-
რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?გამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?
ზოგი სპეციალისტის აზრით, ქალების მოკვლის შემთხვევები თავიანთი მეუღლეების მიერ უფრო ხშირია, ვიდრე — ერთად აღებული — ყველანაირი ბოროტმოქმედის მიერ. ცოლ-ქმრული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი გამოკვლევა ჩატარდა. რა ტიპის მამაკაცი აყენებს ცოლს ფიზიკურ შეურაცხყოფას? როგორი იყო მისი ბავშვობა? ავლენდა თუ არა ძალადობას მაშინ, როდესაც ქორწინებამდე მომავალ მეუღლესთან მეგობრობდა? ექვემდებარება თუ არა მოძალადე მკურნალობას?
მკვლევარები ერთ დასკვნამდე მივიდნენ — ყველა მოძალადე ერთნაირი არ არის. ერთნი იშვიათად სცემენ ცოლებს. არ იყენებენ იარაღს და მეუღლეებზე გამუდმებით არ ძალადობენ. ასეთი მამაკაცებისთვის ძალადობა ხასიათის ნაწილი არ არის და, როგორც ჩანს, გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. მეორენი უკვე ჩამოყალიბებული მოძალადენი არიან. მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი ცოლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და, ამავე დროს, სინანულის მცირე ან თითქმის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობათ.
დიახ, შეურაცხმყოფელნი სხვადასხვაგვარნი არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის ისეთი ფორმები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არც ისე სერიოზულ შეურაცხყოფად. ნებისმიერ ფიზიკურ ძალადობას შეიძლება სხეულის გარკვეული დაზიანება ან თვით სიკვდილიც კი მოჰყვეს. ამიტომ ის ფაქტი, რომ ერთი მამაკაცის მიერ გამოვლენილი ძალადობა ნაკლები სიხშირითა და ინტენსივობით გამოირჩევა, ვიდრე მეორის, არ ამართლებს პირველის მოქმედებას. არ არსებობს ფიზიკური შეურაცხყოფის „მისაღები“ ფორმები. მაგრამ რა უბიძგებს მამაკაცს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს ქალს, რომელსაც აღუთქვა, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებდა?
ოჯახის გავლენა
გასაკვირი არ არის, რომ შეურაცხმყოფელი მამაკაცებიდან მრავალი თავადაც ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. „შეურაცხმყოფელთა უმეტესობა ისეთ ოჯახურ გარემოშია აღზრდილი, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა“, — წერს მიშელ გროეჩი, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა მეუღლეთა შორის ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. «ბავშვობა მათ მტრულ გარემოში გაატარეს, სადაც ემოციური და ფიზიკური ძალადობა „ნორმალურად“ ითვლებოდა». ერთ-ერთი მკვლევარის აზრით, მამაკაცი, რომელიც ასეთ ატმოსფეროში გაიზარდა, „ცხოვრების გზის დასაწყისშივე შეიძლება მამისგან ქალებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება ისწავლოს. ბიჭი სწავლობს, რომ მამაკაცმა ყოველთვის უნდა იბატონოს ქალზე და ეს მათი დაშინებით, ტკივილის მიყენებითა და დამცირებით უნდა გააკეთოს. ამავე დროს სწავლობს, რომ ერთ-ერთი საშუალება, რითაც უდავოდ მოიპოვებს მამის კეთილგანწყობას, მისი მაგალითის გათვალისწინებაა“.
ბიბლია ცხადყოფს, რომ მშობლების მაგალითს ბავშვზე მნიშვნელოვანი, დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:21). რა თქმა უნდა, გასამართლებელი საბუთი არ არის ის, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ადამიანი, მაგრამ ეს გვეხმარება ძალადობის მიზეზის ახსნაში.
კულტურის გავლენა
ზოგ ქვეყანაში ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებად და ნორმალურადაც კი ითვლება. „მრავალ საზოგადოებაში ადამიანებს ღრმად სწამთ, რომ ქმარს მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ან დაშინების სრული უფლება აქვს“, — აღნიშნულია გაეროს ცნობაში.
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მსგავსი რამ მიუღებელია, მრავალი მაინც ასე იქცევა. გამაოგნებელია ამ საკითხში ზოგი მამაკაცის არაგონივრული აზროვნება. სამხრეთ აფრიკის „უიქლი მეილ ენდ გარდიანის“ თანახმად, კეიპტაუნსა და კეთილი იმედის კონცხს შორის მდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად შემდეგი რამ დადგინდა: იმ მამაკაცთა უმეტესობა, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ცოლებზე არ ძალადობდნენ, ფიქრობენ, რომ ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღებია და ეს ძალადობად სულაც არ ითვლება.
როგორც ჩანს, აზროვნების ასეთი დამახინჯება ხშირად ბავშობიდან იწყება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 11—12 წლის ბიჭების 75 პროცენტისთვის კაცების მიერ ქალების ფიზიკური შეურაცხყოფა მისაღები იყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი მოახდენდა ამის პროვოცირებას.
-
-
რატომ აყენებენ კაცები ქალებს ფიზიკურ შეურაცხყოფას?გამოიღვიძეთ! — 2001 | ნოემბერი 8
-
-
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რისკ-ფაქტორები
როუდ-აილენდის (აშშ) უნივერსიტეტის მიერ რიჩარდ ჯელის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ოჯახში ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას შემდეგი რისკ-ფაქტორები განაპირობებს:
1. მამაკაცი ამა თუ იმ სახით ადრეც იყო ოჯახში ძალადობის მონაწილე.
2. უმუშევარია.
3. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც იღებს ნარკოტიკებს.
4. ბავშვობისას ხედავდა, თუ როგორ ურტყამდა მამა დედას.
5. წყვილი დაქორწინებული არ არის; ისინი საყვარლები არიან.
6. თუ მუშაობს, ანაზღაურება დაბალი აქვს.
7. არა აქვს საშუალო განათლება.
8. 18-დან 30 წლამდე ასაკისაა.
9. დედა ან მამა, ან ორივე, შვილებზე ძალადობდნენ.
10. შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია.
11. მამაკაცი და ქალი სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში აღიზარდნენ.
-