-
ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთსაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 სექტემბერი
-
-
მოერიდეთ „ზღაპრებს“
8 სატანა ცდილობს, დაგვაკარგვინოს უმწიკვლობა იმით, რომ ეჭვები ჩაგვითესოს ნასწავლთან დაკავშირებით. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, განდგომილები და სხვები დღესაც ცდილობენ უბიწო ქრისტიანთა რწმენის შერყევას (გალატელთა 2:4; 5:7, 8). ხანდახან ისინი საინფორმაციო საშუალებებს იეჰოვას ხალხის თუ მათი აღძვრების შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის ან აშკარა ცილისწამების გასავრცელებლად იყენებენ. პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ზოგიერთი მათგანი ზურგს შეაქცევდა ჭეშმარიტებას. „ვინაიდან დადგება დრო, — წერდა ის, — როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).
9 იმის მაგივრად, რომ საღი სიტყვების ნიმუშს ჩასჭიდებოდნენ, ზოგი „ზღაპრებმა“ გაიტაცა. რა ზღაპრებმა? შესაძლოა, პავლეს მხედველობაში ჰქონდა ისეთი უცნაური ლეგენდები, როგორიც „ტობითის“ აპოკრიფული წიგნიაa. ეს, ასევე, შეიძლება მოიცავდა სენსაციურ და შეუმოწმებელ ჭორებსაც. ამასთანავე, ზოგიერთი „თავიანთი გულისთქმებით“ შეცდომაში შეიყვანეს მათ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ღვთის ნორმები ყველაფრის უფლებას იძლეოდა და რომლებიც კრების პასუხისმგებელ ძმებს აკრიტიკებდნენ (3 იოანე 9, 10; იუდა 4). მნიშვნელობა არა აქვს, რა დამაბრკოლებელი ფაქტორები იყო ეს, — ერთი რამ ცხადია: ზოგიერთები სიცრუეს ამჯობინებდნენ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას. ასეთებმა მალე შეწყვიტეს ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება, ამან კი მათ სულიერობას დიდი ზიანი მიაყენა (2 პეტრე 3:15, 16).
10 დღეს „ზღაპრები“ იმ შემთხვევაში ვერ გადაგვიყვანს სწორი გზიდან, თუ გულდასმით და ყურადღებით ავირჩევთ, რას ვუსმენთ და რას ვკითხულობთ. მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ხშირად ვრცელდება უზნეობა. მრავალი აგნოსტიციზმს და ათეიზმს იზიარებს. ღვთის სიტყვის კრიტიკოსები დასცინიან ბიბლიის განაცხადს, რომ ის ღვთივსულიერია. თანამედროვე განდგომილები კი ცდილობენ ეჭვის თესლის თესვას, რათა ქრისტიანთა რწმენა შეარყიონ. მოციქული იოანე პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს აფრთხილებდა მსგავსი საშიშროების შესახებ, რომელიც ცრუწინასწარმეტყველთაგან მომდინარეობდა: „საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში“ (1 იოანე 4:1). ასე რომ, სიფრთხილე ჩვენც გვმართებს.
11 ამასთან დაკავშირებით პავლე წერდა: „საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში“ (2 კორინთელთა 13:5). მოციქული მოგვიწოდებს, რომ შევამოწმოთ საკუთარი თავი, გავითავისეთ თუ არა ქრისტიანული სწავლებები. იქნებ მიდრეკილნი ვართ, რომ ყური დავუგდოთ მათ, რომლებიც უკმაყოფილების სულს ავლენენ. თუ ეს ასეა, მაშინ ლოცვით გვმართებს საკუთარი თავის შემოწმება (ფსალმუნი 138:23, 24). ხომ არ ვართ მიდრეკილნი, რომ იეჰოვას ხალხში ნაკლოვანებები ვეძებოთ? თუ დიახ, რატომ ვაკეთებთ ამას? ხომ არ გვატკინა ვინმემ გული სიტყვით ან საქმით? თუ დიახ, ყოველთვის სწორად ვაფასებთ სიტუაციას? ყველა გასაჭირი, რომელსაც ამ სისტემაში ვხვდებით, დროებითია (2 კორინთელთა 4:17). თუნდაც რაიმე განსაცდელს შევხვდეთ კრებაში, განა ამიტომ ღვთისადმი მსახურება უნდა მივატოვოთ? თუ რაღაცის გამო გულნატკენნი ვართ, ნუთუ ბევრად უკეთესი არ იქნებოდა, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ვცადეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად, ეს პრობლემა იეჰოვასთვის მიგვენდო? (ფსალმუნი 4:5; იგავნი 3:5, 6; ეფესელთა 4:26).
12 ნაცვლად იმისა, რომ ყველას მიმართ კრიტიკულები ვიყოთ, მოდი შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალსაზრისი იმ სულიერი საზრდოსადმი, რომელსაც პირადი შესწავლისა თუ კრების შეხვედრების დროს ვიღებთ (1 კორინთელთა 2:14, 15). ბიბლიის კრიტიკის მაგივრად კი რაოდენ გონივრული იქნებოდა, მიგვებაძა პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელებისთვის, რომლებიც გულმოდგინედ იკვლევდნენ წერილებს (საქმეები 17:10, 11). ამიტომ, ვიმოქმედოთ ნასწავლის თანახმად, უარვყოთ „ზღაპრები“ და ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტებას.
13 „ზღაპრების“ სხვა სახეებიც არსებობს, რომელსაც ასევე უნდა ვერიდოთ. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სენსაციური ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ვრცელდება. გონივრული იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ ასეთი შეტყობინებებისადმი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ ვიცით საიდან მომდინარეობს ეს ინფორმაცია. თუნდაც სანდო ქრისტიანმა გამოგვიგზავნოს რაიმე შემთხვევა ან ამბავი, მას შეიძლება პირველწყაროდან არ მიუღია ეს ინფორმაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ფრთხილად ვიყოთ, რომ არ გავიმეოროთ ან სხვას არ გადავუგზავნოთ შეუმოწმებელი ფაქტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს „ამქვეყნიური ზღაპრების“ გამეორება (1 ტიმოთე 4:7). და რადგანაც ვალდებული ვართ, ერთმანეთს სიმართლე ველაპარაკოთ, გვმართებს გონივრულად მოვიქცეთ და თავი ავარიდოთ ყველაფერს, რაც ჩვენდა უნებურად სიცრუის გავრცელება იქნებოდა (ეფესელთა 4:25).
-
-
ცხოვრებაში გამოიყენეთ ის, რასაც სწავლობთსაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 სექტემბერი
-
-
a „ტობითი“, შესაძლოა, ძვ. წ. მესამე საუკუნეში დაიწერა. ეს არის ცრუმორწმუნეობით გამსჭვალული ლეგენდა იუდეველ ტობიაზე. მასზე ნათქვამია, რომ განკურნებისა და დემონების ძლევის უნარი ჰქონდა. ამისათვის ტობია გიგანტური, საზარელი თევზის გულს, ღვიძლსა და ნაღველს იყენებდა.
-