სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ახალგაზრდები ადიდებენ ღმერთს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
საუკუნეთა უწინ ფსალმუნმომღერალი გულთბილად მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეერთებოდნენ მარადისობის მეფის განდიდებაში: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული“ (ფსალმუნი 148:12, 13). შემდეგი შემთხვევები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან განსაკუთრებით აღნიშნავს ამ შეუდარებელ სიამოვნებას.
• იმ სახლის პატრონზე, სადაც სპეციალური პიონერი ცხოვრობდა, იეჰოვას მოწმეთა ქცევამ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ მან ნება დართო მოწმეებს, მისი ხუთი წლის ქალიშვილისთვის, ფიფისთვის, ბიბლია ესწავლებინათ. მამამ შეამჩნია, რომ ფიფი წარმატებას აღწევდა წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“a შესწავლაში და სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრების ნება მისცა. აქ პატარა ფიფიმ მოწმეთა სიმღერების წიგნიდან ისწავლა სიმღერები. მას განსაკუთრებით მე-4 ნომერი სიმღერა მოსწონდა, სათაურით „ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე“.
ერთ დღეს მამამ გადაწყვიტა, ფიფი თავის ეკლესიაში წაეყვანა. ყველას გასაკვირად ფიფიმ უარი განაცხადა ემღერა საგალობლები. რატომ? ის ხედავდა, რომ მამამისის ეკლესიაში საგალობლის გალობა არ იყო იმასთან თანხმობაში, რაც მან ბიბლიის შესწავლიდან გაიგო. სამაგიეროდ, ის გაბედულად მღეროდა თავის საყვარელ სამეფოს სიმღერას.
ეკლესიის წინამძღოლებმა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეეცვალათ მისთვის აზრი, გადაწყვიტეს, ხუთი წლის ფიფი ეკლესიიდან მოეკვეთათ! მიუხედავად ასეთი ცუდი მოპყრობისა, მამა არ აღელვებულა. ის ამაყობდა, რომ ფიფი მტკიცედ იდგა იმაზე, რაც სწამდა. ფიფის მშობლებს სურთ, რომ მან იეჰოვას მოწმეებთან განაგრძოს ურთიერთობა.
• როდესაც ახალგაზრდამ, სახელად ლუკოდიმ, გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმეებთან შეესწავლა ბიბლია, მამისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ერთხელ ლუკოდი სამეფო დარბაზში შეხვედრაზე წასასვლელად რომ ემზადებოდა, მამა მაჩეტით დაემუქრა. სხვა შემთხვევაში ლუკოდის მამამ სარის დარტყმით ღრმა ჭრილობა მიაყენა. მიუხედავად ამ ძლიერი წინააღმდეგობისა, ლუკოდი თავისი გადაწყვეტილების — გამხდარიყო იეჰოვას მოწმე — ერთგული რჩებოდა. ის წარმატებებს აღწევდა და მოინათლა. ახლა ის სრული დროით პიონერად მსახურობს.
ძმის პოზიციამ უმცროს და სონაზე ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ მანაც დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. სწავლისთვის რომ ხელი შეეშალა, მამამ ის სხვა სოფლის სკოლაში გადაიყვანა, სადაც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ. მიუხედავად ამისა, სონა ყოველთვის საუბრობდა იმაზე, რაც ნასწავლი ჰქონდა, რის შედეგადაც მისი დეიდაშვილი დაინტერესდა.
როდესაც მეზობელ სოფელში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა გაიგეს სონას სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ, მოინახულეს და ორგანიზება გაუკეთეს მასთან ბიბლიის რეგულარულ საშინაო შესწავლას. ის წარმატებებს აღწევდა და მალე შეუერთდა ძმას როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილი, მონათლული მოწმე. აგრეთვე მისი დეიდაშვილი ახლა მოუნათლავი მაუწყებელია და იმ სოფელში წიგნის შესწავლა ტარდება.
რა შესანიშნავი და განმამტკიცებელია, როდესაც ახალგაზრდები უერთდებიან იეჰოვას სახელის განდიდებას!
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.