-
გამეორება ხაზგასმის მიზნითმიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გამეორება ხაზგასმის მიზნით
ეფექტური სწავლებისთვის საჭიროა ნათქვამის გამეორებაც. მთავარ აზრს თუ ერთხელ მაინც გაიმეორებ, მსმენელი მას უკეთესად დაიმახსოვრებს. ნათქვამის არსი უფრო ნათელი იქნება, თუ მეორეჯერ აზრს სხვა სიტყვებით გამოხატავ.
მსმენელი თუ ნათქვამს ვერ დაიმახსოვრებს, შენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მის შეხედულებებსა და ცხოვრებაზე. ის შენს ნათქვამზე მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს ფიქრს, თუ ლაპარაკის დროს გარკვეულ აზრებს გაუსვამ ხაზს.
იეჰოვა, დიდებული მასწავლებელი, გამეორების მეთოდის გამოყენების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. მან ათი მცნება მისცა ისრაელს. ეს მცნებები იეჰოვამ პირველად ანგელოზის მეშვეობით მოასმენინა მთელ ერს სინას მთასთან, ხოლო მოგვიანებით იგივე ინფორმაცია მოსეს წერილობით გადასცა (გამ. 20:1—17; 31:18; კან. 5:22). იეჰოვას მითითების თანახმად, მოსემ ათი მცნება ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლამდე კიდევ ერთხელ გაუმეორა. შემდეგ კი წმიდა სულის დახმარებით ჩაიწერა ეს მცნებები, რომლებსაც მეორე კანონის 5:6—21-ში ვკითხულობთ. ერთ-ერთი მცნებით ისრაელებს მთელი გულით, სულითა და ძალით იეჰოვას სიყვარული და მსახურება მოეთხოვებოდათ. ღმერთმა ეს მოთხოვნაც რამდენჯერმე გაუმეორა მათ (კან. 6:5; 10:12; 11:13; 30:6). რატომ? იმიტომ რომ, იესოს სიტყვების თანახმად, „ეს არის პირველი და უდიდესი მცნება“ (მათ. 22:34—38). წინასწარმეტყველ იერემიას პირით იეჰოვამ ოცჯერ მაინც შეახსენა იუდეველებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ყველა მითითების დაცვა (იერ. 7:23; 11:4; 12:17; 19:15). ეზეკიელის პირით კი მან სამოცზე მეტჯერ თქვა: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 6:10; 38:23).
ბიბლიაში იესოს მსახურების აღწერასთან დაკავშირებითაც ვხვდებით გამეორების მეთოდის ეფექტურად გამოყენებას. როგორც ვიცით, არსებობს ოთხი სახარება. თითოეულ მათგანში მოთხრობილი მნიშვნელოვანი მოვლენები რომელიმე ერთ სხვა სახარებაში მაინც გვხვდება, მაგრამ ეს მოვლენები ოდნავ განსხვავებული კუთხით არის გაშუქებული. რაც შეეხება თავად იესოს, სწავლებისას ის ერთი და იმავე მნიშვნელოვან საკითხს რამდენჯერმე ეხებოდა და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად განიხილავდა (მარ. 9:34—37; 10:35—45; იოან. 13:2—17). სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ზეთისხილის მთაზე იესომ თავის მოწაფეებს ერთზე მეტჯერ უთხრა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42; 25:13).
სამქადაგებლო მსახურებაში. ქადაგებისას ვიმედოვნებთ, რომ მსმენელები ჩვენს ნათქვამს დაიმახსოვრებენ. მათ რომ ნამდვილად შეძლონ დამახსოვრება, საჭიროა გავიმეოროთ ნათქვამი.
ჩვეულებრივ, ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს ნათქვამის გამეორება ადამიანს აზრების დამახსოვრებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, ბიბლიური მუხლის წაკითხვის შემდეგ ხაზი გაუსვა ძირითად სიტყვებს და მსმენელს ჰკითხო: „მიაქციეთ ყურადღება, რა არის აქ ნათქვამი?“
აზრის გამეორება შეიძლება საუბრის ბოლოს რამდენიმე წინადადებითაც. მაგალითად, შეგიძლია თქვა: „იმედი მაქვს, ჩვენი საუბრიდან დაგამახსოვრდებათ ყველაზე მთავარი. კერძოდ. . .“, — და მოკლედ გაიმეორე მთავარი აზრი. აგრეთვე შეიძლება საუბარი შემდეგნაირად დაასრულო: „ღმერთი აპირებს მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას. ის ამას აუცილებლად გააკეთებს“; ან ასე: „ბიბლია აშკარად გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. თუ გვსურს, რომ აღსასრულისას გადავრჩეთ, აუცილებელია გავიგოთ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“; ან შეგიძლია თქვა: „როგორც დავინახეთ, ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად“. ზოგჯერ კარგი იქნება, გაიმეორო ბიბლიური მუხლი, რომლის საფუძველზეც მსჯელობდით, რათა მსმენელმა დაიმახსოვროს იგი. საჭიროა, წინასწარ მოიფიქრო, როგორ გაიმეორებ მთავარ აზრ(ებ)ს საუბრის ბოლოს.
განმეორებითი მონახულებების დროს, მათ შორის ბიბლიის შესწავლისას, გასამეორებლად შეგიძლია შეკითხვები გამოიყენო.
მსმენელს თუ უჭირს ბიბლიური რჩევის გაგება ან გამოყენება, შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოს ერთი და იმავე საკითხის განხილვა. შეეცადე, ასეთი საკითხი სხვადასხვა კუთხით განიხილო. საჭირო არ არის ხანგრძლივი მსჯელობა. მთავარია, მოსაუბრე აღძრა, იფიქროს მსჯელობის საგანზე. გახსოვდეს, რომ იესო გამეორების სწორედ ამგვარ მეთოდს იყენებდა, რათა მოწაფეებს პირველობის სურვილის დაძლევაში დახმარებოდა (მათ. 18:1—6; 20:20—28; ლუკ. 22:24—27).
-