საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მძიმე დრო ხნიერთათვის
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 სექტემბერი
    • მძიმე დრო ხნიერთათვის

      ერთი 68 წლის დედა, სახელად ონიენი, დასავლეთ აფრიკის დიდ ქალაქში ცხოვრობს. ახალგაზრდობაში ის ოცნებობდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლები წყნარად, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში გაეტარებინა. ნაცვლად ამისა, ის თავის დღეებს ტროპიკული მზის სიცხეში ცივი სასმელი წყლის გაყიდვაში ატარებს. მას ამ მცირე შემოსავლით უდგას სული. მისი ორი ვაჟი შორს, სხვა ქვეყანაში, ცხოვრობს. უკვე დიდი ხანია, მათ მისთვის კაპიკიც კი არ გაუგზავნიათ.

      ძველად აფრიკაში ხნიერებს დიდ პატივს სცემდნენ. ამის მიზეზი იყო მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა, აგრეთვე შედეგად მოპოვებული სიბრძნე და განსჯის უნარი. შვილიშვილების აღზრდით ისინი შვილებს ეხმარებოდნენ. ახალგაზრდები მათგან რჩევას მოელოდნენ და ცდილობდნენ, მათი მოწონება დაემსახურებინათ. ხალხი ბიბლიური რჩევის მიხედვით ცხოვრობდა: „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს“ (ლევიანნი 19:32).

      დრო იცვლება. სიღარიბე, ინფლაცია, უმუშევრობა და ქალაქებში მასობრივი გადასახლება მრავალ ხნიერს საკუთარი თავის ანაბარას ტოვებს. ერთი ორგანიზაციის (HelpAge Kenya) დირექტორი კამილას ვერი ამბობს: „ხნიერების მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვის ტრადიცია უფრო და უფრო კარგავს ძალას“.

      რასაკვირველია, ოჯახური კავშირების შესუსტება მხოლოდ აფრიკის ქვეყნებს არ ახასიათებს. ერთი გაზეთი (Guardian Weekly) იაპონიასთან დაკავშირებით იტყობინება: „შვილების მხრიდან ერთგულება კონფუციანელობით გადმოცემული იაპონური ფასეულობების ქვაკუთხედი იყო, მაგრამ მან ვერ გაუძლო ურბანიზაციასა და ოჯახური კავშირების შესუსტებას: დღეს იაპონელების 85 პროცენტი საავადმყოფოებში ან მოხუცებულთა სახლებში იხოცება“.

      როგორც არ უნდა იყოს, ვისაც ნამდვილად სურს, რომ ღმერთს ასიამოვნოს, ცდილობს, პატივი მიაგოს მშობლებს. ის ყურადღებას აქცევს ბიბლიურ რჩევას: „პატივი ეცი შენს მამას და დედას. . . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესელთა 6:2, 3). თუმცა ხნიერი მშობლების პატივისცემა და მათზე ზრუნვა ყოველთვის ადვილი არ არის, ის უხვად ჯილდოვდება.

  • ჯილდო ხნიერი მშობლების პატივისცემისთვის
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 სექტემბერი
    • ჯილდო ხნიერი მშობლების პატივისცემისთვის

      ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები პატივს სცემენ ხნიერ მშობლებს და ზრუნავენ მათზე, რადგან უყვართ ისინი. ეს მათი თაყვანისცემის ნაწილია. ბიბლია ამბობს: «[შვილებმა ან შვილიშვილებმა,] უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა [„ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა თავიანთ ოჯახში“, აქ] და მშობლებისათვის [და პაპებისა და ბებიებისთვის] სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის» (1 ტიმოთე 5:4). რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, მართებულია მშობლების, პაპებისა და ბებიებისთვის „სამაგიეროს“ მიგება. ამგვარად ჩვენ მადლიერებას ვავლენთ მათი სიყვარულის, გულმოდგინე შრომისა და მრავალწლიანი მზრუნველობისთვის. თვით სიცოცხლესაც ხომ მშობლებს უნდა ვუმადლოდეთ!

      შენიშნე, რომ მშობლების, პაპებისა და ბებიებისთვის სამაგიეროს მიგება „მოსაწონია ღვთისათვის“. ეს ‘ღვთისადმი ერთგულებასთან’ არის დაკავშირებული. ამგვარად, ამ რჩევის გამოყენება გვაჯილდოებს და ვიცით, რომ იმას ვაკეთებთ, რაც ღმერთს მოსწონს. ეს ჩვენ სიხარულს გვანიჭებს.

      გაცემა სასიხარულოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გავცემთ იმათთვის, ვინც უხვად გასცა ჩვენთვის (საქმეები 20:35). ამიტომ რამდენად დამაჯილდოებელია შემდეგი ბიბლიური პრინციპის შესაბამისად მოქცევა: „ასიამოვნე დედ-მამას, გაიხაროს, ვინც გშობა“ (იგავნი 23:25, „The New English Bible“).

      როგორ შეგვიძლია მშობლების, პაპებისა და ბებიებისთვის სამაგიეროს მიგება? სამნაირად: მატერიალურად, ემოციურად და სულიერად. თითოეულს თავისებური ჯილდო მოაქვს.

      უზრუნველყოფა მატერიალურად

      ვინც ღმერთს ემსახურება, იცის, რომ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მატერიალურად უზრუნველყოფა. მოციქული პავლე შეაგონებდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).

      ტუნჯი და ჯოი დასავლეთ აფრიკაში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ძალიან უჭირთ, მათ ჯოის ხნიერი მშობლები თავისთან მიიწვიეს საცხოვრებლად. მამა ავად იყო და დაიღუპა. ტუნჯი ამბობს: «მამა რომ დაიღუპა, დედამ გულში ჩაიკრა ჩემი ცოლი და უთხრა: „შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. მამაშენის სიკვდილში არანაირი დანაშაულის გრძნობა არ უნდა გქონდეს.“ თუმცა ჩვენ გვენატრება მამა, ვიცით, რომ საუკეთესო წამლებს ვყიდულობდით მისთვის და ყოველთვის ვცდილობდით, თავი სასურველად და საჭიროდ ეგრძნო; ღვთის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. და ეს კმაყოფილებას გვგვრის».

      რა თქმა უნდა, ყველას არა აქვს საშუალება, რომ მატერიალურად დაეხმაროს სხვებს. ნიგერიაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა თქვა: „თუ კაცი საკუთარ თავზე ვერ ზრუნავს, სხვაზე როგორ იზრუნებს?“ მრავალ ქვეყანაში სიტუაცია შეიძლება უფრო გაუარესდეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, მალე აფრიკის იმ რაიონების მოსახლეობის ნახევარი, რომლებიც საჰარის სამხრეთით მდებარეობს, სრულ სიღარიბეში იცხოვრებს.

      თუ ეკონომიკურად გიჭირს, შეიძლება განუგეშოს ნამდვილმა ამბავმა ღარიბი ქვრივის შესახებ. დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაინახა ქვრივი, რომელმაც მცირე შესაწირავი ჩააგდო ტაძრის საგანძურში. მან მხოლოდ „ორი ლეპტა“ შესწირა. მაგრამ იესომ, რომელმაც იცოდა მისი მდგომარეობა, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა“ (ლუკა  21:1–4).

      მსგავსად ამისა, თუ ყველა ღონეს ვახმართ მშობლების, პაპებისა და ბებიების მატერიალურად უზრუნველსაყოფად, თუმცა შეიძლება მცირედით, იეჰოვა ხედავს და აფასებს ამას. ის ჩვენგან არ ელის იმას, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ალბათ, ჩვენი მშობლები, პაპები და ბებიებიც იმავეს იფიქრებენ.

      უზრუნველყოფა ემოციურად

      მშობლებზე, პაპებსა და ბებიებზე ზრუნვა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე, უბრალოდ, მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ყველას გვაქვს ემოციური მოთხოვნილებები. თითოეულს, მათ შორის ხნიერსაც, ძლიერ სურს, რომ სხვებს უყვარდეთ, გრძნობდეს, რომ საჭირო, სასურველი და ოჯახის დაფასებული წევრია.

      კენიაში მცხოვრები მერი სამი წელია, ხნიერ დედამთილს უვლის. ის ამბობს: „მის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის გარდა, ყოველთვის ვესაუბრები მას. დედას არ შეუძლია სახლში ბევრი რამის კეთება, მაგრამ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ახლო მეგობრები გავხდით. ზოგჯერ ღმერთზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ — ყოფილ მეზობლებზე. თუმცა ის 90 წელსაა გადაცილებული, ძალიან კარგი მეხსიერება აქვს. ის იხსენებს, თუ როგორი იყო ცხოვრება თავისი პატარაობისას, 1914 წლის დადგომამდე“.

      მერი განაგრძობს: „მოხუც ადამიანზე ზრუნვა რთულია, მაგრამ მისი ჩვენთან ყოფნა უხვად გვაჯილდოებს. ოჯახში მშვიდობა და თანხმობა გვაქვს. ჩემი მხრიდან მისთვის გაცემა ოჯახის სხვა წევრებშიც გაცემის სულს აღძრავს. ქმარი უფრო მეტ პატივს მცემს. და, თუ დედას ესმის, რომ ვინმე უკმეხად მელაპარაკება, მაშინვე მექომაგება. მისი თანდასწრებით ვერავინ გაბედავს უკმეხად რამის თქმას“

      უზრუნველყოფა სულიერად

      როგორც მატერიალურად და ემოციურად, აგრეთვე სულიერად უზრუნველყოფა აჯილდოებს გამცემს. მოციქული პავლე რომში არსებულ ქრისტიანულ კრებას სწერდა: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც“ (რომაელთა 1:11, 12).

      მსგავსად ამისა, როცა ეს ეხება ღვთის ხნიერი მსახურების სულიერად უზრუნველყოფას, გამხნევება ხშირად ორმხრივია. ნიგერიაში მცხოვრები ოსონდუ ყვება: „ჩემს პაპასა და ბებიასთან ურთიერთობაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წარსულზე წარმოდგენას მიქმნიან ხოლმე. პაპაჩემი გაბრწყინებული თვალებით ყვება, როგორ მსახურობდა სრული დროით ერთ-ერთ ტერიტორიაზე 50–60-იან წლებში. ის კრების დღევანდელ სტრუქტურას ადარებს იმდროინდელ სტრუქტურას, როცა ის მოწმე გახდა. ეს შემთხვევები პიონერულ მსახურებაში მეხმარება“.

      ქრისტიანულ კრებაში სხვებსაც შეუძლიათ ხანდაზმულებისთვის გასცენ. ადრე მოხსენიებულმა ტუნჯიმ მოგვითხრო, თუ რა მოხდა მის კრებაში: «ახალგაზრდა პიონერმა ძმამ, რომელსაც საჯარო მოხსენება ჰქონდა დავალებული, გეგმა მამას მოუტანა, რომ ერთად მოემზადებინათ. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩამტარებელი მოვიდა და მამას უთხრა: „შენ გამოცდილი ხარ. რას მირჩევ, რომ გავუმჯობესდე“. მამამ იმ უხუცესებს სასარგებლო რჩევები მისცა. ძმებმა რამდენჯერმე მოიხსენიეს მამის სახელი კრებაში ლოცვის დროს. ყოველივე ამან აგრძნობინა მას, რომ სასურველი იყო».

      კარგი ყოფაქცევა ღვთისკენ იზიდავს ადამიანებს

      ზოგჯერ, ჩვენი მშობლების, პაპებისა და ბებიების მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლენით, ადამიანებს ღვთისკენ ვიზიდავთ. მოციქული პეტრე წერდა: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი“ (1 პეტრე 2:12).

      ენდრიუ, დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ქრისტიანი უხუცესი, კვირაში ორჯერ 95 კილომეტრს გადიოდა, რომ ურწმუნო ავადმყოფ მამაზე ეზრუნა. ის ყვება: «იეჰოვას მოწმე რომ გავხდი, მამაჩემი სასტიკად შემეწინააღმდეგა. მაგრამ, როცა ხედავდა, როგორ ვზრუნავდი მასზე ავადმყოფობის დროს, ჩემს უმცროს და-ძმებს შეაგონებდა: „თქვენი ძმის რელიგიას უნდა შეუერთდეთ!“ ამან ბიძგი მისცა მათ და ახლა ჩემი ცხრავე დედმამიშვილი იეჰოვას მოწმეა».

      ჩვენი ხნიერი მშობლების პატივისცემა და მათზე ზრუნვა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური პირობების დროს. მაგრამ, რადგანაც ქრისტიანები ამის გაკეთებას ცდილობენ, მრავალ ჯილდოს იმკიან. უპირველესად, ისინი გაცემის სიხარულს გრძნობენ კმაყოფილების გრძნობასთან ერთად, რაც იმის ცოდნა მოაქვს, რომ ახარებენ იეჰოვა ღმერთს, რომელიც თვითონ არის „მამა ყოველთა“ (ეფესელთა  4:6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება