საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოეღო ბოლო ბირთვულ საშიშროებას?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | სექტემბერი 8
    • მოეღო ბოლო ბირთვულ საშიშროებას?

      ბირთვული აპოკალიფსის საშიშროება მსოფლიოს 40-ზე მეტი წლის განმავლობაში უკარგავდა მოსვენებას. შემდეგ, 1989 წელს, ბერლინის კედელი დაეცა. ამან კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური წყობის დაცემას მისცა ბიძგი. ზესახელმწიფოებმა მალევე მოილაპარაკეს, შეეწყვიტათ ბირთვული რაკეტებით ერთმანეთის მიზანში ამოღება. როგორც ჩანდა, ბირთვული „არმაგედონის“ საშიშროებამ გადაიარა ან, სხვა თუ არაფერი, გადაიდო მაინც და დიდი ხნით განაწამებმა მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა.

      მრავალი სპეციალისტის აზრით კი სიხარული ჯერ საკმაოდ ნაადრევია. კარგად ცნობილი „საშინელი სამსჯავროს“ სიმბოლური საათი, რომელიც ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის ყდაზეა გამოსახული, 1998 წელს 5 წუთით გადასწიეს წინ, ისე რომ შუაღამის 12 საათამდე 9 წუთიღა დარჩა (The Bulletin of the Atomic Scientists). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბირთვული საშიშროება ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩებაa. მსოფლიოს პოლიტიკურმა სცენამაც ცვლილებები განიცადა. ბირთვული დაპირისპირების ჩიხში აღარ არის მოქცეული მხოლოდ ორი წამყვანი ბირთვული სახელმწიფო. ბირთვულ ტექნიკას დღეს უკვე რამდენიმე ქვეყანა ფლობს! სპეციალისტები იმასაც შიშობენ, რომ მხოლოდ დროის ამბავია, სანამ ზოგიერთი ტერორისტული დაჯგუფება რადიოაქტიურ მასალებს ჩაიგდებს ხელში და კუსტარული ატომური ბომბების დამზადებას შეუდგება.

      ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, შეერთებული შტატები და რუსეთი კვლავ ფლობენ ბირთვული მუხტების შემაშფოთებელ მარაგს. მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, ამჟამად 5 000-მდე ბირთვული იარაღია საბრძოლო მზადყოფნაში (Committee on Nuclear Policy). მათსავე ანგარიშში ნათქვამია: „გაშვების განკარგულება რომ გაცემულიყო, 4 000 [საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების] საბრძოლო მუხტი (თითოეული მხრიდან 2 000) რამდენიმე წუთში მიაღწევდა დანიშნულების ადგილს და სხვა 1 000 [წყალქვეშა ნავებზე მოთავსებული ბალისტიკური რაკეტების] საბრძოლო მუხტი მალევე „დაადგებოდა“ მათ გზას.

      ბირთვული იარაღის არსენალის არსებობა ზრდის ომის შემთხვევით ან თუნდაც განზრახ გაჩაღების ალბათობას. „პოლიტიკური ლიდერების სურვილების საწინააღმდეგოდ, საბედისწერო შემთხვევამ შეიძლება მთელი მსოფლიო გადაჩეხოს თერმოდინამიკური კატასტროფით გამოწვეული ქაოსის უფსკრულში“, — გვაფრთხილებს ცნობილი რუსი სტრატეგი ვლადიმერ ბელოუსი. ამრიგად, თუმცა შეიძლება „ცივი ომი“ დამთავრებულად ჩაითვალოს, ბირთვული კატასტროფის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ საინტერესოა, რამდენად დიდია ეს საშიშროება? დადგება თუ არა ისეთი დრო, როდესაც დედამიწაზე საერთოდ აღარ იქნება ბირთვული იარაღი? ამ საკითხებს მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.

  • ბირთვული საშიშროება კვლავ გვემუქრება
    გამოიღვიძეთ! — 1999 | სექტემბერი 8
    • ბირთვული საშიშროება კვლავ გვემუქრება

      „მსოფლიოს ისე არაფერი უკარგავს მოსვენებას, როგორც ზეიარაღის გავრცელება“. (უილიამ ბეროუზი და რობერტ უინდრემი, CRITICAL MASS).

      თენდებოდა 1995 წლის 25 იანვარი. ჩრდილოეთ რუსეთში განლაგებული რადიოლოკაციური სადგურის ეკრანებზე ავის მომასწავებელმა გამოსახულებამ გაიელვა. სადღაც ნორვეგიის სანაპირო ზოლზე რაკეტა გაუშვეს! სადგურში მომუშავე ოპერატორებმა სასწრაფოდ გააფრთხილეს მოსკოვი ბირთვული ბომბის შესაძლო ჩამოვარდნის შესახებ. რამდენიმე წუთში რუსეთის პრეზიდენტს ელექტრონულ მოწყობილობებიანი ჩემოდანი გადასცეს, რომლის დახმარებითაც მას გამანადგურებელი ბირთვული კონტრშეტევის განკარგულების გაცემა შეეძლო. ყოვლისმომცველი ბირთვული ომი სადაცაა უნდა დაწყებულიყო.

      საბედნიეროდ, საღმა გონებამ გაიმარჯვა და მალევე გამოვლინდა, რომ რაკეტის ტრაექტორია რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ რეაქტიულ რაკეტას მეტეოროლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი მოწყობილობა გადაჰქონდა. ამ მოვლენის შემდეგ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული ერთი სტატია შენიშნავდა: «ის, რაც მოხდა, შეიძლება ბირთვული ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მომენტად ჩაითვალოს. ამან დაგვანახვა, რომ „ცივი ომისთვის“ დამახასიათებელი სწრაფი რეაგირების ბირთვული კონტრშეტევის მექანიზმი კვლავ ძალაში რჩება და სრულიად დასაშვები იყო, ამას კატასტროფულ შედეგებამდე მივეყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვული მეტოქეობა დასრულებულია».

      საბრძოლო მზადყოფნაში

      ათწლეულების განმავლობაში როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკა დაფუძნებული იყო ეგრეთ წოდებულ „დამუქრების“ კონცეფციაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ორმხრივად გარანტირებული განადგურება (ოგგ). ოგგ-ის პირველ საყრდენს წარმოადგენდა გაფრთხილების სიგნალზე რაკეტების გაშვების სტრატეგია. ეს ორივე მხარეს მტკიცედ არწმუნებდა იმაში, რომ, თუ პირველი თვითონ მიიტანდა იერიშს, მოწინააღმდეგე მხარე ჯერ კიდევ მანამდე წამოიწყებდა მასიურ საპასუხო დარტყმებს, სანამ პირველის მიერ გაშვებული საბრძოლო მუხტები მიზანს მოხვდებოდა. ოგგ-ის მეორე საყრდენს თავდასხმის შემთხვევაში რაკეტების გაშვების სტრატეგია წარმოადგენდა. ეს სტრატეგია გულისხმობდა საპასუხო დარტყმების მიყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მტრის საბრძოლო მუხტები ზიანის მიყენებას მოასწრებდა.

      მიუხედავად „ცივი ომის“ დასრულებისა, ოგგ კვლავ თავზარს სცემს კაცობრიობას. აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული იარაღის მარაგი მნიშვნელოვანწილად შემცირდა — როგორც ზოგი ამბობს, განახევრდა კიდეც — მაგრამ ათასობით ბირთვული მუხტი ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება შემთხვევით ან ნებართვის გარეშე მოხდეს. და რადგან ორივე სახელმწიფო კვლავ შიშობს, რომ მოწინააღმდეგე მხარე პირველი მიიტანს იერიშს, რაც, ერთი შეხედვით, ძნელი დასაჯერებელია, საკმაოდ ბევრი რაკეტა მათ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ.

      1994 წელს შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული რეაქტიული რაკეტებით ერთმანეთის მიზანში ამოღება შეეწყვიტათ. «თუმცა მისასალმებელი ნაბიჯია, ამ მოვლენამ ბევრი ვერაფერი შეცვალა სამხედრო პოლიტიკაში, — შენიშნავს „საიენტიფიკ ამერიკენ“. — სარაკეტო კომპლექსის მეთაურებს შეუძლიათ მიზნის კოორდინატები სულ რამდენიმე წამში ხელახლა შეიტანონ დამიზნების მარეგულირებელ კომპიუტერში».

      ახალი ბირთვული იარაღი ჰორიზონტზე

      შეუძლებელია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ბირთვული იარაღის კვლევა და გაუმჯობესება კვლავაც მიმდინარეობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ამ სახის იარაღზე წლიური ბიუჯეტიდან 4,5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი! 1997 წელს კანადის „ტორონტო სტარი“ იუწყებოდა: «პარადოქსულია, მაგრამ აშშ დღეს უფრო მეტ თანხებს ხარჯავს ბირთვული ომის მექანიზმის შესანარჩუნებლად, ვიდრე „ცივი ომის“ დროს. და შეინიშნება, რომ ამ თანხების ნაწილი მეტად საეჭვო პროგრამებს ხმარდება, რამაც, კრიტიკოსების აზრით, შეიძლება ახალი გლობალური გამალებული შეიარაღების დაწყებამდე მიგვიყვანოს».

      მაგალითად, ხანგრძლივი დავის საგანი გახდა აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამთავრობო პროექტი, რომელსაც სტრატეგიული მარაგის წარმოების მართვისა და კონტროლის პროგრამა უწოდეს. თუმცა ამ პროგრამის მოჩვენებითი მიზანი უკვე არსებული ბირთვული იარაღის შენახვაა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სინამდვილეში ის უფრო საშინელი რამისთვის არის განკუთვნილი. ერთი სამეცნიერო ჟურნალი შენიშნავს: „ცვლილებების შესატანად, მოდიფიკაციისთვის, მოდერნიზაციისთვის და მარაგის შესავსებად დასახული გეგმები მხოლოდ ბირთვული არსენალის ვარგისიანობის გახანგრძლივებას კი არ ითვალისწინებს, . . . არამედ მის გაუმჯობესებასაც“ (The Bulletin of the Atomic Scientists).

      1997 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბირთვული ბომბის B-61-ის გამოგონებამ, რომელსაც აფეთქებამდე დედამიწის ქერქში შეღწევა შეუძლია. ამგვარად, მას შეუძლია მიწისქვეშა სამხედრო შტაბების, ფაბრიკებისა და ლაბორატორიების განადგურება. თუმცა მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ძველი ბომბის უბრალო სახეცვლილებაა, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ახალი ბომბია, რაც უხეში დარღვევაა აშშ-ის მთავრობის მიერ დადებული პირობებისა, რომ აღარ შეეცდებოდა ახალი ბირთვული იარაღის შექმნას.

      პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელი ბირთვული ფიზიკის დარგში, ტედი ტეილორი, ამბობს: „ვხვდები, რომ ის კვლევა-ძიება, რომელსაც ამჟამად აშშ აწარმოებს, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს და მჯერა, ჩვენს მიერ წამოწყებულ ზოგიერთ პროექტს მსოფლიო ახალი გამალებული შეიარაღებისკენ მიჰყავს“. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ახალი სახის იარაღისთვის საჭირო კვლევა-ძიების, მათი განვითარებისა და კონსტრუირების აქტიური მომხრეები თავად იარაღის გამომგონებლები არიან. ამ გამოცდილ მეცნიერებს შეიძლება შელახული თავმოყვარეობა და პრესტიჟი, აგრეთვე ფინანსური სიძნელეები, უბიძგებს, რომ ძალ-ღონე არ დაიშურონ ახალი იარაღის შექმნისთვის საჭირო კვლევა-ძიების გასაახლებლად.

      ახალი სახელმწიფოები ბირთვულ არენაზე

      მსოფლიოს პოლიტიკურ წყობაში საკმაო ცვლილებები მოხდა. ბირთვულ სახელმწიფოთა ჯგუფს ტრადიციულად ხუთეული შეადგენდა: ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და ჩინეთი. მაგრამ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნებმაც დაამზადა. ინდოეთისა და პაკისტანის მიერ ბოლო ხანს ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა შიშის საფუძველი შექმნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაც გამალებულ შეიარაღებაშია ჩაბმული. ეჭვობენ, რომ ბირთვული პროგრამების განხორციელებას ალჟირი, ერაყი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაც აპირებს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, რომელიც 1970 წელს შევიდა ძალაში, 180-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. მაგრამ ზოგ სახელმწიფოს, რომლებზეც ეჭვობენ, რომ თავიანთ „ბირთვულ ამბიციებს“ მალავენ, დღემდე არ მოუწერია ხელი.

      ჟურნალ „ეიშაუიკის“ (Asiaweek) თანახმად, „სპეციალისტები, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელებას აკონტროლებენ, დარწმუნებული არიან, რეალური საფრთხე სახელმწიფოთა იმ მზარდი რიცხვიდან მომდინარეობს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ბირთვული იარაღის მარაგის ქონა სურთ“. ზოგიერთი მეთვალყურის აზრით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ვერ შეაჩერებს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მიუხედავად მოსალოდნელი სადამსჯელო ზომებისა, მაინც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბირთვული იარაღის საიდუმლოდ წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ნედლეულის მოპოვება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი ვარაუდობს, რომ „XXI საუკუნის დასაწყისისთვის უამრავ სახელმწიფოს შეეძლება [ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული] საბრძოლო მუხტების ადგილობრივად წარმოებულ რაკეტებში მოთავსება“.

      არც იმას უნდა მოველოდეთ, რომ ყველა სახელმწიფო დაემორჩილება ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც 1996 წელს რამდენიმე ქვეყანამ ბირთვული იარაღის გამოცდის სრული აკრძალვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ზემოხსენებული ჟურნალის სარედაქციო წერილი იუწყებოდა: „ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ძნელი არ არის ბირთვული გამოცდების აკრძალვაზე იქადაგონ, რადგან მათ უკვე მოასწრეს საკმარისი ბირთვული გამოცდების ჩატარება და დამაკმაყოფილებელი ინფორმაციაც მოაგროვეს“.

      ბირთვული კონტრაბანდა და ტერორიზმი

      მრავალი ყველაზე დიდ საფრთხეს იმაში ხედავს, რომ ზოგიერთ ტერორისტულ დაჯგუფებას შეუძლია ბირთვული იარაღი ჩაიგდოს ხელში და მათი აფეთქებით ან, სხვა თუ არაფერი, აფეთქების მუქარით, თავიანთი პოლიტიკური ამბიციები მოგვახვიონ თავს. იმასაც შიშობენ, რომ რადიოაქტიური მასალების გამოყენებით კრიმინალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ მთავრობას ან სააქციო საზოგადოებებს დიდძალი თანხები გამოსძალონ. „საიენტიფიკ ამერიკენში“ მოცემული სტატია განმარტავს: „ბირთვული შანტაჟის მომწყობთათვის საკმაოდ ადვილი იქნებოდა, ბირთვული მასალის ნიმუში სპეციალურად დაეტოვებინათ სადმე, რითაც თავიანთ სიძლიერეში დაგვარწმუნებდნენ. შემდეგ ჰაერის თუ წყლის მარაგის მოწამვლით ან კიდევ შედარებით მცირე ატომური ბომბის აფეთქებით დაიმუქრებოდნენ, რითაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენდნენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე გამოავლინეს ბირთვული კონტრაბანდის გატანა-შემოტანის მცდელობები. ეს კიდევ უფრო გვიძლიერებს შიშს, რომ არამზადების ბანდები ბირთვული იარაღის დამზადებას შეეცდებიან“.

      ზოგიერთი კომენტატორი ბირთვულ კონტრაბანდას სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევს. როგორც ისინი ამბობენ, საეჭვო პირების ხელში ბირთვული მასალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია მოხვედრილი და, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ნედლეული იარაღის დამზადების მოთხოვნებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენ“ მკითხველს შეახსენებს, რომ „თითქმის ყველა უკანონო ბაზარზე პრობლემის მხოლოდ ზედაპირული ნაწილი იკვეთება და გამონაკლისი არც ბირთვული ნედლეულის შავი ბაზარია. სისულელე იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება კონტრაბანდის 80 პროცენტზე მეტს აკავებს. თუნდაც ასე იყოს, მცირე კონტრაბანდასაც კი შეუძლია სერიოზულ არასახარბიელო შედეგებამდე მიგვიყვანოს“.

      თუმცა ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, ვარაუდობენ, რომ ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭიროა 3-დან 25 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი და 1-დან 8 კილოგრამამდე ამ მიზნით სათანადოდ გადამუშავებული პლუტონიუმი. კონტრაბანდისტების სასიხარულოდ, 7 კილოგრამი პლუტონიუმის მოთავსება თავისუფლად შეიძლება გამაგრილებელი სასმელების სტანდარტულ ალუმინის ქილაში. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ შეიძლება თვით ბირთვულ რეაქტორებში საწვავად ხმარებული პლუტონიუმი — რომელიც გაცილებით ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე ბომბების დასამზადებლად საჭირო — გამოიყენონ კუსტარული, მაგრამ მაინც გამანადგურებელი ძალის მქონე, ბირთვული ბომბის დასამზადებლად. როგორც მრავალი სპეციალისტი ირწმუნება, თუ რადიოაქტიური ნივთიერებების მარაგი მართლაც არასაკმარისად არის დაცული, მაშინ მათი მოპარვა გაცილებით ადვილი შესაძლებელი იქნება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რუსმა სახელმწიფო მოღვაწემ მიხეილ კულიკმა მოსწრებულად შენიშნა: „დღეს, ალბათ, კარტოფილს უკეთესად ვიცავთ, ვიდრე რადიოაქტიურ ნივთიერებებს“.

      მაშინ გამოდის, რომ ბირთვული საშიშროება „დამოკლეს მახვილივით“ კვლავ ავის მომასწავებლად „ჰკიდია“ კაცობრიობის თავზე. შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საშიშროება ოდესმე აღარ იარსებებს?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება