-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
„მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა“
სან-ანტონიოში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფმა მალე სულიერად წინ წაიწია და ჭეშმარიტებისადმი მათი სიყვარულის დანახვა მართლაც სასიხარულო იყო. ფრენკი გვიყვება: „ამ სოფლებში მცხოვრებნი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან მორცხვები არიან; ისინი, ტრადიციისამებრ, მამებსა და ქმრებს ემორჩილებიან, უცნობებთან ლაპარაკს ერიდებიან. ამიტომ მათ ძალიან უჭირთ კარდაკარ მსახურება“.
20 წლის პრისილიან შოს, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი იყო, ძალიან სურდა მეზობლებისთვის ექადაგა. ერთხელ, როდესაც პრისილიანი თავის რძალთან, ამალია შოსთან ერთად განმეორებით მონახულებებზე მიდიოდა, მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
პრისილიანი იხსენებს: «მამამ ქადაგება ამიკრძალა. მეშინოდა და არ ვეუბნებოდი, საქადაგოდ რომ დავდიოდი. იმ კვირა დილით, როდესაც საქადაგოდ ვიყავით წასულები, მოულოდნელად ბაპტისტური ეკლესიის წინ მამა დავინახეთ. ის დადიოდა ხოლმე ამ ეკლესიაში. თავიდან მამას რომ არ დავენახეთ, მაღალ ბალახებში მივიმალეთ. მაგრამ მერე ჩემს რძალს ვუთხარი: „იცი, ამალია, იეჰოვა გვიყურებს. მამაჩემის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს“».
პრისილიანის მამა საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი ქალიშვილი იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. პრისილიანი ბევრს ლოცულობდა ამ საკითხზე. კონგრესამდე ერთი დღით ადრე გამბედაობა მოიკრიბა, მამასთან მივიდა და უთხრა, რომ მონათვლას აპირებდა.
— ხვალ ბელიზში მივდივარ, — უთხრა პრისილიანმა მამას.
— რა გინდა ბელიზში? — ჰკითხა მამამ.
— უნდა მოვინათლო. ის მინდა გავაკეთო, რასაც იეჰოვა მოელის ჩემგან. მიყვარხარ, მაგრამ იეჰოვაზე უარს ვერ ვიტყვი, — უპასუხა პრისილიანმა.
— მართლა აპირებ მაგის გაკეთებას? — დაუყვირა მამამ.
— კი მამა, საქმეების 5:29-ში წერია, რომ ადამიანზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილო, — მიუგო პრისილიანმა.
გაბრაზებული მამა ოთახიდან შურდულივით გავარდა. პრისილიანი იხსენებს: „შეშინებული ვიყავი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავედი. არ ვიცოდი, რა მელოდა შინ როცა დავბრუნდებოდი, თუმცა ის კი ვიცოდი, რომ მონათლული ვიქნებოდი და, რომც მოვეკალი მამას, სწორი ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული“.
შინ დაბრუნებულ პრისილიანს მამამ მაშინ არაფერი დაუშავა, თუმცა მოგვიანებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. „ის მიხვდა, რომ მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა და დღეს ძველებურად აღარ მეწინააღმდეგება“, — ამბობს პრისილიანი.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 235, 236 გვერდებზე]
მაიები, რომელებმაც შეიყვარეს იეჰოვა
ხორხე და ნიკოლას შოები (მათი და პრისილიანი)
დაიბადნენ: 1969 წელს და 1971 წელს
მოინათლნენ: 1997 წელს
მოკლე ინფორმაცია: მაიას ტრადიციის მიხედვით მშობლების მიმართ დაქორწინებული შვილებისგანაც კი დიდი პატივისცემა და უსიტყვო მორჩილება მოითხოვება.
◼ მას შემდეგ, რაც ნიკოლასმა და ხორხემ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და იეჰოვა შეიყვარეს, მათი მამა ყველანაირად ცდილობდა მათთვის ხელის შეშლას.
„მე ავუხსენი მამაჩემს, რომ იმას, რასაც ვსწავლობდი, ჩემთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო, — ამბობს ნიკოლასი. — მაგრამ ის ბაპტისტური ეკლესიის წევრი იყო და ჩემი არ ესმოდა. არ მინდოდა, მისთვის გული მეტკინა, ამიტომ რამდენჯერმე შევწყვიტე ბიბლიის შესწავლა. თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ მამასთან ერთად ლოთობით შვილებს ცუდ მაგალითს ვაძლევდი. ჩემი ცოლ-შვილი ისეთი დათრგუნული და უბედური იყო, რომ მათ სახეზე ღიმილს ვერასდროს ნახავდით.
მაგრამ, როგორც კი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დავიწყე, ცუდი ჩვევები დავძლიე. ოჯახი რომ მერჩინა, ბევრს ვშრომობდი და ამჯერად შემოსავალს უკვე ოჯახის კეთილდღეობას ვახმარდი. ახლა მე და ჩემი ცოლ-შვილი იეჰოვას ვემსახურებით და ჩვენს სახლში ბედნიერებამ და მხიარულებამ დაისადგურა“.
თითქმის იმავეს თქმა შეიძლება ხორხეზეც. ის ბილწსიტყვაობდა და ლოთობდა, რითაც ოჯახს ბევრ პრობლემას უქმნიდა. შაბათ-კვირას მას შინ ვერასოდეს ნახავდი. ბიბლიის შესწავლამ ისიც ძირფესვიანად შეცვალა.
«რაც უფრო წინ მივიწევდი სულიერად, მამა მით უფრო მეწინააღმდეგებოდა, — იხსენებს ხორხე. — ის ცრუწინასწარმეტყველებს გვეძახდა. მაჩეტეთიც (დიდი ზომის დანა) არაერთხელ დაგვდევნებია. ძმა კარდოსა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, წინააღმდეგობებთან შესახვედრად გვამზადებდა. „დავუშვათ, მამამ სახლიდან გაგყარათ, რას იზამთ?“ — გვკითხა ერთხელ მან. „მამაჩვენი ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ძალიან ვუყვარვართ,“ — ვუპასუხე მე. მაგრამ, სამწუხაროდ, ის სწორედ ასე მოიქცა.
ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვსწავლობდი და ჩემი ცხოვრება თანდათანობით გაუმჯობესდა. ის, რომ ქრისტიანი გავხდი ამან ჩემი ოჯახური ცხოვრება სრულიად შეცვალა. ერთმანეთს პატივს ვცემდით და ერთმანეთთან ურთიერთობით ვხარობდით. დღეს ქადაგება დიდ სიხარულს მანიჭებს და იეჰოვას დახმარებით პიონერად ვმსახურობ».
-