-
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე გამდიდრებისკენ სწრაფვამ?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
თქვენ რა გსურთ?
უმრავლესობას სურს, რომ ჰყავდეს ბედნიერი ოჯახი, ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა, სასიამოვნო სამუშაო და საკმარისი ფული, რომ კომფორტულად იცხოვროს. ამ ოთხივე სურვილის დაკმაყოფილება გაწონასწორებულ მიდგომას მოითხოვს, მაგრამ როცა წინა პლანზე ადამიანი ფულს აყენებს, მაშინ ეს წონასწორობა ირღვევა. ბევრის აზრით, გაწონასწორებულად რომ იცხოვროს, ის უნდა დაკმაყოფილდეს დაბალანაზღაურებადი სამსახურით, იცხოვროს ნაკლებად კომფორტულ სახლში, ჰყავდეს შედარებით იაფფასიანი ავტომობილი, ან ჰქონდეს უფრო დაბალი სოციალური სტატუსი. მაგრამ რამდენია მზად, დათმოს ფუფუნება უფრო მაღალი ფასეულობებისთვის? „მესმის, რომ ბევრი რამ, რაც მაქვს, არ მჭირდება, — აღიარებს ერთი ქალი, — მაგრამ ძალიან ძნელია, უარი ვთქვა მათზე!“ სხვებს სურთ, გაიმარტივონ ცხოვრება, მაგრამ არ უნდათ, რომ პირველებმა გააკეთონ ეს.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? თუ ფულისა და მატერიალური საგნებისადმი გაწონასწორებული მიდგომა გაქვთ, ქებას იმსახურებთ. მაგრამ, ღირს დაფიქრება, თუ ცხოვრების დონის შენარჩუნება თითქმის მთელ დროს გართმევთ და ამის გამო ამ სტატიასაც სწრაფად კითხულობთ. თქვენც ხომ არ გრძნობთ, რომ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისთვის საჭიროა დათმოთ ზოგი რამ? მაშ, მტკიცედ იმოქმედეთ, სანამ სიმდიდრისკენ სწრაფვას ძირი არ გამოუთხრია თქვენი ოჯახისთვის. ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში თქვენ ნახავთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ცხოვრების გამარტივებას.
როდესაც მატერიალურ ნივთებს გაწონასწორებულად ვუდგებით, ეს ოჯახის თითოეულ წევრზე დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
-
-
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე გამდიდრებისკენ სწრაფვამ?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
[ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]
იყავით გაწონასწორებულები
იმისათვის, რომ ზოგი რამ დათმოთ, პირველ რიგში, ეს ნამდვილად უნდა მოინდომოთ და შემდეგ გონივრული გეგმა შეიმუშაოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა.
◼ დაფიქრდით. რისგან შეგეძლოთ გათავისუფლება? რის ყიდვაზე შეგიძლიათ უარის თქმა? ჟურნალების გამოწერაზე? მუსიკალურ დისკებზე? მანქანის ზედმეტ აქსესუარებზე?
◼ მოსინჯეთ ცხოვრების გამარტივება. თუ სერიოზულად ეჭვობთ, შეძლებთ თუ არა უფრო მარტივად ცხოვრებას, კარგი იქნებოდა, საცდელად ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში გაგემარტივებინათ ცხოვრება. დაფიქრდით, მაშინ უფრო ბედნიერები იყავით, როცა მთელ დროს ფულის შოვნასა და მატერიალური ნივთების დაგროვებას ახმარდით, თუ პირიქით?
◼ შვილებთან ერთად იმსჯელეთ ცხოვრების გამარტივებაზე. ისინი ალბათ მხარს დაუჭერენ თქვენს გადაწყვეტილებას. ამგვარად, თუ საჭირო იქნება მათთვის რაიმეზე უარის თქმა, ეს აღარ გაგიჭირდებათ.
◼ დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს, რომ ბავშვებს სახარჯო ფული მისცეთ ხოლმე? იყიდიან ბავშვები დაზოგილი ფულით სასურველ ნივთს თუ არა, ისინი მოთმინებას მაინც ისწავლიან და დააფასებენ იმ ნივთებს, რაც უკვე აქვთ. ისინი იმასაც ისწავლიან, თუ როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები.
◼ გამოძებნეთ ფულის დაზოგვის საშუალებები. შეეცადეთ, შეღავათიან ფასში იყიდოთ თქვენთვის სასურველი ნივთი. გამოთვალეთ ხარჯები. ისარგებლეთ ერთი ავტომანქანით. ეკონომიურად გამოიყენეთ ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი. ყიდვის ნაცვლად წიგნები ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ ან ვინმესგან ითხოვეთ.
◼ სასარგებლოდ გამოიყენეთ თავისუფალი დრო და ენერგია. გახსოვდეთ, ცხოვრებას იმიტომ კი არ იმარტივებთ, რომ უბრალოდ ცოტა რამ გქონდეთ, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ოჯახთან თუ მეგობრებთან ურთიერთობა. აკეთებთ ამას?
-