თავი მერვე
ღვთისმოსაწონი ოჯახური ცხოვრება
რა მდგომარეობა უკავია ოჯახში ქმარს? (1)
როგორ უნდა მოექცეს ქმარი ცოლს? (2)
რა პასუხისმგებლობა აკისრია მამას? (3)
რა როლს ასრულებს ოჯახში ცოლი? (4)
რას მოითხოვს ღმერთი მშობლებისა და შვილებისგან? (5)
როგორია ბიბლიური თვალსაზრისი განცალკევებით ცხოვრებასა და განქორწინებაზე? (6, 7)
1. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ოჯახის თავი ქმარია (1 კორინთელები 11:3). ქმარს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს და ცოლ-ქმარი კანონიერად უნდა იყოს შეუღლებული (1 ტიმოთე 3:2; ტიტე 3:1).
2. ქმარს საკუთარი თავივით უნდა უყვარდეს ცოლი და ისე უნდა ექცეოდეს, როგორც იესო ექცეოდა თავის მიმდევრებს (ეფესოელები 5:25, 28, 29). ის უხეშად არ უნდა მოეპყროს ცოლს, არც ხელი უნდა აღმართოს მასზე. ქმარმა პატივი უნდა სცეს და ყურადღება უნდა მიაქციოს ცოლს (კოლოსელები 3:19; 1 პეტრე 3:7).
3. მამამ უნდა იმუშაოს, რომ ოჯახი არჩინოს და ოჯახის წევრების ჩაცმა-დახურვაზე იზრუნოს. მამამ ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზეც უნდა იზრუნოს (1 ტიმოთე 5:8). ის საკუთარ თავზე იღებს ხელმძღვანელობას, რომ დაეხმაროს ოჯახის წევრებს, მეტი გაიგონ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ (მეორე კანონი 6:4—9; ეფესოელები 6:4).
4. ცოლი ქმრის კარგი დამხმარე უნდა იყოს (დაბადება 2:18). ის ქმარს ბავშვების სწავლებასა და აღზრდაში უნდა დაეხმაროს (იგავები 1:8). იეჰოვა ცოლისგან ოჯახზე სიყვარულით ზრუნვას ითხოვს (იგავები 31:10, 15, 26, 27; ტიტე 2:4, 5). ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფესოელები 5:22, 23, 33).
5. ღმერთი შვილებისგან მშობლებისადმი მორჩილებას მოითხოვს (ეფესოელები 6:1—3). მშობლებისგან კი იმას მოითხოვს, რომ აღზარდონ შვილები და შეაგონონ. მათ საკმარისი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს, ასწავლონ ბიბლია და იზრუნონ მათზე როგორც სულიერად, ისე ემოციურად (მეორე კანონი 11:18, 19; იგავები 22:6, 15). მშობლები შვილებს უხეშად არ უნდა მოეპყრონ, არც სასტიკად უნდა დასაჯონ (კოლოსელები 3:21).
6. თუ ცოლ-ქმარს უთანხმოება აქვს, ბიბლიას უნდა მიმართოს რჩევისთვის. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მოსიყვარულეები და მიმტევებლები ვიყოთ (კოლოსელები 3:12—14). ღვთის სიტყვა არ გვირჩევს, რომ უმნიშვნელო პრობლემის გამო მეუღლისგან განცალკევებით ვიცხოვროთ. ცოლს შეუძლია ქმრისგან განცალკევებით იცხოვროს თუ: 1) ქმარი უარს ამბობს ოჯახის რჩენაზე; 2) ცოლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; 3) ქმრის საშინელი წინააღმდეგობის გამო თაყვანს ვეღარ სცემს იეჰოვას (1 კორინთელები 7:12, 13).
7. მეუღლეები ერთმანეთის ერთგულები უნდა იყვნენ. მრუშობა ღვთისა და მეუღლის წინაშე ჩადენილი ცოდვაა (ებრაელები 13:4). მეუღლის გარდა სხვასთან სქესობრივი კავშირი განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველია (მათე 19:6—9; რომაელები 7:2, 3). იეჰოვას სძულს განქორწინება და ხელახლა დაქორწინება, თუ საამისოდ ბიბლიური საფუძველი არ არსებობს (მალაქია 2:14—16).
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ღმერთი მშობლებისგან მოითხოვს, რომ აღზარდონ შვილები და შეაგონონ.
[სურათი 17 გვერდზე]
მოსიყვარულე მამა არჩენს ოჯახს და სულიერად ზრუნავს მასზე.