განქორწინების არჩევა
„მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ხალხი დიდ თანაგრძნობას გიწევს მაშინაც კი, თუ საუკეთესო ცოლი არასოდეს ყოფილხარ, მაგრამ როცა ქმარი გტოვებს, ზოგი ფიქრობს, რომ არ ცდილობდი ყოფილიყავი კარგი მეუღლე. გევედრებით, გემუდარებით, დამეხმარეთ!“
(ჟურნალის მკითხველი სამხრეთ აფრიკაში)
ცოლ-ქმრული ღალატი და განქორწინება დიდი დარტყმაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საფუძვლიანი მიზეზების გამო შეურიგდა მეუღლეს და შეინარჩუნა ოჯახი, ბევრსაც უდავო მიზეზები ჰქონდა, ღვთისგან დაშვებული არჩევანი გაეკეთებინა და განქორწინებულიყო (მათე 5:32; 19:9). ამ მიზეზებს შორის არის ერთგული ცოლისა და ბავშვების უსაფრთხოება, სულიერობისა და საერთო კეთილდღეობის შესაძლო საფრთხე; ქალი შეიძლება ფიქრობდეს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების საშიშროების წინაშე დგას ან შესაძლოა, მიუტევა მეუღლეს მრუშობა, მაგრამ მიაჩნია, რომ ვეღარ ენდობა და ვეღარ შეძლებს მასთან ერთად ცოლ-ქმრული უღელის ტარებას.
„ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში“, — თქვა ღალატით უსაზღვროდ გულნატკენმა ქალმა. დიახ, ძნელად მისაღები გადაწყვეტილება — არა მხოლოდ ღალატით მოყენებული ტკივილის, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე განქორწინების შედეგების გამო. ამიტომ, მოღალატე ქმართან გაყრა-არგაყრის საკითხი პირადად ცოლის გადასაწყვეტია. უდანაშაულო მეუღლის გადაწყვეტილების მიღების ბიბლიიდან გამომდინარე უფლებას სხვებიც პატივს უნდა სცემდნენ.
სამწუხაროდ, შედეგების გაუთვალისწინებლად ბევრი ნაჩქარევად წყვეტს განქორწინებას (შეადარეთ ლუკა 14:28). რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე?
როცა ოჯახში ბავშვები არიან
„პრობლემებში ჩაფლულ მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ბავშვების მოთხოვნილებები ან უბრალოდ უგულებელყოფენ მათ,“ — ნათქვამია წიგნში „წყვილების მდგომარეობა კრიტიკულია“. ამიტომ, როცა განქორწინებაზე ფიქრობთ, ნუ დაივიწყებთ შვილების სულიერ მდგომარეობასა და კეთილდღეობას. მრავალი სპეციალისტი ამბობს, რომ, რაც უფრო მშვიდობიანი იქნება განქორწინება, მით უფრო ნაკლებად დაიტანჯებიან ბავშვები. თვით მძიმე ვითარების დროსაც კეთილგანწყობილება დაეხმარება ადამიანს, კი ‘არ იჩხუბოს, არამედ წყნარი იყოს ყველას მიმართ, შემწყნარე’ (2 ტიმოთე 2:24, 25)a.
თუ ადამიანის გადაწყვეტილება განქორწინებაა, კარგად უნდა ჩაიბეჭდოს გონებაში, რომ ცოლ-ქმარი ეყრებიან ერთმანეთს, და არა ბავშვებს. მათ სჭირდებათ როგორც დედა, ისე მამა. მართალია, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად, როდესაც ბავშვი სექსუალური ძალადობის საფრთხეშია. მაგრამ რელიგიური სხვაობები და ხასიათების შეუთავსებლობა არ უნდა იყოს ბავშვებისათვის მშობლების ჩამოცილების საფუძველი.
გასათვალისწინებელია პატარების მგრძნობიარე ბუნება და მათი მოთხოვნილება — მშობლები ეალერსებოდნენ და სიყვარულში არწმუნებდნენ. „ეს შეამზადებს მათ ახალ მდგომარეობასთან შესახვედრად“, — ნათქვამია ერთ წიგნში. ამასთანავე, ყოველდღიურად სულიერ მოთხოვნილებებზე გულისყურით მოკიდებაც დაეხმარება მათ მტკიცედ ყოფნაში (მეორე რჯული 6:6, 7; მათე 4:4).
ფინანსები და სასამართლო განხილვები
გარდაუვალია ის ფაქტი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი კარგავს გარკვეულ წილ შემოსავალს, ქონებას, კომფორტსა და, ზოგჯერ, საყვარელ სახლსაც კი. ადვილად შესაძლებელია, რომ რომელიმეს მოუწიოს შემცირებული შემოსავლით გაზრდილი ხარჯების დაფარვა, ამიტომ გონივრული იქნებოდა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის პრიორიტეტების მიხედვით რეალური ბიუჯეტის შედგენა. ამასთანავე, მიყენებული მორალური ტკივილისა და მატერიალური დანაკარგის გამო არ ღირს ფულის ფლანგვა ან ვალების აღება.
თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ განქორწინება, აუცილებელია მოილაპარაკოთ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელიც ორივეს გეკუთვნით. მანამდე, სანამ ორივეს პირადი ანგარიში გექნებათ ბანკში, თანხების არასწორად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, გონივრული იქნებოდა, ბანკირისთვის გეთხოვათ, რომ თანხა მხოლოდ ორივეს ხელმოწერის შემთხვევაში გაეცა.
წინდახედულების გამოჩენა იქნებოდა შემოსავალ-გასავლის გულდასმით აღნუსხვა მოსარიგებელი ალიმენტისთვის. ბევრ ქვეყანაში კანონი მოითხოვს, საგადასახადო დაწესებულებებს აცნობონ ოჯახური მდგომარეობის ცვლილებები.
ამასთანავე, უმეტესობა სარგებლობს იურისტის რჩევით, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში. აგრეთვე ზოგ ქვეყანაში დაშვებულია, რომ შუამავალი დაეხმაროს წყვილებს თანამშრომლობასა და ორივესთვის მისაღები, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევაში, რაც შემდეგ სასამართლოს ძალით მტკიცდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ბავშვები არიან, მშობლებს ურჩევნიათ, დახმარებისთვის მიმართონ ისეთ გამოცდილ იურიდიულ პირს, რომელიც არ გააღვივებს ქიშპს. ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვების ნაცვლად, მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი და ტკივილი გამოიწვიონ. მატერიალური მოგება არ ღირს ემოციური და მატერიალური ხარჯების ფასად.
შეცვლილი ურთიერთობები
„ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტიც, რა უხერხულად და დაბნეულად გრძნობს განქორწინებულთა მრავალი მეგობარი თავს“, — ამბობს ერთი სპეციალისტი. მაშინაც კი, როცა ერთგული მეუღლე კანონის, ზნეობრივი ნორმებისა და ბიბლიური პრინციპების ფარგლებში მოქმედებს, ზოგმა შეიძლება პირადად ის მიიჩნიოს ოჯახის დანგრევის მიზეზად, და ეს რეაქცია შეიძლება გულგრილი მისალმებით, თავის არიდებით, ან კიდევ, უფრო უარესით, — ყოფილ ახლო მეგობრებისგან აშკარა მტრული დამოკიდებულებით გამომჟღავნდეს.
ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება, რამხელა მხარდაჭერა ესაჭიროება მას, ვისაც განქორწინება უწევს; მათ შეიძლება იფიქრონ, რომ პატარა წერილი ან ღია ბარათი მათთვის საკმარისია. მაგრამ არიან ისეთი მეგობრებიც, რომლებიც „მთელი გულით თანაგიგრძნობენ და მოდიან შენთან, საჭიროების შემთხვევაში გვერდიდან არ გცილდებიან, გეხმარებიან საოჯახო საქმეში ან უბრალოდ გისმენენ, როცა გულის გადმოღვრა გსურს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Divorce and Separation). ცხადია, ცხოვრების ასეთ წუთებში ადამიანს, ბიბლიის სიტყვების თანახმად, ესაჭიროება ‘ძმაზე უფრო მოყვარული მეგობარი’ (იგავნი 18:24).
გამოჯანსაღებისკენ სწრაფვა
განქორწინებიდან თექვსმეტი წლის გასვლის შემდეგ ერთი დედა ამბობს: „არის წუთები, როდესაც ენით აუწერელ მარტოობას ვგრძნობ, მაშინაც კი, როდესაც ჩემს გარშემო უამრავი ხალხია“. როგორ უმკლავდება ამ გრძნობებს? „გამოვიმუშავე თავდაცვის უნარი, — ამბობს ის, — ვცდილობ, სამსახურში ყოველთვის საქმით ვიყო გართული, ვიზრუნო ჩემს ბიჭზე და კარგად გავუძღვე საოჯახო საქმეებს. აგრეთვე დავიწყე იეჰოვას მოწმეთა კრებებზე სიარული, მეზობლებისთვის რწმენის გაზიარება და სხვებისთვის სიკეთის კეთება. ყოველივე ამან დიდი დახმარება გამიწია“.
ზოგი დღე და წელიწადის დრო მტკივნეულ მოგონებებსა და ემოციებს იწვევს, მაგალითად, ის დღე, როდესაც გაირკვა, რომ მეუღლე გღალატობდა, ან როცა მიგატოვა, ან როდესაც სასამართლო იყო დანიშნული. ერთად გატარებული ბედნიერი დღეებიც ცოცხლდება გონებაში: შვებულებები და ქორწინების წლისთავის აღნიშვნები; ეს კი ძნელად გასამკლავებელი ემოციური სტრესია. „ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ ვიყო ჩემს ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან, რომლებმაც ყველაფერი იციან, — ამბობს პეტი, — ჩვენ ერთად ვერთობით, წარსულზე ფიქრის საშუალება აღარ მეძლევა და ძველის ადგილს ახალი მოგონებები იკავებენ. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება იეჰოვასთან ურთიერთობაა, რადგან ვიცი, რომ ესმის, რას ვგრძნობ“.
ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში
უდანაშაულო მეუღლე, რომელიც იყენებს ბიბლიის პრინციპებს და სარგებლობს ღვთისგან ბოძებული უფლებით — გაშორდეს მრუშ მეუღლეს — თავს დამნაშავედ არ უნდა თვლიდეს და არ უნდა ეშინოდეს, რომ იეჰოვასგან მიტოვებული იქნება. პირიქით, ღმერთს განზრახ ღალატი სძულს, ღალატი, რომელმაც ‘ტირილი და კვნესა’ გამოიწვია (მალაქია 2:13–16). იეჰოვამ, ‘გულმოწყალე’ ღმერთმა იცის, რას ნიშნავს საყვარელი პიროვნებისგან უარყოფა (ლუკა 1:78; იერემია 3:1; 31:30, 31). დარწმუნებული იყავი, რომ «უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმინდანებს [„ერთგულებს“, აქ]» (ფსალმუნი 36:28).
რასაკვირველია, თავიდანვე გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცოლ-ქმრული ღალატისა და მისი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება. წიგნი — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოb“ პრაქტიკული სახელმძღვანელოა მსოფლიოს ხალხებისთვის ბედნიერი ოჯახების შესაქმნელად და ღალატის თავიდან ასაცილებლად. ამ წიგნში მთელი რიგი თავები ეთმობა ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბავშვების აღზრდასა და ოჯახური პრობლემების გამკლავებას. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, თუნდაც თავად ამ ჟურნალის გამომცემლები დიდი სიხარულით დაგეხმარებიან ამ თემის ირგვლივ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
[სქოლიოები]
a მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ 1997 წლის 8 დეკემბრის ჟურნალიდან „გამოიღვიძეთ!“ იხილეთ სტატიათა სერია, “მშობლების მზრუნველობა — როგორია გაწონასწორებული თვალსაზრისი?“ (რუს.), და 1995 წლის 8 ოქტომბრის ჟურნალიდან, სტატიით — „განქორწინებულთა ბავშვების დახმარება“ (რუს.).
b გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩარჩო 10 გვერდზე]
„ბავშვები მაინც შეიბრალეთ“
აწ გარდაცვლილმა უელსის პრინცესა დაიანამ 1988 წელს თქვა, რომ მარტო ბრიტანეთში ყოველდღიურად, სულ მცირე, 420 ბავშვი ხდება მშობლების განქორწინების მოწმე. მათი მესამედი ხუთ წელსაც არ გადასცილებია. სამწუხაროდ, ბავშვების 40 პროცენტს ურთიერთობა არა აქვს სახლიდან წასულ მშობელთან.
უმრავლესობის შეხედულებისგან განსხვავებით „ძალიან ცოტა თუ უჭერს მხარს მშობლების განქორწინებას, — აღნიშნავს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში ცნობილი სპეციალისტი, — ბავშვების უმრავლესობას ურჩევნია, მაშინაც როცა ოჯახური ატმოსფერო დაძაბულია, მშობლებს ერთად ხედავდეს“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წყვილი ბევრს კამათობს ცოლ-ქმრული ღალატის გამო, ნაჩქარევად არ უნდა გადაწყვიტონ, რომ განქორწინება შვილებისთვის უკეთესი იქნება. დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა, ალბათ, შესაძლებელს გახდის, ოჯახის საკეთილდღეოდ ერთად დარჩნენ.
„ქმარი, რომელიც ცოლს ღალატობს, უნდა დაფიქრდეს, რამხელა ტკივილით ივსება შვილების თვალები, როდესაც მამის უგუნურობის გამო ოჯახი ინგრევა“, — ამბობს მწერალი პამელა უინფილდი.с
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ყველა განქორწინება საძულველია ღვთისთვის?
«არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ‘იეჰოვას სძულს განქორწინება’. გონებაში ყოველთვის მიტრიალებდა ფრაზა: „ვიქცევი იეჰოვას ნებისამებრ?“ ».
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაკვირვებით წავიკითხოთ მალაქიას 2:16-ის კონტექსტი. იმ დროისთვის ბევრი ისრაელი ეყრებოდა ცოლს, რომ უფრო ახალგაზრდა უცხოტომელზე ექორწინათ. ღმერთმა არ მოიწონა მათი ვერაგული, მუხანათური საქციელი (მალაქია 2:13–16). ასე რომ ღვთისთვის საძულველია, როდესაც ერთს ეყრებიან მეორეზე დაქორწინების მიზნით. ვინც განზრახ მრუშობს და შემდეგ ან ეყრება მეუღლეს, ან თვითონ მეუღლეს აიძულებს, ღვთისთვის საძულველ ცოდვას სჩადის.
მაგრამ ბიბლიის ეს მუხლები მსჯავრს არ სდებს ყოველ განქორწინებას. ამას იესოს სიტყვებიც ადასტურებს: „მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:9). აქ იესო ამბობს, რომ მრუშობა ბიბლიური მიზეზია განქორწინებისთვის — ერთადერთი გამართლებული მიზეზი, რის შემდეგაც ხელახლა დაქორწინება დასაშვებია. მეუღლემ შეიძლება მიუტევოს შეცდომის ჩამდენ მეუღლეს, მაგრამ, თუკი მისი გადაწყვეტილებაა, დაეყრდნოს იესოს სიტყვებს, როგორც განქორწინების საფუძველს, მისი საქციელი არ იქნება იეჰოვასთვის საძულველი. მოღალატის ვერაგული საქციელი სძულს ღმერთს.
[სურათები 10 გვერდზე]
ერთგულ მეუღლეებსა და მათს შვილებზე სასარგებლოდ მოქმედებს სიყვარულით მხარდაჭერა.