საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • შეუძლიათ ადამიანებს, კვლავ ჰქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა?

      „რწმენა ღვთის მადლისა და წყალობის ცოცხალი, ურყევი დაჯერებულობაა. მისი გულისთვის მორწმუნე მზად არის არაერთხელ ჩაიგდოს სიცოცხლე საფრთხეში“ (მარტინ ლუთერი, 1522 წელი).

      „უკვე ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ქრისტიანული რწმენა და ჩვევები თითქმის დავიწყებას მიეცა“ (ლუდოვიკ კენედი, 1999 წელი).

      რწმენასთან დაკავშირებული შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. წინათ ღვთისადმი რწმენა ჩვეულებრივი რამ იყო. დღეს კი სკეპტიციზმითა და ტანჯვა-წამებით აღსავსე წუთისოფელში, ღვთისა და ბიბლიისადმი ჭეშმარიტი რწმენა ელვის სისწრაფით იკარგება.

      ჭეშმარიტი რწმენა

      ბევრისთვის „რწმენა“ უბრალოდ რელიგიური მრწამსის ქონას ან რომელიმე სახის თაყვანისმცემლობის შესრულებას ნიშნავს. მაგრამ სიტყვა „რწმენა“, რომელიც ბიბლიაშია გამოყენებული, ძირითადად ნიშნავს სრულ მინდობას — ღვთისა და მისი დანაპირებისადმი სრულ, ურყევ ნდობას. სწორედ ასეთი რწმენა ჰქონდათ იესო ქრისტეს მოწაფეებს.

      ერთხელ იესომ აღნიშნა, რომ ყველას უნდა ელოცა და არ „მობეზრებოდათ“. ამით მან წამოჭრა კითხვა, იარსებებდა, თუ არა ჭეშმარიტი რწმენა ჩვენს დღეებში — „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე [ამ] რწმენას?“ (ლუკა 18:1, 8).

      რწმენის დაკარგვა

      რწმენის დაკარგვა შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. მათ შორის არის ყოველდღიური ემოციური სტრესი და სიძნელეები. მაგალითად, ბიბლიის მკვლევარი მაიკლ გულდერი მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი იყო, როდესაც მიუნხენში 1958 წელს ავიაკატასტროფის დროს მანჩესტერის ფეხბურთელთა თითქმის მთელი გუნდი დაიღუპა. BBC-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ჯონ ბეიქუელმა თქვა: გულდერი მიხვდა, რომ „უმწეო იყო, როდესაც ხალხის მწუხარება იხილა და დახმარება ვერაფრით შეძლო“. ამას მოჰყვა „რწმენის დაკარგვა ღვთისადმი, რომელიც ადამიანთა ბედს წყვეტს“. მან აღნიშნა, რომ „ბიბლია არ არის... ღვთის უშეცდომო სიტყვა; ეს არის ადამიანის სიტყვა, რომელშიც არაერთი შეცდომაა, თუმცა აქა-იქ შეიძლება ღვთის სიტყვაც იყოს ჩართული“.

      ზოგჯერ რწმენა უბრალოდ ქრება. ეს დაემართა მწერალსა და დიქტორს ლუდოვიკ კენედს. ის ამბობს, რომ ბავშვობიდანვე „[ღმერთთან დაკავშირებით] ეჭვები არ მასვენებდა და სულ უფრო ურწმუნო ვხდებოდი“. მისი აზრით, არავის შეეძლო მის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა. მამამისის ზღვაში დაღუპვამ მისი, ისედაც უსუსური რწმენა, მთლიანად გააქრო. ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები, „დაგვიცავი ზღვაში ხიფათისა და მტრის თავდასხმისგან“, პასუხგაუცემელი აღმოჩნდა, როდესაც გადაკეთებულ სამგზავრო ლაინერზე, რომელზეც მამამისი იმყოფებოდა, გერმანელთა სამხედრო გემმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, იერიში მიიტანა და ჩაძირა („ღმერთთან გამოსათხოვარი ფიქრები“).

      ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. „ყველაში როდია რწმენა“, — აბობს მოციქული პავლე (2 თესალონიკელთა 3:2). თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია თუ არა ღვთისადმი რწმენის გამოვლენა სკეპტიკური სულით გაჟღენთილ წუთისოფელში? მოდი ვნახოთ რას გვეტყვის ამის შესახებ მომდევნო სტატია.

  • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
    • შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა

      სარა-ჯეინი ცხრამეტი წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მომავალს უკვე იმედის თვალით უყურებდა. იმდენად კარგად იყო რომ, როდესაც 20 წლის გახდა დაინიშნა და ქორწილისთვის მზადებაც კი დაიწყო. იმავე წელს კიბომ კვლავ იჩინა თავი და სარა-ჯეინმა შეიტყო, რომ ერთი კვირის სიცოცხლეღა დარჩენოდა. სარა-ჯეინი 2000 წლის ივნისში გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა 21 წელი შეუსრულდა.

      საავადმყოფოში სარა-ჯეინის მოსანახულებლად მისულებს აოცებდა მომავლისადმი, ღვთისა და ბიბლიისადმი მისი ღრმა რწმენა. მიუხედავად ასეთი საშინელი ტრაგედიისა, სარა-ჯეინს მკვდრეთით აღდგომისა და თავის მეგობრებთან კვლავ შეხვედრის მტკიცე იმედი ჰქონდა (იოანე 5:28, 29). „კვლავ გნახავთ ყველას ღვთის ახალ ქვეყნიერებაში“, — ამბობდა ის.

      ზოგი ასეთ რწმენას თავის მოტყუებად მიიჩნევს. „საიქიო ცხოვრება განა სხვა რა არის თუ არა უმწეოთა რწმენა, — კითხულობს ლუდოვიკ კენედი, — რომ უკანასკნელი საყვირის ხმაზე უზრუნველი ცხოვრება დადგება, იქნება საკვების სიუხვე და ბუკ-ნაღარა; რომ სადღაც ამწვანებულ სამოთხეში კარგ დროს გაატარებენ მათთან, ვინც მათზე ადრე წავიდა ან მოგვიანებით მივა?“. ეს კი სხვა კონტრ-კითხვას წამოჭრის: რა უფრო გონივრულია გწამდეს, რომ „არსებობს მხოლოდ ეს ცხოვრება და ჯობია მისით დავტკბეთ“ — როგორც კენედი ამბობს, თუ გვწამდეს ღმერთი და გვჯეროდეს მისი დანაპირები მკვდრეთით აღდგომის? სარა-ჯეინმა ეს უკანასკნელი არჩია. როგორ განივითარა ასეთი რწმენა?

      „ეძიეთ ღმერთი... და იპოვით“

      ადამიანისადმი რწმენა და ნდობა რომ გქონდეს, კარგად უნდა იცნობდე მას და იცოდე, რას ფიქრობს და რას აკეთებს; გულსაც უნდა უსმინო და გონებასაც. ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის განსავითარებლადაც იგივე რამ არის აუცილებელი. უნდა გაიცნო ის, გაიგო, რა თვისებებით ხასიათდება და როგორი პიროვნებაა, რამდენად საიმედო და სანდოა მისი სიტყვა და საქმე (ფსალმუნი 9:11; 144:1—21).

      ზოგის აზრით ეს შეუძლებელია. ისინი ამბობენ, რომ თუ საერთოდ არსებობს ღმერთი, ძალიან შორს არის და, ამასთანავე, იდუმალებით არის მოცული. „თუ ღმერთი ისეთი ქრისტიანებისთვის, როგორც სარა-ჯეინი იყო, ასე რეალურია, — კითხვას სვამს ერთ-ერთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი — რატომ დანარჩენებსაც არ გაგვაცნობს თავს?“ მაგრამ არის თუ არა ღმერთი ძალიან შორს და, ამასთანავე, მიუწვდომელი? ათენში ფილოსოფოსებთან და სწავლულებთან საუბრისას მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ღმერთმა, შემოქმედმა სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა“ ადამიანები ყველაფრით უზრუნველყო, რათა „ეძიათ ღმერთი... და ეპოვათ [იგი]“. შემდეგ დასძინა: „[ის] შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:24—27).

      მაშ როგორ უნდა „ეძიო ღმერთი... და იპოვო“? ზოგიერთმა ეს უბრალოდ სამყაროზე დაკვირვებით გააკეთა. ზოგისთვის ესსაკმარისია შემოქმედის არსებობაში დასარწმუნებლადa (ფსალმუნი 18:2; ესაია 40:26; საქმეები 14:16, 17). ისინი პავლე მოციქულის მსგავსად ფიქრობენ, რომ „[ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 103:24).

      ბიბლია აუცილებელია

      ღვთისადმი ნამდვილი რწმენის განსავითარებლად, აუცილებელია გქონდეს კიდევ რაღაც, რაც მანვე გვიბოძა. რა არის ეს? ეს არის ბიბლია — ღვთივსულიერი სიტყვა — რითაც ღმერთი თავის ნებასა და განზრახვებს გვაცნობს (2 ტიმოთე 3:16, 17). „მაგრამ მოიცა, მოიცა, — იტყვის ზოგი, — როგორ შეიძლება ენდო იმას, რასაც ბიბლია ამბობს, როდესაც ხედავ, რომ ისინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად იქცევიან, შემაძრწუნებელ საქმეებს სჩადიან?“ მართალია, ქრისტიანული სამყაროს ისტორია სავსეა აღმაშფოთებელი ფარისევლობით, სისასტიკითა და უზნეობით, მაგრამ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია დაინახოს, რომ ქრისტიანული სამყარო მარტო პრეტენზიას აცხადებს ბიბლიურ პრინციპების დაცვაზე (მათე 15:8).

      როგორც ბიბლია ამბობს, ბევრი იტყვის, ღმერთს ვემსახურებითო, მაგრამ, ფაქტობრივად, „თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ“. „მათ გამო, — თქვა მოციქულმა პეტრემ — დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა“ (2 პეტრე 2:1, 2). იესო ქრისტემ თქვა, რომ ისინი ურჯულოების მოქმედნი იყვნენ, რომელთა ამოცნობაც მათივე ბოროტი საქმეებით ადვილი იქნებოდა (მათე 7:15—23). ქრისტიანული სამყაროს საქმეების გამო ღვთის სიტყვის უარყოფა იგივე იქნებოდა, რაც სანდო მეგობრისგან მიღებული წერილის გადაგდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც ეს წერილი გადმოგცათ, ცუდი რეპუტაციით სარგებლობს.

      ღვთის სიტყვის გარეშე ნამდვილი რწმენის შეძენა შეუძლებელია. მხოლოდ ამ წიგნის ფურცლებიდან გვესაუბრება იეჰოვა თავის შეხედულებებზე. ის ნათელს ჰფენს ისეთ კითხვებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აფიქრებს ადამიანებს, მაგალითად, რატომ უშვებს ღმრთი ტანჯვა წამებას და სადამდე გაგრძელდება ის (ფსალმუნი 118:105; რომაელთა 15:4). სარა-ჯეინმა ირწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13; 2 პეტრე 1:19—21). რატომ? არა იმიტომ რომ, უბრალოდ, მშობლების სიტყვას ენდო, არამედ იმიტომ, რომ დრო დაუთმო ყველა იმ საკითხის გულმოდგინედ შეფასებას, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ბიბლია ღვთის უნიკალური გამოცხადებაა (რომაელთა 12:2). მაგალითად, ის აკვირდებოდა, როგორ ძლიერად მოქმედებდა ბიბლია იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მასში მოცემულ პრინციპებს ერთგულად იცავდნენ. ისეთი პუბლიკაციების დახმარებით, როგორიცაა „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“b (რუს) გულდასმით გამოიკვლია უამრავი აშკარა მტკიცება, რაც ბიბლიის ღვთივსულიერობას ამტკიცებს.

      „რწმენა — მოსმენისაგან“

      მაგრამ საკმარისი არ არის უბრალოდ ხელთ გქონდეს ბიბლია ან თუნდაც დაიჯერო, რომ იგი ღვთივსულიერია. „რწმენა, — წერს მოციქული პავლე, — მოსმენისაგან“ (რომაელთა 10:17). ბიბლიის ქონა კი არა მისი მოსმენა აშენებს ჩვენს რწმენას. ღვთის სიტყვის კითხვითა და შესწავლით „ისმენ“, თუ რას გეუბნება ღმერთი. ამის გაკეთება ახალგაზრდებსაც კი შეუძლიათ. პავლე ამბობს, რომ ტიმოთეს დედამისი და ბებიამისი „ბავშვობიდანვე“ ასწავლიდნენ „საღვთო წერილებს“. ეს რაიმე იდეოლოგიური დამუშავება ხომ არ იყო? არა! ტიმოთეს არც ძალას ატანდენენ და არც ატყუებდნენ. მან ირწმუნა ის, რაც მოისმინა და წაიკითხა (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).

      სარა-ჯეინმაც ასე ირწმუნა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელების მსგავსად, მანაც „მთელი გულმოდგინებით მიიღო სიტყვა [თავის მშობლებისგან თუ სხვა მასწავლებლებისგან]“. მას პატარაობისას, უეჭველია, სჯეროდა ის, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ. მოგვიანებით კი, როცა წამოიზარდა უკვე ბრმად აღარ იჯერებდა ყველაფერს, რასაც ასწავლიდნენ. ის „ყოველდღე არჩევდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

      შენ შეგიძლია შეიძინო ჭეშმარიტი რწმენა

      შენც შეგიძლია შეიძინო ჭეშმარიტი რწმენა — ისეთი, როგორიც პავლეს მიერ ებრაელ ქრისტიანთა მიმართ მიწერილ წერილში განიმარტება. მან თქვა, რომ ასეთი რწმენა «არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ [„იმედით შევყურებთ“, აქ], დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ» (ებრაელთა 11:1). თუ ასეთი რწმენა გექნება, სრულიად დარწმუნებული იქნები, რომ შენი იმედები და მოლოდინი, არგეთვე ღვთის დანაპირები, რომ მეკვდრეთით ადღგენა იქნება, განხორციელდება. შენ დარწმუნდები, რომ ასეთი იმედების საფუძველია არა სასურველის რეალობად მიჩნევა, არამედ საიმედო დანაპირები, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შენ გაიგებ, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იესო ნავეს ძე 21:45; 23:14; ესაია 55:10, 11; ებრაელთა 6:18). ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება იმდენად რეალური გახდება შენთვის, რომ გონებით უკვე იქ იქნები (2 პეტრე 3:13). რწმენის თვალით დაინახავ, რომ იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და ღვთის სამეფო რეალობაა და არა შეთხზული.

      ჭეშმარიტი რწმენის შეძენისას მარტო არ იქნები. თავისი სიტყვა ადვილად გასაგები რომ ყოფილიყო იეჰოვამ დედამიწაზე ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა, რომელიც მართალ ადამიანებს ღვთისადმი რწმენის განვითარებაში ეხმარება (იოანე 17:20; რომაელთა 10:14, 15). მიიღე ყოველგვარი დახმარება, რომელსაც იეჰოვა თავის ორგანიზაციის მეშვეობით გთავაზობს (საქმეები 8:30, 31). და რადგან რწმენა ღვთის სულიწმიდის ნაყოფია, გამუდმებით ილოცე იმაზე, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი რწმენის განვითარებაში დაგეხმაროს (გალატელთა 5:22, სსგ).

      არ შეგაჩერონ სკეპტიკოსებმა, რომლებიც დასცინიან მათ, ვინც ღვთისა და მისი სიტყვისადმი რწმენას ავლენენ (1 კორინთელთა 1:18—21; 2 პეტრე 3:3, 4). ჭეშმარიტ რწმენას ასეთი თავდასხმებისას შენი რწმენის გაძლიერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს (ეფესელთა 6:16). სარა-ჯეინმა სწორედ ეს გამოსცადა და საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მისულთ რწმენის შეძენისკენ მოუწოდებდა. „გაითავისეთ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ ღვთის სიტყვა, ღვთის ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ, გამუდმებით ილოცეთ, იყავით აქტიურნი იეჰოვასთვის მსახურებაში“ (იაკობი 2:17, 26).

      ერთმა მედდამ, რომელმაც ღვთისა და მკვდრეთით აღდგომისადმი მისი რწმენა დაინახა, უთხრა: „ვხედავ, რომ შენ ნამდვილად გწამს ეს!“. როდესაც ჰკითხეს თუ რა აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ოპტიმისტური განწყობილება შეენარჩუნებინა, სარა-ჯეინმა უპასუხა: „იეჰოვასადმი რწმენა. ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და უსაზღვროდ მიყვარს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება