კვლავაც გაბედულად ილაპარაკე ღვთის სიტყვა
1 ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ქადაგების დროს ყველა არ მოგვისმენს (მათ. 10:14). ზოგიერთების მხრიდან უარყოფით გამოხმაურებას ნებას არ ვრთავთ, რომ სასიხარულო ცნობის გაცხადებისგან თავი შეგვაკავებინოს (იგავ. 29:25). რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც გაბედულად ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა?
2 მოციქული პავლე აფასებდა „ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასეს ცოდნას“. ეს აღძრავდა მას, „სრული დამაჯერებლობით“ ელაპარაკა (ფილ. 3:8; 1 თეს. 1:5). ზოგიერთები მიიჩნევდნენ, რომ ცნობა, რომელსაც ის ქადაგებდა, არაფრის მომტანი და უგუნურება იყო. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულს ესმოდა, რომ ის იყო „ღვთის ძალა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:16). ამიტომ, წინააღმდეგობის დროსაც კი ის კვლავაც ‘გაბედულად ლაპარაკობდა იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით’ (საქ. 14:1—7; 20:18—21, 24).
3 ჩვენი ძალის წყარო. პავლე რომ გაბედულად ქადაგებდა, ეს მისი ძალით არ ხდებოდა. როდესაც საკუთარი თავისა და სილას შესახებ საუბრობდა, მან დაწერა: „მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს. . . . ჩვენი ღვთის დახმარებით გამბედაობა მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2; საქ. 16:12, 37). გარდა ამისა, როდესაც პავლე რომში იყო დაპატიმრებული, სთხოვდა თანამორწმუნეებს, ელოცათ მისთვის, რათა ღვთის დახმარებით სასიხარულო ცნობა კვლავაც ‘გაბედულად ელაპარაკა, როგორც მართებდა კიდეც’ (ეფეს. 6:18—20). პავლე იეჰოვაზე უფრო მეტად იყო მინდობილი, ვიდრე საკუთარ თავზე, რისი წყალობითაც შეძლო, კვლავაც გაბედულად ელაპარაკა ღვთის სიტყვა (2 კორ. 4:7; ფილ. 4:13).
4 მსგავსი სიტუაციაა დღესაც. ერთ ძმას უჭირდა, თანამშრომლებისთვის ეთქვა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და დაემოწმებინა მათთვის; მან ილოცა და ქადაგება დაიწყო. ერთმა მამაკაცმა დასაწყისშივე უარი თქვა მის მოსმენაზე, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის იმედის შესახებ რომ გაიგო, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ, ძმა ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ ექადაგა. სხვა სამსახურში, ის 14 წლის განმავლობაში 34 პიროვნებას დაეხმარა, რომ მონათლულიყვნენ. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ჩვენც გაგვაძლიერებს, რათა ‘კვლავაც გაბედულად ვილაპარაკოთ მისი სიტყვა’ (საქ. 4:29).