საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | დეკემბერი 8
    • ისწავლე მათგან!

      შემდეგ, ეცადე შეხედო შენს მდგომარეობას როგორც ისეთს, საიდანაც რაიმეს სწავლა შეიძლება. მაგალითად, დაფიქრდი იესო ქრისტეს ძმებსა და დებზე (მათე 13:55, 56). წარმოიდგინე, რამდენი რამის სწავლა შეეძლოთ მათ თავიანთი სრულყოფილი ძმისგან! და მაინც, „მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი“ (იოანე 7:5). შესაძლოა, სიამაყემ და შურმა შეუშალა მათ ხელი იესოსადმი რწმენის გამოვლენაში. მხოლოდ იესოს სულიერი ძმები — მისი მოწაფეები — გამოეხმაურნენ მის გულთბილ მოწვევას: „ისწავლეთ ჩემგან“ (მათე 11:29). იესო თავისმა ხორციელმა ძმებმა მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დააფასეს (საქმეები 1:14). არადა, მანამდე ხელიდან გაუშვეს ის ძვირფასი წუთები, როდესაც თავიანთი გამოჩენილი ძმისგან უამრავი რამის სწავლა შეეძლოთ.

      კაენმაც მსგავსი შეცდომა დაუშვა. მისი ძმა, აბელი, ღვთის გამორჩეული მსახური იყო. ბიბლია მოგვითხრობს, რომ „გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს“ (დაბადება 4:4). გარკვეული მიზეზის გამო ღმერთმა „კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა“. კაენს შეეძლო თავმდაბლობის გამოვლენა და საკუთარი ძმისგან რამის სწავლა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, «ძალზე ეწყინა კაენს [„განრისხდა კაენი“, აქ]» და მოკლა აბელი (დაბადება 4:5—8).

      ცხადია, ასე არასოდეს განურისხდები შენს ძმას ან დას, მაგრამ გამორიცხული არაა, შენც ხელიდან უშვებდე მათგან სწავლის ძვირფას შესაძლებლობას, თუკი სიამაყესა და შურიანობას გასაქანს აძლევ. თუ შენი ძმა ან და შესანიშნავად ერკვევა მათემატიკაში, ბრწყინვალედ ფლობს ისტორიას, დაოსტატებულია სპორტის რომელიმე სახეობაში, მშვენივრად ერკვევა საღვთო წერილში ან კარგად გამოდის საჯაროდ, არ დაუშვა, რომ შენს გულში შურიანობამ დაიბუდოს! სხვა თუ არაფერი, ‘შური ძვალთა ხრწნაა’ და მხოლოდ ზიანს მოგიტანს (იგავები 14:30; 27:4). წყენის ნაცვლად, ეცადე ისწავლო მისგან. შეეგუე იმ ფაქტს, რომ ზოგ რამეში შენი ძმა ან და შენზე ნიჭიერი და უფრო დახელოვნებულია. დააკვირდი, როგორ ასრულებს ის სხვადასხვა საქმეს ან, რაც უკეთესია, დახმარება სთხოვე.

      ბერიმ, რომელიც დასაწყისში იყო მოხსენიებული, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ ისწავლა თავისი ძმების კარგი მაგალითიდან. ის ამბობს: „ვხედავდი, რა ბედნიერები იყვნენ ჩემი ძმები, რადგან კრებაშიც და ქადაგების დროსაც ძალიან უნდოდათ ხალხის დახმარება. ამიტომაც გადავწყვიტე, მიმებაძა მათთვის და სამეფო დარბაზებისა და ბეთელის სამშენებლო პროექტებში ჩავები. გამოცდილებამ, რომელიც მივიღე, თვითრწმენა ჩამინერგა და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაშიც დამეხმარა“.

  • რა ვქნა, რომ და-ძმების სახელმა არ დამჩრდილოს?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | დეკემბერი 8
    • ძნელია, გულისწყრომამ არ შეგიპყროს, როდესაც შენს ძმას ან დას ხშირად აქებენ. ბიბლიურ დროში ახალგაზრდა იოსები თავისი ძმებისგან გამოირჩეოდა. როგორ მოქმედებდა ეს მათზე? „მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად“ (დაბადება 37:1—4). იოსები, რასაკვირველია, თავმდაბალი და მოკრძალებული იყო, მაგრამ შესაძლოა, მისგან განსხვავებით, შენი ძმა ან და ამ თვისებებით არ გამოირჩეოდეს. თავიანთი მიღწევების განუწყვეტელი შეხსენებებით მათ შეიძლება მეტოქეობის ან უკმაყოფილების სული გაგიღვივონ.

      ასეთ დროს ზოგი ახალგაზრდა პროტესტს გამოხატავს — შესაძლოა, სწავლას უკლებს და უფრო დაბალ ნიშნებს იღებს, ნაკლებად მონაწილეობს ქრისტიანულ მსახურებაში ან აღმაშფოთებლად იქცევა. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ რაკი საქმე ისე კარგად არ გამოსდით, როგორც თავიანთ და-ძმებს, არც ღირს მისთვის ხელის მოკიდება. და თუ შენც ასე იქცევი, გახსოვდეს: საბოლოო ჯამში, ასეთი საქციელი ისევ შენთვის იქნება საზიანო. როგორ უნდა მოიქცე, რომ შენი და-ძმების სახელით არ დაიჩრდილო და საკუთარი თავის პატივისცემაც იქონიო?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება