-
ბუნებრიობამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 14
ბუნებრიობა
ბუნებრივად თუ ილაპარაკებ, მსმენელი შენდამი ნდობით განეწყობა. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ნიღაბაფარებული ადამიანის სიტყვების სერიოზულად მიღება? გაგიადვილდებოდა ასეთი ადამიანის დაჯერება, თუ ნიღაბი მის ბუნებრივ სახეზე ლამაზი იქნებოდა? ალბათ, არა. ამიტომაც ნუ გაიკეთებ ნიღაბს. იყავი ისეთი, როგორიც ხარ.
ბუნებრიობა დაუდევრობაში არ უნდა აგვერიოს. ცხადია, არასასურველია გრამატიკული შეცდომების დაშვება, სიტყვების არასწორად წარმოთქმა და გაურკვევლად ლაპარაკი. ჟარგონებსაც უნდა მოვერიდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველთვის ღირსეულად ვლაპარაკობდეთ და ვიქცეოდეთ. ბუნებრივად რომ ილაპარაკო, არც ზედმეტად ოფიციალური უნდა იყო და არც მეტისმეტი უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ მოახდინო სხვებზე შთაბეჭდილება.
ბუნებრიობა ქადაგების დროს. ნერვიულობ, როდესაც ქადაგების დროს სახლის კარს უახლოვდები ან ქუჩაში ვინმეს აჩერებ? მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა ვნერვიულობთ. ზოგს დაძაბულობისგან ხმა ეცვლება ან უკანკალებს. ზოგის ნერვიულობა კი ხელებისა და თავის უხერხულ მოძრაობაში ვლინდება.
ამ პრობლემას რამდენიმე მიზეზი იწვევს. შესაძლებელია, მაუწყებელი იმაზე ფიქრობს, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე ან რამდენად ეფექტური იქნება მისი შეთავაზება. ამ საკითხებზე ფიქრი სრულიად ბუნებრივია, მაგრამ პრობლემები მაშინ გვექმნება, როდესაც მეტისმეტ ყურადღებას ვაქცევთ ასეთ საკითხებს. რა უნდა გააკეთო, რომ ნაკლებად ინერვიულო ქადაგების დაწყებამდე? კარგად მოემზადე და მთელი გულით ილოცე (საქ. 4:29). დაფიქრდი, რამხელა გულმოწყალებას ავლენს იეჰოვა იმით, რომ ადამიანებს სამოთხეში მარადიულ სიცოცხლესა და სრულყოფილ ჯანმრთელობას სთავაზობს. იფიქრე იმ ადამიანებზე, რომელთაც დაეხმარები და იმაზე, თუ როგორ სჭირდებათ მათ სასიხარულო ცნობის მოსმენა.
ისიც გახსოვდეს, რომ ადამიანებს ნების თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ ირწმუნონ ან არ ირწმუნონ სასიხარულო ცნობა. სწორედ ასე იყო ძველ ისრაელში იმ დროს, როდესაც იესო ქადაგებდა. შენი მოვალეობა ქადაგებაა (მათ. 24:14). იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავინ მოგისმენს, შენ უკვე ასრულებ ამ დავალებას. ფუჭად არ გაირჯები, თუ იეჰოვას შესაძლებლობას მისცემ თავისი ნების შესასრულებლად გამოგიყენოს. მაგრამ როგორ უნდა ილაპარაკო, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემა? ყურადღებას თუ მსმენელის მოთხოვნილებებზე გაამახვილებ, შენი მეტყველება სასიამოვნო მოსასმენი და ბუნებრივი იქნება.
ქადაგების დროს თუ ბუნებრივად მოიქცევი და ჩვეულებრივად ილაპარაკებ, მსმენელი უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს. შეიძლება უფრო მეტი ხალისითაც მოგისმინოს, როდესაც ბიბლიურ აზრებს გაუზიარებ. შეეცადე, მოხსენება კი არ წაუკითხო, არამედ ესაუბრო. იყავი მეგობრული. გამოავლინე მოსაუბრისადმი ინტერესი და ყურადღებით მოისმინე მისი ნათქვამი. ცხადია, უნდა გაითვალისწინო ნორმები, რომლებიც შენს ენასა და კულტურაშია მიღებული უცნობის მიმართ პატივისცემის გამოსავლენად. გახსოვდეს, რომ გულწრფელი ღიმილი არასდროს იქნება ზედმეტი.
-