საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანული რწმენა გამოიცდება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • ქრისტიანული რწმენა გამოიცდება

      „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2).

      1. როგორ აჩვენა ისტორიამ, რომ ყველას არა აქვს ჭეშმარიტი რწმენა?

      მთელი ისტორიის მანძილზე არსებობენ ჭეშმარიტი რწმენის მქონე მამაკაცები, ქალები და ბავშვები. მართებულია, განვსაზღვროთ ის, როგორც „ჭეშმარიტი“, ვინაიდან მილიონობით სხვა ადამიანის რწმენას უფრო გულუბრყვილობა შეიძლება ვუწოდოთ, რადგანაც ისინი მზად არიან, ყოველგვარი საფუძვლისა და მიზეზის გარეშეც ირწმუნონ რამე. ასეთ რწმენას ხშირად ცრუ ღვთაებების მიმართ ავლენენ და ის თაყვანისმცემლობის ისეთ ფორმებს მოიცავს, რომლებსაც ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, თავის სიტყვაში გმობს. ამიტომ მოციქული პავლე წერდა: „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2).

      2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შევამოწმოთ ჩვენი რწმენა?

      2 მაგრამ პავლეს სიტყვებიდან ის ჩანს, რომ იმ დროს იყვნენ ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანები, და ასეთები დღესაც არიან. ამ ჟურნალის მკითხველთა უმეტესობას სურს, ჰქონდეს და კიდევ უფრო გაიძლიეროს ასეთი ჭეშმარიტი რწმენა — რწმენა, რომელიც ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების ზუსტ შემეცნებასთანაა შეთანხმებული (იოანე 18:37; ებრაელთა 11:6). შენც გაქვს მსგავსი სურვილი? მაშინ უნდა გვესმოდეს და მზად იყო იმისთვის, რომ შენი რწმენა გამოიცდება. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

      3, 4. რატომ უნდა გვახსოვდეს იესოს მაგალითი რწმენის გამოცდასთან დაკავშირებით?

      3 რასაკვირველია, იესო ქრისტე უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენთვის. ფაქტიურად, ბიბლიაში ის რწმენის სრულმყოფლად არის მოხსენიებული. ეს მან თავისი სიტყვითა და საქმით დაამტკიცა, განსაკუთრებით კი იმით, თუ როგორ აღასრულა მასზე ნაწინასწარმეტყველები. მან განამტკიცა კაცობრიობის ჭეშმარიტი რწმენის საფუძველი (ებრაელთა 12:2; გამოცხადება 1:1, 2). მიუხედავად ამისა, ვკითხულობთ, რომ იესო „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრაელთა 4:15, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დიახ, იესოს რწმენა გამოიცადა. ეს ფაქტი იმედგაცრუებისა და შიშის მიზეზს კი არ წარმოადგენს, არამედ მანუგეშებელია.

      4 უდიდესი განსაცდელების გადატანით, თვით წამების ძელზე სიკვდილით, იესომ „ისწავლა მორჩილება“ (ებრაელთა 5:8). მან დაამტკიცა, რომ, ნებისმიერი გამოცდის მიუხედავად, ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენის შენარჩუნება შეუძლიათ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რა თქვა იესომ თავის მიმდევრებზე: „გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი“ (იოანე 15:20). სინამდვილეში, თავისი მიმდევრების შესახებ, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობენ, იესომ იწინასწარმეტყველა: „მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).

      5. როგორ მიუთითებს საღვთო წერილი, რომ გამოვიცდებით?

      5 ამ საუკუნის დასაწყისში დაიწყო განკითხვა ღვთის სახლიდან. საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველები იყო: „დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა და, თუ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? თუ მართალი ძლივას გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“ (1 პეტრე 4:17, 18).

      რატომ იცდება რწმენა?

      6. რატომ არის გამოცდილი რწმენა ძვირფასი?

      6 გარკვეულწილად, გამოცდის გარეშე შეუძლებელია დამტკიცდეს რწმენის სიმტკიცე, უცნობი რჩება, თუ რამდენად ძლიერია ის. ასეთი რწმენა შეგვიძლია შევადაროთ ჩეკს, რომელიც ჯერ არაა განაღდებული. დავუშვათ, რომ ჩეკით აგინაზღაურეს შესრულებული სამუშაო ან გაყიდული საქონელი ან სულაც საჩუქრად მიიღე ის. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩეკი ყალბი არაა, მაგრამ ასეა ეს? ნამდვილად აქვს ის ფასი, რაც გამოწერილია? მსგავსად ამისა, ვერც ჩვენი რწმენა შეფასდება ერთი შეხედვით და მხოლოდ იმით, რომ საქვეყნოდ ვაცხადებთ მას. გამოცდა აუცილებელია, თუ გვსურს დამტკიცდეს, რომ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს. როდესაც ჩვენი რწმენა გამოცდილია, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ის მტკიცე და ძვირფასია. გამოცდამ შეიძლება ისიც გამოავლინოს, თუ რა მხრივ გვესაჭიროება რწმენის გაძლიერება.

      7, 8. ვინ და რა არის ჩვენი რწმენის გამოცდის გამომწვევი?

      7 ღმერთი უშვებს დევნასა და რწმენის სხვა გამოცდებს, რომლებსაც ვხვდებით. მაგრამ საღვთო წერილში ვკითხულობთ: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). ვინ ან რა არის ამგვარი განსაცდელების გამომწვევი? სატანა, ქვეყნიერება და საკუთარი არასრულყოფილი სხეული.

      8 ალბათ, ვეთანხებით იმ აზრს, რომ სატანა დიდ ზეგავლენას ახდენს წუთისოფელზე, ადამიანების აზროვნებასა და მოქმედებაზე (1 იოანე 5:19). და, რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის იწვევს ქრისტიანების დევნას (გამოცხადება 12:17). მაგრამ გვესმის თუ არა ასევე, რომ სატანა ჩვენს არასრულყოფილ სხეულზე ზემოქმედებითაც ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს, ქვეყნიურ საცდურებსაც იყენებს და იმედოვნებს, რომ ანკესზე წამოვეგებით, ღმერთს განვუდგებით და იეჰოვას კეთილგანწყობილებას დავკარგავთ? რასაკვირველია, სატანის ხრიკები ჩვენთვის უცნობი არაა, რადგანაც ვიცით, თუ როგორ ცდილობდა იესოს შეცდენას (მათე 4:1–11).

      9. როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება რწმენის მაგალითებიდან?

      9 იეჰოვა თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების საშუალებით მისაბაძი რწმენის მაგალითებით უზრუნველგვყოფს. პავლე ამბობდა: „ძმებო, იყავით ჩემი მომბაძავნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ“ (ფილიპელთა 3:17). პავლე, პირველ საუკუნეში ღვთის ერთ-ერთი ცხებული მსახური, მიუხედავად იმისა, რომ დიდი განსაცდელების გადატანა უხდებოდა, წინ უძღოდა რწმენის საქმეებს. დღესაც, XX საუკუნის ბოლოს, მრავლად გვაქვს რწმენის მსგავსი მაგალითები. ებრაელთა 13:7-ში ჩაწერილი სიტყვები დღესაც ისეთივე საგულისხმოა, როგორც მაშინ, როდესაც პავლემ დაწერა: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას“.

      10. რწმენის რა განსაკუთრებული მაგალითები გვაქვს ამ უკანასკნელ ჟამს?

      10 ეს შეგონება განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რა შედეგი გამოიღო ცხებულთა დარჩენილი ნაწილის საქმეებმა. შეგვიძლია დავფიქრდეთ ამ მაგალითზე და მივბაძოთ მათს რწმენას. ცხებულების რწმენა ჭეშმარიტი იყო, რომელიც განსაცდელებმა განამტკიცა. 1870-იან წლებში არსებული მცირე ჯგუფიდან ქრისტიანების მსოფლიო ძმობა ჩამოყალიბდა. ცხებული ქრისტიანების რწმენისა და სიმტკიცის შედეგია, რომ დღეს იეჰოვას ხუთ-ნახევარ მილიონზე მეტი მოწმე ქადაგებს და ასწავლის ღვთის სამეფოს შესახებ. მთელ მსოფლიოში გულმოდგინე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების არსებობა იმ რწმენის მოწმობაა, რომელმაც გამოცდებს გაუძლო (ტიტე 2:14).

      რწმენის გამოცდა 1914 წელთან დაკავშირებით

      11. რით იყო ჩ. ტ. რასელისთვისა და სხვა ძმებისთვის 1914 წელი მნიშვნელოვანი?

      11 პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე ცხებული ქრისტიანები ქადაგებდნენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების მხრივ 1914 წელი მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ მათი ზოგიერთი მოლოდინი ნაადრევი იყო და მომავლის შესახებ თვალსაზრისი ზუსტი არ აღმოჩნდა. მაგალითად, ჩ. ტ. რასელი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი, და საზოგადოების სხვა წევრები ხედავდნენ, რომ უდიდესი მასშტაბის სამქადაგებლო სამუშაო იყო შესასრულებელი. ისინი კითხულობდნენ: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). მაგრამ როგორ შეძლებდა მათი მცირე ჯგუფი ოდესმე ამის შესრულებას?

      12. როგორ გამოეხმაურა ბიბლიურ ჭეშმარიტებას რასელის ერთ-ერთი თანამშრომელი?

      12 განვიხილოთ როგორი ზეგავლენა მოახდინა ამან ა. ჰ. მაკმილანზე, რომელიც რასელთან თანამშრომლობდა. კანადაში დაბადებული მაკმილანი ოცი წლისაც არ იყო, როდესაც შეიძინა რასელის წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ (1886 წელი) (ეს წიგნი ფართოდ გავრცელებული „საღვთო წერილის გამოკვლევის“ [ინგლ.] I ტომი გახდა. II ტომი, „დრო ახლოსაა“ [1889 წელი], მიუთითებდა 1914 წელზე, როგორც ‘წარმართთა ჟამის’ დასასრულზე [ლუკა 21:24]). იმ ღამეს, როდესაც მაკმილანმა კითხვა დაიწყო, ფიქრობდა: „ეს ჭეშმარიტებაა!“ 1900 წლის ზაფხულში, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე — როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ეწოდებოდათ — ის რასელს შეხვდა. მცირე ხანში მაკმილანი მოინათლა და მუშაობა დაიწყო ძმა რასელთან, საზოგადოების მთავარ სამმართველოში, ნიუ-იორკში.

      13. რა პრობლემას ხედავდნენ მაკმილანი და მისი თანამშრომლები მათეს 24:14-ის შესრულებასთან დაკავშირებით?

      13 ეს ცხებული ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ, ბიბლიის თანახმად, ღვთის განზრახვების შესრულების მხრივ 1914 წელი გარდამტეხი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაკმილანსა და ასევე სხვებსაც აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო მასშტაბით ყველა ხალხისთვის ქადაგება დარჩენილ მცირე დროში. მოგვიანებით მან თქვა: «მახსოვს, რომ ხშირად, როდესაც მე და ძმა რასელი ვმსჯელობდით ამ საკითხზე, ის ამბობდა: „ძმაო, აქვე, ნიუ-იორკში, უფრო ბევრი ებრაელი ცხოვრობს, ვიდრე იერუსალიმში, იმაზე მეტი ირლანდიელი, ვიდრე დუბლინში, და იმაზე მეტი იტალიელი, ვიდრე რომში. თუ მათ აქ ვუქადაგებთ, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ცნობა მთელ მსოფლიოს მისწვდა“. მაგრამ ასეთი ახსნა დამაკმაყოფილებლად არ გვეჩვენებოდა. ამიტომ, შემდეგ „ფოტოდრამის“ იდეა დაიბადა».

      14. რა მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყეს 1914 წლამდე?

      14 რა დიდებული წამოწყება იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“! ეს იყო კინოფილმი და ფერადი სლაიდები ბიბლიური მოხსენებებისა და ფონოგრაფზე ჩაწერილი მუსიკის თანხლებით. 1913 წელს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ არკანზასში (აშშ) ჩატარებული კონგრესის შესახებ წერდა: „ერთხმად გადაწყდა, რომ დროა ბიბლიური ჭეშმარიტებების სასწავლებლად კინოფილმი გამოვიყენოთ. . . [რასელმა] განაცხადა, რომ ამ გეგმაზე მისი სამი წლის მუშაობის შემდეგ თითქმის მზადაა ასობით მშვენიერი სურათი, რომლებიც აუცილებლად მიიზიდავს ხალხის მასებს, აუწყებს სახარებას და ადამიანებს ღვთის რწმენას დაუბრუნებს“.

      15. როგორი შედეგები მოჰყვა „შემოქმედების ფოტოდრამას“?

      15 „ფოტოდრამის“ პრემიერას 1914 წლის იანვარში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აი, რამდენიმე ცნობა „საგუშაგო კოშკის“ 1914 წლის ნომრებიდან:

      1 აპრილი: «ერთმა პიროვნებამ ორი ნაწილის ნახვის შემდეგ თქვა: „მე მხოლოდ „შემოქმედების ფოტოდრამის“ ნახევარი ვნახე, მაგრამ ბიბლიის შესახებ უკვე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე სასულიერო სემინარიაში სამი წლის მანძილზე“. ერთმა ებრაელმა კაცმა ნახვის შემდეგ აღნიშნა: „ახლა უკეთესი იუდეველი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი“. რამდენიმე კათოლიკე მღვდელი და მონაზონი დაესწრო დრამას, რომლებმაც დიდი მადლიერება გამოხატეს. . . დრამის ჯერ მხოლოდ თორმეტი კომპლექტია დასრულებული. . . მიუხედავად ამისა, უკვე ოცდათერთმეტ ქალაქში ვაჩვენებთ. . . ყოველდღიურად ოცდათხუთმეტ ათასზე მეტი ადამიანი ნახულობს, ისმენს, იხიბლება, ფიქრდება და კურთხევას ღებულობს».

      15 ივნისი: «ამ სურათების ნახვის შედეგად ჭეშმარიტების უფრო გულმოდგინე მქადაგებელი გავხდი და ჩვენი ზეციერი მამის და ჩვენი უფროსი ძმის, იესოს მიმართ, ჩემი სიყვარული გაიზარდა. ღმერთს ყოველდღე ვევედრები, რომ უხვად აკურთხოს „შემოქმედების ფოტოდრამა“ და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში. . . მეც თქვენი თანამსახური ვარ (ფ. უ. ნოჩი, აიოვა)».

      15 ივლისი: «სიხარულით აღვნიშნავთ, რომ სურათებმა ამ ქალაქის მცხოვრებლებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა და გვჯერა, რომ ეს დამოწმებაც შეუწყობს ხელს მათ შეკრებას, რომლებიც უფლის თვალში რჩეულ ძვირფასეულობას წარმოადგენენ. აქ მრავალი პიროვნება გახდა ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი მას შემდეგ, რაც „შემოქმედების ფოტოდრამას“ დაესწრო. . . თქვენი სულიერი და უფალში, ემა ლ. ბრიკერი».

      15 ნოემბერი: «დარწმუნებული ვართ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ საუცხოო დამოწმებაა „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენება ლონდონის ოპერის თეატრში, კინგზუეიში. უფლის ხელმძღვანელობა იმდენად აშკარად იგრძნობა გამოფენის თითოეულ წვრილმანში, რომ ძმები უსაზღვროდ ხარობდნენ. . . აუდიტორია სხვადასხვა ფენის ადამიანებისგან შედგებოდა; დამსწრეთა შორის მრავალი სასულიერო პირიც შევნიშნეთ. ერთმა მღვდელმა. . . ბილეთები მოითხოვა, რომ მეუღლესთან ერთად კვლავ მოსულიყო სანახავად. ანგლიკანური ეკლესიის ერთი მოძღვარი რამდენჯერმე დაესწრო „შემოქმედების ფოტოდრამას“ და. . . მის სანახავად ბევრი მეგობარი მოიყვანა. ასევე ორმა ეპისკოპოსმა და რამდენიმე საპატიო პიროვნებამაც ნახა ის».

      1 დეკემბერი: «მე და ჩემი მეუღლე მადლობას ვწირავთ ჩვენს ზეციერ მამას ამ დიდებული და უძვირფასესი კურთხევისთვის, რომელიც თქვენი მეშვეობით მივიღეთ. თქვენი არაჩვეულებრივი „ფოტოდრამის“ საშუალებით შევიცანით ჭეშმარიტება. . . ჩვენ გვაქვს თქვენი ექვსტომიანი ნაშრომი „წერილების გამოკვლევა“. ის დიდ დახმარებას გვიწევს».

      როგორ შეხვდნენ მაშინდელ გამოცდებს

      16. რატომ იყო 1914 წელი რწმენის გამოცდის დრო?

      16 რა მოხდა მაშინ, როდესაც ამ გულწრფელი და ერთგული ქრისტიანების მოლოდინი 1914 წელს უფალთან შეერთების შესახებ არ გამართლდა? ამ ცხებულმა ქრისტიანებმა განსაკუთრებული გამოცდა გადაიტანეს. 1914 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „არ დაგვავიწყდეს, რომ გამოცდის დრო დაგვიდგა“. ამის შესახებ წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ ([ინგლ.], 1993 წელი) ნათქვამია: „1914—1918 წლები მართლაც „გამოცდის დრო“ იყო ბიბლიის მკვლევარებისთვის“. განიმტკიცებდნენ ისინი საკუთარ რწმენას და შეიცვლიდნენ აზროვნებას, რომ უდიდესი სამუშაოს წამოწყება შეძლებოდათ?

      17. რა რეაქცია ჰქონდათ ერთგულ ცხებულებს 1914 წლის შემდეგ დედამიწაზე დარჩენასთან დაკავშირებით?

      17 „საგუშაგო კოშკის“ 1916 წლის 1 სექტემბრის ნომერში ნათქვამი იყო: „ჩვენი წარმოდგენით ეკლესიის წევრების [ცხებულების] მკა წარმართთა დროის დასასრულამდე უნდა დამთავრებულიყო; მაგრამ ბიბლიაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. . . სინანულს ხომ არ ვგრძნობთ, რომ მკა გრძელდება? . . დღეს, ძვირფასო ძმებო, ღვთისადმი უდიდეს მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ, უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ ამ არაჩვეულებრივ ჭეშმარიტებას, რომლის გაგებისა და შეცნობის უპირატესობაც ღმერთმა გვიბოძა, და უფრო მონდომებული უნდა ვიყოთ, რომ ჭეშმარიტება ხალხამდე მივიტანოთ“. მათი რწმენა გამოიცადა, მაგრამ ისინი გაბედულად შეხვდნენ გამოცდას და შეძლეს მისი გადატანა. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებს, უნდა გვესმოდეს, რომ რწმენის გამოცდა შეიძლება უამრავი და სხვადასხვაგვარი იყოს.

      18, 19. რწმენის კიდევ რა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა ღვთის ხალხი ძმა რასელის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ?

      18 მაგალითად, ძმა ჩარლზ ტ. რასელის სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი სხვაგვარად გამოიცადა. ეს იყო მათი ურყევი ერთგულებისა და რწმენის გამოცდა. ვინ წარმოადგენდა მათეს 24:45-ში მოხსენიებულ ‘ერთგულ და გონიერ მონას’? ზოგის აზრით, ეს თვით ძმა რასელი იყო და ისინი უარზე იყვნენ, რომ ორგანიზაციაში ცვლილებებს კეთილგანწყობილებით შეხვედროდნენ. თუ ის იყო მონა, მაშინ რა უნდა გაეკეთებინათ ძმებს მისი სიკვდილის შემდეგ? უნდა გაჰყოლოდნენ რომელიმე სხვა პიროვნებას თუ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ იეჰოვა არა ერთ პიროვნებას, არამედ ქრისტიანებიდან მთელ ჯგუფს იყენებდა როგორც მონას?

      19 ჭეშმარიტი ქრისტიანები კიდევ ერთხელ გამოიცადნენ, როდესაც ქრისტიანული სამყაროს მიერ აღძრულმა პოლიტიკოსებმა 1918 წელს იეჰოვას ორგანიზაციის საზიანოდ ‘უსამართლობა ჩაიდინეს’ (ფსალმუნი 93:20). ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბიბლიის მკვლევარების სასტიკი დევნა დაიწყო. სამღვდელოების მიერ გამოწვეულმა წინააღმდეგობამ კულმინაციას 1918 წლის 7 მაისს მიაღწია, როდესაც ამერიკის ფედერალურმა ბიურომ ჯ. ფ. რუტერფორდისა და სხვების, მათ შორის ა. ჰ. მაკმილანის, დასაპატიმრებელი ორდერი გასცა. მათ ანტისამთავრობო მოღვაწეობაში უსამართლოდ დასდეს ბრალი და ხელისუფლებმა უარი განაცხადეს, დაეცვათ ისინი.

      20, 21. რა შესრულდა ცხებულებზე, რაც მალაქიას 3:1–3-ში იყო ნაწინასწარმეტყველები?

      20 მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვერ ხვდებოდნენ, დაწყებული იყო განწმენდა, რომელიც მალაქიას 3:1–3-ში იყო აღწერილი: „ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან [აღთქმის ანგელოზი] გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი“.

      21 პირველ მსოფლიო ომთან ერთად ბიბლიის ზოგი მკვლევარი რწმენის სხვა გამოცდას შეხვდა — დარჩებოდნენ თუ არა სრულიად ნეიტრალურები ქვეყნიურ სამხედრო საქმეებთან დაკავშირებით (იოანე 17:16; 18:36). ზოგმა ეს ვერ შეძლო. ამგვარად, 1918 წელს იეჰოვამ „აღთქმის ანგელოზი“, იესო ქრისტე, თავის სულიერ ტაძარში გამოგზავნა, რათა თავისი თაყვანისმცემლების მცირე ჯგუფი წუთისოფლის საქმეებისაგან გაეთავისუფლებინა და განეწმინდა. ვინც ჭეშმარიტი რწმენა გამოავლინა, ამ შემთხვევიდან გამოცდილება მიიღო და გულმოდგინედ განაგრძო ქადაგება.

      22. რას განვიხილავთ რწმენის გამოცდასთან დაკავშირებით?

      22 ჩვენ მიერ განხილული მხოლოდ ისტორია არ არის. ეს პირდაპირ კავშირშია იეჰოვას მსოფლიო კრების დღევანდელ სულიერ მდგომარეობასთან. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ რწმენის ზოგ გამოცდას, რომლებსაც ღვთის ხალხი ხვდება დღეს, და ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია მსგავს გამოცდებთან გამკლავება.

  • თქვენი რწმენა იცდება
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
    • თქვენი რწმენა იცდება

      „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2, 3).

      1. რატომ უნდა მოელოდნენ ქრისტიანები რწმენის გამოცდას?

      ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ აქვთ ტანჯვის სურვილი და ტკივილისა თუ დამცირებისგან სიამოვნებას არ ღებულობენ. და მაინც, მათ ახსოვთ იესოს ნახევარძმის, იაკობის, ზემოხსენებული სიტყვები. ქრისტემ თავის მოწაფეებს ნათლად აუხსნა, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრების გამო დევნასა და სხვა წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ (მათე 10:34; 24:9–13; იოანე 16:33). მიუხედავად ამისა, ასეთი გამოცდები შეიძლება სიხარულის მიზეზი იყოს. როგორ?

      2. ა) რა მხრივ წარმოადგენს რწმენის გამოცდა სიხარულის მიზეზს? ბ) როგორ არის შესაძლებელი, რომ მოთმინებას ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება ჩვენს შემთხვევაში?

      2 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გვიხარია განსაცდელისა და რწმენის გამოცდის დროს, ის არის, რომ ამას კარგი ნაყოფის გამოღება შეუძლია. იაკობის თანახმად, გამოცდებისა და დაბრკოლებების გადატანა „მოთმინებას შობს“. ამ ძვირფასი ქრისტიანული თვისების განვითარება ჩვენთვის სასარგებლო. იაკობმა დაწერა: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:4). მოთმინებამ უნდა ‘იმოქმედოს’. მან ყოველმხრივ სრულქმნილი უნდა გაგვხადოს და მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში დაგვეხმაროს. აქედან გამომდინარე, თუ არაბიბლიური გზებით არ ვეცდებით განსაცდელებისგან თავის სწრაფად დაღწევას, ჩვენი რწმენა გამოიცდება და უფრო მეტად განმტკიცდება. თუ არ ვავლენთ მოთმინებას, თანაგრძნობას, სიკეთესა და სიყვარულს სხვადასხვა ვითარებებში ან სხვების მიმართ, მოთმინება ამ მხრივაც გაგვაუმჯობესებს. დიახ, შედეგი შემდეგნაირია: გამოცდები წარმოშობს მოთმინებას; მოთმინება განამტკიცებს ქრისტიანულ თვისებებს; ეს ყოველივე კი სიხარულის მიზეზს წარმოადგენს (1 პეტრე 4:14; 2 პეტრე 1:5–8).

      3. რატომ არ უნდა ავარიდოთ შიშით თავი განსაცდელებსა და რწმენის გამოცდას?

      3 მოციქულმა პეტრემაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს და რატომ არ უნდა ვარიდებდეთ თავს რწმენის გამოცდას. ის წერდა: „ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად სხვადასხვა განსაცდელში მცირედ უნდა გაწვალდეთ. რათა გამოჩნდეს თქვენი ნაცადი რწმენა ხრწნად ოქროზე ძვირფასი, — რომელიც ცეცხლში იცდება, — ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:6, 7). ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით გამამხნევებელია, რადგან როგორც „დიდი გასაჭირი“, ისე ქების, პატივის, დიდებისა და ხსნის დრო დღეს უფრო ახლოსაა, ვიდრე ზოგი ფიქრობს და ვიდრე მაშინ, როდესაც ვირწმუნეთ (მათე 24:21; რომაელთა 13:11, 12).

      4. რა თვალსაზრისი ჰქონდა ერთ ძმას გამოცდების შესახებ, რომლებსაც ის და სხვა ცხებული ქრისტიანები შეხვდნენ?

      4 წინა სტატიაში განვიხილეთ გამოცდები, რომლებსაც 1914 წლიდან ცხებულთა დარჩენილი ნაწილი შეხვდა. იყო ეს სიხარულის მიზეზი? წარსულის შესახებ ა. ჰ. მაკმილანის აზრი შემდეგნაირია: „ორგანიზაცია მრავალჯერ აღმოჩნდა მძიმე განსაცდელის წინაშე და მისი წევრების რწმენა გამოიცადა. ღვთის სულის დახმარებით ორგანიზაციამ გაუძლო ყოველივეს და განაგრძო განვითარება. დავრწმუნდი, რომ ბრძნულია, მოთმინებით დაველოდოთ, ვიდრე იეჰოვა დაგვეხმარება უკეთესად ჩავწვდეთ ბიბლიურ საკითხებს, იმის ნაცვლად რომ გული გავიტეხოთ სიახლის გამო. . . რა ცვლილებებიც არ უნდა მოვახდინოთ დროდადრო ჩვენს თვალსაზრისში, ვერაფერი შეცვლის ღვთის მიერ გულმოწყალებით გათვალისწინებულ გამოსყიდვასა და მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ დანაპირებს. ასე რომ, არავითარი მიზეზი არ გვქონია, რწმენა დაგვეკარგა იმის გამო, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და თვალსაზრისი შეიცვალა“ (1966 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 504 [ინგლ.]).

      5. ა) რით იყო სარგებლობის მომტანი ცხებულთა დარჩენილი ნაწილის გამოცდები? ბ) რატომ არის გამოცდის საკითხი ჩვენთვის საინტერესო?

      5 ცხებული ქრისტიანები, რომლებმაც 1914—1919 წლების გამოცდებს გაუძლეს, ქვეყნიერების ზეგავლენისა და დიდი ბაბილონის რელიგიების მრავალი საქმისგან გათავისუფლდნენ. განწმენდილი და გამოწრთობილი დარჩენილი ნაწილი სიხარულით სწირავდა ღმერთს ქების მსხვერპლს და დარწმუნებული იყო, რომ, როგორც ერს, ღვთის კეთილგანწყობილება ჰქონდა მოპოვებული (ესაია 52:11; 2 კორინთელთა 6:14–18). განკითხვა ღვთის სახლიდან დაეწყო, მაგრამ ის მაშინვე არ უნდა დამთავრებულიყო. ღვთის ხალხის გამოცდა და ღირსეულების გამორჩევა კვლავაც გრძელდება. ასევე იცდება იმათი რწმენა, რომლებიც ‘უამრავ ხალხს’ ქმნიან და მოახლოებულ ‘დიდ გასაჭირში’ გადარჩენას იმედოვნებენ (გამოცხადება 7:9, 14). ისინი ცხებულთა დარჩენილი ნაწილის მსგავსადაც იცდებიან და შეიძლება სხვაგვარადაც გამოიცადონ.

      როგორ შეიძლება გამოიცადო?

      6. რომელია ერთ-ერთი მძიმე გამოცდა, რომელიც მრავალმა გადაიტანა?

      6 მრავალი ქრისტიანი დაფიქრებულა პირდაპირი გამოცდის სირთულეზე. ისინი იხსენებენ შემდეგ ცნობას: „[იუდეველმა წინამძღოლებმა] დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს ისინი. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქმეები 5:40, 41). ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენს საუკუნეშიც, განსაკუთრებით კი მსოფლიო ომების დროს, მდევნელები მრავალ იეჰოვას მოწმეს სცემდნენ და უარესადაც ეპყრობოდნენ.

      7. როგორი რწმენა გამოავლინა ზოგმა ქრისტიანმა ჩვენს დროში?

      7 რაც შეეხება ქრისტიანების დევნას, წუთისოფლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცხებულთა დარჩენილ ნაწილს წარმოადგენენ ისინი, თუ უამრავ ხალხს ‘სხვა ცხვრებიდან’ (იოანე 10:16). წლების განმავლობაში ორივე ჯგუფის წარმომადგენლები უმკაცრესად იცდებოდნენ პატიმრობითა და წამებითაც კი ღვთის სიყვარულისა და რწმენის გამო. ორივე ჯგუფს ესაჭიროებოდა სულიწმიდა, მიუხედავად იმის, თუ როგორი იმედი აქვთ (შეადარე 1996 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31 [რუს.]). ნაცისტურ გერმანიაში 30—40-იან წლებში იეჰოვას მრავალმა მსახურმა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, უდიდესი რწმენა გამოავლინა და უმრავლესობამ უკიდურეს გამოცდებსაც კი გაუძლო. ახლო წარსულში კი იეჰოვას ხალხი დევნას შეხვდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბურუნდი, ეთიოპია, ერიტრეა, ზაირი, მალავი, მოზამბიკი, რუანდა და სინგაპური. და ამგვარი გამოცდები კვლავაც გრძელდება.

      8. როგორ აჩვენებს ერთი აფრიკელი ძმის ნათქვამი, რომ რწმენის გამოცდა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე დევნის დროს ცემის ატანას?

      8 მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი რწმენა შეუმჩნევლადაც იცდება. ზოგჯერ გამოცდა პირდაპირი არაა და ვერც კი ვხვდებით, თუ ვიცდებით. დაფიქრდი, რა რეაქცია გექნებოდა შემდეგზე. ანგოლაში, ერთი ძმა, ათი შვილის მამა, იმ კრებაში იყო, რომელთანაც რაღაც დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდათ პასუხისმგებელ ძმებს. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა, რომ ეს კრება მოენახულებინათ. ამ ძმას ჰკითხეს, თუ როგორ არჩენდა ოჯახს. მისთვის ადვილი არ იყო პასუხის გაცემა და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ უჭირდა. შეეძლო, რომ ბავშვები დღეში ერთხელ მაინც გამოეკვება? „ძლივს ვახერხებდი, — უპასუხა მან, — ჩვენ ვისწავლეთ, რომ იმას დავჯერდეთ, რაც მოგვეპოვება“. შემდეგ კი მტკიცედ განაგრძო: „მაგრამ, განა ამას არ უნდა მოველოდეთ ამ უკანასკნელ დღეებში?“ ასეთი რწმენა წუთისოფლისთვის საოცარია, მაგრამ ურყევად ერთგული ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სწამთ, რომ სამეფოსთან დაკავშირებული დაპირებები შესრულდება, უჩვეულოს არ წარმოადგენს.

      9. როგორ ვიცდებით 1 კორინთელთა 11:3-ში მოცემულ პრინციპთან დაკავშირებით?

      9 „უამრავი ხალხი“ თეოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებითაც იცდება. მსოფლიო ქრისტიანული კრება ღვთის პრინციპებითა და თეოკრატიულ ნორმებით ხელმძღვანელობს. ეს, უმთავრესად, ნიშნავს იესო ქრისტეს, როგორც კრების თავის, აღიარებას (1 კორინთელთა 11:3). მისადმი და მისი მამისადმი მორჩილების სურვილი ცხადი ხდება, თუ ნდობას ვამჟღავნებთ თეოკრატიული დანიშვნებისა და გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც იეჰოვას ნების შესასრულებლად ჩვენს გაერთიანებულ მსახურებას ეხება. გარდა ამისა, თითოეულ კრებაში დანიშნული არიან ხელმძღვანელები. ისინი არასრულყოფილ ადამიანებს წარმოადგენენ და შეიძლება მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ვხედავთ. და მაინც, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავემორჩილოთ ასეთ ზედამხედველებს (ებრაელთა 13:7, 17). ხომ არ გიჭირს ზოგჯერ მათდამი მორჩილების გამოვლენა? იქნებ ეს შენთვის მართლაც გამოცდაა? თუ ასეა, ღებულობ სარგებლობას რწმენის ამ გამოცდიდან?

      10. როგორ ვიცდებით სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით?

      10 ასევე ვიცდებით რეგულარულ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს უპირატესობასა და, ამავე დროს, აუცილებლობას წარმოადგენს. ამ გამოცდის გადასატანად უნდა გვესმოდეს, რომ მსახურებაში მონაწილეობის მიღება უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე დროდადრო მცირე დროით ქადაგებას. გაიხსენე, თუ როგორ მოიწონა იესომ ღარიბი ქვრივი, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რაც ჰქონდა (მარკოზი 12:41–44). შეგვიძლია დავფიქრდეთ: „მსგავსად ამისა, ვაკეთებ სამქადაგებლო მსახურებაში ყველაფერს, რაც შემიძლია?“ ჩვენ ყოველთვის იეჰოვას მოწმეები უნდა ვიყოთ და ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ჩვენმა ნათელმა ანათოს (მათე 5:16).

      11. რა მხრივ წარმოადგენს გამოცდას ბიბლიური ჭეშმარიტებების გაგებაში მომხდარი ცვლილებები და ქცევასთან დაკავშირებული რჩევები?

      11 შეიძლება იმასთან დაკავშირებითაც გამოვიცადოთ, თუ რამდენად მადლიერი ვართ, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას უფრო და უფრო ეფინება ნათელი და ერთგული მონა რჩევებით უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). ზოგჯერ ეს მოითხოვს პირადი ქცევის შეცვლას, როგორც ეს, მაგალითად, მაშინ იყო საჭირო, როდესაც ნათელი გახდა, რომ თამბაქოს მწეველებს უნდა მიეტოვებინათ ეს ჩვევა, თუ კრებაში დარჩენა სურდათa (2 კორინთელთა 7:1). ასევე შეიძლება გამოვიცადოთ, როდესაც საჭიროა გავაწონასწოროთ ჩვენი თვალსაზრისი მუსიკასთან ან გართობის გარკვეულ ფორმებთან დაკავშირებითb. ეჭვქვეშ დავაყენებთ მოცემული რჩევების გონივრულობას? თუ სურვილი გვექნება, რომ ღვთის სულიწმიდამ იმოქმედოს ჩვენს აზროვნებაზე და დახმარება აღმოგვიჩინოს ქრისტიანულ პიროვნებად შემოსვაში? (ეფესელთა 4:20–24; 5:3–5).

      12. რა არის საჭირო რწმენის განსამტკიცებლად მონათვლის შემდეგ?

      12 ათწლეულების მანძილზე იზრდება „უამრავი ხალხის“ რიცხვი, რომლებიც ინათლებიან და იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ. ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კონგრესებზე დასწრებას, სამეფო დარბაზში ზოგ შეხვედრაზე წასვლას და ხანდახან სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას. მაგალითად, პიროვნება შეიძლება გამოეყო დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, მაგრამ ნამდვილად მიატოვა ის? თუ ისევ მისდევს საქმეებს, რომლებიც დიდი ბაბილონის სულს ირეკლავს — სულს, რომელიც ღვთის სამართლიან ნორმებს უგულებელყოფს? უყურებს თუ არა სერიოზულად ზნეობასა და ცოლქმრულ ერთგულებას? პირად და მატერიალურ ინტერესებს სულიერ ინტერესებზე წინ ხომ არ აყენებს? იცავს თავს შეურყვნელად წუთისოფლისგან? (იაკობი 1:27).

      გამოცდილ რწმენას სარგებლობა მოაქვს

      13, 14. როგორ მოიქცა ზოგი მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტი მორწმუნე გახდა?

      13 თუ ნამდვილად დავაღწიეთ თავი დიდ ბაბილონს და გამოვეყავით წუთისოფელს, ნუ დავიწყებთ უკან ყურებას. ლუკას 9:62-ში მოცემული პრინციპის თანახმად, უკან მიხედვის გამო შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ვეღარ გახდეს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი. იესომ თქვა: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება“.

      14 ზოგმა ქრისტიანმა დაუშვა, რომ ამ სისტემის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყო. მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს წუთისოფლის სულს (2 პეტრე 2:20–22). ქვეყნიურმა გართობებმა გაიტაცა ისინი და შეიწირა მათი დრო, რამაც ხელი შეუშალა მათ წინსვლას. იმის ნაცვლად, რომ გულსა და გონებაში მტკიცედ ჩაებეჭდათ ღვთის სამეფო და მისი სიმართლე და პირველ ადგილზე დაეყენებინათ ცხოვრებაში, მათ მატერიალური მიზნებისკენ გადაუხვიეს. თუ არ მიხვდებიან, რომ სუსტი რწმენა აქვთ და ნელთბილი არიან, და ღვთისგან მომდინარე რჩევების მიყოლით არ შეიცვლიან ცხოვრების მიზნებს, იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან ძვირფასი ურთიერთობის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ (გამოცხადება 3:15–19).

      15. რა არის საჭირო, რომ ღვთის კეთილგანწყობილება შევინარჩუნოთ?

      15 მხოლოდ იმ შემთხვევაში გავმართლდებით და გადავრჩებით დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება, თუ დავიცავთ სიწმინდეს და ‘გავირეცხავთ სამოსს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9–14; 1 კორინთელთა 6:11). თუ არ შევინარჩუნებთ, უმწიკვლოებას ჩვენი წმინდა მსახურება ღვთისთვის მიუღებელი იქნება. რასაკვირველია, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ გამოცდილი რწმენა დაგვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს და თავს არ დავიტეხოთ ღვთის უკმაყოფილება.

      16. რა მხრივ შეიძლება სიცრუე ჩვენი რწმენის გამოცდას წარმოადგენდეს?

      16 ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვადასხვა ავტორიტეტული პირები ცრუ ბრალდებებს უყენებენ ღვთის ხალხს, ამახინჯებენ ქრისტიანულ სწავლებებსა და ცხოვრების წესს. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, ვინაიდან იესო ნათლად გვიხსნის, რომ ‘წუთისოფელი შეგვიძულებს, რადგან არ ვართ მისი ნაწილი’ (იოანე 17:14). უნდა დავუშვათ, რომ სატანის მიერ დაბრმავებულმა პიროვნებებმა დაგვაშინონ, გული გაგვიტეხონ და, შედეგად, შეგვრცხვეს კეთილი ცნობის? დავუშვებთ, რომ ჭეშმარიტების შესახებ სიცრუემ ზეგავლენა მოახდინოს შეხვედრებზე ჩვენს დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებაზე? თუ მტკიცედ ვიდგებით, გამბედაობას გამოვიჩენთ და მზად ვიქნებით უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რომ იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება განვაცხადოთ?

      17. რაში ვართ დარწმუნებული, რაც აღგვძრავს, კვლავაც გამოვავლინოთ რწმენა?

      17 შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებების მიხედვით ჩვენ აღსასრულის დროს ვცხოვრობთ. სამართლიან ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი, რომელიც ბიბლიიდან გამომდინარეობს, უეჭველად გამართლდება. იმ დღის მოსვლამდე კი დაე ყველამ მტკიცე რწმენა გამოვავლინოთ ღვთის სიტყვისადმი და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მთელ მსოფლიოში კვლავაც გაბედულად ქადაგებით დავამტკიცოთ ის. დაფიქრდი, რომ ყოველკვირეულად ათასობით ახალი მოწაფე ინათლება. განა ეს საკმარის მიზეზს არ გვაძლევს, დავაფასოთ იეჰოვას მოთმინება განაჩენის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ადამიანს უფრო და უფრო მეტ აძლევს გადარჩენის საშუალებას? განა არ ვხარობთ, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება, რომელიც გადარჩენის მომტანია, ღვთის ნებით კვლავაც გრძელდება? და განა სიხარულს არ გვანიჭებს, რომ მილიონობით ადამიანი ღებულობს ჭეშმარიტებას და რწმენას ავლენს?

      18. რა გაქვს განზრახული იეჰოვასადმი მსახურებასთან დაკავშირებით?

      18 შეუძლებელია ვთქვათ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რწმენის გამოცდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია: იეჰოვას დადგენილი აქვს დღევანდელი ბოროტი ცისა და მიწის განკითხვის დღე. მანამ კი ვეცადოთ, ჩვენც გვქონდეს გამოცდილი, უდიდესი რწმენა, რომელიც რწმენის სრულმყოფელმა, იესომ, გამოავლინა. და მივბაძოთ ასაკოვან ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და ყველას, ვინც ჩვენ შორის გაბედულად განაგრძობს მსახურებას.

      19. რა სძლევს წუთისოფელს, რაშიც დარწმუნებული ვართ?

      19 მზად უნდა ვიყოთ, დაუღალავად ვაუწყოთ მარადიული კეთილი ცნობა ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს ზეცის შუა მფრინავ ანგელოზთან ერთად. დაე მათ ყურამდეც მივიდეს ანგელოზის სიტყვები: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). რას მოიტანს შედეგად ჩვენი რწმენის გამოცდა, როდესაც ღვთის სამსჯავრო აღსრულდება? განა დიდი ბედნიერება არ იქნება ამ სისტემიდან ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში შესვლა? რწმენის გამოცდის გადატანით ჩვენც შეგვეძლება მოციქული იოანეს მსგავსად ვთქვათ: „ეს არის ძლევა, წუთისოფლის მძლეველი — ჩვენი რწმენა“ (1 იოანე 5:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება