საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა“
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • „როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა“

      უზარმაზარი ნაგვის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე გადავიდა და ცოლ-ქმარსა და 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. როგორც ნიუ-იორკში გამომავალი ერთი გაზეთი იუწყებოდა, ცოლ-ქმარი ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცმა კი გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, პირველი რაც გაიფიქრა, ეს იყო: „არ მჯერა, რომ ასეთი რამ შემემთხვა. ღმერთო, მიშველე!“ მოგვიანებით კი თქვა: „როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა“.

      ალბათ, თქვენც გაგიგიათ მსგავსი შემთხვევა. როდესაც ვინმე სიკვდილის კლანჭებს აღწევს თავს, ხალხი ამბობს: „ალბათ, სიკვდილი არ ეწერა“, მაგრამ, როცა ვინმე იღუპება, ამბობენ: „ალბათ, ასე ეწერა“ ან „ეს ღმერთის ნება იყო“. მნიშვნელობა არა აქვს, ამას ბედისწერას მიაწერენ თუ ღმერთს, ასეთ შეხედულებას ცრურწმენა უდევს საფუძვლად. ბევრს სჯერა, რომ მათი მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული და არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ასე ადამიანები მხოლოდ მაშინ არ ფიქრობენ, როცა ვიღაცა უკვდებათ ან რაიმე უბედურება შეემთხვევათ, არამედ მაშინაც, როცა საქმე წვრილმანებს ეხება. ასეთი ცრურწმენა სიახლე არ არის, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.

      მაგალითად, ძველად ბაბილონში სწამდათ, რომ ვარსკვლავები გავლენას ახდენდნენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ამიტომ ბაბილონელები ცას შეჰყურებდნენ, რომ რაიმე ნიშანი დაენახათ და მისით ეხელმძღვანელათ. ბერძნები და რომაელები თაყვანს სცემდნენ ბედისწერის ქალღმერთებს. მათი აზრით, სწორედ ისინი განაგებდნენ ხალხის მომავალს და ზოგჯერ მათ ნებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე — ზევსისას და იუპიტერისას.

      აზიის ქვეყნებში ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ ადამიანის დღევანდელი მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვლო წინა ცხოვრება, ხოლო მისი ამჟამინდელი ცხოვრება განსაზღვრავს მის მომავალს. სხვა რელიგიებისთვისაც, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისთვის, მისაღებია ფატალიზმი ანუ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული.

      დღეს, ჩვენს განვითარებულ ეპოქაშიც კი ბევრს სჯერა, რომ მათ ცხოვრებას ბედისწერა განაგებს და თითქმის არაფრის შეცვლა შეუძლიათ. თქვენც ასე ფიქრობთ? მართლა წინასწარ არის განსაზღვრული, როგორ განვითარდება თქვენს ცხოვრებაში მოვლენები, წარმატებული იქნებით თუ არა და, მათ შორის თქვენი ქვეყნად მოვლინება თუ სიკვდილი? მართლა ბედისწერა განაგებს თქვენს ცხოვრებას? მოდი, გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია.

  • ყველაფერს თავისი დრო აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • ყველაფერს თავისი დრო აქვს

      „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“, — ნათქვამია ბიბლიაში. ეს სიტყვები ძველი ისრაელის ბრძენმა მეფე სოლომონმა წარმოთქვა, და შემდეგ დასძინა, რომ არსებობს შობისა და სიკვდილის დრო, აშენებისა და დანგრევის დრო, სიყვარულისა და სიძულვილის დრო. ბოლოს კი თქვა: „რას არგებს მკეთებელს თავისი გარჯა?“ (ეკლესიასტე 3:1—9)

      ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ზოგი ასკვნის, რომ ყველაფრის დრო წინასწარ არის განსაზღვრული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია მხარს უჭერს ბედისწერის არსებობას. მართლა ასეა ეს? იზიარებს ბიბლია იმ მოსაზრებას, რომ ადამიანის ცხოვრებას ბედისწერა განაგებს? „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“, ამიტომ რასაც ბიბლიის ერთ მუხლში ვკითხულობთ, შეთანხმებული უნდა იყოს სხვა მუხლებთან. ახლა ვნახოთ, რას ამბობს ბიბლიის სხვა მონაკვეთები ამ საკითხზე (2 ტიმოთე 3:16).

      დრო და შემთხვევა

      აი, კიდევ რას წერს ბიბლიის წიგნ „ეკლესიასტეში“ სოლომონი: „გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით“. რატომ ამბობს ამას სოლომონი? „რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

      სოლომონი არ ამბობს, რომ ყველაფერს ბედისწერა განაგებს. იგი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, როგორ დამთავრდება ესა თუ ის საქმე, „რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. ხშირად, როცა ვინმეს კარგი რამ შეემთხვევა, ეს უბრალო მიზეზით აიხსნება — ის სათანადო დროს აღმოჩნდა საჭირო ადგილას, ხოლო თუ ცუდი რამ შეემთხვევა — ცუდ დროს აღმოჩნდა ცუდ ადგილას.

      დავფიქრდეთ ამ სიტყვებზე: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში“. შეიძლება გაგახსენდეთ 1984 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გამართული ოლიმპიური თამაშების დროს ქალთა შეჯიბრება სირბილში 3 000 მეტრიან დისტანციაზე. ორი მორბენალი, რომელთაგანაც ერთი ბრიტანელი იყო, მეორე კი ამერიკელი, ოქროს მედლის მოპოვებას იმედოვნებდა. მაგრამ დისტანციის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ დაფარული, როცა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთი წაიქცა და შეჯიბრებას გამოეთიშა, ხოლო მეორემ გული აიცრუა და მეშვიდე მივიდა ფინიშის ხაზამდე.

      ბედისწერა იყო ეს? ზოგმა შეიძლება ასეც იფიქროს, მაგრამ მიზეზი აშკარაა: ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ, რასაც ვერც ერთი მათგანი წინასწარ ვერ განჭვრეტდა. სწორედ შეჯახება გახდა მათი მარცხის მიზეზი. და მაინც, იქნებ მათი შეჯახება იყო წინასწარ განსაზღვრული? მაგრამ სპორტული კომენტატორების შეფასებით, გამარჯვებისთვის ორი უძლიერესი სპორტსმენის გამალებული რბოლა გახდა ამის მიზეზი. როგორც ბიბლია ამბობს, „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ვინმე მომზადებული, გაუთვალისწინებელი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს, რამაც შესაძლოა საბოლოო შედეგზე იმოქმედოს. ამას კი ნამდვილად ვერ დავარქმევთ ბედისწერას.

      მაშ, რატომ არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს? ნუთუ ბედისწერა განაგებს ჩვენს ცხოვრებას?

      ხელსაყრელი დრო

      ზემოხსენებულ სიტყვებში სოლომონი არ გულისხმობდა ადამიანის ხვედრს, არამედ ღვთის განზრახვას და იმას, თუ რას მოუტანდა ეს განზრახვა ადამიანებს. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? რასაკვირველია, ისევ კონტექსტის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც ბევრი ისეთი რამ მოიხსენია, რასაც „თავისი დრო აქვს“, სოლომონმა აღნიშნა: „ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:10, 11).

      ღმერთმა ადამიანებს მრავალი საქმის გაკეთება დაავალა, რომელთაგანაც ზოგი სოლომონმა მოიხსენია. ღმერთმა ნების თავისუფლებაც გვიბოძა, რათა თავად გავაკეთოთ არჩევანი. მაგრამ ნებისმიერი საქმე მაშინ გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, თუ სათანადო და ხელსაყრელ დროს გაკეთდება. მაგალითად, სოლომონი ამბობს, რომ არსებობს „დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:2). მიწათმოქმედმა იცის, როდის უნდა დათესოს თესლი. რა მოხდება, თუ ისეთ დროს დათესავს როცა თესვის სეზონი არ არის? ბედს უნდა მიაწეროს, თუ მძიმე შრომის მიუხედავად კარგ მოსავალს ვერ აიღებს? რასაკვირველია, არა, რადგან მიწათმოქმედს თესლი თავის დროზე არ დაუთესავს. იგი იმ შემთხვევაში აიღებდა კარგ მოსავალს, თუ შემოქმედის მიერ ბუნებაში დადგენილ წესებს დაემორჩილებოდა.

      ასე რომ, ღმერთმა ჩვენი მომავალი წინასწარ კი არ განსაზღვრა, არამედ დაადგინა კანონები და წესები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრება. ადამიანი რომ წარმატებული იყოს თავის საქმეში, უნდა ესმოდეს, რა არის ღვთის მიერ დადგენილი წესები თუ კანონები და მათ თანახმად მოქმედებდეს. წინასწარ განსაზღვრული და შეუცვლელი ღვთის განზრახვაა და არა ადამიანის ბედი. ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვა ამბობს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

      როგორ შეასრულებს ღმერთი თავის „სიტყვას“ ანუ განზრახვას, რაც დედამიწასა და კაცობრიობის მომავალს ეხება?

      ღვთის მიერ დადგენილი დრო

      სოლომონი ასეთ მინიშნებას აკეთებს: „[ღმერთმა] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“. შემდეგ დასძენს: „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლესიასტე 3:11).

      ამ მუხლის გარშემო ბევრი დაიწერა. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია, რა არის სიცოცხლის აზრი და რა მოგველის. მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანებს უჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ ცხოვრება გარჯასა და შრომაში უნდა გაეტარებინათ და ბოლოს მომკვდარიყვნენ. ყველა ქმნილებას შორის ადამიანი ყველაზე უნიკალურია; მას შეუძლია იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზეც. ჩვენ მარადიულ სიცოცხლესაც კი ვნატრობთ, რადგან, როგორც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, ღმერთმა ‘მარადიულობა ჩადო ჩვენს გულებში’.

      ადამიანს მარადიულად ცხოვრების იმდენად ძლიერი სურვილი აქვს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაც კი დაიჯერა. ზოგის აზრით, სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება ანუ რჩება რაღაც, რაც განაგრძობს არსებობას; ზოგს რეინკარნაციის სჯერა; ზოგსაც სწამს, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერს ბედისწერა განაგებს, რის გამოც არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. მაგრამ ყველა ეს მოსაზრება საფუძველს არის მოკლებული. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ამის მიზეზი ის არის, რომ ‘ადამიანები თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაიგებენ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა’.

      საუკუნეების მანძილზე მოაზროვნეებსა და ფილოსოფოსებს მოსვენებას არ აძლევდა სიცოცხლის აზრთან დაკავშირებული კითხვები. რამდენადაც ღმერთმა ჩადო ჩვენს გულებში მარადიული სიცოცხლის სურვილი, განა ლოგიკური არ არის, გვჯეროდეს, რომ იგი დაგვიკმაყოფილებს კიდეც ამ სურვილს? ბიბლიაში ხომ იეჰოვაზე ნათქვამია: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმუნი 145:16). თუ ღვთის სიტყვას მივმართავთ, ჩვენთვის ნათელი მოეფინება იმას, თუ რა არის სიცოცხლის აზრი, რატომ კვდებიან ადამიანები და ღვთის განზრახვის თანახმად, რა მომავალი გველის (ეფესოელები 3:11).

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში“ (ეკლესიასტე 9:11)

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      თუ მიწათმოქმედმა თავის დროზე არ დათესა თესლი, ცუდი მოსავალი რომ აიღოს, ბედს უნდა მიაწეროს?

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ სიცოცხლის აზრზე, რადგან ღმერთმა მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში

  • არჩევნის გაკეთების დრო
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • არჩევნის გაკეთების დრო

      „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).

      ეს ცნობილი სიტყვები, რომელსაც ბიბლიის პირველ ფურცლებზე ვკითხულობთ, აჩვენებს, თუ რა „მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა (ეკლესიასტე 3:11). შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28).

      ამ სიტყვებით ღმერთმა პირველ ადამიანებს თავისი განზრახვა გააცნო, კერძოდ, ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ, ეზრუნათ დედამიწაზე და სამოთხედ გადაექციათ. ღმერთს წინასწარ არ ჰქონდა განსაზღვრული, რამდენ ხანს უნდა ეცოცხლათ ადამსა და ევას. იეჰოვა მათ საოცარ რამეს დაჰპირდა — თუ სწორ არჩევანს გააკეთებდნენ და ღმერთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ, მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ სრულყოფილ გარემოში.

      სამწუხაროდ, მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს, რის შედეგადაც მათი შთამომავლები ბერდებიან და კვდებიან. ღვთის ერთგულმა მსახურმა იობმა აღნიშნა: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (იობი 14:1). რამ მიიყვანა ადამიანები ამ მდგომარეობამდე?

      „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“, — ნათქვამია ბიბლიაში (რომაელები 5:12). „ერთი ადამიანი“, რასაკვირველია, ადამი იყო, რომელმაც განზრახ დაარღვია ღვთის მიერ დადგენილი მარტივი, მაგრამ გასაგებად ნათქვამი ბრძანება (დაბადება 2:17). თავისი არჩევნით ადამმა დაკარგა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა სამოთხეში დედამიწაზე. მან თავის შთამომავლებსაც დააკარგვინა ძვირფასი მემკვიდრეობა და ცოდვა და სიკვდილი გადასცა. მაგრამ იყო მდგომარეობა უიმედო?

      განახლების დრო

      ათასწლეულების შემდეგ ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ედემის ბაღში მიცემული დანაპირების უტყუარობას ღვთის ის ამაღელვებელი სიტყვებიც ადასტურებს, რომლებიც მალე შესრულდება: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. შემდეგ კი ღმერთი დასძენს: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).

      ვინაიდან ყველაფერს თავისი დრო აქვს, იბადება კითხვა: როდის დადგება განახლების დრო და როდის იქცევა რეალობად ღვთის დიდებული დაპირება? ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები, ცდილობენ, ხალხს დაანახვონ, რომ იმ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს; ეს ის დროა, როცა ღმერთი მალე დაიწყებს ‘ყოველივე ახლის შექმნას’ (2 ტიმოთე 3:1). გამოიკვლიეთ ბიბლია და გაიგეთ იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელიც თქვენ გელოდებათ. ყურად იღეთ ღვთის შემდეგი სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა! მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!“ (ესაია 55:6). ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ ბედისწერა განაგებს თქვენს ცხოვრებას — თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა!

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება