-
იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც „მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“საგუშაგო კოშკი — 2018 | მაისი
-
-
იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც „მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“
„კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, . . [ვისაც] მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკ. 8:15).
1, 2. ა) რატომ გვამხნევებს მათი მაგალითები, ვინც ერთგულად ქადაგებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ხალხი ნაკლებად ეხმაურება სასიხარულო ცნობას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა თქვა იესომ თავის „მშობლიურ მხარეში“ ქადაგებაზე? (იხილეთ სქოლიო)
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ოთხმოც წელს გადაცილებული წყვილი, სერხიო და ოლინდა, პიონერად მსახურობს. ბოლო ხანებში მათ ძალიან უჭირთ გადაადგილება, რადგან ფეხები სტკივათ. მიუხედავად ამისა, უკვე ათწლეულებია, რაც თითქმის ყოველ დილით ისინი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე ფეხით მიდიან და ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს გამვლელებს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობენ. სერხიო და ოლინდა ქადაგებას დილის 7 საათზე იწყებენ. მართალია, უმეტესობა არ ეხმაურება მათ ცნობას, მაგრამ ისინი ადგილზე რჩებიან და ხალხს ღიმილით ეგებებიან. შუადღისას ეს წყვილი ნელი ნაბიჯით ბრუნდება სახლში, მომდევნო დილას კი ისევ მოედანზე მიდის. წლიდან წლამდე ეს ერთგული წყვილი კვირაში ექვსი დღის მანძილზე ყოველ დილით ასე ქადაგებს სამეფოს ცნობას.
2 სერხიოსა და ოლინდას მსგავსად მთელ მსოფლიოში იეჰოვას ბევრი მსახური ათობით წელი ქადაგებს მშობლიურ მხარეში, სადაც ხალხი ნაკლებად ეხმაურება სამეფოს ცნობას. თუ თქვენც ამ და-ძმებს შორის ხართ, მთელი გულით შექებას იმსახურებთ მოთმინებისთვის.a იეჰოვასადმი თქვენი შეუდრეკელი მსახურება ბევრს ამხნევებს, მათ შორის ღვთის დიდი ხნის მსახურებსაც. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „როცა ასეთ ერთგულ და-ძმებთან ერთად ვქადაგებ, მათი მაგალითი ძალას და შემართებას მმატებს“; მეორემ აღნიშნა: „მათი ერთგულება აღმძრავს, რომ მეც ბოლომდე მედგრად ვიდგე და გაბედულად ვიქადაგო“; მესამემ კი დასძინა: „მათი მაგალითები გულგრილს არ მტოვებს“.
3. რომელ სამ კითხვაზე ვიმსჯელებთ და რატომ?
3 იესოს მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის სურვილი რომ გავიძლიეროთ, პასუხი უნდა გავცეთ სამ კითხვას: რატომ შეიძლება დაგვეუფლოს დროდადრო იმედგაცრუება? როგორ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება? რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი?
რატომ შეიძლება დაგვეუფლოს იმედგაცრუება?
4. ა) როგორ იმოქმედა იუდეველების უარყოფითმა დამოკიდებულებამ პავლეზე? ბ) რატომ დაეუფლა პავლეს ასეთი გრძნობები?
4 თუ ხალხის გულგრილობამ თქვენც გაგიცრუათ იმედი, ალბათ, კარგად გესმით პავლე მოციქულის გრძნობები. დაახლოებით 30-წლიანი მსახურების განმავლობაში მან ბევრი აქცია ქრისტეს მოწაფედ (საქ. 14:21; 2 კორ. 3:2, 3). თუმცა ბევრ იუდეველთან ის ვერაფერს გახდა. უმეტესობა არ უსმენდა და ზოგი დევნიდა კიდეც მას (საქ. 14:19; 17:1, 4, 5, 13). როგორ იმოქმედა იუდეველების უარყოფითმა დამოკიდებულებამ პავლეზე? მოციქული გულახდილად ამბობს: „ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, . . დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში“ (რომ. 9:1—3). პავლეს ასეთი გრძნობები იმიტომ დაეუფლა, რომ უყვარდა ადამიანები და სიამოვნებას ანიჭებდა ქადაგება. პავლესთვის სულერთი არ იყვნენ იუდეველები, ამიტომ გული სტკიოდა, როცა ხედავდა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის წყალობას.
5. ა) რა აღგვძრავს ქადაგებისკენ? ბ) რატომ არ არის გასაკვირი, თუ დროდადრო იმედგაცრუება გვეუფლება?
5 პავლეს მსგავსად ქადაგებისკენ ჩვენც სხვების დახმარების სურვილი აღგვძრავს (მათ. 22:39; 1 კორ. 11:1). საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ბევრი კურთხევა ელის მათ, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას. როცა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებზე ვფიქრობთ, საკუთარ თავს ვეუბნებით: „ნეტა შემეძლოს, დავანახვო მათ, რაზე ამბობენ უარს!“. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ გამუდმებით, რომ გაიგონ ჭეშმარიტება იეჰოვაზე და კაცობრიობასთან დაკავშირებულ მის განზრახვებზე. ქადაგებით ფაქტობრივად მათ ვეუბნებით: „შესანიშნავი საჩუქარი გვაქვს თქვენთვის. ნუ იტყვით მასზე უარს!“. ამიტომ სავსებით ბუნებრივია ჩვენი გულისტკივილი, როცა ისინი ხელს გვიკრავენ საჩუქარზე. ასეთი გრძნობები ჩვენი რწმენის ნაკლებობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ იმაზე, რომ ნამდვილად გვიყვარს ხალხი. ასე რომ, დროდადრო იმედგაცრუების მიუხედავად, მოთმინებით განვაგრძობთ ქადაგებას. ალბათ, ბევრი ჩვენგანის გრძნობებს გამოხატავს ელინას სიტყვები, რომელიც 25 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს. ის ამბობს: „ჩემთვის ქადაგება ადვილი არ არის, თუმცა არცერთ სხვა საქმეში არ გავცვლიდი მას“.
როგორ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება?
6. რა კითხვას განვიხილავთ?
6 რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ შეგვიძლია წარმატებული მქადაგებლები ვიყოთ იმის მიუხედავად, თუ როგორ ტერიტორიაზე ვქადაგებთ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ იესოს მიერ მოყვანილი ორი მაგალითი, რომლებშიც ის ნაყოფის გამოღების აუცილებლობაზე საუბრობს (მათ. 13:23). პირველია ვაზის მაგალითი.
7. ა) ვინ არიან წარმოდგენილი მევენახით, ვაზით და ლერწებით? ბ) რა კითხვაზე უნდა გავიგოთ პასუხი?
7 წაიკითხეთ იოანეს 15:1—5, 8. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“. იესომ იეჰოვა მევენახეს შეადარა, თავისი თავი — ჭეშმარიტ ვაზს, მოწაფეები კი — ლერწებს.b საინტერესოა, რა არის „ნაყოფი“, რომელიც ქრისტეს მიმდევრებმა უნდა გამოიღონ? ამ მაგალითში იესოს პირდაპირ არ უთქვამს, რა იყო ნაყოფი, თუმცა მოიხსენია მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სწორ დასკვნამდე მივყავართ.
8. ა) რატომ არ ნიშნავს ამ მაგალითში მოხსენიებული ნაყოფის გამოღება ახალი მოწაფეების მომზადებას? ბ) რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?
8 მამაზე საუბრისას იესომ თქვა: „ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა თავის მსახურებად მხოლოდ მაშინ მიგვიჩნევს, როცა ნაყოფი გამოგვაქვს (მათ. 13:23; 21:43). აქედან გამომდინარე, ამ მაგალითში მოხსენიებული ნაყოფი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა გამოიღოს, არ მიანიშნებს ახალ მოწაფეებზე, რომელთა მომზადების პატივიც გვხვდა წილად (მათ. 28:19). სხვაგვარად გამოვიდოდა, რომ ის ერთგული ქრისტიანები, რომლებიც თავიანთი სამქადაგებლო ტერიტორიებიდან გამომდინარე ვერავის ეხმარებიან ქრისტეს მოწაფედ გახდომაში, იესოს მაგალითში მოხსენიებული უნაყოფო ლერწები არიან. ცხადია, ასეთი დასკვნის გაკეთება არასწორი იქნებოდა, რადგან ჩვენ ვერ ვაიძულებთ ხალხს, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. შეუძლებელია, მოსიყვარულე ღმერთმა უნაყოფოდ მიიჩნიოს თავისი მსახურები იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც მათ ძალებს აღემატება! იეჰოვა ყოველთვის იმას გვთხოვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია (კან. 30:11—14).
9. ა) რა საქმეში მონაწილეობით გამოგვაქვს ნაყოფი? ბ) რომელ მაგალითს განვიხილავთ და რატომ?
9 მაშ, რა არის ნაყოფი? აშკარაა, რომ ეს არის საქმე, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია. რა საქმეში მონაწილეობით გამოგვაქვს ნაყოფი? იეჰოვამ თავის მსახურებს დაავალა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 24:14).c ამ დასკვნის გაკეთებაში მთესველზე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი გვეხმარება. განვიხილოთ მეორე მაგალითიც.
10. ა) რა არის მაგალითში მოხსენიებული თესლი და ნიადაგი? ბ) რა ნაყოფი გამოაქვს ხორბლის ღეროს?
10 წაიკითხეთ ლუკას 8:5—8, 11—15. მთესველის მაგალითში მოხსენიებული თესლი „ღვთის სიტყვაა“ ანუ ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. კარგ ნიადაგზე დავარდნილმა თესლმა ფესვი გაიდგა, აღმოცენდა და, ასე ვთქვათ, ხორბლის ღეროდ იქცა, რომელმაც „ასმაგად გამოიღო ნაყოფი“. მაგრამ რა ნაყოფი გამოიღო ხორბლის ღერომ? ახალი ღეროები წარმოშვა? ცხადია, არა. მისი ნაყოფი ახალი თესლი იყო, რომელიც საბოლოოდ ღეროდ იქცეოდა. ამ მაგალითიდან ვიგებთ, რომ ერთმა თესლმა ასი თესლი წარმოშვა. როგორ უკავშირდება ეს მაგალითი ჩვენს მსახურებას?
როგორ გამოგვაქვს ნაყოფი მოთმინებით? (იხილეთ აბზაცი 11)
11. ა) როგორ ეხება მთესველის მაგალითი ჩვენს მსახურებას? ბ) როგორ გამოგვაქვს სამეფოს თესლი?
11 მსგავსად, სამეფოს შესახებ ცნობა შეიძლება წლების წინ ქრისტიანი მშობლებისგან ან სხვა მოწმეებისგან მოვისმინეთ. მათ ახარებდათ იმის დანახვა, რომ ჩვენი გული მზად იყო სამეფოს ცნობის მისაღებად. როგორც იესოს მაგალითში მოხსენიებულმა კარგმა ნიადაგმა მიიღო თესლი, ისე ჩვენ ჩავეჭიდეთ სასიხარულო ცნობას და არ დავუშვით, რომ ვინმეს წაერთმია ის. შედეგად, სამეფოს ცნობამ ფესვი გაიდგა, გაიზარდა და დროთა განმავლობაში ხორბლის ღეროს მსგავსად მზად იყო ნაყოფის გამოსაღებად. როგორც ხორბლის ღეროს ნაყოფია ახალი თესლი და არა ახალი ღეროები, ისე ჩვენი ნაყოფი სამეფოს თესლია და არა ახალი მოწაფეები.d როგორ გამოგვაქვს სამეფოს თესლი? როცა სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ სამეფოს ცნობის გასაცხადებლად, ასე ვთქვათ, მიმოვფანტავთ თესლს, რომელიც ერთ დროს ჩვენს გულებში ჩაითესა (ლუკ. 6:45; 8:1). ამ მაგალითიდან ვიგებთ, რომ მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, როცა არ ვწყვეტთ სამეფოს ცნობის გავრცელებას.
12. ა) რის სწავლა შეგვიძლია ვაზისა და მთესველის შესახებ იესოს მაგალითებიდან? ბ) რა ისწავლეთ ამ გაკვეთილიდან?
12 რის სწავლა შეგვიძლია ვაზისა და მთესველის შესახებ იესოს მაგალითებიდან? ამ მაგალითებიდან ვიგებთ, რომ ნაყოფის გამოღება ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის გამოხმაურებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ჩვენს ერთგულებაზე. პავლემაც დაადასტურა ამ სიტყვების სიმართლე, როცა თქვა: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). ასე რომ, საზღაურს შესრულებული საქმისთვის ვიღებთ და არა იმ შედეგისთვის, რომელიც შეიძლება ამ საქმეს მოჰყვეს. მატილდა, რომელიც 20 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „სიხარულს იმის ცოდნა მანიჭებს, რომ იეჰოვა ჩვენი ძალისხმევის გამო გვაჯილდოებს“.
როგორ შეგვიძლია მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი?
13, 14. რომაელების 10:1, 2-ის თანახმად, რატომ არ ჩაიქნია პავლემ ხელი მათზე, ვინც უარყოფითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას?
13 რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი? როგორც უკვე აღვნიშნეთ, პავლეს გულს უტეხდა სამეფოს ცნობისადმი იუდეველების უარყოფითი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, მას ხელი არ ჩაუქნევია მათზე. აი როგორ გამოხატა პავლემ იუდეველების მიმართ თავისი გრძნობები რომაელებისთვის მიწერილ წერილში: „გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ. ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომ. 10:1, 2). რა დაეხმარა პავლეს მსახურების გაგრძელებაში?
14 პირველი: პავლემ თქვა, თუ რატომ არ წყვეტდა იუდეველებთან ქადაგებას. მას გულით სურდა, რომ იუდეველებს ხსნა მიეღოთ (რომ. 11:13, 14). მეორე: პავლე ევედრებოდა ღმერთს მათთვის. ის ღმერთს სთხოვდა ლოცვაში, რომ იუდეველებს სამეფოს ცნობის მოსმენაში დახმარებოდა. მესამე: პავლემ თქვა, რომ მათ ღვთისთვის მოშურნეობა ჰქონდათ. ის კარგს ამჩნევდა ადამიანებში და ხედავდა, რომ ისინი შეიძლებოდა იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. თუ იუდეველების მოშურნეობას სწორი მიმართულება მიეცემოდა, ისინი გულმოდგინე ქრისტიანები გახდებოდნენ, როგორც ეს პავლეს შემთხვევაში მოხდა.
15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? მოიყვანეთ მაგალითი.
15 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? პირველი: ვცდილობთ, განვივითაროთ იმის გულწრფელი სურვილი, რომ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები ვიპოვოთ. მეორე: ვევედრებით იეჰოვას ლოცვაში, რომ გულწრფელ ადამიანებს გული გაუხსნას (საქ. 13:48; 16:14). სილვანა, რომელიც თითქმის 30 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „კარდაკარ მსახურების დროს კარზე დაკაკუნებამდე ვლოცულობ, რომ იეჰოვამ დადებითი განწყობა მომცეს“. გარდა ამისა, ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ გულწრფელი ადამიანების მოძებნაში ანგელოზები დაგვეხმარონ (მათ. 10:11—13; გამოცხ. 14:6). რობერტი, რომელიც 30 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, აღნიშნავს: „სასიამოვნო შეგრძნებაა ანგელოზებთან თანამშრომლობა, რომლებმაც იციან, რა ხდება იმ დროს მობინადრის სახლში“. მესამე: ჩვენ ვცდილობთ, კარგი დავინახოთ ადამიანებში და ისინი იეჰოვას მომავალ მსახურებად წარმოვიდგინოთ. კარლი, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის წინ მოინათლა და დღეს უხუცესად მსახურობს, ამბობს: „ვცდილობ, ადამიანში გულწრფელობის სულ მცირე გამოვლინებაც კი შევნიშნო, მაგალითად ღიმილი, კეთილი გამოხედვა ან გულახდილად დასმული შეკითხვა“. დიახ, პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი.
„ნუ დაასვენებ ხელს“
16, 17. ა) რის სწავლა შეგვიძლია ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი მითითებიდან? ბ) რა გავლენას ახდენს ჩვენი საქმიანობა მათზე, ვინც გვაკვირდება? მოიყვანეთ მაგალითი.
16 მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ სამეფოს ცნობა არ აღწევს ადამიანთა გულამდე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სამქადაგებლო საქმიანობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:6). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი შეიძლება არ გვისმენს, მაგრამ გვაკვირდება. ისინი ამჩნევენ, რომ კოხტად გვაცვია, თავაზიანები ვართ და თბილად ვუღიმით. დროთა განმავლობაში ჩვენმა საქციელმა შეიძლება ბევრს შეუცვალოს ჩვენზე შექმნილი არასწორი შეხედულება. ზემოხსენებულმა სერხიომ და ოლინდამ შენიშნეს, რომ ხალხმა მათდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
17 სერხიო ამბობს: «ავადმყოფობის გამო რაღაც დროის მანძილზე ვერ გავდიოდით მოედანზე საქადაგებლად. როცა გავედით, გამვლელები გვეკითხებოდნენ: „რატომ არ ჩანდით? მოგვენატრეთ“». ოლინდა ღიმილით დასძენს: «ავტობუსის მძღოლები ხელს გვიქნევდნენ და ზოგიერთი მათგანი გვეუბნებოდა: „ყოჩაღ, კარგ საქმეს აკეთებთ!“. ისინი ჟურნალებსაც კი გვართმევდნენ». ამ ხანდაზმული წყვილის გასაკვირად, ერთი მამაკაცი მივიდა სტენდთან, ყვავილების თაიგული მიუტანა და მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის.
18. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ მოთმინებით გამოიღოთ ნაყოფი?
18 როცა სამეფოს თესლის თესვის დროს „ხელს არ ვასვენებთ“, ჩვენ დიდი წვლილი შეგვაქვს ყველა ერისთვის დამოწმების საქმეში (მათ. 24:14). და რაც ყველაზე მთავარია, უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვიწონებს, რადგან მას უყვარს ყველა, „ვისაც მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“!
a იესომაც თქვა, რომ მის „მშობლიურ მხარეში“ ქადაგება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ ოთხივე სახარებიდან ვიგებთ (მათ. 13:57; მარ. 6:4; ლუკ. 4:24; იოან. 4:44).
b მართალია, ამ მაგალითში მოხსენიებული ლერწები ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებზე მიანიშნებს, მაგრამ მიწიერი იმედის მქონე ღვთის მსახურებსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
c თუმცა ნაყოფის გამოღება „სულის ნაყოფის“ განვითარებასაც გულისხმობს, ამ და მომდევნო სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ „ბაგეთა ნაყოფზე“ ანუ სამქადაგებლო საქმიანობაზე (გალ. 5:22, 23; ებრ. 13:15).
d სხვა შემთხვევებში იესომ თესვისა და მკის მაგალითები მოწაფეების მომზადების საქმეს დაუკავშირა (მათ. 9:37; იოან. 4:35—38).
-
-
რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“საგუშაგო კოშკი — 2018 | მაისი
-
-
რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“
„მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოან. 15:8).
1, 2. ა) რაზე ესაუბრა იესო თავის მოწაფეებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ უნდა გვახსოვდეს ის, თუ რატომ ვქადაგებთ? გ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
სიკვდილის წინა საღამოს იესომ დიდხანს ისაუბრა მოციქულებთან და დაარწმუნა, რომ ძლიერ უყვარდა ისინი. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იესომ მათ მაგალითი მოუყვანა ვაზზე. ამით მან წაახალისა მოწაფეები, რომ კვლავაც „ბევრი ნაყოფი“ გამოეღოთ, ანუ მოთმინებით განეგრძოთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება (იოან. 15:8).
2 თუმცა მოწაფეებისთვის იესოს მხოლოდ ის არ უთქვამს, რა უნდა ეკეთებინათ, არამედ ისიც აუხსნა, თუ რატომ უნდა ეკეთებინათ ეს საქმე. მან ქადაგების გაგრძელების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. რატომ არის ამ მიზეზებზე დაფიქრება მნიშვნელოვანი? როცა გვახსოვს, რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება, იმის სურვილიც გვიჩნდება, რომ მოთმინებით ვიქადაგოთ „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:13, 14). ამ სტატიაში განვიხილავთ ქადაგების ოთხ ბიბლიურ მიზეზს. გარდა ამისა, ვისაუბრებთ იეჰოვასგან ბოძებულ ოთხ ძღვენზე, რომლებიც გვეხმარება, მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი.
განვადიდებთ იეჰოვას
3. ა) იოანეს 15:8-ის თანახმად, რა არის ქადაგების უმთავრესი მიზეზი? ბ) რას განასახიერებს იესოს მოყვანილ მაგალითში ყურძენი და რატომ არის ეს შედარება შესაფერისი?
3 სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ადამიანების წინაშე განვადიდებთ იეჰოვას და განვწმენდთ მის სახელს (წაიკითხეთ იოანეს 15:1, 8). იესომ იეჰოვა მევენახეს შეადარა, თავისი თავი — ვაზს, მოწაფეები კი — ლერწებს (იოან. 15:5). შესაბამისად, ნაყოფი, ანუ ყურძენი, ზუსტად მიესადაგება სამეფოს ნაყოფს, რომელიც ქრისტეს მიმდევრებს გამოაქვთ. იესომ უთხრა მოციქულებს: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“. ვაზი, რომელიც კარგ ყურძენს ისხამს, სახელს უთქვამს მევენახეს. მსგავსად, როცა საუკეთესოდ ვიყენებთ ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებს, რომ სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ, ჩვენც დიდება მოგვაქვს იეჰოვასთვის (მათ. 25:20—23).
4. ა) რა გაგებით ვწმენდთ ღვთის სახელს? ბ) რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ გაქვთ ღვთის სახელის განწმენდის პატივი?
4 რა გაგებით ვწმენდთ ქადაგებით ღვთის სახელს? რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ისედაც წმინდაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და ჩვენ იმაზე მეტად ვერ განვწმენდთ მას, ვიდრე არის. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა წინასწარმეტყველმა ესაიამ: „ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად“ (ეს. 8:13). ჩვენ ვწმენდთ ღვთის სახელს, როცა მას ყველა სახელზე აღმატებულად მივიჩნევთ და სხვებსაც ვეხმარებით, ის წმინდად მიიჩნიონ (მათ. 6:9). მაგალითად, როცა იეჰოვას შესანიშნავი თვისებების შესახებ ჭეშმარიტებას ვაცხადებთ და სხვებს კაცობრიობასთან დაკავშირებულ უცვლელ განზრახვას ვამცნობთ, ღვთის სახელს სატანის სიცრუისა და ცილისწამებისგან ვიცავთ (დაბ. 3:1—5). ღვთის სახელს მაშინაც ვწმენდთ, როცა ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე ხალხს ვანახვებთ, რომ იეჰოვა ღირსია, მიიღოს „დიდება, პატივი და ძლიერება“ (გამოცხ. 4:11). რუნე, რომელიც 16 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „მიხარია, რომ სხვებს სამყაროს შემოქმედის შესახებ ვესაუბრები. ამიტომ მინდა, კვლავაც განვაგრძო ქადაგება“.
გვიყვარს იეჰოვა და მისი ძე
5. ა) ქადაგების რა მიზეზია მოყვანილი იოანეს 15:9, 10-ში? ბ) როგორ გაუსვა ხაზი იესომ მოთმინების საჭიროებას?
5 წაიკითხეთ იოანეს 15:9, 10. იეჰოვასა და იესოს მიმართ გულწრფელი სიყვარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც სამეფოს შესახებ ვქადაგებთ (მარ. 12:30; იოან. 14:15). იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მათ უბრალოდ კი არ უნდა ჰყვარებოდათ ის, არამედ უნდა დარჩენილიყვნენ მის სიყვარულში. მოთმინებაა საჭირო, რომ ადამიანმა ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს. სწორედ მოთმინების აუცილებლობაზე გაამახვილა იესომ ყურადღება იოანეს 15:4—10-ში, როცა სიტყვა „დარჩენა“ ბიბლიის ამ პატარა მონაკვეთში არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა ფორმით.
6. რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს დავრჩეთ ქრისტეს სიყვარულში?
6 რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს დავრჩეთ ქრისტეს სიყვარულში და მისი მოწონება არ დავკარგოთ? იმით, რომ ვიცავთ მის მცნებებს. მარტივად რომ ვთქვათ, იესო ჩვენგან მორჩილებას მოითხოვს. ის იმის გაკეთებას ითხოვს, რასაც თავად აკეთებდა. მან თქვა: „მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოან. 15:10). იესომ ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 13:15).
7. რა კავშირია მორჩილებასა და სიყვარულს შორის?
7 მორჩილებასა და სიყვარულს შორის კავშირი რომ დაენახვებინა, იესომ მოციქულებს უთხრა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ“ (იოან. 14:21). როცა იესოს მითითებას ვიცავთ და ვქადაგებთ, ჩვენც ვავლენთ ღვთის მიმართ სიყვარულს, რადგან გვესმის, რომ იესოს მითითებები იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს (მათ. 17:5; იოან. 8:28). როდესაც იეჰოვა და იესო ხედავენ ჩვენს სიყვარულს, თვითონაც გვეხმარებიან, რომ დავრჩეთ მათ სიყვარულში.
ვაფრთხილებთ ხალხს
8, 9. ა) ქადაგების კიდევ რა მიზეზი გვაქვს? ბ) რატომ აღგვძრავს ქადაგების გაგრძელებისკენ ეზეკიელის 3:18, 19-სა და 18:23-ში ჩაწერილი სიტყვები?
8 ქადაგების გაგრძელების კიდევ ერთი მიზეზი ხალხის გაფრთხილებაა. ბიბლიაში ნოეს მქადაგებელი ეწოდება (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5). ის წარღვნის წინ ქადაგებდა და, როგორც ჩანს, მისი ცნობა მოახლოებული განადგურების შესახებ გაფრთხილებასაც შეიცავდა. რატომ ვამბობთ ამას? ნახეთ, რა თქვა იესომ: „როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათ. 24:38, 39). ხალხის გულგრილობის მიუხედავად, ნოე ერთგულად აცხადებდა ღვთისგან დავალებულ გამაფრთხილებელ ცნობას.
9 დღეს ჩვენც ვქადაგებთ სამეფოს შესახებ და ხალხს საშუალებას ვაძლევთ, გაიგონ, რა განიზრახა ღმერთმა კაცობრიობისთვის. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ადამიანებმა გულთან ახლოს მიიტანონ ეს ცნობა და იცოცხლონ (ეზეკ. 18:23). როცა კარდაკარ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვქადაგებთ, შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს ვაფრთხილებთ, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს უღვთო ქვეყნიერებას (ეზეკ. 3:18, 19; დან. 2:44; გამოცხ. 14:6, 7).
გვიყვარს მოყვასი
10. ა) ქადაგების რა მიზეზია მოხსენიებული მათეს 22:39-ში? ბ) როგორ დაეხმარნენ პავლე და სილა საპყრობილის ზედამხედველს ფილიპეში?
10 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვწყვეტთ ქადაგებას. ჩვენ ქადაგებისკენ მოყვასის სიყვარული აღგვძრავს (მათ. 22:39). ასეთი სიყვარული გვეხმარება, რომ მოთმინებით ვიქადაგოთ, რადგან გვესმის, რომ მდგომარეობის შეცვლასთან ერთად ადამიანის გულის მდგომარეობაც იცვლება. განვიხილოთ, რა შეემთხვა მოციქულ პავლესა და მის თანამსახურ სილას. ქალაქ ფილიპეში მოწინააღმდეგეებმა ისინი საპყრობილეში ჩაყარეს. შუაღამისას უეცრად მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს ყველა კარი გაიღო. საპყრობილის ზედამხედველს ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ და თავის მოკვლას აპირებდა. მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა: „თავს არაფერი დამართო“! შიშისგან აკანკალებულმა საპყრობილის ზედამხედველმა ჰკითხა მათ: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ მიუგეს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები“ (საქ. 16:25—34).
ქადაგებისკენ იეჰოვას, იესოსა და მოყვასის სიყვარული გვიბიძგებს (იხილეთ აბზაცები 5, 10)
11, 12. ა) რას ვსწავლობთ საპყრობილის ზედამხედველის შემთხვევიდან სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? ბ) რის საშუალებას ვაძლევთ სხვებს, როცა ერთგულად განვაგრძობთ ქადაგებას?
11 რას ვსწავლობთ საპყრობილის ზედამხედველის შემთხვევიდან სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? საპყრობილის ზედამხედველს მხოლოდ მიწისძვრის შემდეგ შეეცვალა გულის მდგომარეობა და დახმარება ითხოვა. მსგავსად, დღეს ზოგი ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეხმაურება ბიბლიის ცნობას, იცვლის გულის მდგომარეობას და ითხოვს დახმარებას. მაგალითად, ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე ზოგმა შეიძლება უეცრად დაკარგა სამსახური, სადაც არაერთი წელი მუშაობდა, და ძალიან განიცდის ამას. ზოგი შეიძლება განადგურებულია იმის გამო, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახი დაენგრა. ზოგს შეიძლება მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ან საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა. ასეთ დროს ადამიანი შეიძლება იმ კითხვებზე დაფიქრდეს, რომლებზეც მანამდე არასდროს უფიქრია, და საპყრობილის ზედამხედველის მსგავსად იკითხოს: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ შეიძლება პირველად გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ ჩვენგან იმედის მომცემი ცნობა მოისმინონ.
12 აქედან გამომდინარე, როცა ერთგულად განვაგრძობთ ქადაგებას, ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, მაშინ მოისმინონ მანუგეშებელი ცნობა, როცა ამისთვის თავად იქნებიან მზად (ეს. 61:1). შარლოტი, რომელიც 38 წელი სრული დროით მსახურობს, აღნიშნავს: „ადამიანები გზააბნეულები არიან. მათ უნდა მივცეთ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა“. ეივორი 34 წელია, პიონერია. ის ამბობს: „დღეს, როგორც არასდროს, ხალხი ემოციურად გამოფიტულია. მთელი გულით მინდა მათი დახმარება. სწორედ ეს აღმძრავს ქადაგებისკენ“. მოყვასის სიყვარული ნამდვილად ღირსეული მიზეზია, რომ არ შევწყვიტოთ ქადაგება.
ღვთისგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი მოთმინებაში გვეხმარება
13, 14. ა) რომელ ძღვენზეა საუბარი იოანეს 15:11-ში? ბ) რა შემთხვევაში იქნება იესოს სიხარული ჩვენში? გ) როგორ გვეხმარება სიხარული მსახურების დროს?
13 სიკვდილის წინა საღამოს იესომ მოწაფეებთან ღვთისგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენიც მოიხსენია, რაც მათ დაეხმარებოდა, მოთმინებით გამოეღოთ ნაყოფი. რა ძღვენზეა საუბარი და ჩვენ როგორ გვეხმარება ის?
14 სიხარული. ტვირთია ჩვენთვის დავალებულ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა? სრულებითაც არა! ვაზის შესახებ მაგალითის მოყოლის შემდეგ იესომ თქვა, რომ სამეფოს მაუწყებლებს ქადაგება სიხარულს მოუტანდა (წაიკითხეთ იოანეს 15:11). ფაქტობრივად, იესო გვარწმუნებს, რომ მისი სიხარული ჩვენში იქნება. როგორ მოხდება ეს? სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ იესომ თავისი თავი ვაზს შეადარა, მოწაფეები კი — ლერწებს. ლერწები ვაზისგან საზრდოობენ, ამიტომ სანამ ლერწი ვაზზეა, წყალსა და საჭირო საკვებ ნივთიერებებს მისგან იღებს. მსგავსად, სანამ ქრისტესთან ერთობაში ვრჩებით, ანუ ერთგულად მივყვებით მის ნაკვალევს, ისეთივე სიხარულს განვიცდით, როგორსაც იესო გრძნობს მამის ნების შესრულებისას (იოან. 4:34; 17:13; 1 პეტ. 2:21). ჰენი, რომელიც 40 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „ქადაგების შემდეგ განცდილი სიხარული მეხმარება, რომ განვაგრძო იეჰოვასადმი მსახურება“. ნამდვილად, სიხარული ძალას გვმატებს, რომ მაშინაც არ შევწყვიტოთ ქადაგება, როცა უმეტესობა არ ეხმაურება ჩვენს ცნობას (მათ. 5:10—12).
15. ა) რომელი ძღვენია მოხსენიებული იოანეს 14:27-ში? ბ) როგორ გვეხმარება მშვიდობა ნაყოფის გამოღებაში?
15 მშვიდობა (წაიკითხეთ იოანეს 14:27). სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემს მშვიდობას გაძლევთ“. როგორ გვეხმარება ნაყოფის გამოღებაში ეს ძღვენი — მშვიდობა? როცა მოთმინებით განვაგრძობთ ქადაგებას, შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება, რადგან გვესმის, რომ იეჰოვა და იესო იწონებენ ჩვენს საქმეს (ფსალმ. 149:4; რომ. 5:3, 4; კოლ. 3:15). ულფი 45 წელია, სრული დროით მსახურობს. ის ამბობს: „მსახურებაში ვიღლები ხოლმე, თუმცა ეს საქმე უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს და ჩემს ცხოვრებას აზრს სძენს“. რაოდენ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს!
16. ა) რომელ ძღვენზეა საუბარი იოანეს 15:15-ში? ბ) როგორ შეძლებდნენ მოციქულები იესოსთან მეგობრობის შენარჩუნებას?
16 იესოსთან მეგობრობა. მას შემდეგ, რაც იესომ გამოთქვა სურვილი, რომ მისი მოწაფეების სიხარული სრული ყოფილიყო, მან თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (იოან. 15:11—13). შემდეგ კი უთხრა მოწაფეებს: „მეგობრები გიწოდეთ“. იესოსთან მეგობრობა მართლაც რომ შეუდარებელი ძღვენია! რა უნდა გაეკეთებინათ მოწაფეებს, რომ ბოლომდე მის მეგობრებად დარჩენილიყვნენ? ისინი არ უნდა შეჩერებულიყვნენ და კვლავაც უნდა გამოეღოთ ნაყოფი (წაიკითხეთ იოანეს 15:14—16). დაახლოებით ორი წლით ადრე იესომ მოწაფეებს დაავალა: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). ამიტომ თავისი სიკვდილის წინა საღამოს მოუწოდა მათ, რომ მოთმინება გამოევლინათ და ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული საქმე (მათ. 24:13; მარ. 3:14). იესოს დავალების შესრულება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ მის მოწაფეებს შეეძლოთ ამის გაკეთება და იესოსთან მეგობრობის შენარჩუნება. რა დაეხმარებოდა მათ ამაში? მოდი კიდევ ერთ ძღვენზე ვისაუბროთ.
17, 18. ა) რომელი ძღვენია მოხსენიებული იოანეს 15:16-ში? ბ) როგორ დაეხმარებოდა ეს ძღვენი იესოს მოწაფეებს? გ) რა და რა ძღვენი გვაძლიერებს დღეს?
17 ლოცვებზე პასუხი. იესომ თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, [მოგცემთ]“ (იოან. 15:16). ეს დაპირება ნამდვილად შემატებდა ძალას მოციქულებს.a მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რომ მათი მოძღვარი მალე დედამიწაზე ცხოვრებას დაასრულებდა. ამიტომ, როცა ეს მოხდა, ისინი შეიძლება მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. თუმცა ისინი მარტონი არ იყვნენ, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზად იყო, პასუხი გაეცა მათ ლოცვებზე და დახმარებოდა სამქადაგებლო საქმის შესრულებაში. მოციქულებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ იეჰოვამ უპასუხა მათ ლოცვებს და დაეხმარა (საქ. 4:29, 31).
დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს, როცა დახმარებას ვთხოვთ (იხილეთ აბზაცი 18)
18 ეს დღესაც ასეა. როცა მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, იესოს მეგობრებად ვრჩებით. უფრო მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიპასუხებს ლოცვებზე და დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომელთაც სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს ვხვდებით (ფილ. 4:13). რა ბედნიერებაა, რომ ღმერთი გვპასუხობს ლოცვებზე და გვაქვს იესოსთან მეგობრობის შესაძლებლობა! იეჰოვასგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი ძალას გვაძლევს, რომ ნაყოფი გამოვიღოთ (იაკ. 1:17).
19. ა) რატომ არ ვწყვეტთ ქადაგებას? ბ) რა გვეხმარება, რომ დავასრულოთ ღვთის საქმე?
19 როგორც ამ სტატიიდან გამოჩნდა, ჩვენ იმიტომ განვაგრძობთ ქადაგებას, რომ განვადიდოთ იეჰოვა და განვწმინდოთ მისი სახელი, სიყვარული დავუმტკიცოთ იეჰოვასა და იესოს, გავაფრთხილოთ ხალხი და სიყვარული გამოვავლინოთ მოყვასის მიმართ. გარდა ამისა, ღვთისგან მომდინარე სხვადასხვა ძღვენი — სიხარული, მშვიდობა, იესოსთან მეგობრობა და ლოცვებზე პასუხი, ძალას გვმატებს, რომ დავასრულოთ ღვთის საქმე. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მთელი გულით ვცდილობთ ბევრი ნაყოფის გამოღებას.
a მოციქულებთან საუბრის დროს იესომ არაერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ მათი ლოცვები შესმენილი იქნებოდა (იოან. 14:13; 15:7, 16; 16:23).
-