საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყავით ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • იყავით ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი

      „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15).

      1, 2. ა) რატომ სჭირდებათ მუშებს იარაღები? ბ) რა სამუშაო გვაქვს შესასრულებელი ქრისტიანებს და როგორ ცხადვყოფთ, რომ უპირველესად სამეფოს ვეძებთ?

      სამუშაოს შესასრულებლად მუშებს იარაღები სჭირდებათ, მაგრამ მათ არ გამოადგებათ ნებისმიერი იარაღი. აუცილებელია საჭირო იარაღები და მათი სათანადო გამოყენება. მაგალითად, თუ ფარდულის ასაშენებლად ერთმანეთზე უნდა დაამაგროთ ფიცრები, საკმარისი არ არის ჩაქუჩისა და ლურსმნების ქონა. საჭიროა იცოდეთ, როგორ დააჭედოთ ლურსმანი ისე, რომ არ მოღუნოთ. ჩაქუჩის გამოყენება თუ არ გეცოდინებათ, ლურსმნის დაჭედება გაგიჭირდებათ, ან საერთოდ ვერ შეძლებთ. იარაღების სათანადო გამოყენება კი დაგეხმარებათ, ბოლომდე შეასრულოთ სამუშაო.

      2 ჩვენც, ქრისტიანებს, სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. იესო ქრისტეს მითითებისამებრ, მისმა მიმდევრებმა ‘უპირველესად სამეფო უნდა ვეძიოთ’ (მათე 6:33, აქ). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? უპირველესად, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში გულმოდგინების გამოვლენით; აგრეთვე ჩვენი მსახურების მხოლოდ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებითა და კარგი საქციელით (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 8:25; 1 პეტრე 2:12). ჩვენი ქრისტიანული მოვალეობის ეფექტურად შესასრულებლად და ამით კმაყოფილების მისაღებად საჭიროა, სათანადო იარაღები გვქონდეს და მათი სწორად გამოყენება ვიცოდეთ. ამ მხრივ, კარგი მაგალითი დაგვიტოვა პავლე მოციქულმა. ის თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, მისთვის მიებაძათ (1 კორინთელთა 11:1; 15:10). რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს, ჩვენი თანამსახურის, მაგალითიდან?

      პავლე — ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებელი

      3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პავლე მოციქული გულმოდგინედ შრომობდა სამეფოს საქმისთვის?

      3 როგორ ასრულებდა პავლე სამუშაოს? გულმოდგინედ. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობა ექადაგა. ამ დაუღალავმა მოციქულმა გაგვიმხილა, რა იყო მისი გულმოდგინე ქადაგების მიზეზი. პავლემ დაწერა: „თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16). იყო თუ არა პავლე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენით დაინტერესებული? არა. ის არ იყო ეგოისტი. მას სურდა, რომ სხვებსაც მიეღოთ სარგებლობა სასიხარულო ცნობიდან. „ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“, — დაწერა პავლემ (1 კორინთელთა 9:23, აქ).

      4. რომელი იარაღია ქრისტიანებისთვის ყველაზე ძვირფასი?

      4 პავლე მოციქული თავმდაბალი ადამიანი იყო და ესმოდა, რომ მხოლოდ საკუთარ უნარს ვერ დაეყრდნობოდა. მსმენელთა გულებში ჭეშმარიტების ჩასაბეჭდად, პავლეს სათანადო იარაღი სჭირდებოდა ისევე, როგორც დურგალს სჭირდება ჩაქუჩი სამუშაოდ. ძირითადად, რა იარაღს იყენებდა ის? ღვთის სიტყვას, წმინდა წერილებს. მის მსგავსად, მოწაფეების მომზადებისას ძირითად იარაღად ჩვენც ბიბლიას ვიყენებთ.

      5. რა უნდა გავაკეთოთ ბიბლიიდან ციტირების გარდა იმისათვის, რომ ეფექტური მქადაგებლები ვიყოთ?

      5 პავლეს ესმოდა, რომ ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა წმინდა წერილებიდან ციტირებაზე მეტს გულისხმობდა. ის ხალხს „დამაჯერებლად ელაპარაკებოდა“ (საქმეები 28:23, აქ). რაში გამოიხატებოდა მისი დამაჯერებლობა? პავლე ბიბლიას სათანადოდ იყენებდა იმ მიზნით, რომ მსმენელები დაერწმუნებინა, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მიეღოთ. ის მსჯელობდა მათთან. ეფესოს სინაგოგაში პავლე სამი თვის განმავლობაში „საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ“. „ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს“, მაგრამ სხვები უსმენდნენ. პავლეს მსახურების შედეგად, ეფესოში „ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა“ (საქმეები 19:8, 9, 20).

      6, 7. როგორ ადიდებდა პავლე თავის მსახურებას და ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

      6 პავლე, ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებელი, ‘ადიდებდა თავის მსახურებას’ (რომაელთა 11:13). როგორ? მას არ სურდა თავის განდიდება და არ რცხვენოდა, ხალხში ღვთის თანამშრომლად ყოფილიყო აღიარებული. პირიქით, ის მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობას უდიდეს პატივად მიიჩნევდა. პავლე დახელოვნებული მქადაგებელი იყო და ეფექტურად გადასცემდა ღვთის სიტყვას. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა სხვებისთვისაც სტიმული იყო მსახურების გასაუმჯობესებლად. ამ მხრივაც იყო პავლეს მსახურება განდიდებული.

      7 პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია განვადიდოთ ჩვენი მსახურება ღვთის სიტყვის ხშირი და ეფექტური გამოყენებით. სამქადაგებლო მსახურების ნებისმიერ სფეროში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტს გავუზიაროთ ბიბლიური აზრები. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მეტი დამაჯერებლობით? ამისათვის სამი ძირითადი საშუალება არსებობს: 1) ყურადღება გავამახვილოთ ღვთის სიტყვაზე ისე, რომ მსმენელი მის მიმართ პატივისცემით განვაწყოთ; 2) ტაქტიანად ავხსნათ ბიბლიური მუხლები და დავანახვოთ მსმენელს, როგორ უკავშირდება ბიბლიაში ნათქვამი საუბრის თემას; 3) დამაჯერებლად ვიმსჯელოთ წმინდა წერილების საფუძველზე.

      8. რა იარაღები გვაქვს სამეფოს მქადაგებლებს და პირადად როგორ იყენებთ მათ?

      8 დღეს სამეფოს მქადაგებლებს გვაქვს იარაღები, რომლებიც პავლე მოციქულს არ ჰქონდა — წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, მოსაწვევი ბარათები, ტრაქტატები და აუდიო-ვიდეო კასეტები. წინა საუკუნეში მქადაგებლები იყენებდნენ სამქადაგებლო ბარათებს, ფონოგრაფებს, რადიოსა და მანქანებს, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლები იყო დამონტაჟებული. ცხადია, ჩვენი საუკეთესო იარაღი ბიბლიაა. ამიტომაც, ეს უბადლო იარაღი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ.

      ჩვენი მსახურება ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული

      9, 10. რას ვსწავლობთ ღვთის სიტყვის გამოყენებასთან დაკავშირებით პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევიდან?

      9 როგორ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა ეფექტურად? ყურადღება მივაქციოთ, რა უთხრა პავლე მოციქულმა თანამსახურ ტიმოთეს: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). რას გულისხმობს ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’?

      10 ბერძნული სიტყვა, რომელიც „სწორად გადამცემად“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით „სწორად გაჭრას“ ან „გზის პირდაპირ გაკვალვას“ ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სიტყვას მხოლოდ პავლე მოციქული იყენებს ტიმოთეს შეგონებისას. იგივე სიტყვა, შესაძლოა, მინდვრის ხვნისას სწორი კვალის გავლებასთან დაკავშირებითაც იყოს გამოყენებული. მრუდე კვალის გავლება სამარცხვინო იქნებოდა გამოცდილი მხვნელისთვის. პავლეს სურდა, ტიმოთე „შეურცხვენელი მუშაკი“ ყოფილიყო. ამიტომ შეახსენა, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლებებიდან ოდნავადაც არ გადაეხვია. ტიმოთეს სწავლებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა პირად თვალსაზრისს. მისი ქადაგება და სწავლება მხოლოდ წმინდა წერილებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული (2 ტიმოთე 4:2—4). ასე თუ მოიქცეოდა, გულწრფელი ადამიანები ამა თუ იმ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისს გაიზიარებდნენ და მათ აზროვნებაზე გავლენას ვერ მოახდენდა წუთისოფლის ფილოსოფიური შეხედულებები (კოლასელთა 2:4, 8). ეს ასეა დღესაც.

      ჩვენი ქცევა სანაქებო უნდა იყოს

      11, 12. რა კავშირია ჩვენს ქცევასა და ღვთის სიტყვის სწორად გადაცემას შორის?

      11 ღვთის სიტყვის სწორად გადასაცემად ჩვენგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება. საჭიროა, ჩვენი ქცევაც ღვთის სიტყვასთან იყოს შეთანხმებული. ყოვლად დაუშვებელია მოჩვენებითი საქციელი, „ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელთა 3:9). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი! ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ! კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ!“ (რომაელთა 2:21, 22). ამიტომაც, ჩვენთვის, როგორც ღვთის თანამშრომლებისთვის, მისი სიტყვის სწორად გადაცემის ერთ-ერთი საშუალებაა, ყურად ვიღოთ შემდეგი შეგონება: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6).

      12 რას მოვიმკით, თუ ღვთის სიტყვის სწორად გადამცემნი ვიქნებით? ვნახოთ, რა გავლენას ახდენს ღვთის სიტყვა, ბიბლია, გულწრფელ ადამიანებზე.

      ღვთის სიტყვას ადამიანის შეცვლის ძალა შესწევს

      13. რა შედეგი მოაქვს ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობას?

      13 ღვთის სიტყვა უდიდეს გავლენას ახდენს მათზე, ვინც მას სანდოდ მიიჩნევს. მისი დახმარებით ბევრი მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ცხოვრებაში. პავლე ღვთის სიტყვის ამგვარი მოქმედების მოწმე იყო და მის დადებით ზეგავლენას ხედავდა იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებმაც ძველ თესალონიკეში ქრისტიანობა მიიღეს. მან თესალონიკელ ქრისტიანებს უთხრა: „ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო“ (1 თესალონიკელთა 2:13). ამ ქრისტიანებისთვის — ისევე, როგორც ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მიმდევრისთვის — ადამიანის სუსტი ლოგიკა ვერც კი შეედრებოდა ღვთის უბადლო სიბრძნეს (ესაია 55:9). თესალონიკელებმა ‘დიდ გასაჭირში მიიღეს სიტყვა, სულიწმიდის სიხარულით’ და სამაგალითონი გახდნენ თანამორწმუნეთათვის (1 თესალონიკელთა 1:5—7).

      14, 15. რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა და რატომ?

      14 ღვთის სიტყვას, როგორც მის ავტორს, იეჰოვას, უდიდესი ძალა აქვს. ის მომდინარეობს „ცოცხალი ღვთისგან“, ვისი სიტყვითაც „შეიქმნა ზეცა“ და ვის სიტყვასაც ყოველთვის აქვს ‘წარმატება იმაში, რისთვისაც არის მივლენილი’ (ებრაელთა 3:12; ფსალმუნები 32:6; ესაია 55:11). ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „ღმერთი არასდროს ემიჯნება თავის სიტყვას. ის არ იცილებს მას, როგორც უცხო სხეულს . . . ამიტომაც, მისი სიტყვა არასდროს არის მკვდარი და უგრძნობი იმის მიმართ, ყურად იღებენ თუ არა მას; ის ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოცხალ ღმერთთან“.

      15 რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა? მას უსაზღვრო ძალა აქვს. პავლე მოციქულმა მართებულად დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12).

      16. რამდენად მნიშვნელოვნად ცვლის ღვთის სიტყვა ადამიანს?

      16 ღვთის სიტყვა „ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია“. მას ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ნებისმიერ იარაღზე მეტი ძალა აქვს. ღვთის სიტყვა გულამდე და გონებამდე აღწევს და შინაგანად ცვლის პიროვნებას — გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებასა თუ მისწრაფებებზე და მას ღვთისთვის მოსაწონ მსახურად აქცევს. ის მართლაც რომ მძლავრი იარაღია!

      17. ახსენით, როგორ შეუძლია ადამიანის შეცვლა ღვთის სიტყვას?

      17 ღვთის სიტყვა ააშკარავებს, სინამდვილეში შინაგანად როგორია ადამიანი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და როგორ უყურებენ მას სხვები (1 მეფეთა 16:7). ზოგჯერ ბოროტ ადამიანებსაც შეუძლიათ, თავიანთი პიროვნული თვისებები მოჩვენებითი გულკეთილობითა და ღვთისმოსაობით შენიღბონ. ისინი თვალთმაქცურად იქცევიან მზაკვრული მიზნების მისაღწევად. ამაყი ადამიანები თავმდაბალი პიროვნების როლს თამაშობენ და ამ დროს მთელი გულით იმისკენ ილტვიან, რომ სხვებმა განადიდონ. ღვთის სიტყვა კი ააშკარავებს, თუ როგორი გული აქვს ადამიანს. ის თავმდაბალ ადამიანებს აღძრავს, მოიშორონ ძველი პიროვნება და ‘შეიმოსონ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფესელთა 4:22—24, აქ). ღვთის სიტყვას იმის ძალაც შესწევს, რომ ბუნებით გაუბედავი ადამიანები იეჰოვას გამბედავ მოწმეებად და სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებლებად აქციოს (იერემია 1:6—9).

      18, 19. ამ აბზაცებიდან გამომდინარე ან სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევის გამოყენებით ახსენით, როგორ შეუძლია ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა.

      18 ღვთის სიტყვის ძალა დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანზე. მაგალითად, სამეფოს მქადაგებლები პნომპენიდან (კამბოჯა) ორი თვის განმავლობაში დადიოდნენ საქადაგებლად კამპონგტიამის პროვინციაში. ერთ ადგილობრივ პასტორ ქალს მქადაგებლებთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მათ შესახებ სხვა პასტორებმა უარყოფითი აზრები გამოთქვეს. შეხვედრისას მან იეჰოვას მოწმეებს უამრავი შეკითხვა დაუსვა დღესასწაულებთან დაკავშირებით და ყურადღებით ისმენდა ბიბლიაზე დაფუძნებულ მსჯელობას. ბოლოს მან ასეთი რამ თქვა: „აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს ის, რაც პასტორებმა თქვენ შესახებ მითხრეს. მათ თქვეს, რომ ბიბლიას არ იყენებთ, მაგრამ ვხედავ, თქვენ მხოლოდ ბიბლიით ხელმძღვანელობთ!“.

      19 ამ ქალმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესახებ საუბრები განაგრძო და არ შეუშინდა მუქარას, რომ პასტორად მსახურების ნებას აღარ მისცემდნენ. მქადაგებლებთან საუბრების შესახებ ის თავის მეგობარ ქალსაც დაელაპარაკა. ამ ქალმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნასწავლმა, რომ ერთ-ერთი საეკლესიო მსახურებისას, რომელსაც ესწრებოდა, ხალხს მოუწოდა: „დაიწყეთ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა“. მალე ყოფილი პასტორის გარდა, მას სხვებიც შეუერთდნენ ბიბლიის შესწავლაში.

      20. როგორ ცხადყოფს განელი ქალის, პაულინას, მაგალითი, რომ ღვთის სიტყვა ძლიერია?

      20 ღვთის სიტყვა რომ ძლიერია, ამას კარგად ცხადყოფს განელი ქალის, პაულინას, მაგალითი. მას ბიბლიას ასწავლიდა სრული დროით მქადაგებელი წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“a დახმარებით. პაულინა ხედავდა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა, რადგან მის ქმარს სხვა ცოლებიც ჰყავდა. ქმარი და ნათესავები კი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ, რათა ამის საშუალება არ მიეცათ. პაულინას პაპა, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე და ეკლესიის პრესვიტერი, მისი გადაწყვეტილების შეცვლას მათეს 19:4—6 მუხლების არასწორი გამოყენებით შეეცადა. ის დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, პაულინა მაშინვე მიხვდა, რომ მდგომარეობა ჰგავდა იმ შემთხვევას, როდესაც იესოს შესაცდენად სატანა ბიბლიურ მუხლებს ამახინჯებდა (მათე 4:5—7). მან სწორად გაიხსენა ქორწინებასთან დაკავშირებით იესოს მიერ გასაგებად წარმოთქმული სიტყვები, რომ ღმერთმა ადამიანები მამაკაცად და ქალად შექმნა და არა მამაკაცად და ქალებად; და რომ ერთ ხორცად ორი უნდა გამხდარიყო და არა სამი. პაულინამ თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. საბოლოოდ, მან შეძლო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიხედვით გაყრა და პოლიგამიური ქორწინებისგან თავის დაღწევა. მალე ის მოინათლა და სამეფოს შესახებ მაუწყებელი გახდა.

      განაგრძეთ ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა

      21, 22. ა) რას უნდა შევეცადოთ სამეფოს შესახებ მქადაგებლები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 ღვთის სიტყვა, ბიბლია, მართლაც რომ ძლიერი იარაღია. მისი საშუალებით ადამიანებს ვეხმარებით, ცვლილებები მოახდინონ ცხოვრებაში, რათა იეჰოვას დაუახლოვდნენ (იაკობი 4:8). ამიტომაც, როგორც გამოცდილი ხელოსნები იყენებენ იარაღებს, დაე, ჩვენც ისე შევეცადოთ ბიბლიის გამოყენებას ღვთის მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეში.

      22 როგორ შეგვიძლია წმინდა წერილების უფრო ეფექტურად გამოყენება მოწაფეების მომზადების საქმეში? ერთ-ერთი საშუალება დამაჯერებლად სწავლების უნარის განვითარებაა. მომდევნო სტატიაში მოცემულია რჩევები, როგორ უნდა ვასწავლოთ და დავეხმაროთ სხვებს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მიიღონ.

  • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში

      «აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“» (საქმეები 26:28).

      1, 2. როგორ აღმოჩნდა პავლე მოციქული გამგებელ ფესტუსისა და მეფე ჰეროდე აგრიპა II–ს წინაშე?

      კესარიაში ახ. წ. 58 წელს რომაელ გამგებელ პორკიოს ფესტოსს (პორციუს ფესტუსი) მეფე ჰეროდე აგრიპა II და მისი და, ბერნიკე, ეწვივნენ. ისინი „დიდი ბრწყინვალებით . . . შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად“. ამის შემდეგ, ფესტუსის ბრძანებით, დარბაზში პავლე მოციქული შეიყვანეს. როგორ აღმოჩნდა გამგებელ ფესტუსის სამსჯავრო ტახტის წინ იესო ქრისტეს მიმდევარი? (საქმეები 25:13—23).

      2 ამ კითხვაზე პასუხს ფესტუსის სიტყვებიდან ვიგებთ. აი, რა უთხრა მან სტუმრებს: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა განსჯის შემდეგ მისაწერი მექნეს. ვინაიდან უაზროდ მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული“ (საქმეები 25:24—27).

      3. რატომ სდებდნენ ბრალს პავლეს რელიგიური წინამძღოლები?

      3 ფესტუსის სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლეს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, თითქოსდა ის ხალხს ამბოხებისკენ მოუწოდებდა. ასეთი დამნაშავისთვის კი სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ (საქმეები 25:11). ცხადია, პავლე უდანაშაულო იყო. იერუსალიმის რელიგიური წინამძღოლები მას შურის გამო სდებდნენ ბრალს. ისინი აღშფოთებულები იყვნენ, რომ პავლე ხალხს ეხმარებოდა, იესო ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ, და წინააღმდეგობას უწევდნენ მას, რათა ღვთის სამეფოს შესახებ ვეღარ ექადაგა. იერუსალიმიდან პავლე შეიარაღებული დაცვის თანხლებით ჩაიყვანეს საპორტო ქალაქ კესარიაში, სადაც მან კეისრის სამსჯავრო მოითხოვა. იქიდან ის რომში უნდა წაეყვანათ.

      4. რა გასაოცარ სიტყვებს წარმოთქვამს აგრიპა?

      4 წარმოიდგინეთ: პავლე გამგებლის სასახლეშია, სადაც შეკრებილებს შორის რომის იმპერიაში შემავალი მნიშვნელოვანი ტერიტორიის მმართველიც იმყოფება. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ნება გეძლევა ილაპარაკო“. პავლეს ლაპარაკის დროს საოცარი რამ ხდება. მისი ნათქვამი გავლენას ახდენს მეფეზე. მეფე აგრიპა პავლეს ეუბნება: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:1—28).

      5. რატომ იყო ეფექტური პავლეს მიერ აგრიპასთვის ნათქვამი სიტყვები?

      5 დაფიქრდით, რა მოხდა. პავლემ მოხერხებულად დაიცვა თავი, რის შედეგადაც ღვთის სიტყვის ძალამ გავლენა მოახდინა მეფეზე (ებრაელთა 4:12). რატომ გამოდგა პავლეს მიერ საკუთარი თავის დაცვა ასეთი ეფექტური? რა შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ, რაც მოწაფეების მომზადების საქმეში დაგვეხმარება? თუ დავაკვირდებით, აშკარად შევნიშნავთ ორ მხარეს: 1) პავლე დამაჯერებლად ლაპარაკობდა; 2) ის ღვთის სიტყვას ისევე მოხერხებულად იყენებდა, როგორც ხელოსანი იყენებს იარაღებს.

      ილაპარაკეთ დამაჯერებლად

      6, 7. ა) რას ნიშნავს ბიბლიაში სიტყვა „დამაჯერებლობა“? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია დამაჯერებლობა იმისათვის, რომ სხვებს ბიბლიური სწავლებების მიღებაში დავეხმაროთ?

      6 ბიბლიის წიგნში „მოციქულთა საქმეები“ პავლესთან დაკავშირებით ხშირად არის გამოყენებული დამაჯერებლობის მნიშვნელობის მატარებელი ბერძნული სიტყვები. როგორ უკავშირდება ეს მოწაფეების მომზადების საქმეს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ?

      7 ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ქრისტიანულბერძნული წერილების ორიგინალში სიტყვა „დამაჯერებლობა“ ნიშნავს ვინმეს „შენს მხარეს გადმოყვანას“ ან „აზროვნების შეცვლას მსჯელობის თუ მორალური ხასიათის მოსაზრებების მეშვეობით“. უფრო მეტს გვეუბნება ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა. ის ნდობასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ადამიანი რომ დავარწმუნოთ ბიბლიური სწავლებების სისწორეში, საჭიროა მისი ნდობა მოვიპოვოთ, რათა მან ამა თუ იმ სწავლების ჭეშმარიტება ირწმუნოს. ცხადია, მსმენელმა რომ დაიჯეროს ჩვენი სიტყვები და შესაბამისად მოიქცეს, საკმარისი არ არის, ვუთხრათ, რა წერია ბიბლიაში. ვინც უნდა იყოს ჩვენი მსმენელი — ბავშვი თუ უფროსი ასაკის ადამიანი; მეზობელი, თანამშრომელი, თანაკლასელი თუ ნათესავი — უნდა დარწმუნდეს, რომ სიმართლეა ის, რასაც ვეუბნებით (2 ტიმოთე 3:14, 15).

      8. რას მოიცავს ბიბლიურ ჭეშმარიტებაში ადამიანის დარწმუნება?

      8 როგორ უნდა დაარწმუნოთ ადამიანი, რომ ჭეშმარიტებაა ის, რასაც ღვთის სიტყვიდან ეუბნებით? პავლე ლოგიკური მსჯელობით, საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანითა და გულწრფელი მოწოდებით ცდილობდა მსმენელების აზროვნების შეცვლასa. აქედან გამომდინარე, საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ესა თუ ის სწავლება ჭეშმარიტია; საჭიროა, ეს სათანადოდ დაასაბუთოთ კიდეც. როგორ? უპირველესად, თქვენი ნათქვამი მხოლოდ ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პირად თვალსაზრისზე. გარდა ამისა, ბიბლიაზე დაფუძნებული გულწრფელი სიტყვების დასამტკიცებლად დამატებითი არგუმენტები უნდა მოიყვანოთ (იგავები 16:23). მაგალითად, ბიბლიური სწავლება, რომ ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე იცხოვრებენ სამოთხეში, შეგიძლიათ ესაიას 65:21—25 მუხლებით დაასაბუთოთ. როგორ უნდა განამტკიცოთ ეს ბიბლიური აზრი? ერთ–ერთი საშუალებაა მსმენელის ყოველდღიური ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა. შესაძლოა მოიხსენიოთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ შეგვიძლია დავტკბეთ მზის ჩასვლის ცქერით, ყვავილების სურნელით, ხილის სასიამოვნო გემოთი ან იმის დანახვით, თუ როგორ კვებავს ჩიტი თავის ბარტყებს. დაეხმარეთ მას, დაინახოს, რაზე მოწმობს ეს ყოველივე — დაეხმარეთ დარწმუნდეს, რომ შემოქმედს სურს სიცოცხლით გავიხაროთ დედამიწაზე (ეკლესიასტე 3:11, 12).

      9. როგორ შეგვიძლია ქადაგებისას გონიერების გამოვლენა?

      9 როცა ცდილობთ, ადამიანი ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტებაში დაარწმუნოთ, ფრთხილად იყავით, რომ თქვენი ენთუზიაზმი დოგმატურობად არ იქნეს აღქმული. ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს მსმენელის გულსა და გონებაზე. წიგნში „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“ ასეთი რჩევაა მოცემული: „შენი თვალსაზრისის დასამტკიცებლად არაერთი ბიბლიური მუხლიც რომ მოიყვანო, კარგ შედეგს არ მოიტანს, თუ პირდაპირ განუცხადებ ადამიანს, რომ არასწორია სწავლება, რომელსაც ის მნიშვნელოვნად თვლის და ასწავლი, რა უნდა სწამდეს. მაგალითად, საეჭვოა, მსმენელმა შეიცვალოს თვალსაზრისი ამა თუ იმ დღესასწაულის შესახებ, თუ მხოლოდ იმას ეტყვი, რომ ეს დღესასწაული წარმართული წარმოშობისაა. გონივრული მიდგომით უკეთეს შედეგს მიაღწევ“. რატომ უნდა შევეცადოთ გონივრულად მიდგომას? სახელმძღვანელოში ნათქვამია: „გონივრული მიდგომა . . . საუბრის გაგრძელების საფუძველს ქმნის; აგრეთვე მსმენელს აღძრავს, მოგვიანებითაც იფიქროს განხილულ საკითხზე და ნიადაგს ამზადებს შემდგომი საუბრებისთვის. ასეთი მიდგომა დამაჯერებელი ლაპარაკის შესაძლებლობასაც იძლევა“ (კოლასელთა 4:6).

      დაარწმუნეთ ისე, რომ დადებითი გავლენა მოახდინოთ მსმენელის გულზე

      10. რა სიტყვებით დაიწყო პავლემ მეფე აგრიპას წინაშე ლაპარაკი?

      10 ახლა საქმეების 26–ე თავიდან დაწვრილებით განვიხილოთ, რა თქვა პავლემ თავის დასაცავად. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაიწყო მან ლაპარაკი. პავლემ შესავალში აღნიშნა ის, რისთვისაც შეეძლო გულწრფელად შეექო აგრიპა, მიუხედავად იმისა, რომ მეფეს სამარცხვინო ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დასთან, ბერნიკესთან. მოციქულმა აგრიპას მიმართა: „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო“ (საქმეები 26:2, 3).

      11. როგორ გამოხატა პავლემ აგრიპას მიმართ პატივისცემა და რა დადებითი შედეგი მოჰყვა ამას?

      11 შენიშნეთ, რომ პავლემ აგრიპას მაღალი მდგომარეობა აღიარა, როდესაც მას ტიტულით მიმართა, ანუ მეფე უწოდა? ამით მან პატივისცემა გამოხატა აგრიპას მიმართ; პავლემ სიტყვების სწორად შერჩევით მიაგო მეფეს პატივი (1 პეტრე 2:17). მოციქულმა აღიარა, რომ აგრიპა კარგად ერკვეოდა თავის ქვეშევრდომ იუდეველთა რთულ წეს–ჩვეულებებსა თუ კანონებში და აღნიშნა, რომ მოხარული იყო, რადგან საქმეში ჩახედული მმართველის წინაშე თავის დაცვის შესაძლებლობა ეძლეოდა. პავლე, ქრისტიანი, არ მოქცეულა აგრიპაზე, არაქრისტიანზე, მაღლა მდგომივით (ფილიპელთა 2:3). მან თავმდაბლურად სთხოვა მეფეს, მოთმინებით მოესმინა. ასეთი საქციელით პავლემ შექმნა ატმოსფერო, რომელიც აგრიპას და სხვა მსმენელებს უფრო მეტად განაწყობდა მისი ნათქვამის სწორად მისაღებად. ამით მოამზადა ნიადაგი — საერთო ენა გამონახა და საუბარი ააგო.

      12. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენმა სიტყვებმა მსმენელის გულამდე მიაღწიოს?

      12 შევეცადოთ, მივბაძოთ პავლეს, რათა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, შესავლიდან დასკვნის ჩათვლით, მსმენელის გულამდე აღწევდეს. ამისათვის საჭიროა, პატივისცემა გამოვხატოთ ადამიანისადმი, რომელსაც ვუქადაგებთ და გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობა თუ პირადი შეხედულებები (1 კორინთელთა 9:20—23).

      ეფექტურად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა

      13. როგორ შეგიძლიათ, პავლეს მსგავსად, მოქმედებისკენ აღძრათ მსმენელები?

      13 პავლეს სურდა მსმენელები აღეძრა, სასიხარულო ცნობასთან შეთანხმებულად მოქცეულიყვნენ (1 თესალონიკელთა 1:5—7). ამისათვის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათ სიმბოლურ გულზე, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. განვაგრძოთ აგრიპას წინაშე პავლეს თავდაცვის განხილვა და ყურადღება მივაქციოთ, როგორ შეძლო მან ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვებზე დაყრდნობით (2 ტიმოთე 2:15).

      14. ახსენით, როგორ გამოიყენა პავლემ დამაჯერებლობის ხელოვნება აგრიპასთან საუბრისას.

      14 პავლემ იცოდა, რომ აგრიპა ფორმალურად იუდეველი იყო. მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აგრიპა იუდაიზმში კარგად ერკვეოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ქადაგებისას ‘არაფერს ამბობდა იმაზე მეტს, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ’ მესიის სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით (საქმეები 26:22, 23). პავლემ პირდაპირ მიმართა აგრიპას კითხვით: „წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა?“ აგრიპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ იტყოდა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვების არ სწამდა, რეპუტაცია შეერყეოდა, როგორც იუდეველ მორწმუნეს. მეორე მხრივ, თუ პავლეს არგუმენტებს დაეთანხმებოდა, მოციქულის მხარდამჭერი გამოვიდოდა და შესაძლებელი იყო, მისთვის ქრისტიანიც კი ეწოდებინათ. პავლე გონივრულად მოიქცა და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას. „ვიცი, რომ გწამს“, — თქვა მან. როგორი პასუხის გასაცემად აღძრა აგრიპა გულმა? „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — უპასუხა აგრიპამ პავლეს (საქმეები 26:27, 28). აგრიპა ქრისტიანი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც ჩანს, პავლეს სიტყვები მის გულს გარკვეულწილად შეეხო (ებრაელთა 4:12).

      15. როგორ შეძლო პავლემ თესალონიკეში კრების ჩამოყალიბება?

      15 მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას პავლე მსმენელებს მხოლოდ ფაქტებს კი არ გადასცემდა, არამედ ასაბუთებდა კიდეც ნათქვამს? ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემის’ მიზნით ასეთი მიდგომის შედეგად, ზოგი მსმენელი მორწმუნე ხდებოდა. სწორედ ასე მოხდა თესალონიკეში, სადაც პავლე სინაგოგაში იუდეველებსა და ღვთისმოშიშ არაებრაელებს ესაუბრებოდა. საქმეების 17:2—4–ში ვკითხულობთ: „პავლე, თავისი ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო“. პავლეს ნათქვამი „ზოგმა მათგანმა ირწმუნა“. პავლე მათ დამაჯერებლად ელაპარაკებოდა. ის წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა; აგრეთვე, საღვთო წერილის დახმარებით მსმენელებს უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია. რა მოჰყვა ამას? თესალონიკეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბება.

      16. რა უნდა გააკეთოთ, რომ მეტი კმაყოფილება მოგიტანოთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებამ?

      16 შეგიძლიათ თუ არა, უფრო დამაჯერებლად აუხსნათ მსმენელებს ღვთის სიტყვა? ასე თუ მოიქცევით, მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება. ამას მოწმობს იმ მქადაგებელთა მაგალითები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევა, უკეთესად გამოეყენებინათ ბიბლია ქადაგების დროს.

      17. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ეფექტურია ქადაგების დროს ბიბლიის გამოყენება, მოიყვანეთ მსახურებაში მომხდარი შემთხვევა ან მოკლედ გადმოეცით ის, რაც ამ აბზაცშია ნათქვამი.

      17 ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა დაწერა: „კარდაკარ ქადაგებისას ბევრ ძმას და დას ბიბლია ხელში უჭირავს. ამით საშუალება ეძლევათ, უფრო მეტ ადამიანს წაუკითხონ ბიბლიური მუხლები. ეს როგორც მობინადრეებს, ისე მაუწყებლებს ეხმარება, რომ ჩვენი მსახურება უპირველესად ბიბლიასთან დააკავშირონ და არა მხოლოდ ჟურნალებთან და წიგნებთან“. ცხადია, ქადაგებისას ხელში დავიჭერთ თუ არა ბიბლიას, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ადგილობრივ წეს–ჩვეულებებზე. როგორც უნდა იყოს, ჩვენი მიზანია, ისეთი მქადაგებლების რეპუტაცია გვქონდეს, რომლებიც ბიბლიის დახმარებით არწმუნებენ ხალხს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მიიღონ.

      გაიზიარეთ მსახურების შესახებ ღვთის თვალსაზრისი

      18, 19. ა) როგორ უყურებს ღმერთი ჩვენს მსახურებას და რატომ უნდა გავიზიაროთ მისი თვალსაზრისი? ბ) რა დაგვეხმარება განმეორებითი მონახულებებისას წარმატების მიღწევაში? (იხილეთ ჩარჩო „როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებებისას“).

      18 იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები მსმენელის გულამდე მივიტანოთ, ერთ–ერთი საშუალებაა, მსახურების შესახებ ღვთის თვალსაზრისი გავიზიაროთ და მოთმინება გამოვავლინოთ. ღმერთს სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა „მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). განა ჩვენც ეს არ გვსურს? აგრეთვე იეჰოვა მომთმენია და მისი მოთმინება ბევრს მონანიების შესაძლებლობას აძლევს (2 პეტრე 3:9). ამიტომაც, როდესაც ვხვდებით ადამიანს, რომელიც სამეფოს შესახებ ცნობას ისმენს, ინტერესის გასაღვივებლად აუცილებელია, ის კვლავ და კვლავ მოვინახულოთ. დრო და მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ ვუყუროთ, როგორ იზრდება ჭეშმარიტების მარცვალი (1 კორინთელთა 3:6). ჩარჩოში „როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებებისას“ მოცემულია რჩევები, რომლებიც მობინადრის ინტერესის გაღვივებაში დაგვეხმარება. გახსოვდეთ, რომ ხალხის ცხოვრება — მათი პრობლემები თუ მდგომარეობა — განუწყვეტლივ იცვლება. ხშირად მობინადრეები სახლში არ არიან და რამდენჯერმე გვიწევს მათთან მისვლა, რათა საუბრის საშუალება მოგვეცეს. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ჩვენ გვსურს, შესაძლებლობა მივცეთ მათ, ხსნის შესახებ ღვთის ცნობა მოისმინონ. ამიტომაც, ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას, მოგვცეს სიბრძნე, რათა გავიუმჯობესოთ დამაჯერებლად ქადაგების უნარი და დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში.

      19 კიდევ რა უნდა გავაკეთოთ ქრისტიანმა მსახურებმა, თუ შევხვდებით ადამიანს, რომელსაც ღვთის სამეფოს შესახებ მეტის გაგების სურვილი ექნება? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს მომდევნო სტატია.

      [სქოლიოები]

      a დამაჯერებლობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმძღვანელო „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“, თავები 48, 49, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
    • იქადაგეთ, რათა მოწაფეები მოამზადოთ

      „აკვილამ და პრისკილამ თან წაიყვანეს [აპოლონი] და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“ (საქმეები 18:26).

      1. რა სჭირდებოდა „მხურვალე სულით“ ანთებულ აპოლონს?

      პრისკილა და აკვილა, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ცოლ-ქმარი, აკვირდებოდნენ აპოლონს, რომელიც ეფესოს სინაგოგაში სიტყვით გამოდიოდა. მჭევრმეტყველ და დარწმუნების უნარით დაჯილდოებულ გამომსვლელს ხალხი სულგანაბული უსმენდა. ის „მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ“. მიუხედავად ამისა, აშკარად ჩანდა, რომ აპოლონმა „მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა“. იესო ქრისტეს შესახებ მისი სიტყვები სწორი იყო, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ორატორს ამის თაობაზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა. ქრისტეს შესახებ მას საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. საჭირო იყო, აპოლონს ცოდნა გაეღრმავებინა და გაეგო, რა როლს ასრულებდა იესო ქრისტე იეჰოვას განზრახვის შესრულებაში (საქმეები 18:24—26).

      2. რა რთული დავალება შეასრულეს პრისკილამ და აკვილამ?

      2 პრისკილამ და აკვილამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაუწოდეს დახმარების ხელი აპოლონს, რათა მას შესძლებოდა „ყოველივეს დაცვა“, რაც ქრისტემ თავის მიმდევრებს ამცნო (მათე 28:19, 20). ბიბლიაში ნათქვამია, რომ პრისკილამ და აკვილამ „თან წაიყვანეს [აპოლონი] და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“. გარკვეული მიზეზების გამო ზოგ ქრისტიანს შეიძლება თავი შეეკავებინა იმისგან, რომ აპოლონისთვის ესწავლებინა. რა მიზეზების გამო? რას ვსწავლობთ პრისკილასა და აკვილასგან, რომლებმაც საღვთო წერილის საფუძველზე ისაუბრეს აპოლონთან? როგორ დაგვეხმარება ამ შემთხვევის განხილვა იმაში, რომ დიდი ძალიხმევა მოვახმაროთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას?

      იფიქრეთ ხალხის მოთხოვნილებებზე

      3. რატომ არ შეუშალა ხელი აპოლონის ცოდნამ პრისკილასა და აკვილას, რომ მისთვის ესწავლებინათ?

      3 აპოლონი წარმოშობით იუდეველი იყო. ის, როგორც ჩანს, გაიზარდა ალექსანდრიაში, რომელიც იმ დროს ეგვიპტის დედაქალაქი და სამეცნიერო ცენტრი იყო; ამ ქალაქს განთქმული ჰქონდა სახელი დიდი ბიბლიოთეკით. ალექსანდრიაში მრავალი იუდეველი ცხოვრობდა. მათ შორის მრავლად იყვნენ მეცნიერებიც. სწორედ აქ ითარგმნა ებრაული წერილები ბერძნულ ენაზე. ეს ის თარგმანია, რომელიც სეპტუაგინტას სახელით გახდა ცნობილი. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ აპოლონი ‘ძლიერი იყო წერილებში’. აკვილა და პრისკილა კი კარვების მკეთებლები იყვნენ. იგრძნეს მათ თავი უსუსურად აპოლონის მჭევრმეტყველების გამო? არა. სიყვარულით აღძრული ეს წყვილი ხედავდა ადამიანს, მის მოთხოვნილებებს; ისინი აპოლონის დახმარებაზე ფიქრობდნენ.

      4. სად და როგორ მიიღო აპოლონმა საჭირო დახმარება?

      4 აპოლონი მჭევრმეტყველი კი იყო, მაგრამ დახმარებას საჭიროებდა. ასეთ დახმარებას ის ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მიიღებდა, მაგრამ ქრისტიანული კრების თანამორწმუნეებისგან მიიღო. აპოლონი მზად იყო, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ზომებს მიმართა ღმერთმა ადამიანთა ხსნისთვის. პრისკილამ და აკვილამ ის „თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა“.

      5. რას იტყოდით პრისკილასა და აკვილას სულიერობაზე?

      5 პრისკილა და აკვილა სულიერად ძლიერები იყვნენ. მათ რწმენას მყარი საფუძველი ჰქონდა. ისინი ‘მუდამ მზად იყვნენ, რომ ეპასუხათ ყველასთვის, ვინც იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვდა’ და მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მდიდარი იყო ეს ადამიანი, ღარიბი, განათლებული თუ მონა (1 პეტრე 3:15). აკვილას და მის ცოლს შეეძლოთ ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ (2 ტიმოთე 2:15). როგორც ჩანს, ისინი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ. ‘ცოცხალ და მოქმედ ღვთის სიტყვაზე’ დაფუძნებული სწავლება აპოლონის გულს შეეხო და მასზე დიდი გავლენა იქონია (ებრაელთა 4:12).

      6. საიდან ვიცით, რომ აპოლონმა დააფასა მისთვის გაწეული დახმარება?

      6 აპოლონმა დააფასა თავისი მასწავლებლების კარგი მაგალითი და მოწაფეების მომზადებაში კიდევ უფრო დახელოვნდა. ის ეფექტურად იყენებდა ცოდნას სასიხარულო ცნობის სხვებისთვის, განსაკუთრებით კი იუდეველებისთვის, საქადაგებლად. აპოლონმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ მრავალი იუდეველი ქრისტესთან დაკავშირებულ საკითხებში დაერწმუნებინა. ის ‘წერილებში ძლიერი’ იყო; ამიტომაც შეძლო მათთვის დაემტკიცებინა, რომ ძველი დროის ყველა წინასწარმეტყველი ელოდა ქრისტეს მოსვლას (საქმეები 18:24). ბიბლიაში ნათქვამია, რომ აპოლონი შემდეგ აქაიაში გაემგზავრა. იქ „დიდად დაეხმარა მათ, რომლებმაც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნეს. ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე“ (საქმეები 18:27, 28, აქ).

      ისწავლეთ სხვა მასწავლებლების მაგალითზე

      7. როგორ გახდნენ აკვილა და პრისკილა დახელოვნებული მასწავლებლები?

      7 როგორ გახდნენ აკვილა და პრისკილა ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებლები? გულმოდგინე პირადი შესწავლისა და შეხვედრებზე დასწრების გარდა, ამაში მათ, ალბათ, მოციქულ პავლესთან ახლო ურთიერთობა დაეხმარა. კორინთში ყოფნისას, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოციქული მათ სახლში ცხოვრობდა. ისინი ერთად კერავდნენ და არემონტებდნენ კარვებს (საქმეები 18:2, 3). წარმოიდგინეთ მათი საუბრები, რომლებიც, ალბათ, სულიერი საკითხების სიღრმეებს ეხებოდა. აკვილასა და პრისკილასთვის პავლესთან ურთიერთობა მართლაც რომ სულიერად ძალიან განმამტკიცებელი იქნებოდა! „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“, — ნათქვამია იგავების 13:20-ში (სსგ). ჯანსაღმა ურთიერთობამ მათ სულიერ ჩვევებზე სასიკეთო გავლენა იქონია (1 კორინთელთა 15:33).

      8. რა ისწავლეს პრისკილამ და აკვილამ პავლეს მსახურებაზე დაკვირვების შედეგად?

      8 პავლე პრისკილასა და აკვილასთვის, სამეფოს შესახებ მქადაგებლებისთვის, კარგი მასწავლებლის ცოცხალი მაგალითი იყო. წიგნში „საქმეები“ ნათქვამია, რომ პავლე „ყოველ შაბათს საუბრობდა [კორინთის] სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“. მოგვიანებით, როდესაც იქ სილა და ტიმოთე ჩავიდნენ, „მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო“. პრისკილამ და აკვილამ დაინახეს, რომ სინაგოგის წევრების მხრიდან არცთუ ისე დიდი ინტერესის გამოვლენის შემდეგ, პავლემ საქადაგებლად იქით გადაინაცვლა, სადაც უფრო მოუსმენდნენ — ის სინაგოგის გვერდით მდებარე სახლში შევიდა. იქ მოციქული კრისპოსს, „სინაგოგის მთავარს“, დაეხმარა, მოწაფე გამხდარიყო. ამ ცოლ-ქმარს, ალბათ, არც ის დარჩებოდა შეუმჩნეველი, რომ კრისპოსის მოწაფედ გახდომამ დიდი გავლენა იქონია იმ არემარეში ქადაგების ნაყოფიერებაზე. წმინდა წერილებში ნათქვამია: „კრისპოსმა . . . მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი, და მრავალმა კორინთოელმა, მოისმინა რა, ირწმუნა და მოინათლა“ (საქმეები 18:4—8).

      9. რა გავლენა იქონია პავლეს მაგალითმა პრისკილასა და აკვილაზე?

      9 სამეფოს შესახებ ქადაგებაში პავლეს მაგალითს სხვა ქრისტიანებმაც, მათ შორის პრისკილამ და აკვილამ, მიჰბაძეს. მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). პრისკილა და აკვილა პავლეს მაგალითისამებრ მოიქცნენ და აპოლონს დაეხმარნენ ქრისტიანული სწავლების უკეთესად გაგებაში. აპოლონი კი, თავის მხრივ, სხვებს დაეხმარა. ეჭვგარეშეა, რომ პრისკილა და აკვილა რომში, კორინთსა და ეფესოში მონაწილეობდნენ მოწაფეების მომზადების საქმეში (საქმეები 18:1, 2, 18, 19; რომაელთა 16:3—5).

      10. რა ისწავლეთ საქმეების მე-18 თავიდან, რასაც მოწაფეების მომზადების საქმეში გამოიყენებდით?

      10 რისი სწავლა შეგვიძლია საქმეების მე-18 თავიდან? როგორც აკვილამ და პრისკილამ ისწავლეს ბევრი რამ პავლესგან, ისე ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებლების მაგალითს და მოწაფეების მომზადების საქმეში გავუმჯობესდეთ. კარგია, ურთიერთობა ვიქონიოთ მათთან, ვინც ‘გულმოდგინედ’ და საფუძვლიანად ქადაგებს (საქმეები 18:5, აქ). დავაკვირდეთ, როგორ არწმუნებენ ისინი ხალხს ისე, რომ მთელი გულით იღებენ მათ ნათქვამს. ამგვარად დახელოვნება მოწაფეების მომზადებაში დაგვეხმარება. თუ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ურიგო არ იქნებოდა, დაინტერესებულისთვის გვერჩია, ოჯახის სხვა წევრები ან მეზობლები მოეწვია შესწავლაზე; ან გვეკითხა, კიდევ ვისთვის შეიძლებოდა ბიბლიის შესწავლის შეთავაზება (საქმეები 18:6—8).

      ეძებეთ ხალხის მოწაფეებად მომზადების შესაძლებლობები

      11. სად შეიძლება ახალი მოწაფეების პოვნა?

      11 პავლე და მისი თანამსახურნი მოწაფეების მომზადების მიზნით ქადაგებდნენ ყველგან — სახლებში, ბაზრებსა და გზაზე, როდესაც მოგზაურობდნენ. შეგიძლიათ თუ არა მსახურების გაფართოება სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებლებს, რომლებსაც ხალხის მოწაფეებად მომზადება გსურთ? შეგიძლიათ შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენება, რათა ღირსეულნი იპოვოთ და უქადაგოთ? რა საშუალებები გამონახეს ჩვენმა თანამორწმუნეებმა ხალხის მოწაფეებად მომზადების მიზნით? თავდაპირველად შევეხოთ ტელეფონით ქადაგების შესაძლებლობას.

      12—14. მოყევით, რამდენად ეფექტურია ტელეფონით ქადაგება და მოიყვანეთ საკუთარი ან აბზაცებში მოთხრობილი რომელიმე შემთხვევა.

      12 ბრაზილიაში, მრავალსართულიან სახლში კარდაკარ ქადაგებისას, ერთმა ქრისტიანმა (ვუწოდოთ მას მარია) ტრაქტატი მისცა ახალგაზრდა ქალს. ტრაქტატის სათაური მარიამ შესავლად გამოიყენა და მობინადრეს ჰკითხა: „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ ქალმა უპასუხა: „დიახ, მაგრამ მე მასწავლებელი ვარ და მთელი ჩემი დრო სამუშაოს მიაქვს“. ჩვენმა დამ აუხსნა, რომ ბიბლიურ თემებზე შეეძლოთ ტელეფონითაც ესაუბრათ. ქალმა მარიას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. მარიამ კი იმავე საღამოს დაურეკა და ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“a დახმარებით შესწავლა დაიწყო.

      13 ეთიოპიაში ტელეფონით ქადაგებისას სრული დროით მსახურმა ქრისტიანმა ერთ მამაკაცთან დაიწყო საუბარი. საუბრის დროს ყურმილში, შორიდან, ვიღაცის ძალიან გაღიზიანებული ხმაც ჩაესმა. მამაკაცმა სთხოვა, მოგვიანებით გადაერეკა. ჩვენი და ასეც მოიქცა, კაცმა კი მოიბოდიშა და აუხსნა, რომ მაშინ ის და თავისი ცოლი სერიოზულად კამათობდნენ. დამ მხედველობაში მიიღო მისი მდგომარეობა და ბიბლიის გონივრული რჩევების დახმარებით ოჯახური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე ილაპარაკა. აგრეთვე აღნიშნა, რომ მრავალ ოჯახს დაეხმარა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. რამდენიმე დღეში მამაკაცმა მიიღო ეს წიგნი და დამაც კვლავ დაურეკა. კაცმა უთხრა: „ამ წიგნმა ჩემი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა!“ როგორც გაირკვა, მას მთელი ოჯახი შეუკრებია და წიგნიდან საინტერესო საკითხები გაურჩევია. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო; მალე კი ქრისტიანულ შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრებოდა.

      14 ერთი დანიელი მაუწყებელი, რომელმაც ტელეფონით ქადაგების საშუალებით ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ამბობს: „სამსახურებრივმა ზედამხედველმა მირჩია, ტელეფონით მექადაგა. მე თავს ვიკავებდი და ვამბობდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო. ერთხელაც გამბედაობა მოვიკრიბე და დავრეკე. ყურმილი ქალმა, სახელად სონიამ, აიღო და მოკლე საუბრის შემდეგ ბიბლიური ლიტერატურის აღებაზე დამთანხმდა. ერთ საღამოს ჩვენ შემოქმედების თემაზე ვისაუბრეთ და მან მოისურვა წიგნის „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“b წაკითხვა. ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა ერთმანეთს შევხვედროდით ამ თემაზე სასაუბროდ. ის დამთანხმდა. სონიასთან რომ მივედი, უკვე მზად იყო შესწავლის დასაწყებად. მას შემდეგ ყოველკვირა ვატარებთ შესწავლას“. ჩვენი ქრისტიანი და თავის საუბარს ასე ამთავრებს: „მრავალი წლის განმავლობაში ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, ბიბლიის შესწავლა მქონოდა, მაგრამ სულ არ მოველოდი, რომ ამას ტელეფონით ქადაგების შედეგად დავიწყებდი“.

      15, 16. რა შემთხვევებს მოჰყვებოდით იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სასარგებლოა ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზნით სხვადასხვა შესაძლებლობების გამონახვა?

      15 მრავალმა წარმატებას მიაღწია იმის შედეგად, რომ გამოიყენა რჩევა, ექადაგა ყველგან, სადაც კი ხალხია. შეერთებულ შტატებში ერთმა ქრისტიანმა ქალმა თავისი მანქანა ავტოსადგომზე, სავაჭრო ავტოფურგონის გვერდით გააჩერა. იმ მანქანაში იჯდა ქალი, რომელთანაც დამ ჩვენს საგანმანათლებლო საქმიანობაზე წამოიწყო ლაპარაკი. ქალმა უსმინა, შემდეგ თავისი მანქანიდან გადმოვიდა, დის მანქანასთან მივიდა და უთხრა: „რა კარგია, რომ გამომელაპარაკეთ. რამდენი ხანია თქვენი ბიბლიური ლიტერატურა არ მიმიღია. იცით, მე მინდა, რომ ისევ დავიწყო ბიბლიის შესწავლა. მასწავლით?“ ამგვარად გამონახა ჩვენმა დამ შესაძლებლობა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

      16 აი, როგორ იქადაგა ერთმა დამ შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა კერძო პანსიონატში. ის ამ დაწესებულების ერთ პასუხისმგებელ პირთან მივიდა და უთხრა, რომ სიამოვნებით გაუწევდა სულიერ დახმარებას პანსიონატში მყოფებს. აგრეთვე დასძინა, რომ ნებისმიერ მსურველთან ყოველკვირა ჩაატარებდა ბიბლიის უფასო შესწავლას. პასუხისმგებელმა პირმა ნება დართო. მალე ეს და პანსიონატში მყოფ 26 ადამიანთან ატარებდა ბიბლიის შესწავლას და კვირაში სამჯერ მიდიოდა მათ ჩასატარებლად. შემსწავლელთაგან ერთმა კრების შეხვედრებზე რეგულარულად სიარულიც შეძლო.

      17. ბიბლიის შესწავლის დასაწყებად რომელი მეთოდია ხშირად ეფექტური?

      17 ზოგმა მქადაგებელმა კარგ შედეგებს მიაღწია პირდაპირ ბიბლიის შესწავლის შეთავაზებით. ერთ კრებაში, რომელიც 105 მაუწყებლისგან შედგებოდა, ერთ დღეს გადაწყვიტეს ყველა მობინადრისთვის პირდაპირ შეეთავაზებინათ ბიბლიის შესწავლა. სამქადაგებლო მსახურებაში იმ დღეს 86 მაუწყებელი მონაწილეობდა. ორი საათის განმავლობაში ქადაგების შემდეგ მათ, სულ მცირე, ბიბლიის 15 შესწავლა დაიწყეს.

      განაგრძეთ ღირსეულთა ძებნა

      18, 19. იესოს რომელი მნიშვნელოვანი მითითება უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და რა უნდა გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად?

      18 თქვენ, სამეფოს შესახებ მქადაგებლებმა, შეიძლება მოისურვოთ ამ სტატიაში მოხსენიებული რჩევების გამოყენება. ცხადია, ქადაგების მეთოდების შერჩევისას გონივრული იქნებოდა, მხედველობაში მიგვეღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. უმთავრესი ის არის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იესოს მითითება ღირსეულთა პოვნასა და მოწაფეებად მომზადებასთან დაკავშირებით (მათე 10:11; 28:19).

      19 აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მოდი ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’. თუ სხვებთან დამაჯერებლად ვილაპარაკებთ და საუბარს წმინდა წერილებზე დავაფუძნებთ, შევძლებთ ამის გაკეთებას. ეს კი კეთილი ადამიანების გულზე იმოქმედებს და მათ მოქმედებისკენ აღძრავს. ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარება, მონაწილეობა მივიღოთ იესო ქრისტეს მოწაფეებად ხალხის მომზადებაში. ეს მართლაც რომ დიდებული და კურთხევების მომტანი საქმეა! ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადოთ, ‘თავი წარვუდგინოთ ღმერთს ღირსეულ მუშაკად’. ყოველთვის პატივი მივაგოთ იეჰოვას, როგორც გულმოდგინე მაუწყებლებმა, რომლებიც იმ მიზნით ვქადაგებთ, რომ მოწაფეები მოვამზადოთ (2 ტიმოთე 2:15).

      [სქოლიოები]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება