-
აბრაამი — სამაგალითო რწმენაშისაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
-
-
აბრაამი — სამაგალითო რწმენაში
„[აბრაამი იყო] ყველა. . . მორწმუნის მამა“ (რომაელთა 4:11).
1, 2. ა) როგორ იხსენიებენ აბრაამს დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები? ბ) რატომ ეწოდება აბრაამს „ყველა. . . მორწმუნის მამა“?
იგი ძლევამოსილი ერის წინაპარი, წინასწარმეტყველი, საქმიანი კაცი და წინამძღოლი იყო. მაგრამ დღევანდელი ქრისტიანები ამ ადამიანს ყველაზე მეტად ერთი თავისებურების გამო იხსენებენ. მისმა ამ თავისებურებამ — შეურყეველმა რწმენამ — აღძრა იეჰოვა ღმერთი, რომ იგი თავის მეგობრად მიეჩნია (ესაია 41:8; იაკობი 2:23). მას ერქვა აბრაამი, და ბიბლია „ყველა. . . მორწმუნის მამას“ უწოდებს (რომაელთა 4:11).
2 განა აბრაამამდე მცხოვრები მამაკაცები, როგორებიც იყვნენ აბელი, ენოქი და ნოე, არ ავლენდნენ რწმენას? დიახ, მაგრამ ღმერთმა სწორედ აბრაამთან დადო კავშირი, რათა დედამიწის ყველა ერი ეკურთხა (დაბადება 22:18). ამგვარად, იგი ყველა იმ ადამიანის სიმბოლური მამა გახდა, რომლებიც აღთქმულ თესლს იწამებდნენ (გალატელთა 3:8, 9). რადგან მისი რწმენა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, გარკვეულწილად, აბრაამი ჩვენს მამადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ვინაიდან თავისი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი განსაცდელი და გასაჭირი გადაიტანა, მთელი მისი ცხოვრება შეიძლება რწმენის გამოვლინებად ჩაითვალოს. მართლაც, მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ აბრაამის ცხოვრებაში დადგებოდა ის მომენტი, რომლისთვისაც შეიძლებოდა რწმენის უდიდესი გამოცდა (ღვთის ბრძანება მისი ვაჟის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვის თაობაზე) გვეწოდებინა, მან მრავალ, შედარებით მცირე, განსაცდელში დაამტკიცა თავისი რწმენის ურყეობა (დაბადება 22:1, 2). მოდი განვიხილოთ აბრაამის რწმენის ეს ზოგიერთი ადრეული გამოცდა, და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.
ბრძანება ურის დატოვების შესახებ
3. რას ვიგებთ ბიბლიიდან აბრამის ბიოგრაფიის შესახებ?
3 ბიბლია პირველად დაბადების 11:26-ში მოიხსენიებს აბრამს (მოგვიანებით აბრაამად ცნობილს). აქ ვკითხულობთ: „სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი“. აბრამი ღვთისმოშიში სემის შთამომავალი იყო (დაბადება 11:10—24). დაბადების 11:31-ის თანახმად, აბრამი ოჯახთან ერთად ‘ქალდეველთა ურში’ ცხოვრობდა — ეს იყო ერთ დროს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე აყვავებული ქალაქიa. ამრიგად, ის კარვებში მკვიდრ მომთაბარედ კი არ გაიზარდა, არამედ იმ ქალაქის მაცხოვრებლად, რომელიც დიდ ფუფუნებასა და სიმდიდრეს სთავაზობდა ადამიანებს. ურის ბაზრებში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის ყიდვა შეიძლებოდა. მის ქუჩებში შეთეთრებული, 14-ოთახიანი, წყალგაყვანილობის შიდა სისტემის მქონე სახლები იყო ჩამწკრივებული.
4. ა) რა სირთულეების წინაშე იდგნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ურში? ბ) როგორ ირწმუნა აბრამმა იეჰოვა?
4 სიმდიდრის შეძენის საცდურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ური სხვა სერიოზულ სირთულესაც უქმნიდა ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ღვთისთვის მსახურება სურდა. ის კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლული და ცრუმორწმუნეობით გაჟღენთილი ქალაქი იყო. მართლაც, მისი მთავარი ნაგებობა მთვარის ღვთაება ნანნას პატივსაცემად წამომართული მაღალი ზიკურათი იყო. უეჭველია, აბრამზე დიდ გავლენას ახდენდა შექმნილი სიტუაცია, შესაძლოა — ზოგიერთი ნათესავიც კი, და ამ საზიზღარ თაყვანისცემაში ჩაბმისკენ უბიძგებდა. ზოგიერთი ებრაული გადმოცემის თანახმად, აბრამის მამა, თერახი, თავად ამზადებდა კერპებს (იესო ნავეს ძე 24:2, 14, 15). როგორც უნდა ყოფილიყო, აბრამი არ იყო უკუღმართ თაყვანისცემაში ჩაბმული. მისი ხანში შესული წინაპარი, სემი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და, უეჭველია, ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ცოდნას უზიარებდა მას. შედეგად, აბრამმა იეჰოვა ირწმუნა, და არა — ნანნა! (გალატელთა 3:6).
რწმენის გამოცდა
5. რა უბრძანა და რა აღთქმა მისცა ღმერთმა აბრამს, როდესაც ის ჯერ კიდევ ურში იმყოფებოდა?
5 აბრამის რწმენა უნდა გამოცდილიყო. მას ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“ (დაბადება 12:1—3; საქმეები 7:2, 3).
6. რატომ დასჭირდა აბრამს მტკიცე რწმენის გამოვლენა ურის დასატოვებლად?
6 აბრამი ხანდაზმული და უშვილო იყო. როგორ უნდა ქცეულიყო იგი „დიდ ხალხად“? და სახელდობრ, სად იყო ის ქვეყანა, სადაც ღვთის ბრძანებისამებრ უნდა წასულიყო? იმ დროს ღმერთს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს. ამიტომ, ური რომ დაეტოვებინა და უარი ეთქვა მის ფუფუნებაზე, აბრამს ურყევი რწმენა უნდა გამოევლინა. წიგნში „ოჯახი, სიყვარული და ბიბლია“ ძველი დროის ტრადიციების შესახებ ნათქვამია: «უმძიმესი სასჯელი, რომელიც შეიძლებოდა სერიოზული დანაშაულის ჩამდენი ოჯახის წევრისთვის დაეკისრებინათ, მისი მოკვეთა, ოჯახის „წევრობის“ ჩამორთმევა იყო. . . აი, ამიტომ იყო აბრაამის მიერ ღვთისადმი ნდობისა და უსიტყვო მორჩილების უჩვეულო გამოვლენა ის ფაქტი, რომ მან, ღვთის ბრძანების თანახმად, არა მარტო თავისი სამშობლო დატოვა, არამედ თავისი სანათესაოც».
7. როგორ შეიძლება ქრისტიანები დღესაც ისეთივე გამოცდების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორი გამოცდების წინაშეც აბრამი იდგა?
7 ქრისტიანები დღესაც შეიძლება აღმოჩნდნენ მსგავსი გამოცდების წინაშე. ისე, როგორც აბრამის შემთხვევაში იყო, ჩვენ გარშემო შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება ჩვენზეც იქონიოს გავლენა და მატერიალიზმის თეოკრატიულ ინტერესებზე წინ დაყენებისკენ გვიბიძგოს (1 იოანე 2:16). შესაძლოა ოჯახის ურწმუნო წევრები გვეწინააღმდეგებიან, მათ შორის კრებიდან გარიცხული ნათესავებიც, რომლებიც არაჯანსაღ საზოგადოებაში ჩვენ ჩათრევასაც შეიძლება შეეცადონ (მათე 10:34—36; 1 კორინთელთა 5:11—13; 15:33). ამ მხრივ, აბრამმა კარგი მაგალითი მოგვცა. მან ღმერთთან მეგობრობა ყველაფერზე — თვით ოჯახურ კავშირზე — წინ დააყენა. მან არ იცოდა ზუსტად როგორ, როდის ან სად შეასრულებდა ღმერთი თავის აღთქმებს. მიუხედავად ამისა, მზად იყო, თავისი ცხოვრება ამ აღთქმებისადმი ნდობაზე დაეფუძნებინა. რაოდენ გამამხნევებელია ეს მაგალითი ჩვენთვის — ის აღგვძრავს, დღესაც ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სამეფო დავაყენოთ! (მათე 6:33).
8. რა გავლენა მოახდინა აბრამის რწმენამ თავისი ოჯახის წევრებზე, და რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს აქედან?
8 რა შეიძლება ითქვას აბრამის ოჯახის წევრებზე? როგორც ჩანს, აბრამის რწმენამ და დაჯერებულობამ დიდი გავლენა მოახდინა მათზე; ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორივე — მისი ცოლი, სარაი, და დაობლებული ძმისწული, ლოტი, — აღძრული იყო, ღვთის მოწოდებას დამორჩილებოდნენ და ური დაეტოვებინათ. აბრამის ძმამ, ნახორმა, და ზოგმა მისმა მემკვიდრემ, მოგვიანებით, ური დატოვეს და ხარანში დასახლდნენ, სადაც ისინი იეჰოვას სცემდნენ თაყვანს (დაბადება 24:1—4, 10, 31; 27:43; 29:4, 5). წარმოიდგინეთ, თვით აბრამის მამა — თერახიც — თანახმა იყო, თავის ვაჟთან ერთად წასულიყო! ამიტომ ბიბლია მას, როგორც ოჯახის თავს, მოიხსენიებს ქანაანში გადასვლის ორგანიზატორად (დაბადება 11:31). განა ჩვენ კი არ ვიქნებით კურთხეული კარგი შედეგებით, თუკი ტაქტიანად ვუქადაგებთ ჩვენს ნათესავებს?
9. რაზე უნდა დაეჭირა აბრამს თადარიგი მოგზაურობის დაწყებამდე, და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს მას მსხვერპლის გაღება მოუწევდა?
9 გამგზავრებამდე აბრამს ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მას უნდა გაეყიდა კერძო საკუთრება, ქონება და ეყიდა კარვები, აქლემები, საკვები და საჭირო აღჭურვილობა. ამ დაჩქარებული სამზადისისას აბრამმა შეიძლება იზარალა კიდეც ფინანსურად, მაგრამ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვასადმი მორჩილება. რაოდენ დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო იმ დღის გათენება, როდესაც ოჯახს უკვე ყელაფერზე ჰქონდა თადარიგი დაჭერილი, და აბრამის ქარავანი ურის გალავნის გარეთ იყო თავმოყრილი! მდინარე ევფრატის გაყოლებაზე, ქარავანმა ჩრდილო-დასავლეთისკენ აიღო გეზი. რამდენიმე კვირის მგზავრობის შემდეგ, როდესაც უკვე დაახლოებით 1 000 კილომეტრი ჰქონდა დაფარული, მან ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მდებარე ქალაქ ხარანს მიაღწია. ხარანი ქარავანთა უდიდესი სადგომი იყო.
10, 11. ა) როგორც ჩანს, რის გამო დარჩა აბრამი ხარანში გარკვეული ხნის განმავლობაში? ბ) რით შეიძლება გამხნევდნენ ხანში შესულ მშობლებზე მზრუნველი ქრისტიანები?
10 აბრამი, ალბათ, თავისი ხანდაზმული მამის, თერახის, მდგომარეობის გათვალისწინებით დასახლდა ხარანში (ლევიანნი 19:32). ასევე, დღესაც ბევრ ქრისტიანს აკისრია ხანში შესულ თუ ავადმყოფ მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა; ზოგიერთ მათგანს ცვლილებების მოხდენაც კი უწევს საამისოდ. როდესაც აუცილებელია და ქრისტიანები ასეთ ცვლილებებს ახდენენ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მიერ სიყვარულით გაღებული მსხვერპლი „მოსაწონია ღვთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4).
11 გადიოდა დრო. „თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანში“. აბრამი უთუოდ გლოვობდა ამ დანაკლისის გამო, მაგრამ როდესაც გლოვის დღეები გასრულდა, იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა. „სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას“ (დაბადება 11:32; 12:4, 5).
12. რით იყო დაკავებული აბრამი, როდესაც ხარანში ცხოვრობდა?
12 საინტერესოა, რომ ხარანში ყოფნისას აბრამმა ‘ქონება მოიხვეჭა’. თუმცა აბრამმა მატერიალური მსხვერპლი გაიღო ურის დასატოვებლად, იგი შეძლებული კაცი იყო ხარანიდან წასვლისას. აშკარაა, ეს ღვთის კურთხევა იყო (ეკლესიასტე 5:18). თუმცა დღეს ღმერთი მთელ თავის ხალხს არ აღუთქვამს სიმდიდრეს, იგი ერთგულად ასრულებს თავის დანაპირებს იმასთან დაკავშირებით, რომ იზრუნებს მათზე, ვინც ‘ტოვებს სახლებს, ძმებს ან დებს’ სამეფოს გულისთვის (მარკოზი 10:29, 30). აბრამმა „ყრმები“, ანუ მრავალი მოსამსახურეც ‘შეიძინა’. „იერუსალიმის თარგუმისა“ და „ქალდეური პერიფრაზის“ მიხედვით, აბრამი ‘თავის რწმენაზე აქცევდა’ ადამიანებს (დაბადება 18:19). აღგძრავთ თუ არა რწმენა მეზობლებთან, თანამშრომლებთან ან თანაკლასელებთან სასაუბროდ? ნაცვლად იმისა, რომ კეთილმოწყობილიყო და ღვთის ბრძანება დაევიწყა, აბრამმა ნაყოფიერად გამოიყენა ხარანში ყოფნის დრო. მაგრამ მისი აქ დარჩენის ხანი ახლა უკვე ამოწურული იყო. „წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა“ (დაბადება 12:4).
ევფრატის გაღმა
13. როდის გადაკვეთა აბრამმა მდინარე ევფრატი, და რა იყო ამ მოვლენის მნიშვნელობა?
13 აბრამი კიდევ ერთხელ უნდა გასდგომოდა გზას. მისმა ქარავანმა უკან მოიტოვა ხარანი და დაახლოებით 90 კილომეტრი გაიარა დასავლეთის მიმართულებით. აბრამი, შესაძლოა, ევფრატის სანაპიროზე ძველი სავაჭრო ცენტრის, ქარხემიშის, გამოღმა შეჩერდა. ეს ის ძირითადი ადგილი იყო, სადაც ქარავნები კვეთდნენ მდინარესb. როდის გადაკვეთა აბრამის ქარავანმა ევფრატი? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს მანამდე 430 წლით ადრე მოხდა, ვიდრე ძვ. წ. 1513 წლის 14 ნისანს ებრაელები ეგვიპტიდან გამოვიდოდნენ. გამოსვლის 12:41-ში ვკითხულობთ: „გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან“. მაშ, როგორც ჩანს, აბრაამთან დადებული კავშირი ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს შევიდა ძალაში, როდესაც აბრამმა მორჩილად გადაკვეთა ევფრატი.
14. ა) რის დანახვა შეეძლო აბრამს რწმენის თვალით? ბ) რა მხრივ არის ღვთის ხალხი დღეს აბრამზე უფრო მეტად კურთხეული?
14 აბრამმა აყვავებული ქალაქი მიატოვა. მაგრამ ახლა მას ‘საძირკვლიანი ქალაქის’ — კაცობრიობაზე მმართველი სამართლიანი მთავრობის — რწმენის თვალით დანახვა შეეძლო (ებრაელთა 11:10). დიახ, აბრამმა თავისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მწირი ინფორმაციის საფუძველზე მოკვდავი კაცობრიობის გამოსყიდვასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის ძირითადი საკითხების ნელ-ნელა მიხვედრა დაიწყო. დღეს ჩვენ კურთხეული ვართ იმით, რომ გაცილებით ღრმად გვესმის ღვთის განზრახვები, ვიდრე აბრამს (იგავნი 4:18). „ქალაქი“, ანუ სამეფო მთავრობა, რომელზეც აბრამი ამყარებდა იმედს, ახლა უკვე რეალობაა — იგი ზეცაში დამყარდა 1914 წელს. ამიტომ, განა ამან არ უნდა აღგვძრას, რომ ჩვენი მოქმედება იეჰოვასადმი რწმენასა და ნდობას ირეკლავდეს?
მომთაბარე ცხოვრება აღთქმულ მიწაზე
15, 16. ა) რატომ იყო საჭირო გამბედაობა, რათა აბრამს იეჰოვასთვის სამსხვერპლო აეგო? ბ) როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს, აბრამის მსგავსად, გაბედულების გამოვლენა?
15 დაბადების 12:5, 6-ში ვკითხულობთ: „მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე“. შექემი იერუსალიმის ჩრდილოეთით და 50 კილომეტრის დაშორებით იმ ნაყოფიერ ველზე მდებარეობდა, რომელსაც „წმინდა მიწის სამოთხედ“ მოიხსენიებდნენ. მაგრამ „ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში“. რადგან ქანაანელები ზნეობრივად გაუკუღმართებული იყვნენ, აბრამს წინდახედულება უნდა გამოეჩინა, რათა ოჯახი მათი გამხრწნელი ზეგავლენისგან დაეცვა (გამოსვლა 34:11—16).
16 მეორეჯერ „გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა“. რაოდენ ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო! რა თქმა უნდა, აბრამს რწმენა უნდა ჰქონოდა, რათა სიხარული ეპოვა იმაში, რასაც მხოლოდ მისი მომავალი თაობა მიიღებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, აბრამმა არ დააყოვნა და „იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას“ (დაბადება 12:7). ერთი ბიბლიოლოგი წერს: „ამ ქვეყანაში სამსხვერპლოს აგება, სინამდვილეში, მის ფორმალურ დასაკუთრებას ნიშნავდა; ხოლო ამის საფუძველი ის იყო, რომ ის თავისი რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობდა“. ასეთი სამსხვერპლოს აგება გაბედულად გადადგმული ნაბიჯიც იყო. უეჭველია, სამსხვერპლო ისეთი იქნებოდა, როგორიც მოგვიანებით რჯულის კავშირში იყო აღწერილი, და ბუნებრივი (გაუთლელი) ქვებისგან იყო აგებული (გამოსვლა 20:24, 25). ის მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა იმ სამსხვერპლოებისგან, რომლებსაც ქანაანელები აგებდნენ. ამგვარად, აბრამმა ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გაბედული თაყვანისმცემლის რეპუტაცია შეიქმნა საზოგადოებაში და მტრული განწყობისა და სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის საფრთხის წინაშე დადგა. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? თავს ხომ არ იკავებს ზოგიერთი ჩვენგანი — განსაკუთრებით ახალგაზრდები — მეზობლებისა და თანაკლასელებისთვის იმის თქმისგან, რომ იეჰოვას ვცემთ თაყვანს? დაე ყველა ჩვენგანს სიმხნევე შეგვმატოს აბრამის გაბედულების მაგალითმა, რათა იეჰოვას მსახურებად ყოფნა საამაყოდ მიგვაჩნდეს!
17. რა ადასტურებს, რომ აბრამი თავად ქადაგებდა ღვთის სახელს, და ეს რას შეახსენებს დღევანდელ ქრისტიანებს?
17 სადაც უნდა წასულიყო, აბრამი ყოველთვის იეჰოვასადმი თაყვანისცემას ანიჭებდა უდიდეს მნიშვნელობას. „გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი — აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი“ (დაბადება 12:8). ებრაული ფრაზა ‘სახელის ხსენება’ „სახელის უწყებასაც (ქადაგებას)“ ნიშნავს. უდავოა, აბრამი გაბედულად აუწყებდა იეჰოვას სახელს ქანაანელ მეზობლებს (დაბადება 14:22—24). ეს ჩვენ მოვალეობას შეგვახსენებს, რომ რაც შეიძლება მეტად მივიღოთ მონაწილეობა დღეს ‘მისი სახელის აღსარებაში [„საჯაროდ გაცხადებაში“, აქ]’ (ებრაელთა 13:15; რომაელთა 10:10).
18. როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქანაანის მოსახლეობასთან აბრამს?
18 აბრამი არსად რჩებოდა ძალიან დიდხანს. „მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ [იუდას მთების სამხრეთით მდებარე ნახევრად მშრალი ადგილისკენ] გაემართა“ (დაბადება 12:9). ვინაიდან განუწყვეტლივ გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე და იმ არე-მარეში მცხოვრებთ, სადაც დროებით სახლდებოდნენ, თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად აცნობდნენ, ამგვარად, აბრამი და მისი ოჯახი „აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“ (ებრაელთა 11:13). მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი თავს არიდებდნენ თავიანთ წარმართ მეზობლებთან მეტისმეტად დაახლოებას. ასევე, დღეს მცხოვრები ქრისტიანებიც ‘არა ამ წუთისოფლისანი’ უნდა დარჩნენ (იოანე 17:16). თუმცა მეზობლებსა და თანამშრომლებს კეთილგანწყობით და თავაზიანად ვეპყრობით, უნდა ვიფრთხილოთ, რომ იმ არასწორი ყოფაქცევის მახეში არ გავებათ, რომელიც ღვთისგან გაუცხოებული წუთისოფლის სულს ირეკლავს (ეფესელთა 2:2, 3).
19. ა) რატომ უნდა შეექმნა მომთაბარე ცხოვრებას სირთულეები აბრამისა და სარაისთვის? ბ) რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა მალე აბრამი?
19 ნუ დავივიწყებთ, რომ მომთაბარე ცხოვრების სირთულეებთან შეგუება არც აბრამისთვის უნდა ყოფილიყო ადვილი, და არც სარაისთვის. ურის რომელიმე დოვლათიან ბაზარში შეძენილი საკვების ნაცვლად, ისინი იმას ჭამდნენ, რასაც თავიანთი ფარა აძლევდა; კარგად მოწყობილი სახლის ნაცვლად, კარვებში ცხოვრობდნენ (ებრაელთა 11:9). აბრამს არც ყოველდღიური საზრუნავი აკლდა; მას ბევრი უნდა ეშრომა, რათა ფარაზე მზრუნველობისა და მსახურების მეთვალყურეობის საქმეს გაძღოლოდა. ეჭვი არ არის, სარაი დაკავებული იყო იმ საქმეებით, რომლებსაც აღმოსავლურ კულტურაში ტრადიციისამებრ ქალები უძღვებოდნენ: ფქვილის მოზელა, პურის გამოცხობა, მატყლის დართვა, ტანისამოსის კერვა (დაბადება 18:6, 7; მეოთხე მეფეთა 23:7; იგავნი 31:19; ეზეკიელი 13:18). მაგრამ, კარს ახალი განსაცდელები იყო მომდგარი. მალე აბრამი და მისი ოჯახი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ, რაც თავად მათ სიცოცხლეს ჩააგდებდა საფრთხეში! აღმოაჩნდებოდა თუ არა აბრამს იმხელა რწმენა, რომ ამ სირთულეს გამკლავებოდა?
-
-
იქონიეთ ისეთივე რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა!საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
-
-
იქონიეთ ისეთივე რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა!
„ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან“ (გალატელთა 3:7).
1. როგორ გაუმკლავდა აბრამი ახალ განსაცდელს ქანაანში?
აბრამი იეჰოვას ბრძანებას დაემორჩილა და ურის კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრება მიატოვა. მომდევნო წლებში მის მიერ გადატანილი სირთულეები მხოლოდ წვრილმანი იყო რწმენის იმ გამოცდასთან შედარებით, რომლის წინაშეც ეგვიპტეში დადგა. ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: „შიმშილი იყო ქვეყანაში“. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ამ ვითარებას აბრამი გაეღიზიანებინა, მაგრამ მან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ოჯახის უზრუნველსაყოფად. „წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში“. საეჭვოა, რომ აბრამის დიდი ოჯახი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ეგვიპტეში. შეასრულებდა თუ არა იეჰოვა თავის დანაპირებს და დაიცავდა თუ არა აბრამს ზიანისგან? (დაბადება 12:10; გამოსვლა 16:2, 3).
2, 3. ა) რატომ არ გაამჟღავნა აბრამმა თავისი ცოლის ნამდვილი ვინაობა? ბ) როგორ მიმართა აბრამმა მეუღლეს, როდესაც სიტუაციას აგვარებდა?
2 დაბადების 12:11—13-ში ვკითხულობთ: «როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. [„გთხოვ“, აქ] თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით». თუმცა სარაი 65-ს იყო გადაცილებული, იგი კვლავ საოცრად ლამაზი იყო. ამან ჩააგდო აბრამის სიცოცხლე საფრთხეშიa (დაბადება 12:4, 5; 17:17). მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვას ინტერესები იდო სასწორზე, ვინაიდან, როგორც მას ჰქონდა ნათქვამი, აბრამის თესლის მეშვეობით უნდა კურთხეულიყო დედამიწის ყველა ერი (დაბადება 12:2, 3, 7). რადგან აბრამი ჯერ კიდევ უშვილო იყო, მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა.
3 აბრამმა თავის ცოლს იმ ტაქტიკის გამოყენება შესთავაზა, რომელზეც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული; სახელდობრ, სარაის მის დად უნდა წარედგინა თავი. ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს: მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქალურ ძალაუფლებას ფლობდა, აბრამმა ბოროტად კი არ გამოიყენა თავისი მდგომარეობა, არამედ მეუღლეს თანამშრომლობა და მხარდაჭერა სთხოვა (დაბადება 12:11—13; 20:13). ამ მხრივ, აბრამმა სიყვარულით აღსავსე მეთაურობის შესანიშნავი მაგალითი მისცა ქმრებს, ხოლო სარაიმ მორჩილების გამოვლენით კარგი მაგალითი დაუტოვა ცოლებს (ეფესელთა 5:23—28; კოლასელთა 4:6).
4. როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის ერთგული მსახურები, როდესაც მათი ძმების სიცოცხლე საფრთხეშია?
4 სარაის შეეძლო აბრამის დად წარედგინა თავი, ვინაიდან, იგი მართლაც იყო მისი ნახევარდა (დაბადება 20:12). გარდა ამისა, აბრამი სულაც არ იყო ვალდებული, იმ ადამიანებისთვის გაემხილა ინფორმაცია, ვისაც მისი ცოდნის უფლება არ ჰქონდა (მათე 7:6). ღვთის ერთგული თანამედროვე მსახურები ცდილობენ, ყურად იღონ ბიბლიის მოწოდება და წრფელნი იყვნენ (ებრაელთა 13:18, [სსგ]). მაგალითად, ისინი არასოდეს გატეხენ ფიცს და ტყუილს არ იტყვიან სასამართლო პროცესზე. მაგრამ, როდესაც მათი ძმების ფიზიკური და სულიერი სიცოცხლე საფრთხეშია — მაგალითად, დევნის ან სამოქალაქო არეულობის დროს — ისინი ითვალისწინებენ იესოს რჩევას, იყვნენ „გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე 10:16; იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 30, აბზ. 19).
5. რატომ იყო სარაი მზად, ყურად ეღო აბრამის თხოვნა?
5 როგორ გამოეხმაურა სარაი აბრამის თხოვნას? მოციქული პეტრე ისეთ ქალებს, როგორიც სარაი იყო, ‘ღვთის მოიმედეებად’ მოიხსენიებს. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას ესმოდა ის სულიერი საკითხები, რომლებიც ამ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, მას უყვარდა თავისი ქმარი და პატივს სცემდა. ასე რომ, სარაი ‘თავის ქმარს დაემორჩილა’ და არ გაამჟღავნა, გათხოვილი რომ იყო (1 პეტრე 3:5). რა თქმა უნდა, ამან საფრთხეში ჩააგდო იგი. „როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში“ (დაბადება 12:14, 15).
ხსნა იეჰოვასგან
6, 7. რა შემაშფოთებელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ აბრამი და სარაი, და როგორ იხსნა იეჰოვამ სარაი?
6 რაოდენ შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს აბრამისა და სარაისთვის! ისე ჩანდა, რომ სარაის გაუპატიურებას უპირებდნენ. გარდა ამისა, ფარაონი, რომელმაც არ იცოდა, რომ სარაი გათხოვილი იყო, გულუხვად აძლევდა საჩუქრებს აბრამს. ისე რომ, „ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემებიb“ (დაბადება 12:16). როგორი ზიზღი უნდა ეგრძნო აბრამს ამ საჩუქრების გამო! თუმცა საქმეს, ერთი შეხედვით, კარგი პირი არ უჩანდა, იეჰოვას აბრამი მიტოვებული არ ჰყავდა.
7 „დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო“ (დაბადება 12:17). ჩვენთვის უცნობი რომელიღაც წყაროდან ფარაონმა ამ ‘შეჭირვების’ ნამდვილი მიზეზი შეიტყო. მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები: „დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი? რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი! მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ“ (დაბადება 12:18—20; ფსალმუნი 104:14, 15).
8. როგორ მფარველობას ჰპირდება დღეს იეჰოვა ქრისტიანებს?
8 დღეს იეჰოვა არ გვაძლევს სიკვდილის, ბოროტმოქმედების, შიმშილის ან სტიქიური უბედურების დამღუპველი შედეგებისგან დაცვის გარანტიას. ბიბლია აღგვითქვამს, რომ იეჰოვა ყოველთვის დაგვიცავს ისეთ შემთხვევებში, რომელთაც ჩვენი სულიერობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ (ფსალმუნი 90:1—4). ეს დაცვა ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იგი დროული გაფრთხილებებით უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). რას ვიტყოდით დევნის დროს სიკვდილის საფრთხის შესახებ? თუმცა ღმერთმა შეიძლება დაუშვას ცალკეული ადამიანების სიკვდილი, იგი არასოდეს დაუშვებს თავისი ხალხის მთლიანად მოსპობას (ფსალმუნი 115:6). და თუ სიკვდილი იმსხვერპლებს ზოგ ერთგულ ქრისტიანს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).
დათმობაზე წასვლა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით
9. რა მიუთითებს იმაზე, რომ ქანაანში ყოფნისას აბრამი ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებდა?
9 როგორც ჩანს, ქანაანში შიმშილობას ჩაევლო, როდესაც „წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ [იუდას მთების სამხრეთით მდებარე ნახევრად მშრალი მხარე]. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით“ (დაბადება 13:1, 2). ამიტომ იყო, რომ ადგილობრივი მობინადრეები მასში ძალაუფლების მქონე და გავლენიან — ძლევამოსილ მთავარს — ხედავდნენ (დაბადება 23:6). აბრამს არ სურდა, აქ დამკვიდრებულიყო და ქანაანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმულიყო. ნაცვლად ამისა, „გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის“. როგორც ყოველთვის, სადაც უნდა წასულიყო, აბრამი უპირატესობას იეჰოვასადმი თაყვანისცემას ანიჭებდა (დაბადება 13:3, 4).
10. რა პრობლემამ იჩინა თავი აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის, და რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი უმალვე მოგვარება?
10 „ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში“ (დაბადება 13:5—7). იმ ადგილას საკმარისი წყალი და საძოვრები არ იყო, რომ როგორც აბრამის, ისე ლოტის ცხვარ-ძროხას ყოფნოდა. ამიტომ მწყემსებს შორის დაძაბულობამ და ურთიერთგანაწყენებამ იჩინა თავი. ასეთი კინკლაობა შეუფერებელი იყო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისთვის. დავა რომ გაგრძელებულიყო, იგი მუდმივ უსიამოვნებაში გადაიზრდებოდა. როგორ უნდა გაერთვა აბრამს თავი ამ სიტუაციისთვის? მან ლოტი მამის სიკვდილის შემდეგ იშვილა და, შესაძლოა, საკუთარი შვილივით გაზარდა. როგორც ამ ორს შორის უფროსს, განა არ ჰქონდა აბრამს უფლება, რომ თავისთვის დაეტოვებინა საუკეთესო?
11, 12. რა შესთავაზა აბრამმა ლოტს დიდსულოვნად, და რატომ იყო ლოტის არჩევანი არაგონივრული?
11 მაგრამ „უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. ბეთელის ახლოს მდებარეობს ადგილი, რომელსაც „პალესტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადასახედად“ მოიხსენიებენ. შესაძლოა, აქედან „გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა“ (დაბადება 13:8—10).
12 თუმცა ბიბლია ლოტს „მართალ“ კაცად მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში მან რატომღაც არ დაუთმო აბრამს, და როგორც ჩანს, არც თავისზე უფროსის რჩევა-დარიგების მოსმენა არჩია (2 პეტრე 2:7). „აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები“ (დაბადება 13:11, 12). სოდომი მდიდარი ქალაქი იყო და მატერიალურ კეთილდღეობას უქადდა აქ მცხოვრებთ (ეზეკიელი 16:49, 50). თუმცა მატერიალური მოგების თვალსაზრისით, ლოტის არჩევანი შესაძლოა გონივრული ჩანდა, ეს არაგონივრული ნაბიჯი იყო სულიერი თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ „ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს“ (დაბადება 13:13). ლოტის გადაწყვეტილება ამ ქალაქში გადასვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, დიდ უბედურებას მოუტანდა მის ოჯახს.
13. როგორ დაეხმარება აბრამის მაგალითი იმ ქრისტიანებს, რომლებიც შეიძლება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ დავაში აღმოჩნდნენ ჩაბმული?
13 აბრამმა კი იეჰოვას აღთქმისადმი გამოავლინა რწმენა — მას სწამდა, რომ, საბოლოოდ, მისი თესლი დაიმკვიდრებდა მთელ ამ ქვეყანას და კინკლაობა არ დაუწყია ამ ქვეყნის მცირე ნაწილის გამო. იგი დიდსულოვნად მოიქცა მოგვიანებით 1-ლი კორინთელთა 10:24-ში ჩაწერილი პრინციპის თანახმად: „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“. ეს კარგი შეხსენებაა მათთვის, ვინც, შესაძლოა, ფინანსური საკითხების გამო თანამორწმუნეებთან აღმოჩნდეს დავაში ჩაბმული. მათეს 18:15—17-ში მოცემული რჩევის გათვალისწინების ნაცვლად, ზოგმა თავისი ძმები სასამართლოში წაიყვანა (1 კორინთელთა 6:1, 7). აბრამის მაგალითი გვიჩვენებს, რომ უმჯობესია ფინანსურად ვიზარალოთ, ვიდრე ჩირქი მოვცხოთ იეჰოვას სახელს ან კიდევ ქრისტიანული კრების მშვიდობა დავარღვიოთ (იაკობი 3:18).
14. რა კურთხევა ელოდა აბრამს დიდსულოვნების გამოჩენისთვის?
14 აბრამს კურთხევა ელოდა დიდსულოვნების გამოჩენისთვის. უთხრა მას ღმერთმა: „ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება“. რაოდენ გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო ეს გამოცხადება უშვილო აბრამისთვის! შემდეგ ღმერთმა უბრძანა: „ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი“ (დაბადება 13:16, 17). არა, აბრამს არ მიეცემოდა იმის ნება, რომ კეთილმოწყობილიყო ქალაქში. იგი ქანაანელთაგან გამოცალკევებული უნდა დარჩენილიყო. ასევე, ქრისტიანები დღესაც გამოცალკევებული უნდა იყვნენ ქვეყნიერებისგან. ისინი არ ფიქრობენ, რომ სხვებზე უკეთესები არიან, მაგრამ ახლო ურთიერთობა არა აქვთ მათთან, ვისაც მათი ცდუნება და არაბიბლიური საქციელისკენ აღძვრა შეუძლია (1 პეტრე 4:3, 4).
15. ა) რის შემხსენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო აბრამის მოგზაურობები? ბ) რა მაგალითი მისცა აბრამმა თანამედროვე ქრისტიან ოჯახებს?
15 ბიბლიურ დროში, ვიდრე ადამიანი მიწას შეიძენდა და მისი მფლობელი გახდებოდა, მისი შემოწმების უფლება ჰქონდა. ამრიგად, განუწყვეტელი მოგზაურობა შეიძლება იმის მუდმივი შემხსენებელი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას აბრამის შთამომავლობა დაეპატრონებოდა. აბრამი მორჩილად «აიყარა [„განაგრძობდა კარვებში ცხოვრებას“, აქ]. . . წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს» (დაბადება 13:18). აბრამმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თაყვანისცემას. ანიჭებს თუ არა უდიდეს მნიშვნელობას ოჯახურ შესწავლას, ოჯახურ ლოცვასა და შეხვედრებზე დასწრებას თქვენი ოჯახი?
მტერი შეტევაზე გადმოდის
16. ა) რატომ ჟღერს დაბადების 14:1-ის შესავალი სიტყვები ავისმომასწავებლად? ბ) რა იყო ოთხი აღმოსავლელი მეფის შემოჭრის მიზეზი?
16 ‘მოხდა ისე, რომ შინყარის მეფე ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამისc მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ, ბრძოლა გამართეს’. ებრაულ ორიგინალში შესავალი სიტყვები („მოხდა ისე, რომ. . .“) ავისმომასწავებლად ჟღერს; ისინი მიანიშნებენ „განსაცდელის პერიოდზე, რომელიც კურთხევით მთავრდება“ (დაბადება 14:1, 2, აქ, სქოლიო). განსაცდელი იმით დაიწყო, რომ ეს ოთხი აღმოსავლელი მეფე და მათი ჯარი ქანაანს შემოესია და ააოხრა. რა იყო მათი მიზანი? ხუთ ქალაქში — სოდომში, გომორში, ადმაში, ცებოიმსა და ბედაყში მომხდარი აჯანყების ჩახშობა. ამბოხებული ქალაქების დამარცხების შემდეგ „ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა“. ლოტი ოჯახთან ერთად იქვე ახლოს ცხოვრობდა (დაბადება 14:3—7).
17. რატომ იყო აბრამისთვის რწმენის გამოცდა მტრების მიერ ლოტის ტყვედ წაყვანა?
17 ქანაანელი მეფეები გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ დამპყრობლებს, მაგრამ მათ დამამცირებელი მარცხი იწვნიეს. გამარჯვებულებმა „ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ“. ამ საშინელი მოვლენების შესახებ ცნობამ მალე აბრამის ყურამდეც მიაღწია: „მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ეშქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. . . შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტყვევებინათ“ (დაბადება 14:8—14). რწმენის რაოდენ დიდი გამოცდა იყო! ჩაიტოვებდა თუ არა აბრამი გულში თავისი ძმისწულისადმი წყენას, რომელმაც საუკეთესო მიწა აირჩია? ისიც არ დაივიწყოთ, რომ ეს დამპყრობლები მისი სამშობლოდან, შინყარიდან, მოვიდნენ. მათთან ბრძოლა სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა გზის მოჭრას ნიშნავდა. გარდა ამისა, რას უნდა გამხდარიყო აბრამი იმ ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ქანაანელთა გაერთიანებულმა ძალებმაც კი ვერ დაამარცხა?
18, 19. ა) როგორ შეძლო აბრამმა ლოტის გამოხსნა? ბ) ვისი დამსახურება იყო ამ გამარჯვების მოპოვება?
18 აბრამი კვლავ უსიტყვოდ მიენდო იეჰოვას. „აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც“ (დაბადება 14:14—16). აბრამმა ძლიერი რწმენა გამოავლინა იეჰოვასადმი, როდესაც რიცხობრივად გაცილებით მცირე ლაშქრით შეუტია მტერს და გამარჯვება მოიპოვა მათზე; მან ლოტი და მისი ოჯახიც იხსნა. შემდეგ აბრამი მელქიცედეკს, შალემის მეფესა და მღვდელს, შეხვდა. „მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი“ (დაბადება 14:18—20).
19 დიახ, ამ გამარჯვების მოპოვება იეჰოვას დამსახურება იყო. თავისი რწმენის წყალობით, აბრამი კიდევ ერთხელ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ იგი. დღეს ღვთის ხალხი არ არის, პირდაპირი გაგებით, ომში ჩაბმული, მაგრამ ისინი მრავალ გამოცდასა და სირთულეს აწყდებიან. მომდევნო სტატია დაგვანახვებს, თუ როგორ შეუძლია აბრამის მიერ მოცემულ მაგალითს ჩვენთვის დახმარების გაწევა სიძნელეებთან წარმატებით გამკლავებაში.
-