-
„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 იანვარი
-
-
პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით აბელზე თქვა: „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“ (ებრაელები 11:4). როგორ მეტყველებს ის? რწმენის მეშვეობით. აბელი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც განივითარა რწმენა, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. ის იმდენად ძლიერ რწმენას ავლენდა, რომ დღეს ჩვენთვის ცოცხალი მაგალითია. თუ მივბაძავთ აბელს და მის მსგავს რწმენას გამოვავლენთ, შეიძლება ითქვას, რომ აბელი პირადად გველაპარაკება.
და მაინც, რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბელისგან მაშინ, როდესაც ბიბლია მის შესახებ მეტად მწირ ცნობებს გვაწვდის?
-
-
„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 იანვარი
-
-
როგორ განივითარა აბელმა მტკიცე რწმენა?
უდავოა, ადამი თავის ვაჟებს ასწავლიდა, როგორ ერჩინათ ოჯახი. კაენმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, აბელმა კი — მეცხვარეობას.
თუმცა, აბელის გონება სხვა, რაღაც უფრო ფასეულითაც იყო დაკავებული. წლების მანძილზე მან განივითარა რწმენა, რომელზეც პავლე მოციქული პირველ საუკუნეში წერდა. დაფიქრდით: აბელის გვერდით არ იყო ადამიანი, რომელსაც ის მიჰბაძავდა. მაშ, როგორ განივითარა მან იეჰოვა ღმერთისადმი ასეთი მტკიცე რწმენა? მოდი, ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რის საფუძველზე შეიძლებოდა განევითარებინა მას ასეთი მტკიცე რწმენა.
იეჰოვას ქმნილებებზე დაკვირვებით.
მართალია, იეჰოვამ დაწყევლა მიწა, რომ ამ უკანასკნელს ნარ-ეკალი აღმოეცენებინა, რაც მიწათმოქმედს მის დამუშავებას კიდევ უფრო გაურთულებდა, მაგრამ ის მაინც იძლეოდა ნაყოფს, რომლითაც აბელის ოჯახს თავი გაჰქონდა. ამასთანავე, იეჰოვას არ დაუწყევლია ცხოველები, ფრინველები, თევზები, მთები, ტბები, მდინარეები, ზღვები, ცა, ღრუბლები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. საითაც არ უნდა გაეხედა აბელს, ის იეჰოვა ღმერთის, ყოველივეს შემოქმედის, სიყვარულის, სიბრძნისა და სიკეთის მტკიცებულებებს ხედავდა (რომაელები 1:20). აბელი ფიქრობდა ამაზე, ღვთის მადლიერი იყო და სწორედ ამგვარად შეიძინა მტკიცე რწმენა.
აბელი ხშირად ფიქრობდა იეჰოვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ მწყემსავდა ის თავის ცხვარს. მწყემსს, როგორც წესი, დიდი მანძილის გავლა უწევდა. მწყემსი ამ უმწეო ცხოველებს მთასა თუ ბარში დაატარებდა, რათა მათთვის საუკეთესო საძოვარი და მოსასვენებელი ადგილი ეპოვა. ღვთის ყველა სხვა ქმნილებას შორის ცხვარი ყველაზე დაუცველი ჩანდა, თითქოსდა, იმიტომ იყვნენ გაჩენილნი ამქვეყნად, რომ მათზე ადამიანს ეზრუნა და ეპატრონა. ხვდებოდა აბელი, რომ თავადაც საჭიროებდა, ვინმეს, ადამიანზე გაცილებით ბრძენსა და ძლიერს ეზრუნა მასზე, ეხელმძღვანელა მისთვის და დაეცვა? უდავოა, ამ ყველაფერზე ის ღმერთს ლოცვაში ესაუბრებოდა, რის შედეგადაც მისი რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.
ქმნილებებზე დაკვირვებით აბელი მოსიყვარულე შემოქმედის მიმართ რწმენას იღრმავებდა
იეჰოვას წინასწარმეტყველებებზე დაფიქრებით.
ადამი და ევა, ალბათ, მოუყვებოდნენ თავიანთ ვაჟებს, თუ რის გამო გამოაძევა ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან. ამგვარად, საფიქრალი აბელს მართლაც ბევრი ექნებოდა.
იეჰოვამ დაწყევლა მიწა და აბელი თვალნათლივ ხედავდა, როგორ ედებოდა არემარეს ნარ-ეკალი. იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ევას გაურთულდებოდა ორსულობა და მშობიარობის დროს გაუძლიერდებოდა ტკივილები. ესეც საკუთარი თვალით იხილა აბელმა მაშინ, როცა მისი უმცროსი და-ძმები მოევლინენ ქვეყანას. იეჰოვამ განჭვრიტა, რომ ევას ქმრისადმი ექნებოდა ლტოლვა, ქმარი კი იბატონებდა მასზე. ეს მოვლენები აბელის თვალწინ განვითარდა. როგორც ჩანს, აბელი არაერთხელ დარწმუნდებოდა, რომ იეჰოვას დაპირებები სანდო და უტყუარი იყო. ამგვარად, ის სრულიად დარწმუნებული იქნებოდა, რომ ღმერთი „შთამომავალთან“ დაკავშირებულ დანაპირებსაც შეასრულებდა ანუ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობას ცოდვისა და არასრულყოფილების მონობისგან დაიხსნიდა (დაბადება 3:15—19).
იეჰოვას მსახურებზე დაკვირვებით.
მართალია, ადამიანებს შორის არავინ იყო ისეთი, ვინც აბელს კარგ მაგალითს მისცემდა, მაგრამ ადამიანი არ იყო ერთადერთი გონიერი ქმნილება იმ დროს დედამიწაზე. როდესაც ადამი და ევა იეჰოვამ ედემის ბაღიდან გამოაძევა, ვერც პირველი წყვილი და ვერც მათი შთამომავლები ვეღარ შევიდოდნენ ედემის ბაღში. ამიტომ, იეჰოვა ბაღის შესასვლელს ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილით იცავდა და იქვე, ქერუბიმები, უმაღლესი წოდების ანგელოზებიც, დააყენა (დაბადება 3:24).
წარმოიდგინეთ აბელი, რომელიც ბავშვობაში აკვირდებოდა ამ ქერუბიმებს. რადგანაც მათ ადამიანის მსგავსი სხეული ჰქონდათ, აბელი დაინახავდა, რაოდენ ძლიერები იყვნენ ისინი; „მბრუნავი, ცეცხლოვანი მახვილი“ კი მოწიწების გრძნობას ჩაუნერგავდა მას. აბელი იმასაც ხედავდა, რომ ქერუბიმები წუთითაც არ ტოვებდნენ თავიანთ საგუშაგოს; დღითა თუ ღამით, არაერთი წლისა თუ ათწლეულის მანძილზე, ეს გონიერი და ძლევამოსილი ქმნილებები ერთგულად იდგნენ სადარაჯოზე. აბელი მათ მაგალითზე ისწავლიდა, რომ იეჰოვას ჰყავდა მართალი და მტკიცე რწმენის მქონე მსახურები. აბელი ხედავდა, რომ მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ეს ქერუბიმები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას და ემორჩილებოდნენ მას. მათ მაგალითზე დაკვირვება მართლაც განუმტკიცებდა რწმენას აბელს.
მთელი სიცოცხლის მანძილზე აბელს შეეძლო დაენახა, როგორ ერთგულებასა და მორჩილებას ავლენდნენ იეჰოვას მსახური ქერუბიმები
ყოველივე იმაზე დაკვირვებით, რაც იეჰოვამ საკუთარი თავის შესახებ გაუმჟღავნა აბელს თავისი ქმნილებების, წინასწარმეტყველებებისა და თავისი მსახურების მეშვეობით — აბელს კიდევ უფრო განუმტკიცდა რწმენა. კიდევ ვიტყვით, რომ აბელს არაფრის თქმა შეუძლია ჩვენთვის? დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ მიჰბაძონ აბელს და განივითარონ იეჰოვას მიმართ მტკიცე რწმენა იმის მიუხედავად, ემსახურებიან თუ არა მათი ოჯახის წევრები იეჰოვას. ჩვენ ირგვლივ არსებული ღვთის საოცარი ქმნილებები, მთელი ბიბლია და რწმენის ცოცხალი მაგალითები გვეხმარება რწმენის განმტკიცებაში.
-