საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას!
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას!

      «უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა ჩემი გოგონები მოულოდნელად გულში ჩამეკონებიან და მეუბნებიან: „ძალიან გვიყვარხარ დედიკო“» (ანა, მარტოხელა დედა, პოლონეთი).

      „ძალიან მსიამოვნებს, როცა ვხედავ, როგორ აფასებენ ჩემი შვილები ჩემს შრომას. ზოგჯერ პატარა საჩუქრებსაც მიკეთებენ ხოლმე — დახატავენ რამეს და მჩუქნიან. ამაზე უკეთესი რა უნდა გამიკეთონ ჩემმა პატარებმა?!“ (მასიმო, მარტოხელა მამა, იტალია).

      „ზოგჯერ, როცა ემოციურად გამოფიტული ვარ და არაფრის თავი არა მაქვს, ჩემი ბიჭი შემომეხვევა ხოლმე, მკოცნის და მეუბნება, ძალიან მიყვარხარო“ (ჟასმინი, მარტოხელა დედა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      ეს მხოლოდ რამდენიმე გამონათქვამია იმ მრავალი მარტოხელა მშობლისა, რომლებმაც ჩვენი ჟურნალის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა (უმეტესწილად დედებმა) აღნიშნა, რომ ნამდვილად დიდი სურვილი ჰქონდა, გვერდით მოსიყვარულე და თანამგრძნობი მეუღლე ჰყოლოდა. თუმცა მათი გულწრფელი საუბრებიდან ისიც გავიგეთ, რომ ისინი კარგად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას.

      რა ეხმარება ასეთ მშობლებს, შეეგუონ თავიანთ ხვედრს და წარმატებით გაართვან თავი რთულ მოვალეობას? ამ ჟურნალის მომდევნო ფურცლებზე შემოგთავაზებთ მარტოხელა მშობლების მიერ გამოთქმულ გულახდილ და საინტერესო აზრებს; ვისაუბრებთ ასევე იმ პრინციპებზე, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარა. თუ თქვენც ზემოხსენებულ კატეგორიაში შედიხართ, ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიების დახმარებით შესანიშნავად გაართმევთ თავს თქვენს პასუხისმგებლობებს, თანაც ისე, რომ ხალისი და კმაყოფილების გრძნობა არ დაკარგოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ადვილი არ არის შვილების აღზრდა დღევანდელ ცვალებად და უნდო ქვეყნიერებაშიa.

      განხილული იქნება ექვსი საკითხი:

      1. როგორ ამოვუდგეთ მხარში მარტოხელა მშობლებს

      2. როგორ გამონახონ მარტოხელა მშობლებმა საერთო ენა შვილებთან

      3. როგორ დაადგინონ სწორი პრიორიტეტები

      4. როგორ დაუდგინონ შვილებს ქცევის ნორმები

      5. როგორ ჩაუნერგონ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები

      6. რა უნდა მოიმოქმედონ, რომ მათ ოჯახში ღმერთს სათანადო ადგილი ეკავოს

      a აქ განხილული ზოგიერთი პრინციპი სასარგებლოა, როგორც მარტოხელამშობლიანი ოჯახებისთვის, ისე იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ორივე მშობელია.

  • 1 ეძებეთ დახმარება
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 1 ეძებეთ დახმარება

      „კრებაში ძალიან კარგი მეგობრები გვყავს. მათ ძალიან ვუყვარვართ და ყოველთვის გვეხმარებიან. ერთი ოჯახივით ვართ“ (ლიზანი, ორი მოზარდის დედა).

      პრობლემა.

      „ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ დაღლილი ვარ და არასოდეს მყოფნის დრო,“ — ამბობს ორი ბიჭის დედა ალინა. ალინას მდგომარეობა ნაცნობია ბევრი მარტოხელა დედისთვის. ამიტომაც ბევრი მარტოხელა მშობელი ერთგვარ საახლობლო წრეს იქმნის, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიმართავს დახმარებისთვის.

      რჩევები.

      მიმართეთ ნათესავებს და მეგობრებს. შეგიძლიათ შეადგინოთ მათი სია, ვისაც თამამად დაუკავშირდებით მაშინ, როცა სახლში რაიმე იქნება შესაკეთებელი, ტრანსპორტი დაგჭირდებათ, ბავშვის ვინმესთვის დატოვება გახდება საჭირო ან უბრალოდ ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დროდადრო გადახედეთ ხოლმე სიას და განაახლეთ. ისარგებლეთ ამასთანავე იმ დახმარებით, რომელსაც მთავრობა ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გთავაზობთ.

      რენატას, რომელიც იეჰოვას მოწმეა, დიდ დახმარებას უწევენ თანაქრისტიანები. «ისინი, ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ერთხელ მე და ჩემს ცხრა წლის ტყუპებს გრიპი შეგვხვდა; ისე ცუდად ვიყავი, რომ საჭმლის გაკეთების თავი არ მქონდა. კრების წევრებმა რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, დღე ისე არ გავიდოდა, რომელიმეს საჭმელი არ მოეტანა, — გვიყვება რენატა. — ეს ზუსტად ის არის, რაც 1 იოანეს 3:18-ში წერია: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“».

      თუ შესაძლებელია, დახმარებისთვის ყოფილ მეუღლეს მიმართეთ. თუ ცალკე მცხოვრებ მშობელს (ძირითადად მამას) აქვს ბავშვის ნახვის კანონიერი უფლება და თავადაც სურს, დაეხმაროს ოჯახს, შეგიძლიათ ზოგჯერ მასაც მიმართოთ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბავშვებს გარკვეულწილად მამასთანაც სჭირდებათ ურთიერთობა.a

      შვილებსაც სთხოვეთ დახმარება. ასაკის შესაბამისად ბავშვებს რაიმე საქმე დაავალეთ. ეს თქვენც წაგადგებათ და მათაც. ასეთი სახით ბავშვი პასუხისმგებლობას და შრომის ფასს ისწავლის, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

      a ქრისტიანმა მშობლებმა თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად და ბავშვების საკეთილდღეოდ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

  • 2 ახლო ურთიერთობა იქონიეთ შვილებთან
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 2 ახლო ურთიერთობა იქონიეთ შვილებთან

      „მივხვდი, რომ როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, აუცილებელია მოსმენა, მოსმენა და კიდევ ერთხელ მოსმენა“ (მირანდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      პრობლემა.

      „ჩემი პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩემს გოგონას დროს არ ვუთმობ, არამედ ის, რომ როცა მასთან ვარ, სულ ჩემს საქმეებზე ვფიქრობ“, — ამბობს ქრისტინა.

      რჩევები.

      შექმენით გარემო გულწრფელი საუბრებისთვის. ხუთი შვილის დედა, ელიზაბეთი ამბობს: „ვცდილობ, ჩემი შვილებისთვის სამაგალითო ვიყო. ისინი გულწრფელები არიან ჩემთან. შვილებს ყოველთვის იმისკენ მოვუწოდებ, რომ ერთმანეთთან ისაუბრონ და არასდროს წავიდნენ დასაძინებლად, სანამ ერთმანეთში უთანხმოებას არ მოაგვარებენ. მათ იციან, რომ არასდროს მოვუწონებ გაბუტვას; იციან, რომ უთანხმოების დროს აუცილებლად უნდა ისაუბრონ“.

      თავიდან ნუ მოიშორებთ, მოუსმინეთ. „როცა ჩემი ბიჭი პატარა იყო, ენას არ აჩერებდა, სულ ლაპარაკობდა. მიჭირდა ყოველთვის მოსმენა და ვაჩუმებდი ხოლმე. — წერს ლიანი. — მოზარდობის ასაკში უკვე აღარაფერს მეუბნებოდა; მივხვდი, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი. დიდი შრომა დამჭირდა, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი როგორმე გამემთელებინა. ამაზე კრების ერთ-ერთ უხუცესს დაველაპარაკე. მან მირჩია, დავმშვიდებულიყავი და ნელ-ნელა ამეწყო საუბრები შვილთან. რჩევა გავითვალისწინე და მდგომარეობაც თანდათან გაუმჯობესდა“.

      აუცილებელია მოთმინება. არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 3:7-ში. სამი შვილის დედა დალსი ამბობს: „ბავშვები ყოველთვის არ იყვნენ ლაპარაკის ხასიათზე. თუმცა მათ იცოდნენ, რომ როცა დასჭირდებოდათ, ნებისმიერ დროს მზად ვიყავი მოსასმენად“. ბავშვს კი არ უნდა დააძალოთ თქვენთან ურთიერთობა, თბილად და მოთმინებით უნდა მიიზიდოთ თქვენკენ. ამას გვირჩევს ბიბლიაც: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).

      იყავი სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვაში (იაკობი 1:19). ზემოთ მოხსენიებული ლიანი ამბობს: „მომიწია იმის სწავლა, რომ ენაზე კბილი დამეჭირა და ემოციები შემეკავებინა, როცა ჩემი შვილები თავიანთ პრობლემებზე მესაუბრებოდნენ. ისიც ვისწავლე, რომ მაშინვე არ მიმეცა რჩევები, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და წყნარად ამეხსნა, თუმცა ეს არ იყო ყოველთვის იოლი“. ორი ბიჭის დედა, ლისა ამბობს: „ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის გულისყურით ვუსმენ ჩემს ბიჭებს. ზოგჯერ მათი პრობლემები ზედმეტად უმნიშვნელო მეჩვენება. ამაზე ნამდვილად მჭირდება მუშაობა“.

      „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლოსელები 4:6). „საუბარი რომ არ შეწყვეტილიყო, — ამბობს ლიანი — ყველანაირად ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და თავი შემეკავებინა მაშინაც კი, როცა საქმე სერიოზულად იყო“.

      თუ სიმშვიდეს არ შეინარჩუნებთ, მწყობრიდან გამოხვალთ და ყვირილს დაიწყებთ, შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ (ეფესოელები 4:31). ასეთ დროს ურთიერთობა წყდება და პრობლემა უფრო უარესდება. „ბავშვი ზღვის ნიჟარასავითაა. როცა თბილად და სიყვარულით ელაპარაკები, იხსნება. ხოლო თუ უყვირი და ამცირებ, იკეტება და კომუნიკაციაც წყდება. ეს მაგალითი რომ ყოველთვის თავში მქონდეს, მაცივარზე გახსნილი ზღვის ნიჟარას სურათი მაქვს მიკრული“, — ამბობს ჰაიდი, რომელსაც მოზარდი გოგონა ჰყავს.

      თქვენს შვილს კარგად უნდა იცნობდეთ. შესავალ სტატიაში მოხსენიებული ჟასმინი ამბობს: „ჩემი ბიჭები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთს ძალიან უყვარს ლაპარაკი, მეორე ისეთი წყნარია, ხმას ვერ ამოაღებინებ. მეორე ბიჭთან ურთიერთობის დროს არ გამოდის სათქმელის პირდაპირ თქმა. ყველაზე კარგად რჩევა-დარიგებებს მაშინ იღებს, როდესაც ჭადრაკს ან სხვა თავის საყვარელ თამაშს ვეთამაშები, ანდა კიდევ, როდესაც თავის საყვარელ თემაზე საუბრობს. ამ დროს ტაქტიანად ვიგებ მის აზრს“.

      მაგრამ ზოგჯერ უხერხული სიტუაცია მაშინ იქმნება, როდესაც ბიჭს დედასთან მეტად პირადულ საკითხებზე უწევს ლაპარაკი. ერთხელ მისაოს მისმა მოზარდმა ბიჭმა ასეთი სიტყვები უთხრა: „შენ უბრალოდ ვერ მიგებ“. მისაომ გადაწყვიტა დახმარება კრებაში ერთი გამოცდილი ძმისთვის ეთხოვა. „ეს ადამიანი ჩემი შვილის სანდო მრჩეველი გახდა და ახლა ჩემი ბიჭი თავს უკეთესად გრძნობს“, — ამბობს მისაო.

      ნუ აურევთ მშობლისა და მეგობრის როლს ერთმანეთში. „ჩემი მოზარდი გოგონა ჩემი მესაიდუმლე იყო, — ამბობს ორი შვილის დედა, ივოუნა — მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს არ იყო სწორი, შეცდომა მაინც დავუშვი და ახლა მიწევს მისი გამოსწორება“. კარგია, როცა შვილთან თბილი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მშობელი ხართ და შვილისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეთ. როდესაც ღირსეულად იქცევით და აჩვენებთ შვილს თქვენს მოწიფულობას და სიმტკიცეს, უადვილებთ მას თქვენდამი პატივისცემის გამოვლენას და შემდეგი ბიბლიური რჩევის მიყოლას: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1, 2).

      „გიყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4). ბავშვებს სიყვარული ჰაერივით სჭირდებათ. ამიტომ ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და ეს საქმითაც დაუმტკიცეთ! ამგვარად ისინი მარტო უსაფრთხოდ კი არ იგრძნობენ თავს, არამედ უფრო გაიხსნებიან თქვენთან და უფრო მეტადაც დაგემორჩილებიან.

      შეგიძლიათ დაეხმაროთ?

      ორი შვილის დედა მაკი წერს: «ერთხელ სახლში ისეთი დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. ამ დროს სახლის კარებთან დამხვდა ცოტაოდენი საჭმელი და ღია ბარათი წარწერით: „ალბათ, დაღლილი ხარ, გემრიელად მიირთვი“. თვალზე ცრემლი მომადგა და ღმერთს მადლობა გადავუხადე». თუ თქვენც იცნობთ მარტოხელა მშობელს, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს, რომ შვილებს მზრუნველობა არ მოაკლოს, კარგს იზამთ, თუ შეაქებთ მათ გულმოდგინებისთვის და შესთავაზებთ დახმარებას. მაგალითად, შეგიძლიათ დროდადრო დაიტოვოთ ბავშვები ან ატაროთ ისინი სკოლაში.

      მარტოხელა მშობლები ხშირად ებრძვიან მარტოობის გრძნობას. ამიტომ კარგი იქნება, თუ დაპატიჟებთ ხოლმე მათ ოჯახს სადილზე, ერთად გააკეთებთ რამეს ან სადმე გაისეირნებთ. მარტოხელამშობლიან ოჯახებს, ასე ვთქვათ, დიდ ოჯახებთან სჭირდებათ ურთიერთობა და შესაძლოა თქვენ გქონდეთ იმის საშუალება, რომ შეუვსოთ მათ ეს დანაკლისი. მაგალითად, თუ თქვენ მამა ხართ, შეგეძლოთ დახმარებოდით მარტოხელამშობლიან ოჯახში აღზრდილ ბიჭებს და მაგალითი მიგეცათ მათთვის.

      ურიგო არ იქნება, თუ ჩამოწერთ ასეთ ოჯახთა სიას და შემდეგ ოჯახთან ერთად იმსჯელებთ, რა დახმარების გაწევა შეგეძლოთ მათთვის.

  • 3 ყველაფერს თავისი დრო და ადგილი მიუჩინეთ
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 3 ყველაფერს თავისი დრო და ადგილი მიუჩინეთ

      „დამღალა იმაზე ფიქრმა, თუ როგორ გავაწონასწორო სამუშაო, ბავშვების აღზრდა, სულიერი საკითხები, სახლის საქმეები და დასვენება“ (იოკო, იაპონია).

      პრობლემა.

      ორი ბიჭის დედა, მირანდა ამბობს: „ძალიან ძნელია დედის მოვალეობის შესრულება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერზე შენა ხარ პასუხისმგებელი — ფიზიკურზე, ემოციურზე და სულიერზე“.

      რჩევები.

      იფიქრეთ, რა არის თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მართლა მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ.

      მტკიცედ მიჰყევით დადგენილ პრიორიტეტებს და ისწავლეთ თქვენი დროისა და ფინანსების გონივრულად განკარგვა. მაგალითად, რამდენადაც თქვენი შვილის ჯანმრთელობა ძალზედ მნიშვნელოვანია, გონივრული იქნება, თუ წვალებით ნაშოვნ ფულს ჯანსაღ და ნოყიერ საკვებში დახარჯავთ. ჯობია ფული ასეთი საკვებისთვის დახარჯოთ, ვიდრე წამლებში მოგიწიოთ მისი გადაყრა. სანამ საყიდლებზე წახვალთ, ჯერ სია შეადგინეთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ფული დაუდევრად არ ხარჯოთ. „საჭმლის კეთება კარგად გამომდის, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ოთხი შვილის მამა, რობერტო. — მაგრამ იმ პროდუქტებს კი არ ვყიდულობ, რომელიც მინდა, არამედ რომელიც მჭირდება — თანაც მჭირდება არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად იმ დღეს“.

      გონივრული იქნება, თუ წვალებით ნაშოვნ ფულს ჯანსაღი და ნოყიერი საკვებისთვის დახარჯავთ. ჯობია ფული ასეთი საკვებისთვის დახარჯოთ, ვიდრე წამლებში მოგიწიოთ მისი გადაყრა

      ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა, სხვას მიეცი, გაყიდე ან გადაყარე. ერთი მარტოხელა დედა ამბობს: „ზედმეტი ნივთები ზედმეტი სტრესია. ბევრ ნივთს მეტი მოვლა და შეკეთება სჭირდება. ცხოვრების გამარტივება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი ნივთები მოიცილო თავიდან“.

      ასწავლეთ ბავშვებს, რომ სანამ დაიძინებენ, ყველაფერი თავ-თავის ადგილას დაალაგონ. სახლი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ. ასეთი სახით ბავშვებს მიაჩვევთ, ყურადღება მიაქციონ და მოუარონ თავიანთ ოთახს და მთლიანად სახლს. რა თქმა უნდა, თქვენი კარგი მაგალითი თქვენს სიტყვას წონას შემატებს.

      შეიძლება ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ შვილებთან დრო აუცილებლად უნდა გაატაროთ; არა რაღაც მორჩენილი დრო, არამედ რაც შეიძლება მეტი. შვილებს თქვენი დრო და ყურადღება სჭირდებათ! (კანონი 6:7).

      დღის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ისადილეთ ერთად. ეს დრო სასიამოვნო წუთებად აქციეთ. სამი შვილის დედა კოლეტი ამბობს: „ვახშამზე მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით. ჩვენს ოჯახში ეს განსაკუთრებული დროა, რადგან ერთმანეთს სულიერად და ემოციურად ვამხნევებთ“.

  • 4 დაადგინეთ კონკრეტული საზღვრები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 4 დაადგინეთ კონკრეტული საზღვრები

      „მარტოხელა მშობლისთვის შვილების აღზრდა ნამდვილად არ არის იოლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები მოზარდები ხდებიან. ამ ასაკში, როგორც წესი, მოზარდები სხვების გავლენის ქვეშ ექცევიან და მშობლების წინააღმდეგ მიდიან“ (დალსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      პრობლემა.

      ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში“ ბავშვები იქნებოდნენ „მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:1, 2).

      რჩევები.

      „ბავშვებმა უნდა იცოდნენ მშობლის მიერ დადგენილი წესები“, — ამბობს პედაგოგი მეით ვალეტი. ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ბარი გინსბერგი აღნიშნავს: „ურთიერთობა სასიამოვნო და ნაკლებად სტრესულია, როცა ბავშვს ესმის, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. რაც უფრო კარგად ესმის ბავშვს მშობლის მიერ დადგენილი წესები, მით უფრო მეტი ჰარმონია სუფევს ოჯახში“. რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვებს კარგად ესმოდეთ ოჯახში დადგენილი წესები.

      იყავით მტკიცე და სიტყვის შემსრულებელი (მათე 5:37). ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ როცა მშობლები ბავშვებს უარს არაფერზე ეუბნებიან და ყველაფრის ნებას რთავენ, ბავშვები თამამდებიან და ხშირ შემთხვევაში ცუდად იქცევიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15).

      შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენი შვილი მეორე მშობლის გარეშე იზრდება, მაგრამ ნუ დაუშვებთ, რომ ზედმეტად ლმობიერი გახდეთ. ზემოთ მოხსენიებული ჟასმინი ამბობს: „ზოგჯერ ძალიან მეცოდებოდნენ ჩემი ბიჭები იმის გამო, რომ მამის გარეშე იზრდებოდნენ“. სტატიაში მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში.

      ნუ იქნებით მერყევი. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „თუ ბავშვი გამოცდილების შედეგად ისწავლის, რომ ცუდად მოქცევის შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩება, ის ყოველთვის ეცდება, კარგად მოიქცეს და ემოციურადაც სტაბილურ ადამიანად ჩამოყალიბდება“ (American Journal of Orthopsychiatry). ჟასმინი აღნიშნავს: „ჩემს ბიჭებს გვერდით მოვისვამდი და ვსაუბრობდით, როგორ დაისჯებოდნენ, თუ არ დამიჯერებდნენ. სიტყვას არასოდეს გადავდიოდი. თუმცა ჯერ ვუსმენდი მათ, შემდეგ მშვიდად ვუხსნიდი, როგორ იმოქმედა ოჯახის სხვა წევრებზე მათმა არასწორმა საქციელმა და ამის შემდეგ ვსჯიდი ზუსტად ისე, როგორც ნათქვამი მქონდა“.

      იყავით გონიერი და ცხელ გულზე ნუ დასჯით ბავშვს. მართალია, პრინციპულობა აუცილებელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტუაციის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ. „ზემოდან [ღვთისგან] მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. გონიერი ადამიანი ნაჩქარევად, ცხელ გულზე არ იღებს გადაწყვეტილებას და მკაცრ წესებსაც არ მიჰყვება ყოველთვის. ის პირველ რიგში ფიქრობს და ლოცულობს. შემდეგ კი მშვიდად და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.

      თუ იქნებით სიტყვის შემსრულებლები, გონიერები და ამავე დროს კარგ მაგალითს მისცემთ შვილებს, ეს დაგეხმარებათ ზღვრის დადგენაში. ამ დროს თქვენი სახლი ნამდვილი თავშესაფარი იქნება.

  • 5 ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 5 ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები

      „ადრე ბიბლიური პრინციპების თანახმად არ ვცხოვრობდი და ძალიან მიჭირდა შვილების აღზრდა. მაგრამ ახლა ეს გაცილებით ადვილია“ (ელისაბეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      პრობლემა.

      მსოფლიოში გავრცელებული უზნეობა და თანატოლების წნეხი დიდ გავლენას ახდენს ოჯახებზე. ასეთი უარყოფითი გავლენისგან რომ დავიცვათ ბავშვები, აუცილებელია, მათ ჯანსაღი ფასეულობები ჩავუნერგოთ. სხვაგვარად ისინი ვერასოდეს გახდებიან პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები, პრინციპულები და თავაზიანები.

      რჩევები.

      მრავალი მარტოხელა მშობელი, მათ შორის ამ ჟურნალში მოხსენიებული მშობლები, ბიბლიას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის, რადგან იციან, რომ ბიბლიაში ღვთის უბადლო სიბრძნეა მოცემული. მაგალითისთვის განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ჭეშმარიტ სიყვარულთან დაკავშირებით.

      „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს . . . ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

      როდესაც მშობლები ამგვარ სიყვარულს ავლენენ, ეს ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. საფრანგეთში მცხოვრები კოლეტი აღნიშნავს: «ჩემს შვილებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდნენ. იმასაც ვეუბნებოდი, რომ მათი თავი ღმერთმა მაჩუქა და მინდოდა, კარგად გავფრთხილებოდი ამ „საჩუქარს“. იმაზეც ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო თავაზიანობა, როგორც ჩემთან, ისე ცალკე მცხოვრებ მათ მამასთან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით და დიდ პატივს ვცემდით, ამაში კი, გარკვეულწილად, ის ბიბლიური აზრი გვეხმარებოდა, რომ შვილები მშობლებისთვის ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან» (ფსალმუნი 127:3).

      პოლონეთში მცხოვრები ანა ამბობს: „როცა ჩემი შვილები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, იესოს სიტყვებს ვახსენებ ხოლმე, რომ სხვებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც თვითონ უნდათ, რომ ექცეოდნენ სხვები“ (მათე 7:12). წინა სტატიებში მოხსენიებული რობერტოს პრობლემა ნაცნობია ბევრი მარტოხელა მშობლისთვის. ის აღნიშნავს: „ისე ხდება, რომ ჩვენს შვილებს ორგვარ ფასეულობებს ვუნერგავთ, ერთს ერთი მშობელი, მეორეს — მეორე. როცა მათ ბიბლიური პრინციპების დაცვას ვთხოვ, ვიცი, რომ იმ მომენტში არა ვარ მათთვის საყვარელი მშობელი. მეორე მშობელმა კი შეიძლება ამ დროს საჩუქრებით მოიგოს ბავშვების გული და აფიქრებინოს, რომ ის უკეთესი მშობელია. ასეთ პრობლემასთან ჭიდილი ადვილი არ არის, მაგრამ თუ ბავშვთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ყველაფერი იოლად გვარდება“.

      ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შედეგი ღირს ძალისხმევად! სამხრეთ აფრიკელი სარა ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები იეჰოვას ხელმძღვანელობით იზრდებიან. პრობლემები ბევრი გვქონდა, მაგრამ იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივარ“.

  • 6 დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ნოემბერი
    • 6 დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ

      „როცა ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა, ღმერთს ვევედრებოდი, დაგვხმარებოდა მე და ჩემს შვილებს. მან უპასუხოდ არ დატოვა ჩემი ლოცვა; აუცილებელი არასოდეს მოგვკლებია. ღმერთი გვეხმარებოდა და გვხელმძღვანელობდა“ (მაკი, იაპონია).

      მატერიალიზმს გამოდევნებულ ქვეყნიერებაში ცოტა თუ ფიქრობს ღმერთზე. მაგრამ ღმერთს თითოეული ჩვენგანი აინტერესებს და სურს, რომ ბედნიერები ვიყოთ. მისი გრძნობები კარგად არის გამოხატული ესაიას 41:10-ში: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ . . . მე დაგეხმარები“.

      წინა სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მაღალზნეობრივი ნორმები ჩვენ სასიკეთოდაა, რაშიც ღვთის მზრუნველობა ჩანს (2 ტიმოთე 3:16). თუმცა ბიბლია მარტო რჩევების კრებული როდია. ამ წიგნიდან ვიგებთ, თუ რა დიდებული თვისებები აქვს ღმერთს და როგორ ვუყვარვართ. მრავალმა ქრისტიანმა მშობელმა, რომლებიც ბიბლიის პრინციპებით ცხოვრობენ, საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სიკეთე.

      რობერტი, ავსტრია: „იეჰოვა ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთესი მშობელია. მან იცის, რა სჭირდება ჩვენს შვილებს და როგორ დაიცვას ისინი. ამიტომ მე და ჩემი გოგონა ხშირად ერთად მივმართავთ მას ლოცვით“.

      აიუსა, იაპონია: „მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი ბიჭი დარწმუნებულია იეჰოვას მხარდაჭერაში. ხშირად ამბობს ხოლმე, იეჰოვაა ჩვენთან, ყველაფერი კარგად იქნებაო“.

      ქრისტინა, იტალია: „როცა პრობლემას ჩემი ძალით ვერ ვუმკლავდები, ვლოცულობ და იეჰოვას ვთხოვ მის მოგვარებას. მაშინვე შინაგანი სიმშვიდე მეუფლება, რადგან ვიცი, რომ ღმერთი საუკეთესო გამოსავალს მომიძებნის“.

      ლორატინი, საფრანგეთი: „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვამ მაკურთხა. ის სულგამწარებულთა მშველელია და არასოდეს ტოვებს უმამო თუ უდედო ბავშვებს“.

      კეიკო, იაპონია: „ღმერთი მიუკერძოებელია. მას სურს, რომ ყველა ოჯახზე სათუთად იზრუნოს და მოეფეროს, იმისდა მიუხედავად, ოჯახში ერთი მშობელია თუ ორი“ (საქმეები 10:34).

      იესო ქრისტემ, რომელიც ღვთის მსგავსად თანაგრძნობას ავლენდა, თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:28—30). იესო და მისი ზეციერი მამა, იეჰოვა სიყვარულით ზრუნავენ ჩვენზე და მათ სურთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. ფსალმუნის 34:8-ში ვკითხულობთ: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“. ღვთის სურვილია, თავად დარწმუნდეთ, რომ მისი რჩევები სასარგებლოა და რომ მას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო სურს. უარს ნუ იტყვით მის მამობრივ მზრუნველობაზე.

      დედის კარგმა მაგალითმა აღმძრა

      რაც არ უნდა დაკავებული ან დაღლილი ყოფილიყო, დედა ყოველ ღამე შემოდიოდა ჩემთან, რომ ძილის წინ ერთად გველოცა. მისი ლოცვები დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ ნამდვილად შემეძლო გავმხდარიყავი იეჰოვას მეგობარი (ამანდა, აშშ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება