ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად
„ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2).
1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქრისტეს რჯული სიკეთის კეთებისთვის უზარმაზარ ძალას წარმოადგენს?
რუანდაში იეჰოვას ჰუტუ და ტუტსი მოწმეები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, რომ ერთმანეთი დაეცვათ ეთნიკური ხოცვა-ჟლეტისგან, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. კობეში (იაპონია) იეჰოვას მოწმეები, რომლებმაც დამანგრეველი მიწისძვრის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს, მათი დაღუპვის გამო გულმოკლულები იყვნენ. მაგრამ უკან არ იხევდნენ სიკვდილისგან გადაერჩინათ სხვები. დიახ, დედამიწის ყოველი კუთხიდან მოსული გულისამაჩუყებელი მაგალითები ცხადყოფს, რომ დღეს ქრისტეს რჯული მოქმედია. ის სიკეთის კეთების უზარმაზარი ძალაა.
2. რა მხრივ ვერ გაიგო ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს რჯული და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ რჯულის შესასრულებლად?
2 ამავე დროს, სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება ამ კრიტიკული ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ. მრავალს ‘ღვთისმოსაობის სახე აქვს’, მაგრამ ‘მის ძალას უარყოფენ’ (2 ტიმოთე 3:1, 5). განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროში, სადაც რელიგია, ხშირად, ფორმალურია და არა გულიდან გამომდინარე. იმიტომ ხომ არა, რომ ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრება ძალიან ძნელია? არა. იესო არ მოგვცემდა ისეთ რჯულს, რომლის მიყოლაც შეუძლებელი იქნებოდა. უბრალოდ, ქრისტიანულმა სამყარომ ვერ გაიგო ქრისტეს რჯული. მან ვერ დაიცვა ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვები: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2). ჩვენ ‘ვასრულებთ ქრისტეს რჯულს’ იმით, რომ ვატარებთ ერთმანეთის ტვირთს, არ ვბაძავთ ფარისევლებს და უსამართლოდ არ ვუმატებთ ჩვენს ძმებს ტვირთს.
3. ა) რომელ ზოგიერთ მცნებას შეიცავს ქრისტეს რჯული? ბ) რატომ იქნებოდა არასწორი, დაგვესკვნა, რომ ქრისტიანულ კრებას არ უნდა ჰქონდეს წესები ქრისტეს უშუალო მითითებების გარდა?
3 ქრისტეს რჯული შეიცავს იესო ქრისტეს ყველა მითითებას — იქნება ეს ქადაგება თუ სწავლება, თვალის სიწმინდის დაცვა თუ უბრალოება, განუწყვეტელი მუშაობა მოყვასთან მშვიდობის შესანარჩუნებლად თუ კრებიდან უწმინდურების აღმოფხვრა (მათე 5:27–30; 18:15–17; 28:19, 20; გამოცხადება 2:14–16). ნამდვილად, ქრისტიანები ვალდებული არიან, დაიცვან ბიბლიაში მოცემული ყველა მცნება, რომლებიც ქრისტეს მიმდევრებისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ ეს არაა საკმარისი. იეჰოვას ორგანიზაციამ, ასევე, ინდივიდუალურად ყოველმა კრებამ, უნდა დააწესოს აუცილებელი წესები და მოქმედების ნორმები, რომ დაიცვას სანიმუშო წესრიგი (1 კორინთელთა 14:33, 40). ქრისტიანები ვერც კი შეიკრიბებოდნენ, თუ არ ექნებოდათ მითითება — როდის, სად და როგორ შეკრებილიყვნენ! (ებრაელთა 10:24, 25). იმ კეთილგონივრული მითითებების მიყოლა, რომლებზეც პასუხისმგებელმა პირებმა იზრუნეს ორგანიზაციაში, აგრეთვე ქრისტეს რჯულის შესრულების ნაწილია (ებრაელთა 13:17).
4. რა არის წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მამოძრავებელი ძალა?
4 მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ თაყვანისმცემლობას არ ხდიან აზრს მოკლებულ კანონთა კრებულად. ისინი იეჰოვას იმიტომ კი არ ემსახურებიან, რომ ვიღაც პიროვნებამ ან ორგანიზაციამ დაავალა ამის კეთება. პირიქით, თაყვანისმცემლობისთვის მათი მამოძრავებელი ძალა არის სიყვარული. პავლე წერდა: „ქრისტეს სიყვარული გვაიძულებს“ (2 კორინთელთა 5:14, აქ, სქოლიო). იესომ თავის მიმდევრებს უბრძანა, ჰყვარებოდათ ერთმანეთი (იოანე 15:12, 13). თავგანწირული სიყვარული ქრისტეს რჯულის საძირკველია და ის აიძულებს და ახალისებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყველგან, როგორც ოჯახში, აგრეთვე კრებაში. მოდი, განვიხილოთ, როგორ.
ოჯახში
5. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს ქრისტეს რჯულის შესრულება ოჯახში? ბ) რა ესაჭიროებათ ბავშვებს მშობლებისგან და რა დაბრკოლებები უნდა გადალახოს ზოგიერთმა მშობელმა, რომ დააკმაყოფილოს ის?
5 პავლე მოციქული წერდა: „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:25). როდესაც ქმარი ჰბაძავს ქრისტეს და თავის მეუღლეს სიყვარულითა და გაგებით ექცევა, ქრისტეს რჯულის მნიშვნელოვან მხარეს ასრულებს. გარდა ამისა, ქრისტემ ყველას დასანახად გამოავლინა პატარა ბავშვების მიმართ სიყვარული, როდესაც მოეხვია მათ, ხელები დაადო და აკურთხა (მარკოზი 10:16). მშობლები, რომლებიც ქრისტეს რჯულს ასრულებენ, მსგავს სიყვარულს ავლენენ თავიანთი ბავშვების მიმართ. ფაქტია, რომ არიან ისეთი მშობლებიც, რომლებისთვისაც ძნელია, ამ საკითხში ქრისტეს მაგალითს მიბაძონ. ზოგი ბუნებით არაა ისეთი, რომ გრძნობები გამოხატოს. მშობლებო, არ დაუშვათ, რომ ასეთმა შეხედულებამ შეგბოჭოთ, არამედ გამოავლინეთ შვილების მიმართ ის სიყვარული, რასაც მათდამი გრძნობთ! არაა საკმარისი, რომ მხოლოდ თქვენ იცოდეთ, რომ გიყვართ ისინი. მათაც უნდა იცოდნენ ეს. თუ არ ეცდებით, რამენაირად გამოამჟღავნოთ სიყვარული, მათ არ ეცოდინებათ ეს (შეადარე მარკოზი 1:11).
6. ა) აუცილებელია თუ არა ბავშვებისთვის მშობლებისგან წესების დადგენა და რატომ პასუხობ პირადად შენ ასე? ბ) ოჯახში არსებული წესების რა მიზეზი უნდა გაიგონ ბავშვებმა? გ) რა საშიშროება იქნება თავიდან აცილებული იმ შემთხვევაში, როდესაც ქრისტეს რჯული ბატონობს ოჯახში?
6 ამავე დროს, ბავშვებისთვის საჭიროა საზღვრების დადგენაც, რაც ნიშნავს, რომ მშობლებმა უნდა დაადგინონ წესები და, ზოგ შემთხვევაში დასაჯონ კიდეც მათ შესასრულებლად (ებრაელთა 12:7, 9, 11). მსგავს შემთხვევებშიც ბავშვებს უფრო და უფრო უნდა დაეხმაროთ, რომ გაიგონ ამ წესების დადგენის მიზეზი: მშობლების მათდამი სიყვარული. მათ უნდა ისწავლონ, რომ სიყვარული საუკეთესო მიზეზია, რათა დაემორჩილონ მშობლებს (ეფესელთა 6:1; კოლასელთა 3:20; 1 იოანე 5:3). გამჭრიახი მშობლის მიზანია, ასწავლოს პატარებს პირადი ‘გონებრივი შესაძლებლობების’ ისე გამოყენება, რომ, საბოლოოდ, თვითონ შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება (რომაელთა 12:1, აქ; შეადარე 1 კორინთელთა 13:11). მეორე მხრივ, წესები არ უნდა იყოს მეტისმეტად ბევრი ან დასჯა — უზომოდ სასტიკი. პავლე ამბობს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21; ეფესელთა 6:4). როდესაც ოჯახში ქრისტეს რჯული ბატონობს, დასჯის დროს ადგილი არა აქვს თავშეუკავებელ სიბრაზეს ან გულსაკლავ სარკაზმს. ასეთ ოჯახებში ბავშვები თავს უსაფრთხოდ და წახალისებულად გრძნობენ, და არა გულდამძიმებულად და დამცირებულად (შეადარე ფსალმუნი 35:8).
7. რა მხრივ შეიძლება, რომ ბეთელის ოჯახები სანიმუშოს წარმოადგენდეს ოჯახში წესების დადგენასთან დაკავშირებით?
7 ისინი, რომლებმაც ინახულეს ბეთელის ოჯახები მთელ მსოფლიოში, ამბობენ, რომ ბეთელის ოჯახი სამაგალითოს წარმოადგენს ოჯახურ წესებთან დაკავშირებულ საკითხებში გაწონასწორებულობის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ბეთელი სრულწლოვანებისგან შედგება, ასეთი დაწესებულება ძალიან ჰგავს ოჯახსa. ბეთელის მუშაობა არის რთული და წესების მნიშვნელოვან რაოდენობას მოითხოვს — რასაკვირველია, უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახში. მაგრამ უხუცესები საკუთარ თავზე ღებულობენ ინიციატივას ბეთელის ოჯახებში, ოფისებსა და ქარხნის სამუშაოებში და ცდილობენ, ქრისტეს რჯული გამოიყენონ. მათ პირად ვალდებულებად მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სამუშაოს კი არ გაუწიონ ორგანიზება, არამედ ხელი შეუწყონ სულიერ წინსვლასა და თანამშრომელთა შორის ‘უფლის სიხარულს’ (ნეემია 8:10). მაშასადამე, ისინი ცდილობენ ყველაფერი დადებითად და გამამხნევებლად გააკეთონ და ისწრაფვიან, იყვნენ კეთილგონიერები (ეფესელთა 4:31, 32). არაა გასაკვირი, რომ ბეთელის ოჯახები ცნობილია სიხარულით აღსავსე სულით!
კრებაში
8. ა) რა უნდა იყოს კრებაში ყოველთვის ჩვენი მიზანი? ბ) რომელ ვითარებებში მოითხოვდა ზოგიერთი მითითებების მიღებას ან ცდილობდა წესების დადგენას?
8 მსგავსად, ჩვენი მიზანია, რომ კრებაშიც სიყვარულით აღვაშენოთ ერთიმეორე (1 თესალონიკელთა 5:11). ასე რომ, თითოეული ქრისტიანი უნდა იყოს ფრთხილი, რათა სავსებით პირად საკითხებზე საკუთარი აზრები სხვებს არ მოახვიოს თავზე და არ დაუმძიმოს ტვირთი. ხანდახან საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში მოდის წერილები თხოვნით, რომ საზოგადოებისგან მიიღონ მითითებები, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება გარკვეულ ფილმებს, წიგნებსა და თვით სათამაშოებს. მაგრამ საზოგადოებას არა აქვს უფლება, დაწვრილებით გამოიკვლიოს ასეთი საკითხები და გამოსცეს მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის პირადი ან თვითონ ოჯახის თავის საქმე, რომელმაც ბიბლიის პრინციპებისადმი სიყვარულის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მრავალს აქვს ისეთი მიდრეკილება, რომ საზოგადოების რჩევები და მითითებები წესებად აქციოს. მაგალითად, 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.) გვთავაზობდა შესანიშნავ გამამხნევებელ სტატიას უხუცესების მიერ კრების წევრების რეგულარულ სამწყემსო მონახულებასთან დაკავშირებით. ნუთუ ეს წესების დადგენისთვის იყო განზრახული? არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია რჩევების მიმყოლთათვის ძალიან სასარგებლოა, ზოგი უხუცესი ვერ იყენებს მას. მსგავსად, სტატიაში „მკითხველთა შეკითხვები“ 1995 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) გამოცემაში, მოცემული იყო გაფრთხილება ღირსების დამამცირებელ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ნათლობის დროს უკიდურესობამდე მიდიან, აწყობენ თავაშვებულ ღრეობებსა და დღესასწაულებს. ზოგი ამ აწონ-დაწონილი რჩევის წაკითხვის შემდეგ უკიდურესობაში გადავარდა და რაღაც წესიც კი დაადგინა, რომ ნათლობის შემთხვევაში გამამხნევებელი ღია ბარათის გაგზავნა არასწორი იქნებოდა!
9. რატომ არის მნიშვნელოვანი, თავი ავარიდოთ ერთმანეთის მიმართ ზომაგადასულ კრიტიკასა და მსჯავრის დადებას?
9 ასევე, განვიხილოთ ისიც, რომ, თუ ‘თავისუფლების სრულყოფილი რჯული’ ჩვენს შორის სუფევს, უნდა შევიგნოთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი სინდისი არა აქვს (იაკობი 1:25). ნუთუ საკამათოდ უნდა გავხადოთ რომელიმე პიროვნების პირადი არჩევანი, რითაც არ ირღვევა ბიბლიის პრინციპები? არა. ასეთი მოქმედება განხეთქილების მომტანი იქნებოდა (1 კორინთელთა 1:10). როდესაც თანაქრისტიანზე მსჯავრის დადებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას იძლეოდა, პავლემ თქვა: „თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება“ (რომაელთა 14:4). თუ ერთმანეთის შესახებ ვლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რაც პიროვნების პირად სინდისზეა, საშიშროების წინაშე ვდგებით, გული ვატკინოთ იეჰოვას (იაკობი 4:10–12).
10. ვინ არიან დანიშნული კრების ზედამხედველებად და როგორ უნდა ამოვუდგეთ მათ მხარში?
10 მოდი, გავიხსენოთ ისიც, რომ უხუცესები დანიშნული არიან იმისთვის, რომ იზრუნონ ღვთის სამწყსოზე (საქმეები 20:28). ისინი დასახმარებლად არიან. ჩვენ თავისუფლად უნდა მივუახლოვდეთ მათ რჩევისთვის, რადგან ბიბლიის მკვლევარები არიან და კარგად არიან გაცნობილი ყოველივე იმას, რაც საგუშაგო კოშკის საზოგადოების ლიტერატურაში იყო განხილული. როდესაც უხუცესები ხედავენ ისეთ მოქმედებას, რაც შემდეგში ბიბლიის პრინციპების დარღვევაში გადაიზრდება, გაბედულად იძლევიან საჭირო რჩევას (გალატელთა 6:1). კრების წევრები მიჰყვებიან ქრისტეს რჯულს, როდესაც თანამშრომლობენ ძვირფას მწყემსებთან, რომლებიც მათ შორის ხელმძღვანელობას იღებენ საკუთარ თავზე (ებრაელთა 13:7).
უხუცესები იყენებენ ქრისტეს რჯულს
11. როგორ იყენებენ უხუცესები ქრისტეს რჯულს კრებაში?
11 უხუცესებს ძალიან სურთ, კრებაში შეასრულონ ქრისტეს რჯული. ისინი ხელმძღვანელობას იღებენ საკუთარ თავზე კეთილი ცნობის ქადაგებაში, ბიბლიიდან ისე ასწავლიან, რომ მსმენელების გულს შეეხოს და, როგორც მოსიყვარულე, ალერსიანი მწყემსები, საუბრობენ „დამწუხრებულებთან“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). ისინი ერიდებიან არაქრისტიანულ თვალსაზრისს, რაც ასე ხშირია ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში. ფაქტია, რომ ეს წუთისოფელი უდიდესი სისწრაფით განიცდის გადაგვარებას და უხუცესები პავლეს მსგავსად, გულმოდგინედ ზრუნავენ სამწყსოზე; მაგრამ ასეთი ზრუნვის დროს ინარჩუნებენ გაწონასწორებას (2 კორინთელთა 11:28).
12. როდესაც ქრისტიანი უხუცესს დახმარებისთვის მიმართავს, როგორ შეუძლია უხუცესს მოიქცეს?
12 მაგალითად, ქრისტიანს, შესაძლოა, სურს, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, უხუცესისგან მიიღოს რჩევა რომლის შესახებაც არ არის ბიბლიის პირდაპირი მითითება ან სხვადასხვა ქრისტიანული პრინციპების გაწონასწორებას მოითხოვს. დავუშვათ, დაწინაურება შესთავაზეს ისეთ სამუშაოზე, სადაც უფრო დიდ ხელფასს სთავაზობენ, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებენ. ან, შესაძლოა, ურწმუნო მამა ახალგაზრდა ქრისტიანისგან მოითხოვს იმას, რაც შესაძლოა მის მსახურებაზე მოახდენს გავლენას. ასეთ ვითარებაში უხუცესი თავს იკავებს პირადი თვალსაზრისის გამოთქმაზე. ამის ნაცვლად, როგორც მოსალოდნელია, გადაშლის ბიბლიას და დაეხმარება მას, იმსჯელოს შესაბამის პრინციპებზე. თუ ხელმისაწვდომია, მან შეიძლება გამოიყენოს „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი“, რომ ნახოს, რა თქვა ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ ამ საკითხთან დაკავშირებით „საგუშაგო კოშკის“ და სხვა პუბლიკაციების ფურცლებზე (მათე 24:45). როგორ უნდა მოიქცეს უხუცესი, თუ, მისი აზრით, ქრისტიანი არაგონივრულ გადაწყვეტილებას ღებულობს? თუ გადაწყვეტილება პირდაპირ არ არღვევს ბიბლიის პრინციპებს ან კანონებს, ქრისტიანი დაინახავს, რომ უხუცესი პატივს სცემს პიროვნების უფლებას, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რადგან იცის, რომ ‘ყველა თავის სატარებელს ატარებს’. მაგრამ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:5, 7).
13. რატომ ეხმარებიან უხუცესები სხვებს, თვითონ იმსჯელონ საკითხზე, იმის ნაცვლად, რომ კითხვებზე პირდაპირი პასუხი გასცენ ან საკუთარი თვალსაზრისი შესთავაზონ?
13 რატომ მოქმედებს გამოცდილი უხუცესი ასე? სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველი: პავლემ ერთ-ერთ კრებას უთხრა, რომ ‘არ უფლობდა მათ რწმენაზე’ (2 კორინთელთა 1:24). როდესაც უხუცესი ძმას ეხმარება, იმსჯელოს ბიბლიის მუხლებზე და მიიღოს შემეცნებაზე დამყარებული გადაწყვეტილება, პავლეს პოზიციას ჰბაძავს. მას ესმის, რომ მის უფლებებს აქვს საზღვრები, როგორც იესოს ესმოდა საკუთარი უფლებების საზღვრები (ლუკა 12:13, 14; იუდა 9). ამავე დროს, უხუცესები მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად იმ დროს, როდესაც საჭიროა პირდაპირი, ბიბლიიდან გამომდინარე რჩევის მიცემა. მეორე: უხუცესი ასწავლის თანაქრისტიანებს. პავლე მოციქული ამბობდა: „მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:14). მაშასადამე, მოწიფულობის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ათვისების უნარი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. როცა უხუცესი თანაქრისტიანს უჩვენებს, როგორ იმსჯელოს ბიბლიის მუხლებზე, წინსვლაში ეხმარება მას.
14. როგორ შეუძლიათ მოწიფულ პიროვნებებს, აჩვენონ, რომ მინდობილი არიან იეჰოვაზე?
14 ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გულზე იმოქმედებს. ამიტომ მოუწოდებენ თავიანთი ძმების გულს მოწიფული ქრისტიანები, ევედრებიან ისე, როგორც პავლე (2 კორინთელთა 8:8; 10:1; ფილიმონი 8, 9). პავლემ იცოდა, რომ სამართლიანებს კი არა, ძირითადად, უსამართლოებს ესაჭიროებათ დაწვრილებითი კანონები, რომ სათანადოდ მოიქცნენ (1 ტიმოთე 1:9). ის ეჭვსა და უნდობლობას კი არ ავლენდა ძმების მიმართ, არამედ რწმენას. ერთ კრებას სწერდა: „ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში“ (2 თესალონიკელთა 3:4). პავლეს რწმენა, ნდობა და დაჯერებულობა ძალიან ბევრს აკეთებდა ქრისტიანების წასახალისებლად. უხუცესებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს იგივე მიზანი აქვთ. რა გამომაცოცხლებლები არიან ეს ერთგული ადამიანები, რადგან სიყვარულით მწყემსავენ ღვთის სამწყსოს! (ესაია 32:1, 2; 1 პეტრე 5:1–3).
ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად
15. რომელი კითხვები შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს, რომ დავინახოთ, ვიყენებთ თუ არა ქრისტეს რჯულს ძმებთან ურთიერთობაში?
15 ყოველ ჩვენგანს გვესაჭიროება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, რომ ვნახოთ, ვცხოვრობთ თუ არა ქრისტეს რჯულის თანახმად და ხელს ვუწყობთ თუ არა სხვებში მის მოქმედებას (2 კორინთელთა 13:5). სინამდვილეში, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება შეკითხვები: „ვახალისებ სხვებს თუ კრიტიკული ვარ? გაწონასწორებას ვავლენ თუ უკიდურესობებში ვვარდები? ყურადღებით ვექცევი სხვებს თუ საკუთარ უფლებებს ვიჟინებ?“ ქრისტიანი არ უნდა ცდილობდეს, უკარნახოს ძმას, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას ამა თუ იმ საკითხში, რომელიც ბიბლიაში განსაკუთრებული ხაზგასმით არ არის მოცემული (რომაელთა 12:1; 1 კორინთელთა 4:6).
16. როგორ შეგვიძლია ქრისტეს რჯულის მნიშვნელოვანი მხარის გამოყენებით დავეხმაროთ მათ, რომლებსაც უარყოფითი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე?
16 ჩვენს კრიტიკულ დროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვცდილობდეთ ერთმანეთის გამხნევებას (ებრაელთა 10:24, 25; შეადარე მათე 7:1–5). როდესაც ვუყურებთ ჩვენს ძმებსა და დებს, ნუთუ მათი დადებითი თვისებები უფრო მეტს არ ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე სისუსტეები? იეჰოვასთვის ყველა ძვირფასია. სამწუხაროდ, ყველა არ ფიქრობს ასე, თვით საკუთარ თავზეც კი. მრავალი მიდრეკილია, დაინახოს მხოლოდ პირადი ნაკლი და არასრულყოფილება. ასეთების — და სხვების — გასამხნევებლად ნუთუ არ უნდა შევეცადოთ ერთ ან ორ ადამიანთან მაინც მოვახერხოთ საუბარი კრების შეხვედრებისას, რომ გაიგონ, რატომ ვაფასებთ მათ დასწრებასა და მნიშვნელოვან შესაწირავს, რასაც კრებისთვის აკეთებენ? რა სასიხარულოა, რომ ასეთნაირად არის შესაძლებელი შეამსუბუქო მათი ტვირთი და შეასრულო ქრისტეს რჯული! (გალატელთა 6:2).
ქრისტეს რჯული მოქმედებს!
17. რა ცხადყოფს, რომ ქრისტეს რჯული ჩვენს კრებაში მოქმედია?
17 ქრისტიანულ კრებაში მოქმედებს ქრისტეს რჯული. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ — როდესაც თანაქრისტიანები ხალისით ქადაგებენ კეთილ ცნობას, როდესაც ანუგეშებენ და ამხნევებენ ერთმანეთს, როდესაც დიდი პრობლემების მიუხედავად, იბრძვიან, ემსახურონ იეჰოვას, როდესაც მშობლები ცდილობენ ისე აღზარდონ ბავშვები, რომ სიხარულით აღსავსე გულით უყვარდეთ იეჰოვა, როდესაც ზედამხედველები ღვთის სიტყვას ასწავლიან სიყვარულითა და სითბოთი, სამწყსოს უნერგავენ იეჰოვასადმი მარადიული მსახურების უდიდეს სურვილს (მათე 28:19, 20; 1 თესალონიკელთა 5:11, 14). როდესაც ჩვენ, როგორც ინდივიდუალური პიროვნებები, ქრისტეს რჯულს საკუთარ ცხოვრებაშიც ვამოქმედებთ, როგორ ხარობს იეჰოვას გული! (იგავნი 23:15). მას სურს, რომ ყველამ, ვისაც მისი სრულყოფილი რჯული უყვარს, მარადიულად იცხოვროს. მომავალ სამოთხეში ჩვენ ვნახავთ იმ დროს, როდესაც ადამიანები იქნებიან სრულყოფილები, როდესაც არავინ დაარღვევს რჯულს და ჩვენი გულის ყოველ მიდრეკილებას კონტროლი გაეწევა. რა დიდებული ჯილდოა ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრება!
[სქოლიოები]
a ასეთი სახლები არ ჰგვანან ქრისტიანული სამყაროს მონასტრებს. იქ არ არიან „მღვდლები“, ანუ „მამაოები“, არანაირი გაგებით (მათე 23:9). პასუხისმგებელ ძმებს პატივს სცემენ, მაგრამ მათ მსახურებას იგივე პრინციპები ხელმძღვანელობს, რომლებიც ყველა უხუცესს მართავს.
შენ როგორ ფიქრობ?
◻ რატომ ვერ გაიგო ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს რჯული?
◻ როგორ შეგვიძლია ავამოქმედოთ ქრისტეს რჯული ჩვენს ოჯახში?
◻ რას უნდა მოვერიდოთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქრისტეს რჯული ქრისტიანულ კრებაში გამოვიყენოთ?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს, დაემორჩილონ ქრისტეს რჯულს კრებასთან დაკავშირებულ საქმეებში?
[სურათი 31 გვერდზე]
რამდენად გამომაცოცხლებლები არიან ჩვენი უხუცესები!