საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გასაღები 1 თქვენი პრიორიტეტები
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 1 თქვენი პრიორიტეტები

      „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10)

      რას ნიშნავს? ბედნიერ ოჯახში ცოლიც და ქმარიც საკუთარ თავზე, ქონებაზე, სამსახურზე, მეგობრებზე თუ ნათესავებზე წინ მეუღლეს აყენებს. ოჯახი უმეტეს დროს ერთად ატარებს. ცოლ-ქმარი მზად არის საკუთარი ინტერესები ოჯახის ინტერესებს შესწიროს (ფილიპელები 2:4).

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ოჯახის თემას ბიბლია სერიოზულ ყურადღებას უთმობს. მაგალითად, პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ვინც ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, „ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ზოგჯერ მეუღლეებს პრიორიტეტები ეცვლებათ. ერთმა კონსულტანტმა ოჯახურ საკითხებში აღნიშნა, რომ ბევრი, ვინც მის სემინარებს ესწრებოდა, სამუშაოთი უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ოჯახით. როგორც ის ამბობს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ „ერთი სული აქვთ პრობლემების იოლად გადაჭრის ხერხები ისწავლონ, რათა დღის წესრიგიდან ოჯახი ამოშალონ და კვლავ სამუშაოში ჩაეფლონ“. რაზე მეტყველებს ასეთი დამოკიდებულება? იმის თქმა, რომ ოჯახი წინა პლანზე უნდა იდგეს, უფრო ადვილია, ვიდრე ამის გაკეთება.

      სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ვინ ან რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი:

      ◼ როცა მეუღლეს ან შვილს ჩემთან ლაპარაკი სურს, ვცდილობ, რაც შეიძლება მალე მივაქციო ყურადღება?

      ◼ სხვებთან საუბრისას, ხშირად ვახსენებ, როგორ ვატარებ დროს ჩემს ოჯახთან?

      ◼ შემიძლია დავთმო დამატებითი პასუხისმგებლობები, იქნება ეს სამსახურში თუ სხვაგან, ოჯახს მეტი დრო რომ დავუთმო?

      თუ ზემოაღნიშნულ კითხვებზე დადებითი პასუხი გაეცით, შეიძლება დაასკვნათ, რომ თქვენთვის ოჯახია უმთავრესი. მაგრამ თქვენი მეუღლე და შვილებიც ასე ფიქრობენ? ფაქტია, მხოლოდ ჩვენი საზომით ობიექტურად ვერ შევაფასებთ საკუთარ თავს. იმავეს თქმა შეიძლება იმ საკითხებზეც, რომლებიც მომდევნო გვერდებზე იქნება განხილული.

      მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზეა (მაგალითად, შეამცირეთ ის დრო, რომელსაც სხვა საქმეებში ხარჯავთ და ოჯახს დაუთმეთ).

      აცნობეთ თქვენს ოჯახს დასახული მიზნის შესახებ. როცა ოჯახის თუნდაც ერთი წევრი მზად არის, შეიცვალოს, დიდია იმის ალბათობა, რომ დანარჩენებიც მას მიჰბაძავენ.

      [სურათი 3 გვერდზე]

      მამა, რომელიც წინა პლანზე აყენებს მეუღლესა და შვილებს, მოგებული დარჩება

  • გასაღები 2 ვალდებულება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 2 ვალდებულება

      „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6)

      რას ნიშნავს? ბედნიერი ცოლ-ქმრისთვის ქორწინება მუდმივი კავშირია. როცა პრობლემა თავს იჩენს, ისინი მის მოგვარებას ცდილობენ და გამოსავალს გაყრაში არ ეძებენ. მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ, მშვიდად არიან, რადგან სჯერათ, რომ საქორწინო აღთქმას ორივენი უერთგულებენ.

      რატომ არის მნიშვნელოვანი? მოვალეობის გრძნობა ოჯახურ კვანძებს განამტკიცებს. მაგრამ ხშირი კონფლიქტური სიტუაციების გამო წყვილს საქორწინო აღთქმის შესრულება შეიძლება ტვირთად ექცეს. ფაქტობრივად, საქორწინო აღთქმის სიტყვები, „სიკვდილი თუ დაგვაშორებს“, ცარიელ სიტყვებად რჩება. ცოლი და ქმარი შეიძლება ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ საერთო არაფერი ჰქონდეთ. როცა სერიოზული პრობლემა არის გადასაჭრელი, ერთმანეთს შეიძლება ხმაც კი არ გასცენ.

      სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, გახსოვთ თუ არა თქვენი ვალდებულება:

      ◼ მეუღლესთან კამათის დროს ხომ არ ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრება მას დავუკავშირე?

      ◼ სხვაზე ხომ არ ვოცნებობ?

      ◼ ხომ არ ვეუბნები ზოგჯერ მეუღლეს: „გტოვებ“, ან „ისეთ ადამიანს ვნახავ, რომელიც დამაფასებს“?

      მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ოჯახის განმტკიცება (რამდენიმე რჩევა: დაუწერეთ თქვენს მეუღლეს პატარა ბარათზე თბილი სიტყვები, მისი სურათი სამსახურში გამოსაჩენ ადგილზე დადეთ, ყოველდღე დაურეკეთ მას).

      გამოიყენეთ ამ რჩევებიდან ზოგიერთი და გაიგეთ, რა უფრო ესიამოვნება თქვენი ცხოვრების თანამგზავრს.

      [სურათი 4 გვერდზე]

      მოვალეობის გრძნობა ოჯახს ნგრევისგან იცავს, ისევე როგორც ზღუდე იცავს მძღოლს გზიდან გადავარდნისგან

      [საავტორო უფლება]

      © Corbis/age fotostock

  • გასაღები 3 ერთსულოვნება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 3 ერთსულოვნება

      „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას... თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10)

      რას ნიშნავს? ცოლ-ქმარი ბედნიერია, როცა ღვთის მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს აფასებს (ეფესოელები 5:22—24). ქმარიც და ცოლიც ყველაფერს არქმევენ „ჩვენ და ჩვენი“ და არა „მე და ჩემი“. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არაფერს აკეთებენ, როგორც ეს დაქორწინებამდე იყო. ბიბლიაში წერია, რომ მეუღლეები „ერთი ხორცი“ არიან, რაც არა მხოლოდ მათი კავშირის მუდმივობაზე, არამედ მათ სიახლოვეზეც მიუთითებს (დაბადება 2:24).

      რატომ არის მნიშვნელოვანი? თუ ერთსულოვანნი არ იქნებით, უმნიშვნელო პრობლემები შეიძლება მალე დიდ პრობლემებად აქციოთ და მათი მოგვარების ნაცვლად, ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. კარგი ცოლ-ქმარი შეიძლება შევადაროთ ორ პილოტს, რომლებიც ფრენის ერთი გეგმით ერთ თვითმფრინავს მართავენ. ისინი არ ჰგვანან იმ ორ პილოტს, რომლებიც სხვადასხვა თვითმფრინავს მართავენ და სადაცაა ერთმანეთს შეეჯახებიან. გაუგებრობის შემთხვევაში დროსა და ენერგიას ერთმანეთის დადანაშაულებაში კი ნუ დახარჯავთ, არამედ გამოსავალი ეძებეთ.

      სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ხართ თუ არა ერთსულოვანნი:

      ◼ ვთვლი, რომ ჩემი ნაშოვნი ფული მხოლოდ ჩემია?

      ◼ შორს ვიჭერ თავს მეუღლის ნათესავებისგან, მაშინ როცა ჩემს მეუღლეს მათთან ახლო ურთიერთობა აქვს?

      ◼ უკეთესად ვისვენებ მეუღლის გარეშე?

      მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ უფრო ერთსულოვანნი იყოთ.

      დაინტერესდით, რას ფიქრობს ამ საკითხზე თქვენი მეუღლე.

      [სურათი 5 გვერდზე]

      ერთსულოვანი მეუღლეები ჰგვანან ორ პილოტს, რომლებსაც ფრენის ერთი გეგმა აქვთ

  • გასაღები 4 პატივისცემა
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 4 პატივისცემა

      „მოიშორეთ ყოველგვარი . . . ყვირილი და ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31)

      რას ნიშნავს? უთანხმოება ყველა ოჯახშია, მაგრამ ბედნიერ ოჯახში პრობლემებს სარკაზმის, ლანძღვისა თუ სხვა სახის სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე აგვარებენ. ოჯახის წევრები ერთმანეთს ისე ექცევიან, როგორც უნდათ, რომ თავად მოექცნენ (მათე 7:12).

      რატომ არის მნიშვნელოვანი? სიტყვებით ადამიანის განადგურება შეიძლება. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას“ (იგავები 21:19). ცხადია, ანჩხლი კაციც შეიძლება იყოს. მშობლების საყურადღებოდ ბიბლიაში წერია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21). ბავშვები, რომლებსაც მშობლები მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, იფიქრებენ, რომ მშობლებს ვერაფრით ასიამოვნებენ, ამიტომ შეიძლება არც კი ეცადონ, მათ მოსაწონად მოიქცნენ.

      სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ავლენთ თუ არა ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემას:

      ◼ ოჯახში უთანხმოება იმით ხომ არ მთავრდება, რომ ერთ-ერთი გაბრაზებული გადის ოთახიდან?

      ◼ მეუღლეს ან შვილებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ხომ არ მივმართავ, მაგალითად, „შე დებილო!“, „შე იდიოტო!“?

      ◼ ჩვეულებრივი მოვლენა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი იმ ოჯახში, რომელშიც აღვიზარდე?

      მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ თქვენი სიტყვებით პატივისცემის გამოვლენა (რჩევა: ილაპარაკეთ პირველ პირში. მაგალითად, „ძალიან მწყინს, როცა შენ . . .“ და არა, „შენ ყოველთვის . . .“).

      უთხარით თქვენს მეუღლეს, რა გაქვთ გადაწყვეტილი. სამი თვის შემდეგ ჰკითხეთ მეუღლეს, თუ ამჩნევს თქვენში ცვლილებას.

      დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შვილებთან ურთიერთობისას ერიდოთ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას.

      თუ შვილებს უხეშად ან დამამცირებელი სიტყვებით მიმართეთ, ნუ დაგავიწყდებათ ბოდიშის მოხდა.

      [სურათი 6 გვერდზე]

      როგორც ზღვის ტალღები შლის კლდოვან ნაპირს, ისე გულსატკენი სიტყვები არყევს ოჯახის სიმტკიცეს

  • გასაღები 5 კეთილგონიერება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 5 კეთილგონიერება

      „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5)

      რას ნიშნავს? ოჯახი ბედნიერია, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეცდომებს პატიობს (რომაელები 3:23). რაც შეეხება შვილებს, მშობლები მათ მიმართ არც ზედმეტად მკაცრები არიან და არც ზედმეტად შემწყნარებლები. ისინი ზომიერად უდგენენ შვილებს წესებს და როცა საჭიროა, სამართლიანად სჯიან (იერემია 30:11).

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“ (იაკობი 3:17). თუკი ღმერთი არ ითხოვს არასრულყოფილი ადამიანებისგან სრულყოფილებას, ცოლ-ქმარმა რატომ უნდა მოსთხოვოს ერთმანეთს?! უმნიშვნელო შეცდომებისთვის ერთმანეთის გაუთავებელი კრიტიკა მხოლოდ გულისწყრომას იწვევს. კარგია, თუ შევეგუებით იმ აზრს, რომ „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).

      კარგი მშობლები კეთილგონიერებას ავლენენ შვილების მიმართ. ისინი არც ძალიან მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ისე, რომ შვილმა მათი გული ვერაფრით მოიგოს (1 პეტრე 2:18). მშობელი გარკვეულ თავისუფლებას აძლევს თავის მოზარდ შვილს, თუ ხედავს, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ის არ ცდილობს, ყველა ფეხის ნაბიჯი გაუკონტროლოს შვილს. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, ყველა წვრილმანში მოზარდის კონტროლი დამქანცველია და საბოლოოდ არანაირ შედეგს არ იძლევა.

      სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ავლენთ თუ არა გონიერებას მეუღლესთან ურთიერთობისას:

      ◼ ბოლოს როდის შეაქეთ თქვენი მეორე ნახევარი?

      ◼ ბოლოს როდის გააკრიტიკეთ მეუღლე?

      მიზნად დაისახეთ. თუ დიდი ხანია, არ შეგიქიათ მეუღლე, სამაგიეროდ კრიტიკა არ დაგიკლიათ მისთვის, მაშინ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ უფრო გონივრულად მოიქცეთ.

      უთხარით თქვენს მეუღლეს, რისი გაკეთება გმართებთ ორივეს.

      მიეცით გარკვეული თავისუფლება მოზარდ შვილს, თუ დაინახავთ, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.

      იმსჯელეთ შვილთან ისეთ საკითხზე, როგორიცაა სახლში დროულად დაბრუნება.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ფრთხილი მძღოლის მსგავსად, გონიერი ოჯახის წევრები მზად არიან, ერთმანეთს დაუთმონ

  • გასაღები 6 პატიება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 6 პატიება

      „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13)

      რას ნიშნავს? ოჯახი ბედნიერია, თუ წარსულის შეცდომებზე სწავლობს. კარგი ცოლ-ქმარი წყენას გულში არ იტოვებს. ისინი, როგორც კი საბაბი მიეცემათ, არ უტევენ ერთმანეთს ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „შენ ყოველთვის იგვიანებ“ ან „შენ არასდროს მისმენ“. ქმარიც და ცოლიც იზიარებენ ბიბლიაში ჩაწერილს: „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ღმერთი ‘მზად არის პატიებისთვის’, რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით ადამიანებზე (ფსალმუნი 86:5). მოუგვარებელი უთანხმოებებით დაგროვილი წყენის გამო, ადამიანს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს პატიება. ამ დროს ქმარმა და ცოლმა შეიძლება ერთმანეთს თავიანთი გრძნობები არ გაუმხილონ და ერთმანეთის მიმართ გულგრილები გახდნენ. ორივეს შეიძლება ისეთი გრძნობა დაეუფლოს, რომ უსიყვარულო ქორწინების მახეში გაება.

      სცადეთ. დაათვალიერეთ შეყვარებულობის პერიოდისა თუ ქორწილის სურათები. გააღვიძეთ თქვენში ის თბილი გრძნობები, რომლებიც ურთიერთობის დაძაბვამდე გქონდათ. გაიხსენეთ, მეუღლის რომელმა თვისებებმა მიიპყრო თავის დროზე თქვენი ყურადღება.

      ◼ დღეს რა გხიბლავთ ყველაზე მეტად მეუღლეში?

      ◼ დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს თქვენს შვილებზე, თუ მიმტევებელი იქნებით.

      მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ უთანხმოების დროს ძველი წყენა არ გაუხსენოთ მეუღლეს.

      შეაქეთ მეუღლე იმ თვისებებისთვის, რომლებიც მასში გხიბლავთ (იგავები 31:28, 29).

      რა შემთხვევებში შეგიძლიათ შვილებს დაანახვოთ, რომ მიმტევებელი ხართ?

      ესაუბრეთ შვილებს მიმტევებლობაზე და აუხსენით, როგორ ეხმარება ამ თვისების გამოვლენა ოჯახის თითოეულ წევრს.

      [სურათი 8 გვერდზე]

      პატიება ჰგავს გაუქმებულ ვალს, რომელიც უკან არ უნდა მოითხოვოთ

  • გასაღები 7 მტკიცე საძირკველი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ოქტომბერი
    • გასაღები 7 მტკიცე საძირკველი

      რას ნიშნავს? ნებისმიერ ნაგებობას მყარი საფუძველი სჭირდება, ათწლეულების მანძილზე რომ იდგეს. იმავეს თქმა შეგვიძლია ოჯახზეც. ოჯახი ბედნიერი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მისი წევრები სანდო რჩევებით იხელმძღვანელებენ.

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ოჯახურ ცხოვრებაზე რჩევები მრავლადაა წიგნებში, ჟურნალებსა თუ სატალევიზიო გადაცემებში. ზოგი კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში წყვილს ერთად დარჩენას ურჩევს, ზოგი კი განქორწინებისკენ მოუწოდებს. ხშირად ამ საკითხზე ექსპერტების თვალსაზრისიც იცვლება. მაგალითად, 1994 წელს ერთი ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც მოზარდთა პრობლემებს სწავლობს, წერდა, თუ რას ფიქრობდა თავისი კარიერის დასაწყისში. მისი აზრით „ის ბავშვები, რომლებსაც მარტოხელა მშობლები ზრდიდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომელთა მშობლებსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ვფიქრობდი, რომ უვარგის მეუღლესთან ცხოვრებას გაყრა ჯობდა“. ოცწლიანი გამოცდილების შემდეგ მას თვალსაზრისი შეეცვალა. „გაყრა დიდი დარტყმაა ბევრი ბავშვისთვის“, — ამბობს ის.

      შეხედულებები იცვლება. მაგრამ საუკეთესო რჩევა მხოლოდ ბიბლიურ პრინციპებს ეფუძნება. მე-3—8 გვერდებზე მოცემული სტატიათა სერიის კითხვისას, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ ყოველი სათაურის გასწვრივ მოცემულია ბიბლიური პრინციპი, რომელიც ბევრ ოჯახს დაეხმარა. ცხადია, პრობლემები მათაც ექმნებათ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით ეს ოჯახები უფრო მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ბიბლიის სანდოობაში, რადგან მისი ავტორი ოჯახის დამფუძნებელი, იეჰოვა ღმერთია (2 ტიმოთე 3:16, 17).

      სცადეთ. ჩამოწერეთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც მოცემულია მე-3—8 გვერდებზე სათაურების გასწვრივ. დაამატეთ ნებისმიერი სხვა ბიბლიური მუხლი, რომელიც პირადად თქვენ დაგეხმარათ. ხელთ გქონდეთ ამ მუხლების სია და ხშირად გადახედეთ.

      მიზნად დაისახეთ. გამოიყენეთ ბიბლიური პრინციპები თქვენს ოჯახში.

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      მტკიცე საძირკვლის წყალობით თქვენი ოჯახი ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება