-
„იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“გამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
„იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“
როქსანაa ოთხი შვილის დედაა. ის სიცოცხლით სავსე, მიმზიდველი ქალია. მისი მეუღლე სამხრეთ ამერიკაში ყველასგან პატივცემული ქირურგია. „ჩემი ქმარი ბევრ ქალს მოსწონს, მამაკაცები კი მას პატივს სცემენ“, — ამბობს იგი. მაგრამ ვერავინ, ახლო მეგობრებიც კი, ვერ ხედავენ როქსანას მეუღლის ხასიათის ნაკლოვან მხარეს. „სახლში ის ულმობელი და ეჭვიანია“.
როქსანა განაგრძობს თავისი ამბის თხრობას და სახეზე აშკარად ეტყობა მღელვარება. „სირთულეები ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში წამოგვეჭრა. ჩვენთან სტუმრად ჩემი ძმები და დედა მოვიდნენ. კარგი დრო გავატარეთ — ვსაუბრობდით და ვიცინოდით. მაგრამ როგორც კი ისინი წავიდნენ, განრისხებულმა ქმარმა მთელი ძალით დივანზე მიმაგდო. გავოგნდი“.
სამწუხაროდ, ეს შემთხვევა როქსანას ტანჯვა-წვალების მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან წლების განმავლობაში ქმარი გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, როგორც ჩანს, პერიოდულად მეორდება. ქმარი სცემს, შემდეგ კი ათასჯერ უბოდიშებს და პირობას სდებს, რომ ეს აღარ განმეორდება. მისი საქციელი სწორდება, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით. შემდეგ კი კოშმარი თავიდან იწყება. „სულ ვფიქრობ, იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს — ამბობს როქსანა. — მაშინაც კი, როდესაც გავურბივარ, ყოველთვის უკან ვუბრუნდები“.
როქსანა შიშობს, რომ ერთხელაც მისი ქმრის ძალადობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდება. „დამემუქრა, რომ მეც მომკლავდა, ბავშვებსაც და თავსაც მოიკლავდა. ერთხელ მაკრატელი ყელთან მომაბჯინა. სხვა დროს რევოლვერით დამემუქრა — იარაღი ყურში დამიმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა! საბედნიეროდ, რევოლვერში ტყვია არ იდო, მაგრამ შიშისაგან კინაღამ გავთავდი“.
სიჩუმის მიზეზი
როქსანას მსგავსად, მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი იტანჯება მოძალადე კაცის ხელშიb. მრავალი მათგანი უსიტყვოდ იტანს ტანჯვას. მათი აზრით, მდგომარეობის გამხელას ისეთი ვინმესთვის, ვისაც დახმარება შეუძლია, აზრი არა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მრავალი მოძალადე ქმარი, უბრალოდ, უარყოფს მსგავს განაცხადს და ამბობს: „ჩემი ცოლი ადვილად აღგზნებადია“ ან „ის აზვიადებს“.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მრავალი ქალი გამუდმებით თავდასხმის მოლოდინშია იქ, სადაც მათთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს — საკუთარ სახლში. მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვერპლის ნაცვლად, ხშირად თავდამსხმელს ეკიდებიან თანაგრძნობით. მართლაც, ზოგისთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ მამაკაცი, რომელიც პატივსაცემი მოქალაქეა, სახლში ცოლს სცემს. ვნახოთ, თუ რა მოხდა, როდესაც ერთმა ქალბატონმა, სახელად ანიტამ, მოჰყვა თავისი ქმრის, საზოგადოებაში პატივცემული კაცის, მოძალადეობრივი ქმედების შესახებ. «ერთმა ჩვენმა ნაცნობმა გამკიცხა: „როგორ ადანაშაულებ ასეთ შესანიშნავ კაცს?“ სხვამ მითხრა, რომ, ალბათ, რაღაცნაირად მე ვიქნებოდი მისი დაუნდობლობის მიზეზი! მას შემდეგაც კი, რაც ჩემი ქმრის სისასტიკე გაცხადდა, ზოგი მეგობარი თვალს მარიდებდა. მათი აზრით, ყველაფერი უსიტყვოდ უნდა ამეტანა, რადგან კაცები ასეთები არიანო».
როგორც ანიტას შემთხვევა ცხადყოფს, მრავალს არ ესმის, რა ხდება, როდესაც ცოლი საზარელი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება. რატომ არიან მამაკაცები სასტიკნი იმ ქალების მიმართ, რომლებზეც ამბობენ, რომ უყვართ? როგორ შეიძლება მსხვერპლთათვის დახმარების აღმოჩენა?
[სქოლიოები]
a სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.
b გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მამაკაცებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ უფრო ხშირად ქალი იტანს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას, რომლებიც ბევრად უფრო სერიოზულია. ამიტომ ამ სტატიებში ლაპარაკია შეურაცხყოფაზე, რომლის მსხვერპლნიც ქალები ხდებიან.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
ოჯახში გამოვლენილი ძალადობა ფართო გაგებით
ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გამოთქმა „ქალებზე ძალადობა“ შეიძლება მიუთითებდეს „სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალის ფიზიკური, სექსუალური თუ გონებრივი მდგომარეობის დაზიანება ან ტანჯვა, რომლებშიც მუქარა, იძულება ან თავისუფლების დესპოტურად წართმევა შედის და მნიშვნელობა არა აქვს, სად ხდება ძალადობა — საზოგადოებაში თუ პირად ცხოვრებაში“. ამგვარ ძალადობაში, სხვა ყველაფერთან ერთად, შედის „ოჯახსა თუ, საერთოდ, საზოგადოებაში ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა; აგრეთვე ცემა, არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური შეურაცხყოფა, მზითევის უკმარისობის გამო გამოწვეული ძალადობა, ცოლის გაუპატიურება, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება თუ ქალისთვის საზიანო სხვა ტრადიციული ჩვეულებები“.
-
-
რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?გამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?
ზოგი სპეციალისტის აზრით, ქალების მოკვლის შემთხვევები თავიანთი მეუღლეების მიერ უფრო ხშირია, ვიდრე — ერთად აღებული — ყველანაირი ბოროტმოქმედის მიერ. ცოლ-ქმრული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი გამოკვლევა ჩატარდა. რა ტიპის მამაკაცი აყენებს ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას? როგორი იყო მისი ბავშვობა? ავლენდა თუ არა ძალადობას მაშინ, როდესაც ქორწინებამდე მომავალ მეუღლესთან მეგობრობდა? ექვემდებარება თუ არა მოძალადე მკურნალობას?
მკვლევარები ერთ დასკვნამდე მივიდნენ — ყველა მოძალადე ერთნაირი არ არის. ერთნი იშვიათად სცემენ ცოლებს. არ იყენებენ იარაღს და მეუღლეებზე გამუდმებით არ ძალადობენ. ასეთი მამაკაცებისთვის ძალადობა ხასიათის ნაწილი არ არის და, როგორც ჩანს, გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. მეორენი უკვე ჩამოყალიბებული მოძალადენი არიან. მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი ცოლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და, ამავე დროს, სინანულის მცირე ან თითქმის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობათ.
დიახ, შეურაცხმყოფელნი სხვადასხვაგვარნი არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის ისეთი ფორმები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არც ისე სერიოზულ შეურაცხყოფად. ნებისმიერ ფიზიკურ ძალადობას შეიძლება სხეულის გარკვეული დაზიანება ან თვით სიკვდილიც კი მოჰყვეს. ამიტომ ის ფაქტი, რომ ერთი მამაკაცის მიერ გამოვლენილი ძალადობა ნაკლები სიხშირითა და ინტენსივობით გამოირჩევა, ვიდრე მეორის, არ ამართლებს პირველის მოქმედებას. არ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის „მისაღები“ ფორმები. მაგრამ რა უბიძგებს მამაკაცს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს ქალს, რომელსაც აღუთქვა, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებდა?
ოჯახის გავლენა
გასაკვირი არ არის, რომ შეურაცხმყოფელი მამაკაცებიდან მრავალი თავადაც ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. „შეურაცხმყოფელთა უმეტესობა ისეთ ოჯახურ გარემოშია აღზრდილი, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა“, — წერს მიშელ გროეჩი, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა მეუღლეთა შორის ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. «ბავშვობა მათ მტრულ გარემოში გაატარეს, სადაც ემოციური და ფიზიკური ძალადობა „ნორმალურად“ ითვლებოდა». ერთ-ერთი მკვლევარის აზრით, მამაკაცი, რომელიც ასეთ ატმოსფეროში გაიზარდა, „ცხოვრების გზის დასაწყისშივე შეიძლება მამისგან ქალებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება ისწავლოს. ბიჭი სწავლობს, რომ მამაკაცმა ყოველთვის უნდა იბატონოს ქალზე და ეს მათი დაშინებით, ტკივილის მიყენებითა და დამცირებით უნდა გააკეთოს. ამავე დროს სწავლობს, რომ ერთ-ერთი საშუალება, რითაც უდავოდ მოიპოვებს მამის კეთილგანწყობას, მისი მაგალითის გათვალისწინებაა“.
ბიბლია ცხადყოფს, რომ მშობლების მაგალითს ბავშვზე მნიშვნელოვანი, დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:21). რა თქმა უნდა, გასამართლებელი საბუთი არ არის ის, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ადამიანი, მაგრამ ეს გვეხმარება ძალადობის მიზეზის ახსნაში.
კულტურის გავლენა
ზოგ ქვეყანაში ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებად და ნორმალურადაც კი ითვლება. „მრავალ საზოგადოებაში ადამიანებს ღრმად სწამთ, რომ ქმარს მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ან დაშინების სრული უფლება აქვს“, — აღნიშნულია გაეროს ცნობაში.
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მსგავსი რამ მიუღებელია, მრავალი მაინც ასე იქცევა. გამაოგნებელია ამ საკითხში ზოგი მამაკაცის არაგონივრული აზროვნება. სამხრეთ აფრიკის „უიქლი მეილ ენდ გარდიანის“ თანახმად, კეიპტაუნსა და კეთილი იმედის კონცხს შორის მდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად შემდეგი რამ დადგინდა: იმ მამაკაცთა უმეტესობა, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ცოლებზე არ ძალადობდნენ, ფიქრობენ, რომ ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებია და ეს ძალადობად სულაც არ ითვლება.
როგორც ჩანს, აზროვნების ასეთი დამახინჯება ხშირად ბავშობიდან იწყება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 11—12 წლის ბიჭების 75 პროცენტისთვის კაცების მიერ ქალების ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღები იყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი მოახდენდა ამის პროვოცირებას.
შეუძლებელია ფიზიკურ შეურაცხყოფას გამართლება მოვუძებნოთ
ზემოთ მოყვანილი ფაქტორები ალბათ ხსნის მეუღლეების ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზს. მაგრამ ამით არ მართლდება ეს საქციელი. დავიწყოთ უბრალოდ იქიდან, რომ მეუღლის ფიზიკური შერაცხყოფა ღვთის თვალში დიდი ცოდვაა. მის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩვენ ვკითხულობთ: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას“ (ეფესელთა 5:28, 29).
ბიბლია დიდი ხნის წინათ წინასწარმეტყველებდა, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ მრავალნი „მოძულენი“ და „სასტიკნი“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1—3). მეუღლეზე ძალადობის ასე ფართოდ გავრცელება იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ სწორედ იმ დროს ვცხოვრობთ, რომელზეც ამ წინასწარმეტყველებაშია ლაპარაკი. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად? არსებობს რაიმე იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალადენი საქციელს შეიცვლიან?
[ჩანართი 5 გვერდზე]
საკუთარ ცოლზე ხელის აღმართვა სისხლის სამართლის ისეთივე დანაშაულია, როგორიც უცხოზე ხელის აღმართვაა („როდესაც კაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს“).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
მამაკაცების აგრესიულობა გლობალური პრობლემა
როგორც ქვემოთ მოყვანილი ცნობა გვიჩვენებს, იმ ამაყი მამაკაცების საქციელი, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, მსოფლიო პრობლემად იქცა.
ეგვიპტე: ალექსანდრიაში სამი თვის მანძილზე საფუძვლიანად ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქალების ტრავმირება, ძირითადად, ოჯახში ძალადობის შედეგად ხდება. ამიტომაც ტრავმატოლოგიური პუნქტების პაციენტთა 27,9 პროცენტი ქალები არიან (ქალთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის მე-5 რეზიუმე).
ტაილანდი: ბანკოკის უდიდეს გარეუბანში გათხოვილ ქალთა 50 პროცენტს ქმრები რეგულარულად სცემენ (ქალთა ჯანდაცვის წყნარი ოკეანის ასოციაცია).
ჰონგკონგი: „იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ მეუღლეები სცემენ, გასულ წელს 40 პროცენტზე მეტით გაიზარდა (South China Morning Post, 2000 წლის 21 ივლისი).
იაპონია: თავშესაფრის მძებნელ ქალთა რიცხვი 1995 წელს 4843-დან 1998 წელს 6340-მდე გაიზარდა. ამ ქალების „დაახლოებით ერთმა მესამედმა თქვა, რომ თავშესაფარს ქმრების მოძალადეობრივი საქციელის გამო ეძებდნენ“ (The Japan Times, 2000 წლის 10 სექტემბერი).
დიდი ბრიტანეთი: „მთელ ბრიტანეთში გაუპატიურება, ცემა ან ცივი იარაღით დაჭრა სახლში ან გარეთ ყოველ ექვს წამში ხდება. სკოტლან-იარდის ცნობის თანახმად, „სახლში მომხდარი ძალადობის მსხვერპლთაგან პოლიცია ყოველდღიურად 1300 შეტყობინებას იღებს, რაც წელიწადში 570000-ს აღემატება. მსხვერპლთაგან 81 პროცენტი ის ქალები არიან, რომლებსაც ოჯახში მეუღლეები ესხმიან თავს („ტაიმზი“, 2000 წლის 25 ოქტომბერი).
პერუ: პოლიციისთვის ცნობილ ბოროტმოქმედებათა 70 პროცენტი ქმრების მიერ ცოლების ცემაა (ქალთა ჯანდაცვის წყნარი ოკეანის ასოციაცია).
რუსეთი: „წელიწადში რუსეთში ქმრების მიერ ცოლების მოკვლის 14500 და დასახიჩრების ან მძიმე ტრავმის მიყენების 56400 შემთხვევა აღინიშნება“ (გარდიანი).
ჩინეთი: „ეს ახალი პრობლემაა, რომელიც თანდათანობით იზრდება, განსაკუთრებით კი ურბანიზებულ ტერიტორიებზე“, — აღნიშნავს პროფესორი ჩენ იეიუნი, ჯინგლიუნის საოჯახო ცენტრის დირექტორი. „მეზობლების რიდი უკვე ვეღარ აკავებს ოჯახში ძალადობას“ (გარდიანი).
ნიკარაგუა: „ქალებზე ძალადობათა რიცხვი ნიკარაგუაში ელვის სისწრაფით იზრდება. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს ნიკარაგუელი ქალების 52 პროცენტი გახდა ოჯახში ქმრებისგან ძალადობის მსხვერპლი“ (ბი-ბი-სი ნიუსი).
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რისკ-ფაქტორები
როუდ-აილენდის (აშშ) უნივერსიტეტის მიერ რიჩარდ ჯელის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ოჯახში ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას შემდეგი რისკ-ფაქტორები განაპირობებს:
1. მამაკაცი ამა თუ იმ სახით ადრეც იყო ოჯახში ძალადობის მონაწილე.
2. უმუშევარია.
3. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც იღებს ნარკოტიკებს.
4. ბავშვობისას ხედავდა, თუ როგორ ურტყამდა მამა დედას.
5. წყვილი დაქორწინებული არ არის; ისინი საყვარლები არიან.
6. თუ მუშაობს, ანაზღაურება დაბალი აქვს.
7. არა აქვს საშუალო განათლება.
8. 18-დან 30 წლამდე ასაკისაა.
9. დედა ან მამა, ან ორივე, შვილებზე ძალადობდნენ.
10. შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია.
11. მამაკაცი და ქალი სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში აღიზარდნენ.
[სურათი 7 გვერდზე]
ოჯახში ძალადობას შეუძლია ბავშვებზე სერიოზული გავლენა იქონიოს.
-
-
დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენგამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ
რის გაკეთება შეიძლება იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან? პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ რის ატანა უწევთ მათ. ხშირად მოძალადის მიერ მიყენებული ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ არის. ჩვეულებრივ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას თან სდევს მუქარა და დაშინება, რაც მსხვერპლს უვარგისობისა და უმწეობის გრძნობას უღვივებს.
განვიხილოთ როქსანას შემთხვევა, რომელზეც პირველ სტატიაში დავიწყეთ საუბარი. ზოგჯერ მისი ქმარი სიტყვებს ბასრი იარაღივით იყენებს. «ის დამამცირებელ სიტყვებს მეძახის, — თავის გრძნობებს გვიზიარებს როქსანა. — ხშირად მეუბნება ხოლმე: „შენ სკოლაც კი არ დაგიმთავრებია. უჩემოდ როგორ გაზრდიდი ბავშვებს? შენ ხომ ზარმაცი და უვარგისი დედა ხარ. ხომ არ გგონია, რომ, თუ დავცილდით, მთავრობა ბავშვების გაზრდაზე ნებას დაგრთავს?“».
როქსანას მეუღლე ყოველთვის მეთვალყურეობას უწევს ფულის ხარჯვას. იგი ცოლს ნებას არ რთავს, გამოიყენოს მანქანა და დღის განმავლობაში წარამარა ურეკავს და ამოწმებს, თუ რით არის დაკავებული. თუ როქსანა თავის პოზიციას გამოხატავს, ქმარი მაშინვე რისხდება. ამის გამო, ქალმა ისწავლა, რომ არასოდეს გამოთქვას თავისი აზრი.
როგორც დავინახეთ, მეუღლის შეურაცხყოფა საკმაოდ რთული პრობლემაა. თუ მსხვერპლისთვის დახმარება გსურთ, უსმინეთ თანაგრძნობით. გახსოვდეთ, რომ, ჩვეულებრივ, ქალისთვის საკმაოდ ძნელია იმაზე ლაპარაკი, რის ატანაც უწევს. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ განამტკიცოთ მსხვერპლი და დაეხმაროთ იმ მდგომარეობასთან გამკლავებაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა.
ზოგმა ქალმა, რომელთაც ფიზიკურ შურაცხყოფას აყენებენ, შეიძლება ხელისუფლების დახმარებას მიმართონ. ზოგჯერ გადამჭრელი ზომების მიღებას, მაგალითად პოლიციის გამოძახებას, შეუძლია მოძალადე მამაკაცს დაანახვოს თავისი საქციელის სერიოზულობა. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეურაცხმყოფელი ადამიანის ნებისმიერი მცდელობა და სურვილი ხშირად კრიზისის ჩავლის შემდეგ ქარს გაჰყვება ხოლმე.
უნდა დატოვოს თუ არა ქალმა ქმარი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს? ბიბლია განქორწინების საკითხს ზერელედ არ ეკიდება. მაგრამ ის აგრეთვე არ ავალდებულებს ცოლს, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება, დარჩეს კაცთან, რომელიც მის ჯანმრთელობას და, შესაძლოა, თვით სიცოცხლესაც კი ემუქრება. ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს“ (1 კორინთელთა 7:10—16). რადგან ბიბლია არ კრძალავს ექსტრემალური მდგომარეობის შემთხვევაში განცალკევებით ცხოვრებას, ქალმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს (გალატელთა 6:5). დაბეჯითებით არავინ უნდა ურჩიოს ქალს, გაშორდეს ქმარს და არც ის უნდა დააძალოს, რომ ქმართან დარჩეს მაშინ, როდესაც ქალის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და სულიერობას საფრთხე ემუქრება.
არსებობს რაიმე იმედი ქალებისთვის, რომელნიც შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან?
მეუღლეზე ძალადობა ბიბლიური პრინციპების უხეშად დარღვევაა. ეფესელთა 4:29, 31-ში ვკითხულობთ: „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან. . . ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად“.
შეუძლებელია რომელიმე ქმარს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს მიმდევარია, უყვარდეს ცოლი და ამავე დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს. თუ იგი ცოლს ცუდად ექცევა, რაღა ფასი ექნება მის კარგ საქმეებს? „მოჩხუბარი“ ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად არ გამოდგება (1 ტიმოთე 3:3; 1 კორინთელთა 13:1—3). ნებისმიერი ვითომ ქრისტიანი, რომელიც გამუდმებით რისხდება და არ ინანიებს თავის საქციელს, ქრისტიანული კრებიდან გაირიცხება (გალატელთა 5:19—21; 2 იოანე 9, 10).
შეიძლება რომ მოძალადე მამაკაცმა შეიცვალოს საქციელი? ზოგმა შეიცვალა. მაგრამ, ჩვეულებრივ, მოძალადე ვერ შეიცვლება თუ 1)არ აღიარა, რომ უმართებულოდ იქცევა, 2)არ სურს, რომ შეიცვალოს და 3)არ ეძებს დახმარებას. იეჰოვას მოწმეებმა გამოსცადეს, რომ სწორედ ბიბლიას შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, რათა შეურაცხყმყოფელი შეიცვალოს. მრავალ დაინტერესებულს, ვინც მათთან ბიბლიას სწავლობდა, ღვთისთვის სიამოვნების მინიჭების დიდი სურვილი გაუჩნდა. ბიბლიის ამ ახალმა შემსწავლელებმა იეჰოვას შესახებ გაიგეს, რომ „ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 10:5). რა თქმა უნდა, მოძალადე რომ შეიცვალოს, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ჩვევა კი არ უნდა მოიშოროს, არამედ სრულიად ახლებური დამოკიდებულებაც უნდა განავითაროს თავისი ცოლის მიმართ.
ღვთის შესახებ შემეცნების მიღებასთან ერთად მამაკაცი სწავლობს, ცოლი მოსამსახურედ კი არ მიიჩნიოს, არამედ „შემწედ“; ზემოდან კი არ უყუროს, არამედ ‘პატივი სცეს’ (დაბადება 2:18; 1 პეტრე 3:7). ის აგრეთვე თანაგრძნობის გამოვლენასა და ცოლის თვალსაზრისის მოსმენას სწავლობს (დაბადება 21:12; ეკლესიასტე 4:1). მრავალ წყვილს დაეხმარა იეჰოვას მოწმეების მიერ შეთავაზებული ბიბლიის შესწავლის პროგრამა. ქრისტიანული ოჯახისთვის მიუღებელია დესპოტურად თუ ტირანულად მოქმედება და შარიანობა (ეფესელთა 5:25, 28, 29).
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ამიტომ ბიბლიურ სიბრძნეს შეუძლია, წყვილებს პრობლემების გაანალიზებასა და მათთან გაბედულად გამკლავებაში დაეხმაროს. უფრო მეტიც, ბიბლია შეიცავს დამაჯერებელ და მანუგეშებელ იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მთელ მორჩილ კაცობრიობას იეჰოვას მიერ დანიშნული ზეციერი მეფე გაუწევს მმართველობას. ბიბლია ამბობს: „რადგანაც იხსნის [ღმერთი] ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12, 14).
[ჩანართი 12 გვერდზე]
ქრისტიანული ოჯახისთვის მიუღებელია დესპოტურად თუ ტირანულად მოქმედება და შარიანობა.
[ჩარჩო 8 გვერდზე]
არასწორი შეხედულებების შეცვლა
• ცოლების ბრალია, ქმრები რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.
მრავალი მოძალადე თავისი საქციელის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ცოლმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ოჯახის მეგობრებმაც კი შეიძლება იფიქრონ, რომ ასეთ ცოლთან ცხოვრება ძნელია და ამიტომ არ უკვირთ, რომ დროდადრო ქმარი კონტროლს ვერ უწევს თავის მოქმედებას. მაგრამ ასეთი განაცხადი იმის ტოლფასია, მსხვერპლს რომ ბრალი დასდო და აგრესორი გაამართლო. სინამდვილეში ქალები, რომლებიც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან, ხშირად ყოველ ღონეს ხმარობენ თავიანთი ქმრების დასაშოშმინებლად. გარდა ამისა, როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, მეუღლის ცემას არავითარი გამართლება არა აქვს. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „მამაკაცები, რომლებიც ქალებთან ცუდად მოპყრობის გამო არიან ნასამართლევი, ძალადობას მიჩვეული არიან. მათთვის ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა რისხვისა და დეპრესიისგან გათავისუფლების საშუალებაა; ამგვარად ბატონობენ ისინი და აგვარებენ უთანხმოებებს; იხსნიან დაძაბულობას. . . ხშირად მათ არც კი ესმით, რომ ისინი ხდებიან პრობლემის მიზეზი ან პრობლემას სერიოზულად არც კი ეკიდებიან“ (The Batterer—A Psychological Profile).
• ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაა იმის მიზეზი, რომ კაცი ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
მართალია, ზოგი მამაკაცი სიმთვრალისას უფრო აგრესიულია, მაგრამ არის თუ არა გონივრული, ყველაფერი ალკოჰოლს დავაბრალოთ? „სიმთვრალე მოძალადე მამაკაცს აღძრავს, რომ თავისი საქციელი სხვა ადამიანების და არა საკუთარი თავის დადანაშაულებით ახსნას“ — წერს კ. ვილსონი თავის წიგნში „როდესაც ძალადობა ოჯახში იწყება“. ის განაგრძობს: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხალხისთვის ოჯახში ძალადობა მაინც და მაინც გასაკვირი არ არის, თუ მოძალადე მთვრალია. ერთ-ერთი ქალი თავის მეუღლეს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოძალადედ კიარ მიიჩნევს, არამედ უზომოდ მსმელად ან ლოთად“. ასეთმა აზროვნებამ, ვილსონის აზრით, ქალს შეიძლება იმის ცრუ იმედი ჩაუსახოს, რომ, „თუ კაცი სმას მიატოვებს, ძალადობაც შეწყდება“.
დღესდღეობით მრავალი სწავლული სმას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ორ სხვადასხვა პრობლემად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, დამოკიდებულების გამომწვევ საშუალებათა გამომყენებლების უმრავლესობა სულაც არ სცემს თავის მეუღლეს. წიგნის „როდესაც მამაკაცი ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“ ავტორები აღნიშნავენ: „ქალების ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძირითადად, იმის გამო განაგრძობენ, რომ ამ საშუალებით ბატონობენ მათზე, აშინებენ და იმორჩილებენ. . . ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება მოძალადეს ცხოვრების წესად აქვს ქცეული. არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ დამოკიდებულების გამომწვევი საშუალებების გამოყენება იწვევს ძალადობას“.
• შეურაცხმყოფელნი ძალმომრეობენ ყველაზე.
ხშირად შეურაცხმყოფელი სხვებისთვის დიდებული მეგობარია. ის დროდადრო ავლენს საშინელ თვისებებს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ ოჯახის მეგობრებს არ სჯერათ, რომ ისინი მოძალადეობრივ ოჯახურ ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ მოძალადე კაცი ფიზიკური შეურაცხყოფის საშინელი გზით ცდილობს ცოლზე ბატონობას.
• ქალები წინააღმდეგი არ არიან, რომ ცუდად მოეპყრონ.
როგორც ჩანს, ასეთი აზრი ისეთი ადამიანებისგან მომდინარეობს, რომლებსაც არ ესმით, თუ რა უმწეო მდგომარეობაში არიან ცოლები, რომელთაც გასაქცევი არსად აქვთ. ასეთ ცოლებს შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები, რომლებიც ერთი-ორი კვირით შეიფარებდნენ, მაგრამ შემდეგ რა უნდა ქნან ამ ქალებმა? შვილების უზრუნველსაყოფად სამუშაოს პოვნასა და ნაქირავებ სახლში ცხოვრებაზე ფიქრი აშინებთ. კანონით კი შეიძლება ასეთ დედებს არ მისცენ ბავშვებთან ერთად ცალკე ცხოვრების უფლება. ზოგი ეცადა, სახლიდან გაქცეულიყო, მაგრამ იპოვეს და, ძალით თუ მოფერებით, უკან დააბრუნეს. მეგობრებმა, რომლებსაც არ ესმით მათი, შეიძლება არასწორად დაასკვნან, რომ ასეთ ქალები წინააღმდეგი არ არიან, რომ ცუდად მოეპყრონ.
-
-
„ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“გამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
„ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“
აცახცახებულ ტუჩებზე ხელებაფარებული ლოურდესი ფანჯრიდან ქალაქს მისჩერებია. ამ ლათინო-ამერიკელ ქალს 20 წელზე მეტი იყო, რაც მოძალადე ქმარი, ალფრედო, ტანჯავდა. მაგრამ ალფრედოს რაღაცამ უბიძგა, რომ შეცვლილიყო. ლოურდესისთვის კი დღემდე რთულია იმ ფიზიკური და ემოციური ტკივილის გახსენება, რომლის ატანაც მოუწია.
«ყოველივე ქორწინებიდან მხოლოდ ორიოდე კვირის შემდეგ დაიწყო, — ხმაწართმეული იწყებს ლოურდესი. — ერთხელ მან ისე დამარტყა, რომ ორი კბილი ამომიგდო. სხვა დროს კი უცებ დავიხარე და მისი გამეტებით მოქნეული მუშტი ტანსაცმლის კარადას მოხვდა. მაგრამ ცემაზე მეტად დამამცირებელი მომართვა მტკენდა გულს. ის „უსარგებლო ნაგავს“ მიწოდებდა და ისე მეპყრობოდა თითქოს ყოვლად უმეცარი ვყოფილიყავი. მინდოდა სახლიდან წავსულიყავი, მაგრამ სამი შვილისთვის რა მექნა?».
ალფრედო ნაზად უსვამს ხელს ლოურდესს მხარზე და ამბობს: „მე მაღალი თანამდებობის პირი ვარ და თავი არარაობად ვიგრძენი, როდესაც სასამართლოს უწყება და მფარველობის შესახებ ბრძანება გადმომცეს. ვეცადე შევცვლილიყავი, მაგრამ მალე ისევ ძველებურად მოქმედება დავიწყე“.
მაშ, როგორ შეიცვალა მდგომარეობა? «ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიის მფლობელი ქალბატონი იეჰოვას მოწმეა, — გვიხსნის ლოურდესი, რომელსაც ახლა აშკარად ეტყობა, რომ საკმაოდ დაწყნარდა. — მან ბიბლიის შესწავლაში დახმარება შემომთავაზა. ამ შესწავლის შედეგად გავიგე, რომ იეჰოვა ღმერთი აფასებს ქალებს. იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დასწრება დავიწყე, თუმცა თავიდან ამან ალფრედო გააცოფა. ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო სამეფო დარბაზში მეგობრებთან საუბარში დროის გატარება. გამაოცა იმის აღმოჩენამ, რომ თურმე მეც შემძლებია მქონოდა საკუთარი რწმენა, გამომეხატა ეს რწმენა თავისუფლად და ჩემი მრწამსის შესახებ სხვებისთვისაც კი მესწავლებინა. მივხვდი, რომ ღვთის თვალში ძვირფასი ვიყავი. ამან ძალა შემმატა.
არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ალფრედო კვირაობით ჯერ კიდევ კათოლიკურ მესას ესწრებოდა და იეჰოვას მოწმეებთან ჩემს საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ ალფრედოს თვალი გავუსწორე და წყნარად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი: „ალფრედო, შენ შენი აზრი გაქვს, მე ჩემი“. საოცარია, მაგრამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია! არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოვინათლე და აგერ უკვე ხუთი წელია კარგად მეპყრობა“.
მაგრამ დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ იყო. ალფრედო ყვება: „ლოურდესის მონათვლიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, თავის სახლში მიმიწვია და ბიბლიიდან ბევრი საინტერესო აზრი გამიზიარა. ცოლისთვის არც კი მითქვამს, ისე დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მალე კრების შეხვედრებზე ლოურდესთან ერთად დავდიოდი. მოხსენებებიდან მრავალი ოჯახურ ცხოვრებას ეხებოდა და ამიტომ ხშირად სინდისი მაწუხებდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი“.
ალფრედოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დაინახა, რომ კრების წევრები, მათ შორის მამაკაცებიც, კრების შეხვედრების შემდეგ იატაკს გვიდნენ. მათთან სახლში სტუმრობისას დაინახა, რომ ქმრები ცოლებს ჭურჭლის რეცხვაში ეხმარებოდნენ. ამ წვრილმანებმა ალფრედოს დაანავხა, თუ როგორ ვლინდება საქმით ნამდვილი სიყვარული.
ცოტა ხნის შემდეგ ალფრედო მოინათლა და ახლა მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურობს. „ის ხშირად მეხმარება სადილის შემდეგ მაგიდის ალაგებასა და ლოგინის გასწორებაში, — ამბობს ლოურდესი. — მიქებს სადილს და არჩევნის გაკეთების საშუალებას მაძლევს; მაგალითად, მეკითხება, რომელი მუსიკის მოსმენა მესიამოვნებოდა ან რის ყიდვას ვარჩევდი სახლისთვის. ამას ალფრედო ადრე არასოდეს გააკეთებდა! არც ისე დიდი ხნის წინათ, პირველად ცხოვრებაში, ყვავილების თაიგული მომართვა. ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია!“
[სურათი 10 გვერდზე]
„მივხვდი, რომ ღმერთი მაფასებდა. ამან კი გაბედულება შემმატა“.
[სურათი 10 გვერდზე]
„მან დაინახა, რომ მამაკაცები ცოლებს ჭურჭლის დარეცხვაში ეხმარებოდნენ“.
[სურათი 10 გვერდზე]
„ალფრედოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დაინახა, რომ კრების წევრები, მათ შორის მამაკაცებიც, კრების შეხვედრების შემდეგ იატაკს გვიდნენ“.
[სურათი 10 გვერდზე]
„არც ისე დიდი ხნის წინათ, პირველად ცხოვრებაში, მან ყვავილების თაიგული მომართვა“.
-