-
გამართული კითხვამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 1
გამართული კითხვა
ბიბლიის თანახმად, ღმერთს სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ამ ცოდნის ზუსტად გადაცემის სურვილმა უნდა აღგვძრას, რომ უკეთესად ვიკითხოთ ბიბლია ხმამაღლა.
ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების ხმამაღლა კითხვის უნარი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკით უფროსებისთვის. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, ხალხს იეჰოვასა და მისი გზების შესახებ ვაუწყოთ. აქედან გამომდინარე, ხშირად გვიწევს სხვებისთვის — ერთი ან რამდენიმე კაცისთვის — წაკითხვა. გარდა ამისა, ოჯახურ წრეშიც ვკითხულობთ ხმამაღლა. თეოკრატიული მსახურების სკოლაში ყველას — ძმებსა თუ დებს, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს — ხმამაღლა კითხვის გასაუმჯობესებლად რჩევების მიღების შესაძლებლობა გვეძლევა.
ბიბლიის ხმამაღლა კითხვა, ერთი კაცისთვის იქნება ეს თუ მთელი კრებისთვის, სერიოზული პასუხისმგებლობაა. ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. გარდა ამისა, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვა გვაძლევს ფასდაუდებელ ცოდნას, რომლის მიღებაც მის გარეშე შეუძლებელია. ბიბლია ადამიანს ეხმარება, გაიცნოს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, კარგი ურთიერთობა დაამყაროს მასთან და, აგრეთვე, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ის გვიხსნის, როგორ მივაღწიოთ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ამიტომაც, მიზნად უნდა დავისახოთ, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოდ ვიკითხოთ ბიბლია (ფსალმ. 119:140; იერ. 26:2).
როგორ უნდა იკითხო გამართულად. კარგ კითხვაში ბევრი რამ იგულისხმება, მაგრამ უპირველესად გამართული კითხვა უნდა ისწავლო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეეცადო, წაიკითხო ზუსტად ის, რაც წერია. ფრთხილად იყავი, რომ არ გამოტოვო სიტყვები, არ ჩაყლაპო სიტყვის დაბოლოებები და შეცდომით სხვა, მსგავსი სიტყვა არ წაიკითხო.
სიტყვები სწორად რომ წაიკითხო, საჭიროა, გესმოდეს კონტექსტი. ამას კარგი მომზადება სჭირდება. თანდათანობით, რაც უფრო გაიუმჯობესებ მომდევნო წინადადებების თვალით წინასწარ აღქმის უნარს, უფრო ადვილად შეძლებ გამართულ კითხვას.
პუნქტუაცია მეტად მნიშვნელოვანია წერა-კითხვის დროს. სასვენი ნიშნები გიკარნახებს პაუზების ადგილს, მათ ხანგრძლივობას და ინტონაციის ცვლილებას. ზოგ ენაში სასვენი ნიშნის მიხედვით თუ არ შეცვლი ინტონაციას, კითხვითი წინადადება შეიძლება თხრობით წინადადებად გადაიქცეს, ან სრულიად შეიცვალოს აზრი. ზოგჯერ, ცხადია, სასვენი ნიშნების დასმას მხოლოდ გრამატიკული წესები მოითხოვს. გაეცანი სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს. ეს აუცილებელია კარგი კითხვისთვის. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი აზრების გადმოცემაა და არა მხოლოდ სიტყვების წარმოთქმა.
თუ გსურს, რომ გამართულად იკითხო, უნდა ივარჯიშო. რამდენიმეჯერ წაიკითხე მხოლოდ ერთი აბზაცი, ვიდრე უშეცდომოდ შეძლებ წაკითხვას. შემდეგ მეორე აბზაცზე გადადი. ბოლოს, რამდენიმე გვერდის ერთად წაკითხვას შეეცადე ისე, რომ სიტყვები არც გამოტოვო, არც გაიმეორო და არც შეცდომით წაიკითხო. ამის შემდეგ სთხოვე ვინმეს, თვალი ადევნოს ტექსტს და შეგისწოროს შეცდომები.
ზოგ ქვეყანაში ცუდი მხედველობა და არასაკმარისი განათება მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორებია კარგი კითხვისთვის. თუ შეძლებისდაგვარად შეეცდები მდგომარეობის გამოსწორებას, უეჭველად გააუმჯობესებ კითხვას.
-