სიხარულით ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში!
1 პავლე მოციქულს სიამოვნებას ანიჭებდა ქრისტიანულ მსახურებაში ‘მთლიანად დახარჯვა’ (2 კორ. 12:15). დღესაც, მრავალი ქრისტიანი იხარჯება იეჰოვასთვის და გულმოდგინედ მსახურობს პიონერად. სხვები კი, რომლებიც ოჯახზე ზრუნვის გამო მძიმე შრომას ეწევიან და ძალიან დაკავებულები არიან, მაინც ახერხებენ დროის გამოძებნას, რათა ყოველკვირა მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში. ზოგიერთები, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ, რომ სამეფოს ინტერესებს მხარი დაუჭირონ. მართლაც ძალიან გამამხნევებელია, რომ იეჰოვას ხალხი, განურჩევლად ასაკისა და მდგომარეობისა, იხარჯება იეჰოვას მსახურებაში!
2 გიყვარდეს მოყვასი: ჩვენ სუფთა სინდისს ვინარჩუნებთ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იეჰოვას მსახურებაში და ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულს ვავლენთ. პავლემ საკუთარი თავი სასიხარულო ცნობის ქადაგებას მიუძღვნა და ამიტომაც შეეძლო ეთქვა: „მოგიწოდებთ, რათა დამემოწმოთ დღეს, რომ სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“ (საქ. 20:24, 26; 1 თეს. 2:8). თუ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვმონაწილეობთ მსახურებაში, ჩვენ არავისი სისხლი არ მოგვეკითხება (ეზეკ. 3:18—21).
3 როდესაც გულმოდგინედ ვმსახურობთ და სხვებს ვეხმარებით, ამას ჩვენთვის დიდი ბედნიერება მოაქვს (საქ. 20:35). ერთმა ძმამ თქვა: „როცა იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული დღის შემდეგ საღამოობით სახლში ვბრუნდები, მართალია, დაღლილობას ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ სიხარული მომცა, რომელსაც ვერავინ წამართმევს“.
4 გიყვარდეს ღმერთი: ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში, არის ის, რომ ეს სიამოვნებს ჩვენს ზეციერ მამას. ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ დავიცვათ მისი მცნებები, რაშიც ქადაგება და მოწაფეების მომზადებაც შედის (1 იოან. 5:3). მაშინაც კი, თუ ხალხი გულგრილად გვხვდება ან გვეწინააღმდეგება კიდეც, ჩვენ მაინც სიხარულით ვიხარჯებით იეჰოვასთვის.
5 ახლა არ არის ტემპის შენელების დრო. ჩვენ მკის პერიოდში ვცხოვრობთ (მათ. 9:37). მოსავლის მოწევისას გლეხი ჩვეულებრივ ბევრს მუშაობს, რომ მოასწროს მოსავლის აღება, სანამ ნაყოფი გაფუჭებულა. სულიერი მკის დროც შეზღუდულია. მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, რა დროში ვცხოვრობთ და კვლავაც სიხარულით დავიხარჯოთ მსახურებაში (ლუკ. 13:24; 1 კორ. 7:29—31).