საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები?

      რამდენიმე წლის განმავლობაში მახლობლად მდებარე სკოლაში სიარულის შემდეგ ვერნერმაa სწავლა სან-პაულუს (ბრაზილია) სასწავლებელში განაგრძო, სადაც დაახლოებით 3 000 ახალგაზრდა სწავლობდა. თავიდან მან შენიშნა, რომ იქაური მოსწავლეები ნარკოტიკებს ყიდდნენ და იყენებდნენ. რადგან ტანდაბალი იყო, მალე ის უფროსი მოსწავლეების მხრიდან დამცირებისა და სახიფათო გამასხარავების მსხვერპლი გახდა.

      ვერნერის დას, ევასაც, ჰქონდა გარკვეული სირთულეები. რადგან სურდა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეკეთებინა, ის ისე ინტენსიურად მეცადინეობდა, რომ გამოიფიტა და აზროვნება დაერღვა. ვერნერსა და ევას, ისევე როგორც ყველა მოზარდს, ფიზიკური და ემოციური დაცვა სჭირდებოდათ. რა დახმარება სჭირდებათ თქვენს შვილებს? როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ ისინი ცხოვრებისთვის? მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ მომავალს ისურვებდით შვილებისთვის?

      მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა საკმარისი არ არის

      ერთი წუთით დაფიქრდით იმ სირთულეებზე, რომლებსაც დღეს მშობლები შვილების დაცვისას აწყდებიან. ოჯახური ცხოვრების გაუარესებისა და სიღარიბის გამო მრავალ ქვეყანაში იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, იზრდება. მშობლები შვილებზე არ ზრუნავენ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი ექსპლუატაციის ობიექტები ხდებიან. მრავალ ახალგაზრდას ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაც ღუპავს. მაგალითად, როდესაც ბრაზილიაში ვინმე ნარკომანი ხდება, მის ოჯახში სიმშვიდე ფეხს ვეღარ იკიდებს. ემოციური დაძაბულობის გარდა მშობლებს მძიმე შრომაც უწევთ, რათა ჰქონდეთ ფული, როდესაც ულმობელი ნარკოტიკებით მოვაჭრე მოადგება მათ კარს და ნარკოტიკების საფასურის გადახდას მოითხოვს.

      მაგრამ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მრავალი მშობელი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შვილები უზრუნველყოს არა მარტო საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით, არამედ დაიცვას ისინი ძალადობისგან, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და სხვა პრობლემებისგან. ეს კეთილშობილური მიზნებია, მაგრამ საკმარისია? რა შეიძლება ითქვას ემოციურ სფეროზე ზრუნვასა და სულიერი ზიანისგან დაცვაზე? მრავალს ესმის, რომ კარგი მშობელი ის არის, ვინც ზრუნავს ამ სირთულეებზე, რომლებშიც შვილის მიერ მეგობრებისა და გართობის არჩევაც შედის. მაგრამ როგორ შეძლებენ მშობლები, რომ არც ზედმეტად გაუწიონ კონტროლი ყველაფერში შვილებს და არც ძალიან ნებაზე მიუშვან? ამ კითხვებზე პასუხის პოვნის მიზნით, გიწვევთ მომდევნო სტატიის განსახილველად.

  • როგორ მომავალს ისურვებდით შვილებისთვის?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივლისი
    • როგორ მომავალს ისურვებდით შვილებისთვის?

      მიიჩნევთ თუ არა შვილებს ძვირფას მემკვიდრეობად? (ფსალმუნი 126:3). თუ მათი გაზრდა ფინანსურ ტვირთად მიგაჩნიათ და კარგს არაფერს მოელით? რა თქმა უნდა, სანამ ბავშვები საკუთარი თავის შენახვას შეძლებენ, მათი გაზრდა ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. როგორც მემკვიდრეობით მიღებული ქონების გამგეობისთვისაა კარგი დაგეგმვა საჭირო, ასევეა კარგი აღზრდის საკითხიც.

      მზრუნველი მშობლების სურვილია, რომ შვილები ცხოვრებისთვის კარგად მოამზადონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისოფელში შეიძლება მრავალი ცუდი და ძალზე სამწუხარო მოვლენა ხდებოდეს, დედ-მამას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია შვილების დასაცავად. განვიხილოთ წინა სტატიაში მოხსენიებული ვერნერისა და ევას შემთხვევაa.

      როდესაც მშობლები ნამდვილად ზრუნავენ

      ვერნერი გვიყვება, რომ მშობლები მის მიმართ უყურადღებობას კი არ ავლენდნენ, არამედ მთელი გულით აიინტერესებდათ, თუ რა ხდებოდა სკოლაში. „ძალიან ვაფასებდი მათ მიერ მოცემულ პრაქტიკულ რჩევებს და ვხედავდი, რომ ისინი ზრუნავდნენ ჩემზე, მხარს მიჭერდნენ. როგორც მშობლები, ისინი საკმაო სიმტკიცეს ავლენდნენ, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რომ დედა და მამა ჩემი ნამდვილი მეგობრები იყვნენ“. როდესაც ევა გაკვეთილების მომზადებამ ისე გაანადგურა, რომ დეპრესიაში ჩააგდო და ღამე ვერ იძინებდა, მშობლებმა — ფრანცისკომ და ინეზმა, საკმაო დრო დაუთმეს მასთან საუბრებს და გონებრივი და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარნენ.

      როგორ ცდილობდნენ ფრანცისკო და ინეზი შვილების დაცვას და როგორ მოამზადეს ისინი ცხოვრებისთვის? ბავშვები ჯერ კიდევ სულ პატარები იყვნენ, როდესაც ეს მოსიყვარულე მშობლები მათ ყოველთვის რთავდნენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ინეზსა და ფრანცისკოს მხოლოდ მოზრდილ მეგობრებთან როდი ჰქონდათ ურთიერთობა, არამედ ყველგან თან დაჰყავდათ შვილები. როგორც მოსიყვარულე დედ-მამამ თავიანთ ვაჟსა და ქალიშვილს სათანადო ხელმძღვანელობაც გაუწიეს. ინეზი აღნიშნავს: „ბავშვებს ვასწავლეთ სახლის დალაგება, ეკონომია და საკუთარი ტანსაცმლის მოვლა. აგრეთვე თითოეულს პროფესიის არჩევასა და თავიანთი ვალდებულებების სულიერ ინტერესებთან გაწონასწორებაში დავეხმარეთ“.

      რამდენად მნიშვნელოვანია, გაიცნოთ საკუთარი შვილები და ხელმძღვანელობა გაუწიოთ მათ! განვიხილოთ სამი სფერო, რომელშიც შეგიძლიათ ამის გაკეთება: 1) დაეხმარეთ შვილებს, აირჩიონ შესაფერისი სამუშაო; 2) მოამზადეთ ისინი ემოციურ სტრესთან გასამკლავებლად, რომელსაც სკოლაში ან სამუშაო ადგილზე წააწყდებიან; 3) დაანახეთ, თუ როგორ დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილებები.

      დაეხმარეთ შესაფერისი სამუშაოს არჩევაში

      რადგან სამუშაო არა მარტო ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, არამედ ადამიანს ბევრ დროსაც ართმევს, კარგი მშობლობის გაწევაში თითოეული ბავშვის ინტერესებისა და უნარის გათვალისწინებაც შედის. ვინაიდან არც ერთ კეთილსინდისიერ პიროვნებას არ სურს, რომ სხვებს ტვირთად დააწვეს, მშობლები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმ საკითხზე, თუ როგორ მოამზადონ შვილები იმისათვის, რომ საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა შეძლონ. საჭიროა თუ არა თქვენი ვაჟის ან ქალიშვილისთვის, დაეუფლოს რამე პროფესიას, რათა ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს? როგორც ნამდვილად მზრუნველმა მშობელმა, ყოველი ღონე იხმარეთ, რათა შვილებს ისეთი თვისებების გამომუშავებაში დაეხმაროთ, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, სწავლისთვის მზადყოფნა და სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება.

      განვიხილოთ ნიკოლაის შემთხვევა. ის ამბობს: „ჩემი მშობლები დამლაგებლები იყვნენ; მეც მათთან ერთად ვმუშაობდი. მათ მირჩიეს, რომ ჩემი შემოსავლიდან გარკვეული ნაწილი შემეტანა საოჯახო ბიუჯეტში, ხოლო მორჩენილი ნაწილი პირადი ხარჯებისთვის მქონოდა ან შემენახა. ამან ჩემში პასუხისმგებლობის გრძნობა გაზარდა, რაც მოგვიანებით ცხოვრებაში ძალიან გამომადგა“.

      ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი სამუშაო უნდა აირჩიოს პიროვნებამ. მაგრამ ის გვთავაზობს გონივრულ მითითებებს. მაგალითად, მოციქულმა პავლემ თქვა: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს“. თესალონიკელების მიმართ წერილში მან აგრეთვე თქვა: «გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენ შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ წყნარი შრომით ჭამონ [„თავიანთი“, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა] პური» (2 თესალონიკელთა 3:10–12).

      მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი სამუშაოს შოვნითა და ფულის გაკეთებით არ ამოიწურება. საბოლოოდ ისინი, რომლებიც მეტისმეტად ისწრაფოდნენ ამისკენ, შეიძლება უკმაყოფილონი დარჩნენ და შესაძლებელია აღმოაჩინონ, რომ ისინი ‘ქარის დევნით’ იყვნენ დაკავებული (ეკლესიასტე 1:14). შვილებისთვის აღიარებისა და შეძლებული ცხოვრების ძიების ჩაგონების ნაცვლად, მშობლები კარგად იქცევიან, როდესაც შვილებს მოციქულ იოანეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიბრძნის დანახვაში ეხმარებიან: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15–17).

      როგორ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ მათი ემოციური მოთხოვნილებები?

      როგორც მშობელი, რატომ არ უნდა იყოთ სპორტის რომელიმე სახეობაში მწვრთნელის მაგვარი? მწვრთნელის ყურადღებას არ იპყრობს სპორტსმენების მხოლოდ ფიზიკური — უფრო სწრაფად გაქცევის ან უფრო დიდ მანძილზე გადახტომის — შესაძლებლობების განვითარება. ის აგრეთვე ცდილობს დაეხმაროს სპორტსმენებს ნებისმიერი უარყოფითი განწყობილების დაძლევაში და ამგვარად, განამტკიცებს მათ ემოციურად. თქვენ როგორ შეგიძლიათ გაამხნევოთ, აღაშენოთ და აღძრათ შვილები?

      განვიხილოთ როჟერიოს, 13 წლის მოზარდის, შემთხვევა. გარდა სხეულში მიმდინარე ცვლილებების შედეგად გამოწვეული შინაგანი შეშფოთებისა, ის მშობლებს შორის უთანხმოებისა და მის მიმართ უყურადღებობის გამო, ემოციურ სტრესში იყო. რის გაკეთება შეიძლება ასეთი ახალგაზრდების დასახმარებლად? მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია შვილების ყოველგვარი უსიამოვნებებისა და ცუდი გავლენისგან დაცვა, როგორც მშობელმა არასოდეს დაივიწყოთ თქვენი როლი. დაცვის დროს ნუ გადააჭარბებთ და ისე აღზარდეთ შვილები; გაუგეთ მათ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თითოეული ბავშვი თავისებურია. კეთილმოსურნეობისა და სიყვარულის გამოვლენით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რათა მოზარდმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ეს აგრეთვე მათ თვითრწმენისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

      მიუხედავად იმისა, თუ რა წარმატებას მიაღწიეს თქვენმა მშობლებმა თავის დროზე თქვენი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, როგორც ნამდვილად მზრუნველ მშობელს, ქვემოთ მოყვანილი სამი რამ ნამდვილად დახმარებას გაგიწევთ: 1) ეცადეთ საკუთარმა პრობლემებმა ისე არ შთანგთქათ, რომ უგულებელყოთ შვილების, ვითომდა, უმნიშვნელო პრობლემები; 2) ეცადეთ, ყოველდღე სასიამოვნო და შინაარსიანი ურთიერთობა გქონდეთ მათთან; 3) განუვითარეთ დადებითი თვალსაზრისი იმის მიმართ, თუ როგორ გადაიჭრას პრობლემები და მოგვარდეს სხვებთან ურთიერთობები.

      როდესაც იხსენებს მოზარდობის პერიოდს, ბირგიტი აღნიშნავს: „ვისწავლე, რომ შეუძლებელია ადამიანი ისე შეცვალო, როგორიც გინდა, რომ იყოს. დედა მეუბნებოდა, რომ თუ სხვებში ისეთ რამეს ვხედავდი, რაც არ მომწონდა, ერთი რამ, რის გაკეთებაც შემეძლო იყო ის, რომ მე არ ვყოფილიყავი მათი მსგავსი. ის აგრეთვე მეუბნებოდა, რომ ჩემს პიროვნებაში მოსახდენი ცვლილებებისთვის საუკეთესო დრო ახალგაზდრობის პერიოდი იყო“.

      და მაინც თქვენი შვილებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პროფესია და ემოციური სტაბილურობა. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „მივიჩნევ თუ არა მშობლობას ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობად?“ თუ ასეა, მაშინ იზრუნებთ შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე.

      მათი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზები

      მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ თქვა: «ნეტარ არიან სულით ღარიბნი [„ვისაც შეგნებული აქვს სულიერი მოთხოვნილებები“, აქ], ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი» (მათე 5:3). რა შედის სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში? ბავშვებისთვის დიდად სასარგებლოა, როდესაც მშობლები იეჰოვა ღმერთისადმი რწმენის გამოვლენაში შესანიშნავ მაგალითს აძლევენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მაგრამ ნამდვილი რწმენისთვის საჭიროა ლოცვა (რომაელთა 12:12). თუ თვითონ გესმით საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები, ძებნას დაუწყებთ ღვთის ხელმძღვანელობას, როგორც ეს გააკეთა იმ ბავშვის მამამ, რომელიც შემდეგ ისრაელში სახელგანთქმული მსაჯული გახდა; ეს ბავშვი სამსონი იყო (მსაჯულნი 13:8). თქვენ არა მარტო ილოცებთ, არამედ დახმარებისთვის ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვასაც, ბიბლიასაც, მიმართავთ (2 ტიმოთე 3:16, 17)b.

      მიუხედავად იმისა, რომ სწორი ხელმძღვანელობის გაწევა, ემოციური მხარდაჭერისა და სულიერი დახმარების აღმოჩენა ადვილი არ არის, მშობლის როლის კარგად შესრულება ჯილდოვდება. ბრაზილიელი ორი შვილის მამა აღნიშნავს: „იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ არ მყავდეს შვილები. იმდენი კარგი რამ არსებობს, რაც შეიძლება რომ მათ გავუზიაროთ“. როდესაც განმარტავს, თუ რატომ არიან შვილები ასე კარგები, დედა ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და ვცდილობთ ყველაფერი საზეიმო განწყობისა და ბედნიერების წყაროდ ვაქციოთ. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვლოცულობთ ბავშვებზე“.

      პრისკილა იხსენებს იმ სიყვარულსა და მოთმინებას, რომელსაც მშობლები რთულ სიტუაციაში ჩავარდნისას ავლენენ მის მიმართ. „ისინი ნამდვილ მეგობრობას მიწევდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ, — ამბობს ის. — ბავშვობისას ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ისე მექცეოდნენ როგორც ‘უფლისგან მემკვიდრეობას’“ (ფსალმუნი 126:3). როგორც სხვა მრავალი მშობელი აკეთებს, შვილებთან ერთად რატომ არ დაგეგმავდით დროს, როდესაც ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს ერთად წაიკითხავთ? თბილ ოჯახურ ატმოსფეროში ბიბლიური ცნობისა და პრინციპების განხილვა თქვენს შვილებს დაეხმარება, იყვნენ დარწმუნებული და მომავლის ნამდვილი იმედი ჰქონდეთ.

      როდესაც არც ერთ ბავშვს არ დაემუქრება საშიშროება

      მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი ბავშვის მომავალი პირქუშად გამოიყურება, ღვთის სიტყვა გარანტიას გვაძლევს, რომ მალე დედამიწა კაცობრიობისთვის უსაფრთხო სახლად იქცევა. წარმოიდგინეთ ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება, როდესაც მშობლებს აღარ შეაწუხებს შვილების უსაფრთხოებაზე დარდი! (2 პეტრე 3:13). შეეცადეთ, წარმოიდგინოთ შემდეგი წინასწარმეტყველების დიდებული შესრულება: „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6). ამ სიტყვებით აღწერილი სულიერი უსაფრთხოება იეჰოვას მსახურთა შორის დღესაც კი არსებობს გადატანითი მნიშვნელობით. მათთან აუცილებლად იგრძნობთ ღვთის მოსიყვარულე მზრუნველობას. თუ ღვთისადმი სიყვარულს ავლენთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას, როგორც მშობელს, ესმის თქვენი განცდები და დაგეხმარებათ, სძლიოთ დარდსა და განსაცდელებს, რომლებიც შეიძლება ცხოვრების გზაზე შეგხვდეთ. ისწავლეთ მისი სიტყვა და იმედი დაამყარეთ მის სამეფოზე.

      კარგი მაგალითის მიცემით დაეხმარეთ შვილებს მარადიულობის გზაზე სიარულში. თუ იეჰოვა ღმერთია თქვენი თავშესაფარი, თქვენი და თქვენი შვილების მომავალმა შეიძლება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. თქვენც შეგიძლიათ ისეთივე დარწმუნებული იყოთ, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელიც გალობდა: „ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება