩაიარა ყანაში მუშაობის პირველმა დღემ? ბ) რატომ გაოცდებოდა ნაომი რძლის დანახვაზე?
5 რუთი მარცვლეულის გაცეხვას მორჩა და გაოცდა, რომ მთელი ეფა (დაახლოებით 22 ლიტრი) ქერი შეეგროვებინა! მას საკმაოდ მძიმე ტვირთის წაღება მოუწევდა სახლში. რუთმა, ალბათ, მარცვლეულის ფუთა თავზე დაიდო და ბინდბუნდში ბეთლემისკენ მიმავალ გზას გაუყვა (რუთ. 2:17).
6 ნაომის ძლიერ გაახარებდა საყვარელი რძლის დანახვა და გააოცებდა უხვად მოგროვილი ქერის ხილვა. რუთმა სახლში ის საკვებიც მიიტანა, რომელიც ბოაზის მუშებთან ერთად ჭამის დროს მორჩა და რძალ-დედამთილი ერთად შეექცა მოკრძალებულ ვახშამს. ნაომიმ რუთს ჰკითხა: „სად აკრიფე თავთავები, სად იმუშავე? კურთხეული იყოს, ვინც მოგხედა“ (რუთ. 2:19). ნაომის მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ რუთს ვიღაცამ ხელი გაუმართა, რადგან ახალგაზრდა ქვრივი სახლში მძიმე ტვირთით დაბრუნდა.
7, 8. ა) ნაომის აზრით, ვინ აღძრა ბოაზი სიკეთის გაკეთებისკენ, და რატომ? ბ) კიდევ რით გამოავლინა რუთმა დედამთილისადმი ერთგულება და სიყვარული?
7 მათ ერთმანეთს განვლილი დღის ამბები გამოჰკითხეს. რუთმა მოუყვა, რამხელა სიკეთე გამოავლინა მის მიმართ ბოაზმა. გახარებულმა ნაომიმ წამოიძახა: „აკურთხოს იგი იეჰოვამ, რომელიც არ აკლებს სიკეთეს არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს“ (რუთ. 2:20). მან ამაში იეჰოვას ხელი დაინახა, რომელიც თავის მსახურებს აღძრავს გულუხვობისკენ და ჰპირდება, რომ გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ კურთხევას არ მოაკლებს (წაიკითხეთ იგავების 19:17).a
8 ნაომიმ ურჩია რუთს, ბოაზის სიტყვისამებრ, მისივე ყანაში აეკრიფა მორჩენილი თავთავები მოახლეებთან ერთად, რათა მომკელებს არ შეეწუხებინათ იგი. რუთმა გაითვალისწინა რჩევა. ის ბოაზის მოახლეების გვერდით კრეფდა თავთავებს და „თავის დედამთილთან ცხოვრობდა“ (რუთ. 2:22, 23). აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუთის ერთგულება და სიყვარული. მისმა მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ ოჯახის წევრებს, ვზრუნავთ თუ არა ჩვენს ახლობლებზე და ვეხმარებით თუ არა მათ. იეჰოვას არასდროს დარჩება შეუმჩნეველი ერთგული სიყვარული, რომელსაც სხვების მიმართ გამოვავლენთ.
რუთისა და ნაომის მაგალითიდან ვსწავლობთ, დავაფასოთ ჩვენი ოჯახი
9. როგორი ოჯახი ჰქონდათ რუთსა და ნაომის, და რას ვსწავლობთ მათგან?
9 შეიძლება იმის თქმა, რომ რუთსა და ნაომის სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდათ? ზოგიერთ კულტურაში ოჯახი სრულფასოვნად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ოჯახში არის მამა, დედა, შვილები თუ პაპა-ბებია. მაგრამ რუთისა და ნაომის მაგალითი გვიჩვენებს, რომ რაც არ უნდა პატარა იყოს ოჯახი და აკლდეს რომელიმე წევრი, თუ ეს ოჯახი იეჰოვას ემსახურება, მათ არ გაუჭირდებათ ოჯახური კვანძების განმტკიცება, მყუდრო და თბილი გარემოს შექმნა და ერთმანეთის მიმართ სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენა. აფასებ შენს ოჯახს? იესო თავის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ ქრისტიანული კრება ოჯახივით გახდებოდა მათთვის, ვინც მოკლებული იყო ოჯახურ სითბოს (მარ. 10:29, 30).
რუთი და ნაომი ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ამხნევებდნენ
„ეგ კაცი ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველია“
10. რა სურდა ნაომის რუთისთვის?
10 ქერის მკიდან ანუ აპრილის თვიდან მოყოლებული ხორბლის მოსავლის აღებამდე, ანუ ივნისის თვის ბოლომდე, რუთი ბოაზის ყანაში აგროვებდა დაცვენილ თავთავებს. კვირა კვირას მისდევდა და, ალბათ, ნაომი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რის გაკეთება შეეძლო საყვარელი რძლისთვის. ჯერ კიდევ მოაბში ყოფნის დროს ნაომიმ რუთს უთხრა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა, თუ გათხოვებას მოინდომებდა (რუთ. 1:11—13). ახლა კი სულ სხვაგვარად ფიქრობს ნაომი და რუთს ეუბნება: „შვილო, თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, რომ კარგად იგრძნო თავი“ (რუთ. 3:1). იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მშობელს აერჩია შვილისთვის მეუღლე. რადგან ნაომის რუთი საკუთარი შვილივით უყვარდა, სურდა, რუთისთვის ეპოვა „თავშესაფარი“ ანუ ქმარი, რომელიც მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებდა. რის გაკეთებას აპირებდა ნაომი?
11, 12. ა) ღვთის რომელ კანონს გულისხმობდა ნაომი, როცა ბოაზი „გამომსყიდველად“ მოიხსენია? ბ) როგორ მიიღო რუთმა დედამთილის რჩევა?
11 როდესაც რუთმა პირველად ახსენა ბოაზი, ნაომიმ უთხრა: „ჩვენი ნათესავია ეგ კაცი, ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“ (რუთ. 2:20). რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონი ითვალისწინებდა იმ ოჯახების დაცვას, რომლებიც სიღარიბის ან უბედური შემთხვევის გამო გაჭირვებაში აღმოჩნდებოდნენ. თუ ქალი ისე დაქვრივდებოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა, მისი მდგომარეობა მეტად სავალალო იყო. მისი ქმრის სახელი საბოლოოდ დავიწყებას ეძლეოდა, რადგან შთამომავალი არ ეყოლებოდა. ღვთის კანონი უფლებას აძლევდა დაქვრივებული ქალის მაზლს, რძალზე დაქორწინებულიყო, ხოლო დაბადებული ბავშვი გარდაცვლილი ძმის შვილად ჩათვლილიყო და მისი ქონება განეკარგა (კან. 25:5—7).b
12 ნაომიმ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გაუფართოვდებოდა გაკვირვებისგან რუთს თვალები, როცა დედამთილი თავის ჩანაფიქრს გაანდობდა. როგორც ჩანს, ისრაელი ერისთვის მიცემული ღვთის ბევრი კანონი რუთისთვის ჯერ კიდევ ახალი იყო და უცნაურად ეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, რადგანაც ნაომის დიდ პატივს სცემდა, მთელი ყურადღებით უსმენდა. ის, რის გაკეთებაც ნაომიმ ურჩია რუთს, შესაძლოა მისთვის უხერხული და დამამცირებელიც კი იყო, მაგრამ რუთი დასთანხმდა და მორჩილად მიუგო: „ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეუბნები“ (რუთ. 3:5).
13. რას ვსწავლობთ რუთისგან, რომელმაც უფროსი ადამიანის რჩევა გაითვალისწინა? (იხილეთ აგრეთვე იობის 12:12).
13 ზოგჯერ ახალგაზრდებს უჭირთ, მოუსმინონ მათ, რომლებიც მათზე უფროსები და უფრო გამოცდილები არიან. მათ ჰგონიათ, რომ უფროსებს არ ესმით, რა სირთულეებთან უწევთ ჭიდილი ახალგაზრდებს. რუთის მაგალითი შეგვახსენებს, რომ ყოველთვის ბრძნულია, თავმდაბლურად მოვუსმინოთ უფროსებს, რომელთაც ვუყვარვართ და ჩვენი კეთილდღეობით არიან დაინტერესებული (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:17, 18). მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა ურჩია ნაომიმ რუთს და როგორ აკურთხა იეჰოვამ რუთი.
რუთი კალოზე
14. რა იყო კალო და რისთვის იყენებდნენ მას?
14 ერთ საღამოს რუთი ავიდა კალოზე — ბრტყელ და დატკეპნილ მომრგვალებულ ადგილზე, სადაც გლეხებს ძნები გასალეწად და გასანიავებლად მიჰქონდათ. კალოსთვის ადგილს, ძირითადად, გორაკზე ირჩევდნენ, რომელსაც ნაშუადღევსა და საღამოს პირზე ნიავი კარგად უვლიდა. მარცვლის გამოსარჩევად გლეხი ფიწლით ანიავებდა ბზეს, მარცვალი მიწაზე რჩებოდა, ბზე კი ნიავს მიჰქონდა.
15, 16. ა) აღწერეთ კალოზე განვითარებული მოვლენები. ბ) როგორ გაიგო ბოაზმა, რომ ფეხებთან ქალი ეწვა?
15 თვალში რომ არავის მოხვედროდა, რუთი გვიანობამდე უჩუმრად აკვირდებოდა კალოზე გაჩაღებულ მუშაობას, ბოაზი კი თვალყურს ადევნებდა თავის მუშებს, რომლებიც გალეწილ ძნებს ანიავებდნენ და მარცვალს ერთ ადგილზე ახვავებდნენ. კარგად რომ დანაყრდა, ბოაზი მარცვლეულის ხვავის პირას მიწვა. როგორც ჩანს, ყანის მეპატრონეები ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ მოწეული მარცვლეული არავის მოეპარა. რუთმა დაინახა, რომ ბოაზი დასაძინებლად ემზადებოდა. ახლა უკვე დადგა დრო, რომ რუთი ნაომის რჩევისამებრ მოქცეულიყო.
16 რუთი ბოაზთან მიჩოჩდა; გული გამალებით უცემდა. მიხვდა, რომ ბოაზს უკვე ღრმად ეძინა. ასე რომ, ნაომის რჩევისამებრ მოიქცა — ფეხაკრეფით მივიდა, გადახადა ფეხებზე, მიუწვა და იყუჩა. დრო ნელა მიიზლაზნებოდა და, ალბათ, რუთს ეს დრო საუკუნედ ეჩვენებოდა. შუაღამისას ბოაზს შესცივდა და კანკალი დაიწყო. წამოიწია, რომ დაეფარებინა და „რას ხედავს! ქალი უწევს ფეხებთან“ (რუთ. 3:8).
17. რა ორი მნიშვნელოვანი გარემოება რჩებათ მათ მხედველობიდან, ვინც ფიქრობს, რომ რუთი შეუფერებლად მოიქცა?
17 „ვინა ხარ?“ — ჰკითხა ქალს ბოაზმა. რუთმა აკანკალებული ხმით მიუგო: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“ (რუთ. 3:9). დღეს ზოგი ბიბლეისტი ფიქრობს, რომ რუთი ასეთი საქციელითა და სიტყვებით ბოაზის შეცდენას ცდილობდა, მაგრამ მათ ორი მნიშვნელოვანი გარემოება რჩებათ მხედველობიდან. პირველი ის, რომ რუთი იმდროინდელი წეს-ჩვეულების თანახმად მოქმედებდა, რაც შეიძლება დღეს ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელიც იყოს. ასე რომ, არასწორი იქნება, თუ რუთს დღევანდელი გარყვნილი ქვეყნიერების გადასახედიდან განვსჯით. მეორე, ბოაზის პასუხიდან ჩანს, რომ რუთს სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია. პირიქით, ის უმწიკვლო ქალი იყო და ქებაც დაიმსახურა.
რუთი ბოაზთან კალოზე არც უზნეობის ჩადენის და არც პირადი გამორჩენის მიზნით ასულა
18. როგორ დაამშვიდა ბოაზმა რუთი, და მის მიერ გამოვლენილ რომელ სიკეთეზე საუბრობდა ბოაზი?
18 ბოაზმა რუთს უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო. ახლა უფრო მეტი სიკეთე გამოავლინე, ვიდრე პირველად, რომ ახალგაზრდებიდან არავის გაჰყევი, არც მდიდარს და არც ღარიბს“ (რუთ. 3:10). უდავოა, ბოაზის ხმაში ზრუნვა და მამობრივი სითბო გამოსჭვიოდა, რამაც რუთი დაამშვიდა. რუთმა პირველად მაშინ გამოავლინა სიყვარული და ერთგულება, როცა ნაომის ისრაელში გაჰყვა და ზრუნვას არ აკლებდა. ახლა კი დედამთილის რჩევა გაითვალისწინა. ბოაზმა ისიც აღნიშნა, რომ რუთისნაირ ახალგაზრდა ქალს თავისუფლად შეეძლო, გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცს, ღარიბს ან თუნდაც მასზე მდიდარს, მისთხოვებოდა. უფრო მეტიც, ის არა მარტო ნაომიზე ზრუნავდა, არამედ გარდაცვლილი მამამთილის სახელზეც, რომ ის დავიწყებას არ მისცემოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რატომ მოხიბლა ამ ახალგაზრდა ქალის უანგარო სიყვარულმა ბოაზი.
19, 20. ა) რატომ არ დაქორწინდა ბოაზი რუთზე დაუყოვნებლივ? ბ) როგორ გამოავლინა ბოაზმა რუთის მიმართ სიკეთე და როგორ გაუფრთხილდა მის სახელს?
19 შემდეგ ბოაზმა დასძინა: „ნუ გეშინია შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ, რადგან ჩემი ხალხის ქალაქში ყველამ იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთ. 3:11). როგორც ჩანს, ბოაზსაც სურდა რუთის შერთვა და არც გაჰკვირვებია, როცა რუთმა გამომსყიდველის მოვალეობის შესრულება სთხოვა. მიუხედავად ამისა, ბოაზი სამართლიანი კაცი იყო და შექმნილი მდგომარეობით ბოროტად არ უსარგებლია. მან რუთს უთხრა, რომ კიდევ იყო ერთი კაცი, რომელიც უფრო ახლო ნათესავად ეკუთვნოდა მის ქმარს. ამიტომ, ბოაზს ჯერ მისთვის უნდა შეეთავაზებინა რუთის ცოლად მოყვანა.
რუთი სიკეთეს ავლენდა და პატივისცემით ეპყრობოდა ყველას და ამიტომ მოიპოვა კარგი სახელი
20 ბოაზმა უთხრა რუთს, რომ დილამდე დარჩენილიყო მასთან, გამთენიისას კი შეუმჩნევლად დაეტოვებინა კალო. ის უფრთხილდებოდა როგორც თავის, ისე მის სახელს, რადგან შეიძლება ვინმეს მათთვის უზნეობაში დაედო ბრალი. რუთი ისევ ფეხებთან მიუწვა კაცს და ბოაზის პასუხით გულდამშვიდებული ელოდა გარიჟრაჟს. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ბოაზმა რუთს მოსასხამის კალთაში დიდი რაოდენობით ქერი ჩაუყარა და მანაც ბეთლემს მიაშურა (წაიკითხეთ რუთის 3:13—15).
21. როგორ მოიპოვა რუთმა „ღირსეული ქალის“ სახელი და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
21 როგორ ესიამოვნებოდა რუთს ბოაზისგან იმის მოსმენა, რომ ხალხი მას ღირსეულ ქალად იცნობდა. უეჭველია, მას ასეთი კარგი სახელი იმიტომ ჰქონდა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებდა, გაეცნო იეჰოვა და ემსახურა მისთვის. მან აგრეთვე დიდი სიყვარული გამოავლინა ნაომისა და მისი ხალხის მიმართ და მორჩილად შეისისხლხორცა იუდაური წეს-ჩვეულებები, რომლებიც მისთვის უცხო იყო. თუ რუთს მივბაძავთ და მასსავით ძლიერ რწმენას გამოვავლენთ, პატივისცემით მოვეკიდებით როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მათ წეს-ჩვეულებებს. თუ ასე მოვიქცევით, რუთის მსგავსად ღირსეულ სახელს შევიძენთ.
რუთის თავშესაფარი
22, 23. ა) რა საჩუქარი გაუგზავნა ბოაზმა ნაომის? (იხილეთ სქოლიო) ბ) რა ურჩია ნაომიმ რუთს?
22 „ვინა ხარ, შვილო?“ — იკითხა ნაომიმ, როცა რუთი სახლში შევიდა. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო და, ალბათ, ნაომიმ სიბნელეში ვერ გაარჩია, ვინ შევიდა სახლში. თუმცა, შესაძლოა ნაომიმ ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ უნდოდა გაეგო, რუთი ისევ მიუსაფარი ქვრივი იყო თუ სასურველი საპატარძლო. რუთმაც სულმოუთქმელად მოუყვა დედამთილს მომხდარი. გარდა ამისა, რუთმა მას ბოაზისგან მისთვის საჩუქრად გაგზავნილი მარცვლეული უჩვენა (რუთ. 3:16, 17).c
23 ნაომიმ ურჩია რუთს, რომ იმ დღეს სახლში დარჩენილიყო და ყანაში თავთავების ასაკრეფად აღარ წასულიყო. მან რძალი დაარწმუნა: „არ მოისვენებს ის კაცი, თუ დღესვე ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს“ (რუთ. 3:18).
24, 25. ა) როგორ ცხადყო ბოაზმა, რომ პატიოსანი და უანგარო ადამიანი იყო? ბ) რა კურთხევები მიიღო რუთმა?
24 ნაომი არ შემცდარა. ბოაზი დაუყოვნებლივ გაეშურა ქალაქის კარიბჭისკენ, სადაც უხუცესები იკრიბებოდნენ და იმ კაცის გამოჩენას დაელოდა, რომელიც ნაომის ოჯახს უფრო ახლო ნათესავად ერგებოდა. ბოაზმა მას მოწმეების წინაშე შესთავაზა, რომ შეერთო რუთი და ამგვარად გამომსყიდველის მოვალეობა შეესრულებინა. მამაკაცმა მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ასე მოიქცეოდა, საკუთარ მემკვიდრეობას შეუქმნიდა საფრთხეს. მაშინ ბოაზმა მოწმეების წინაშე თქვა, რომ თავად იყიდიდა ნაომის მკვდარი ქმრის, ელიმელექის, მემკვიდრეობას და დაქორწინდებოდა რუთზე, რომელიც ელიმელექის ვაჟის, მახლონის, ქვრივი იყო. ბოაზმა ყველას წინაშე განაცხადა, რომ გამოსყიდვის შემთხვევაში „გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდა“ (რუთ. 4:1—10). ბოაზმა საქმით დაამტკიცა, რომ პატიოსანი და უანგარო ადამიანი იყო.
25 ბოაზმა ცოლად შეირთო რუთი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „აკურთხა იგი იეჰოვამ, დაორსულდა და გააჩინა ვაჟი“. ბეთლემელი ქალები ლოცავდნენ ნაომის და აქებდნენ რუთს, რომელიც ნაომის შვიდ ძეს ერჩივნა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოგვიანებით რუთის შვილთაშვილი მეფე დავითი გახდა (რუთ. 4:11—22). დავითი კი იესო ქრისტეს წინაპარი იყო (მათ. 1:1).d
იეჰოვამ აკურთხა რუთი და ის მესიის წინაპარი გახდა
26. რას შეგვახსენებს რუთისა და ნაომის მაგალითი?
26 იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა რუთი და ნაომი, რომელიც რუთის ვაჟს საკუთარი შვილივით ზრდიდა. ამ ორი ქალის ცხოვრება იმის ცოცხალი მაგალითია, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ის ადამიანები, რომლებიც ლუკმაპურის პატიოსანი გზით საშოვნელად მუხლჩაუხრელად შრომობენ და მის რჩეულ ხალხთან ერთად ერთგულად ემსახურებიან მას. იეჰოვა კურთხევას არ აკლებს ისეთ ერთგულ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ბოაზი, ნაომი და რუთი.
a ნაომის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ცოცხლების მიმართ ავლენს წყალობას, არამედ მკვდრების მიმართაც. ნაომის მეუღლე და ორი ვაჟი მკვდარი ჰყავდა. რუთიც ქვრივი იყო. უდავოა, რომ ეს სამი მამაკაცი მეტად ძვირფასი იქნებოდა ამ ქალებისთვის. როდესაც ნაომისა და რუთს ვინმე სიკეთეს უკეთებდა, ეს, ფაქტობრივად, მათი მეუღლეების მისამართით გამოვლენილი სიკეთე იყო, რადგან ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ამ ქალების კეთილდღეობაზე სწორედ ეს მამაკაცები იზრუნებდნენ.
b ძმის ქვრივის შერთვა მაზლის უშუალო მოვალეობა იყო. თუ გარდაცვლილს არ ჰყავდა ძმა, ქვრივი უახლოეს ნათესავს უნდა შეერთო, რომელიც იმავე საგვარეულოს ეკუთვნოდა (რიცხ. 27:5—11).
c ბოაზმა რუთს ექვსი საწყაო ქერი მისცა, რომლის ზუსტი რაოდენობის დადგენაც ჩვენთვის შეუძლებელია. შეიძლება ეს იმას ნიშნავდა, რომ რადგანაც ექვს სამუშაო დღეს შაბათის დასვენება მოსდევდა, ეს ქვრივი ქალიც „ექვსდღიანი შრომის“ შემდეგ ქმრის სახლში იპოვიდა თავშესაფარს ანუ მოსასვენებელ ადგილს. მეორე მხრივ, ექვსი საწყაო შეიძლება ექვს ნიჩაბ ქერს ნიშნავდეს, რამდენის ტარებასაც რუთი შეძლებდა.
-