იეჰოვას ოჯახი ხარობს დიდებული ერთიანობით
„აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნი 132:1).
1. როგორია მრავალი ოჯახის მდგომარეობა დღეს?
ოჯახი დღეს კრიზისს განიცდის. მრავალ ოჯახში ირღვევა ოჯახური კვანძები. განქორწინებები მატულობს, რასაც განქორწინებულთა შვილებისთვის უდიდესი სევდა მოაქვს. მილიონობით ოჯახი არ არის ბედნიერი და ერთიანი. მაგრამ, მაინც არსებობს ერთადერთი ოჯახი, სადაც ჭეშმარიტი სიხარული და ნამდვილი ერთიანობა იგრძნობა. ასეთი ერთიანობა არის იეჰოვას მთელ ოჯახში. ამ ოჯახის წევრი, მირიადობით უხილავი ანგელოზი, ასრულებს ღვთის ნებასთან შეთანხმებულ დავალებებს (ფსალმუნი 102:20, 21). მაგრამ არსებობს თუ არა დედამიწაზე ისეთი ოჯახი, სადაც ასეთი ერთიანობაა?
2, 3. ა) ვინ არიან ამჟამად ღვთის ოჯახის წევრები და ვისთან შეიძლება იეჰოვას მოწმეების შედარება დღეს? ბ) რომელ საკითხებს განვიხილავთ?
2 პავლე მოციქული წერდა: „ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა [ოჯახი] ცაში და ქვეყანაზე“ (ეფესელთა 3:14, 15). დედამიწაზე არსებული ყოველი ოჯახი ვალდებულია ამ წოდების გამო ღვთის წინაშე, რადგანაც ის არის შემოქმედი. ვინაიდან ადამიანთა ოჯახები არ არსებობს ზეცაში, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ღმერთი დაქორწინებულია ზეციერ ორგანიზაციაზე, ხოლო იესოს სულიერი პატარძალი შეუერთდება ზეცაში (ესაია 54:5; ლუკა 20:34, 35; 1 კორინთელთა 15:50; 2 კორინთელთა 11:2). დედამიწაზე მყოფი ერთგული სულითცხებულები ღვთის ოჯახის წევრები არიან და იესოს „სხვა ცხვრები“, რომელთაც მიწიერი იმედი აქვთ, ამ ოჯახის მომავალი წევრები იქნებიან (იოანე 10:16; რომაელთა 8:14–17; „საგუშაგო კოშკი“ 15 იანვარი, 1996 წელი, გვერდი 31, [ინგლ.]). მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები შეიძლება შეედაროს ერთიან მსოფლიო ოჯახს.
3 ხარ თუ არა ღვთის მსახურთა შესანიშნავი ინტერნაციონალური ოჯახის ნაწილი? თუ დიახ, შენ გაქვს ადამიანთა შორის უდიდესი კურთხევა. მილიონობით პიროვნება დაადასტურებს, რომ იეჰოვას გლობალური ოჯახი — მისი ხილული ორგანიზაცია — არის მშვიდობისა და ერთიანობის ოაზისი ამ წუთისოფლის მოკამათე და დაყოფილ უდაბნოში. როგორ შეიძლება იეჰოვას მსოფლიო ოჯახის ერთიანობის აღწერა? რა ფაქტორები უწყობს ხელს ასეთ ერთიანობას?
რა კარგია და რა საამურია!
4. როგორ ჩამოაყალიბებდი საკუთარი სიტყვებით, რაც ფსალმუნის 132-შია ნათქვამი ძმური ერთიანობის შესახებ?
4 ფსალმუნმომღერალი დავითი უაღრესად აფასებდა ძმურ ერთიანობას. ის შთაგონებულიც კი იყო ამის შესახებ ემღერა! წარმოიდგინე დავითი არფით ხელში, როცა მღეროდა: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი. ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა — სიცოცხლე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 132:1–3).
5. რა შედარების გაკეთება შეიძლება ისრაელებსა და ღვთის დღევანდელ მსახურებს შორის ფსალმუნის 132:1, 2-ის საფუძველზე?
5 ეს სიტყვები შეეხება ძმურ ერთიანობას, რაშიც სიხარულს პოულობდა ღვთის ძველი ხალხი, ისრაელი. ისინი ერთიანნი იყვნენ, როდესაც თავს იყრიდნენ იერუსალიმში სამი ყოველწლიური დღესასწაულის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მუხლის წარმომადგენლები იყვნენ, ერთ ოჯახს მიეკუთვნებოდნენ. ერთად ყოფნა მათზე სასარგებლო ზეგავლენას ახდენდა, როგორც გამომაცოცხლებლად ცხებული, სასიამოვნო სურნელების მქონე მირონი. როდესაც ასეთი მირონი სცხეს აარონს თავზე, მირონი ჩამოიღვარა მის წვერსა და სამოსის კალთებზე. ერთად ყოფნა ისრაელებზე კარგ ზემოქმედებას ახდენდა, რაც შეკრებილ ხალხს ერთიანობას აგრძნობინებდა. გაუგებრობებს დადებითად წყვეტდნენ და მათი ერთიანობა მტკიცდებოდა. მსგავსი ერთიანობა არსებობს იეჰოვას გლობალურ ოჯახში დღეს. რეგულარულ ურთიერთობას სასარგებლო სულიერი გავლენა აქვს მის წევრებზე. ყოველგვარი გაუგებრობა და პრობლემები ქარწყლდება, როდესაც იყენებენ ღვთის სიტყვის რჩევას (მათე 5:23, 24; 18:15–17). იეჰოვას ხალხი უზომოდ აფასებს ურთიერთგამხნევებას, რაც მათი ძმური ერთიანობიდან მომდინარეობს.
6, 7. რა მხრივ იყო ისრაელების ერთიანობა ხერმონის მთის ცვრის მსგავსი და სად შეიძლება ღვთის კურთხევის პოვნა დღეს?
6 როგორ ცხოვრობდა ისრაელი ერთიანად ხერმონის ცვრის მსგავსად? რადგანაც ამ მთის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 800 მეტრ სიმაღლეზეა, თითქმის მთელი წლის მანძილზე თოვლითაა დაფარული. ხერმონის თოვლიანი მწვერვალი ღამით ქმნიდა ბურუსს და გრძელი გვალვიანი სეზონის დროს ყოველთვის ცვრით ნამავდა მცენარეებს. ხერმონიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასებს ბურუსი სამხრეთით გადაჰქონდა და თვით იერუსალიმის ტერიტორიებსაც აღწევდა, სადაც ბურუსი ცვრით ფარავდა მიდამოებს. ასე რომ, ფსალმუნმომღერალი ზუსტად მღეროდა: „ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი!“ რა შესანიშნავად გვახსენებს ეს იმ გამომაცოცხლებელ გავლენას, რაც ხელს უწყობს იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობას!
7 ვიდრე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდებოდა, სიონი, ანუ იერუსალიმი, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. ღმერთმა ბრძანა, რომ კურთხევა იქ იქნებოდა. რადგანაც კურთხევის წყაროს იერუსალიმის ტაძარი გამოხატავდა, კურთხევაც იქიდან მოედინებოდა. მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მეტად აღარ არის მხოლოდ ერთადერთ ადგილზე, ამიტომ დღეს ღვთის მსახურთა კურთხევის სიყვარულის და ერთიანობის ნახვა შეიძლება მთელ დედამიწაზე (იოანე 13:34, 35). რომელია ის ზოგიერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ამ ერთიანობას?
ერთიანობის საწინდარი ფაქტორები
8. რას ვსწავლობთ ერთიანობის შესახებ იოანეს 17:20, 21-დან?
8 იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობა დაფუძნებულია ღვთის სიტყვიდან გამომდინარე იმ ზუსტი გაგებისადმი მორჩილებაზე, რაც იესო ქრისტეს სწავლებებსაც შეიცავს. ერთიანი ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებას გზა გაეხსნა იმით, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჭეშმარიტება დაემოწმებინა და მომკვდარიყო როგორც შესაწირავი (იოანე 3:16; 18:37). ამ კრების წევრებს ნამდვილი ერთიანობა რომ უნდა ჰქონოდათ, ნათელი გახდა, როდესაც იესო ლოცულობდა: „მე მხოლოდ ამათზე არ გევედრები, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მოწამენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე“ (იოანე 17:20, 21). იესოს მიმდევრებმა მოიპოვეს ისეთი ერთიანობა, როგორიც ღმერთსა და მის ძეს შორის არსებობს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ემორჩილებოდნენ ღვთის სიტყვასა და იესოს სწავლებებს. მსგავსი პოზიცია არის იეჰოვას მსოფლიო ოჯახის ერთიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
9. რა როლს თამაშობს სულიწმიდა იეჰოვას ხალხის ერთიანობაში?
9 მეორე ფაქტორი, რაც აერთიანებს იეჰოვას ხალხს, არის ღვთის სული, ანუ მოქმედი ძალა, რაც ჩვენ გვაქვს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გავიგოთ ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტება და გაერთიანებულად ვემსახუროთ მას (იოანე 16:12, 13). სული გვეხმარება, რომ მოვერიდოთ უთანხმოების მთესველ ისეთ ხორციელ საქმეებს, როგორიცაა: ჩხუბი, შური, რისხვა და შუღლი. ამის ნაცვლად, ღვთის სულს მოაქვს ისეთი გამაერთიანებელი ნაყოფები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება (გალატელთა 5:19–23).
10. ა) რა პარალელის გავლება შეიძლება გაერთინებულ ადამიანთა ოჯახში გამეფებულ სიყვარულსა და იეჰოვასადმი მიძღვნილებისგან გამოვლენილ სიყვარულს შორის? ბ) როგორ გამოხატა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა თავისი გრძნობები სულიერ ძმებთან შეხვედრების შესახებ?
10 ერთიანი ოჯახის წევრებს უყვართ ერთიმეორე და ერთად ყოფნით ბედნიერები არიან. თუ შევადარებთ, იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანი ოჯახის წევრებს უყვართ იეჰოვა, მისი ძე და თანამორწმუნეები (მარკოზი 12:30; იოანე 21:15–17; 1 იოანე 4:21). როგორც მოსიყვარულე ოჯახი სიხარულით უზის სუფრას, ღვთისადმი მიძღვნილებიც სიხარულს პოულობენ ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე, როდესაც ტკბებიან შესანიშნავი ურთიერთობებითა და საუკეთესო სულიერი საზრდოთი (მათე 24:45–47; ებრაელთა 10:24, 25). ერთხელ ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ამბობდა: „ჩემთვის ცხოვრების უდიდესი სიამოვნება და გამხნევების წყაროა ძმებთან შეხვედრები. მიყვარს, როდესაც სამეფო დარბაზში ადრე მოსულთა შორის ვარ და თუ შესაძლებლობა მაქვს, მათთან ერთად ვტოვებ დარბაზს, რომლებიც ყველაზე ბოლოს მიდიან. უსაზღვრო შინაგან სიხარულს განვიცდი, როდესაც ღვთის ხალხთან ვსაუბრობ. როდესაც მათ შორის ვიმყოფები, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვარ შინ, საკუთარ ოჯახში“. შენც მსგავსი გრძნობა გაქვს? (ფსალმუნი 26:4).
11. განსაკუთრებით რა საქმიანობაში პოვეს იეჰოვას მოწმეებმა ბედნიერება და რა შედეგები აქვს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის მსახურების პირველ ადგილზე დაყენებას?
11 ერთიანი ოჯახი ბედნიერად გრძნობს თავს, როდესაც ერთად აკეთებს რაღაცას. ასევე იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახი სიხარულს გრძნობს ერთობლივი საქმიანობით — სამეფოს ცნობის ქადაგებითა და მოსწავლეების მომზადების საქმით (მათე 24:14; 28:19, 20). ამაში რეგულარული მონაწილეობა გვაახლოვებს იეჰოვას სხვადასხვა მოწმეებთან. ცხოვრებაში ღვთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენება და ღვთის ხალხის ყველა საქმიანობაში მხარდაჭერის გამოვლენა ჩვენს შორის ოჯახური ატმოსფეროს განმტკიცებას უწყობს ხელს.
აუცილებელია თეოკრატიული წესრიგი
12. რა ახასიათებს ბედნიერ და ერთიან ოჯახს და რა ღონისძიებები უწყობდა ხელს ქრისტიანული კრების ერთიანობას პირველ საუკუნეში?
12 ოჯახი, რომელსაც აქვს ძლიერი, მაგრამ მოსიყვარულე ხელმძღვანელობა და წესრიგი, არის ერთიანი და ბედნიერი (ეფესელთა 5:22, 33; 6:1). იეჰოვა არის მშვიდობიანი წესრიგის ღმერთი და მისი ოჯახის წევრები აღიარებენ მას როგორც ‘უზენაესს’ (დანიელი 7:18, 22, 25, 27; 1 კორინთელთა 14:33). მათ ესმით, რომ იეჰოვამ ყოველივეს მემკვიდრედ დანიშნა თავისი ძე, იესო ქრისტე და მიანდო მას ყველა ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე (მათე 28:18; ებრაელთა 1:1, 2). როგორც კრების თავის, ქრისტეს ხელმძღვანელობით ქრისტიანულ კრებაში არის წესრიგი, ერთიანი ორგანიზაცია (ეფესელთა 5:23). პირველი საუკუნის კრების ზედამხედველობისთვის არსებობდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც შედგებოდა მოციქულებისა და სხვა სულიერად მოწიფული ‘უფროსი მამაკაცებისგან’. ყოველ კრებას ჰყავდა დანიშნული ზედამხედველები, ანუ უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები (საქმეები 15:6; ფილიპელთა 1:1, აქ). ხელმძღვანელთა მიმართ მორჩილება ხელს უწყობდა ერთიანობას (ებრაელთა 13:17).
13. როგორ იზიდავს იეჰოვა ხალხს და რა არის ამის შედეგი?
13 მაგრამ ნიშნავს თუ არა ასეთი წესრიგი იმას, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ერთიანობა გამოწვეულია მკაცრი, უგულო ხელმძღვანელობით? არავითარ შემთხვევაში! აქ არაფერი არსებობს სიყვარულის გარეშე, როგორც თავად ღმერთში, აგრეთვე მის ორგანიზაციაში. იეჰოვა ხალხს იზიდავს სიყვარულის გამოვლენით და ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი საკუთარი სურვილით მთელი გულით უძღვნის ღმერთს თავს და ამის სიმბოლოდ სიხარულით ინათლება და ხდება იეჰოვას ორგანიზაციის ნაწილი. მათი სულიერი პოზიცია ჰგავს იესო ნავეს ძის პოზიციას, რომელმაც თანამორწმუნე ისრაელებს მოუწოდა: „ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ. . . მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით“ (იესო ნავეს ძე 24:15).
14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია თეოკრატიულია?
14 როგორც იეჰოვას ოჯახის წევრები, ჩვენ მხოლოდ სიხარულით კი არ ვართ აღსავსე, არამედ მშვიდობიანებიც ვართ. ეს იმის შედეგია, რომ ორგანიზაცია არის თეოკრატიული. ღვთის სამეფო არის თეოკრატია (ბერძნული სიტყვა თე·ოსʹ ნიშნავს ღმერთს, კრაʹტოს მმართველობას). ეს არის ღვთის მმართველობა, რომელიც მისგანვე არის მოწესრიგებული და დამყარებული. იეჰოვას მიერ ცხებული „წმინდა ერი“ ემორჩილება მის მმართველობას და ამიტომაც არიან ისინი თეოკრატიული (1 პეტრე 2:9). რადგანაც მსაჯულად, კანონმდებლად და მეფედ გვყავს დიდებული თეოკრატი, იეჰოვა, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი (ესაია 33:22). მაგრამ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც წამოიჭრება რამე კამათი და ხელს უშლის ჩვენს სიხარულს, უსაფრთხოებასა და ერთიანობას?
ხელმძღვანელი საბჭო იწყებს მოქმედებას
15, 16. რა კამათი მოხდა პირველ საუკუნეში და რატომ?
15 ოჯახის ერთიანობის შესანარჩუნებლად შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს წამოჭრილი უთანხმოება. დავუშვათ, რომ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ღვთის თაყვანისმცემელთა ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა გადაწყვეტილიყო სულიერ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა. რა უნდა გაკეთებულიყო? მოქმედებდა ხელმძღვანელი საბჭო, რომ სულიერ საკითხებზე მიეღო გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს ასეთი მოქმედების ჩანაწერი საღვთო წერილში.
16 ახალი წელთაღრიცხვით დაახლოებით 49 წელს ხელმძღვანელი საბჭო შეიკრიბა იერუსალიმში სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად, რომ შეენარჩუნებინათ ‘ღვთის სახლეულის’ ერთიანობა (ეფესელთა 2:19). პეტრე მოციქულმა დაახლოებით 13 წლით ადრე უქადაგა კორნელიოსს, და პირველი წარმართები, ანუ სხვა ერების წარმომადგენელი ადამიანები გახდნენ მონათლული მორწმუნეები (საქმეები, თავი მე-10). პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის განმავლობაში მრავალმა წარმართმა მიიღო ქრისტიანობა (საქმეები 13:1—14:28). ფაქტიურად, სხვა ერების წარმომადგენელ ქრისტიანთა კრება ჩამოყალიბდა ანტიოქიაში (სირია). ზოგიერთ ებრაელ ქრისტიანს სჯეროდა, რომ წარმართებისგან მოქცეულებს ესაჭიროებოდათ წინადაცვეთა და მოსეს რჯულის დაცვაც, მაგრამ სხვები მათ არ ეთანხმებოდნენ (საქმეები 15:1–5). ამ კამათს შეიძლება სრული განხეთქილება გამოეწვია თვით სხვადასხვა ებრაული კრებებისა და წარმართებისგან მოქცეული ხალხისთვის კრებების ჩამოყალიბებაში. ხელმძღვანელმა საბჭომ მაშინვე მიიღო სწრაფი ზომები, რომ შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ერთიანობა.
17. რომელი შეთანხმებული თეოკრატიული მოქმედებაა აღწერილი საქმეების მე-15 თავში?
17 საქმეების 15:6–22-ის თანახმად, „მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ ამ საქმის გასარჩევად“. მათთან ერთად ესწრებოდნენ სხვებიც, მათ შორის წარმომადგენლები ანტიოქიიდან. პირველად პეტრემ განმარტა, რომ ‘წარმართებმა მისი პირით მოისმინეს სახარების სიტყვა და ირწმუნეს’. შემდეგ „ბევრი“ უსმენდა ბარნაბასა და პავლეს მონაყოლს, თუ რა „ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს“, ანუ სხვა ერებს შორის. შემდეგ იაკობმა ურჩია მათ, თუ როგორ გადაეწყვიტათ საკითხი. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვკითხულობთ: „მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს და ამოარჩიეს თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად“. იმ ‘ამორჩეულმა კაცებმა’ — იუდამ და სილამ — თანამორწმუნეებს გამამხნევებელი წერილი წაუღეს.
18. რა გადაწყვეტილება გამოიტანა ხელმძღვანელმა საბჭომ მოსეს რჯულთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედა ამან ებრაელ და სხვა ერების წარმომადგენელ ქრისტიანებზე?
18 წერილი, რომელშიც მოცემული იყო ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილება, იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!“ სხვა ძმებიც ესწრებოდნენ ამ ისტორიულ შეხვედრას, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელმძღვანელი საბჭო შედგებოდა ‘მოციქულებისა და უხუცესებისგან’. ღვთის სული ხელმძღვანელობდა მათ, რადგან წერილში ნათქვამი იყო: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან“ (საქმეები 15:23–29). ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა და მოსეს რჯულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება დაეხმარა ებრაელებს და წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს, რომ გაერთიანებულად ემოქმედათ და ესაუბრათ. კრებები ხარობდნენ და დიდებული ერთიანობა გრძელდებოდა, ისევე როგორც დღეს იეჰოვას მოწმეთა ღვთის მსოფლიო ოჯახი, რომელსაც მართავს სულით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო (საქმეები 15:30–35).
იმსახურე თეოკრატიულ ერთიანობაში
19. რატომ იფურჩქნება ყვავილივით იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახის ერთიანობა?
19 ერთიანობა ყვავილივით იფურჩქნება მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები თანამშრომლობენ. ასევეა იეჰოვას თაყვანისმცემელთა ოჯახშიც. პირველი საუკუნის უხუცესები და კრების სხვა წევრებიც თეოკრატიულები იყვნენ და ემსახურებოდნენ ღმერთს იმით, რომ თანამშრომლობდნენ ხელმძღვანელ საბჭოსთან და ღებულობდნენ მის გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელი საბჭოს დახმარებით უხუცესები ‘ქადაგებდნენ სიტყვას’ და კრების წევრთა შორის არ იყო „განხეთქილება“ (2 ტიმოთე 4:1, 2; 1 კორინთელთა 1:10). ამგვარად, ერთი და იგივე საღვთო წერილის ჭეშმარიტებას ავრცელებდნენ მსახურებისა და ქრისტიანული შეხვედრებისას, როგორც იერუსალიმში, ასევე ანტიოქიაში, რომში, კორინთსა და სხვა ქვეყნებში. სწორედ ასეთი თეოკრატიული ერთიანობა არსებობს დღესაც.
20. რა უნდა გავაკეთოთ ქრისტიანული ერთიანობის შესანარჩუნებლად?
20 ერთიანობა რომ შევინარჩუნოთ, იეჰოვას გლობალური ოჯახის ყოველი წევრი მთელი ძალებით უნდა ეცადოს, რომ გამოავლინოს თეოკრატიული სიყვარული (1 იოანე 4:16). ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავემორჩილოთ ღვთის ნებას და ღრმა პატივისცემა გამოვავლინოთ ‘ერთგული და გონიერი მონისა’ და ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ. როგორც ღვთისადმი ჩვენი მიძღვნა არის პირადი სურვილიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მორჩილებაც ნებაყოფლობითია და სასიხარულო (1 იოანე 5:3). რა შესანიშნავად შეათავსა ერთმანეთთან ფსალმუნმომღერალმა სიხარული და მორჩილება! ის მღეროდა: „ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული“ (ფსალმუნი 111:1).
21. როგორ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი თეოკრატიულობა?
21 იესო, კრების თავი, არის თეოკრატიული და ყოველთვის ასრულებს თავისი მამის ნებას (იოანე 5:30). დაე, ჩვენც მივყვეთ ჩვენთვის სანიმუშოს და თეოკრატიულად, გაერთიანებულად შევასრულოთ იეჰოვას ნება იმით, რომ ბოლომდე ვითანამშრომლოთ მის ორგანიზაციასთან. მაშინ, გულიდან გამომდინარე სიხარულითა და მადლიერებით, ჩვენც გამოვეხმაურებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ჩვენი ქრისტიანული ერთიანობა ფსალმუნის 132-ე თავს?
◻ რომელია ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს ქრისტიანულ ერთიანობას?
◻ რატომ არის თეოკრატიული წესრიგი მნიშვნელოვანი ღვთის ხალხის ერთიანობისთვის?
◻ როგორ მოიქცა პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო ქრისტიანული ერთიანობის შესანარჩუნებლად?
◻ რას ნიშნავს პირადად შენთვის თეოკრატიულ ერთიანობაში მსახურება?
[სურათი 12 გვერდზე]
ხელმძღვანელი საბჭო მოქმედებდა ერთიანობის შესანარჩუნებლად.