-
ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
-
-
ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?
„მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:15, აქ).
1, 2. როგორ განმარტავდით მარკოზის 1:14, 15-ს?
ეს იყო ახ. წ. 30 წელი. იესო ქრისტემ გალილეაში თავისი მნიშვნელოვანი მსახურება დაიწყო. ის „სასიხარულო ცნობას“ ქადაგებდა. მრავალ გალილეველზე დიდად იმოქმედა მისმა სიტყვებმა: „დადგენილი დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:14, 15, აქ).
2 „დადგენილი დრო“ იესოსთვის მსახურების დაწყებას ნიშნავდა, ხალხისთვის კი — დროს, როდესაც ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ (ლუკა 12:54—56). „ღვთის სამეფო“ მოახლოებული იყო იმ გაგებით, რომ მეფედ ცხებული იესო იმ დროს დედამიწაზე იმყოფებოდა. მისმა ქადაგებამ მრავალი გულმართალი ადამიანი აღძრა მონანიებისკენ. მაგრამ როგორ უნდა გამოევლინათ მათ სასიხარულო ცნობისადმი რწმენა და როგორ გავაკეთოთ ჩვენც იგივე?
3. რა საქმეები აჩვენებს სასიხარულო ცნობისადმი რწმენას?
3 იესოს მსგავსად, მოციქული პეტრეც მონანიებისკენ მოუწოდებდა ხალხს. იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ იუდეველებს პეტრემ მიმართა: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს“. ათასობით ადამიანმა მოინანია. ისინი მოინათლნენ და იესოს მიმდევრები გახდნენ (საქმეები 2:38, 41; 4:4). ახ. წ. 36 წელს არაიუდეველებიც ასევე მოიქცნენ (საქმეები 10:1—48). ჩვენს დროში სასიხარულო ცნობისადმი რწმენამ ათასობით ადამიანი აღძრა, რომ მოენანიებინათ ცოდვები, თავი მიეძღვნათ ღმერთისთვის და მონათლულიყვნენ. მათ მიიღეს სასიხარულო ცნობა ხსნის შესახებ; ისინი რწმენას ავლენენ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი. გარდა ამისა, სიკეთეს აკეთებენ და ღვთის სამეფოს მხარეზე დგანან.
4. რა არის რწმენა?
4 მაგრამ რა არის რწმენა? მოციქული პავლე წერდა: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). რწმენა ისეთ ნდობას გვინერგავს ღვთის აღთქმებისადმი, რომლებიც მისივე სიტყვაშია ჩაწერილი, თითქოს ისინი უკვე შესრულდა. თითქოს ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გარკვეული საკუთრება გვეკუთვნის. რწმენა აგრეთვე არის უხილავის „დადასტურება“, ანუ აშკარა მტკიცება. გონებით და მადლიერებით აღსავსე გულით ისეთი რამის არსებობაში ვართ დარწმუნებული, რასაც ვერ ვხედავთ (2 კორინთელთა 5:7; ეფესელთა 1:18).
ჩვენ გვჭირდება რწმენა!
5. რატომ არის მნიშვნელოვანი რწმენა?
5 თუმცა სულიერი მოთხოვნილებები დაბადებიდან გვაქვს, რწმენა თან არ დაგვყოლია. სინამდვილეში, „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). ქრისტიანებს ღვთის ‘აღთქმების დასამკვიდრებლად’ რწმენა გვესაჭიროება (ებრაელთა 6:12). იმის შემდეგ, რაც რწმენის მრავალი მაგალითი მოიყვანა, პავლემ დასძინა: „როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს“ (ებრაელთა 12:1, 2). რა არის „დამაბრკოლებელი ცოდვა“? ეს რწმენის ნაკლებობაა ან იმ რწმენის დაკარგვაც კი, რომელიც ერთ დროს გვქონდა. მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად უნდა ‘ვუყუროთ იესოს’ და მივბაძოთ მას. აგრეთვე უნდა გავექცეთ უზნეობას, ვებრძოლოთ ხორცის საქმეებს, მოვერიდოთ მატერიალურ საკითხებზე გადამეტებულ ზრუნვას, ქვეყნიურ ფილოსოფიასა და არაბიბლიურ ტრადიციებს (გალატელთა 5:19—21; კოლასელთა 2:8; 1 ტიმოთე 6:9, 10; იუდა 3, 4). გარდა ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი ჩვენთანაა და მის სიტყვაში მოცემული რჩევები ნამდვილად ეფექტურია.
6, 7. რატომ არის სწორი რწმენის მისაღებად ლოცვა?
6 საკუთარი ძალით რწმენას ვერ განვივითარებთ. რწმენა ღვთის სულიწმიდის ანუ მოქმედი ძალის ერთ-ერთი ნაყოფია (გალატელთა 5:22, 23). რა უნდა გავაკეთოთ, თუ რწმენის განმტკიცება გვესაჭიროება? იესომ თქვა: „თუ თქვენ . . . იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ამიტომ, ლოცვით ვითხოვოთ სულიწმიდა, რადგან მას შეუძლია ჩვენში რწმენის განვითარება. რწმენა კი აუცილებელია, რომ ყოველთვის ღვთის ნება შევასრულოთ, თვით ურთულეს ვითარებებშიც კი (ეფესელთა 3:20).
7 სწორია, თუ ვლოცულობთ რწმენის განმტკიცებისთვის. როდესაც იესოს დემონი უნდა განედევნა ერთი ყმაწვილისგან, ბიჭის მამა შეევედრა მას: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკოზი 9:24). „მოგვიმატე რწმენა“, — სთხოვეს იესოს მოწაფეებმა (ლუკა 17:5). ამიტომ, მოდი ლოცვით ვითხოვოთ რწმენა და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი გვიპასუხებს ასეთ ლოცვებზე (1 იოანე 5:14).
მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვისადმი რწმენა
8. როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვისადმი რწმენა?
8 სიცოცხლის მსხვერპლად გაღებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე“ (იოანე 14:1). როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვწამს ღმერთი და მისი ძე. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით? ის დიდ და სასარგებლო ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, თუ ვსწავლობთ მას, ვიყენებთ ნასწავლს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის საუკეთესო რჩევები და ხელმძღვანელობაა მასში მოცემული (ებრაელთა 4:12).
9, 10. როგორ განმარტავდით, რას ამბობს რწმენის შესახებ იაკობის 1:5—8?
9 არასრულყოფილების გამო ჩვენი ცხოვრება პრობლემებით არის სავსე. მაგრამ ღვთის სიტყვისადმი რწმენა ნამდვილ დახმარებას გვიწევს (იობი 14:1). დავუშვათ, არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ რომელიმე განსაცდელს. ღვთის სიტყვა გვირჩევს: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს. ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:5—8).
10 იეჰოვა ღმერთი არ გაგვირისხდება, თუ სიბრძნე გვაკლია და ლოცვაში ვითხოვთ მას. ნაცვლად ამისა, ღმერთი განსაცდელის სწორი კუთხით დანახვაში დაგვეხმარება. ამ დროს ჩვენთვის საჭირო ბიბლიურ მუხლებზე შეიძლება თანამორწმუნეებმა გაგვიმახვილონ ყურადღება ან ბიბლიის პირადი შესწავლის დროს წავაწყდეთ მათ. შეიძლება იეჰოვამ სულ სხვაგვარად გვიხელმძღვანელოს სულიწმიდით. ჩვენი ზეციერი მამა განსაცდელებთან გასამკლავებლად საჭირო სიბრძნეს მოგვცემს, თუ „რწმენით და ეჭვის გარეშე“ ვთხოვთ. ხოლო თუ ქარის მიერ ატაცებულ ზღვის ტალღასავით ვიქნებით, ღვთისგან რაიმეს მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ეს ჩვენს მერყეობაზე და არამდგრადობაზე მიუთითებს, რაც არამარტო ლოცვაში ან სხვა მსგავს საკითხებში ვლინდება, არამედ რწმენაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ გვმართებს ღვთის სიტყვისა და მასში მოცემული ხელმძღვანელობისადმი მტკიცე რწმენის გამოვლენა. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ გვეხმარება და გვხელმძღვანელობს ღვთის სიტყვა.
რწმენა და იეჰოვას მხარდაჭერა
11. რაში ვიქნებით დარწმუნებული ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, თუ ღვთის სიტყვის რწმენა გვაქვს?
11 როგორ მოვიქცეთ, თუ ეკონომიკურად შეზღუდული ვართ ან სიღარიბეში გვიწევს ცხოვრება? ღვთის სიტყვის რწმენის საფუძველზე, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე, მომავალში კი თავის მოყვარულებს ყველაფრით უხვად უზრუნველყოფს (ფსალმუნები 71:16; ლუკა 11:2, 3). ასეთ სიტუაციაში გამამხნევებელი იქნება იმის განხილვა, თუ როგორ უზრუნველყო შიმშილობის დროს იეჰოვამ საკვებით თავისი წინასწარმეტყველი ელია. მოგვიანებით ღმერთმა, სასწაულის შედეგად, ქვრივ ქალს, მის ვაჟსა და ელიას არ მოაკლო ფქვილი და ზეთი, რითაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა (მესამე მეფეთა 17:2—16). ბაბილონელების მიერ იერუსალიმის ალყაში მოქცევის დროს იეჰოვამ მსგავსად იზრუნა წინასწარმეტყველ იერემიაზე (იერემია 37:21). მართალია იერემიასა და ელიას საკვები თავზე საყრელი არ ჰქონდათ, მაგრამ იეჰოვა ზრუნავდა მათზე. ის იგივეს გააკეთებს მათთვის, ვინც დღესდღეობით მისადმი რწმენას ავლენს (მათე 6:11, 25—34).
12. როგორ დაგვეხმარება რწმენა, რომ გვქონდეს ის, რაც აუცილებელია?
12 თუ რწმენა გვაქვს და ბიბლიურ პრინციპებსაც ვიყენებთ, მდიდრები არ ვიქნებით, მაგრამ გვექნება ის, რაც აუცილებელია. მაგალითად, ბიბლია გვირჩევს, ვიყოთ პატიოსნები, ჩვენი საქმის მცოდნენი და გამრჯენი (იგავები 22:29, სსგ; ეკლესიასტე 5:18, 19; 2 კორინთელთა 8:21). არასდროს დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშრომელი ადამიანის რეპუტაციის დამკვიდრება. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძნელი საშოვნელია, პატიოსან, თავისი საქმის მცოდნე და შრომისმოყვარე ადამიანს სამუშაოს შოვნის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე სხვებს. შეიძლება ასეთ ადამიანს დიდი შემოსავალი არა აქვს, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია ყოველივე აუცილებლით და საზრდოს საკუთარი შრომით მოპოვება ახარებს (2 თესალონიკელთა 3:11, 12).
რწმენა მწუხარების დაძლევაში გვეხმარება
13, 14. როგორ გვეხმარება რწმენა მწუხარების დაძლევაში?
13 როგორც ღვთის სიტყვიდანაც ჩანს, სავსებით ბუნებრივია, როდესაც ვინმე საყვარელი ადამიანის დაღუპვის გამო დამწუხრებულია. ერთგული პატრიარქი აბრაამი გლოვობდა საყვარელ ცოლს, სარას (დაბადება 23:2). დავითი გულმოკლული იყო თავისი ძის, აბესალომის, სიკვდილის გამო (მეორე მეფეთა 18:33). თვით იესო, სრულყოფილი ადამიანი, ატირდა, როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა (იოანე 11:35, 36). საყვარელი ადამიანის სიკვდილი ძალიან გვამწუხრებს, მაგრამ ღვთის სიტყვაში მოცემული აღთქმებისადმი რწმენა გვეხმარება მის დაძლევაში.
14 „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“, — თქვა პავლემ (საქმეები 24:15). ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი იზრუნებს უამრავ ადამიანზე და მკვდრეთით აღადგენს მათ (იოანე 5:28, 29). მათ შორის იქნებიან აბრაამი და სარა, ისაკი და რებეკა, იაკობი და ლეა — ყველა, ვინც სიკვდილის ძილით არის მიძინებული და ვისაც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგომა ელის (დაბადება 49:29—32). რამხელა სიხარული იქნება, როდესაც ჩვენს საყვარელ ახლობლებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ, რათა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრონ! (გამოცხადება 20:11—15). მანამდე კი, მართალია რწმენა მწუხარებისგან სრულიად ვერ გაგვათავისუფლებს, მაგრამ დაგვაახლოებს იეჰოვასთან, რომელიც, თავის მხრივ, მძიმე დანაკლისის გრძნობას დაგვაძლევინებს (ფსალმუნები 120:1—3; 2 კორინთელთა 1:3).
რწმენა განამტკიცებს გულდამძიმებულებს
15, 16. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ, თუ მორწმუნე გულდამძიმებულია, ის გამონაკლისი არ არის? ბ) როგორ გავუმკლავდეთ ასეთ გრძნობას?
15 ღვთის სიტყვა იმასაც გვიჩვენებს, რომ მორწმუნე ადამიანიც შეიძლება იყოს გულდამძიმებული. მძიმე განსაცდელის დროს იობმა თავი ღვთისგან მიტოვებულად იგრძნო (იობი 29:2—5). ნეემია იერუსალიმისა და მისი კედლების განადგურებამ დააღონა (ნეემია 2:1—3). იესოს უარყოფის შემდეგ პეტრე იმდენად იყო დამწუხრებული, რომ „მწარედ ატირდა“ (ლუკა 22:62). პავლე კი თესალონიკელ თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, რომ ‘ენუგეშებინათ გულდამძიმებულები’ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). ამგვარად, თუ დღეს მორწმუნე ადამიანი გულდამძიმებულია, ის გამონაკლისი არ არის. მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ გრძნობასთან გასამკლავებლად?
16 შეიძლება თავს გარკვეული სერიოზული პრობლემების გამო ვგრძნობთ ასე. ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები ერთ მთლიან დიდ პრობლემად აღვიქვათ, ბიბლიური პრინციპების გამოყენებით შეგვეძლო მათი ეტაპობრივად გადაჭრა. ეს შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას. ზომიერი აქტივობა და სათანადო დასვენებაც დამხმარეა. დიახ, ერთი რამ ცხადია: ღვთისა და მისი სიტყვის რწმენა ჩვენს სულიერ კეთილდღეობას უწყობს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე.
17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე?
17 პეტრე შემდეგი სიტყვებით გვამხნევებს: „დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14). ჩვენ უნდა გვწამდეს ამის, ვინაიდან ეს სიტყვები ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. შეიძლება გულდამძიმებულობა არ გვშორდება, მაგრამ რამდენად გვიმტკიცებს რწმენას იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია მთელი ჩვენი საზრუნავი მოსიყვარულე ზეციერ მამას მივანდოთ!
რწმენა და სხვა განსაცდელები
18, 19. როგორ გვეხმარება რწმენა ავადმყოფობასთან გამკლავებაში და იმ თანამორწმუნეების გამხნევებაში, რომლებიც ავადმყოფობენ?
18 ჩვენი რწმენა შეიძლება დიდი გამოცდის წინაშე დადგეს, თუ რაიმე ავადმყოფობასთან გვიწევს ბრძოლა. არანაკლები განსაცდელია, როდესაც რომელიმე ახლობელია ასეთ მდგომარეობაში. მართალია ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ისეთი ქრისტიანები, როგორებიც იყვნენ ეპაფროდიტესი, ტიმოთე და ტროფიმოსი, სასწაულებრივად განიკურნენ, მაგრამ უეჭველია, იეჰოვა მათ ყოველივეს ატანაში დაეხმარა (ფილიპელთა 2:25—30; 1 ტიმოთე 5:23; 2 ტიმოთე 4:20). გარდა ამისა, მასზე, „ვინც ფიქრობს ღატაკზე“, ფსალმუნმომღერალი ამბობს: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“ (ფსალმუნები 40:2—4). როგორ გავამხნევოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებით თანამორწმუნეები, რომლებიც ავადმყოფობენ?
19 სულიერი დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალება მათთვის და მათთან ერთად ლოცვაა. მართალია დღეს სასწაულებრივ განკურნებას არ ვთხოვთ ღმერთს, მაგრამ შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ მისცეს მოთმინება და სულიერი ძალები ავადმყოფობის ასატანად. იეჰოვა მხარში ამოუდგება ასეთებს და განუმტკიცებს რწმენას, რათა დაელოდონ დროს, როდესაც «არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ“» (ესაია 33:24). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ, მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს და ღვთის სამეფოს მეშვეობით, მორჩილი ადამიანები სამუდამოდ გათავისუფლდებიან ცოდვისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისგან! ამ შესანიშნავი იმედის გამო ვმადლობთ იეჰოვას, ‘ყველა ჩვენი სნეულების მკურნალს’ (ფსალმუნები 102:1—3; გამოცხადება 21:1—5).
20. რატომ შეიძლება ითქვას, რომ რწმენა სიბერის დროსაც დაგვეხმარება?
20 რწმენა დაგვეხმარება სიბერის, „ავი დღეების“, დროსაც, როდესაც ჯანმრთელობა დაგვისუსტდება და ძალა მოგვაკლდება (ეკლესიასტე 12:1—7). ასაკოვნებს შეუძლიათ ხანშიშესული ფსალმუნმომღერლის მსგავსად ილოცონ: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო . . . ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 70:5, 9). ფსალმუნმომღერალს იეჰოვას მხარდაჭერა სჭირდებოდა, ისევე როგორც ჩვენს მრავალ თანაქრისტიანს, რომლებიც ღვთის მსახურებაში მოხუცდნენ. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი რწმენის გამო იეჰოვა ყოველთვის გაამაგრებს მათ თავისი მარადიული მკლავით (მეორე რჯული 33:27).
შევინარჩუნოთ რწმენა ღვთის სიტყვისადმი
21, 22. როგორ იმოქმედებს რწმენა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე?
21 სასიხარულო ცნობისა და ღვთის სიტყვის რწმენა იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკობი 4:8). მართალია ის ჩვენი უზენაესი უფალია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი შემოქმედი და მამაა (ესაია 64:8; მათე 6:9; საქმეები 4:24). „მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემის ხსნისა“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 88:27). თუ გვაქვს რწმენა იეჰოვასადმი და მისი შთაგონებით დაწერილი სიტყვისადმი, შეგვიძლია მას ‘ჩვენი ხსნის ბურჯი’ ვუწოდოთ. რამხელა პატივია ეს ჩვენთვის!
22 იეჰოვა სულითცხებულ ქრისტიანთა და მიწიერი იმედის მქონე მათ თანამსახურთა მამაა (რომაელთა 8:15). ჩვენი ზეციერი მამისადმი რწმენა არასოდეს მიგვიყვანს იმედგაცრუებამდე. „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 26:10). გარდა ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ „უფალი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო“ (პირველი მეფეთა 12:22).
23. რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ ღმერთთან ხანგრძლივი ურთიერთობით გავიხაროთ?
23 ღმერთთან ხანგრძლივი ურთიერთობით რომ გავიხაროთ, რა თქმა უნდა, უნდა ვიწამოთ სასიხარულო ცნობა და წმინდა წერილები, რაც ნამდვილად ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13). ბოლომდე უნდა გვწამდეს იეჰოვასი; მის სიტყვას კი საშუალება უნდა მივცეთ, სავალი ბილიკები გაგვინათოს (ფსალმუნები 118:105; იგავები 3:5, 6). ჩვენი რწმენა გაიზრდება, თუ ვლოცულობთ ღვთის თანაგრძნობაში, გულმოწყალებასა და დახმარებაში დარწმუნებულები.
24. რა მანუგეშებელი აზრია მოცემული რომაელთა 14:8-ში?
24 რწმენამ აღგვძრა, რომ ღმერთისთვის სამარადისოდ მიგვეძღვნა თავი. თუ ძლიერი რწმენა გვაქვს, თუნდაც მოვკვდეთ, მაინც მისი მიძღვნილი მსახურები დავრჩებით, რომლებსაც ის აღადგენს. დიახ, „თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით“ (რომაელთა 14:8). არასოდეს დავივიწყოთ ეს მანუგეშებელი აზრი, დარწმუნებული ვიყოთ ღვთის სიტყვაში და გვწამდეს სასიხარულო ცნობა.
-
-
რამდენად მტკიცეა თქვენი რწმენა?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
-
-
რამდენად მტკიცეა თქვენი რწმენა?
„ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (2 კორინთელთა 1:24).
1, 2. რატომ უნდა გვქონდეს რწმენა და როგორ შეიძლება მისი განმტკიცება?
იეჰოვას მსახურებმა იციან, რომ მათ რწმენა სჭირდებათ. სინამდვილეში, „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“ (ებრაელთა 11:6). ამიტომ, გონივრულია, თუ ვლოცულობთ სულიწმიდისა და რწმენისთვის, რომელიც სულიწმიდის ერთ-ერთი სასურველი ნაყოფია (ლუკა 11:13; გალატელთა 5:22, 23). თანამორწმუნეების რწმენის მიბაძვაც განგვიმტკიცებს ამ თვისებას (2 ტიმოთე 1:5; ებრაელთა 13:7).
2 რწმენა განგვიმტკიცდება, თუ განუხრელად მივყვებით გზას, რომელსაც ღვთის სიტყვა უჩვენებს ყველა ქრისტიანს; თუ ყოველდღიურად ვკითხულობთ ბიბლიას და გულმოდგინედ ვიკვლევთ მას „ერთგული განმგებლის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მეშვეობით (ლუკა 12:42—44; იესო ნავეს ძე 1:7, 8). გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებებზე და კონგრესებზე რეგულარულად დასწრებისას ერთმანეთის რწმენით ვმხნევდებით (რომაელთა 1:11, 12; ებრაელთა 10:24, 25). და კიდევ, ჩვენი რწმენა მაშინაც მტკიცდება, როდესაც სხვებს მსახურებისას ვესაუბრებით (ფსალმუნები 144:10—13; რომაელთა 10:11—15).
3. რაში გვეხმარებიან მოსიყვარულე უხუცესები?
3 ბიბლიური რჩევების მოცემით და გამხნევებით მოსიყვარულე უხუცესები გვეხმარებიან, რომ გავიზარდოთ რწმენაში. მათ ისეთივე სული აქვთ, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. მან კორინთელებს მისწერა: „[ჩვენ] ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (2 კორინთელთა 1:23, 24). მართლები რწმენით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, სხვა ჩვენ მაგივრად ვერც რწმენას გამოავლენს და ვერც ერთგულებას შეინარჩუნებს. „ყველამ თავისი სატარებელი [უნდა] ატაროს“ (გალატელთა 3:11; 6:5).
4. როგორ გვიმტკიცებს რწმენას ღვთის ერთგული მსახურების შემთხვევები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი?
4 ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ადამიანზე, რომელთაც ჰქონდათ რწმენა. შეიძლება ბევრი გვსმენია მათს არაჩვეულებრივ საქმეებზე, მაგრამ გვიფიქრია მათს რწმენაზე, რომელსაც ყოველდღიურად ავლენდნენ? იმაზე ფიქრი, თუ როგორ ავლენდნენ ისინი რწმენას ისეთ პირობებში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, დაგვეხმარება რწმენის განმტკიცებაში.
რწმენა გაბედულებას გვმატებს
5. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ რწმენა ღვთის სიტყვის გაბედულად გაცხადების ძალას გვაძლევს?
5 რწმენა გვამტკიცებს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ ღვთის სიტყვა. ენოქი უშიშრად წინასწარმეტყველებდა ღვთის განაჩენს. „აჰა, — ამბობდა ის, — მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ“ (იუდა 14, 15). უდავოდ, ასეთი სიტყვების გამო ენოქის უღვთო მტრები მის მოკვლას მოინდომებდნენ. მიუხედავად ამისა, ის გაბედულად ლაპარაკობდა რწმენით და ღმერთმაც „აიყვანა“ ანუ სიკვდილის ძილი მოჰგვარა ენოქს, რომ მშვიდად დაესრულებინა სიცოცხლე (დაბადება 5:24; ებრაელთა 11:5). მართალია ჩვენს შემთხვევაში ასეთი სასწაულები არ ხდება, მაგრამ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, და ჩვენც შეგვიძლია გავაცხადოთ მისი სიტყვა რწმენითა და გაბედულებით (საქმეები 4:24—31).
6. როგორ ეხმარებოდა ღვთის მიერ ბოძებული რწმენა და გამბედაობა ნოეს?
6 ნოემ რწმენით „გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7; დაბადება 6:13—22). ნოე ასევე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო და უშიშრად უცხადებდა თანამედროვეებს ღვთის გაფრთხილებას (2 პეტრე 2:5). როგორც ჩანს, მათ სიცილად არ ჰყოფნიდათ, რასაც ნოე ქადაგებდა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ, ისევე როგორც ზოგიერთი დღეს სერიოზულად არ ეკიდება უტყუარ ბიბლიურ მტკიცებებს, რომ ამ სისტემის აღსასრული მოახლოებულია (2 პეტრე 3:3—12). ამიტომ, ენოქისა და ნოეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გადავცეთ ეს ცნობა, ვინაიდან ღმერთი გვაძლევს რწმენასაც და გამბედაობასაც.
რწმენა მოთმინებას გვასწავლის
7. როგორ ავლენდნენ აბრაამი და სხვები რწმენასა და მოთმინებას?
7 ჩვენ გვჭირდება რწმენა და მოთმინება, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს ველოდებით. ღვთისმოშიში აბრაამი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ‘რწმენითა და მოთმინებით დაიმკვიდრებს ყველა დანაპირებს’ (ებრაელთა 6:11, 12, აქ). მან რწმენით დატოვა აყვავებული ქალაქი ური და გახდა ღვთის მიერ აღთქმული უცხო ქვეყნის მკვიდრი. ისაკი და იაკობიც იმავე აღთქმის მემკვიდრენი გახდნენ. მაგრამ „რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი“. მათ რწმენით „სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური“ და ღმერთმაც „მოუმზადა მათ ქალაქი“ (ებრაელთა 11:8—16). დიახ, აბრაამი, ისაკი, იაკობი და მათი ღვთისმოშიში ცოლები მოთმინებით ელოდნენ ღვთის ზეციერ სამეფოს, რომლის მმართველობის დროსაც მკვდრეთით აღდგებიან დედამიწაზე საცხოვრებლად.
8. რის მიუხედავად ავლენდნენ აბრაამი, ისაკი და იაკობი მოთმინებასა და რწმენას?
8 აბრაამს, ისაკსა და იაკობს არ დაუკარგავთ რწმენა. მათ ვერ იხილეს აღთქმული მიწა და ის, თუ როგორ იკურთხებოდნენ აბრაამის მეშვეობით ხალხები (დაბადება 15:5—7; 22:15—18). თუმცა ‘ღვთის მიერ აგებული ქალაქი’ მხოლოდ საუკუნეების შემდეგ უნდა ყოფილიყო, ეს მამაკაცები მთელი ცხოვრების განმავლობაში ავლენდნენ რწმენასა და მოთმინებას. რა თქმა უნდა, ჩვენგანაც იგივე მოითხოვება, მით უმეტეს ახლა, როდესაც მესიანური სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში (ფსალმუნები 41:6, 12; 42:5).
რწმენა საუკეთესო მიზნების დასახვაში გვეხმარება
9. როგორ მოქმედებს რწმენა ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებზე?
9 ერთგულ პატრიარქებს არასოდეს გადაუღიათ ქანაანელთა გახრწნილი ცხოვრების წესი, რადგან ისინი მაღალი მიზნებისკენ ილტვოდნენ. რწმენა ჩვენც გვეხმარება სულიერი მიზნების დასახვაში, რაც საიმისო ძალებს გვაძლევს, რომ არ შევერწყათ ბოროტის, სატანა ეშმაკის, ძალაუფლების ქვეშ მყოფ წუთისოფელს (1 იოანე 2:15—17; 5:19).
10. საიდან ჩანს, რომ იოსებს ამ წუთისოფელში გარკვეული მდგომარეობის მოპოვებაზე ბევრად უფრო აღმატებული მიზნები ჰქონდა?
10 ღვთის ხელმძღვანელობით, იაკობის ძე იოსები ეგვიპტეში საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, მაგრამ მას მიზნად არ ჰქონია, გამხდარიყო გავლენიანი პიროვნება. იეჰოვას აღთქმების შესრულებაში დარწმუნებულმა 110 წლის იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს“. იოსებმა სთხოვა ისრაელებს, რომ აღთქმულ მიწაზე დაეკრძალათ. როდესაც მოკვდა, ბალზამირების შემდეგ ის ეგვიპტეში დაკრძალეს, მაგრამ როდესაც ისრაელები გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან, წინასწარმეტყველმა მოსემ იზრუნა, რომ იოსების ძვლები აღთქმულ მიწაზე გადაესვენებინათ (დაბადება 50:22—26, სსგ; გამოსვლა 13:19). იოსების რწმენამ, მისმა მაგალითმა, უნდა აღგვძრას, დავისახოთ ქვეყნიურ კარიერაზე უფრო აღმატებული მიზნები (1 კორინთელთა 7:29—31).
11. როგორ დაამტკიცა მოსემ, რომ მას სულიერი მიზნები ჰქონდა?
11 მოსე ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი იყო, მაგრამ მან „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (ებრაელთა 11:23—26; საქმეები 7:20—22). ამისათვის მან უარი თქვა გამოჩენილ მდგომარეობაზე და, შესაძლოა, მდიდრულ დაკრძალვაზე ეგვიპტის რომელიმე განსაკუთრებულ აკლდამაში. მოსე იყო „ღვთისკაცი“, რჯულის შეთანხმების შუამავალი, იეჰოვას წინასწარმეტყველი და ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი. განა ამ პატივს შეედრებოდა ის, რაზეც მან უარი თქვა? (ეზრა 3:2). ისწრაფვი გამოჩენილი მდგომარეობისკენ, თუ რწმენა გეხმარება უფრო აღმატებული, სულიერი მიზნების დასახვაში?
რწმენა ჩვენს სიცოცხლეს აზრით აღსავსეს ხდის
12. როგორი გავლენა იქონია რწმენამ რახაბის ცხოვრებაზე?
12 რწმენა არა მარტო აღმატებული მიზნების დასახვაში გვეხმარება, არამედ ჩვენს სიცოცხლეს აზრით აღსავსეს ხდის. იერიხონში მცხოვრები რახაბი მეძავი იყო და, ალბათ, ცხოვრების აზრი დაკარგული ჰქონდა. მაგრამ, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როცა მან რწმენა გამოავლინა! რახაბი „[რწმენის] საქმეებით. . . გამართლდა, როცა [ისრაელი] მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა“, რის შედეგადაც ისინი ქანაანელ მტრებს დაუსხლტნენ ხელიდან (იაკობი 2:24—26). რახაბმა იეჰოვა ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა. მან რწმენა იმითაც გამოავლინა, რომ მიატოვა მეძაობა (იესო ნავეს ძე 2:9—11; ებრაელთა 11:30, 31). ის ცოლად გაჰყვა იეჰოვას მსახურს და არა ურწმუნო ქანაანელს (მეორე რჯული 7:3, 4; 1 კორინთელთა 7:39). რახაბს უდიდესი პატივი ხვდა წილად და მესიის წინაპარი გახდა (პირველი ნეშტთა 2:3—15; რუთი 4:20—22; მათე 1:5, 6). სხვების მსგავსად, რომლებმაც მიატოვეს უზნეო ცხოვრება, მომავალში რახაბი კიდევ ერთ კურთხევას მიიღებს — ის მკვდრეთით აღდგება სამოთხეში დედამიწაზე.
13. როგორ შესცოდა დავითმა ბათშებაყთან, მაგრამ როგორ ავლენდა ის რწმენას?
13 ძველი ცხოვრების მიტოვების შემდეგ, რახაბი, როგორც ჩანს, წესიერ ცხოვრებას ეწეოდა. ამის საპირისპიროდ, ზოგი, ვინც ღვთისადმი უკვე დიდი ხნის მიძღვნილი იყო, მძიმედ სცოდავდა. მეფე დავითმა იმრუშა ბათშებაყთან, შემდეგ მოაკვლევინა მისი ქმარი და თავად შეირთო ცოლად (მეორე მეფეთა 11:1—27). მოგვიანებით ის მწარედ ინანიებდა და იეჰოვას სთხოვდა: «ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს [„შენს წმინდა სულს“, აქ]». დავითს არ წართმევია ღვთის სულიწმიდა. მას სწამდა, რომ იეჰოვა, გულმოწყალებიდან გამომდინარე, არ დაამცირებდა მოდრეკილისა და მორჩილის გულს (ფსალმუნები 50:13, 19; 102:10—14). დავითისა და ბათშებაყის რწმენა დაჯილდოვდა; მათი სახელები მესიის საგვარეულო ნუსხის ნაწილი გახდა (პირველი ნეშტთა 3:5; მათე 1:6, 16; ლუკა 3:23, 31).
ღვთის დახმარების იმედით განმტკიცებული რწმენა
14. რაში დარწმუნდა გედეონი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს რწმენაზე?
14 თუმცა რწმენით დავდივართ, შესაძლოა, დროდადრო იმაში დარწმუნება გვჭირდება, რომ ღმერთი დაგვეხმარება. ასეთ განმტკიცებას საჭიროებდა მსაჯული გედეონი, რომელიც „რწმენით ამარცხებდა სამეფოებს“ (ებრაელთა 11:32, 33). როდესაც მიდიელები მოკავშირეებთან ერთად თავს დაესხნენ ისრაელს, ღვთის სულმა მოიცვა გედეონი. იეჰოვას მხარდაჭერაში რომ დარწმუნებულიყო, გედეონმა ღმერთს ნიშანი სთხოვა კალოზე გაშლილ საწმისზე. პირველ შემთხვევაში ცვარი მხოლოდ საწმისზე იდო, ხოლო მიწა მშრალი იყო. მეორე შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ასეთი მხარდაჭერით გამხნევებულმა, წინდახედულმა გედეონმა რწმენით იმოქმედა და დაამარცხა ისრაელის მტრები (მსაჯულთა 6:33—40; 7:19—25). თუ გადაწყვეტილებების მიღებისას მხარდაჭერას ვეძებთ, ეს რწმენის ნაკლებობაზე არ მიუთითებს. სინამდვილეში, რწმენას ვავლენთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს მივმართავთ და ვლოცულობთ, რომ სულიწმიდამ გვიხელმძღვანელოს (რომაელთა 8:26, 27).
15. როგორ დაგვეხმარება ბარაკის რწმენაზე ფიქრი?
15 მსაჯული ბარაკი სხვისმა გამხნევებამ განამტკიცა. წინასწარმეტყველმა დებორამ ბარაკი აღძრა, ეთავა და ისრაელები ქანაანის მეფის, იაბინის, ჩაგვრისგან გაეთავისუფლებინა. ღვთის მხარდაჭერაში დარწმუნებული ბარაკი რწმენით წაუძღვა არც თუ ისე კარგად შეიარაღებულ 10 000 მეომარს და დაამარცხა იაბინის გაცილებით მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი, რომელსაც სისარა ხელმძღვანელობდა. დებორამ და ბარაკმა ამ გამარჯვებას აღმაფრთოვანებელი სიმღერა მიუძღვნეს (მსაჯულთა 4:1—5:31). დებორას მიერ აღძრული ბარაკი ისრაელებს ღვთისგან დანიშნულ წინამძღოლად მოევლინა. ბარაკიც იმ ღვთის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც რწმენით „დევნიდნენ უცხოთა ჯარებს“ (ებრაელთა 11:34). იმაზე ფიქრმა, თუ როგორ აკურთხა ღმერთმა ბარაკი რწმენით მოქმედებისთვის, შეიძლება ჩვენც აღგვძრას მოქმედებისკენ, როდესაც იეჰოვასგან მიღებული რთული დავალების შესასრულებლად გამბედაობა არ გვყოფნის.
რწმენა ხელს უწყობს მშვიდობას
16. რა ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა აბრაამმა ლოტთან პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებით?
16 გარდა იმისა, რომ რწმენა ღვთის მსახურებაში რთული დავალებების შესრულებაში გვეხმარება, ის ასევე ხელს გვიწყობს სხვებთან მშვიდობისა და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ხანში შესულმა აბრაამმა საშუალება მისცა თავის ახალგაზრდა ძმისშვილს, ლოტს, უკეთესი საძოვრები აერჩია, როდესაც მათს მწყემსებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო გაყრა მოუწიათ (დაბადება 13:7—12). აბრაამი, ალბათ, რწმენით ლოცულობდა და ამ პრობლემის გადასაჭრელად დახმარებას ღმერთს სთხოვდა. პირადი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ნაცვლად, მან მშვიდობიანად მოაგვარა ყველაფერი. თუ ჩვენც უთანხმოება მოგვივიდა თანაქრისტიანთან, გავიხსენოთ აბრაამის მაგალითი, ვილოცოთ რწმენით და ვეძებოთ მშვიდობა (1 პეტრე 3:10—12).
17. საიდან ვასკვნით, რომ პავლეს, ბარნაბასა და მარკოზს შორის მომხდარი უთანხმოება მშვიდობიანად მოგვარდა?
17 ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მშვიდობისთვის ხელის შეწყობა ქრისტიანული პრინციპების რწმენით გამოყენებით. როდესაც პავლე მეორე მისიონერული მოგზაურობისთვის ემზადებოდა, ბარნაბამ მიიღო მისი მოწვევა, რომ კვლავ ერთად მოენახულებინათ კრებები კვიპროსზე და მცირე აზიაში. მაგრამ ბარნაბას თან თავისი ბიძაშვილის, მარკოზის, წაყვანა სურდა. პავლე წინააღმდეგი იყო, ვინაიდან მარკოზმა ისინი ადრე პამფილიაში მიატოვა. მათ შორის „ჩამოვარდა უთანხმოება“ და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაემართა კვიპროსისკენ. პავლემ კი სილა აირჩია და „დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა“ კრებებს (საქმეები 15:36—41). დროთა განმავლობაში ეს უთანხმოება მოგვარდა, რაც იქიდან ჩანს, რომ მარკოზი პავლესთან ერთად იყო რომში და მოციქული მას დადებითად ახასიათებდა (კოლასელთა 4:10; ფილიმონი 23, 24). დაახლოებით ახ. წ. 65 წელს კი, როდესაც პავლე პატიმრობაში იმყოფებოდა რომში, ტიმოთეს მისწერა: „აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის“ (2 ტიმოთე 4:11). როგორც ჩანს, პავლე რწმენით ლოცულობდა ბარნაბასა და მარკოზთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის და მიაღწია კიდეც მათთან მშვიდობიან ურთიერთობას, რაც „ღვთის მშვიდობასთანაც“ არის დაკავშირებული (ფილიპელთა 4:6, 7).
18. როგორც ჩანს, როგორ მოიქცნენ ევოდია და სვინტიქე?
18 რა თქმა უნდა, არასრულყოფილების გამო ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკობი 3:2). ერთხელ უთანხმოება ჩამოვარდა ორ ქრისტიან ქალს შორის, რომელთა შესახებაც პავლე წერდა: „ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში . . . შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში“ (ფილიპელთა 4:1—3). როგორც ჩანს, ამ ღვთისმოშიშმა ქალებმა მშვიდობიანად მოაგვარეს ეს პრობლემა მათეს 5:23, 24-ში მოცემული რჩევის თანახმად. ბიბლიური პრინციპების რწმენით გათვალისწინებით, ჩვენც შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას.
რწმენა გაჭირვების ატანაში გვეხმარება
19. რამ ვერ შეძლო ისაკისა და რებეკას რწმენის შერყევა?
19 რწმენა გაჭირვებასაც აგვატანინებს. შესაძლოა, მწუხარების მიზეზი ის იყოს, რომ თქვენი ოჯახის მონათლული წევრი არ დაემორჩილა ღმერთს და ურწმუნოზე დაქორწინდა (1 კორინთელთა 7:39). ისაკი და რებეკა ძალიან განიცდიდნენ მსგავს მდგომარეობას, ვინაიდან ესავმა წარმართი ცოლები მოიყვანა. ესავის ხეთელმა ცოლებმა იმდენად „გაუმწარეს მათ სული“, რომ რებეკამ თქვა: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?“ (დაბადება 26:34, 35; 27:46). მაგრამ ამან ვერ შეარყია ისაკისა და რებეკას რწმენა. მოდი რთულ სიტუაციებთან გამკლავებისას ჩვენც შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა.
20. რწმენის როგორი მაგალითი მოგვცეს ნაყომიმ და რუთმა?
20 ასაკოვანმა ქვრივმა ნაყომიმ, რომელიც იუდეველი იყო, იცოდა, რომ ზოგიერთი იუდეველი ქალი მესიის წინაპარი გახდებოდა. მისი ვაჟები ისე მოკვდნენ, შვილები არ ჰყოლიათ და თვითონაც საკმაოდ ხანდაზმული იყო საიმისოდ, რომ შვილები ჰყოლოდა. ამიტომ საეჭვო იყო, მისი ოჯახი მესიის საგვარეულო ხაზში შესულიყო. მიუხედავად ამისა, მისი დაქვრივებული რძალი, რუთი, ცოლად ითხოვა ხნიერმა ბოყაზმა. მათ შეეძინათ ვაჟი და ასეთი სახით გახდნენ იესოს, მესიის წინაპრები! (დაბადება 49:10, 33; რუთი 1:3—5; 4:13—22; მათე 1:1, 5). ნაყომისა და რუთის რწმენამ ყველანაირ გაჭირვებას გაუძლო და სიხარული მოუტანა მათ. ჩვენც დიდი სიხარული გველის, თუ პრობლემების მიუხედავად რწმენას ვინარჩუნებთ.
21. რაში გვეხმარება რწმენა და რისკენ უნდა ვისწრაფოთ?
21 თუმცა არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, რწმენით ნებისმიერ პრობლემას დავძლევთ. რწმენა გაბედულებასა და მოთმინებას გვმატებს. ის აღმატებული მიზნების დასახვაში გვეხმარება და სიცოცხლეს აზრიანს ხდის. რწმენა დადებითად მოქმედებს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე და გაჭირვებას გვატანინებს. ამიტომ, მოდი ვიყოთ „მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). დაე ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მიერ ბოძებული ძალით კვლავაც გამოვავლინოთ მტკიცე რწმენა მის განსადიდებლად.
-