საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში

      «აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“» (საქმეები 26:28).

      1, 2. როგორ აღმოჩნდა პავლე მოციქული გამგებელ ფესტუსისა და მეფე ჰეროდე აგრიპა II–ს წინაშე?

      კესარიაში ახ. წ. 58 წელს რომაელ გამგებელ პორკიოს ფესტოსს (პორციუს ფესტუსი) მეფე ჰეროდე აგრიპა II და მისი და, ბერნიკე, ეწვივნენ. ისინი „დიდი ბრწყინვალებით . . . შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად“. ამის შემდეგ, ფესტუსის ბრძანებით, დარბაზში პავლე მოციქული შეიყვანეს. როგორ აღმოჩნდა გამგებელ ფესტუსის სამსჯავრო ტახტის წინ იესო ქრისტეს მიმდევარი? (საქმეები 25:13—23).

      2 ამ კითხვაზე პასუხს ფესტუსის სიტყვებიდან ვიგებთ. აი, რა უთხრა მან სტუმრებს: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა განსჯის შემდეგ მისაწერი მექნეს. ვინაიდან უაზროდ მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული“ (საქმეები 25:24—27).

      3. რატომ სდებდნენ ბრალს პავლეს რელიგიური წინამძღოლები?

      3 ფესტუსის სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლეს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, თითქოსდა ის ხალხს ამბოხებისკენ მოუწოდებდა. ასეთი დამნაშავისთვის კი სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ (საქმეები 25:11). ცხადია, პავლე უდანაშაულო იყო. იერუსალიმის რელიგიური წინამძღოლები მას შურის გამო სდებდნენ ბრალს. ისინი აღშფოთებულები იყვნენ, რომ პავლე ხალხს ეხმარებოდა, იესო ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ, და წინააღმდეგობას უწევდნენ მას, რათა ღვთის სამეფოს შესახებ ვეღარ ექადაგა. იერუსალიმიდან პავლე შეიარაღებული დაცვის თანხლებით ჩაიყვანეს საპორტო ქალაქ კესარიაში, სადაც მან კეისრის სამსჯავრო მოითხოვა. იქიდან ის რომში უნდა წაეყვანათ.

      4. რა გასაოცარ სიტყვებს წარმოთქვამს აგრიპა?

      4 წარმოიდგინეთ: პავლე გამგებლის სასახლეშია, სადაც შეკრებილებს შორის რომის იმპერიაში შემავალი მნიშვნელოვანი ტერიტორიის მმართველიც იმყოფება. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ნება გეძლევა ილაპარაკო“. პავლეს ლაპარაკის დროს საოცარი რამ ხდება. მისი ნათქვამი გავლენას ახდენს მეფეზე. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:1—28).

      5. რატომ იყო ეფექტური პავლეს მიერ აგრიპასთვის ნათქვამი სიტყვები?

      5 დაფიქრდით, რა მოხდა. პავლემ მოხერხებულად დაიცვა თავი, რის შედეგადაც ღვთის სიტყვის ძალამ გავლენა მოახდინა მეფეზე (ებრაელთა 4:12). რატომ გამოდგა პავლეს მიერ საკუთარი თავის დაცვა ასეთი ეფექტური? რა შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ, რაც მოწაფეების მომზადების საქმეში დაგვეხმარება? თუ დავაკვირდებით, აშკარად შევნიშნავთ ორ მხარეს: 1) პავლე დამაჯერებლად ლაპარაკობდა; 2) ის ღვთის სიტყვას ისევე მოხერხებულად იყენებდა, როგორც ხელოსანი იყენებს იარაღებს.

  • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • დაარწმუნეთ ისე, რომ დადებითი გავლენა მოახდინოთ მსმენელის გულზე

      10. რა სიტყვებით დაიწყო პავლემ მეფე აგრიპას წინაშე ლაპარაკი?

      10 ახლა საქმეების 26–ე თავიდან დაწვრილებით განვიხილოთ, რა თქვა პავლემ თავის დასაცავად. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაიწყო მან ლაპარაკი. პავლემ შესავალში აღნიშნა ის, რისთვისაც შეეძლო გულწრფელად შეექო აგრიპა, მიუხედავად იმისა, რომ მეფეს სამარცხვინო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დასთან, ბერნიკესთან. მოციქულმა აგრიპას მიმართა: „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო“ (საქმეები 26:2, 3).

      11. როგორ გამოხატა პავლემ აგრიპას მიმართ პატივისცემა და რა დადებითი შედეგი მოჰყვა ამას?

      11 შენიშნეთ, რომ პავლემ აგრიპას მაღალი მდგომარეობა აღიარა, როდესაც მას ტიტულით მიმართა, ანუ მეფე უწოდა? ამით მან პატივისცემა გამოხატა აგრიპას მიმართ; პავლემ სიტყვების სწორად შერჩევით მიაგო მეფეს პატივი (1 პეტრე 2:17). მოციქულმა აღიარა, რომ აგრიპა კარგად ერკვეოდა თავის ქვეშევრდომ იუდეველთა რთულ წეს–ჩვეულებებსა თუ კანონებში და აღნიშნა, რომ მოხარული იყო, რადგან საქმეში ჩახედული მმართველის წინაშე თავის დაცვის შესაძლებლობა ეძლეოდა. პავლე, ქრისტიანი, არ მოქცეულა აგრიპაზე, არაქრისტიანზე, მაღლა მდგომივით (ფილიპელთა 2:3). მან თავმდაბლურად სთხოვა მეფეს, მოთმინებით მოესმინა. ასეთი საქციელით პავლემ შექმნა ატმოსფერო, რომელიც აგრიპას და სხვა მსმენელებს უფრო მეტად განაწყობდა მისი ნათქვამის სწორად მისაღებად. ამით მოამზადა ნიადაგი — საერთო ენა გამონახა და საუბარი ააგო.

      12. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენმა სიტყვებმა მსმენელის გულამდე მიაღწიოს?

      12 შევეცადოთ, მივბაძოთ პავლეს, რათა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, შესავლიდან დასკვნის ჩათვლით, მსმენელის გულამდე აღწევდეს. ამისათვის საჭიროა, პატივისცემა გამოვხატოთ ადამიანისადმი, რომელსაც ვუქადაგებთ და გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობა თუ პირადი შეხედულებები (1 კორინთელთა 9:20—23).

      ეფექტურად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა

      13. როგორ შეგიძლიათ, პავლეს მსგავსად, მოქმედებისკენ აღძრათ მსმენელები?

      13 პავლეს სურდა მსმენელები აღეძრა, სასიხარულო ცნობასთან შეთანხმებულად მოქცეულიყვნენ (1 თესალონიკელთა 1:5—7). ამისათვის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათ სიმბოლურ გულზე, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. განვაგრძოთ აგრიპას წინაშე პავლეს თავდაცვის განხილვა და ყურადღება მივაქციოთ, როგორ შეძლო მან ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვებზე დაყრდნობით (2 ტიმოთე 2:15).

      14. ახსენით, როგორ გამოიყენა პავლემ დამაჯერებლობის ხელოვნება აგრიპასთან საუბრისას.

      14 პავლემ იცოდა, რომ აგრიპა ფორმალურად იუდეველი იყო. მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აგრიპა იუდაიზმში კარგად ერკვეოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ქადაგებისას ‘არაფერს ამბობდა იმაზე მეტს, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ’ მესიის სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით (საქმეები 26:22, 23). პავლემ პირდაპირ მიმართა აგრიპას კითხვით: „წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა?“ აგრიპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ იტყოდა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვების არ სწამდა, რეპუტაცია შეერყეოდა, როგორც იუდეველ მორწმუნეს. მეორე მხრივ, თუ პავლეს არგუმენტებს დაეთანხმებოდა, მოციქულის მხარდამჭერი გამოვიდოდა და შესაძლებელი იყო, მისთვის ქრისტიანიც კი ეწოდებინათ. პავლე გონივრულად მოიქცა და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას. „ვიცი, რომ გწამს“, — თქვა მან. როგორი პასუხის გასაცემად აღძრა აგრიპა გულმა? „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — უპასუხა აგრიპამ პავლეს (საქმეები 26:27, 28). აგრიპა ქრისტიანი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც ჩანს, პავლეს სიტყვები მის გულს გარკვეულწილად შეეხო (ებრაელთა 4:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება