-
ქრისტიანო ოჯახებო, იფხიზლეთ!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
-
-
ქრისტიანო ოჯახებო, იფხიზლეთ!
„გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6).
1, 2. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახმა სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს?
მოციქული პავლე „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ შესახებ ლაპარაკობდა, როცა თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმებო, სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს, რადგან თქვენ სინათლის ძეები და დღის ძეები ხართ. ჩვენ არც ღამეს ვეკუთვნით და არც სიბნელეს“. შემდეგ მან დასძინა: „მაშ, ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (იოელ. 2:31; 1 თეს. 5:4—6).
2 თესალონიკელებისთვის მიცემული პავლეს რჩევა განსაკუთრებით ეხება ამ უკანასკნელ დღეებში მცხოვრებ ქრისტიანებს (დან. 12:4). რაც უფრო ახლოვდება ბოროტი სისტემის აღსასრული, სატანა მით უფრო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ჩამოაშოროს ღმერთს. ამიტომ გონივრულია, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს დარიგება და შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე. ქრისტიანმა ოჯახებმა სიფხიზლე რომ შეინარჩუნონ, მნიშვნელოვანია ოჯახის თითოეულმა წევრმა ღვთის მიერ მისთვის დაკისრებული როლი შეასრულოს. რა უნდა გააკეთონ ქმარმა, ცოლმა და შვილებმა, რათა ხელი შეუწყონ ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
ქმრებო, მიჰბაძეთ „კარგ მწყემსს“
3. პირველი ტიმოთეს 5:8-ის თანახმად, რა შედის კაცის, როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობაში?
3 „ქალის თავი კაცია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორ. 11:3). რა შედის კაცის, როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობაში? ბიბლიაში კაცის ერთ-ერთი ვალდებულების შესახებ ნათქვამია: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმ. 5:8). ცხადია, მამაკაცმა ოჯახი მატერიალურად უნდა უზრუნველყოს. მაგრამ, თუ მას უნდა, რომ ოჯახმა სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს, მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა არ კმარა. მან ოჯახი სულიერად უნდა აღაშენოს და თითოეულ წევრს ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაეხმაროს (იგავ. 24:3, 4). როგორ შეუძლია ოჯახის თავს ამის გაკეთება?
4. რა დაეხმარება მამაკაცს, რომ სულიერად აღაშენოს ოჯახი?
4 ვინაიდან „ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“, დაქორწინებულმა მამაკაცმა უნდა გამოიკვლიოს, როგორ უწევს ხელმძღვანელობას ქრისტე კრებას და შემდეგ მიჰბაძოს მას (ეფეს. 5:23). ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს იესო ურთიერთობას, რომელიც თავის მიმდევრებთან ჰქონდა (წაიკითხეთ იოანეს 10:14, 15 ). რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მამაკაცმა სულიერად აღაშენოს თავისი ოჯახი? მან უნდა ისწავლოს, რას ამბობდა და რას აკეთებდა იესო, „კარგი მწყემსი“, და „ერთგულად მიჰყვეს მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).
5. როგორ იცნობს თავის კრებას კარგი მწყემსი?
5 მწყემსსა და მის ცხვარს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ცოდნასა და ნდობაზე. მწყემსმა ყველაფერი იცის თავისი ცხვრის შესახებ. თავის მხრივ, ცხვარიც იცნობს და ენდობა მწყემსს. ის ცნობს მწყემსის ხმას და ემორჩილება მას. იესომ თქვა: „მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე“. იესო თავის კრებას მხოლოდ ზედაპირულად არ იცნობდა. ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ ითარგმნა, როგორც „ვიცნობ“, გამოიყენება მაშინ, როდესაც პირადად და კარგად იცნობენ ვინმეს. დიახ, კარგი მწყემსი თავის თითოეულ ცხვარს იცნობს. მან იცის თითოეულის მოთხოვნილებები, მათი სუსტი თუ ძლიერი მხარეები. ჩვენს სამაგალითო მწყემსს მხედველობიდან არაფერი რჩება თავისი ცხვრის შესახებ. ცხვარიც კარგად იცნობს თავის მწყემსს და ენდობა მის ხელმძღვანელობას.
6. როგორ შეუძლია ქმარს მიჰბაძოს კარგ მწყემსს?
6 კაცმა ოჯახისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას ქრისტეს რომ მიჰბაძოს, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, როგორც მწყემსზე და ოჯახის წევრებზე, როგორც — ცხვრებზე. ის უნდა ცდილობდეს, კარგად გაიცნოს თავისი ოჯახის წევრები. შეუძლია ქმარს რეალურად ამის გაკეთება? დიახ, თუ კარგი ურთიერთობა ექნება ოჯახის თითოეულ წევრთან, ყურადღებით მოისმენს მათ საწუხარს, წაუძღვება ოჯახის საქმეებს და კეთილსინდისიერად მოეკიდება გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ოჯახთან ერთად თაყვანისცემას, კრების შეხვედრებზე დასწრებას, სამქადაგებლო საქმიანობას, დასვენებასა და გართობას. თუ ქრისტიანი ქმარი გულმოდგინედ სწავლობს ღვთის სიტყვას და კარგად იცნობს თავისი ოჯახის წევრებს, მეტია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრები ნდობით მოეკიდებიან მის ხელმძღვანელობას; ქმარი კი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ოჯახის ერთიანობით გაიხარებს.
7, 8. როგორ შეუძლია ქმარს ოჯახის წევრებისადმი სიყვარული გამოავლინოს და ამგვარად მიჰბაძოს კარგ მწყემსს?
7 კარგ მწყემსს აგრეთვე უყვარს თავისი ცხვარი. სახარებების კითხვა და იესოს ცხოვრებისა და მსახურების გამოკვლევა, აღგვძრავს, დავაფასოთ იესოს მიერ თავისი მოწაფეებისადმი გამოვლენილი სიყვარული. მან სულიც კი გასწირა თავისი ცხვრისთვის. ქმრებმა უნდა მიჰბაძონ იესოს და თავიანთი ოჯახის წევრებისადმი ასეთი სიყვარული გამოავლინონ. ღვთისმოშიში ქმარი უხეშად კი არ ბატონობს ცოლზე, არამედ ისე უყვარს მეუღლე, როგორც „ქრისტემ შეიყვარა კრება“ (ეფეს. 5:25). მისი სიტყვებიდან უნდა ჩანდეს, რომ ითვალისწინებს ცოლის გრძნობებს, და მას თბილად უნდა მიმართავდეს, რადგან ის იმსახურებს პატივისცემას (1 პეტ. 3:7).
8 ოჯახის თავმა შვილების აღზრდისას ღვთისმოსაწონი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. ამავე დროს, შვილებისადმი სიყვარული უნდა გამოავლინოს. მშობელმა შვილისადმი სიყვარული მაშინაც უნდა გამოავლინოს, როდესაც აღმზრდელობით ზომებს მიმართავს. ზოგ ბავშვს მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ მიხვდეს, თუ რას ითხოვს მშობელი მისგან. ასეთ შემთხვევაში მამას დიდი მოთმინება სჭირდება. თუ მამაკაცი ყოველთვის იესოს ჰბაძავს, ოჯახის წევრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ოჯახში ისეთი სულიერი სიმშვიდე დაისადგურებს, როგორზეც ფსალმუნმომღერალი მღეროდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 23:1—6 ).
9. ნოეს მსგავსად, რა ვალდებულება აკისრიათ ქრისტიან ქმრებს, და რა დაეხმარებათ ამ ვალდებულების შესრულებაში?
9 ქრისტიან ქმრებს კარგ მაგალითს აძლევს ნოეც. ის მაშინდელი ქვეყნიერების აღსასრულის დროს ცხოვრობდა. იეჰოვამ ნოე და „კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტ. 2:5). ნოე, როგორც ოჯახის თავი, ვალდებული იყო, ეზრუნა ოჯახის გადარჩენაზე. მსგავს მდგომარეობაში არიან ამ ბოლო დღეებში მცხოვრები ქრისტიანი ქმრებიც (მათ. 24:37). ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ქმრებმა შეისწავლონ კარგი მწყემსის მაგალითი და მიჰბაძონ მას!
ცოლებო, აღაშენეთ თქვენი სახლი
10. რას ნიშნავს ცოლისთვის, დაემორჩილოს ქმარს?
10 „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს“, — წერდა მოციქული პავლე (ეფეს. 5:22). ეს სიტყვები არანაირად არ მიუთითებს ცოლების დამცირებულ მდგომარეობაზე. პირველი ქალის, ევას, შექმნამდე ჭეშმარიტმა ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბ. 2:18). „დამხმარისა“ და „შემავსებლის“, ანუ ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულებაში ქმრის მხარდამჭერის, როლი ნამდვილად საპატიოა.
11. როგორ აღაშენებს თავის სახლს სამაგალითო ცოლი?
11 სამაგალითო ცოლი ოჯახის კეთილდღეობისთვის იღვწის (წაიკითხეთ იგავების 14:1 ). უგუნური ქალისგან განსხვავებით, რომელიც პატივისცემით არ ეკიდება მეთაურობის პრინციპს, გონიერი ქალი ოჯახის თავისადმი დიდ პატივისცემას ავლენს. ის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებლობის სულს კი არ ავლენს, არამედ ქმარს ემორჩილება (ეფეს. 2:2). უგუნური ცოლი მეუღლეზე სხვებთან უარყოფითად ლაპარაკობს, მაშინ როცა გონიერი ქალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებსა თუ სხვებს მისი ქმრისადმი მეტი პატივისცემა ჰქონდეთ. ასეთი ცოლი ქმრისადმი, როგორც ოჯახის თავისადმი, უპატივცემულობას არ გამოავლენს და გულს არ გაუწყალებს რაღაცის თხოვნით ან კამათს არ დაუწყებს მას. ცოლი, აგრეთვე, უნდა იყოს მომჭირნე. უგუნური ქალი ფანტავს მძიმე შრომით მოპოვებულ ფულს, მაგრამ გონიერი ასე არ იქცევა. ის ფინანსურ საკითხებში ქმართან თანამშრომლობს; ფულის ხარჯვისას გონიერებას ავლენს და ყაირათიანია. ის არ აიძულებს ქმარს სამუშაო საათების შემდეგაც იმუშაოს.
12. რის გაკეთება შეუძლია ცოლს, რომ ოჯახში სიფხიზლის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი?
12 სამაგალითო ცოლი ქმარს ეხმარება, შვილებს ბიბლიური პრინციპები ასწავლოს, რითაც ოჯახში სიფხიზლის შენარჩუნებას უწყობს ხელს (იგავ. 1:8). ის აქტიურად უჭერს მხარს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის პროგრამას. ასეთი ცოლი მაშინაც ეხმარება ქმარს, როცა ქმარი შვილებს რჩევას აძლევს ან სჯის. ის ნამდვილად განსხვავდება უგუნური ცოლისგან, რომლის შვილებიც ფიზიკურ თუ სულიერ მზრუნველობას არიან მოკლებულნი.
13. რატომ არის მნიშვნელოვანი, ცოლმა მხარი დაუჭიროს ქმარს, როცა ის აქტიურ მონაწილეობას იღებს თეოკრატიულ საქმეებში?
13 რას გრძნობს ქალი, რომელიც მხარში უდგას ქმარს, როდესაც ის კრების საქმეებში აქტიურ მონაწილეობას იღებს? მას ახარებს თავისი მეუღლის წარმატებები იქნება ის მომსახურე, უხუცესი, საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის თუ რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის წევრი. სიტყვითა თუ საქმით ქმრისთვის აქტიური მხარდაჭერა ცოლის მხრიდან მსხვერპლის გაღებას ნიშნავს, მაგრამ მას ესმის, რომ თეოკრატიულ საქმეებში ქმრის მონაწილეობა, ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.
14. ა) რა შეიძლება გაუჭირდეს ცოლს და როგორ შეუძლია ამ სირთულის დაძლევა? ბ) როგორ უწყობს ცოლი ხელს მთელი ოჯახის კეთილდღეობას?
14 ცოლისთვის რთულია იყოს სამაგალითო, როდესაც მხარი უნდა დაუჭიროს ქმრის ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად არ ეთანხმება. ამ შემთხვევაშიც კი ის „სიმშვიდესა და რბილ ხასიათს“ ავლენს და მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში ეხმარება ქმარს (1 პეტ. 3:4). კარგი ცოლი ცდილობს მიბაძოს ისეთ ღვთისმოშიშ ქალებს, როგორიცაა სარა, რუთი, აბიგაილი და იესოს დედა, მარიამი (1 პეტ. 3:5, 6). ის ჰბაძავს თანამედროვე ხანში შესულ ღვთისმოშიშ ქალებსაც (ტიტ. 2:3, 4). ქმრისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენით სამაგალითო ცოლი ხელს უწყობს კარგ ცოლ-ქმრულ ურთიერთობასა და მთელი ოჯახის კეთილდღეობას. მის სახლში მშვიდობა და მყუდროება სუფევს. ასეთი დამხმარე ფასდაუდებელი საჩუქარია მამაკაცისთვის, რომელსაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა და გულმოდგინედ ემსახურება მას! (იგავ. 18:22).
ახალგაზრდებო, უყურეთ უხილავს
15. როგორ შეუძლიათ შვილებს, მხარში ამოუდგნენ მშობლებს და ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაეხმარონ?
15 ოჯახმა რომ სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს, საჭიროა შვილებიც მხარში ამოუდგნენ მშობლებს. ახალგაზრდებო, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? იფიქრეთ ჯილდოზე, რომელსაც იეჰოვა გპირდებათ. შეიძლება მშობლები პატარაობისას გიჩვენებდნენ სამოთხის სურათებს. ცოტა რომ წამოიზარდეთ, ალბათ, ისინი ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს იყენებდნენ, რათა წარმოგედგინათ, როგორი იქნება მარადიული ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში. ახალგაზრდებო, სულიერ სიფხიზლეს შეინარჩუნებთ, თუ გულისყური იეჰოვას მსახურებისკენ გექნებათ მიპყრობილი და ცხოვრებასაც შესაბამისად დაგეგმავთ.
16, 17. რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რომ ცხოვრების სარბიელი წარმატებით გაირბინონ?
16 სერიოზულად მოეკიდეთ მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომლებიც 1 კორინთელების 9:24-შია ჩაწერილი (წაიკითხეთ). ცხოვრების გზაზე რბოლისას მთელი ძალით ისწრაფეთ გამარჯვებისკენ. აირჩიეთ კურსი, რომელიც ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ. ბევრი მატერიალიზმმა იმდენად გაიტაცა, რომ მხედველობიდან გამორჩა მომავალი ჯილდო. ეს მართლაც დიდი უგუნურებაა! სიმდიდრის მოხვეჭას არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. ის, რის ყიდვაც ფულით შეიძლება, დროებითია. თქვენ კი უყურეთ უხილავს, რადგან „უხილავი — მარადიულია“ (2 კორ. 4:18).
17 „უხილავში“ შედის ღვთის სამეფოს კურთხევები. ამიტომ იცხოვრეთ ისე, რომ მიიღოთ კურთხევები. ნამდვილი ბედნიერება იეჰოვასადმი მსახურებას მოაქვს. ჭეშმარიტი ღვთის მსახურებაში შეგიძლიათ დაისახოთ მიზნები, რომელთაგან ზოგს შედარებით ადრე მიაღწევთ, ზოგს კი — მოგვიანებით.a რეალური სულიერი მიზნების დასახვა დაგეხმარებათ, ყურადღება ღვთის მსახურებაზე გქონდეთ გადატანილი და ყოველთვის გახსოვდეთ ჯილდო — მარადიული სიცოცხლე (1 იოან. 2:17).
18, 19. როგორ შეუძლია ახალგაზრდას განსაზღვროს, აქვს თუ არა ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
18 ახალგაზრდებო, მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იეჰოვასთან პირადი, ახლო ურთიერთობის განვითარებაა. უკვე გადადგით ეს ნაბიჯი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად სულიერი ადამიანი ვარ, თუ იეჰოვას მშობლების ხათრით ვემსახურები? ვავითარებ ღვთისმოსაწონ თვისებებს? ვცდილობ ყოველთვის მივიღო მონაწილეობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საქმეებში, როგორიცაა ლოცვა, შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება თუ ქადაგება? ვავითარებ ღმერთთან პირად, ახლო ურთიერთობას და ამგვარად ვუახლოვდები მას?“ (იაკ. 4:8).
19 დაფიქრდით მოსეს მაგალითზე. ეგვიპტური კულტურის გავლენის მიუხედავად, მოსემ უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო და იეჰოვას თაყვანისმცემლად ყოფნა არჩია (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27 ). ქრისტიანო ახალგაზრდებო, თქვენც ასეთივე სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ და იეჰოვას ერთგულად ემსახუროთ. ამგვარად, მიაღწევთ ნამდვილ ბედნიერებას, საუკეთესოდ იცხოვრებთ დღეს და მომავლისთვის „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ იმედი გექნებათ (1 ტიმ. 6:19).
20. ვინ მიიღებს ჯილდოს სიცოცხლისთვის რბოლაში?
20 ძველ დროში რბოლაში გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო. სიცოცხლისთვის რბოლაში კი ეს ასე არ არის. ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ბევრმა ეს სარბიელი უკვე განვლო, ბევრი კი ახლა, თქვენთან ერთად გარბის (ებრ. 12:1, 2). ჯილდოს კი მიიღებს ყველა, ვინც ფარ-ხმალს არ დაყრის. ასე რომ, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი გამარჯვება.
21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“ გარდაუვალია (მალ. 4:5). ქრისტიან ოჯახებს ეს დღე მოულოდნელად არ უნდა დაატყდეთ თავს. მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი ბიბლიური ვალდებულება შეასრულოს. კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად და ღმერთთან ურთიერთობის განსამტკიცებლად? მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სამი ფაქტორი, რომლებიც მთელი ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას.
[სქოლიო]
-
-
ქრისტიანო ოჯახებო, „მზად იყავით“!საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
-
-
ქრისტიანო ოჯახებო, „მზად იყავით“!
„მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკ. 12:40).
1, 2. რატომ უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს იესოს დარიგება, „მზად იყავით“?
რა სიტუაციაში აღმოჩნდებით თქვენ და თქვენი ოჯახი, „როცა მოვა კაცის ძე . . . თავისი დიდებით“ და „გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან“? (მათ. 25:31, 32). რადგან კაცის ძე მაშინ მოვა, როცა ამას ნაკლებად მოველით, ძალიან მნიშვნელოვანია გულთან ახლოს მივიტანოთ იესოს მითითება: „მზად იყავით“ (ლუკ. 12:40).
2 წინა სტატიაში განხილული იყო, რომ ოჯახის თითოეული წევრი სერიოზულად უნდა მოეკიდოს თავის ვალდებულებას და ამგვარად ხელი შეუწყოს მთელი ოჯახის სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებას. ახლა კი განვიხილავთ სხვა საშუალებებს, რომლებიც ოჯახების სულიერ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
შეინარჩუნეთ თვალი „სუფთად“
3, 4. ა) რას არ უნდა მისცენ ქრისტიანებმა საშუალება, ხელი შეუშალოს იეჰოვას თაყვანისცემაში? ბ) რას ნიშნავს, გვქონდეს „სუფთა თვალი“?
3 ოჯახები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან არ გადაუხვიონ და ქრისტეს მოსვლისთვის მზად იყვნენ. მათ უნდა იფხიზლონ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანმა საქმეებმა იეჰოვას თაყვანისცემაში ხელი არ შეუშალოს. მატერიალიზმის მახეში მრავალი ოჯახი გაება. ამიტომ განვიხილოთ, რა თქვა იესომ „სუფთა“ თვალის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 6:22, 23 ). როგორც ლამპარი გვინათებს გზას და დაუბრკოლებლად სიარულის საშუალებას გვაძლევს, ისე ფიგურალური „გულის თვალებით“ აღქმულმაც შეიძლება გაგვანათლოს და დაგვეხმაროს, რომ დაუბრკოლებლად ვიაროთ (ეფეს. 1:18).
4 ფიზიკური თვალი კარგად რომ ხედავდეს, ის ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს და ფოკუსირება შეეძლოს. იმავეს თქმა შეიძლება „გულის თვალებზეც“. გვქონდეს ფიგურალური „სუფთა თვალი“ ნიშნავს, რომ კონკრეტული მიზნისკენ ვისწრაფოდეთ. ნაცვლად იმისა, რომ მატერიალური პირველ ადგილზე დავაყენოთ და ოჯახის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ვიზრუნოთ, საჭიროა თვალი სულიერზე გვქონდეს ფოკუსირებული (მათ. 6:33). ეს იმას ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდეთ აუცილებლით და ღვთის მსახურება პირველ ადგილზე დავაყენოთ (ებრ. 13:5).
5. როგორ ცხადყო ერთმა მოზარდმა გოგონამ, რომ მისი „თვალი“ ღვთის მსახურებაზე იყო ფოკუსირებული?
5 კარგია, როდესაც მშობლები შვილებს თვალის სუფთად შენარჩუნებას ასწავლიან. განვიხილოთ ერთი ეთიოპი მოზარდი გოგონას მაგალითი. ის სკოლაში ისე კარგად სწავლობდა, რომ უმაღლესი განათლების ანაზღაურება შესთავაზეს. მაგრამ მას თვალი იეჰოვას მსახურებაზე ჰქონდა ფოკუსირებული, რის გამოც შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ მალევე შესთავაზეს სამუშაო, სადაც ხელფასი თვეში 3 000 ევრო ექნებოდა, რაც მისი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო იყო. მაგრამ გოგონას „თვალი“ პიონერულ მსახურებაზე იყო ფოკუსირებული. ამ საკითხში მას მშობლების რჩევა არ დასჭირვებია. როგორი იყო ქალიშვილის არჩევანზე მშობლების რეაქცია? მათ გაუხარდათ, და შვილს უთხრეს, რომ ამაყობდნენ მისით!
6, 7. რა საშიშროებისგან უნდა დავიცვათ თავი?
6 მათეს 6:22, 23-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებში ჩადებულია გაფრთხილება სიხარბის შესახებ. იესო აქ „სუფთა“ თვალს „უსუფთაო“ თვალთან კი არ აპირისპირებს, არამედ „ბოროტ“ თვალთან. „ბოროტი თვალი“ არის ცუდი და შურიანი, ანუ ხარბი და გაუმაძღარი (მათ. 6:23). როგორ უყურებს იეჰოვა სიხარბეს? „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეფეს. 5:3).
7 სიხარბეს ადვილად ვხედავთ სხვებში, მაგრამ საკუთარ თავში მისი შემჩნევა რთულია. ამიტომ გონივრულია ყურად ვიღოთ იესოს რჩევა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). ამგვარად მოქმედებისთვის საჭიროა, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, რა ხდება ჩვენს გულში. ქრისტიანი ოჯახები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენ დროსა და თანხას ახმარენ გართობას, დასვენებასა და მატერიალური ნივთების შეძენას.
8. როგორ შეგიძლიათ იფხიზლოთ, როცა რაღაცის შეძენას აპირებთ?
8 იყიდით თუ არა ნივთს, მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გაქვთ თუ არა საყიდლად საჭირო თანხა. მხედველობაში უნდა მიიღოთ ისეთი ფაქტორები როგორიცაა: მექნება იმის დრო, რომ ეს ნივთი რეგულარულად გამოვიყენო და სათანადოდ მოვუარო მას? რამდენი ხანი დამჭირდება იმისათვის, რომ მისი გამოყენება ვისწავლო? ახალგაზრდებო, ნუ დაუჯერებთ რეკლამებს, რომლებიც ამა თუ იმ ფირმის ტანსაცმელსა თუ ნივთებს მეტისმეტად მიმზიდველად წარმოაჩენენ და ამგვარად ხელოვნურად ზრდიან ფასებს. გამოავლინეთ თავშეკავება. იმაზეც იფიქრეთ, როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ ნივთის შეძენა თქვენი ოჯახის მზადყოფნაზე „კაცის ძის“ მოსვლის დღისთვის. გჯეროდეთ იეჰოვას დანაპირების: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5).
ისწრაფეთ სულიერი მიზნებისკენ
9. რაში ეხმარება ქრისტიან ოჯახს ის, რომ სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის?
9 კიდევ რით შეუძლიათ ოჯახის წევრებს საკუთარი რწმენის განმტკიცება და ოჯახის სულიერ კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა? იმით, რომ დაისახონ სულიერი მიზნები და შემდეგ ისწრაფონ ამ მიზნებისკენ. ამგვარად მოქმედება მათ დაეხმარება, განსაზღვრონ, რამდენად კარგად ემსახურებიან იეჰოვას და რა უფრო მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში (წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 ).
10, 11. რომელი სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის თქვენი ოჯახი და რა მიზნებს დაისახავდით?
10 კარგია პატარა რეალური მიზნების დასახვაც, რომელთა მიღწევა ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია. მაგალითად, ყოველდღიური მუხლის რეგულარული განხილვა. ოჯახის თავს შეუძლია ყოველდღიურ მუხლზე ოჯახის წევრების კომენტარებით განსაზღვროს მათი სულიერი მდგომარეობა. თუ ოჯახი ბიბლიას რეგულარულად კითხულობს ერთად, ეს ბავშვებს დაეხმარება, დაიხვეწონ კითხვაში და უკეთ ჩასწვდნენ წაკითხულს (ფსალმ. 1:1, 2). საჭიროა მიზნად დავისახოთ ლოცვების გაუმჯობესება. შესანიშნავი მიზანია სულის ნაყოფის უფრო მეტად განვითარებაც (გალ. 5:22, 23). კარგია, როდესაც ვცდილობთ, თანავუგრძნოთ მათ, ვისაც ვუქადაგებთ. თუ ამას მთელი ოჯახი ვაკეთებთ, მაშინ ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ თანაგრძნობა, და უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ბავშვებს პიონერად ან მისიონერად მსახურების სურვილი გაუჩნდეთ.
11 დაფიქრდით მიზნებზე, რომელთა მიღწევაც რეალურია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. შეუძლია თქვენს ოჯახს მეტი დრო დაუთმოს ქადაგებას? შეგიძლიათ იმუშაოთ შიშის დაძლევაზე, როდესაც საქმე კარდაკარ, ტელეფონით, ქუჩაში ან საქმიან ტერიტორიაზე ქადაგებას ეხება? რას იტყოდით იქ მსახურებაზე, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? შეუძლია ოჯახის რომელიმე წევრს, ისწავლოს უცხო ენა, რათა სასიხარულო ცნობა სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს გაუზიაროს?
12. რის გაკეთება შეუძლია ოჯახის თავს, რომ ხელი შეუწყოს ოჯახის სულიერ წინსვლას?
12 როგორც ოჯახის თავმა, განსაზღვრეთ, სულიერად რაში შეუძლია თქვენს ოჯახს დახვეწა. შემდეგ დაისახეთ კონკრეტული მიზნები და ეცადეთ, განახორციელოთ ისინი. ეს მიზნები უნდა იყოს რეალური, რომელთა მიღწევის საშუალებასაც მდგომარეობა და უნარი გაძლევთ (იგავ. 13:12). რა თქმა უნდა, ღირებული მიზნის მიღწევას დრო სჭირდება. ამიტომ ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს და ამგვარად გამოსყიდული დრო სულიერი მიზნების მიღწევას მოახმარეთ (ეფეს. 5:15, 16). ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ იმისათვის, რომ თქვენმა ოჯახმა დასახული მიზნები განახორციელოს (გალ. 6:9). ოჯახი, რომელიც სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის, თავის წარმატებას „ყველასთვის ცხადს“ გახდის (1 ტიმ. 4:15).
რეგულარულად ჩაატარეთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო
13. რა ცვლილება მოხდა კრების შეხვედრების გეგმაში და რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?
13 ორიათას ცხრა წლის 1 იანვარს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რაც ოჯახებს საშუალებას აძლევს, მზად იყვნენ კაცის ძის მოსვლისთვის. შეხვედრა, რომელიც კვირის ერთ-ერთ დღეს ცალკე წიგნის შესწავლის სახით ტარდებოდა, შეუერთდა თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრას. ამან ქრისტიან ოჯახებს საშუალება მისცა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის კვირაში ერთი საღამო გამოეყოთ, და ამგვარად თავიანთი სულიერობა განემტკიცებინათ. ახლა, მას შემდეგ, რაც გარკვეული დრო გავიდა, საკუთარ თავს შეგვიძლია ვკითხოთ: ვიყენებ ამ დროს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთვის ან პირადი შესწავლისთვის? ჩემს შემთხვევაში, აღწევს ეს ღონისძიება თავის მიზანს?
14. ა) რა არის ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარებისა და პირადი შესწავლის მთავარი მიზანი? ბ) რატომ არის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფა მნიშვნელოვანი?
14 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარების ან პირადი შესწავლის მთავარი მიზანი ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებაა (იაკ. 4:8). ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ჩვენი შემოქმედის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ღმერთთან ურთიერთობას განგვიმტკიცებს. რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო ვიქნებით აღძრული, გვიყვარდეს ის „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). სიამოვნებით დავემორჩილებით ღმერთს და მივბაძავთ მას (ეფეს. 5:1). ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ მოლოდინში ოჯახის თითოეული წევრი სულიერად „მზად იყოს“ (მათ. 24:21). ეს მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.
15. რა გავლენას ახდენს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?
15 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის კიდევ ერთი მიზანი, ოჯახის წევრების ერთმანეთთან უფრო დაახლოებაა. ყოველკვირა სულიერი თემების ერთად განხილვა დიდ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე. ცოლ-ქმარს უფრო აახლოებს ერთმანეთთან, როდესაც ბიბლიის საგანძურში ერთად პოულობენ სულიერ მარგალიტებს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12 ). მშობლებსა და შვილებს კი უძლიერდებათ სიყვარული, რაც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14).
16. მოყევით, რა სარგებლობა მოუტანა ბიბლიის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფამ სამ სულიერ დას.
16 ვნახოთ, რა სარგებლობა მოუტანა სამ სულიერ დას ბიბლიის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფამ. ეს დები ქვრივები იყვნენ, ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან წლების მეგობრობა აკავშირებდათ. მათ სიამოვნებდათ ერთად ყოფნა და ამავე დროს, უნდოდათ, რომ ერთად ყოფნისას სულიერადაც გამდიდრებულიყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, კვირაში ერთ საღამოს შეკრებილიყვნენ და ბიბლია ესწავლათ. ამ მიზნით მათ დაიწყეს წიგნის „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“ შესწავლა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „იმდენად გვსიამოვნებს შესწავლა, რომ, ჩვეულებრივ, მას ერთ საათზე მეტს ვანდომებთ. ვცდილობთ, წარმოვიდგინოთ, რა სიტუაციაში იყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმები და ვმსჯელობთ, იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში. შემდეგ ნასწავლს მსახურებაში ვიყენებთ. შედეგად, სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახდა“. შესწავლა მათ არა მარტო სულიერად გაძლიერებაში დაეხმარა, არამედ კარგი მეგობრები ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ თაყვანისცემის ამ საღამოს“, — ამბობენ ისინი.
17. რა ფაქტორები უწყობს ხელს ოჯახური თაყვანისცემის საღამოს წარმატებას?
17 რა შეიძლება ითქვას თქვენზე? რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ოჯახური თაყვანისცემისთვის თუ პირადი შესწავლისთვის დროის გამოყოფას? თუ შესწავლა არარეგულარულად გექნებათ, ის სასურველ შედეგებს ვერ მოგიტანთ. ოჯახის თითოეული წევრი დანიშნულ დროს მზად უნდა იყოს შესწავლისთვის. უმნიშვნელო საქმეებმა ხელი არ უნდა შეგიშალოთ. გარდა ამისა, შესასწავლად შერჩეული მასალა პრაქტიკული უნდა იყოს თქვენი ოჯახისთვის. რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ შესწავლა სასიამოვნო გახდეს? სასწავლებლად გამოიყენეთ ეფექტური მეთოდები. შესწავლისას გამოავლინეთ ერთმანეთისადმი პატივისცემა და შეინარჩუნეთ მშვიდი ატმოსფერო (იაკ. 3:18).a
იფხიზლეთ და „იყავით მზად“!
18, 19. როგორ უნდა იმოქმედოს პირადად თქვენზე და თქვენს ოჯახზე იმის ცოდნამ, რომ კაცის ძე მოვა?
18 მსოფლიო მდგომარეობის გაუარესება იმაზე მეტყველებს, რომ 1914 წლიდან სატანის ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებია. არმაგედონის მომასწავებელი ღრუბლები გვიახლოვდება. მალე დადგება დრო, როცა კაცის ძე უღვთო ქვეყნიერებისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს (ფსალმ. 37:10; იგავ. 2:21, 22). განა ამის ცოდნამ არ უნდა იმოქმედოს პირადად თქვენზე და თქვენს ოჯახზე?
19 ითვალისწინებთ იესოს რჩევას თვალის სუფთად შენარჩუნებასთან დაკავშირებით? დღეს, როცა ეს ქვეყნიერება სიმდიდრის, სახელისა თუ ძალაუფლების მოხვეჭისკენ ილტვის, ისწრაფვის თქვენი ოჯახი სულიერი მიზნებისკენ? გაქვთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო თუ პირადი შესწავლა? თქვენს შემთხვევაში, აღწევს ეს ღონისძიება თავის მიზანს? წინა სტატიის შესაბამისად, ასრულებთ თუ არა თქვენს ბიბლიურ ვალდებულებას როგორც ქმარი, ცოლი ან შვილი, და ამგვარად ხელს უწყობთ თუ არა ოჯახს სიფხიზლის შენარჩუნებაში? (1 თეს. 5:6). თუ დიახ, მაშინ მზად იქნებით კაცის ძის მოსვლისთვის.
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რის სწავლა შეიძლება ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე, და როგორ შეიძლება ის პრაქტიკული და სასიამოვნო იყოს, შეგიძლიათ იხილოთ 2009 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31.
-