-
პრობლემები გერებსა და ახალ მშობლებს შორისსაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ახალდაქორწინებულები შეიძლება ვერ ხედავდნენ აფორიაქებულობას, ერთგულებასთან დაკავშირებულ შინაგან ბრძოლას, ეჭვიანობასა და გულისწყრომას, რასაც გერებში იწვევენ. შვილებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ღვიძლ მშობელს ახალი მეუღლე მათზე მეტად უყვარს. უფრო მეტიც, მეუღლის მიერ მიტოვებული მშობლისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, რომ შვილებს მაინც უყვართ ოჯახიდან წასული მამა ან დედა. ერთმა ბიჭუნამ, რომელიც შეეცადა აეხსნა მამასთან თავისი კარგი ურთიერთობა, თქვა: „დედი, ვიცი, რომ მამა ცუდად გექცეოდა, მაგრამ მე მას ვუყვარდი“. მსგავსმა სიტყვებმა, თუმცა გულწრფელად ნათქვამმა, შეიძლება დედის მხრიდან მეტი გულისწყრომა გამოიწვიოს ყოფილი მეუღლისადმი.
ერთმა მამინაცვალმა აღიარა: «ნამდვილად არ ვიყავი მზად გერების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან შესახვედრად. ვფიქრობდი: „რადგანაც მათს დედაზე დავქორწინდი, მათი მამა ვარ“. ამაში რთულს ვერაფერს ვხედავდი. არ მესმოდა მათი სიყვარული ღვიძლი მამისადმი, რის გამოც ბევრ შეცდომას ვუშვებდი».
დაძაბული სიტუაციები განსაკუთრებით დარიგებისას შეიძლება წარმოიშვას. ბავშვები საჭიროებენ სიყვარულით დარიგებას, თუმცა ხშირად ჯანყდებიან მის წინააღმდეგ მაშინაც კი, როდესაც ის ღვიძლი მშობლებისგან მომდინარეობს. რამდენად უფრო რთულია მისი მიღება მამინაცვლისგან ან დედინაცვლისგან. დარიგებისას ხშირად ისინი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: „შენ არა ხარ მამაჩემი!“ ასეთი სიტყვები შეიძლება გამანადგურებელი იყოს მამინაცვლისთვის, რომელსაც სიკეთე სურს ბავშვისთვის.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ნამდვილი სიყვარული აქარწყლებს უთანხმოებებს და აერთიანებს ძალზე განსხვავებული აღზრდისა და ხასიათების ადამიანებს. ის აადვილებს მშობლების გაყრის ან სიკვდილის გამანადგურებელი შედეგების გადატანას. ერთი მამინაცვალი აღწერს სიძნელეებს, რომლებსაც წააწყდა: „ხშირად იმდენად ვიყავი შეწუხებული ჩემი გრძნობებით, რომ გერების და ცოლის ემოციებს ვეღარ ვაანალიზებდი. უნდა მესწავლა, რომ ნაკლებად მგრძნობიარე ვყოფილიყავი; ყველაზე მნიშვნელოვანი კი თავმდაბლობის სწავლა იყო“. მას სიყვარული დაეხმარა შეცვლაში.
ღვიძლი მშობელი
სიყვარული ოჯახიდან წასულ მშობელთან ბავშვების ურთიერთობით გამოწვეულ პრობლემებსაც აგვარებს. ერთი მამინაცვალი გვიზიარებს: „მინდოდა, რომ გერებს მე უფრო მეტად ვყვარებოდი. როდესაც ისინი თავიანთ მამას მოინახულებდნენ, მიჭირდა, თავი შემეკავებინა და ცუდი არაფერი მეთქვა მასზე. როდესაც ბავშვები მისგან კმაყოფილები ბრუნდებოდნენ, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, თუ უკმაყოფილოები ბრუნდებოდნენ, — მიხაროდა. მეშინოდა, არ დამეკარგა მათი სიყვარული. ყველაზე რთული კი იმის შეგრძნება და აღიარება იყო, რომ ღვიძლი მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ ცხოვრებაში“.
ნამდვილი სიყვარული დაეხმარა ამ მამინაცვალს, ეღიარებინა ფაქტი, რომ გერები დაუყოვნებლივ ვერ შეიყვარებდნენ. მას არ უნდა ეგრძნო თავი უარყოფილად, თუ ბავშვები მაშინვე არ ღებულობდნენ. ის მიხვდა, რომ ბოლომდე მაინც ვერასოდეს შეცვლიდა მათს გულებში ღვიძლ მამას. ბავშვები ღვიძლ მამას ადრეული ასაკიდანვე იცნობდნენ, მამინაცვალი კი მათს ოჯახში ახალი შემოსული იყო და უნდა დაემსახურებინა სიყვარული. მკვლევარი ელისაბედ აინშტაინი ამბობს იმას, რაც არაერთმა გამოსცადა: „ვერასოდეს, ვერასოდეს შეძლებს ვინმე ღვიძლი მშობლის შეცვლას. ის მშობელიც კი, რომელიც მოკვდა ან რომელმაც მიატოვა ოჯახი, მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს ბავშვების ცხოვრებაში“.
აღზრდა საფრთხილო საქმეა
ბიბლია გვიჩვენებს, რომ სიყვარულით აღსავსე შეგონება აუცილებელია ახალგაზრდებისთვის, მათ შორის გერებისთვისაც (იგავნი 8:33). ზოგი სპეციალისტი იზიარებს ბიბლიურ თვალსაზრისს ამასთან დაკავშირებით. პროფესორი სერეს ალვეს დე არაუჟუ აღნიშნავს: «საერთოდ, შეზღუდვები არავის სიამოვნებს, მაგრამ ისინი აუცილებელია. სიტყვა „არა“ იცავს ადამიანს».
და მაინც, გერების აღზრდასთან დაკავშირებულმა შეხედულებებმა ოჯახში შეიძლება სერიოზული განხეთქილებები გამოიწვიოს. გერებმა უკვე მიიღეს გარკვეული აღზრდა იმ მშობლისგან, რომელიც ახლა მათთან აღარაა. შესაძლებელია, ზოგი მათი თვისება ან ჩვევა მამინაცვალს ან დედინაცვალს აღიზიანებდეს. ბავშვები შეიძლება ვერ ხვდებიან, რატომ არის დედინაცვალი ან მამინაცვალი გარკვეულ საკითხებში მკაცრი. როგორ შეიძლება ასეთი სიტუაციის მოგვარება? პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: ‘მისდიეთ. . . სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს’ (1 ტიმოთე 6:11). ქრისტიანული სიყვარული მშობლებსაც და შვილებსაც ეხმარება, იყვნენ მშვიდნი და მომთმენნი, როდესაც ერთმანეთის გაგებას სწავლობენ. თუ მშობელს მოთმინება კი არა, ‘მძვინვარება, რისხვა და გმობა’ ახასიათებს, შეიძლება მალე დაკარგოს ის, რასაც მიაღწია ურთიერთობაში (ეფესელთა 4:31).
წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა, რა დაგვეხმარება ამ დროს: «რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის [„სიკეთის“, აქ] სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე» (მიქა 6:8). სამართლიანობა მნიშვნელოვანია აღზრდისას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სიკეთეზე? ერთი ქრისტიანი უხუცესი მოგვითხრობს, რომ ხშირად რთული იყო გერების კვირა დილას აყენება, რომ კრების შეხვედრაზე წასულიყვნენ. ჩხუბის ნაცვლად, ის ცდილობდა, სიკეთე გამოევლინა მათდამი; დილით ადრე დგებოდა, საუზმეს ამზადებდა და მათ თბილ სასმელს მიართმევდა ხოლმე. შედეგად ამისა, ბავშვები უფრო მეტად ისმენდნენ მის თხოვნას, ამდგარიყვნენ.
პროფესორმა ანა ლუიზა ვიეირა დე მატოსმა საინტერესო რამ თქვა: „მნიშვნელოვანი ის კი არაა, რა ტიპის ოჯახია, არამედ ის, რა ურთიერთობებია მასში. გამოკვლევებმა დამანახვა, რომ ცუდი ყოფაქცევის ახალგაზრდები თითქმის ყოველთვის ისეთი ოჯახებიდან არიან, რომლებშიც მშობლები საკმარისად არ ადევნებენ თვალყურს შვილებს და რომლებშიც წესებისა და ურთიერთობის ნაკლებობაა“. მან აგრეთვე თქვა: «უნდა აღინიშნოს, რომ შვილების აღზრდაში „არას“ თქმის აუცილებლობაც შედის». გარდა ამისა, ექიმებმა ემილი და ჯონ ვიშერებმა აღნიშნეს: „ძირითადად შეგონება მაშინ ჭრის, როდესაც პიროვნებას, რომლის მიმართაცაა ის მიმართული, აღელვებს შემგონებლის რეაქცია და მასთან ურთიერთობა“.
-