საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
    • „მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც

      „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე?“ (მათე 24:45).

      1, 2. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს რეგულარული მიღება?

      სამშაბათს, ნაშუადღევს, ახ. წ. 33 წლის 11 ნისანს, მოწაფეებმა იესოს დაუსვეს კითხვა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“, — იკითხეს მათ. პასუხად იესომ წარმოთქვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ომებით, შიმშილობით, მიწისძვრებითა და ავადმყოფობებით გამორჩეულ მშფოთვარე პერიოდზე. როგორც მან აღნიშნა, ეს ყოველივე მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი“ იქნებოდა, რის შემდეგაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა. რა თავზარდამცემი წინასწარმეტყველებაა! (მათე 24:3, 7, 8, 15—22; ლუკა 21:10, 11).

      2 იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენათა უმრავლესობა 1914 წლიდან სრულდება. „მშობიარობის ტკივილები“ კაცობრიობისთვის უკიდურესად გამწვავებულია. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ. იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ უხვი სულიერი საზრდოთი გააძლიერებდა. იესო ამჟამად ზეცაშია, რაც შემდეგ კითხვას წამოჭრის: რა გააკეთა მან იმისათვის, რომ დედამიწაზე სულიერი საზრდო მიგვეღო?

      3. რა გააკეთა იესომ იმისათვის, რომ ‘დროულად მიგვეღო საზრდო’?

      3 თვითონ იესომ გასცა პასუხი ამ კითხვაზე. ზემოხსენებული დიდებული წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იესომ დასვა კითხვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?“ შემდეგ განაგრძო: „ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:45—47). დიახ, სულიერი საზრდოს მიმწოდებლად უნდა დანიშნულიყო „მონა“, რომელიც ერთგულიც იქნებოდა და გონიერიც. საინტერესოა, ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო ეს „მონა“, თანამიმდევრობით რამდენიმე ადამიანს უნდა შეესრულებინა მისი მოვალეობა თუ სულ სხვა რამ იგულისხმა იესომ? ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სწორედ „მონას“ შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მოცემა.

      ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი?

      4. საიდან ვიცით, რომ შეუძლებელია „ერთგული და გონიერი მონა“ ერთი ადამიანი ყოფილიყო?

      4 „ერთგული და გონიერი მონა“ შეუძლებელია ერთი ადამიანი იყოს. რატომ? იმიტომ, რომ მონამ სულიერი საზრდოს განაწილება პირველ საუკუნეში დაიწყო და, იესოს სიტყვების თანახმად, ის კვლავ ამ საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული 1914 წელს ბატონის მოსვლის დროს. „მონა“ ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, მას დაახლოებით 1 900 წლის განმავლობაში ერთგულად უნდა ემსახურა. ამდენ ხანს კი მეთუშალახსაც არ უცხოვრია (დაბადება 5:27).

      5. ახსენით, რატომ არ იგულისხმება „ერთგულ და გონიერ მონაში“ თითოეული ქრისტიანი.

      5 იქნებ „ერთგულ და გონიერ მონაში“ თითოეული ქრისტიანი იგულისხმება? მართალია, ყველა ქრისტიანი ერთგული და გონიერი უნდა იყოს, მაგრამ იესოს აშკარად სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, როცა „ერთგულ და გონიერ მონაზე“ ლაპარაკობდა. საიდან ვიცით ეს? მან თქვა, რომ ‘ბატონი, როცა მოვიდოდა, მონას მთელ თავის საბადებელზე დააყენებდა’. განა შესაძლებელია, რომ თითოეული ქრისტიანი ყოველივეზე — ბატონის „მთელ“ საბადებელზე — ყოფილიყო დაყენებული? ასეთი რამ შეუძლებელია!

      6. რა ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული ისრაელ ერს, როგორც ღვთის „მსახურს“ ანუ „მონას“?

      6 აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „ერთგულ და გონიერ მონაში“ იესომ ქრისტიანთა ჯგუფი იგულისხმა. განა შესაძლებელია, რომ „მონა“ ადამიანთა ჯგუფი იყოს? დიახ. ქრისტეს მოსვლამდე შვიდასი წლით ადრე იეჰოვამ მთელი ისრაელი ერი მოიხსენია, როგორც ‘თავისი მოწმენი’ და ‘თავისი მორჩილი [„მსახური“, აქ], რომელიც თვითონ ამოირჩია’ (ესაია 43:10). თითოეული ისრაელი ძვ. წ. 1513 წელს მოსეს რჯულის მიღებიდან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ამ მსახურის კლასს მიეკუთვნებოდა. ისრაელთა უმრავლესობა უშუალო მონაწილეობას არ იღებდა ერის ხელმძღვანელობასა და სულიერად კვებაში. ამისათვის იეჰოვა მეფეებს, მსაჯულებს, წინასწარმეტყველებს, მღვდლებსა და ლევიანებს იყენებდა, მაგრამ ისრაელს, როგორც ერს, იეჰოვას უზენაესობა უნდა წარმოედგინა და დიდება უნდა მიეგო ღვთისთვის სხვა ერებს შორის. თითოეული ისრაელი იეჰოვას მოწმე უნდა ყოფილიყო (მეორე რჯული 26:19; ესაია 43:21; მალაქია 2:7; რომაელთა 3:1, 2).

      „მსახური“ უარყოფილია

      7. რატომ წაერთვა ძველ ისრაელს უფლება, რომ ღვთის „მსახური“ ყოფილიყო?

      7 საუკუნეების წინათ თუ ისრაელი ასრულებდა ღვთის „მსახურის“ მოვალეობას, იქნებ სწორედ ის იყო „მონა“, რომელზეც იესო ლაპარაკობდა? არა, რადგან, სამწუხაროდ, ძველი ისრაელი არც ერთგული აღმოჩნდა და არც გონიერი. პავლემ ისრაელის მდგომარეობა იეჰოვას მიერ ამ ერის მისამართით წარმოთქმული სიტყვების მოყვანით დაგვანახვა: „თქვენი გულისათვის . . . ღვთის სახელი იგმობა წარმართებში“ (რომაელთა 2:24). ისრაელის ხანგრძლივმა ურჩობამ კულმინაციურ წერტილს იესოს უარყოფისას მიაღწია, რის გამოც ღმერთმა უარყო ისინი (მათე 21:42, 43).

      8. როდის და რა ვითარებაში შეცვალა ახალმა „მსახურმა“ ისრაელი?

      8 „მსახურის“ ანუ ისრაელის ორგულობა არ ნიშნავდა იმას, რომ ერთგული თაყვანისმცემლები ვეღარასოდეს მიიღებდნენ სულიერ საზრდოს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, იესოს მკვდრეთით აღდგომიდან 50 დღის შემდეგ, იერუსალიმში ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში შეკრებილ 120 მოწაფეზე სულიწმიდა გადავიდა. იმ დროს ახალი ერი დაიბადა. ამ ერის დაბადება მაშინ გახდა სახალხოდ ცნობილი, როცა მისმა წევრებმა იერუსალიმის მცხოვრებლებთან „ღვთის დიად საქმეებზე“ გაბედულად ლაპარაკი დაიწყეს (საქმეები 2:11). ამგვარად, ეს ახალი სულიერი ერი გახდა „მსახური“, რომელსაც ერებისთვის ღვთის დიდება უნდა ეუწყებინა და დროულად გაენაწილებინა საზრდო (1 პეტრე 2:9). შესაბამისად, ამ ერს „ღვთის ისრაელი“ ეწოდა (გალატელთა 6:16).

      9. ა) ვინ შედის „ერთგული და გონიერი მონის“ კლასში? ბ) ვინ შეადგენს „სახლეულს“?

      9 „ღვთის ისრაელის“ თითოეული წევრი ღვთისადმი მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანია, რომელიც სულიწმიდით არის ცხებული და ზეცაში ცხოვრებას მოელის. აქედან გამომდინარე, გამოთქმაში „ერთგული და გონიერი მონა“ იგულისხმება ამ ცხებული სულიერი ერის — ახ. წ. 33 წლიდან დღემდე მცხოვრები — ყველა წევრი, როგორც ერთი მთლიანი ჯგუფი, ისევე როგორც ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. 33 წლამდე მცხოვრები ყველა ისრაელი ითვლებოდა ქრისტიანობამდელი „მსახურის“ კლასის წევრად. მაგრამ ვინ არის „სახლეული“, რომელიც მონისგან სულიერ საზრდოს იღებს? პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანს ზეციური იმედი ჰქონდა. მაშასადამე, „სახლეულსაც“ ცხებული ქრისტიანები შეადგენდნენ, მაგრამ არა როგორც ჯგუფი, არამედ თითოეული ცალ-ცალკე. ყველასთვის, მათ შორის კრებაში სერიოზული პასუხისმგებლობის მქონე ძმებისთვის, საჭირო იყო მონისგან სულიერი საზრდოს მიღება (1 კორინთელთა 12:12, 19—27; ებრაელთა 5:11—13; 2 პეტრე 3:15, 16).

      „ყველას თავისი საქმე“

      10, 11. საიდან ვიცით, რომ „მონის“ კლასის ყველა წევრს ერთნაირი დავალება არა აქვს მიცემული?

      10 „ღვთის ისრაელი“ ერთგული და გონიერი მონის კლასს შეადგენს, რომელსაც საერთო დავალება აქვს მიცემული, მაგრამ, ამავე დროს, მის თითოეულ წევრს პირადი პასუხისმგებლობა აკისრია. ამას ნათელს ჰფენს იესოს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მარკოზის 13:34-ში. იესომ თქვა: „ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა“. ასე რომ, „მონის“ კლასის თითოეულ წევრს მიცემული აქვს თავისი დავალება — ქრისტეს მიწიერი საბადებლის გაფართოება. ამ დავალებას თითოეული მათგანი საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით ასრულებს (მათე 25:14, 15).

      11 გარდა ამისა, პეტრე მოციქულმა თავის თანამედროვე ცხებულ ქრისტიანებს უთხრა: „თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც კარგმა განმგებლებმა ღვთის მრავალგვარი მადლისა“ (1 პეტრე 4:10). აქედან გამომდინარე, ცხებულების პასუხისმგებლობაა, ერთმანეთს ემსახურონ იმ ნიჭის გამოყენებით, რომელიც ღმერთმა თითოეულს მისცა. აგრეთვე, პეტრეს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი უნარი თუ დავალება არ ექნებოდა მიცემული. მიუხედავად ამისა, „მონის“ კლასის თითოეულ წარმომადგენელს ამა თუ იმ სახით ხელი უნდა შეეწყო სულიერი ერის ზრდისთვის. როგორ?

      12. როგორ უნდა შეეწყო ხელი „მონის“ კლასის თითოეულ წარმომადგენელს — როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს — სულიერი ერის ზრდისთვის?

      12 პირველ რიგში, თითოეული მათგანი იეჰოვას მოწმე და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი უნდა ყოფილიყო (ესაია 43:10—12; მათე 24:14). ზეცად ამაღლების წინ იესომ თავის ყველა ერთგულ მოწაფეს — როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს — მოუწოდა, რომ ხალხისთვის ესწავლებინათ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20).

      13. რა დავალებას ასრულებდა თითოეული ცხებული ქრისტიანი?

      13 ახალი მოწაფეებისთვის მათ დაწვრილებით უნდა ესწავლებინათ ყველაფერი, რასაც ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს. დროთა განმავლობაში, მოწაფეებს, რომლებიც ჭეშმარიტებას იღებდნენ, თვითონ შეეძლოთ სხვებისთვის სწავლება. სასარგებლო სულიერი საზრდო ხელმისაწვდომი ხდებოდა „მონის“ კლასის მომავალი წევრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ერიდან იკრიბებოდნენ. ყველა ცხებული ქრისტიანი — მამაკაცი თუ ქალი — მონაწილეობას იღებდა მოწაფეების მომზადებაში (საქმეები 2:17, 18). ეს საქმე „მონის“ კლასის ამოქმედებიდან ამ სისტემის აღსასრულამდე უნდა გაგრძელებულიყო.

      14. ვის ჰქონდა მიცემული კრებაში სწავლების უფლება და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს?

      14 ახალმონათლული ცხებული ქრისტიანები „მონის“ წევრები ხდებოდნენ და იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო მათი მასწავლებელი, კრებაში განაგრძობდნენ სწავლას და სულიერი საზრდოს მიღებას კრების იმ წევრების მეშვეობით, რომლებიც უხუცესებად მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:6—9). უხუცესებად დანიშნული მამაკაცები განსაკუთრებული სახით უწყობდნენ ხელს სულიერი ერის ზრდას. ერთგული ცხებული ქრისტიანი ქალები უკმაყოფილებას არ გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ კრებაში სწავლების უფლება მხოლოდ ქრისტიან მამაკაცებს ჰქონდათ მიცემული (1 კორინთელთა 14:34, 35). პირიქით, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ ძმების მიერ გაწეული მძიმე შრომის წყალობით სარგებლობას იღებდნენ და მადლიერებას ავლენდნენ იმისათვის, რომ დებს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში მონაწილეობის შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლეოდათ. გულმოდგინე ცხებული დები დღესაც ასეთივე თავმდაბლობას ავლენენ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მათი კრების უხუცესები ცხებული ქრისტიანები.

      15. ძირითადად, როგორ მიეწოდებოდა კრებებს სულიერი საზრდო პირველ საუკუნეში და ვინ ასრულებდა მთავარ როლს მის განაწილებაში?

      15 ძირითად სულიერ საზრდოს პირველ საუკუნეში კრების წევრები იღებდნენ უშუალოდ მოციქულთაგან და მოწაფეთაგან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანულ კრებას. მათი წერილები — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღვთის შთაგონებით დაწერილ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნს მიეკუთვნება — კრებებში ვრცელდებოდა. უეჭველია, სწორედ ამ წერილების საფუძველზე ასწავლიდნენ კრებებში ადგილობრივი უხუცესები. ამგვარად, „მონის“ კლასის წევრები ერთგულად აწვდიდნენ უხვ სულიერ საზრდოს გულწრფელ ქრისტიანებს. პირველ საუკუნეში „მონის“ კლასი ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას.

      „მონა“ 19 საუკუნის შემდეგ

      16, 17. როგორ დაამტკიცა „მონამ“, რომ ერთგულად ასრულებდა დავალებას 1914 წლისთვის?

      16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? 1914 წელს, როცა იესო მოვიდა, ნახა მან დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ხალხს ერთგულად აწვდიდა სულიერ საზრდოს თავის დროზე? დიახ. ამ ჯგუფის ამოცნობა ადვილი იყო გამოღებული კარგი ნაყოფის მიხედვით (მათე 7:20). დრომ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი სწორად იქნა ამოცნობილი.

      17 იესოს მოსვლისას მისი „სახლეულის“ დაახლოებით 5 000 წევრი იყო დაკავებული ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებით. მუშაკი არც ისე ბევრი იყო, მაგრამ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად „მონა“ მოხერხებულ მეთოდებს იყენებდა (მათე 9:38). მაგალითად, 2 000-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა ქადაგებები ბიბლიურ თემებზე. ამგვარად, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება ერთდროულად ათიათასობით მკითხველამდე აღწევდა. გარდა ამისა, მომზადდა ფერადი სლაიდებისგან და მოძრავი სურათებისგან შემდგარი რვასაათიანი პროგრამა. ამ მეთოდის შედეგად, სამ კონტინენტზე მთლიანობაში ცხრა მილიონზე მეტ ადამიანამდე მიაღწია ბიბლიურმა ცნობამ, რომელიც შემოქმედებიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულამდე პერიოდს მოიცავს. ბიბლიური ცნობის გასავრცელებლად პუბლიკაციებიც იქნა გამოყენებული. მაგალითად, 1914 წელს „საგუშაგო კოშკი“ 50 000-იანი ტირაჟით იბეჭდებოდა.

      18. როდის დააყენა იესომ მონა მთელ თავის საბადებელზე და რატომ?

      18 დიახ, როცა ბატონი მოვიდა, მან ნახა, რომ „მონა“ ერთგულად კვებავდა მის „სახლეულს“ და, ამასთანავე, სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. ახლა „მონას“ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა. იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:47). ეს იესომ 1919 წელს გააკეთა — მას შემდეგ, რაც მონამ ერთგულება დაამტკიცა. მაგრამ, რატომ დაეკისრა „ერთგულ და გონიერ მონას“ უფრო დიდი პასუხისმგებლობა? იმიტომ, რომ გაიზარდა ბატონის „საბადებელი“. 1914 წელს იესო გამეფდა.

      19. ახსენით, როგორ კმაყოფილდება „უამრავი ხალხის“ სულიერი მოთხოვნილებები.

      19 რა არის „საბადებელი“, რომელზეც ახლად გამეფებულმა ბატონმა ერთგული მონა დააყენა? სულიერი საკუთრება, რომელიც მას დედამიწაზე აქვს. მაგალითად, 1914 წელს ქრისტეს გამეფებიდან ორი ათეული წლის შემდეგ ამოცნობილ იქნა „უამრავი ხალხი“, რომელიც „სხვა ცხვრების“ ნაწილია (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ისინი „ღვთის ისრაელის“ წევრი ცხებული ქრისტიანები კი არ იყვნენ, არამედ მიწიერი იმედის მქონე გულწრფელი მამაკაცები და ქალები, რომლებსაც უყვარდათ იეჰოვა და, ცხებულების მსგავსად, მისდამი მსახურება სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ მათ „ერთგულ და გონიერ მონას“ უთხრეს: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ ახლად მონათლულმა ქრისტიანებმა იმავე სულიერი საზრდოს მიღება დაიწყეს, რომელსაც „სახლეულის“ ცხებული წევრები იღებდნენ და ეს ორი კლასი დღემდე ერთი და იმავე სულიერი სუფრიდან იკვებება. რა დიდი კურთხევაა ეს „უამრავი ხალხის“ წევრებისთვის!

      20. რა როლი შეასრულა „უამრავმა ხალხმა“ ბატონის საბადებლის გაფართოებაში?

      20 „უამრავი ხალხი“ სიხარულით შეუერთდა „მონის კლასს“ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. მათი ქადაგების შედეგად ბატონის საბადებელი გაიზარდა, რამაც „ერთგულ და გონიერ მონას“ მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა. იმ ხალხის რიცხობრივი ზრდის გამო, ვინც ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული, აუცილებელი გახდა ტიპოგრაფიების გაფართოება, რათა საჭირო რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა გამოცემულიყო. ბევრ ქვეყანაში აშენდა ფილიალი. „ქვეყნის კიდემდე“ გაიგზავნენ მისიონერები (საქმეები 1:8). ღვთის მადიდებელთა რიცხვმა, რომელიც 1914 წელს დაახლოებით 5 000-ს შეადგენდა, დღეისათვის ექვს მილიონს გადააჭარბა. მათი უმრავლესობა სწორედ „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნება. დიახ, მეფის საბადებელი ნამდვილად საგრძნობლად გაიზარდა 1914 წელს მისი გამეფებიდან!

      21. რომელ ორ იგავს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 ეს ყოველივე მიუთითებს, რომ „მონა“, როგორც ‘ერთგული, ისე გონიერი’ აღმოჩნდა. „ერთგულ და გონიერ მონაზე“ საუბრის შემდეგ იესომ მოიყვანა ორი იგავი, რომლებიც ამ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას: პირველი იგავი გონიერ და უგუნურ ქალწულებზეა, მეორე კი — ტალანტებზე (მათე 25:1—30). ეს იგავები ნამდვილად ინტერესის აღმძვრელია! რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

  • ‘ერთგული მონა’ მზად აღმოჩნდა!
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
    • ‘ერთგული მონა’ მზად აღმოჩნდა!

      „დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრე 4:17).

      1. რა მდგომარეობა დახვდა იესოს, როცა „მონის“ შესამოწმებლად მოვიდა?

      ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ დააყენა „მონა“, რომელსაც მისი „სახლეულისთვის“ დროულად უნდა მიეცა საზრდო. 1914 წელს იესო ზეცაში გამეფდა და მალე „მონის“ შემოწმების დროც დადგა. იესომ დაინახა, რომ „მონის“ კლასის წევრთა უმეტესობა „ერთგული და გონიერი“ იყო. ამიტომაც მან ის „მთელ თავის საბადებელზე“ დააყენა (მათე 24:45—47). მაგრამ იყო ბოროტი მონაც, რომელიც არც ერთგული აღმოჩნდა და არც გონიერი.

      ‘ეს ბოროტი მონა’

      2, 3. ვისი რიგებიდან გამოვიდა „ბოროტი მონა“ და როგორ წარმოიშვა ის?

      2 „ერთგული და გონიერი მონის“ შესახებ საუბრის დამთავრებისთანავე იესომ ბოროტი მონა მოიხსენია. მათ თქვა: „თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 24:48—51). სიტყვები „ეს მონა“ ყურადღებას გვამახვილებინებს იმაზე, რაც იესომ მანამდე ერთგულ და გონიერ მონაზე თქვა. დიახ, „ბოროტი მონა“ ერთგული მონის რიგებიდან გამოვიდაa. როგორ?

      3 ერთგული მონის მრავალ წევრს 1914 წლამდე დიდი იმედი ჰქონდა, რომ იმ წელს ზეცაში ნეფეს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. ამ და სხვა მიზეზთა გამო ბევრს გული გაუტყდა, ზოგი კი გაბოროტდა. გაბოროტებულთაგან ზოგმა დაიწყო ყოფილი ძმების სიტყვიერი „ცემა“ და „ლოთებთან“, ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ მიმდინარეობებთან, ურთიერთობა (ესაია 28:1—3; 32:6).

      4. როგორ მოექცა იესო „ბოროტ მონას“ და სხვებს, რომლებმაც ამ მონის მსგავსი სულისკვეთება გამოავლინეს?

      4 საბოლოოდ გამოვლინდა, რომ ეს ყოფილი ქრისტიანები „ბოროტ მონას“ შეესაბამებოდნენ და ამიტომაც იესომ ისინი «შუაზე გაკვეთა [„სასტიკად დასაჯა“, აქ]». როგორ? მან უარყო ყოველი მათგანი, რის შედეგადაც ზეციერი ცხოვრების იმედი დაკარგეს. მაგრამ ისინი დაუყოვნებლივ არ განადგურებულან — მათ თავიდან ქრისტიანული კრების გარეთ, „გარესკნელის სიბნელეში“, ტირილისა და კბილთა ღრჭენის პერიოდი უნდა გაევლოთ (მათე 8:12). იმ დროიდან მოყოლებული სხვა ცხებულმა ქრისტიანებმაც გამოავლინეს ასეთივე ბოროტი სულისკვეთება, რითაც ცხადყვეს, რომ „ბოროტ მონას“ მიეკუთვნებოდნენ. მათ ორგულობას „სხვა ცხვრების“ ზოგმა წარმომადგენელმაც მიბაძა (იოანე 10:16). ქრისტეს ყველა ასეთი მტრის ბოლოც იგივე სულიერი „გარესკნელის სიბნელეა“.

      5. რა რეაქცია ჰქონდა „ერთგულ და გონიერ მონას“, „ბოროტი მონისგან“ განსხვავებით?

      5 „ბოროტი მონის“ მსგავსად, „ერთგული და გონიერი მონაც“ გამოიცადა. მაგრამ გაბოროტების ნაცვლად, მისი წევრები ‘განმტკიცდნენ [„გამოსწორდნენ“, აქ]’ (2 კორინთელთა 13:11). უფრო მეტად განმტკიცდა იეჰოვასადმი და ძმებისადმი მათი სიყვარული. ამის შედეგად, ისინი „ჭეშმარიტების სვეტად და საფუძვლად“ იქცნენ ამ მშფოთვარე „უკანასკნელ დღეებში“ (1 ტიმოთე 3:15; 2 ტიმოთე 3:1).

      გონიერი და უგუნური ქალწულები

      6. ა) რა იგავი მოიყვანა იესომ ერთგული მონის კლასის გონიერების დასანახვებლად? ბ) რას აუწყებდნენ ხალხს ცხებული ქრისტიანები 1914 წლამდე?

      6 „ბოროტ მონაზე“ საუბრის შემდეგ იესომ ორი იგავი მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ რატომ აღმოჩნდებოდა ზოგი ცხებული ქრისტიანი ერთგული და გონიერი, ხოლო ზოგი კი — არაb. გონიერებასთან დაკავშირებით მან ასეთი იგავი მოიყვანა: „ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი — გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით“ (მათე 25:1—4). ათი ქალწული ცხებულ ქრისტიანებს მოგვაგონებს 1914 წლამდე. მათ გამოთვლილი ჰქონდათ, რომ ნეფე, იესო ქრისტე, მალე გამოჩნდებოდა. ამიტომაც ისინი მის შესახვედრად „გამოვიდნენ“, ანუ გაბედულად დაიწყეს ქადაგება, რომ 1914 წელს „წარმართთა ჟამი“ დასრულდებოდა (ლუკა 21:24).

      7. როდის და რატომ ‘დაეძინათ’ ცხებულ ქრისტიანებს სულიერი გაგებით?

      7 ისინი არ ცდებოდნენ. 1914 წელს წარმართთა ჟამი ნამდვილად დამთავრდა და ქრისტე იესოს ხელმძღვანელობით მმართველობა დაიწყო ღვთის სამეფომ. მაგრამ ეს ყოველივე ადამიანისთვის უხილავად მოხდა ზეცაში. დედამიწაზე კი კაცობრიობას ნაწინასწარმეტყველები უმძიმესი პერიოდი დაუდგა (გამოცხადება 12:10, 12). დაიწყო გამოცდის პერიოდი. ცხებული ქრისტიანებისთვის ბოლომდე გასაგები არ იყო ის, თუ რა ხდებოდა; ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ ‘ნეფე იგვიანებდა’. დაბნეულობისა და წუთისოფლის მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო ისინი თანდათანობით მოსუსტდნენ და ბოლოს თითქმის სრულიად შეწყვიტეს ორგანიზებული ქადაგება. იგავში მოხსენიებული ქალწულების მსგავსად, სულიერი გაგებით მათ „ჩათვლიმათ და დაეძინათ“, როგორც ეს ორგულ, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს დაემართათ იესოს მოწაფეების სიკვდილის შემდეგ (მათე 25:5; გამოცხადება 11:7, 8; 12:17).

      8. რა მოჰყვა შეძახილს: „აჰა, ნეფე მოდის“ და ამ დროს რა უნდა გაეკეთებინათ ცხებულ ქრისტიანებს?

      8 შემდეგ, 1919 წელს, მოხდა რაღაც მოულოდნელი. იგავში ვკითხულობთ: „შუაღამისას გაისმა ყვირილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები“ (მათე 25:6, 7). სწორედ ყველაზე უიმედო მდგომარეობისას გაისმა შეძახილი, რომ ამოქმედებულიყვნენ! 1918 წელს იეჰოვას სულიერ ტაძარში «აღთქმის ანგელოზი [„კავშირის მაცნე“, აქ]» მოვიდა, რათა შეემოწმებინა და გაეწმინდა ღვთის კრება (მალაქია 3:1). ახლა ცხებული ქრისტიანები უნდა გასულიყვნენ და ამ ტაძრის მიწიერ ეზოებში უნდა შეხვედროდნენ მას. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მათ ‘ნათება უნდა დაეწყოთ’ (ესაია 60:1; ფილიპელთა 2:14, 15).

      9, 10. რატომ იყო ზოგი ქრისტიანი „გონიერი“, ხოლო ზოგი — „უგუნური“ 1919 წელს?

      9 ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იგავში მოხსენიებულ ზოგ ქალწულს პრობლემა შეექმნა. იესომ განაგრძო: „უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება’“ (მათე 25:8). ზეთის გარეშე ლამპარი ვერ გაანათებს. ზეთის ლამპარი მოგვაგონებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებასა და სულიწმიდას, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ნათების შესაძლებლობას აძლევს (ფსალმუნები 118:130; დანიელი 5:14). 1919 წლის დადგომამდე გონიერმა ცხებულმა ქრისტიანებმა, დროებითი დასუსტების მიუხედავად, გულმოდგინედ დაიწყეს კვლევა, თუ რა იყო ღვთის ნება მათთან დაკავშირებით. ამიტომაც, როცა გაისმა შეძახილი, რომ გაენათებინათ, ისინი მზად აღმოჩნდნენ (2 ტიმოთე 4:2; ებრაელთა 10:24, 25).

      10 მათგან განსხვავებით, ზოგი ცხებული მზად არ იყო მსხვერპლის გასაღებად და გულმოდგინების გამოსავლენად, თუმცაღა მათაც ძალიან სურდათ ნეფესთან ყოფნა. ასე რომ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ, როცა სასიხარულო ცნობის აქტიურად ქადაგების დრო დადგა (მათე 24:14). ასეთი ცხებულები იმასაც კი ცდილობდნენ, რომ გულმოდგინე ქრისტიანები შეეჩერებინათ, რაც უგუნური ქალწულების მიერ ზეთის თხოვნას ჰგავდა. რა რეაქცია ჰქონდათ გონიერ ქალწულებს იესოს იგავში? მათ უგუნურ ქალწულებს მიუგეს: „არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“ (მათე 25:9). მსგავსად ამისა, ერთგულმა ცხებულმა ქრისტიანებმა 1919 წელს არაფერი გააკეთეს ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა მათ ნათებას. ამგვარად, მათ გამოცდის პერიოდი წარმატებით გაიარეს.

      11. რა დაემართათ უგუნურ ქალწულებს?

      11 იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „როცა ისინი [უგუნური ქალწულები] წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე; გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.’ ხოლო მან მიუგო პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’“ (მათე 25:10—12). დიახ, ზოგი მზად არ აღმოჩნდა ნეფის მოსვლისას. ამის გამო მათ წარმატებით ვერ გაიარეს შემოწმება და ხელიდან გაუშვეს ნეფის ზეციერ საქორწილო ნადიმზე ყოფნის შესაძლებლობა. რა სამწუხაროა!

      იგავი ტალანტებზე

      12. ა) რა იგავი მოიყვანა იესომ ერთგულებასთან დაკავშირებით? ბ) ვინ იყო კაცი, რომელიც ‘გაემგზავრა’?

      12 გონიერებასთან დაკავშირებული იგავის შემდეგ იესომ ერთგულებასთან დაკავშირებით მოიყვანა ასეთი იგავი: „ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა“ (მათე 25:14, 15). იგავში მოხსენიებული კაცი თვითონ იესოა, რომელიც მაშინ ‘გაემგზავრა’, როცა ახ. წ. 33 წელს ზეცად ამაღლდა. მაგრამ ზეცად ამაღლებამდე იესომ „თავისი ქონება“ თავის ერთგულ მოწაფეებს ჩააბარა. როგორ?

      13. როგორ ჩაუყარა საფუძველი იესომ მნიშვნელოვან საქმეს და როგორ დაავალა თავის „მონებს“ ამ საქმის გაგრძელება?

      13 დედამიწაზე მსახურებისას იესომ მთელ ისრაელში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი (მათე 9:35—38). ‘გამგზავრებამდე’ მან ეს საქმე თავის ერთგულ მოწაფეებს მიანდო: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:18—20). ამ სიტყვებით მან საქმის გაგრძელება დაბრუნებამდე თავის „მონებს“ დაავალა, რაც „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“ უნდა ეკეთებინა.

      14. რატომ არ მოეთხოვებოდა ყველას დავალების ერთნაირად შესრულება?

      14 ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანს თანაბარი მდგომარეობა და შესაძლებლობები არ ჰქონდა. ზოგს, პავლესა და ტიმოთეს მსგავსად, ქადაგებასა და სწავლებაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლო. სხვების შესაძლებლობები და თავისუფლება კი, შესაძლოა, უკიდურესად შეზღუდული ყოფილიყო. მაგალითად, ზოგი ქრისტიანი მონა იყო, ზოგი მძიმედ ავადმყოფობდა ან ხანში იყო შესული, სხვებს კი ოჯახური მოვალეობები ჰქონდათ. ცხადია, კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობები ყველა მოწაფეს არ ეძლეოდა ან ამ მოვალეობებს ყველა ვერ იტვირთებდა. ცხებული დები და ზოგიერთი ცხებული ძმა არ ასწავლიდნენ კრებაში (1 კორინთელთა 14:34; 1 ტიმოთე 3:1; იაკობი 3:1). და მაინც, რა მდგომარეობაც უნდა ჰქონოდათ, ქრისტეს ყველა ცხებული მოწაფე — მამაკაცი თუ ქალი — ჩაბმული იყო საერთო საქმეში; ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად მათ საუკეთესოდ უნდა გამოეყენებინათ საკუთარი მდგომარეობა თუ შესაძლებლობები. ქრისტეს მოწაფეები დღესაც ასე იქცევიან.

      შემოწმების დრო დგება!

      15, 16. ა) როდის დადგა ანგარიშის მოკითხვის დრო? ბ) ‘მოგების ნახვის’ რა ახალი შესაძლებლობები მიეცათ ერთგულ მონებს?

      15 იგავი შემდეგნაირად გრძელდება: „კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოჰკითხა“ (მათე 25:19). 1914 წელს, ახ. წ. 33 წლიდან მართლაც დიდი ხნის შემდეგ, იესო სამეფო ძალაუფლებით მოვიდა. სამწელიწად-ნახევარში, 1918 წელს, ის ღვთის სულიერ ტაძარში მოვიდა და შეასრულა პეტრეს სიტყვები: „დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრე 4:17; მალაქია 3:1). ანგარიშის მოკითხვის დროც დადგა.

      16 რა გააკეთეს მონებმა, იესოს ცხებულმა ძმებმა, მეფის „ტალანტებით“? ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული 1914 წლამდე ბევრი მათგანი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა იესოს საქმეში ‘მოგება ენახა’ (მათე 25:16). ისინი პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი ავლენდნენ თავიანთი ბატონისთვის მსახურების დიდ სურვილს. ახლა მართებული იყო ერთგული მონებისთვის ‘მოგების ნახვის’ ახალი შესაძლებლობების მიცემა. მოსული იყო ამ სისტემის უკანასკნელი ჟამი. სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები. უნდა მომკილიყო „სამკალი მიწაზე“ (გამოცხადება 14:6, 7, 14—16). ხორბლის კლასის უკანასკნელი წევრები უნდა მოძებნილიყვნენ და „სხვა ცხვრების“ ნაწილი „უამრავი ხალხი“ უნდა შეკრებილიყო (გამოცხადება 7:9; მათე 13:24—30).

      17. როგორ ‘შევიდნენ თავიანთი ბატონის სიხარულში’ ერთგული ცხებული ქრისტიანები?

      17 მკის დრო სასიხარულო პერიოდია (ფსალმუნები 125:6). ამიტომაც მართებულია ის, რომ 1919 წელს დამატებითი პასუხისმგებლობების მიცემისას იესომ ერთგულ ცხებულ ძმებს უთხრა: „მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“ (მათე 25:21, 23). ბატონის, ღვთის სამეფოს ტახტზე ახლად ასული მეფის, სიხარული ჩვენს გაგებას აღემატება (ფსალმუნები 44:2, 3, 7, 8). ერთგული მონის კლასი იზიარებს ამ სიხარულს იმით, რომ მეფის წარმომადგენელია და დედამიწაზე მისი ინტერესებისთვის შრომობს (2 კორინთელთა 5:20). მათი სიხარული კარგად ჩანს ესაიას 61:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებში: „სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი“.

      18. რატომ არ აღმოჩნდა შემოწმების დროს ზოგი ერთგული და რა მოჰყვა ამას?

      18 სამწუხაროდ, შემოწმების დროს ყველა არ აღმოჩნდა ერთგული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს’“ (მათე 25:24, 25). მსგავსად ამისა, ზოგი ცხებული ქრისტიანი არც კი შეეცადა, რომ ‘მოგება ენახა’. 1914 წლამდე ისინი ენთუზიაზმით არ უზიარებდნენ სხვებს თავიანთ იმედს და არც 1919 წელს სურდათ ამის დაწყება. რა რეაქცია ჰქონდა ასეთ კადნიერებაზე იესოს? მან ყოველგვარი პასუხისმგებლობა ჩამოართვა მათ. ისინი ‘გადაყრილ იქნენ გარესკნელის ბნელში, სადაც მოთქმასა და კბილთა ღრჭენას მოჰყვებოდნენ’ (მათე 25:28, 30).

      შემოწმება გრძელდება

      19. რა მხრივ გრძელდება შემოწმება და რა აქვს განზრახული თითოეულ ცხებულ ქრისტიანს?

      19 ცხადია, მათი უმრავლესობა, ვინც უკანასკნელ ჟამს ქრისტეს ცხებული მონა უნდა გამხდარიყო, ჯერ არ ემსახურებოდა იეჰოვას 1918 წელს, როცა იესომ შემოწმება დაიწყო. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი შემოწმებას არ გაივლიდნენ? არა. 1918-1919 წლები, როცა „ერთგული და გონიერი მონა“ როგორც კლასი გამოიცადა, შემოწმების პერიოდის მხოლოდ დასაწყისი იყო. ცალკეული ცხებული ქრისტიანები კვლავაც გადიან შემოწმებას ბეჭდის საბოლოო დასმამდე (გამოცხადება 7:1—3). ქრისტეს ცხებულ ძმებს კარგად ესმით ეს, ამიტომაც ყოველმხრივ ცდილობენ, ერთგულად იშრომონ, რათა კვლავაც ‘ნახონ მოგება’. მათ მტკიცედ აქვთ განზრახული, გონიერება გამოავლინონ და საკმარისად ჰქონდეთ ზეთი იმისათვის, რომ ნათება განაგრძონ. ცხებულმა ქრისტიანებმა იციან, რომ თითოეულ მათგანს, ვინც ერთგულად დაასრულებს მიწიერი სიცოცხლის გზას, იესო ზეცაში მიიღებს (მათე 24:13; იოანე 14:2—4; 1 კორინთელთა 15:50, 51).

      20. ა) რა აქვთ მტკიცედ გადაწყვეტილი „სხვა ცხვრების“ წარმომადგენლებს? ბ) რა ესმით ცხებულ ქრისტიანებს?

      20 „უამრავი ხალხი“, რომელსაც მიწიერი იმედი აქვს, ცხებულ ძმებს ბაძავს. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს ესმით, რომ ღვთის განზრახვის ცოდნა მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს (ეზეკიელი 3:17—21). ამიტომაც, ცდილობენ იეჰოვას სიტყვისა და სულიწმიდის დახმარებით ყოველთვის უხვად ჰქონდეთ ზეთის მარაგი, რის შესაძლებლობასაც მათ შესწავლა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა აძლევთ. ისინი ანათებენ ქადაგებასა და სწავლებაში მონაწილეობით და, ამგვარად, ცხებულ ძმებთან ერთად ცდილობენ ‘ნახონ მოგება’. თუმცა, ცხებულ ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ ტალანტები მათ მიეცათ და მათ უნდა ჩააბარონ ანგარიში დედამიწაზე უფლის საბადებლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად ბევრნი არ არიან, მათ არ შეუძლიათ, თავიანთი პასუხისმგებლობა „უამრავ ხალხს“ გადააბარონ. ამიტომაც, „ერთგული და გონიერი მონა“ მეფის საქმის ხელმძღვანელობას განაგრძობს და მადლიერია „უამრავი ხალხის“ წარმომადგენელი ერთგული ქრისტიანების მხარდაჭერისთვის. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები აღიარებენ ცხებული ძმების პასუხისმგებლობას და დიდ პატივად თვლიან მათი ხელმძღვანელობით მსახურებას.

      21. რომელი შეგონება ეხება 1919 წლის წინა პერიოდიდან დღემდე მცხოვრებ ყველა ქრისტიანს?

      21 ამრიგად, ეს ორი იგავი 1919 წლის და მის წინა თუ შემდგომი პერიოდის მოვლენებს ეხება, მაგრამ მასში მოცემული პრინციპები პრაქტიკულია უკანასკნელ ჟამს მცხოვრები ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. ასე რომ, ათი ქალწულის შესახებ იგავის ბოლოს მოცემული შეგონება, რომელიც უპირველესად ცხებულ ქრისტიანებს ეხებოდა 1919 წლამდე, დღემდე თითოეულ ქრისტიანს ეხება. დაე თითოეულმა ჩვენგანმა გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები: „ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე“ (მათე 25:13).

      [სქოლიოები]

      a მსგავსად ამისა, მოციქულების სიკვდილის შემდეგ ცხებულ ქრისტიან უხუცესთა რიგებიდან „ულმობელი მგლები“ გამოვიდნენ (საქმეები 20:29, 30).

      b იესოს ეს იგავი განხილულია ასევე წიგნში «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ მმართველობით», მე-5 და მე-6 თავები (ინგლ.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება