საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მართავს თუ არა შენს ცხოვრებას ბედი?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • მართავს თუ არა შენს ცხოვრებას ბედი?

      „ალა ნო დოუ“. დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, მალიში, ბამბარას ენაზე ეს გამოთქმა ნიშნავს: „ღვთის ნამოქმედარია“. მსგავსი გამოთქმები საკმაოდ არის გავრცელებული დედამიწის ამ ნაწილში. ვოლოფის ენაზე ამბობენ: „იალაჰ მოუ კოუ დეფ“ (ღმერთმა გააკეთა). ხოლო დოგონის ტომის წევრები თავიანთ დიალექტზე ამბობენ: „ამა ბირე“ (ღმერთმა გამოიწვია).

      მსგავსი გამოთქმები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „თავისმა დრომ უწიაო“ და „ღვთის ნება იყო“, ხშირად, მაშინ ისმის, როცა ადამიანს სიკვდილი ან უბედურება ეწევა. დასავლეთ აფრიკაში ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს აწერია და მაღაზიებში პლაკატებად არის გაკრული. მრავალი ადამიანისთვის ისინი მხოლოდ მეტაფორულ გამოთქმებს წარმოადგენს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი ღრმად გამჯდარი ფატალიზმის რწმენას ირეკლავს.

      რა არის ფატალიზმი? „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia) განმარტავს მას, როგორც „რწმენას, რომლის თანახმადაც მოვლენების განვითარებას წყვეტს ძალები, რომლებსაც ადამიანები ვერ მართავენ“. რას წარმოადგენს ეს „ძალები“? ათასობით წლის წინ ბაბილონელებს სწამდათ, რომ პიროვნების დაბადების დროს მის ბედზე ძლიერ გავლენას ვარსკვლავების განლაგება ახდენდა (შეადარე ესაია 47:13). ბერძნებს სწამდათ, რომ ბედი სამი ძლევამოსილი ქალღმერთის ხელში იყო, რომლებიც ართავდნენ, ზომავდნენ და წყვეტდნენ სიცოცხლის ძაფს. მაგრამ, სწორედ ქრისტიანული სამყაროს თეოლოგებმა ჩაუყარეს დასაბამი კონცეფციას, რომ თვით ღმერთი წყვეტს პიროვნების ბედს!

      მაგალითად, „წმინდა“ ავგუსტინემ უარყო ასტროლოგების „ცრუ და დამღუპველი აზრები“. სხვა მხრივ, ის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ „ღვთის არსებობის აღიარება და, ამავე დროს, მომავლის ცოდნის მისი უნარის უარყოფა, ყველაზე აშკარა უგუნურებაა“. მისი სიტყვების თანახმად, რადგან ღმერთი ნამდვილად ყოვლისშემძლეა, მან უნდა „იცოდეს ყველაფერი მანამდე, სანამ მოხდება“ და „არაფერს უნდა ტოვებდეს წინასწარ განუსაზღვრელად“. მიუხედავად ამისა, ავგუსტინე მგზნებარედ ამტკიცებდა, რომ, თუმცა ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, რაც მოხდება, ადამიანებს მაინც აქვთ ნების თავისუფლება („ღვთის ქალაქი“, წიგნი V, თავები 7–9 [The City of God]).

      საუკუნეების შემდეგ პროტესტანტმა თეოლოგმა ჟან კალვინმა კიდევ უფრო განავითარა ეს აზრი იმის მტკიცებით, რომ მაშინ, როცა ზოგიერთს „[ღვთის მიერ] უწერია ზეციერ სამეფოში ბავშვებად და მემკვიდრეებად ყოფნა“, სხვებს „ღვთის რისხვის დატეხა“ უწერიათ!

      დღეს ბედთან დაკავშირებული რწმენა დედამიწის მრავალ კუთხეშია მიღებული. განვიხილოთ დასავლეთ აფრიკელი ახალგაზრდა მამაკაცის, იუსმენის, შემთხვევა. სკოლაში ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ ბოლო გამოცდაზე ჩაიჭრა! ეს მხოლოდ იმავე კლასში კიდევ ერთი წლით დარჩენას კი არ ნიშნავდა, არამედ აგრეთვე მტანჯველ უხერხულობას ოჯახისა და მეგობრების წინაშე. მეგობარი მის დამშვიდებას ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ მომხდარი ღვთის ნება იყო. მსგავსად, იუსმენის წარუმატებლობას დედამისიც ბედს აბრალებდა.

      თავიდან იუსმენს უხაროდა მათი ღრმა თანაგრძნობის მიღება. გარდა ამისა, თუ წარუმატებლობა ნამდვილად ღვთის ნებით იყო გამოწვეული, ის ვერაფერს გააკეთებდა, რომ ის თავიდან აეცილებინა. მაგრამ მამამისი სხვანაირად უყურებდა საქმეს. მან უთხრა იუსმენს, რომ გამოცდაზე ჩაჭრა მისი ბრალი იყო — და არა ღვთის. იუსმენი მხოლოდ იმიტომ ჩაიჭრა, რომ მეცადინეობა უგულებელყო.

      რადგან ბედთან დაკავშირებით რწმენა შეერყა, იუსმენმა გადაწყვიტა, თვითონ გამოეკვლია ეს საკითხები. ჩვენ მოგიწოდებთ იმავეს გასაკეთებლად მომდევნო სტატიის განხილვის საშუალებით.

  • ასწავლის თუ არა ბიბლია რწმენას ბედის შესახებ?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • ასწავლის თუ არა ბიბლია რწმენას ბედის შესახებ?

      ცილისწამება! ჭორი! სახელის ან რეპუტაციის ცრუ ცნობებით შელახვა საზოგადოების პატივცემულ წევრს აიძულებს, გამოასწოროს მდგომარეობა. ცილისმწამებლების წინააღმდეგ მას კანონიერი ზომების მიღებაც კი შეუძლია.

      ფატალიზმი არაფრით ჩამორჩება ცილისწამებას ყოვლისშემძლე ღმერთის წინააღმდეგ. ეს თეორია აცხადებს, რომ პირადად ღმერთია პასუხისმგებელი ყველა იმ უბედურებასა და წარუმატებლობაზე, რომლებიც კაცობრიობას ანაღვლიანებს. თუ ბედი გწამს, შეიძლება წარმოიდგინო, რომ უზენაესი უფალი ადგენს პროგრამას, რომელიც, დაახლოებით, ასე იკითხება: „დღეს ჯონი ავტოკატასტროფაში დასახიჩრდება, ფატიუს მალარია შეეყრება, მემედიუს სახლს გრიგალი დაანგრევს“! ნამდვილად აღიძვრებოდი ასეთი ღმერთისადმი მსახურებისთვის?

      „მაგრამ, თუ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი ჩვენს უბედურებებზე, მაშ, ვინ არის?“ — კითხულობენ ადამიანები, რომლებსაც ბედი სწამთ. წინა სტატიაში მოხსენიებულ ახალგაზრდა იუსმენსაც უკვირდა ეს. მაგრამ ჭეშმარიტების მოსაძებნად მას არც ვარაუდი დასჭირვებია, არც ყოყმანი. ინსპირირებულ სიტყვაში, ბიბლიაში, მოპოვებული სწავლებების საშუალებით მან გაიგო, რომ ღმერთმა განწმინდა თავისი სახელი ასეთი ცილისწამებისგან (2 ტიმოთე 3:16). მაშ, მოდი, განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.

      ვინ არის პასუხისმგებელი?

      მრავალი წყალდიდობა, გრიგალი, მიწისძვრა — ასეთ კატასტროფებს, ხშირად, ღვთის ნამოქმედარს უწოდებენ. მაგრამ ბიბლია არ აღნიშნავს, რომ ასეთ უბედურებებს ღმერთი იწვევს. განვიხილოთ უბედური შემთხვევა, რომელიც საუკუნეებით ადრე ახლო აღმოსავლეთში მოხდა. ბიბლია გვატყობინებს, რომ ამ კატასტროფაში ერთადერთი გადარჩენილი ამბობდა: „ღვთის ცეცხლი [ებრაული გამოთქმა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მეხს ნიშნავს] ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი“ (იობი 1:16).

      თუმცა შეძრწუნებულ მამაკაცს ცეცხლზე პასუხისმგებლად შეიძლება, ღმერთი ჩაეთვალა, ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთი არ იყო პასუხისმგებელი. პირადად წაიკითხე იობის 1:7–12 და გაიგებ, რომ მეხი ღმერთმა კი არ გამოიწვია, არამედ მისმა მოწინააღმდეგემ — სატანა ეშმაკმა! ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წარუმატებლობას, უშუალოდ, სატანა იწვევს. მაგრამ ნათელია, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს, ღმერთი დავადანაშაულოთ.

      სინამდვილეში, ცუდი შემთხვევების დროს, ხშირად, ადამიანები არიან დამნაშავეები. წარუმატებლობა სკოლაში, სამსახურში ან ყოველდღიურ ურთიერთობებში, შეიძლება, ნაკლები ძალისხმევისგან, ცუდი მომზადებისა და, შესაძლოა, სხვებისადმი უპატივცემლობისგან გამომდინარეობდეს. მსგავსად ამისა, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები და სიკვდილი შეიძლება დაუდევრობის შედეგი იყოს. მანქანის ტარებისას მხოლოდ უსაფრთხოების ღვედის გამოყენებაც კი ამცირებს ავტოკატასტროფაში სიკვდილის ალბათობას. უსაფრთხოების ღვედი ვერაფერს შეცვლიდა, თუ საქმის ვითარებას უცვლელი „ბედი“ უხელმძღვანელებდა. სწორი სამედიცინო ზრუნვა და სანიტარიაც საგრძნობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის შემთხვევებს. ფართოდ ცნობილი ისეთი უბედური შემთხვევებიც კი, რომლებსაც „ღვთის ნამოქმედარს“ აკუთვნებენ, სინამდვილეში, ადამიანის ნამოქმედარია — ადამიანის მიერ დედამიწის ცუდად მართვის სამწუხარო მემკვიდრეობაა (შეადარე გამოცხადება 11:18).

      „დრო და შემთხვევა“

      მართალია, არსებობს მრავალი სამწუხარო შემთხვევა, რომელთა მიზეზებიც ნათელი არ არის. მაგრამ დაუკვირდი, რას ამბობს ბიბლია ეკლესიასტეს 9:11-ში: „შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. ამიტომ, არ არსებობს მიზეზი, ვირწმუნოთ, რომ უბედური შემთხვევების უკან შემოქმედი დგას ან, რომ ასეთი შემთხვევების მრავალი მსხვერპლი ამგვარად ისჯება.

      თვით იესო ქრისტე გამოდიოდა ფატალისტური აზრების წინააღმდეგ. მსმენელისთვის კარგად ცნობილ ტრაგიკულ შემთხვევაზე მითითებით, იესომ იკითხა: „რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? არა, გეუბნებით“ (ლუკა 13:4, 5). ეს უბედურება იესომ ნათლად მიაკუთვნა ‘დროსა და შემთხვევას’ და არა ღვთის ჩარევას.

      არასრულყოფილების დამანგრეველი მოქმედება

      მაგრამ, რის თქმა შეიძლება სიკვდილისა და ავადმყოფობების აუხსნელი მიზეზების შესახებ? ბიბლია პირდაპირ აღწერს ადამიანთა მდგომარეობას: „ადამში კვდება ყველა“ (1 კორინთელთა 15:22). იმ დროიდან, რაც ჩვენი წინაპარი ადამი დაუმორჩილებლობის გზას დაადგა, სიკვდილი კაცობრიობის მწუხარების მიზეზს წარმოადგენს. სწორედ, როგორც ღმერთი აფრთხილებდა, ადამმა სიკვდილი დაუტოვა მემკვიდრეობად თავის შთამომავლებს (დაბადება 2:17; რომაელთა 5:12). ამგვარად, ყველა დაავადებას, საბოლოოდ, ჩვენს საერთო წინაპართან, ადამთან, მივყავართ. მემკვიდრეობით მიღებული სისუსტეები აგრეთვე იწვევს გულგატეხილობასა და წარუმატებლობებს, რომლებსაც ცხოვრებაში განვიცდით (ფსალმუნი 50:7).

      განვიხილოთ სიღარიბის პრობლემა. ხშირად, რწმენა ბედის შესახებ აღძრავს დატანჯულ ადამიანებს, შეურიგდნენ თავიანთ მძიმე არსებობას. მათ სწამთ, რომ ‘ეს მათი ხვედრია’. მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს ბედის კი არა, არამედ ადამიანის არასრულყოფილების ბრალია. ზოგი ღარიბდება, როცა სიზარმაცის ან სახსრების არასწორი გამოყენების გამო ‘იმკის იმას, რასაც თესავს’ (გალატელთა 6:7; იგავნი 6:10, 11). მრავალი მილიონი სიღარიბეში ცხოვრობს, რადგან ძალაუფლების მქონე ადამიანები ატყუებენ მათ (შეადარე იაკობი 2:6). ‘კაცი კაცზე მძლავრობს თავისდა [მისდა, აქ] საზიანოდ’, — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 8:9). არანაირი საბუთი არ არსებობს, რომ სიღარიბე ღმერთს ან ბედს მივაწეროთ.

      რწმენა ბედის შესახებ — მისი საზიანო შედეგები

      ბედის შესახებ რწმენის წინააღმდეგ სხვა დამარწმუნებელი არგუმენტი არის ზეგავლენა, რომელიც ფატალიზმმა შეიძლება მორწმუნეებზე მოახდინოს. იესო ქრისტემ თქვა: „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა“ (მათე 7:17). მოდი, განვიხილოთ ფატალიზმის ერთი ‘ნაყოფი’ — ზეგავლენა ადამიანთა პასუხისმგებლობის გრძნობაზე.

      ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პიროვნება საღად გრძნობს პასუხისმგებლობას. ეს ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც აღძრავს მშობლებს, ოჯახზე იზრუნონ, მუშებს — კეთილსინდისიერად იმუშაონ და მწარმოებლებს — ხარისხიანი ნაწარმი გამოსცენ. ბედის შესახებ რწმენამ შეიძლება დააჩლუნგოს ეს გრძნობა. მაგალითად, წარმოიდგინე მამაკაცი, რომლის მანქანის საჭის მექანიზმი გაფუჭებულია. თუ პასუხისმგებლობის მახვილი გრძნობა აქვს, საკუთარ სიცოცხლესა და სხვა მგზავრების სიცოცხლეზე ზრუნვით ის შეაკეთებს მექანიზმს. სხვა მხრივ, ბედის შესახებ რწმენის მომხრემ შეიძლება უგულებელყოს რისკი და იფიქროს, რომ ავარია იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს „ღვთის ნებაა“!

      დიახ, ბედის შესახებ რწმენას ადვილად შეუძლია, ხელი შეუწყოს უზრუნველობას, სიზარმაცეს, მოქმედებაში უპასუხისმგებლობასა და სხვა მრავალ უარყოფით თვისებას.

      დაბრკოლება ღმერთთან ურთიერთობაში?

      ყველაზე საზიანო კი ის არის, რომ ბედის შესახებ რწმენას ღვთისადმი პასუხისმგებლობის, ანუ მოვალეობის გრძნობის ჩახშობა შეუძლია (ეკლესიასტე 12:13). ფსალმუნმომღერალი ყველას მოუწოდებს, ‘განიცადონ და ნახონ, რომ კარგია უფალი’ (ფსალმუნი 33:9). მათთვის, ვინც მისი გულკეთილობით გაიხარებდა, ღმერთს გარკვეული მოთხოვნები აქვს (ფსალმუნი 14:1–5).

      ასეთი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის მონანიება (საქმეები 3:19; 17:30). ამაში შედის შეცდომების აღიარება და საჭირო ცვლილებების მოხდენა. თითოეულ ჩვენგანს, როგორც არასრულყოფილ ადამიანს, მრავალი მოსანანიებელი შეცდომა აქვს. მაგრამ, თუ პიროვნებას სწამს, რომ ის ბედის უმწეო მსხვერპლია, მას გაუჭირდება, იგრძნოს მონანიების აუცილებლობა ან თავის შეცდომებზე პასუხისმგებლობა.

      ფსალმუნმომღერალმა ღვთის შესახებ თქვა: „სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა“ (ფსალმუნი 62:4). მაგრამ ბედის შესახებ რწმენა არწმუნებს მილიონებს, რომ ღმერთია უბედურების მიზეზი. ბუნებრივია, ეს მრავალს ასასტიკებს მისადმი და შემოქმედთან ნამდვილად ახლო ურთიერთობისკენ კარს უკეტავს. გარდა ამისა, როგორ იგრძნობდი სიყვარულს პიროვნებისადმი, რომელსაც ყველა შენი პრობლემისა და განსაცდელის მიზეზად მიიჩნევ? ამრიგად, ფატალიზმი დაბრკოლებას ქმნის ღმერთსა და ადამიანს შორის.

      ბედის მტარვალობისგან გათავისუფლებული

      ერთ დროს, დასაწყისში მოხსენიებული ახალგაზრდა იუსმენი ბედის შესახებ რწმენის მონა იყო. მაგრამ, როცა იეჰოვას მოწმეები დაეხმარნენ ბიბლიის შუქზე თავისივე აზროვნების შეფასებაში, იუსმენმა უარყო რწმენა ბედის შესახებ. ამის შედეგად მან ღრმა გათავისუფლება იგრძნო და ცხოვრებაზე ახალი დადებითი თვალსაზრისი მოიპოვა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის გაეცნო იეჰოვას, როგორც ‘მწყალობელ და შემბრალებელ, სულგრძელ, დიდმადლიან და ჭეშმარიტ’ ღმერთს (გამოსვლა 34:6).

      აგრეთვე იუსმენმა შეიგნო, რომ, თუმცა ღმერთი არ გეგმავს ჩვენი ცხოვრების ყოველ წვრილმანს, მას აქვს მიზანი მომავლისთვისa. მეორე პეტრეს 3:13-ში ნათქვამია: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. იეჰოვას მოწმეების დახმარებით მილიონობით ადამიანი ავითარებს იმედს, რომ იცხოვრებს მარადიულად, როგორც ამ ‘ახალი მიწის’ ნაწილი. იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებოდნენ, შენც დაგხმარებოდნენ.

      ბიბლიის ზუსტ შემეცნებაში ზრდის მიხედვით, უფრო დააფასებ, რომ შენი მომავალი არ არის დამოკიდებული წინასწარ დადგენილ ბედზე, რომელსაც შენ ვერ მართავ. ამ შემთხვევაში სავსებით უხდება ძველი ისრაელებისადმი მოსეს მიერ წარმოთქმული სიტყვები: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას“ (მეორე რჯული 30:19, 20). დიახ, შენ შეგიძლია არჩევნის გაკეთება შენს მომავალთან დაკავშირებით. ეს ბედის ხელში არ არის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება