-
ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
5. ა) როგორ ცხადყოფ საუკეთესოდ, რომ მთელი გულით იეჰოვაზე ხარ მინდობილი? ბ) რატომ შეიძლება გაგიჭირდეს შენს რწმენაზე ლაპარაკი?
5 მთელი გულით რომ იეჰოვაზე ხარ მინდობილი, საუკეთესოდ ცხადყოფ, თუ სხვებთან მის შესახებ ილაპარაკებ. გქონია შესაძლებლობა, სკოლის ამხანაგებთან შენს რწმენაზე გელაპარაკა? თავიდან შეიძლება ამან შეგაშინოს და სკოლაში ქადაგების გაფიქრებაზეც კი აღელდე. შეიძლება იფიქრო, რომ დაგცინებენ ან შენი რწმენა უცნაური მოეჩვენებათ. იესომაც თქვა, რომ ყველა არ მოისმენდა სამეფოს შესახებ ცნობას (იოანე 15:20). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დაგცინებს და უარგყოფს. პირიქით, იეჰოვას ბევრ ახალგაზრდა მოწმეს უსმენენ თანატოლები და პატივსაც სცემენ საკუთარი შეხედულებების ერთგულებისთვის.
„იეჰოვა დაგეხმარება“
6, 7. ა) როგორ უქადაგა თანაკლასელებს ერთმა 17 წლის გოგონამ? ბ) რა ისწავლე ჯენიფერის შემთხვევიდან?
6 როგორ უნდა მოიკრიბო გამბედაობა, შენს რწმენაზე ლაპარაკი რომ შეძლო? განა არ ჯობია გულწრფელი პასუხის გაცემა, როდესაც ვინმე დაინტერესდება, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? აი, როგორ მოიქცა 17 წლის ჯენიფერი. „შესვენებაზე ბუფეტში ვისხედით. გოგოები რელიგიაზე ლაპარაკობდნენ და ერთერთმა მკითხა, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარო“, — გვიამბობს იგი. საინტერესოა, ღელავდა თუ არა ჯენიფერი პასუხის გაცემამდე. „დიახ, ვღელავდი, — აღიარებს ის, — რადგან არ ვიცოდი, გოგოებს რა რეაქცია ექნებოდათ“. როგორ მოიქცა ის? „ვუთხარი, იეჰოვას მოწმე ვარ-მეთქი. შევატყვე, რომ გაუკვირდათ. როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეებს უცნაურ ხალხად მიიჩნევდნენ. შეკითხვები დამისვეს და მეც შესაძლებლობა მომეცა, ზოგიერთ საკითხზე სწორი თვალსაზრისი შემექმნა მათთვის. იმ დღის შემდეგ ზოგი მათგანი შეკითხვებს მისვამს ხოლმე“.
7 ნანობს ჯენიფერი, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობა გამოიყენა? არა! „შესვენების შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, — ამბობს ის. — ახლა იმ გოგოებმა უკეთესად იციან, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები“. ჯენიფერი უბრალო რჩევას იძლევა: „თუ გიჭირს თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან ქადაგება, შენთვის მოკლედ ილოცე. იეჰოვა დაგეხმარება. კმაყოფილი იქნები, რომ ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვი“ (1 პეტრე 3:15).
8. ა) როგორ დაეხმარა ლოცვა ნეემიას მოულოდნელ სიტუაციაში? ბ) სკოლაში რა შემთხვევებში იქნებოდა კარგი, შენთვის გელოცა?
8 ყურადღება მიაქციე ჯენიფერის რჩევას — როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა, კარგი იქნება ‘შენთვის მოკლედ ილოცო’. სწორედ ასე მოიქცა მოულოდნელ სიტუაციაში სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს (ბიბლიაში ართახშასთა) მწდე. ნეემია დამწუხრებული იყო ცუდი ამბის გამო — იუდაელები სავალალო მდგომარეობაში იყვნენ და იერუსალიმის კედლები თუ კარიბჭეები ნანგრევებად იყო ქცეული. მეფემ შენიშნა, რომ ნეემიას რაღაც აწუხებდა და ჰკითხა, რაზე დარდობდა. პასუხის გაცემამდე ნეემიამ თავისთვის ილოცა, რათა ღმერთი დახმარებოდა. შემდეგ კი გაბედულად სთხოვა მეფეს, იერუსალიმში დაბრუნებისა და ქალაქის აღდგენის ნება მიეცა. არტაქსერქსემ ნეემიას თხოვნა შეუსრულა (ნეემია 2:1—8). რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა და განიცდი, არ დაგავიწყდეს შენთვის ლოცვა. „თქვენი ყველა საზრუნავი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7; ფსალმუნები 54:23).
„მზად იყავით, რომ . . . უპასუხოთ“
9. როგორ გაავრცელა 13 წლის გოგონამ 23 ეგზემპლარი წიგნისა „ახალგაზრდების შეკითხვები“?
9 აი, კიდევ ერთი მაგალითი. 13 წლის გოგონა, სახელად ლია, სკოლაში დასვენებაზე კითხულობდა წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“a. „ბავშვები მიყურებდნენ, — ჰყვება ის, — და მალე ჩემ გარშემო შეგროვდნენ. აინტერესებდათ, რას ვკითხულობდი“. დღის ბოლოს ოთხმა გოგონამ სთხოვა ლიას ეს წიგნი. მოგვიანებით ამ გოგონებმა წიგნები თავიანთ მეგობრებს ათხოვეს და მათაც მოისურვეს პირადი ეგზემპლარები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიამ, მთლიანობაში, 23 ეგზემპლარი გაავრცელა. ადვილი იყო ლიასთვის ლაპარაკის დაწყება, როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს, თუ რა წიგნს კითხულობდა? არა! „თავიდან ვღელავდი“, — ამბობს ლია, — მაგრამ ვილოცე და ვიცოდი, რომ იეჰოვა ჩემთან იყო“.
10, 11. როგორ დაეხმარა პატარა ისრაელი გოგონა სირიელ მხედართმთავარს იეჰოვას გაცნობაში და რა იყო ამის შედეგი?
10 ლიას შემთხვევა სირიაში ტყვედ წაყვანილი პატარა ისრაელი გოგონას შემთხვევას გვაგონებს. ნაყამანი, სირიელი მხედართმთავარი, კეთრით იყო დაავადებული. შესაძლოა მისმა ცოლმა მოიხსენია ისრაელ გოგონასთან ეს საკითხი, რამაც გოგონას თავის რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა მისცა. „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან“, — უთხრა მან ნაყამანის მეუღლეს (4 მეფეთა 5:1—3).
11 პატარა გოგონას რომ გამბედაობა არ გამოევლინა, ნაყამანი ვერ დარწმუნდებოდა, რომ ‘მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელში იყო ღმერთი’. მან ისიც კი გადაწყვიტა, რომ ‘უფლის გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა მსხვერპლს’ (4 მეფეთა 5:15, 17). იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ამ გოგონას გამბედაობა. ის დღესაც აკურთხებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ლია ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა. მოგვიანებით მას სკოლაში რამდენიმე ამხანაგმა უთხრა, რომ „ახალგაზრდების შეკითხვებში“ მოცემულ რჩევებს იყენებდნენ. „ძალიან გამიხარდა, — ამბობს ლია, — რომ დავეხმარე მათ, მეტი გაეგოთ იეჰოვას შესახებ და ცხოვრება შეეცვალათ“.
12. რა დაგეხმარება რწმენის შესახებ ლაპარაკში?
12 ჯენიფერისა და ლიას მსგავსად, შესაძლებელია, რომ შენც გქონდეს საინტერესო შემთხვევები. პეტრე მოციქული გვირჩევს: „მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). როგორ შეძლებ ამას? მიჰბაძე პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას ლოცვაში სთხოვდნენ „მთელი გაბედულებით“ ლაპარაკში დახმარებას (საქმეები 4:29). შემდეგ გამბედაობა მოიკრიბე შენს რწმენაზე სალაპარაკოდ. თვითონვე გაოცდები შედეგებით. რაც მთავარია, ამით გულს გაუხარებ იეჰოვას.
ვიდეოფილმები და სასკოლო ღონისძიებები
13. რა შესაძლებლობებს იყენებენ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები საქადაგებლად? (იხილე ჩარჩოები მე-20 და 21-ე გვერდებზე).
13 ბევრმა ახალგაზრდამ ვიდეოფილმების გამოყენებით აუხსნა სკოლის ამხანაგებსა და მასწავლებლებს საკუთარი მრწამსი. ზოგს სასკოლო ღონისძიებების დროს მიეცა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა. მაგალითად, იეჰოვას ორ მოწმეს, 15 წლის ბიჭებს, მსოფლიო ისტორიაში დავალებად მიცემული ჰქონდათ რომელიმე რელიგიის შესახებ მოხსენების დაწერა. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) და ერთად დაეწერათ მოხსენება იეჰოვას მოწმეებზეb. კლასში მათ ხუთწუთიანი მოხსენებაც უნდა წარმოეთქვათ. მათი მოხსენების შემდეგ მასწავლებელსა და მოსწავლეებს იმდენი კითხვა დაებადათ, რომ ბიჭებს კლასის წინაშე კიდევ 20 წუთი მოუწიათ ლაპარაკი. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თანაკლასელები მათ დროდადრო შეკითხვებს უსვამდნენ იეჰოვას მოწმეებზე.
14, 15. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა შიში მახეა? ბ) რატომ უნდა გაუზიარო თანატოლებს შენი მრწამსი?
14 ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ღმერთი გაკურთხებს, თუ სხვებთან საკუთარი შეხედულებების შესახებ ილაპარაკებ. არ დაუშვა, რომ ადამიანთა მიმართ შიშის გამო დაკარგო ეს დიდებული შესაძლებლობა და სიხარული, რომელსაც აუცილებლად იგრძნობ, თუ სხვებს იეჰოვას გაცნობაში დაეხმარები. ბიბლიაში ნათქვამია: „ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება“ (იგავები 29:25).
15 გახსოვდეს, რომ შენ, ქრისტიან ახალგაზრდას, შეგიძლია თანატოლებს ცხოვრების საუკეთესო გზა დაანახვო და მარადიული სიცოცხლის შესახებ აღთქმები გაუზიარო; ეს კი მათ ნამდვილად სჭირდებათ (1 ტიმოთე 4:8). საინტერესოა, რომ ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სადაც, შეიძლება იფიქრო, რომ ხალხი გულგრილი და ნაკლებად რელიგიურია) ახალგაზრდების ნახევარი მაინც უყურებს რელიგიას სერიოზულად. მესამედი კი ამბობს, რომ რელიგია მათ ცხოვრებაზე „უდიდეს გავლენას“ ახდენს. როგორც ჩანს, ასეთივე სიტუაციაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თუ ასეა, სკოლაში შენი თანატოლებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, ბიბლიაზე საუბარი.
-
-
ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]
შემთხვევები, რომლებსაც ზოგი ახალგაზრდა რწმენაზე სალაპარაკოდ იყენებს
სასკოლო ღონისძიებების დროს ზოგი მოხსენებისთვის ირჩევს თემას, რომელიც ქადაგების შესაძლებლობას იძლევა.
ბევრ ახალგაზრდას მასწავლებელთან მიაქვს ვიდეოკასეტა ან პუბლიკაცია, რომელიც გაკვეთილის თემას ეხება.
ზოგი დასვენებაზე კითხულობს ბიბლიას ან ბიბლიაზე დაფუძნებულ რომელიმე პუბლიკაციას, რითაც ამხანაგები ინტერესდებიან და შეკითხვებს უსვამენ.
-