-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?
„შეერთებულ შტატებში კომფორტულად ვცხოვრობდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ჩვენ გარშემო გამეფებული მატერიალიზმი დროთა განმავლობაში ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე და ჩვენს შვილებზე. მე და ჩემი მეუღლე ადრე მისიონერებად ვმსახურობდით და გვინდოდა, კვლავ დავბრუნებოდით ამ უბრალო, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრებას“.
რალფმა და პემმა 1991 წელს წერილი მისწერეს რამდენიმე ფილიალს და აღნიშნეს, რომ მსახურების მიზნით სიამოვნებით გადავიდოდნენ იქ, სადაც ამის საჭიროება იყო. მექსიკის ფილიალმა მათ საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მექსიკაში ინგლისურად მოლაპარაკე მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ძმები იუწყებოდნენ, რომ ეს ტერიტორია ‘გადათეთრებული იყო მოსამკელად’ (იოან. 4:35). რალფი და პემი დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას და 8 და 12 წლის ვაჟებთან ერთად სამზადისს შეუდგნენ.
ვრცელი ტერიტორია
რალფი იხსენებს: „სანამ შეერთებულ შტატებს დავტოვებდით, ზოგი და-ძმა გულწრფელად გვეუბნებოდა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა ძალიან სახიფათოაო; რა უნდა ქნათ, ავად რომ გახდეთ? რა აზრი აქვს ინგლისურენოვან ტერიტორიაზე გადასვლას? საეჭვოა, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ხალხი ჭეშმარიტებით დაინტერესდესო. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ყველაფერი კარგად აწონილ-დაწონილი გვქონდა. ასეთ მსახურებაზე წლები ვოცნებობდით. არ ვიღებდით დიდ ვალებს, ვზოგავდით ფულს და ხშირად ვსაუბრობდით ოჯახში იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეიძლება შევხვედროდით“.
რალფი თავის ოჯახთან ერთად მექსიკის ფილიალში ჩავიდა. ძმებმა ქვეყნის რუკა აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს იქნებოდა მათი ტერიტორია. ისინი დასახლდნენ მეხიკოს ჩრდილო-დასავლეთით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქ სან-მიგელ-დე-ალენდეში, სადაც ბევრი უცხოელი ცხოვრობდა. მათი ჩასვლიდან სამ წელიწადში ამ ქალაქში 19 მაუწყებლისგან შემდგარი კრება ჩამოყალიბდა. მექსიკაში ეს პირველი ინგლისურენოვანი კრება იყო. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.
მექსიკაში სავარაუდოდ ერთი მილიონი ამერიკელი ცხოვრობს. გარდა ამისა, ბევრი განათლებული მექსიკელი და სტუდენტი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად. რალფი აღნიშნავს: „ვლოცულობდით, რომ კრებაში უფრო მეტი მაუწყებელი გვყოლოდა. ერთი ოთახი ყოველთვის თავისუფალი გვქონდა იმ და-ძმებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიის დასაზვერად ჩამოდიოდნენ“ (რიცხ. 13:2).
-
-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
ზოგიერთმა მექსიკელმა და-ძმამაც მოინდომა ინგლისურ ენაზე ქადაგება. მაგალითად, რუბენმა და მისი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ სან-მიგელ-დე-ალენდეში პირველი ინგლისურენოვანი კრება ჩამოყალიბდა, რომლის ტერიტორიაც მთელ მექსიკას მოიცავდა. მათ მაშინვე გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ამ კრებას. ამისათვის კი მათ უნდა ესწავლათ ინგლისური, შეგუებოდნენ განსხვავებულ კულტურას და ყოველ კვირას 800 კილომეტრით დაშორებულ კრებას დასწრებოდნენ. რუბენი ამბობს: „ჩვენ ვუქადაგეთ უცხოელებს, რომლებიც წლების განმავლობაში მექსიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ პირველად მოისმინეს სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე. ზოგს მადლიერებისგან თვალზე ცრემლიც კი ადგებოდა“. რუბენი და მისი ოჯახის წევრები ჯერ სან-მიგელ-დე-ალენდეში ეხმარებოდნენ კრებას, შემდეგ პიონერებად მსახურობდნენ გუანახუატოში, ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მათი დახმარებით 30-კაციანი ინგლისურენოვანი კრება ჩამოყალიბდა. ამჟამად ისინი გუანახუატოსთან ახლოს, ქალაქ ირაპუატოში მსახურობენ ინგლისურენოვან ჯგუფში.
-