-
განმტკიცდით რწმენასა და იმედში!საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
-
-
განმტკიცდით რწმენასა და იმედში!
„რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1).
1, 2. ა) რით განსხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანების იმედი სხვა ადამიანების იმედისგან? ბ) რომელ მნიშვნელოვან კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
ჭეშმარიტ ქრისტიანებს საოცარი იმედი გვაქვს! ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ, როგორ შესრულდება ღვთის თავდაპირველი განზრახვა და განიწმინდება იეჰოვას სახელი (იოან. 10:16; მათ. 6:9, 10). შეუძლებელია, ადამიანს ამაზე უკეთესის მოლოდინი ჰქონდეს! ჩვენ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღების იმედიც გვაქვს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (2 პეტ. 3:13). მანამდე კი გვსურს, რომ ღვთის ხალხმა მეტად წაიწიოს წინ სულიერად.
2 იმედი სხვა ადამიანებსაც აქვთ, თუმცა მათ შეიძლება ეჭვი ეპარებათ, რომ მათი მოლოდინი გამართლდება. მაგალითად, მილიონობით ადამიანი იმედოვნებს, რომ აზარტულ თამაშებში დიდ თანხას მოიგებს, თუმცა ისინი ამაში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ იქნებიან. ნამდვილი რწმენა კი იმ იმედის შესრულების „საფუძვლიანი მოლოდინია“, რომელიც ქრისტიანებს გვაქვს (ებრ. 11:1). როგორ შეგიძლიათ განმტკიცდეთ თქვენს იმედში და რაში დაგეხმარებათ მტკიცე რწმენა?
3. რას ეფუძნება ქრისტიანული რწმენა?
3 ცოდვილ ადამიანს რწმენა დაბადებიდან არ ჰყვება. ის არც თავისთავად ჩნდება. ქრისტიანული რწმენა მორჩილ ადამიანზე ღვთის წმინდა სულის ზემოქმედების შედეგად ვითარდება (გალ. 5:22). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იეჰოვას რწმენა აქვს ან სჭირდება ის. იეჰოვა ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია, ამიტომ ვერაფერი შეუშლის ხელს მისი განზრახვის შესრულებას. ჩვენი ზეციერი მამა იმდენად არის დარწმუნებული თავისი დანაპირების შესრულებაში, რომ უკვე შესრულებულად მიიჩნევს მას და ამბობს: „აღსრულდა!“ (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3—6). ქრისტიანული რწმენა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ერთგული ღმერთია და ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (კან. 7:9).
ისწავლეთ ძველად მცხოვრებ ერთგულთა რწმენის მაგალითებიდან
4. რის იმედი ჰქონდათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?
4 ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებულია 16 კაცისა თუ ქალის სახელი, რომელთაც ძლიერი რწმენა ჰქონდათ. ღვთივშთაგონებული დამწერი მათთან ერთად მოიხსენიებს სხვებსაც, რომელთაც „რწმენით მიეცათ დამოწმება“ (ებრ. 11:39). თითოეულს ჰქონდა იმის „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღმერთი აღთქმულ შთამომავალს მოავლენდა სატანის ამბოხების ჩასახშობად და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად (დაბ. 3:15). ეს ერთგული ადამიანები მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, ზეციერი ცხოვრებისკენ გზას გახსნიდა (გალ. 3:16). მიუხედავად ამისა, იეჰოვას უტყუარი დაპირების წყალობით ისინი აღდგებიან სამოთხეში დედამიწაზე, რათა სრულყოფილი სიცოცხლით გაიხარონ (ფსალმ. 37:11; ეს. 26:19; ოს. 13:14).
5, 6. რაზე ამყარებდნენ იმედს აბრაამი და მისი სახლეულობა და როგორ ინარჩუნებდნენ ისინი ძლიერ რწმენას? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)
5 ასეთ ერთგულ ადამიანებზე ებრაელების 11:13-ში ნათქვამია: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას [და] ხარობდნენ“. ერთ-ერთი მათგანი იყო აბრაამი. ინარჩუნებდა ის იმედს, რომ აღთქმული შთამომავლის მმართველობის დროს ბედნიერად იცხოვრებდა? იესომ ამ კითხვაზე ნათელი პასუხი გასცა, როცა თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“ (იოან. 8:56). იმავეს თქმა შეიძლება სარაზე, ისაკზე, იაკობსა და ბევრ სხვაზე, რომლებიც იმედს ამყარებდნენ მომავალ სამეფოზე, რომლის „მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:8—11).
6 როგორ ინარჩუნებდნენ აბრაამი და მისი სახლეულობა ძლიერ რწმენას? სავარაუდოდ, მათ ღვთის შესახებ გაიგეს უფროსი ასაკის ერთგული მსახურებისგან, ღვთიური გამოცხადებებიდან ან სანდო წერილობითი წყაროებიდან. რაც მთავარია, მათ არ ავიწყდებოდათ ნასწავლი; ყოველთვის ახსოვდათ ღვთის დაპირებები თუ მოთხოვნები და ფიქრობდნენ მათზე. თავიანთ იმედში დარწმუნებული ეს მამაკაცები და ქალები მზად იყვნენ, ღვთისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ნებისმიერი განსაცდელი გადაეტანათ.
7. რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად და ჩვენ რისი გაკეთება გვმართებს?
7 რწმენის მტკიცედ შესანარჩუნებლად იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია მოგვცა. ბედნიერები და წარმატებულები რომ ვიყოთ, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 1:1—3; წაიკითხეთ საქმეების 17:11). ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ღვთის დანაპირებზე და დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს. იეჰოვა იმითაც გვაკურთხებს, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად გვაწვდის უხვ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თუ ყოველთვის ვიფიქრებთ ნასწავლზე, ძველად მცხოვრები ერთგულების მსგავსად ჩვენც გვექნება „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღვთის სამეფო დამყარდება.
8. როგორ გვიძლიერებს ლოცვა რწმენას?
8 ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის მსახურებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში ლოცვაც დაეხმარა. როცა ისინი ხედავდნენ, როგორ პასუხობდა ღმერთი მათ ლოცვებს, რწმენა უძლიერდებოდათ (ნეემ. 1:4, 11; ფსალმ. 34:4, 15, 17; დან. 9:19—21). ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში მივანდოთ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მოგვისმენს და ძალას მოგვცემს, სიხარულით მოვითმინოთ ყველაფერი. როცა ვიღებთ პასუხს ჩვენს ლოცვაზე, რწმენა გვიძლიერდება (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:14, 15). რწმენა სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, როგორც იესომ მოგვიწოდა, უნდა ვითხოვოთ ღვთის წმინდა სული (ლუკ. 11:9, 13).
9. პირადი საკითხების გარდა, კიდევ რაზე უნდა ვილოცოთ?
9 აღსანიშნავია, რომ ლოცვის დროს მხოლოდ პირადი საკითხებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენ ვერც კი დავითვლით იმ „საოცარ საქმეებს“, რისთვისაც შეგვიძლია იეჰოვას ყოველდღე ვუთხრათ მადლობა და ვადიდოთ ის! (ფსალმ. 40:5). ამასთან, ჩვენი ლოცვებიდან უნდა ჩანდეს, რომ გვახსოვს „საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი“, თითქოს ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ შებორკილნი. ჩვენ მსოფლიო საძმოსთვისაც უნდა ვილოცოთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩვენ შორის „ხელმძღვანელობა აკისრია“. გულს გვიხარებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა პასუხობს ასეთ ლოცვებს! (ებრ. 13:3, 7).
ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე
10. ერთგულების რომელი მაგალითები მოიხსენია პავლემ და რამ მისცა მათ ძალა, დათმობაზე არ წასულიყვნენ?
10 პავლე მოციქული ებრაელების მე-11 თავში აღწერს ღვთის მსახურების მიერ გადატანილ განსაცდელებს, თუმცა ამ ერთგული ადამიანების სახელებს არ იხსენიებს. მოციქულს მოჰყავს მორწმუნე ქალების მაგალითი, რომელთაც შვილები დაეღუპათ, მაგრამ მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარნი დაუბრუნდათ უკან. შემდეგ ის მოიხსენიებს მათ, ვინც „უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“ (ებრ. 11:35). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვინ ჰყავდა მხედველობაში პავლეს, თუმცა ვიცით, რომ ზოგი, მაგალითად ნაბოთი და ზაქარია, ღვთის მორჩილებისა და მისი ნების შესრულებისთვის ჩაქოლეს (1 მეფ. 21:3, 15; 2 მატ. 24:20, 21). თუ ერთგულებას დათმობდნენ, დანიელსა და მის მეგობრებსაც ჰქონდათ გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ღვთის ძალისადმი რწმენით ისინი „ლომებს პირს უკრავდნენ“ და „ცეცხლის ძალას უძლებდნენ“ (ებრ. 11:33, 34; დან. 3:16—18, 20, 28; 6:13, 16, 21—23).
11. რა განსაცდელები აიტანა ზოგიერთმა წინასწარმეტყველმა რწმენის გამო?
11 მიქაია და იერემია წინასწარმეტყველები რწმენის გამო „გამოიცადნენ დაცინვითა და . . . ბორკილებით“. ელიას მსგავსად, სხვებიც „დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა და დედამიწის ხევებში“. მათ მოითმინეს, რადგან მათი მოლოდინი საფუძვლიანი იყო (ებრ. 11:1, 36—38; 1 მეფ. 18:13; 22:24—27; იერ. 20:1, 2; 28:10, 11; 32:2).
12. ვინ დაგვიტოვა განსაცდელების მოთმინებით გადატანის უდიდესი მაგალითი და რა დაეხმარა მას?
12 გამორჩეული რწმენის მქონე მამაკაცებისა თუ ქალების მოხსენიების შემდეგ პავლემ ყურადღება გაამახვილა რწმენის უდიდეს მაგალითზე, უფალ იესო ქრისტეზე. ებრაელების 12:2-ში მან იესოზე თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იესოს რწმენაზე, რამაც მას უმძიმესი განსაცდელები გადაატანინა (წაიკითხეთ ებრაელების 12:3). იესოს მსგავსად, ადრინდელ ქრისტიანთაგან ბევრმა, მათ შორის მოწაფე ანტიპამ, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ერთგულება (გამოცხ. 2:13). ღმერთი მათ ზეციური ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგომით დააჯილდოებდა. ეს აღდგომა იმ „უკეთეს აღდგომაზე“ აღმატებული იქნებოდა, რომელსაც ძველ დროში მცხოვრები ერთგულები ელოდნენ (ებრ. 11:35). 1914 წელს ქრისტეს გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილის ძილით მიძინებული ერთგული ცხებულები მკვდრეთით აღდგნენ ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის, რათა იესოსთან ერთად ემმართველათ კაცობრიობაზე (გამოცხ. 20:4).
რწმენის თანამედროვე მაგალითები
13, 14. რა განსაცდელებს შეხვდა რუდოლფ გრაიხენი და რა დაეხმარა მას?
13 ჩვენს დროში მილიონობით ღვთის მსახური ჰბაძავს იესოს მაგალითს — მათ ყოველთვის ახსოვთ თავიანთი იმედი და, განსაცდელების მიუხედავად, ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. დაფიქრდით რუდოლფ გრაიხენის მაგალითზე, რომელიც 1925 წელს დაიბადა გერმანიაში. თავის ბიოგრაფიაში მან გაიხსენა ნახატები ბიბლიური სცენებით, რომლებიც სახლში კედლებზე ეკიდათ. ის წერდა: „ერთ სურათზე გამოსახული იყო მგელი და ბატკანი, თიკანი და ჯიქი, ხბო და ლომი. ერთმანეთს არაფერს უშავებდნენ და პატარა ბიჭი მიუძღოდათ წინ . . . ამ სურათებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“ (ეს. 11:6—9). მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის მანძილზე სასტიკად დევნიდა გესტაპო, შემდეგ კი — აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური შტაზი, რუდოლფს არ შერყევია დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების რწმენა.
14 მას სხვა უმძიმესი განსაცდელების გადატანაც მოუწია. დედამისი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტიფით დაიღუპა, მამამისი კი იმდენად მოსუსტდა რწმენაში, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უარს ამბობდა იეჰოვას მოწმეობაზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რუდოლფი სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, მოგვიანებით კი ბიბლიური სკოლა „გალაადი“ დაამთავრა. ის ჩილეში დანიშნეს, სადაც კვლავ სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. მაგრამ რუდოლფის განსაცდელებს ბოლო არ უჩანდა. მისიონერ დაზე, პაციზე, დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მათ ახალშობილი გოგონა დაეღუპათ. მოგვიანებით მას საყვარელი მეუღლეც გამოეცალა ხელიდან, რომელიც სულ რაღაც 43 წლისა იყო. რუდოლფმა ეს განსაცდელებიც გადაიტანა. ხანდაზმულობისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ის პიონერად და უხუცესად მსახურობდა 1997 წელსაც, როცა პირველი აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მისი ბიოგრაფია გამოქვეყნდა (გვერდები 20—25).[1]
15. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეები დღესაც სიხარულით იტანენ დევნას?
15 ძლიერი და ხანგრძლივი დევნის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები არ კარგავენ სიხარულსა და იმედს. მაგალითად, ერიტრეაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ბევრი ჩვენი და-ძმა ძირითადად დაპატიმრებულია იმის გამო, რომ იესოს მითითებისამებრ ნეიტრალიტეტს იცავენ (მათ. 26:52). ამ ასობით პატიმარს შორის არიან ისააკი, ნეგედე და პაულოსი, რომლებიც 20 წელზე მეტია, რაც ერიტრეის ერთ-ერთ ციხეში იმყოფებიან. მათ არ მიეცათ დაქორწინებისა და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვის საშუალება. სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, ისინი ერთგულები რჩებიან. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სურათიდან ჩანს, რომ ისინი სიხარულსა და ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. მათ ციხის ზედამხედველების პატივისცემაც კი დაიმსახურეს!
სწავლობთ კრებაში იმ და-ძმებისგან, რომლებიც რწმენის კარგ მაგალითს იძლევიან? (იხილეთ აბზაცები 15, 16)
16. როგორ დაგიცავთ ძლიერი რწმენა?
16 იეჰოვას მსახურთა უმეტესობას სასტიკი დევნის ატანა არ უწევს. მათი რწმენა სხვანაირად იცდება. ბევრი სიღარიბეში ცხოვრობს ან სამოქალაქო ომებმა თუ სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა. სხვებმა მოსეს და პატრიარქების მსგავსად უარი თქვეს უზრუნველ ცხოვრებასა და ქვეყნიურ დიდებაზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ, არ გაებან მატერიალიზმისა თუ ეგოიზმის მახეში. ამაში მათ ეხმარება იეჰოვას სიყვარული და მისი დანაპირებისადმი მტკიცე რწმენა, რომ ბოლოს მოუღებს უსამართლობას და თავის ერთგულ მსახურთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:5, 7, 9, 29).
17. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი და რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
17 ამ სტატიიდან დავინახეთ, როგორ გვეხმარება რეგულარულად ლოცვა და ღვთის დაპირებებზე ფიქრი ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, ძლიერი რწმენა დაგვეხმარება განსაცდელების გადატანაში, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი ქრისტიანული იმედი და დარწმუნებულნი ვიქნებით მასში.
-
-
გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
-
-
გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!
„რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრ. 11:1).
1. რის თქმა შეიძლება ქრისტიანულ რწმენაზე?
ქრისტიანული რწმენა შესანიშნავი თვისებაა, რომელიც ყველა ადამიანს არა აქვს (2 თეს. 3:2). მაგრამ იეჰოვამ ის თავის თაყვანისმცემლებს გარკვეული ზომით გვიწილადა (რომ. 12:3; გალ. 5:22). ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის.
2, 3. ა) რა კურთხევები ელის მათ, ვისაც რწმენა აქვს? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ქვემოთ?
2 ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ადამიანებს თავისი ძის მეშვეობით იზიდავს (იოან. 6:44, 65). იესოსადმი რწმენა ადამიანებს ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, მათ იმედი ეძლევათ, რომ იეჰოვასთან მარადიული ურთიერთობით გაიხარებენ (რომ. 6:23). მაგრამ ადამიანთაგან არავის დაუმსახურებია ეს შესანიშნავი კურთხევა, რადგან ცოდვის გამო ყველანი სიკვდილს ვიმსახურებთ (ფსალმ. 103:10). თუმცა იეჰოვამ დაინახა ჩვენში რაღაც კარგი. უსაზღვრო სიკეთიდან გამომდინარე, მან სასიხარულო ცნობის მოსასმენად განგვაწყო. შედეგად, ჩვენ ვირწმუნეთ იესო, რათა მარადიული სიცოცხლით გაგვეხარა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10).
3 მაგრამ რას ნიშნავს რწმენა? ნიშნავს ის მხოლოდ იმ კურთხევების ცოდნას, რომელთაც იეჰოვა გვიმზადებს? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვავლენდეთ რწმენას?
გულით გწამდეთ!
4. რატომ მოიცავს რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე მეტს?
4 რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. ის აღმძვრელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთის ნების თანახმად მოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანთა სახსნელად ღვთის მიერ გატარებული ღონისძიებებისადმი რწმენა აღგვძრავს, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. ამის შესახებ მოციქული პავლე წერდა: «თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად» (რომ. 10:9, 10; 2 კორ. 4:13).
5. რატომ არის რწმენა მნიშვნელოვანი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ შესუსტდეს? მოიყვანეთ მაგალითი.
5 აშკარაა, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ძლიერი რწმენა გვექნება. რწმენა შეგვიძლია მცენარეს შევადაროთ. ხელოვნური მცენარისგან განსხვავებით ცოცხალი მცენარე მუდმივად განიცდის ცვლილებას. მცენარემ რომ გაიხაროს, დროულად უნდა მოირწყას, წინააღმდეგ შემთხვევაში გახმება. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს რწმენაზე. ის შეიძლება შესუსტდეს და საბოლოოდ გაქრეს კიდეც (ლუკ. 22:32; ებრ. 3:12). მაგრამ, თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, ცოცხლად შევინარჩუნებთ მას; ის ზრდას არ შეწყვეტს და ჯანსაღნი ვიქნებით რწმენაში (2 თეს. 1:3; ტიტ. 2:2).
როგორ აღწერს ბიბლია რწმენას
6. ებრაელების 11:1-ის თანახმად, რას მოიცავს რწმენა?
6 ებრაელების 11:1-ში (წაიკითხეთ) აღწერილია, რა არის რწმენა. ამ მუხლის თანახმად, რწმენა მოიცავს ორ რამეს, რაც ჩვენთვის უხილავია. პირველი არის ის, „რასაც ვიმედოვნებთ“. ამაში შედის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული და ახალი ქვეყნიერების დადგომა, რასაც იეჰოვა სამომავლოდ გვპირდება. მეორეა, „უხილავი სინამდვილე“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტში „აშკარა მტკიცებად“ ითარგმნა, მიუთითებს უხილავი სინამდვილის, მაგალითად, იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და ანგელოზების არსებობისა და ზეციერი სამეფოს საქმიანობის დამადასტურებელ ნიშანზე (ებრ. 11:3). რით ცხადვყოფთ, რომ ცოცხალი იმედი გვაქვს და გვწამს ყველაფერი, რის შესახებაც ღვთის სიტყვა საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ისინი უხილავია? ამას ცხადვყოფთ ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით, რომელთა გარეშეც ჩვენი რწმენა სრული ვერ იქნება.
7. რას ვიგებთ ნოეს მაგალითიდან რწმენის შესახებ? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)
7 ებრაელების 11:7-ში წერია, რომ „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო“. უზარმაზარი კიდობნის აგება ნოეს რწმენაზე მოწმობდა. უეჭველია, მეზობლები დაინტერესდებოდნენ, რაში სჭირდებოდა ნოეს ამხელა შენობა. გაჩუმდებოდა ნოე ან ეტყოდა მათ, რომ თავისი საქმისთვის მიეხედათ? რა თქმა უნდა, არა. რწმენით მან გაბედულად დაუმოწმა მათ და გააფრთხილა, რომ ღმერთი მალე განაჩენს აღასრულებდა ბოროტებზე. ის, ალბათ, სიტყვასიტყვით გაუმეორებდა მათ იეჰოვას ნათქვამს: „დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა . . . მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას. მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე“. ნოე გადარჩენის ერთადერთ საშუალებასაც დაანახვებდა მათ და გაუმეორებდა ღვთის მითითებას: „შედი კიდობანში“. ამგვარად, ნოეს რწმენა იმაშიც გამოვლინდა, რომ „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (დაბ. 6:13, 17, 18; 2 პეტ. 2:5).
8. როგორ ახსნა ღვთის შთაგონებით იაკობმა ნამდვილი ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა?
8 იაკობმა თავისი წერილი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მალევე დაწერა, რაც პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით ახსნა რწმენის მნიშვნელობა. პავლეს მსგავსად, იაკობმაც აღნიშნა, რომ ნამდვილი ქრისტიანული რწმენა რაიმეს დაჯერებაზე მეტს ნიშნავს; მასში მოქმედებაც იგულისხმება. იაკობი წერდა: „მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“ (იაკ. 2:18). შემდეგ მან აშკარა განსხვავება გააკეთა რაიმეს დაჯერებასა და რწმენის გამოვლენას შორის. დემონებსაც სჯერათ, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა ნამდვილი რწმენა არ გააჩნიათ. ისინი ურწმუნოებას ავლენენ და ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგებიან (იაკ. 2:19, 20). განსხვავების საჩვენებლად იაკობი მოიხსენიებს ძველად მცხოვრებ რწმენით გამორჩეულ მამაკაცს: „განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა“. იმის საჩვენებლად, რომ აუცილებელია რწმენის დამტკიცება საქმეებით, იაკობი დასძენს: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკ. 2:21—23, 26).
9, 10. როგორ დაგვანახვა მოციქულმა იოანემ რწმენის გამოვლენის აუცილებლობა?
9 ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ მოციქულმა იოანემ თავისი სახარება და სამი წერილი დაწერა. მასაც ისევე კარგად ესმოდა ნამდვილი ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა, როგორც პავლესა და იაკობს? იოანემ ბიბლიის სხვა დამწერებზე ხშირად გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც რწმენის გამოვლენას ნიშნავს.
10 მაგალითად, მან დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). ქრისტიანული რწმენა იესოს მითითებების მორჩილებასაც ნიშნავს. იოანე ხშირად ციტირებდა იესოს სიტყვებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ რწმენის გამოვლენა უწყვეტი პროცესია (იოან. 3:16; 6:29, 40; 11:25, 26; 14:1, 12).
11. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება ვიცით?
11 რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ წმინდა სულით გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება და შესაძლებელი გახადა, რომ სასიხარულო ცნობისადმი რწმენა გამოგვევლინა! (წაიკითხეთ ლუკას 10:21). მან თავისი ძის, „ჩვენი რწმენის მეთაურისა და გამასრულყოფილებლის“ მეშვეობით დაგვიახლოვა, რისთვისაც არასდროს უნდა შევწყვიტოთ მადლობის გადახდა (ებრ. 12:2). ასეთი წყალობისთვის მადლიერების ნიშნად, რწმენა უნდა გავიძლიეროთ ლოცვითა და ღვთის სიტყვის შესწავლით (ეფეს. 6:18; 1 პეტ. 2:2).
გამოავლინეთ რწმენა და ხელიდან ნუ გაუშვებთ სასიხარულო ცნობის გაზიარების შესაძლებლობას (იხილეთ აბზაცი 12)
12. რომელი საქმეებით უნდა ვავლენდეთ რწმენას?
12 ჩვენ რწმენას უნდა ვავლენდეთ იეჰოვას დაპირებების მიმართ, რაც აშკარად შესამჩნევი უნდა იყოს სხვებისთვის. მაგალითად, უნდა ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ და მონაწილეობა მივიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში; სიკეთე გავუკეთოთ ყველას, „განსაკუთრებით მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10); ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ მოვიშოროთ „ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“ და მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სულიერად მოგვასუსტებს (კოლ. 3:5, 8—10).
ღვთისადმი რწმენა მნიშვნელოვანია
13. რამდენად მნიშვნელოვანია „ღვთისადმი რწმენა“, რისი ნაწილია ის და კიდევ რომელი თვისებების განვითარებაა საჭირო?
13 ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, „ღვთისადმი რწმენაც“ იმ საფუძვლის ნაწილია, რომელიც ნებისმიერს გვჭირდება ჭეშმარიტ ქრისტიანად გახდომასა და შემდეგ ამ გზაზე დარჩენაში (ებრ. 6:1). „ღვთის სიყვარულში“ დასარჩენად ქრისტიანებმა რწმენასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი თვისებებიც უნდა განივითარონ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—7; იუდ. 20, 21).
14, 15. რატომ არის სიყვარული რწმენაზე მნიშვნელოვანი?
14 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ხაზი გაუსვეს რწმენის გამოვლენის აუცილებლობას იმით, რომ ასობით ადგილას მოიხსენიეს ის. მასზე ხშირად მათ არც ერთი სხვა ქრისტიანული თვისება არ უხსენებიათ. ნიშნავს ეს იმას, რომ რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებაა?
15 რწმენასა და სიყვარულზე საუბრისას პავლემ აღნიშნა: „ისეთი რწმენა [რომ] მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“ (1 კორ. 13:2). კითხვაზე, თუ „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“, იესოს მიერ გაცემული პასუხიდან ჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ღვთისადმი სიყვარულია (მათ. 22:35—40). სიყვარული მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ქრისტიანულ თვისებას, მათ შორის რწმენას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“. მას სწამს ის, რაც ღმერთმა თავის სიტყვაში თქვა (1 კორ. 13:4, 7).
16, 17. როგორ უსვამს ხაზს ბიბლია რწმენისა და სიყვარულის მნიშვნელობას, რომელია მათ შორის უდიდესი და რატომ?
16 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები რწმენასა და სიყვარულს ბევრჯერ ერთად მოიხსენიებდნენ, ზოგჯერ ერთ წინადადებაში ან ფრაზაშიც კი, რითაც ცხადყოფდნენ, რომ ორივე თვისება მნიშვნელოვანია. პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, შემოსილიყვნენ „რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით“ (1 თეს. 5:8). პეტრე წერდა: „თუმცა არასოდეს გინახავთ იგი [იესო], მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8). იაკობმა თავის ცხებულ ძმებს კითხვა დაუსვა: „განა ქვეყნიერების ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?“ (იაკ. 2:5). იოანე კი წერდა: „[ღვთის] მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 3:23).
17 მიუხედავად იმისა, რომ რწმენა მნიშვნელოვანი თვისებაა, მომავალში აღარ დაგვჭირდება ღვთის დანაპირებისადმი რწმენის გამოვლენა, რადგან ყველა დაპირება შესრულდება. მაგრამ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ყოველთვის იქნება საჭირო. ამიტომ დაწერა პავლემ: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13).
რწმენის უდიდესი მტკიცება
18, 19. რწმენის რა უდიდეს მტკიცებას ვხედავთ დღეს და ვისი დამსახურებაა ეს?
18 დღეს იეჰოვას ხალხი რწმენას ავლენს ღვთის სამეფოს მიმართ. შედეგად, მთელ მსოფლიოში განივრცო სულიერი სამოთხის საზღვრები, სადაც რვა მილიონზე მეტი ადამიანი უხვად ავლენს ღვთის სულის ნაყოფს (გალ. 5:22, 23). სულიერი სამოთხე ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენისა და სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა!
19 ეს ღვთის დამსახურებაა და არა ადამიანის. ის „სახელს გაუთქვამს იეჰოვას და ეს იქნება მარადიულ ნიშნად, რომელიც არ მოიკვეთება“ (ეს. 55:13). „ღვთის ძღვენია“ ისიც, რომ „რწმენის მეშვეობით“ გადავრჩებით (ეფეს. 2:8). სულიერი სამოთხე იქამდე გაფართოვდება, ვიდრე დედამიწა არ აივსება სრულყოფილი, მართალი და ბედნიერი ადამიანებით, რომლებიც მარადიულად განადიდებენ იეჰოვას სახელს. მოდი კვლავაც გამოვავლინოთ რწმენა იეჰოვას დაპირებების მიმართ!
-