თავი 3
„გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“
ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის და ჩაწერილია ებრაელების 13:7-ში. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული უფალ იესო ქრისტეს ერთგული მოციქულები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდნენ, თავად უწევდნენ ხელმძღვანელობას ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას (საქ. 6:2—4). დაახლოებით ახ. წ. 49 წელს ხელმძღვანელ საბჭოს მოციქულების გარდა სხვებიც შეემატნენ. როდესაც წინადაცვეთასთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა, ხელმძღვანელ საბჭოში იერუსალიმში მყოფი მოციქულების გარდა სხვა უხუცესებიც შედიოდნენ (საქ. 15:1, 2). მათ ევალებოდათ ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც ყველა ქრისტიანს ეხებოდა. ეს ძმები კრებებს წერილებსა და დადგენილებებს უგზავნიდნენ, რისი წყალობითაც კრებები ძლიერდებოდა და მოწაფეები ერთობას ინარჩუნებდნენ. და-ძმები ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს ემორჩილებოდნენ, რასაც მათთვის იეჰოვას კურთხევები და კეთილდღეობა მოჰქონდა (საქ. 8:1, 14, 15; 15:22—31; 16:4, 5; ებრ. 13:17).
2 მოციქულების სიკვდილის შემდეგ განდგომილების დიდი ტალღა აგორდა (2 თეს. 2:3—12). ხორბლისა და სარეველას შესახებ იგავში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ხორბალთან (ცხებული ქრისტიანები) ერთად სარეველაც (ცრუ ქრისტიანები) ჩაითესებოდა. მკამდე, ანუ ვიდრე „ქვეყნიერების ბოლო“ დადგებოდა, ორივე ჯგუფი საუკუნეების მანძილზე ერთდროულად გაიზრდებოდა (მათ. 13:24—30, 36—43). მართალია, ამ პერიოდში იქნებოდნენ ცალკეული ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იესოს მოწონებას დაიმსახურებდნენ, მაგრამ არ იქნებოდა ხელმძღვანელი საბჭო, ადამიანთა ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც იესო მითითებებს მისცემდა თავის მიმდევრებს (მათ. 28:20). თუმცა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ვითარება შეიცვლებოდა.
3 იესომ ქვეყნიერების ბოლოსთვის დამახასიათებელ ნიშანზე საუბრისას ასეთი კითხვა დასვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“ (მათ. 24:3, 42—47). მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს „ერთგული მონა“ ღვთის ხალხს დროულად მისცემდა სულიერ საზრდოს. პირველ საუკუნეში იესო თავის მიმდევრებს არა რომელიმე ადამიანის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ასევეა დღესაც; ქვეყნიერების ბოლო დღეებში იესო თავის ხალხს არა ერთი ადამიანის, არამედ „ერთგული მონის“ მეშვეობით ხელმძღვანელობს.
„ერთგული და გონიერი მონა“
4 ვის დაავალა იესომ თავისი მიმდევრების სულიერად გამოკვება? ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ იესო ამ საქმეს ცხებულ ქრისტიანებს დაავალებდა. ბიბლია მათ „სამეფო სამღვდელოებას“ უწოდებს, რომელთაც დავალებული აქვთ, ყველგან აუწყონ „მისი [ღვთის] აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში“ გამოიხმო ისინი (1 პეტ. 2:9; მალ. 2:7; გამოცხ. 12:17). საგულისხმოა, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი არ შედის „ერთგულ მონაში“. მაგალითად, როცა იესომ ქალებისა და ბავშვების გარდა დაახლოებით 5 000 კაცი სასწაულებრივად დააპურა, მან საკვები მოციქულებს ჩამოურიგა, მოციქულებმა კი — ხალხს (მათ. 14:19). იესომ მრავალი ერთეულთა ხელით დააპურა. ის დღესაც ამგვარად აწვდის სულიერ საზრდოს თავის მიმდევრებს.
5 მაშასადამე, ერთგულ და გონიერ მმართველს წარმოადგენს ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომლებიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში (ლუკ. 12:42). „ბოლო დღეებში“ ცხებული ძმები, რომლებიც „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენენ, მთავარ სამმართველოში მსახურობენ და იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელ საბჭოს შეადგენენ.
6 იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით სწორედ ეს ჯგუფი გვიხსნის, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები და დროულ მითითებებს გვაძლევს, როგორ ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით. ეს სულიერი საზრდო იეჰოვას მოწმეთა კრებების მეშვეობით მოგვეწოდება (ეს. 43:10; გალ. 6:16). ბიბლიურ დროში სახლის მართვას სანდო მონას ავალებდნენ. მსგავსად ამისა, ბატონის სახლეულობაზე ზრუნვა „ერთგულ და გონიერ მონას“ ავალია. მის პასუხისმგებლობაში აგრეთვე შედის მატერიალური ქონების განკარგვა, სამქადაგებლო საქმის ხელმძღვანელობა, საკონგრესო პროგრამების მომზადება, ზედამხედველების დანიშვნა, რომლებიც ორგანიზაციაში სხვადასხვა მოვალეობას ასრულებენ, და ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა. ეს ყოველივე „შინაურების“ კეთილდღეობას ემსახურება (მათ. 24:45).
7 ვინ არიან „შინაურები“? მარტივად რომ ვთქვათ ყველა, ვინც სულიერი საზრდოთი იკვებება. თავდაპირველად „შინაურები“ მხოლოდ ცხებული ქრისტიანები იყვნენ. მოგვიანებით მათ რიცხვს „უამრავი ხალხიც“ შეუერთდა, რომელიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება (იოან. 10:16). სულითცხებულებიც და „სხვა ცხვარიც“ „ერთგული მონის“ მიერ მოწოდებული სულიერი საკვებით საზრდოობენ.
8 დიდი გასაჭირის დროს, როცა იესო ქვეყნიერების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გასაცხადებლად და აღსასრულებლად მოვა, „მთელ თავის ქონებას“ „ერთგულ მონას“ ჩააბარებს (მათ. 24:46, 47). ცხებულები, რომლებიც „ერთგულ მონას“ შეადგენენ, და 144 000-ის დანარჩენი წევრები ზეციერ ჯილდოს მიიღებენ და ქრისტესთან ერთად იმეფებენ. მართალია, იმ დროს დედამიწაზე „ერთგული და გონიერი მონა“ აღარ იქნება, მაგრამ იეჰოვა და იესო სამეფოს ქვეშევრდომებს დედამიწაზე „მთავართა“ მეშვეობით უხელმძღვანელებენ (ფსალმ. 45:16).
„გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“
9 არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ გვახსოვდეს ისინი, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, და ვენდოთ მათ, რადგან ეს ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17). ძალიან მნიშვნელოვანია, დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, რადგან ისინი ზრუნავენ ჩვენზე და სულიერი ზიანისგან გვიცავენ.
10 პირველი კორინთელების 16:14-ში პავლე მოგვიწოდებს: „ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ!“. ძმების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად ყოველთვის სიყვარული უდევს. 1 კორინთელების 13:4—8 სიყვარულს ასე აღწერს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს, უმართლობით არ ხარობს, არამედ სიმართლე ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ვინაიდან ძმების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიღმა სიყვარული დგას, სრული საფუძველი გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ და ბოლომდე ვენდოთ მათ. ასეთი ხელმძღვანელობა იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს.
აუცილებელია, დავემორჩილოთ მათ, ვინც ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავს.
11 იეჰოვა პირველ საუკუნეში თავის ხალხს არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და ეს დღესაც ასეა. იგი თავისი ნების შესასრულებლად ოდითგანვე არასრულყოფილ ადამიანებს იყენებდა. მაგალითად, იეჰოვამ ნოეს კიდობნის აშენება და მოახლოებული განადგურების შესახებ ქადაგება დაავალა (დაბ. 6:13, 14, 22; 2 პეტ. 2:5); მოსეს მეშვეობით მან თავისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა (გამ. 3:10). იეჰოვამ ბიბლიაც არასრულყოფილ ადამიანებს დააწერინა (2 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 1:21). მართალია, ღმერთი დღესაც არასრულყოფილი ადამიანების მეშვეობით ხელმძღვანელობს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს, მაგრამ იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება, რომ ღვთის ორგანიზაცია სანდოა. პირიქით, უფრო გვიძლიერდება რწმენა, რადგან ვაცნობიერებთ, რომ იეჰოვას მხარდაჭერის გარეშე ამ ორგანიზაციის საქმიანობა დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწევდა. „ერთგული მონის“ მრავალწლიანი გამოცდილება და მის მიერ განსაცდელების ატანა ცხადყოფს, რომ საქმეს ღვთის სული წარმართავს. იეჰოვა დღეს თავის ორგანიზაციას კურთხევებს არ აკლებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და სრულად ვენდობით.
„ერთგული და გონიერი მონისადმი“ ნდობა
12 კრებაში დანიშნული პასუხისმგებელი ძმები „გონიერი მონისადმი“ ნდობას იმით ავლენენ, რომ დაკისრებულ მოვალეობებს ერთგულად და ხალისიანად ასრულებენ (საქ. 20:28). ჩვენ, სამეფოს მაუწყებლები, გულმოდგინედ ვქადაგებთ კარდაკარ, განმეორებით ვინახულებთ დაინტერესებულებს და ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს (მათ. 24:14; 28:19, 20). „ერთგული მონის“ მიერ მომზადებული სულიერი საკვები ჩვენს სულიერ ზრდას რომ მოემსახუროს, აუცილებელია, მოვემზადოთ ქრისტიანული შეხვედრებისთვის და დავესწროთ ამ შეხვედრებს, მათ შორის კონგრესებს. ამ ქრისტიანულ ღონისძიებებზე და-ძმებთან ურთიერთობა ძალიან გვამხნევებს (ებრ. 10:24, 25).
13 როდესაც შესაწირავს ვიღებთ, ამით მხარს ვუჭერთ იეჰოვას ორგანიზაციას და ცხადვყოფთ, რომ ვენდობით მას (იგავ. 3:9, 10). თუ თანაქრისტიანს უჭირს, ვცდილობთ, მალევე აღმოვუჩინოთ დახმარება, რისკენაც ქრისტიანული სიყვარული აღგვძრავს (გალ. 6:10; 1 ტიმ. 6:18). ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მადლიერება საქმით გამოვხატოთ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა და მისი ორგანიზაცია ჩვენთვის აკეთებენ (იოან. 13:35).
14 ჩვენი ნდობა „გონიერი მონისადმი“ იმითაც გამოიხატება, რომ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციაში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელმძღვანელ ძმებს — სარაიონო ზედამხედველებსა და უხუცესებს ჩვენს კრებაში. ეს ძმები მათ რიცხვში შედიან, ვისაც „ხელმძღვანელობა აკისრია“, და მათდამი მორჩილება გვმართებს (ებრ. 13:7, 17). ბოლომდე რომც არ გვესმოდეს, რატომ მიიღეს ძმებმა ესა თუ ის გადაწყვეტილება, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მორჩილება ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. თავის მხრივ, იეჰოვა, კურთხევებს არ მოგვაკლებს მისი სიტყვისა და ორგანიზაციისადმი მორჩილებისთვის. პასუხისმგებელი ძმებისადმი მორჩილება, სინამდვილეში, ჩვენი ბატონის, იესო ქრისტესადმი მორჩილებაა.
15 ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ვენდოთ „ერთგულ და გონიერ მონას“. სატანა, ამ ქვეყნიერების ღმერთი, არაფერზე იხევს უკან, რომ იეჰოვას და მის ორგანიზაციას სახელი გაუტეხოს (2 კორ. 4:4). ნუ გახდებით სატანის ბოროტი ზრახვების მსხვერპლი! (2 კორ. 2:11). ეშმაკმა იცის, რომ უფსკრულში ჩაგდებამდე მას ძალიან ცოტა დრო დარჩა, და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მსახური ჩამოაცილოს იეჰოვას (გამოცხ. 12:12). ვინაიდან სატანის შემოტევა ძლიერდება, უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს. მოდი სრულად მივენდოთ იმ ძმებს, რომლებსაც იეჰოვა დღეს თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად იყენებს; ამგვარად საძმოს ერთობას შევუწყობთ ხელს.