-
‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
-
-
‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’
„ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“ (კოლ. 4:17).
1, 2. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტიანებს ადამიანების მიმართ?
ჩვენ სერიოზული პასუხისმგებლობა გვაკისრია ირგვლივ მცხოვრები ადამიანების მიმართ. გადარჩებიან თუ არა ადამიანები „დიდი გასაჭირის“ დროს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი ახლა (გამოცხ. 7:14). ღვთის შთაგონებით „იგავების“ დამწერმა თქვა: „იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და შეაჩერე დასაკლავად მიმავალნი“. მართლაც რომ ყურადსაღები სიტყვებია! თუ არასერიოზულად მოვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას და არ გავაგებინებთ ხალხს, რა არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, მათი სისხლი ჩვენ მოგვეკითხება. ბიბლიის იმავე მონაკვეთში ნათქვამია: „თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო; განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?! განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?! განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!“ ცხადია, იეჰოვას მსახურები ვერ იტყვიან ‘არ ვიცითო’ იმ საშიშროების შესახებ, რომლის წინაშეც ახლა ხალხი დგას (იგავ. 24:11, 12).
2 იეჰოვასთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის მოუწოდებს თავის მსახურებს, ძალ-ღონე არ დაიშურონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ გადარჩენაში. ღვთის თითოეული მსახური უნდა აცხადებდეს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული. ჩვენი დავალება ჰგავს იმ გუშაგის დავალებას, რომელიც ხედავს კარს მომდგარ საშიშროებას და ხალხს აფრთხილებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ბრალად დაგვედოს იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც საფრთხის წინაშე დგანან (ეზეკ. 33:1—7). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი მონდომებით ‘ვიქადაგოთ სიტყვა’! (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1, 2, 5).
3. რა საკითხებს განვიხილავთ ამ და ორ მომდევნო სტატიაში?
3 ამ სტატიიდან გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ წინააღმდეგობების მიუხედავად განაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსახურება და როგორ დაეხმაროთ უფრო მეტ ადამიანს. მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ სწავლების ხელოვნების განვითარება, რათა უკეთ გადასცეთ სხვებს ჭეშმარიტება. მესამე სასწავლო სტატია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა გამამხნევებელ შედეგებს აღწევენ სამეფოს მაუწყებლები მთელ მსოფლიოში. მაგრამ, სანამ უშუალოდ ამ საკითხების განხილვაზე გადავალთ, მოდი შევეხოთ რამდენიმე მხარეს, რაც დაგვანახვებს, თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ გაუსაძლის დროში.
რატომ აქვს მრავალს იმედი დაკარგული?
4, 5. რა მდგომარეობაშია დღეს კაცობრიობა და როგორ რეაგირებს ამაზე მრავალი?
4 მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც მოახლოებულია „ქვეყნიერების აღსასრული“. ახლანდელი მდგომარეობა და ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, იესოსა და მისი მოწაფეების სიტყვების თანახმად, სწორედ რომ „ბოლო დღეებისთვის“ იქნებოდა დამახასიათებელი. „მშობიარობის ტკივილები“ — ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და უბედურებები — თავს ატყდება კაცობრიობას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით უკანონობას, ეგოიზმსა და უღვთო საქციელს. ეს დრო მათთვისაც კი „მძიმე [და] ძნელად ასატანია“, ვინც ცდილობს, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვროს (მათ. 24:3, 6—8, 12; 2 ტიმ. 3:1—5).
5 უმრავლესობას არ ესმის, რატომ არის დღეს მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა. ამის შედეგი კი ის არის, რომ მრავალი წუხს, თუ როგორ დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახი. საყვარელი ადამიანის სიკვდილისა თუ სხვა ტრაგედიის გამო მრავალი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ისინი კარგავენ იმედს იმის გამო, რომ არ იციან, რატომ ხდება ასეთი უბედურებები, და სად უნდა ეძებონ გამოსავალი (ეფეს. 2:12).
6. რატომ არ შეუძლია „დიდ ბაბილონს“ თავისი მიმდევრების დახმარება?
6 „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია მაინცდამაინც ვერაფრით ანუგეშებს ხალხს. პირიქით, ის „სიძვის ღვინით“ ათრობს მათ და სულიერ დაბნეულობაში შეჰყავს. უფრო მეტიც, ცრუ რელიგია, რომელიც მეძავივით იქცევა, ატყუებს და თავის ჭკუაზე ატარებს „დედამიწის მეფეებს“, რისთვისაც ცრუ სწავლებებსა და სპირიტიზმს მიმართავს. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ მასები ბრმად და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ თავიანთ მმართველებს. ცრუ რელიგიამ სწორედ ასე მოიპოვა ძალაუფლება და გავლენა, მაგრამ ის სრულიად განუდგა ჭეშმარიტებას (გამოცხ. 17:1, 2, 5; 18:23).
7. რა ელის უმრავლესობას, და როგორ შეიძლება ზოგიერთის დახმარება?
7 იესომ თქვა, რომ ადამიანთა უმრავლესობა დაღუპვამდე მიმყვანი ფართო გზით ივლიდა (მათ. 7:13, 14). ზოგი ამ გზით იმიტომ დადის, რომ შეგნებულად უარყოფს ბიბლიურ სწავლებებს, თუმცა მრავალი ამ გზას იმიტომ ადგას, რომ მოტყუებულია, ანუ სულიერ სიბნელეში იმყოფება და არ იცის, რას მოითხოვს იეჰოვა მათგან სინამდვილეში. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა შეცვალოს კიდეც ცხოვრების კურსი, თუ ბიბლიიდან დაინახავს ამის გაკეთების აუცილებლობას. მაგრამ, ვინც დიდ ბაბილონში დარჩება და კვლავაც უარყოფს ბიბლიურ ნორმებს, „დიდ გასაჭირში“ განადგურდება (გამოცხ. 7:14).
„დაუღალავად“ იქადაგეთ
8, 9. როგორ მოიქცნენ პირველი ქრისტიანები, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდნენ, და რატომ?
8 იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ და მოწაფეებს მოამზადებდნენ (მათ. 28:19, 20). ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას ყოველთვის თვლიდნენ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენად და თავიანთ აუცილებელ მოვალეობად. ამის გამო იესოს პირველი მიმდევრები წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი არ წყვეტდნენ ქადაგებას. ისინი იეჰოვას ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი და ლოცულობდნენ, რომ ღვთის „სიტყვა მთელი გამბედაობით“ ელაპარაკათ. ამის საპასუხოდ, იეჰოვამ წმინდა სულით აავსო ისინი, რის შედეგადაც მათ გაბედულად განაგრძეს ღვთის სიტყვის ქადაგება (საქ. 4:18, 29, 31).
9 შეწყვიტეს იესოს მოწაფეებმა სასიხარულო ცნობის ქადაგება, როდესაც მათი მოწინააღმდეგეები გამძვინვარდნენ? არა. ქრისტეს მოწაფეების ქადაგებით გაღიზიანებულმა იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა დააპატიმრეს მოციქულები, დაემუქრნენ მათ და სცემეს ისინი. მიუხედავად ამისა, ისინი „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“. მათ კარგად ესმოდათ, რომ ‘ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც მმართველს’ (საქ. 5:28, 29, 40—42).
10. რა სირთულეებს ხვდებიან დღეს ქრისტიანები, მაგრამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მათმა კარგმა ქცევამ?
10 მართალია, ღვთის დღევანდელი მსახურებიდან უმრავლესობას ქადაგების გულისთვის არ სცემენ და არ აპატიმრებენ, მაგრამ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ხვდება ამა თუ იმ სახის განსაცდელს. ბიბლიით განსწავლული სინდისი შეიძლება გკარნახობდეთ, რომ არ იაროთ იმ გზით, რომლითაც ქვეყნიერება დადის, ან მოიქცეთ ისე, რომ სხვებისგან განსხვავდებოდეთ. თანამშრომლებმა, თანაკლასელებმა თუ მეზობლებმა შეიძლება უცნაურ ადამიანად ჩაგთვალონ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობთ. როგორც უნდა იყოს, სხვების უარყოფითმა დამოკიდებულებამ არ უნდა დაგაბრკოლოთ. ქვეყნიერება სულიერი სიბნელითაა მოცული, მაგრამ ქრისტიანებმა უნდა ‘ანათონ, როგორც მნათობებმა’ (ფილ. 2:15). შესაძლოა ზოგმა გულწრფელმა ადამიანმა დაინახოს და დააფასოს თქვენი კარგი საქმეები და, შედეგად, იეჰოვა განადიდოს (წაიკითხეთ მათეს 5:16).
11. ა) როგორ რეაგირებს ზოგი ქადაგებაზე? ბ) რა წინააღმდეგობებს შეხვდა მოციქული პავლე და როგორ მოიქცა ის?
11 სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგოდ გაბედულებაა საჭირო. ზოგმა, მათ შორის ნათესავებმაც კი, შეიძლება დაგცინოთ ან სხვა სახით ეცადონ, ხალისი დაგაკარგვინოთ (მათ. 10:36). პავლე მოციქული არაერთხელ სცემეს იმის გამო, რომ ერთგულად ასრულებდა თავის მსახურებას. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ რეაგირებდა ის ასეთ წინააღმდეგობაზე: „მას შემდეგ, რაც ჯერ . . . ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს . . . ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2). ცხადია, პავლესთვის ადვილი არ იქნებოდა სასიხარულო ცნობის ქადაგება მას შემდეგ, რაც შეიპყრეს, ტანსაცმელი შემოახიეს, გაჯოხეს და საპყრობილეში ჩააგდეს (საქ. 16:19—24). რამ მისცა მას გაბედულება, რომ გაეგრძელებინა ქადაგება? იმის ძლიერმა სურვილმა, რომ შეესრულებინა ღვთის მიერ დაკისრებული ეს დავალება (1 კორ. 9:16).
12, 13. რა სირთულეს ხვდება ზოგი და როგორ შეუძლიათ მათი დაძლევა?
12 გულმოდგინების შენარჩუნება შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს მაშინ, როცა ისეთ ტერიტორიებზე ვქადაგებთ, სადაც ხალხი იშვიათად გვხვდება სახლში ან სადაც გულგრილად ეხმაურებიან სამეფოს ცნობას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში? ამ დროს შეიძლება უფრო მეტი გაბედულება დაგვჭირდეს, რომ ხალხს არაფორმალურად ვუქადაგოთ. შესაძლოა საჭირო გახდეს, ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს განრიგში ან მთელი ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რომ ვიქადაგოთ იქ, სადაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით (შეადარეთ იოანეს 4:7—15; საქმეების 16:13; 17:17).
13 მრავალს სირთულეს უქმნის ასაკი და სუსტი ჯანმრთელობა, რის გამოც ისინი შეიძლება იმდენს ვეღარ ქადაგებდნენ, რამდენსაც ადრე. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გულს ნუ გაიტეხთ. იეჰოვას კარგად ესმის თქვენი შეზღუდული შესაძლებლობები და აფასებს იმას, რამდენის გაკეთებაც შეგიძლიათ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:12). რა სახის სირთულესაც არ უნდა ხვდებოდეთ — იქნება ეს წინააღმდეგობა, ხალხის გულგრილობა თუ სუსტი ჯანმრთელობა — თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (იგავ. 3:27; მარ. 12:41—44).
‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას’
14. რის მაგალითს აძლევდა მოციქული პავლე თანაქრისტიანებს და რა რჩევა მისცა მან ერთ-ერთ მათგანს?
14 პავლე მოციქული ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის მსახურებას და თანამორწმუნეებსაც ამისკენ მოუწოდებდა (საქ. 20:20, 21; 1 კორ. 11:1). პირველი საუკუნის ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელსაც პავლემ განსაკუთრებულად მოუწოდა ამისკენ, იყო არქიპე. კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ დაწერა: «არქიპეს კი უთხარით: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“» (კოლ. 4:17). ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო არქიპე ან რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის, მაგრამ აშკარაა, რომ მას ‘მიღებული ჰქონდა მსახურება’. თუ მიძღვნილი ქრისტიანი ხართ, თქვენც ‘მიღებული გაქვთ მსახურება’. ყურადღებით ეკიდებით მსახურებას, რომ შეასრულოთ ის?
15. რას ნიშნავს ღვთისადმი მიძღვნა და რაზე უნდა დავფიქრდეთ?
15 სანამ მოვინათლებოდით, ჩვენ გულითად ლოცვაში თავი მივუძღვენით იეჰოვას. ეს იმას ნიშნავდა, რომ გადავწყვიტეთ მისი ნების შესრულება. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ: „ღვთის ნების შესრულება ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემს ცხოვრებაში?“ ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რის შესრულებასაც იეჰოვა ჩვენგან მოელის, მაგალითად, ოჯახზე ზრუნვა (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, როგორ ვიყენებთ თავისუფალ დროს და რას ვახმართ ჩვენს ენერგიას? რა არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15).
16, 17. რა შესაძლებლობებზე შეუძლიათ დაფიქრდნენ ახალგაზრდა ქრისტიანები ან ისინი, ვისაც არც ისე ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია ცხოვრებაში?
16 მაღალ კლასში ხომ არ ხართ ან სკოლა უკვე ხომ არ დაამთავრეთ? ალბათ ჯერ არ გაწევთ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა გადაწყვეტილების მიღება დაგეხმარებათ, რომ საუკეთესოდ შეასრულოთ თქვენი, როგორც მიძღვნილი ქრისტიანის ვალდებულება იეჰოვას წინაშე? ბევრმა ისე მოაგვარა თავისი საქმეები, რომ პიონერად დაეწყო მსახურება, და ახლა ისინი დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას იღებენ (ფსალმ. 110:3; ეკლ. 12:1).
17 შესაძლოა ახალგაზრდა ხართ. შეიძლება თქვენ სრულ განაკვეთზე მუშაობთ და საკუთარი თავის რჩენის გარდა არც ისე ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეჭვგარეშეა, რომ თქვენ დიდ სიხარულს განიჭებთ კრების საქმეებში მონაწილეობის მიღება იმ ზომით, რამდენის საშუალებასაც გაძლევთ თქვენი განრიგი. შეგიძლიათ, უფრო მეტი სიხარული განიცადოთ? გიფიქრიათ მსახურების გაფართოებაზე? (ფსალმ. 34:8; იგავ. 10:22). ზოგ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ჭეშმარიტებამ ყველა ადამიანის ყურამდე მიაღწიოს. შეგიძლიათ, ცვლილებები მოახდინოთ ცხოვრებაში და ისეთ ადგილზე იმსახუროთ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:6—8).
18. რა ცვლილებები მოახდინა ერთმა წყვილმა და რა შედეგი მოუტანა ამან მათ?
18 განვიხილოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კევინისა და ელენას მაგალითიa. მათ მხარეში ჩვეულებრივ მიღებულია, რომ ახალდაქორწინებულებს ჰქონდეთ საკუთარი სახლი, ამიტომ შეუღლების შემდეგ კევინმა და ელენამ სახლის ყიდვა გადაწყვიტეს. ორივენი სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, რომ ცხოვრების მაღალი დონე შეენარჩუნებინათ. სამუშაოსა და სახლზე ზრუნვის გამო მსახურებისთვის მათ ცოტა დროღა რჩებოდათ. ისინი მიხვდნენ, რომ თითქმის მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას უთმობდნენ. როდესაც ისინი აკვირდებოდნენ ერთ ცოლ-ქმარს, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ იმის გამო, რომ პიონერებად მსახურობდნენ, კევინმა და ელენმა გადაწყვიტეს, ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინათ. მათ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართეს ლოცვით, გაყიდეს საკუთარი სახლი და საცხოვრებლად ბინაში გადავიდნენ. ელენამ უფრო ნაკლები დრო დაუთმო სამუშაოს და პიონერად მსახურება დაიწყო. როდესაც კევინმა დაინახა, თუ რა სიხარულს ანიჭებდა მსახურება მის ცოლს, მანაც მიატოვა სრულგანაკვეთიანი სამსახური და პიონერობა დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ ისინი გადავიდნენ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. „ჩვენ ყოველთვის ბედნიერი წყვილი ვიყავით, — ამბობს კევინი. — მაგრამ მას შემდეგ, რაც სულიერი მიზნები დავისახეთ და შესაბამისად დავიწყეთ მოქმედება, უფრო ბედნიერები გავხდით“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—22).
19, 20. რატომ არის სასიხარულო ცნობის ქადაგება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე?
19 სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც დღეს დედამიწაზე ხორციელდება (გამოცხ. 14:6, 7). ეს საქმე იეჰოვას სახელის განწმენდას ემსახურება (მათ. 6:9). ბიბლიური ცნობა ყოველ წელს ათასობით ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს, რაც მათ გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ „როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?“ — იკითხა პავლე მოციქულმა (რომ. 10:14, 15). მართლაც, როგორ? მოდი, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი მსახურება.
20 კიდევ ერთი საშუალება, რაც დაგეხმარებათ, გააგებინოთ ხალხს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწავლების უნარის განვითარებაა. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამის მიღწევა.
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
-
-
ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
-
-
ყურადღება მიაქციეთ „სწავლების ხელოვნებას“
„იქადაგე სიტყვა, . . გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (2 ტიმ. 4:2).
1. რა დაავალა იესომ თავის მიმდევრებს და რა მაგალითი დაუტოვა მათ?
დედამიწაზე მსახურებისას იესო შესანიშნავ საქმეებს ასრულებდა — ის ავადმყოფებს კურნავდა. მიუხედავად ამისა, იესო ცნობილი იყო არა როგორც მკურნალი ან სასწაულმოქმედი, არამედ როგორც მოძღვარი (მარ. 12:19; 13:1). იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. ეს ასეა დღესაც მისი მსახურებისთვის. ქრისტიანებს დავალებული აქვთ, რომ განაგრძონ მოწაფეების მომზადება და ასწავლონ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ქრისტემ მცნებად დაუდო (მათ. 28:19, 20).
2. რა არის საჭირო ჩვენი დავალების შესასრულებლად?
2 იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი დავალება და მოვამზადოთ მოწაფეები, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გავიუმჯობესოთ „სწავლების ხელოვნება“. პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხელოვნება, როდესაც თავის თანამშრომელ ტიმოთეს მისწერა: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16). სწავლების ხელოვნებაში, რომელიც პავლეს მხედველობაში ჰქონდა, უბრალოდ ცოდნის გაზიარება არ იგულისხმება. ის ქრისტიანები, რომლებიც ეფექტურად მსახურობენ, ადამიანების გულამდე აღწევენ და აღძრავენ მათ, ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინონ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ „სწავლების ხელოვნება“, როდესაც სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას გადავცემთ? (2 ტიმ. 4:2).
განივითარეთ „სწავლების ხელოვნება“
3, 4. ა) როგორ შეგვიძლია „სწავლების ხელოვნების“ განვითარება? ბ) როგორ გვეხმარება თეოკრატიული მსახურების სკოლა, რომ უფრო ეფექტური მასწავლებლები გავხდეთ?
3 ერთი ლექსიკონის მიხედვით ხელოვნება არის „უნარი, რომლის გამომუშავებაც ხდება სწავლის, ვარჯიშისა და დაკვირვების მეშვეობით“. ჩვენ ამ სამივე მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სასიხარულო ცნობის ეფექტური მასწავლებლები ვიყოთ. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ საკითხების ნათლად გაგებას, თუ შესწავლამდე ლოცვით ვთხოვთ იეჰოვას დახმარებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:27, 34). თუ დავაკვირდებით, როგორ ასწავლიან ის ქრისტიანები, რომლებიც ეფექტურად ქადაგებენ, ეს დაგვეხმარება, მივბაძოთ მათ სწავლების მეთოდების გამოყენებაში. თუ სისტემატურად ვცდილობთ ნასწავლის გამოყენებას, უფრო გავიუმჯობესებთ სწავლების უნარს (ლუკ. 6:40; 1 ტიმ. 4:13—15).
4 იეჰოვა ჩვენი დიდებული მოძღვარია. თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საშუალებით ის ხელმძღვანელობას უწევს თავის მსახურებს დედამიწაზე და ასწავლის მათ, როგორ შეასრულონ სამქადაგებლო საქმიანობა (ეს. 30:20, 21). ამ მიზნის მისაღწევად ყველა კრებაში ყოველკვირეულად ტარდება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ღვთის მსახურებს, სამეფოს ცნობის უფრო ეფექტური მქადაგებლები გახდნენ. ამ სკოლის მთავარი სახელმძღვანელო ბიბლიაა. იეჰოვას შთაგონებით დაწერილი სიტყვიდან ვიგებთ, რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს და სწავლების რომელი მეთოდებია უფრო ეფექტური და შესაფერისი. თეოკრატიული მსახურების სკოლა რეგულარულად შეგვახსენებს, რომ უფრო დახელოვნებული მასწავლებლები გავხდებით, თუ სწავლებისას მივმართავთ ღვთის სიტყვას, დავსვამთ ეფექტურ კითხვებს, მარტივი ენით გადავცემთ მასალას და სხვებისადმი გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ. მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მხარე, შემდეგ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევეხოთ შემსწავლელის გულს.
სწავლებისას გამოიყენეთ ღვთის სიტყვა
5. რას უნდა ვიყენებდეთ სწავლებისას და რატომ?
5 იესო, ადამიანთა შორის ყველაზე დიდებული მასწავლებელი, სწავლებისას წმინდა წერილებს იყენებდა (მათ. 21:13; იოან. 6:45; 8:17). ის საკუთარი სახელით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თავისი გამომგზავნელის სახელით (იოან. 7:16—18). ჩვენ მის მაგალითს უნდა მივყვეთ. ამგვარად, კარდაკარ ქადაგებისას თუ ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენ ძირითად ყურადღებას ღვთის სიტყვაზე უნდა ვამახვილებდეთ (2 ტიმ. 3:16, 17). რა გონივრულადაც არ უნდა ვმსჯელობდეთ, ეს ვერასოდეს იმოქმედებს ადამიანზე ისე ძლიერ, როგორც ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა. ბიბლიას დიდი ძალა აქვს. რის ახსნასაც არ უნდა ვცდილობდეთ შემსწავლელისთვის, საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ბიბლიიდან წავაკითხებთ მუხლებს (წაიკითხეთ ებრაელების 4:12).
6. როგორ შეუძლია მასწავლებელს უკეთ გააგებინოს შემსწავლელს განსახილველი მასალა?
6 რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი მასწავლებელი არ უნდა ემზადებოდეს ბიბლიის შესწავლისთვის. პირიქით, ის წინასწარ საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს, რათა შეარჩიოს ის მუხლები, რომლებსაც წაიკითხავს შემსწავლელთან ერთად. ჩვეულებრივ, შესწავლისას ის მუხლები უნდა იქნეს წაკითხული, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი სწავლებები. ასევე აუცილებელია, დავეხმაროთ შემსწავლელს, ჩასწვდეს თითოეულ წაკითხულ მუხლს (1 კორ. 14:8, 9).
ეფექტურად გამოიყენეთ კითხვები
7. რატომ არის კითხვების გამოყენება სწავლების ეფექტური მეთოდი?
7 კითხვების დახელოვნებულად გამოყენება შემსწავლელს ფიქრისკენ აღძრავს, მასწავლებელს კი ეხმარება, შეეხოს შემსწავლელის გულს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მუხლები თქვენ აუხსნათ შემსწავლელს, სთხოვეთ მას, რომ თავად აგიხსნათ ისინი. ზოგჯერ შეიძლება დამატებითი კითხვის ან კითხვების დასმაც კი გახდეს საჭირო, რომ შემსწავლელმა კარგად გაიგოს მასალა. როდესაც კითხვების გამოყენებით შემსწავლელს სწავლების პროცესში რთავთ, თქვენ მას არა მხოლოდ იმ მხრივ ეხმარებით, რომ გაიგოს ამა თუ იმ სწავლების საფუძველი, არამედ იმ მხრივაც, რომ თავადაც გააზრებულად დაეთანხმოს ამ სწავლებას (მათ. 17:24—26; ლუკ. 10:36, 37).
8. როგორ გავიგოთ, რას ფიქრობს შემსწავლელი სინამდვილეში?
8 სწავლებისთვის სწორედ რომ კითხვა-პასუხების მეთოდია გამოყენებული ჩვენს პუბლიკაციებში. ცხადია, უმრავლესობა, ვისთანაც ბიბლიას სწავლობთ, ადვილად გიპასუხებთ შესასწავლ პუბლიკაციაში დასმულ კითხვებზე იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც შესაბამის აბზაცში განიხილებოდა. და მაინც, გამჭრიახი მასწავლებელი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდება, რომ შემსწავლელმა სწორი პასუხები გასცეს. მაგალითად, შემსწავლელმა შეიძლება სწორად ახსნას, რას ამბობს ბიბლია სიძვის შესახებ (1 კორ. 6:18). მაგრამ, ტაქტიანად დასმული კითხვები მასწავლებელს დაანახვებს, სინამდვილეში რას ფიქრობს შემსწავლელი ამ საკითხზე. ამიტომ, მასწავლებელმა მას შეიძლება ასეთი კითხვები დაუსვას: „რატომ კრძალავს ბიბლია სქესობრივ კავშირს ქორწინების გარეშე? თქვენ რას ფიქრობთ ასეთ აკრძალვაზე? როგორ ფიქრობთ, სარგებლობის მომტანია ღვთის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება?“ ასეთ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა შეიძლება დაგანახვოთ, რას ფიქრობს შემსწავლელი სინამდვილეში (წაიკითხეთ მათეს 16:13—17).
ასწავლეთ მარტივი ენით
9. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ბიბლიას ვასწავლით ვინმეს?
9 ბიბლიური სწავლებების უმეტესობა შედარებით ადვილი გასაგებია. თუმცა, ის ადამიანები, ვისაც ბიბლიას ვასწავლით, შეიძლება დაბნეულობაში იყვნენ შესული ცრუ რელიგიური სწავლებების გამო. ჩვენი, როგორც მასწავლებლების, მოვალეობაა, ბიბლია მათთვის ადვილი გასაგები გავხადოთ. კარგი მასწავლებელი ინფორმაციას მარტივად, გასაგებად და ზუსტად გადასცემს. თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, ვეცდებით, რომ შემსწავლელს ჭეშმარიტება რთული ენით არ ავუხსნათ. მოერიდეთ ზედმეტი დეტალების ახსნას. საჭირო არ არის, რომ წაკითხული მუხლის ყველა მხარეზე გაამახვილოთ ყურადღება. მუხლის მხოლოდ ის ნაწილი ახსენით, რომელიც განსახილველ თემას უკავშირდება. დროის სვლასთან ერთად შემსწავლელი უფრო უკეთესად ჩასწვდება ღრმა ბიბლიურ სწავლებებს (ებრ. 5:13, 14).
10. რა განსაზღვრავს, რა ოდენობის მასალის გავლა შეგვიძლია ერთ ჯერზე?
10 შესწავლისას რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ ერთ ჯერზე? ამის დასადგენად გამჭრიახობაა საჭირო. ფაქტია, რომ შემსწავლელისა და მასწავლებლის შესაძლებლობა და მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჩვენი, როგორც მასწავლებლების მიზანი ერთია — შემსწავლელს ძლიერი რწმენა განვუვითაროთ. ამიტომ ჩვენ მას საკმარისი დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ წაიკითხოს ბიბლიური მუხლები, ჩასწვდეს მათ და მიიღოს ღვთის სიტყვის სწავლებები. ჩვენ მხოლოდ იმდენ მასალას გავივლით მასთან, რამდენის გაგებასაც შეძლებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზომაზე მეტ დროს დავუთმობთ ამა თუ იმ საკითხის განხილვას. მას შემდეგ, რაც შემსწავლელი გაიგებს განსახილველ საკითხს, ჩვენ შემდეგზე გადავალთ (კოლ. 2:6, 7).
11. სწავლების რა მაგალითი დაგვიტოვა პავლე მოციქულმა?
11 პავლე მოციქული მარტივი ენით გადასცემდა სასიხარულო ცნობას ახალ მოწაფეებს. მართალია, ის ძალიან განათლებული იყო, მაგრამ ერიდებოდა მაღალფარდოვანი ენით ლაპარაკს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:1, 2). ბიბლიური ჭეშმარიტება ადვილი გასაგებია, ამიტომაც ის იზიდავს და კმაყოფილებას ჰგვრის გულწრფელ ადამიანებს. მის გასაგებად განსაკუთრებული განათლების მიღება არ არის საჭირო (მათ. 11:25; საქ. 4:13; 1 კორ. 1:26, 27).
დაეხმარეთ შემსწავლელს, დააფასოს ნასწავლი
12, 13. რამ უნდა აღძრას შემსწავლელი იმისკენ, რომ ნასწავლის შესაბამისად იმოქმედოს? ახსენით.
12 ეფექტური მასწავლებლები რომ ვიყოთ, ინფორმაცია შემსწავლელის გულამდე უნდა მივიტანოთ. შემსწავლელმა უნდა გაიგოს, როგორ ეხება ნასწავლი პირადად მას, რა დადებით შედეგებს მოუტანს ის და როგორ გაუმჯობესდება მისი ცხოვრება, თუ ის მიჰყვება ბიბლიის ხელმძღვანელობას (ეს. 48:17, 18).
13 დავუშვათ, შემსწავლელთან განვიხილავთ ებრაელების 10:24, 25 მუხლებს, რომლებიც ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ სულიერი გამხნევებისა და ურთიერთობისთვის ერთად შეიკრიბონ. თუ შემსწავლელი ჯერ არ ესწრება კრების შეხვედრებს, შეგვეძლო მოკლედ აგვეხსნა, როგორ ტარდება ეს შეხვედრები და რა განიხილება მათზე. შეგვეძლო გვეთქვა, რომ კრების შეხვედრები ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, და დაგვენახვებინა, რით არის ისინი სასარგებლო თითოეული ჩვენგანისთვის. ამის შემდეგ კი კარგი იქნებოდა, თუ შემსწავლელს შეხვედრაზე დავპატიჟებდით. ბიბლიური მითითებების დაცვისკენ შემსწავლელი უნდა აღძრას იეჰოვას მორჩილების სურვილმა და არა იმ ადამიანის ხათრმა, ვინც მას ბიბლიას ასწავლის (გალ. 6:4, 5).
14, 15. ა) რას იგებს ბიბლიის შემსწავლელი იეჰოვას შესახებ? ბ) რატომ იქნება ბიბლიის შემსწავლელისთვის სასარგებლო ღვთის გაცნობა?
14 ყველაზე დიდი სარგებლობა, რაც შემსწავლელისთვის შესწავლასა და ბიბლიური პრინციპების გამოყენებას მოაქვს, არის ის, რომ ეცნობა იეჰოვას, როგორც პიროვნებას, და აფასებს მასთან ურთიერთობას (ეს. 42:8). იეჰოვა ღმერთი, რომელიც მოსიყვარულე მამა, შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია, თავის პიროვნებას აცნობს მათ, ვისაც უყვართ ის და ემსახურებიან მას (წაიკითხეთ გამოსვლის 34:6, 7). როდესაც მოსეს ისრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან უნდა გამოეყვანა, იეჰოვამ საკუთარ თავზე მას შემდეგი რამ უთხრა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამ. 3:13—15). ამაში იგულისხმებოდა ის, რომ იეჰოვა იქცეოდა იმად, რაც საჭირო იქნებოდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავის რჩეულ ხალხთან დაკავშირებული განზრახვები. ეს ასეც მოხდა. ისრაელმა ეს მრავალმხრივ დაინახა. მაგალითად, იეჰოვა მათთვის იქცა მხსნელ, მებრძოლ, მზრუნველ და თავისი აღთქმების შემსრულებელ ღმერთად (გამ. 15:2, 3; 16:2—5; იესო. 23:14).
15 ბიბლიის შემსწავლელებმა შეიძლება ისე აშკარად ვერ იგრძნონ თავიანთ ცხოვრებაში იეჰოვას ჩარევა, როგორც მოსემ, მაგრამ რაც უფრო მოემატებათ რწმენა და რაც უფრო დააფასებენ და გამოიყენებენ ნასწავლს, მით უფრო კარგად დაინახავენ იმის აუცილებლობას, რომ მიენდონ იეჰოვას გაბედულების, სიბრძნისა და ხელმძღვანელობის მისაღებად. ამგვარად, ისინიც გაიცნობენ იეჰოვას, როგორც ბრძენ და სანდო მრჩეველს, დამცველსა და გულუხვ ღმერთს, რომელიც ზრუნავს მათზე (ფსალმ. 55:22; 63:7; იგავ. 3:5, 6).
გამოავლინეთ გულწრფელი ინტერესი
16. მხოლოდ დახელოვნებული სწავლება რატომ არ არის საკმარისი საუკეთესო შედეგის მისაღწევად?
16 თუ გრძნობთ, რომ ისეთი დახელოვნებული მასწავლებელი არა ხართ, როგორიც გსურთ, რომ იყოთ, გული არ გაიტეხოთ. იეჰოვა და იესო ხელმძღვანელობას უწევენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ხორციელდება (საქ. 1:7, 8; გამოცხ. 14:6). მათ შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ძალისხმევა, რათა ჩვენი სიტყვები გულწრფელი ადამიანების გულს შეეხოს (იოან. 6:44). შემსწავლელისადმი მასწავლებლის სიყვარულსა და ინტერესს უფრო უკეთესი შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე მხოლოდ მისი სწავლების უნარს. პავლე მოციქულს კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, სიყვარული გამოევლინა მათდამი, ვისაც ასწავლიდა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7, 8).
17. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა?
17 მსგავსადვე, ჩვენც გულწრფელი ინტერესი უნდა გამოვავლინოთ შემსწავლელის მიმართ და უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ის. შესწავლის პროცესში ბიბლიური პრინციპების განხილვით ჩვენ ალბათ ბევრ რამეს გავიგებთ მისი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ზოგ საკითხში ის უკვე ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს, მაგრამ ზოგში ჯერ კიდევ სჭირდება ცვლილებების მოხდენა. თუ შემსწავლელს დავანახვებთ, პირადად მას როგორ ეხება შესწავლისას განხილული საკითხები, დავეხმარებით, ქრისტეს ნამდვილი მოწაფე გახდეს.
18. რატომ არის მნიშვნელოვანი შემსწავლელისთვის ვილოცოთ შესწავლაზე?
18 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შემსწავლელთან ერთად უნდა ვილოცოთ და ლოცვაში ის მოვიხსენიოთ. მან უნდა დაინახოს, რომ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მას, დაუახლოვდეს შემოქმედს და ცხოვრებაში მის ხელმძღვანელობას მიჰყვეს, რაც მას უხვ კურთხევებს მოუტანს (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:4, 5). როდესაც ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ბიბლიის შემსწავლელის ძალისხმევა, იცხოვროს ნასწავლის თანახმად, შემსწავლელი დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია გახდეს „სიტყვის შემსრულებელი“ (იაკ. 1:22). გარდა ამისა, როდესაც შემსწავლელი ისმენს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს, ის იმასაც სწავლობს, თუ როგორ ილოცოს. მართლაც რა სასიხარულოა, როდესაც ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში ვეხმარებით!
19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ჩვენ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ მთელ მსოფლიოში ექვს მილიონ-ნახევარზე მეტი მოწმე განუწყვეტლივ ავითარებს „სწავლების ხელოვნებას“, რათა გულწრფელ ადამიანებს დაეხმარონ იმ ყოველივეს დაცვაში, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. რა შედეგებს ვაღწევთ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობით? ამ კითხვას მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.
-
-
სწორად განწყობილნი ეხმაურებიან სასიხარულო ცნობასსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
-
-
სწორად განწყობილნი ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას
„ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა“ (საქმეები 13:48).
1, 2. როგორ გამოეხმაურნენ პირველი ქრისტიანები იესოს წინასწარმეტყველებას იმის თაობაზე, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში იქნებოდა ნაქადაგები?
ბიბლიის წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იესოს წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოს ექადაგებოდა (მათ. 24:14). ერთგულმა მქადაგებლებმა მაგალითი დაუტოვეს ყველას, ვინც მათ შემდეგ მათ გზას განაგრძობდა. იესოს მოწაფეების გულმოდგინე ქადაგების შედეგად იერუსალიმში ათასობით ადამიანი, მათ შორის „უამრავი მღვდელი“, უერთდებოდა პირველი საუკუნის კრებას (საქ. 2:41; 4:4; 6:7).
2 პირველი მისიონერები ბევრ ადამიანს დაეხმარნენ ქრისტიანობის მიღებაში. ერთ-ერთი ასეთი მისიონერი იყო ფილიპე, რომელიც ჩავიდა სამარიაში, სადაც მრავალმა ყურად იღო მისი სიტყვები (საქ. 8:5—8). პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვა ქრისტიან მქადაგებლებთან ერთად და სასიხარულო ცნობას ავრცელებდა კვიპროსში, მცირე აზიის სხვადასხვა ნაწილში, მაკედონიაში, საბერძნეთსა და იტალიაში. ყველა იმ ქალაქში, სადაც პავლე ქადაგებდა, მრავალმა ებრაელმა და ბერძენმა მიიღო ქრისტიანობა (საქ. 14:1; 16:5; 17:4). ტიტე კრეტაში მსახურობდა (ტიტ. 1:5). პეტრე ბაბილონში აუწყებდა სამეფოს ცნობას. იმ დროისთვის, როდესაც მან თავისი პირველი წერილი დაწერა (დაახლოებით ახ. წ. 62—64 წწ.), ქრისტიანობა უკვე გავრცელებული იყო პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში (1 პეტ. 1:1; 5:13). ეს მართლაც რომ განსაკუთრებული დრო იყო! პირველი ქრისტიანები ისეთი გულმოდგინებით ქადაგებდნენ, რომ მათი მტრები მათზე ამბობდნენ, ‘ქვეყანა ყირაზე დააყენესო’ (საქ. 17:6; 28:22).
3. რა შედეგებს აღწევენ სამეფოს მაუწყებლები დღეს და თქვენ რა გრძნობები გეუფლებათ, როცა ამას იგებთ?
3 ქრისტიანულ კრებაში დღესაც დიდი ზრდა შეინიშნება. განა არ მხნევდებით, როდესაც კითხულობთ იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურ ანგარიშს და ხედავთ იმ შედეგებს, რასაც მთელ მსოფლიოში ვაღწევთ?! განა არ გახარებთ იმის გაგება, რომ სამეფოს მაუწყებლები 2007 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ექვს მილიონზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ?! გარდა ამისა, გასულ წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვიც იმას გვიჩვენებს, რომ თითქმის ათ მილიონ ადამიანს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები ან ერთ დროს ემსახურებოდნენ ღმერთს, აინტერესებთ სასიხარულო ცნობა და ამ მნიშვნელოვან მოვლენას ესწრებიან. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
4. ვინ ეხმაურება სამეფოს ცნობას?
4 დღეს, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ‘ვინც მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’, სასიხარულო ცნობას ეხმაურება (საქ. 13:48). იეჰოვას ასეთი ადამიანები თავის ორგანიზაციაში მოჰყავს (წაიკითხეთ ანგიას 2:7). როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტიანული მსახურების მიმართ, რათა ყოველთვის სრულად მივიღოთ მონაწილეობა ხალხის შეკრების საქმეში?
მიუკერძოებლად იქადაგეთ
5. როგორ ადამიანებს იწონებს იეჰოვა?
5 პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). ექნება თუ არა ადამიანს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, დამოკიდებულია იმაზე, გამოავლენს თუ არა ის რწმენას იესოს გამოსასყიდისადმი (იოან. 3:16, 36). იეჰოვას ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4).
6. რას უნდა მოერიდონ სამეფოს მაუწყებლები და რატომ?
6 კარგი არ იქნებოდა, თუ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს წინასწარშექმნილი აზრი ექნებოდათ ადამიანების მიმართ მათი რასობრივი, სოციალური, გარეგნული, რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა თავისებურების გამო. ერთი წუთით დაფიქრდით: განა მადლიერი არა ხართ, რომ იმ ადამიანს, რომელიც პირველად დაგელაპარაკათ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ, თქვენ მიმართ წინასწარშექმნილი აზრი არ ჰქონია?! ამიტომ, რატომ უნდა დავუკავოთ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება მოისმინოს ის? (წაიკითხეთ მათეს 7:12).
7. რატომ არ უნდა განვსაჯოთ ისინი, ვისთანაც ვქადაგებთ?
7 იეჰოვამ მოსამართლედ იესო დანიშნა; მაშასადამე ჩვენ არა გვაქვს არავის გასამართლების უფლება. ეს იმიტომ, რომ იესოსგან განსხვავებით ჩვენ შეიძლება მხოლოდ „შესახედაობით“ ან „ყურით გაგონილით“ განვსაჯოთ, მაშინ როცა იესოს შეუძლია ადამიანის ღრმა აზრები და გულისნადები ამოიკითხოს (ეს. 11:1—5; 2 ტიმ. 4:1).
8, 9. ა) როგორი ადამიანი იყო სავლე, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა? ბ) რას გვასწავლის პავლე მოციქულის შემთხვევა?
8 თითქმის ყველანაირი ადამიანი გამხდარა იეჰოვას მსახური. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ტარსოსელი სავლე, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქული გახდა. სავლე, რომელიც ფარისეველი იყო, სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანებს. მას გულწრფელად სწამდა, რომ იესოს მიმდევრები არ იყვნენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ამიტომ დევნიდა ქრისტიანულ კრებას (გალ. 1:13). ის ისეთი ადამიანი ჩანდა, რომ თუ მას ადამიანური თვალსაზრისით შევაფასებდით, მასზე ყველაზე ნაკლებად შეიძლებოდა იმის გაფიქრება, რომ ქრისტიანი გახდებოდა. მაგრამ, იესომ სავლეს გულში რაღაც კარგი დაინახა და ის განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად აირჩია. შედეგად, სავლე პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თავგამოდებული წევრი გახდა.
9 რას გვასწავლის პავლე მოციქულის შემთხვევა? შესაძლოა ჩვენს უბანზე ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, უარყოფითად არიან განწყობილნი სასიხარულო ცნობისადმი. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ისინი არასოდეს გახდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ვუქადაგოთ მათ. ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი ისმენენ სასიხარულო ცნობას, რომლებზეც ამას ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდით. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველას „დაუღალავად“ ვუქადაგოთ (წაიკითხეთ საქმეების 5:42).
კურთხევები ელით მათ, ვინც „დაუღალავად“ ქადაგებს
10. რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი, რომ ვუქადაგოთ მათ, რომლებიც საშიში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ? მოიყვანეთ ადგილობრივი მაგალითები.
10 ადამიანის გარეგნობამ და ხასიათმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, იგნასიომa, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის ციხეში იჯდა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მრისხანე ხასიათის გამო მისი ძალიან ეშინოდათ. პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა ნივთებს აკეთებდნენ და ყიდდნენ, იგნასიოსთან მიდიოდნენ დასახმარებლად, რათა ფული აეღოთ იმ პატიმრებისგან, რომლებიც გადახდას აგვიანებდნენ. მაგრამ, როდესაც იგნასიომ სულიერად წინ წაიწია და ნასწავლის გამოყენება დაიწყო, ეს ერთ დროს სასტიკი, მოძალადე კაცი კეთილი ადამიანი გახდა. ახლა აღარავინ ეძახის მას ვალის დასაბრუნებლად, რადგან ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ და ღვთის სულმა იგნასიოს პიროვნება სრულიად შეცვალა, რაც მას ძალიან ახარებს. ის იმისთვისაც არის მადლიერი, რომ სამეფოს მაუწყებლებს მის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი არ ჰქონიათ და ყველანაირად ეცადნენ, მისთვის ბიბლია ესწავლებინათ.
11. რატომ მივდივართ ადამიანებთან კვლავ და კვლავ?
11 ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მივდივართ ადამიანებთან კვლავ და კვლავ, არის ის, რომ მათი მდგომარეობა და შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს, რაც ხშირად ასეც ხდება ხოლმე. იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც მოწმეებმა ბოლოს უქადაგეს, შეიძლება რაიმე მოხდა — მაგალითად, მან შესაძლოა სამუშაო დაკარგა, შეიძლება მას სერიოზული დაავადება შეხვდა ან საყვარელი ადამიანი დაეღუპა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:11). მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ადამიანი შეიძლება სერიოზულად დააფიქროს საკუთარ მომავალზე. ამდაგვარი მიზეზების გამო ადამიანმა, რომელსაც ადრე ინტერესი არ გამოუმჟღავნებია სასიხარულო ცნობის მიმართ ან შესაძლოა ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას, შეიძლება მოგვისმინოს. ამიტომ, ჩვენ თავი არ უნდა შევიკავოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან და ამისთვის ნებისმიერი ხელსაყრელი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
12. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ადამიანებზე, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით, და რატომ?
12 ადამიანებს ახასიათებთ სხვების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფა და მათი განსჯა. მაგრამ, იეჰოვა ადამიანებში ინდივიდუალურ პიროვნებებს ხედავს. მას შეუმჩნეველი არ რჩება მათი კარგი თვისებები (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7). ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მსახურებაში ასე მოვიქცეთ. მრავალი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ ქადაგების დროს ადამიანების მიმართ დადებით განწყობას კარგი შედეგები მოაქვს.
13, 14. ა) რატომ მივიდა ერთი პიონერი და არასწორ დასკვნამდე? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან?
13 ერთი პიონერი და, სანდრა, კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე კარდაკარ ქადაგებისას შეხვდა რუთს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ხოლმე ადგილობრივ კარნავალში. რუთს ორჯერ ჰქონდა მოპოვებული კარნავალის დედოფლის გვირგვინი. ის იმდენად დაინტერესდა სანდრას ქადაგებით, რომ ბიბლიის შესწავლა მოისურვა. სანდრა იხსენებს: „როდესაც რუთის მისაღებ ოთახში შევედი, დავინახე მისი დიდი ფოტოსურათი, სადაც ის საკარნავალო ტანსაცმლითა და მოპოვებული ჯილდოებით იყო აღბეჭდილი. მე არასწორად დავასკვენი, რომ ადამიანს, რომელიც ასეთი პოპულარობით სარგებლობდა და კარნავალის ასეთი აქტიური მონაწილე იყო, ჭეშმარიტება არ დააინტერესებდა. ამიტომ, შევწყვიტე მისი მონახულება“.
14 გარკვეული დროის შემდეგ რუთი სამეფო დარბაზში მივიდა და შეხვედრის დამთავრების შემდეგ სანდრას ჰკითხა: „რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან?“ სანდრამ მოუბოდიშა და შეუთანხმდა შესწავლის გაგრძელებაზე. რუთმა სულიერად სწრაფად წაიწია წინ, ჩამოხსნა თავისი სურათები, სადაც ის საკარნავალო ფორმაში იყო გამოწყობილი, აქტიურად ჩაება კრების საქმიანობაში და იეჰოვას მიუძღვნა თავი. სანდრა მიხვდა, რომ მისი პირველი რეაქცია არასწორი იყო.
15, 16. ა) რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ ერთმა მოწმემ არ შეწყვიტა ნათესავთან ქადაგება? ბ) რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ ვუქადაგოთ ნათესავებს?
15 დადებითი შედეგები მაშინაც კი მიიღწევა, როდესაც მოწმეები ჭეშმარიტების შესახებ ესაუბრებიან ოჯახის წევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, დადებითად არ გამოეხმაურებიან სამეფოს ცნობას. მოვიყვანოთ ერთი ქრისტიანი დის, ჯოისის მაგალითი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ჯოისის სიძე მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული არაერთხელ იჯდა ციხეში. „ხალხი ამბობდა, რომ მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, — იხსენებს ჯოისი, — ის ნარკოტიკებს იყენებდა, ქურდობდა და ბევრ სხვა ცუდ საქმეს სჩადიოდა. ყველაფრისდა მიუხედავად 37 წლის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ“. ამ დის მოთმინება დაჯილდოვდა — მისმა სიძემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა. ამას წინათ, კალიფორნიაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე ჯოისის სიძე 50 წლის ასაკში მოინათლა. ჯოისი ამბობს: „სიხარულისგან ვტიროდი. უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ფარ-ხმალი არ დავყარე და იმედი არ გადავიწურე!“
16 თქვენ შეიძლება ზოგი ისეთი ნათესავი გყავთ, რომლებთანაც მათი ცხოვრების წესის გამო შეიძლება ყოყმანობთ, დაელაპარაკოთ თუ არა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. მაგრამ გაიხსენეთ ჯოისი — მან არ შეწყვიტა ნათესავთან ქადაგება. ბოლოს და ბოლოს, საიდან ვიცით, რა ხდება სხვა ადამიანის გულში? ადამიანი შეიძლება სრულიად გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას, ამიტომ ‘ნუ დაუკავებთ’ მას მისი პოვნის შესაძლებლობას (წაიკითხეთ იგავების 3:27).
ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ეფექტური საშუალება
17, 18. ა) როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იტყობინებიან, რა შედეგებს აღწევენ მაუწყებლები წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“? ბ) თქვენ რა დადებით შედეგებს აღწევთ ამ წიგნის გამოყენებით?
17 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მონაცემებით ვიგებთ, რომ მრავალი გულწრფელი ადამიანი სიამოვნებით იწყებს ბიბლიის შესწავლას წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პენიმ, რომელიც პიონერად მსახურობს, ამ წიგნით რამდენიმე შესწავლა დაიწყო. მათ შორის, ვისაც ის ბიბლიას ასწავლის, არის ორი ხანდაზმული ადამიანი, რომლებიც მანამდე თავიანთი რელიგიის ერთგული მიმდევრები იყვნენ. პენიმ არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ ბიბლიურ სწავლებებზე, რომლებიც განიხილება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ პენი წერს: „რადგანაც წიგნში ინფორმაცია გასაგებად, ლოგიკურად და მოკლედ არის გადმოცემული, ისინი ყოველგვარი აფორიაქებისა და კამათის გარეშე ადვილად რწმუნდებოდნენ იმაში, რომ რასაც სწავლობდნენ, ჭეშმარიტება იყო“.
18 ბრიტანელმა პეტმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ერთ ლტოლვილ ქალთან, რომელიც აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყო იქ ჩასული. ეს ქალი იძულებული გახდა, თავისი ქვეყანა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი და ვაჟიშვილები აჯანყებულმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს. ქალს ისინი მეტად აღარ უნახავს. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მისი სახლი გადაწვეს, თავად ის კი ჯგუფურად გააუპატიურეს. ყოველივე ამის გამო ეს ქალი ფიქრობდა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა და მან რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი სცადა. მაგრამ, ბიბლიის შესწავლამ მას იმედი ჩაუსახა. «წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულმა მარტივმა განმარტებებმა და ილუსტრაციებმა მასზე ძალიან იმოქმედა», — წერს პეტი. ქალი სულიერად გაიზარდა, მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და უახლოეს კონგრესზე მონათვლის სურვილი გამოთქვა. რა სასიხარულოა, როცა გულწრფელ ადამიანებს ბიბლიური იმედის გაგებასა და დაფასებაში ვეხმარებით!
„ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“
19. რატომ არის გადაუდებელი სამქადაგებლო საქმის შესრულება?
19 ყოველდღე უფრო და უფრო გადაუდებელი ხდება ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის შესრულება. ყოველწლიურად ათასობით სწორად განწყობილი ადამიანი დადებითად ეხმაურება ჩვენს ქადაგებას. და მაინც, „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“, რაც შეგვახსენებს, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ სულიერ სიბნელეში არიან, ‘დასაკლავად მიდიან’ (სოფ. 1:14; იგავ. 24:11).
20. რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა?
20 ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს. მაგრამ, იმისთვის, რომ ასე მოვიქცეთ, უნდა მივბაძოთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42). მიჰყევით მათ მაგალითს — წინააღმდეგობის მიუხედავად მტკიცედ განაგრძეთ მსახურება, ყურადღება მიაქციეთ თქვენი „სწავლების ხელოვნებას“ და ყველას მიუკერძოებლად უქადაგეთ! „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“, რადგან თუ ასე მოვიქცევით, ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ და უხვ კურთხევებს მოვიმკით (2 ტიმ. 4:2; წაიკითხეთ გალატელების 6:9).
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
-