უსიტყვო პარტნიორზე მეტი
1. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მოციქულ პავლეს, როცა თანაქრისტიანებთან ერთად ვქადაგებთ?
1 მოციქული პავლე თანაქრისტიანებთან გატარებულ დროს ურთიერთგამხნევების საშუალებად მიიჩნევდა (რომ. 1:12). ამხნევებ მსახურების დროს შენს პარტნიორს? ნუ იქნები უსიტყვო პარტნიორი, მოუყევი თანაქრისტიანს, რა გეხმარება წარმატებით ქადაგებაში?
2. როგორ შეგვიძლია თავდაჯერებულობა შევძინოთ ჩვენს პარტნიორს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
2 შესძინე საკუთარი თავის რწმენა. ზოგ მაუწყებელს საკუთარი თავის რწმენა აკლია, რაც მათი სახის გამომეტყველებასა და ხმის ტონში აისახება. გულწრფელი შექებით მათ საკუთარი თავის რწმენას შევძენთ. კიდევ რა საშუალებებით შეგვიძლია ამის გაკეთება? ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი მსახურებაში თავისუფლად ეუბნება ხოლმე თავის პარტნიორს, თუ რაზე ნერვიულობს და ამ გრძნობების დაძლევაში როგორ ეხმარება ლოცვა. სხვა ძმა გვიზიარებს, თუ რა ეხმარება იმაში, რომ იყოს თავდაჯერებული: „თავდაჯერებულობის პირველი მაჩვენებელი ღიმილია. ზოგჯერ ვლოცულობ ხოლმე, რომ სახეზე ამგვარი გამომეტყველება მქონდეს“. პირადად შენ რა გეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებული იყო? უთხარი ამის შესახებ შენს პარტნიორს.
3. რა შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორს, რამაც შესაძლოა ის წარმატებულ მქადაგებლად აქციოს?
3 გაუზიარე მეთოდები. ალბათ შეგინიშნავს, რომ ზოგჯერ კარგი და ლამაზი საუბარი იწყება მარტივი, უბრალო წინადადებით ან შეკითხვით, რომელიც შენს ტერიტორიაზე მომხდარ რაიმე ამბავს უკავშირდება. მოუყევი პარტნიორს, თუ რა კარგი შედეგები მოგიტანა დაბეჭდილი შეთავაზებების საკუთარი სიტყვებით გადაცემამ (იგავ. 27:17). სანამ განმეორებით მონახულებაზე მიხვალთ, უთხარი, რა გაქვს დაგეგმილი და როგორ აპირებ ამ გეგმის განხორციელებას. ბიბლიის შესწავლის ჩატარების შემდეგ შეგიძლია პარტნიორს აუხსნა, რატომ გამოყავი ესა თუ ის საკითხი, რატომ ამოიკითხე ესა თუ ის ბიბლიური მუხლი და რატომ გამოიყენე სწავლების ესა თუ ის მეთოდი.
4. რატომ უნდა დავეხმაროთ თანამახარობლებს?
4 პირველი საუკუნის მახარობლები მარტო მათ დახმარებაზე კი არ ფიქრობდნენ, ვისაც უქადაგებდნენ, ერთმანეთის გამხნევებას და გაძლიერებასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ (საქ. 11:23; 15:32). მოციქულმა პავლემ ჯერ ასწავლა ტიმოთეს და შემდეგ მოუწოდა, რომ ნასწავლი სხვებისთვისაც გადაეცა (2 ტიმ. 2:2). როცა ქადაგების დროს თანაქრისტიანებს ვაძლიერებთ, მარტო მათ სიხარულსა და წარმატებას კი არ ვუწყობთ ხელს, არამედ ჩვენს ზეციერ მამასაც ვახარებთ (ებრ. 13:15, 16).