-
განსაზღვრულია ჩვენი მომავალი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აპრილი
-
-
განსაზღვრულია ჩვენი მომავალი?
ქრისტიანები, მუსულმანები, იუდეველები, ინდუსები თუ სხვა რწმენის ხალხი, ყველა განიცდის უბედურებებს და სწუხს მათ გამო.
მაგალითად, 1997 წლის 6 დეკემბერს ციმბირის ქალაქ ირკუტსკში საშინელი უბედურება დატრიალდა. გიგანტური სატვირთო თვითმფრინავი „ან-124“ ის იყო აეროდრომიდან აფრინდა, რომ მისი ორი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. საწვავით სავსე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ცეცხლმა რამდენიმე სახლი შთანთქა და სიკვდილი და უბედურება მოუტანა მრავალ უმწეო მობინადრეს, რომელთა შორის უმანკო ბავშვებიც იყვნენ.
ციმბირის იმ ნაწილში, სადაც ეს კატასტროფა მოხდა ადამიანებს, ალბათ, სხვადასხვა რელიგიური მრწამსი აქვთ. ზოგი მათგანი შეიძლება ქრისტიანია, მაგრამ ამავე დროს ფიქრობს, რომ ტრაგედია ბედისწერამ განაპირობა. მათ და ასევე სხვებსაც შეიძლება მიაჩნიათ, რომ „ეს ღვთის ნება იყო და ის ადამიანები ასე თუ არა, სხვაგვარად მაინც დაიღუპებოდნენ — ასეთი იყო მათი ბედი“.
ეს აზრი, ხმამაღლა გამოთქმულია თუ არა, გამოხატავს წარმოდგენას, რომელიც მთელი მსოფლიოს მრავალ რელიგიაშია გავრცელებული — წარმოდგენას ბედისწერის შესახებ. მრავალ ადამიანს სწამს, რომ დაბადებიდანვე წინასწარ განსაზღვრულია, თუ რა მოგველის სიკვდილის დღემდე.
ბედისწერის რწმენა სხვადასხვა სახით არის გავრცელებული, რის გამოც მისი განმარტების სრულად ჩამოყალიბება რთულია. ბედისწერა, ძირითადად, გამოხატავს თვალსაზრისს, რომ ყველაფერი რაც ხდება, თითოეული ფაქტი, თითოეული მოვლენა — კარგი თუ ცუდი — გარდაუვალია; ის აუცილებლად უნდა მოხდეს, ვინაიდან ასეა წინასწარ გადაწყვეტილი ადამიანზე მაღლა მდგომი ზებუნებრივი ძალის მიერ. ეს აზრი გვხვდება ასტროლოგიაში, ინდუიზმისა და ბუდიზმის კარმაში, ისევე როგორც ბედისწერის შესახებ ქრისტიანული სამყაროს სწავლებაში. წინათ, ძველ ბაბილონეთში, ადამიანებს სწამდათ, რომ ღმერთები ბედსა და მომავალს ჩანაწერების საშუალებით მართავდნენ. ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ ღმერთს, რომლის ხელშიც „ბედისწერის დაფები“ იყო, შეეძლო ადამიანების, სამეფოებისა და თვით ღმერთების ბედიც კი გადაეწყვიტა.
მრავალი მორწმუნის აზრით, სანამ ადამიანი დაიბადება ღმერთი თავისი ზეციური დადგენილებით ყველაფერს განსაზღვრავს მისი მომავლის შესახებ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, სქესს, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, უბედური თუ ბედნიერი. ყოველივე ღვთის მეხსიერებაში ინახება ან წინდაწინ ჩაწერილია წიგნში. ამიტომ, როდესაც უბედურება ხდება ასეთი მორწმუნე ადამიანი ჩვეულებისამებრ ამბობს: „ეს გვეწერა!“
არსებობს თვალსაზრისი, რომ, რადგან ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის, მას ასევე განსაზღვრული უნდა ჰქონდეს, ვინ იქნება მისი მორჩილი და ვინ — არა. ამგვარად, ამ აზრის მრავალი მომხრე ფიქრობს, რომ ადამიანის დაბადებამდეც კი ღმერთს უკვე განსაზღვრული აქვს, მარადიული ნეტარება ელოდება მას სამოთხეში თუ მარადიული ტანჯვა.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ძლიერ ჰგავს ბედისწერის ცნებას, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი ეკლესია ასწავლის. მე-16 საუკუნის ფრანგი რეფორმატორი და ცნობილი პროტესტანტი, ჯონ კალვინი, ბედისწერის მხარდამჭერი იყო. მან ბედისწერა განმარტა, როგორც „ღვთის მარადიული დადგენილება, რომლითაც ღმერთმა თავისი სურვილისამებრ განსაზღვრა თითოეული პიროვნების მომავალი. ყველა ერთნაირი პირობებისთვის კი არ არის შექმნილი, არამედ ზოგისთვის მარადიული სიცოცხლეა განკუთვნილი, ზოგისთვის კი — მარადიული ტანჯვა“. კალვინმა ასევე განაცხადა: „ღმერთმა არა მარტო იცოდა პირველი ადამიანის მომავალი ცოდვისა და შთამომავლობისთვის დამღუპველი შედეგების შესახებ, არამედ თავისივე სურვილით გადაწყვიტა, რომ ამგვარად მომხდარიყო“.
თუმცა ყველა ადამიანს არ სწამს ბედისწერის ანუ ფატალიზმის, რასაც მისი რელიგია ასწავლის. ზოგი მართებულად შენიშნავს, რომ რელიგიური წერილები ადამიანის ნების თავისუფლებას მოიხსენიებს. ფაქტობრივად, ადამიანის მოქმედებების შესახებ ცხარე კამათია გამართული, ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მათ თუ ღვთის მიერ არის განსაზღვრული. მაგალითად, ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს, არჩევანი გააკეთოს და სურვილისამებრ იმოქმედოს, რადგან ღმერთი სამართლიანია და ადამიანებს თვლის პასუხისმგებლად, თვითონვე გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. სხვები ამბობენ, რომ ადამიანის მოქმედებებს ღმერთი განსაზღვრავს, მაგრამ ისე აკეთებს, რომ პიროვნებამ თვითონ იმოქმედოს და პასუხისმგებლობაც მას დაეკისროს. საერთოდ კი, მრავალ ადამიანს სწამს, რომ თითოეული მოვლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდი თუ მცირე, ღვთის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული.
როგორია თქვენი შეხედულება? უკვე განსაზღვრული აქვს ღმერთს, რა გელით მომავალში? სინამდვილეში აქვთ ადამიანებს ნების თავისუფლება, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გონივრული არჩევანი გააკეთონ? რამდენად დამოკიდებულია ჩვენი ბედი ჩვენს მოქმედებებზე? შემდეგი სტატია უპასუხებს ამ შეკითხვებს.
-
-
როგორი იქნება თქვენი მომავალი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აპრილი
-
-
როგორი იქნება თქვენი მომავალი?
ყოვლისშემძლე ღმერთი თუ ყოვლისმცოდნეა, იცის მთელი წარსული, აწმყო და მომავალი, განა განსაზღვრული არ არის, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც ღმერთმა განჭვრიტა? თუ ღმერთმა იცის და უკვე დადგენილია, რას მოიმოქმედებს თითოეული ადამიანი და რა იქნება მისი ხვედრი, სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების გზა და მომავალი?
ამ საკითხებზე საუკუნეებია კამათობენ. აზრთა სხვაობის გამო კვლავაც იყოფა მთავარი რელიგიები. შეიძლება, რომ ღმერთის ძალა — განჭვრიტოს მომავალი, შეთანხმებული იყოს ადამიანის ნების თავისუფლებასთან? სად უნდა ვეძებოთ პასუხი?
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაეთანხმება აზრს, რომ ღმერთი დაწერილი სიტყვის საშუალებით გველაპარაკება, რამეთუ ის თავისი წარმომადგენლების, წინასწარმეტყველების, მეშვეობით გადმოგვცა. მაგალითად, ყურანი მოიხსენიებს „თაურას“ (თორა, რჯული ანუ მოსეს ხუთწიგნეული), „ზაბურს“ (ფსალმუნნი) და „ინჯილს“ (ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ანუ „ახალი აღთქმა“), როგორც ღვთისგან შთაგონებულ სიტყვებს, იგივეს ამბობს ისრაელის წინასწარმეტყველთა ნათქვამის შესახებაც.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვკითხულობთ: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). ნათელია, რომ ნებისმიერი რჩევა-დარიგება თუ სწავლება, რომელსაც ვღებულობთ, საბოლოოდ თვით ღვთისგან უნდა გამომდინარეობდეს. განა გონივრული არ იქნება, რომ ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი სიტყვები გამოვიკვლიოთ? რას გვამცნობენ ისინი ჩვენი მომავლის შესახებ?
წინასწარ დაწერილი მომავალი
ყველამ, ვისაც კი წმინდა წერილები წაუკითხავს, იცის, რომ ის, პირდაპირი გაგებით, ასობით წინასწარმეტყველებას შეიცავს. ისტორიული მოვლენები, როგორიცაა: ძველი ბაბილონის დაცემა, იერუსალიმის აღდგენა (ძვ. წ. VI–V საუკუნეებში) და მიდიის, სპარსეთისა და საბერძნეთის ძველი დროის მეფეების აღმავლობა და დაცემა, — დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 13:17–19; 44:24–45:1; დანიელი 8:1–7, 20–22). ასეთი წინასწარმეტყველებების შესრულება ერთ-ერთი ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ წმინდა წერილები მართლაც ღვთის სიტყვაა, რადგან მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, განჭვრიტოს და განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში. ამ გაგებით, წერილები მართლაც შეიცავს წინასწარ დაწერილ მომავალს.
ღმერთი თვითონვე აცხადებს: „მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ. . . ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 46:9–11; 55:10, 11). ღმერთის სახელი, რომელიც მან თავის ძველ წინასწარმეტყველებს გაუმხილა, არის იეჰოვა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“a (დაბადება 12:7, 8, არქიმანდრიტი მაკარის თარგმანი [რუს.]; გამოსვლა 3:13–15, ამთ; ფსალმუნი 82:19, დეკანოზ გ. პ. პავსკის თარგმანი [რუს.]). ღმერთი თავის შესახებ გვაუწყებს, რომ ის არის სიტყვის შემსრულებელი, რომელსაც ყოველთვის სისრულეში მოჰყავს თავისი განზრახვა.
ამგვარად, ღმერთი მომავლის განჭვრეტის ძალას თავისი განზრახვების აღსასრულებლად იყენებს. ხშირად გამოუყენებია ის მოახლოებული სამსჯავროს შესახებ ბოროტეულთა გასაფრთხილებლად და ასევე თავისი მსახურებისთვის ხსნის იმედის მისაცემად. მაგრამ იყენებს ღმერთი თავის ძალას შეუზღუდავად? არსებობს რაიმე მტკიცება საღვთო წერილში, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ღმერთმა არჩია, წინასწარ არ სცოდნოდა მომავალი?
იცის ღმერთმა ყველაფერი წინასწარ?
ბედისწერის არსებობის მხარდამჭერი ყველა არგუმენტი დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ, რამდენადაც ღმერთს უეჭველად აქვს ძალა განჭვრიტოს და განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში, მას აუცილებლად ეცოდინება ყველაფერი, ისიც კი, თუ როგორ მოიქცევა თითოეული პიროვნება მომავალში. მაგრამ არის კი ეს ვარაუდი გონივრული? რასაც ღმერთი თავისი წმინდა წერილების საშუალებით გვიმჟღავნებს, სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
მაგალითად, წერილებში ნათქვამია, რომ „გამოსცადა აბრაამი ღმერთმა“, როდესაც მას ძის, ისაკის, აღსავლენ მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. სწორედ იმ მომენტში, როდესაც აბრაამს ისაკი უნდა შეეწირა, ღმერთმა გააჩერა ის და უთხრა: „მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ — მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის“ (დაბადება 22:1–12). იტყოდა ღმერთი ამას, თუ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ აბრაამი მის ბრძანებას დაემორჩილებოდა? იქნებოდა ასეთი გამოცდა სამართლიანი?
გარდა ამისა, ძველი დროის წინასწარმეტყველები გვამცნობენ, რომ ღმერთს არაერთხელ გამოუთქვამს ‘სინანული’ თავისი უკვე შესრულებული საქმეების თუ განზრახვების გამო. მაგალითად, ღმერთმა თქვა, რომ «ინანა. . . [ებრაული სიტყვიდან „ნახამ“] საული რომ გაამეფა ისრაელში» (პირველი მეფეთა 15:11, 35; შეადარეთ იოველი 2:14; იონა 3:10). რამდენადაც ღმერთი სრულყოფილია, ეს მუხლები არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისრაელის პირველ მეფედ საულის ამორჩევით ღმერთმა შეცდომა დაუშვა. ისინი უფრო ღმერთის წუხილზე მეტყველებს, რომ საული ორგული და ურჩი გახდა. ღმერთს რომ წინასწარ სცოდნოდა საულის საქმეები, მაშინ ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა, ასეთნაირად გამოეხატა თავისი გრძნობა.
მსგავსი რამ არის ნათქვამი საღვთო წერილის უფრო ძველ ნაწილში ნოეს დღეებთან დაკავშირებით: „ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. . . რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე“ (დაბადება 6:6, 7). ეს კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანების მოქმედება ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრული არ არის. ღმერთი იმის გამო კი არ გრძნობდა სინანულს, მწუხარებასა და ტკივილსაც კი, რომ მისი პირადი მოქმედებები იყო მცდარი, არამედ ეს ადამიანთა გამრავლებული ბოროტი საქმეებით იყო გამოწვეული. შემოქმედი სინანულს გრძნობდა, რომ ნოესა და მისი ოჯახის გარდა მთელი კაცობრიობის განადგურება გახდა საჭირო. ღმერთი გვარწმუნებს, რომ ‘არ სურს ბოროტეულის სიკვდილი’ (ეზეკიელი 33:11; შეადარეთ მეორე რჯული 32:4, 5).
ამგვარად, წინასწარ იცოდა და თვითონვე განსაზღვრა თუ არა ღმერთმა ადამის მიერ ცოდვის ჩადენა და დამღუპველი შედეგები, რომლებსაც ის კაცობრიობას მოუტანდა? ჩვენს მიერ განხილულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ეს ასე ყოფილიყო. უფრო მეტიც, ღმერთს რომ ეს ყოველივე წინასწარ სცოდნოდა, მაშინ ადამიანის შექმნით თვითონვე გახდებოდა ცოდვის გამომწვევი და ამგვარად ადამიანთა ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვაზე პასუხისმგებელი. ნათელია, რომ ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ღმერთი წერილების საშუალებით თავის შესახებ გვიმჟღავნებს. ის სიყვარულისა და სამართლის ღმერთია, რომელსაც სძულს ბოროტება (ფსალმუნი 32:5; იგავნი 15:9; 1 იოანე 4:8).
ადამიანების ორგვარი მომავალი
საღვთო წერილი არ ამბობს, რომ ღვთის მიერ წინასწარ გადაწყვეტილი ან განსაზღვრულია, თუ როგორი იქნება თითოეული ჩვენგანის მომავალი. პირიქით, როგორც ის გვეუბნება, ღმერთმა ადამიანებს ორი შესაძლო მომავალი უწინასწარმეტყველა. ღმერთი ადამიანებს ნების თავისუფლებას აძლევს, რომ ამ ორგვარ მომავალთან დაკავშირებით თითოეულმა პიროვნებამ პირადი არჩევანი გააკეთოს. წინასწარმეტყველმა მოსემ ისრაელებს დიდი ხნის წინ განუცხადა: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ. . . აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება“ (მეორე რჯული 30:19, 20). იესომ, როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა, ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). არსებობს ორი გზა ანუ ორგვარი მომავალი. ჩვენი მომავალი ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. ღვთისადმი მორჩილება სიცოცხლეს ნიშნავს, დაუმორჩილებლობა კი — სიკვდილს (რომაელთა 6:23).
ღმერთი „აუწყებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს სამართლით“ (საქმეები 17:30, 31). როგორც ნოეს დღეებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა აირჩია და განადგურდა, დღესაც უმრავლესობა არ ემორჩილება ღვთის მცნებებს. თუმცა, ღმერთს წინასწარ განსაზღვრული არ აქვს, ვინ იქნება განადგურებული და ვინ — გადარჩენილი. სინამდვილეში ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). უდიდესი ბოროტების ჩამდენ ადამიანებსაც კი შეუძლიათ მოინანიონ, გახდნენ მორჩილები და მოახდინონ საჭირო ცვლილებები ღვთის კეთილგანწყობილების დასამსახურებლად (ესაია 1:18–20; 55:6, 7; ეზეკიელი 33:14–16; რომაელთა 2:4–8).
მორჩილ ადამიანებს ღმერთი ჰპირდება მშვიდობიან სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს, ყოველგვარი ბოროტების, ძალადობისა და ომისგან თავისუფალ დედამიწას, ქვეყნიერებას, სადაც მეტად აღარ იქნება შიმშილობა, ტანჯვა, ავადმყოფობა და სიკვდილი (ფსალმუნი 36:9–11; 45:9; ესაია 2:4; 11:6–9; 25:6–8; 35:5, 6; გამოცხადება 21:4). მკვდრებიც კი აღდგენილი იქნებიან და მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ღმერთს ემსახურონ (დანიელი 12:2; იოანე 5:28, 29).
„დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, — ამბობს ფსალმუნმომღერალი, — რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება“ (ფსალმუნი 36:37, 38). როგორი იქნება თქვენი მომავალი? ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ამ ჟურნალის გამომცემლები მოხარული იქნებიან, მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ, რაც დაგეხმარებათ, რომ ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი გქონდეთ.
-