უღლის ტარება ახალგაზრდობაში
ამ ‘საზარელ ჟამს’ ახალგაზრდები ძლიერი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან (2 ტიმოთე 3:1). მათზე ყოველდღიურად სეტყვასავით მოდის უზნეობის, თამბაქოს წევისა და მავნე ყოფაქცევის სხვა ფორმებისკენ წამქეზებელი პროპაგანდა. მათ, ვინც ბიბლიურ ნორმებს მიჰყვებიან, შეიძლება დასცინონ იმისთვის, რომ უარს ამბობენ, იარონ ხალხის უმრავლესობის დინების მიმართულებით, და ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ დათმობაზე წასვლა უფრო ადვილი იქნებოდა.
ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნის დასასრულისთვის იერემია წერდა: „კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში“ (გოდება იერემიასი 3:27). რას გულისხმობდა ის? იმას, რომ ახალგაზრდობაში განსაცდელის გადატანა პიროვნებას ეხმარება, გაუმკლავდეს მოწიფულობის ასაკის პრობლემებს. გაჭირვება, თუმცა არასასიამოვნოა, გარდაუვალია როგორც ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის, აგრეთვე უფროსი თაობის ადამიანებისთვის (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ ერთგულებით მიღებული სარგებლობა ბევრად აღემატება ნებისმიერ დროებით შვებას, რის მოტანაც დათმობაზე წასვლას შეუძლია.
თუ ახალგაზრდა ხარ, პირდაპირი წინააღმდეგობა გაუწიე რწმენის გამოცდებს. ცდუნების დროს — ჩაება არასწორ საქციელში — ნუ წახვალ დათმობაზე. თუმცა იმ მომენტში შეიძლება ძნელი იყოს ამის გაკეთება, შემდგომში ნაკლები წუხილი გექნება. იესო დაგვპირდა: „იტვირთეთ ჩემი უღელი. . . და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:29, 30).
უკან ნუ დაიხევ გამოწვევისგან — იცხოვრო ბიბლიური პრინციპების თანახმად. ამის გაკეთება ახლანდელი ცხოვრების საუკეთესო გზასა და მომავლის სარწმუნო იმედს მოგცემს. როგორც ბიბლია ამბობს, „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).